четверг, 22 мая 2014 г.

მამა დავითი (ქვლივიძე): ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, ვფიქრობ, აფხაზეთი და სამაჩაბლო სამუდამოდ დავკარგეთ!

საქართველოს პარლამენტმა კანონი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ უკვე დაამტკიცა. მიუხედავად ამისა, სასულიერო პირები ბრძოლას აგრძელებენ და ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებსაც აგროვებენ. თუ რატომ აღმოჩნდა ეკლესიის პოზიცია ასეთი შეურიგებელი აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, «საქართველო და მსოფლიოს» მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი დავით ქვლივიძე ესაუბრა.


_ მამაო, ლგბტ ჯგუფების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 17 მაისს ქუჩაში აღარ გამოვიდოდნენ, მიუხედავად ამისა, სასულიერო პირებმა და მრევლმა აქცია მაინც ჩაატარეს. რატომ გადაწყვიტეთ ამ დღეს ქუჩაში გამოსვლა, მით უფრო, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან პროვოკაციის საფრთხე გამორიცხული არ იყო?
_ 17 მაისი, როდესაც ეს ლგბტ ჯგუფები თავიანთ დღესასწაულს აღნიშნავდნენ, პატრიარქმა ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ჩვენც ოჯახის დღე აღვნიშნეთ. სასულიერო პირებთან ერთად, მსვლელობაში ოჯახებმაც მიიღეს მონაწილეობა, ვინაიდან ოჯახი არის ქვეყნის სიმტკიცის გარანტი; თუ ოჯახი მტკიცე არ იქნება, ქვეყანა დაინგრევა. ამერიკა დღესაც ოჯახის კულტზე დგას. საბჭოთა კავშირი ოჯახის კულტის შექმნას ცდილობდა. ამ ორივე ზესახელმწიფომ იცოდა, რომ, ოჯახი თუ გაირყვნა, ქვეყანა დაინგრევა. უზნეობაზე დაფუძნებული ზესახელმწიფოები ვერ იარსებებენ, ამიტომაცაა აშშ-ის ზოგიერთ შტატში მამათმავლობის პროპაგანდა დღესაც აკრძალულია და ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება, თუმცა ეს საქართველოში არც იციან.


მამათმავლობა უმძიმესი ცოდვაა, ამის გამო ღმერთმა სოდომი და გომორი გაანადგურა. როდესაც ღმერთმა თავისი განაჩენის შესახებ აბრაამს ამცნო, მან სთხოვა უფალს, არ დაესაჯა ხალხი, მაგრამ 300 ათას კაცში ათი მართალი ვერ იპოვეს. ეს მსვლელობა ქუჩაში ოჯახებით იმისთვისაა საჭირო, უფალს ვაჩვენოთ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიღებულ კანონს ერი არ ეთანხმება და ჩვენ და ჩვენს წინაპრებს ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია და 9 აპრილს იმიტომ არ ვმდგარვართ რუსთაველზე, რომ დღეს ასეთი კანონი გაგვეპროტესტებინა.


_ სასულიერო პირების გარკვეულ ნაწილს იმედი აქვს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება შესაძლებელია, თუ ხალხი თავის ნებას გამოხატავს. ამისთვის ხელმოწერებიც კი გროვდება. როგორ წარმოგიდგენიათ, ხელისუფლება უკვე მიღებულ კანონს გააუქმებს?


_ ყველაფერი უფლის ხელშია. როდესაც მოსემ ებრაელების ეგვიპტელთა მონობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა, ფარაონმა არ გაუშვა ისინი, რის გამოც ღმერთმა ეგვიპტელებს დიდი ზიანი მიაყენა _ ჯერ პირველშობილი ყრმები დაეხოცათ, შემდეგ კალიები და გომბეშოები შეესია მათ ბაღებს და ფარაონი იძულებული გახდა, თავისი გაცემული ბრძანება გაეუქმებინა და გაეთავისუფლებინა ებრაელები. ჩვენ ვამხელთ ამ ხელისუფლებას და ვეუბნებით, რომ ამ საქციელის გამო ისინი აუცილებლად დაისჯებიან.


_ ფიქრობთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების გამო ხელისუფლება დაისჯება?
_ წმინდა წერილსა და ქართლის ცხოვრებასთან პარალელებს თუ გავავლებთ, დიდ დამთხვევებს აღმოვაჩენთ და ყველაფერს მივხვდებით. ორ-სამ წელიწადში გაიხსენეთ ჩემი სიტყვები. თუ არ შევინანეთ და შევცვალეთ ეს გადაწყვეტილება, როგორც სერბეთი დაიშალა, საქართველოსაც იგივე ელის. თუ ღმერთმა ხელი აიღო ჩვენზე, დიდი საშიშროება გველის, თუმცა დღეს ჩემს სიტყვებზე ზოგიერთებს ეცინებათ.


_ დიახ, მამაო, თქვენ ამასწინანდელი განცხადებების გამოც გაგაკრიტიკეს, როდესაც კახეთის სტიქია და იაპონიის მიწისძვრა უფლის სასჯელითა და ღვთის რისხვით ახსენით.
_ განაგრძონ კრიტიკა. ზოგიერთი ამ ყველაფერს ტექტონიკურ მოვლენებს უწოდებს და მიაჩნია, რომ, მაგალითად, მიწისძვრა ღმერთთან კავშირში არ არის. თუ ასეა, რატომ მოხდა ჯვარცმის დროს მიწისძვრა?! მაგრამ ამათ ღმერთი არ სწამთ. ჰგონიათ, რადგან ბევრი წიგნი წაიკითხეს, განათლებულები არიან. განათლებული ეწოდება ადამიანს, რომლის გონებაც ღვთის ნათელითაა განათებული. ესენი, უბრალოდ, წიგნიერები არიან. სწორედ ასეთმა მწიგნობრებმა გააკრეს ქრისტე ჯვარზე.


_ და მაინც, მამაო, ამ კანონის მიღმა ისეთ მიუღებელსა და სახიფათოს რას ხედავს ეკლესია?


_ ტერმინები: სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა ნიშნავს, რომ ხვალ მოვა ვინმე ელგუჯა და მეტყვის: მე, მართალია, ელგუჯა ვარ, მაგრამ ქალი ვარო და მომთხოვს ქორწინებას არა როგორც კაცისა და კაცის, არამედ, როგორც ქალისა და კაცის. აი, ეს იმალება ამ კანონის მიღმა.


ერთსქესიანთა ქორწინება თავიდან სხვა ქვეყნებში, მაგალითად, ესპანეთსა და კოლუმბიაშიც დაუშვებელი იყო, მაგრამ ახლახან, ერთი კვირის წინ, მაგალითად, კოლუმბიაში უკვე დააკანონეს ერთსქესიანთა ქორწინება.


როდესაც ქვეყნის მართვის პრეტენზია გაგაჩნია, თავგანწირვისთვისაც მზად უნდა იყო, როგორც დავით აღმაშენებელი, დემეტრე თავდადებული, ქეთევან დედოფალი....


_ ხელისუფლების განცხადებით, ეკლესიას, უბრალოდ, არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით და ეს კანონი არამარტო არღვევს ვინმეს უფლებებს, არამედ იცავს მას...


_ მეტი რაღა სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მქონდეს, პირდაპირ გეუბნებით, რომ გენდერული იდენტობა ნიშნავს, რომ კაცს შეუძლია თავი ქალად გაასაღოს და ქალს _ კაცად და ცოლადაც თავისივე სქესის ადამიანი შეირთოს.


_ არის ამ კანონში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების რაიმე წინაპირობა?


_ ჩვენ შეიძლება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამდე ვეღარც მივიდეთ, ისეთ ცუდ დღეში აღმოვჩნდეთ. დაე, ახლა იხარხარონ ჩემს სიტყვებზე, ნოესაც დასცინოდნენ წარღვნის წინ და გიჟს ეძახდნენ, როდესაც კიდობანს აშენებდა. სოდომ-გომორელები ლოტს და მის ოჯახს დასცინოდნენ, როდესაც ისინი ზნეობას იცავდნენ და ვნახეთ, რითიც დამთავრდა ეს დაცინვა. ყველა, ვინც ახლა იცინის, განსაცდელის ჟამს გაიქცევა, როგორც 2008 წელს, ომის დროს გარბოდნენ ქვეყნიდან.


