среда, 28 мая 2014 г.

ლევან ჩაჩუა: თუ ხელისუფლება თავის ნებაზე მივუშვით, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება გარდაუვალია


ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება ყოფილი პოლიტპატიმარი, მოძრაობა «ქართული იდეის» ლიდერი და დამფუძნებელი ლევან ჩაჩუა.


_ მიუხედავად საზოგადოებისა და სამღვდელოების წინააღმდეგობისა, ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მაინც მიიღო. ეს კანონი ძალაში მალე შევა. რას ელოდებით ამის შემდეგ?


_ ეს ხელისუფლება ყველანაირად ეცდება, ნელ-ნელა დანერგოს ქვეყანაში გარყვნილება და აღვირახსნილობა. რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რას იზამს მმართველი გუნდი მას შემდეგ, რაც ის ე. წ. კანონი ძალაში შევა, დარწმუნებული ვარ, ყველაზე უზნეო და ამორალურ რამეს მოიმოქმედებს, მაგრამ საზოგადოება ამას არ შეეგუება. მათ ისეთ უზნეობაზე მოაწერეს ხელი, რომ საკუთარი თავი და მთელი შთამომავლობა დაწყევლეს. კიდევ ვიმეორებ: მათ ღვთის რისხვა არ ასცდებათ, თუ ამას საჯაროდ არ შეინანებენ და არ დაუბრუნდებიან ეკლესიას.


_ თქვენ როგორ ფიქრობთ, შეინანებენ?
_ ღმერთმა ქნას, რომ შეინანონ. მე ყველას ცხონება მინდა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რომელიც იმ უზნეო კანონის მთავარი მომხრე იყო და მისგან მოდიოდა ზეწოლა პარლამენტარებზე.


_ მისგან მოდიოდა თუ თვითონაც განიცდიდა ვინმეს ზემოქმედებას?


_ რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც არის მილიარდერი, ყოველთვის ზის მსოფლიო პოლიტიკურ კონიუნქტურაში. ეს არის გლობალისტური ძალების მიერ მართული პროცესი, მაგრამ ღვთის დაშვებით ხდება ხოლმე, რომ მათი გეგმები ვერ ხორციელდება. ბაბილონის გოდოლსაც აშენებდნენ ძლიერნი ამა სოფლისანი და თქვენ იცით, მათ რა ბედი ეწიათ. ესენიც გოდოლს აშენებენ და ღვთის რისხვა, რომელსაც მოიწევენ, მერწმუნეთ, არანაკლებ საშინელი იქნება...


_ 27 ივნისს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას აწერს ხელს. წინა კვირას ევროსაბჭოს პრეზიდენტი ვან რომპეი იმყოფებოდა თბილისში და განაცხადა, დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ჩვენ საერთო მომავალი გვექნებაო. რას ნიშნავს ეს განცხადება, რას მივიღებთ სანაცვლოდ?


_ არ ვიცი, რა კონტექსტში იგულისხმა მან საერთო მომავალი _ პოლიტიკურში, ეკონომიკურში თუ სულიერში, მაგრამ ეს ის რომპეი გახლავთ, რომელიც ცნობილია გამონათქვამით: დროა, ცნებები _ ხალხი და ტრადიციები ისტორიის სანაგვეზე მოვისროლოთო. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებას, ეს უკვე კულისებს მიღმა მოწყობილ რაღაც შეთქმულებას დაემსგავსა, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონი. დანარჩენი ძნელი სათქმელია; რა იქნება, ვნახოთ. ვშიშობ, ჩვენ შეიძლება ისევ პოსტფაქტუმ მივხვდეთ იმას, რომ მორიგი მზაკვრობის მსხვერპლი გახდა საქართველო...


_ ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნული უნდა იყოს, ანუ ეკლესიამ შეიძლება რაღაცას ცოდვა დაარქვას, მაგრამ სახელმწიფომ ის აღიაროს ადამიანის უფლებად. რა აზრის ხართ ამაზე?
_ მსგავს განცხადებებს აკეთებენ წულუკიანი, ბესელია და სხვები. ახლა _ რატომ ამბობენ ამას: ისინი ეკლესიას და მართლმადიდებლობას აცალკევებენ, ხდიან ობიექტს და, როცა ობიექტად ხდი ეკლესიას, უკვე მასთან შეიძლება დაპირისპირება. აი, ასე მიუსიეს სასულიერო პირებს «იდენტობა» და სხვა მსგავსი ახალი წარმონაქმნები. ამას კი პროვოცირება გაუკეთა პირადად ბიძინა ივანიშვილმა, როცა განაცხადა, რომ უნდა ვაკრიტიკოთ ეკლესიაც და პატრიარქიცო.


_ ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების საკითხიც დადგება დღის წესრიგში. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს?
_ რეალური კი არა, თუ ხელისუფლება თავის ნებაზე მივუშვით, ერთსქესიანი ქორწინების დაკანონება გარდაუვალია, მაგრამ საზოგადოება არასოდეს შეეგუება უსუფაშვილების, ხიდაშელების, ბერძენიშვილებისა და ზურაბიშვილებისნაირი ხალხის დამტკიცებულ კანონს. ამათ ჰგონიათ, რომ ყველაფერმა ჩაიარა, სწორედ აქ ცდებიან. ელემენტარული პრაგმატიზმი არ ეყოთ, ფაქტობრივად, პოლიტიკური ხარაკირი გაიკეთეს...


_ ხელისულების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ ეკლესია შეცდომაშია შეყვანილი, რომ მას არ აქვს სწორი ინფორმაცია ანტიდისკრიმინაციულ კანონზე და ა.შ. რას უპასუხებთ მათ?


_ ამას წინათ ქალბატონი ბესელია გამოვიდა და განაცხადა, კანონპროექტში უმნიშვნელოვანესი დამატება შევიტანეთო _ ტერმინი «საზოგადოებრივი ზნეობის დაცვა». მე შევედი საკონსტიტუციო სასამართლოს საიტზე და ვნახე ამ ტერმინის განსაზღვრება. იქ წერია შემდეგი: «ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს. უმეტეს შემთხვვევაში, ძნელია, ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა». ახლა რა გამოდის? სასამართლო ამბობს, კანონი ვერ განსაზღვრავს, რა არის და რა არა ზნეობაო; ბესელიები, წულუკიანები და გუგული მაღრაძეები კი აცხადებენ, _ რამხელა ზნეობრივი რამე ჩავწერეთ კანონშიო. გეკითხებით, ეს არ არის მზაკვრობა და ფარისევლობა?! აი, ამ მზაკვრობით ცდილობენ ჩვენი ე. წ. კანონმდებლები მიზნის მიღწევას და ამიტომ ვამბობ, რომ, სანამ დროა, სანამ ქვეყანა თავზე დაგვქცევია, ესენი უნდა მოვიშოროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ანტიდისკრიმინაციული კანონი შეიძლება არაფრად მოგვეჩვენოს იმასთან შედარებით, რასაც მომავალში გვიზამენ. მერე «წადი, წადის» და «გადადექის» ყვირილი ვერ გვიშველის.


_ წელს ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი «კაზანტიპი» ჩატარდება და, როგორც ამბობენ, 20 ათასამდე უცხოელი ჩამოვა. რა აზრის ხართ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით?


_ ჯერ სად ვართ. «კაზანტიპი» კი არა, მალე აქ ისეთი ამბავი იქნება, ძაღლი პატრონს ვერ იცნობს. ამ ხელისუფლებას გეზი აღებული აქვს გარყვნილების პროპაგანდისკენ და, რაც უფრო მეტ სიბინძურეს შემოიტანენ ქვეყანაში, ეგაა მათი მიზანი. ეს არის ყოვლად მიუღებელი რაღაც, ამიტომ ვფიქრობ, რომ ღმერთი ამას არ დაუშვებს; ასევე არ დაუშვებს ურჯულოების ბოგინს ქვეყნის სათავეში; დედა ღვთისმშობელი დაგვიფარავს და მოგვაშორებს ამ უზნეო ხელისუფლებას.


_ ამას წინათ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი ჩხარტიშვილმა, იგივე მაცაცომ, ბერად აღკვეცის სურვილი გამოთქვა და ამისთვის ერთ-ერთ სასულიერო პირს მიმართა. როგორც თავად თქვა, უარი მიიღო, რადგან ის, როგორც სოდომის ცოდვით შეპყრობილი, ეკლესიიდან მოკვეთილია. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი ხომ არ არის პროვოკაცია ანტიდისკრიმინაციული კანონის ფონზე, რომელიც ძალაში 30 დღეში შევა და იმ შემთხვევაში, თუკი იგივე ჩხარტიშვილი კონკრეტულ სასულიერო პირს უჩივლებს, შესაძლებელია, მის წინააღმდეგ ამოქმედდეს ახალმიღებული კანონი?


_ რა თქმა უნდა, პროვოკაციებს უნდა ველოდოთ, ეს გარდაუვალია, რადგან ამ ხელისუფლების მიზანი, ისევე, როგორც მისი წინამორბედის, იყო და კვლავ არის ეკლესიის დისკრედიტება. ახლა ესენი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მრევლი გააღიზიანონ, გამოიყვანონ ქუჩაში და უბიძგონ გარკვეული მოქმედებისკენ. მერე იტყვიან, _ აი, როგორ ძალადობენ სასულიერო პირები, ეს არ არის ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა, ქრისტე ამას არ ქადაგებდაო. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: ასეთმა პოლიტიკამ დაღუპა «ნაცმოძრაობა» და დაიღუპებიან ესენიც. «ქართული ოცნებისგან» ბუნდღაც აღარ დარჩება, იმიტომ, რომ მათ დაატყდებათ ღვთის რისხვა, რომელიც პოლიტიკურ სამარეში ჩაიტანს ყველა ურჯულოს და ფარისეველს.


ესაუბრა ჯაბა ჟვანია 


28 05 2014


geworld.net

Комментариев нет:

Отправить комментарий