_ ანუ, მამაო, საქართველოს დიდი განსაცდელი ელოდება?


_ ბიბლია ამას გვეუბნება და ქართლის ცხოვრებაც ამას ადასტურებს. აბა, რატომ არის ასე შეშფოთებული ეკლესია, როგორ გგონიათ? ქართლის ცხოვრებაში პირდაპირ წერია, მეფის, ლაშა გიორგის, უზნეო ცხოვრების მიმბაძველობით, ქვეყანაში ცოდვები რომ გამრავლდა და ქართველებმა თავაშვებული ცხოვრება დაიწყეს, ღმერთმა ამიტომ გამოაგზავნა ჯერ ჯალალ ედ დინი და შემდეგ ძლიერი მიწისძვრა დაატეხა თავს ხალხს.


მსოფლიო ისტორიიდანაც გავიხსენოთ მაგალითები, როდესაც 1452 წელს კონსტანტინოპოლმა ჭეშმარიტ სარწმუნოებას უღალატა და კათოლიკურ უნიას მოაწერა ხელი, ამ ნაბიჯით მან გაყიდა სარწმუნოება, რადგან რომის პაპი ოსმალებისგან კონსტანტინოპოლის დაცვაში დახმარებას ჰპირდებოდა. 1453 წელს კონსტანტინოპოლი ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო. ბიზანტია დაეცა და კონსტანტინოპოლი სტამბულად იქცა. მაგალითებს მოვიყვან უახლოესი ისტორიიდან. ტაილანდში სპეციალური გარყვნილების ბუდე იყო მოწყობილი, სადაც პირდაპირ მამათმავლობისა და პედოფილიის ტურები ეწყობოდა. ერთი კუნძული ჰქონდათ, რომელსაც სამოთხეს ეძახდნენ, რადგან ხალხი იქ შიშველი დადიოდა და თავს ადამს და ევას ამსგავსებდა. 4 წლის წინანდელმა ცნობილმა ცუნამმა გაანადგურა ყველაფერი და ეს კუნძულიც აღარ არსებობს. უკრაინაში, ყირიმში გაიმართა «კაზანტიპი», ახალგაზრდების თავშეყრისა და გართობის ადგილი, რომელიც გარყვნილებისა და ნარკომანიის ბუდეს _ თანამედროვე სოდომ-გომორის სახეს წარმოადგენდა. ამ ცოდვის ხელშემწყობმა სახელმწიფომ, უკრაინამ, დღეს ყირიმი დაკარგა. ცოდვამ უდიდესი იმპერიები დაამხო. რუსეთმა დღეს ეს გასართობი ცენტრი ყირიმში დახურა და წელს ამის ჩატარებას გეგმავენ ჩვენთან _ აფხაზეთის მოსაზღვრე ანაკლიაში. წარმოგიდგენიათ, რა შედეგებამდე შეიძლება ყოველივე ამან მიგვიყვანოს? თუ ქართველები შეინანებენ, გადარჩებიან; თუ არ დაუჯერებენ, რაც სოდომს და გომორს დაემართა, იგივე დაემართებათ.


ეს ქვეყანა დაიშლება, აღარ გვექნება. დღეს კავკასიაში ქართველები ყველაზე შერცხვენილები და თავლაფდასხმულები ვართ. არც სომხეთში მიუღიათ ანტიდისკრიმინაციული კანონი, არც აზერბაიჯანში და არც ჩრდილოეთ კავკასიაში. ამის შემდეგ ჩვენთან ურთიერთობა რომელ კავკასიელს მოუნდება? ამას გარდა, ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცების გამო აფხაზეთი და ოსეთი სამუდამოდ დავკარგეთ, რადგან აფხაზებიც და ოსებიც კავკასიური მენტალიტეტის ხალხია. მათთვის მიუღებელია ამგვარი ცხოვრების წესი...

თუ ეკლესიასთან ბრძოლას თავს არ დაანებებენ, ვშიშობ, ეს ვითარება ქვეყნისთვის კატასტროფით დასრულდება.


_ რატომ უგზავნის უფალი ასეთ სასტიკ სასჯელს ადამიანებს?
_ გამოსასწორებლად, რადგან უფალს უნდა, ჩვენ სამოთხეში მოვხვდეთ და ვცხონდეთ. შვილს ხომ იმიტომ ვსჯით, როცა ცუდად იქცევა, რომ გვინდა, კარგი გამოვიდეს? ადამიანს როდესაც ხელი ულპება, აჭრიან, რათა გადარჩეს და მთელ სხეულზე არ მოედოს.


_ როგორ ფიქრობთ, თუ ასეთი საშიში იყო, რატომ დაუჭირა ერთხმად პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტს მხარი, მათაც კი, ვინც თავიდან წინააღმდეგი იყვნენ, რა მოხდა შემდეგ?
_ და ეს არის დემოკრატია? პილატეს ბოლომდე არ სურდა ქრისტეს ჯვარზე გაკვრა, მაგრამ, როდესაც დაემუქრნენ, დაგასმენთ კეისართანო, შეეშინდა; თუმცა ჩვენმა პარლამენტარებმა ხალხის წინაშე პილატესავით დაიბანეს ხელი, ჩვენი ბრალი არაფერიაო.


_ ეს ვითარება ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაზე როგორ აისახება _ გააღრმავებს თუ არა დაპირისპირებას?
_ დაძაბული არ არის ურთიერთობა? არადა, ეკლესიის მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, ეს ხელისუფლება ვერ გაიმარჯვებდა. ამ ხელისუფლებას ხალხმა მხარი იმიტომ დაუჭირა, ფიქრობდა, რომ ეკლესიებს აშენებენ, სამება ააშენეს, ტრადიციული, ეროვნული ხალხი მოდის ხელისუფლებაშიო. ჰეროდე და პილატე ერთმანეთის მოსისხლე მტრები იყვნენ, მაგრამ ქრისტეს გასასამართლებლად შეიკრნენ, ახლაც ჰეროდე და პილატე, უმრავლესობა და უმცირესობა შეიკრნენ და ქრისტეს რჯული გაასამართლეს.


_ თუმცა, მამაო, დღეს სასულიერო პირებს გადანაშაულებენ, რომ პოლიტიკაში ერევით...
_ როდესაც იოანე ნათლისმცემელი გარყვნილ ჰეროდეს შეაგონებდა (რომელმაც საკუთარ ძმას ცოლი წაართვა) და ზნეობისკენ მოუწოდებდა, რადგან ეშინოდა, მთავრის ცოდვის გამო ისრაელი არ დასჯილიყო, განა ეს პოლიტიკაში ჩარევა იყო? როდესაც გრიგოლ ხანძთელმა აშოტ კურაპალატს სახლში მიყვანილი «სიძვის დიაცი წაართვა», რადგან მეფის ცოდვის გამო მთელი ერი არ დასჯილიყო, განა ეს პოლიტიკაში ჩარევად ითვლება? როდესაც ევდემოზ კათოლიკოსი როსტომ ხანს უსჯულოებაში ამხელდა და მას თათრების მამას და ქართველების მამინაცვალს ეძახდა, ეს პოლიტიკაში ჩარევა იყო? თუ ისე მოქცევა სჯობს, როგორც ლაშა-გიორგის დროს დუმილი არჩიეს სასულიერო პირებმა და ამით ღვთის რისხვა დაიმსახურეს ჯალალ ედ დინის სახით? განა არ სჯობდა საქართველოსთვის, როდესაც მეფე დავითი გიორგი ჭყონდიდელსა და ეკლესიას უჯერებდა და ქვეყანა გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა, ან თამარის დროს, როდესაც მეფე ეკლესიასთან შეთანხმებულად მოქმედებდა?! იმ პერიოდს ხომ ისტორიამ ოქროს ხანა უწოდა.


ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი




geworld.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий