среда, 7 мая 2014 г.

ანტიქრისტეს მოსვლა და მმართველობა

"არჩევდეთ წერილს, ასეა თუ არა ეს" (საქმე 17:11)


31. ახლა მივმართოთ წინასწარმეტყველ დანიელის წინგს და განვიხილოთ ზოგიერთი სპეციალური ადგილი, რომლებიც ეხება ამ ანტიქრისტეს, მის ებრაელებთან შეთნხმებას და ა. შ. "იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში" (დან. 9:27). თუ ყურადღებით შევისწავლით წინასწარმეტყველებებს მესიის პირველი მოსვლის ზუსტი თარიღისა და მისი ჯვარცმის შესახებ, რომელიც გადმოცემულია ამ თავის 24-26 მუხლებში, შევიტყობთ, რომ აქ "ერთი შვიდეული" აღნიშნავს შვიდ წელს. აი როგორ უნდა იქნეს წაკითხული ეს მუხლი:

32. "იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში". როგორც უკვე განვმარტეთ და როგორც ეს ჩანს წმიდა წერილის სხვა წიგნებიდან, ამ აღთქმას ის მსოფლიო ხელშეკრულებად გადააქცევს და ყველაფერი შესანიშნავად წარიმართება: ის აღადგენს მშვიდობას და შეეცდება ყველას გაბედნიერებას, და ის ნამდვილად შესძლებს მშვიდობის დამყარებას - სანამ საკუთარი ხელმწიფებისა და ზეგავლენის ქვეშ არ მოაქცევს ყოველს. როდესაც ის დაამყარებს მსოფლიო მმართველობას, იტყვის: "მშვიდობა და უსაფრთხოება! ამიერიდან ყოველივე იქნება მშვიდობიანი და უსაფრთხო! არავითარი ომი, ყველა იქნება უზრუნველყოფილი, ყოველივეში იქნება სიუხვე, რადგან ჩემი მეუფება იქნება ჩემი სუფევა ცასა და დედამიწაზე, ეს იქნება მშვიდობისა და უსაფრთხოების სასუფეველი!" (შეად. 1 თესალონიკ. 5:3).

33. რადგან "იგი უჩუმრად შემოიპარება და მზაკვრობით დაეუფლება სამეფოს" (დან. 11:21). ადამიანები დაიწყებენ ლაპარაკს: "ნახე, რა მშვენიერია! ის გადაარჩენს მსოფლიოს! მან გვიხსნა ჩვენ ატომური საფრთხისგან, მან იხნსა ეკონომიკა, მან გადაწყვიტა ახლო-აღმოსავლეთის კრიზისი, იერუსალემი გახადა ინტერნაციონალური ქალაქი, ებრაელებს აუშენა ტაძარი და ა. შ." მას ჩათვლიან ყველაზე გონიერ და ჭკვიან ადამიანად, რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე; უდიდეს ძალად, უდიდეს სიბრძნედ, რომელსაც ძალუძს გადაწყვიტოს ყველა პრობლემა, შეაჩეროს ნებისმიერი ომი და ყველა აიძულოს დაამყარონ მშვიდობა. მაგრამ, უეცრად, იმ დროს, როდესაც ყველაფერი მოგვარებული ეგონებათ, ეს საჰაერო ბუშტი გასკდება, როდესაც ანტიქრისტე აკრძალავს და გააუქმებს ყოველგვარ ღვთისმსახურებას, საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად და მოითხოვს მთელ მსოფლიოში მისდამი თაყვანისცემას. ამ მიზნით არ მოერიდება არც დევნას, არც შევიწროებას, არანაირ ზეგავლენას და მრავალს მოჰკლავს კიდევაც, ვინც არ მიაგებს მას საღმრთო პატივს!

34. "შვიდეულის ნახევარში - ანუ 31/2 წელიწადში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს" (დან. 9:27). მიაქციეთ ყურადღება: თუკი "მსხვერპლი და ძღვენი შეწყდება", მაშასადამე ჯერ ის უნდა დაიწყოს. და თუკი ის დაიწყება, ებრაელებს უნდა გააჩნდეთ ტაძარი, ამიტომაც, ეს აღთქმა, რომელსაც ანტიქრისტე ებრაელებთან დადებს, დაკავშირებული იქნება მათი ტაძრის აღდგენასთან და მსხვერპლშეწირვის განახლებასთან. წმიდა წერილის მრავალი სხვა ადგილი, რომელთაც ასევე შევეხებით, ადასტურებენ, რომ ებრაელთა ეს აღდგენილი ტაძარი უდიდეს როლს ითამაშებს სამყაროს აღსასრლის მოვლენებში, რომლებიც მალე დადგება.

35. ანტიქრისტე შეიცვლება, გააუქმებს ებრაელთათვის აღდგენილ ღვთისმსახურებას, შებილწავს საკურთხეველს და განადიდებს საკუთარ თავს ვითარც ღმერთს შვიდეულის ნახევარში, ანუ სამნახევარი წლის გასვლის შემდეგ დადებული აღთქმის შვიდწლეულიდან. "იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა" (დან. 8:11, 12).

36. "წარმოდგება მისგან ლაშქარი და შელახავენ საწმიდარს, ციხე-სიმაგრეს და შეწყვეტენ მუდმივ შესაწირავს; და გატიალების სიბილწეს დაამყარებენ" (დან. 11:31). ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და საკვანძო ადგილი, რადგან გვაუწყებს, რომ ამ მომენტში, ებრაელებთან დადებული შვიდწლიანი აღთქმის სამნახევარი წლის შემდეგ, - "შვიდეულის ნახევარში" - ის არა მარტო ძალადობით შეიჭერება იერუსალიმში, მორიას მთაზე ახლად აშენებულ მათ ტაძარში, და "შეწყვეტს მუდმივ შესაწირავს", არამედ "გატიალების სიბილწეს დაამყარებს"!

37. ხუთასი წლის შემდეგ, რაც აღსრულდა დანიელის ეს წინასწარმეტყველება, იესუმ თავის ქადაგებაში (მათე თ. 24) ბრძანა: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს) - წმიდა მამათა აზრით, აქ იერუსალიმის ტაძარი იგულისხმება, - მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ" (მათე 24:15, 21).

38. უკანასკნელი ჟამის საშინელი პერიოდი დანიელის წინასწარმეტყველებაში ასეა აღწერილი: "ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა" (დან. 12:1). - დედამიწაზე ადამიანის მმართველობის დასასრულია ანტიქრისტეს შვიდწლიანი მმართველობის ბოლო სამწელიწად ნახევარი. ამის შესახებ ბრძანებენ, წინასწარმეტყველნი: დანიელი, ისაია, იერემია და ეზეკიელი, მოციქულთაგან ამას გვამცნებს წმიდა პავლე და თვით უფალმაც გვიწინასწარმეტყველა, ხოლო იოანემ ბოლო ჟამისა კაცობრიობისა და ეკლესიის ბედს მთელი წიგნი, აპოკალიფსისი მიუძღვნა, რომელიც მას, პატმოსზე გადასახლებისას, ღმერთმა გამოუცხადა.

39. ღმრთის თითქმის ყველა წინასწასრმეტყველი ლაპარაკობს ბოლო ჟამის ჭირსა და ვაებაზე. იმ უდიდეს გადატრიალებებსა და უმძიმეს საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რყევებზე, იმ დროინდელ მსფოლიოს რომ შეიპყრობს. და ეს ძალიან მალე მოხდება! ბიბლიური წინასწარმეტყველებით, ანტიქრისტეს გამოჩენის და გამეფების შემდეგ, პირველი სამწელიწადნახევრის შემდეგ დაწყებული ეს გრანდიოზული და გლობალური კატასტროფა სამწელიწად ნახევარს, ანუ 42 თვე, ანუ 1260 დღე გაგრძელდება (დან. 7:25; 9:27; გამოცხ. 11:2, 3; 12; 6, 14; 13:5).

40. მაგრამ რა ბრძანა იესუმ იმ ნიშნანზე, რომლითაც გავიგებთ როდის დაიწყება ეს საშინელი უბედურება? უფალმა თქვა: "როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)" მაშინ იქნება დიდი უბედურება! როგორც ჩანს "გაპარტახების სიბილწის" დასაწყისი განსაზღვრავს უდიდესი ჭირვების პერიოდს და როდესაც დაინახავთ, რომ ის იწყება "გაპარტახების სიბილწე", უწყოდეთ - უდიდეს ჭირვების პერიოდიც იწყება.

41. მაგრამ, რას ნიშნავს "გაპარტახების სიბილწე"? იესუმ თქვა, რომ მას ვიხილავთ "წმიდა ადგილას". დანიელიც ამბობს, რომ "გატიალების სიბილწეს დაამყარებს" (დან. 11:31). სხვა მუხლში დანიელი ამბობს, რომ "მუდმივი შესაწირავის შეწყვეტისა და გატიალების სიბილწის დადგომის შემდეგ ორიათას ოთხმოცდაათი დღე გავა" (დან. 12:11). ის დაამყარებს გატიალების სიბილწეს წმიდა ადგილას, რაც აპოკალიფსისის 13-ე თავის მიხედვით უფლის ტაძარში თვით ანტიქრისტეს კერპის (ხატების) შეტანას და მის თაყვანისცემას ნიშნავს. და ეს მხეცის ხატი, სავარაუდოდ, იქნება არა მუნჯი კერპი გამოკვეთილი ხისგან ან ქვისგან, არამედ ყველაზე გასაოცარი მანქანა, რომელიც ოდესმე ადამიანის ხელს უქმნია და რომელსაც "სული ჩაედგმება, რათა იმეტყველოს" და იქნება, რომ "მოკლავენ ყველას, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15).

42. წმ. იოანე დამასკელი ბრძანებს: "იუდეველებმა არ მიიღეს უფალი იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღმრთისა და თავად ღმერთი, ამიტომაც მიიღებენ მტყუვარს, რომელიც საკუთარ თავს თვითონ გამოაცხადებს ღმერთად. ამის შესახებ იუწყება ანგელოზიც, რომელიც ასე მოძღვრავდა დანიელს: "არც მამა-პაპის ღმერთებს მიაქცევს ყურადღებას, არც სხვა რომელიმე ღმერთს მიაქცევს ყურადღებას, რადგან ყველაზე მეტად განდიდდება" (დანიელი 11:37). და მოციქულიც ამბობს: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე. წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-4). როდესაც მოციქული ამბობს "ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება", გულისხმობს არა ჩვენს, არამედ იუდეველთა ძველ ტაძარს, რადგან ჩვენთან კი არ მოდის, არამედ იუდეველებთან; ქრისტეს გამო კი არ მოდის, არამედ ქრისტესა და ქრისტეანთა წინააღმდეგ, ამიტომ იწოდება კიდეც იგი ანტიქრისტედ".

43. ამგვარად, იერუსალიმში, მორიას მთაზე, იმის შემდეგ, რაც გააუქმებს ყველა დანარჩენ რელიგიას, ანტიქრისტე საკუთარ თავს გამოაცხადებს ღმერთად და ებრაელთათვის მთელს დედამიწაზე ყველაზე უწმიდეს ადგილას, თავის მაგიურ ხატებას - "გატიალების სიბილწეს" აღმართავს, რათა, როგორც ღმერთს, თაყვანი სცეს მას მთელმა ქვეყანამ.

44. ამრიგად, ვიცით, რომ ანტიქრისტე არა მარტო დადგამს თავის ხატს, ამ "გატიალების სიბილწეს" ებრაელთათვის აღდგენილ ტაძარში საზოგადო თაყვანისცემისთვის, არამედ თვით ექნება პრეტენზია ღვთაებრიობაზე და აიძულებს ყველას მის თაყვანისცემას. მოციქული პავლე წერს: "გევედრებით, ძმანო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო, იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით, ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც ვითომცდა ჩვენს მიერ მოწერილი წერილის გამო, თითქოს უკვე მოიწია უფლის დღეო. ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:1-2). აი, რა უნდა მოხდეს იესუს მეორედ მოსვლის წინ. წმ. მოციქული პავლე სრულიად ცხადად ამბობს, "არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე", - ძე ჯოჯოხეთისა! ძე ეშმაკისა! - ანტიქრისტე! – "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად".

45. ამრიგად, ის არა მარტო აღმართავს თავის ხატს იერუსალიმში, "გატიალების სიბილწედ" რომ იწოდება წმიდა წერილში, არამედ შევა და დაჯდება ებრაელთა მიერ განახლებულ სოლომონის ტაძარში, და ღმერთად გამოაცხადებს საკუთარ თავს. "ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ 2:7). აი, რა არის ანტიქრისტე და მისი სამეფო! საიდუმლო, რომელიც იმდენად დემონურია, ბოროტი და ველურია, რომ ეს იქნება სამყაროს ისტორიაში ბოროტების ყველაზე უდიდესი საიდუმლო, რომელიც "უკვე მოქმედებს". ცხადია, ეშმაკი მოქმედებდა მოციქულ პავლეს დროს და მოქმედებს ჩვენს დროშიც. მართალია "ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7). მაგრამ, ვინ უშლის ხელს ანტიქრისტეს და ეშმაკს დაიპყროს ძალაუფლება მთელს მსოფლიოში? ცხადია, ღმერთი და მისი წმიდა სული. ღმერთი აკავებს ანტიქრისტეს და ეშმაკს და შეაკავებს ბოროტების ძალებს, რომლებიც დაიპყრობენ მსოფლიოს, როდესაც გამეფდება ანტიქრისტე.

47. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთი და მისი წმიდა სული, მათი შემაკავებელი ზეგავლენა ჯერ ჯერობით აკავებენ სატანას და არ უშვებენ ანტიქრისტეს შემოსვლას სამყაროში. ჯერ ჯერობით უფალი აკონტროლებს მთელს სამყაროს. ღმერთი ყოველთვის აკავებდა ბოროტ ძალთა შემოსევას, სატანური ძალების აგრესიას! მაგრამ, ძალიან მალე, კაცობრიობისთვის ერთ ერთ ყველაზე უმძიმეს დღეს, როდესაც "აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7) და სულიწმიდის შემკავებელი ძალი დაუშვებს მის შემოსვლას სამყაროში, უსჯულოების ნიაღვარი წალეკავს მთელს მსოფლიოს თვით სატანისა და მისი პირმშოს, ანტიქრისტეს სახით. უსჯულოება და ბოროტება ისე შემოიღვრება მთელს დედამიწაზე და წალეკავს მას, როგორც საკუთარი კალაპოტებიდან გადმოსული ადიდებული და აბობოქრებული მდინარეები წალეკავენ ხოლმე მათ ახლოს მდებარე სოფლებს.

48. "და მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით, მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:8-9). ბიბლია აღგვიწერს მას, როგორც სატანის პირმშოს, რომელიც მოვა ადამიანის სახით. წმიდა იოანე დამასკელის თქმით: "ის სიძვისგან იშვება. აღზრდიან საიდუმლოდ, შემდეგ უეცრად აღზევდება, აჯანყდება და გამეფდება. თავისი მეფობის, უკეთ კი ტირანიის დასაწყისში, თავს მოაჩვენებს წმინდად და სამართლიანად, ხოლო როდესაც განმტკიცდება, დაიწყებს ეკლესიის დევნას და გადმოანთხევს მთელ თავის ბოროტებას (2 თესალონიკ. 2:9). ხოლო მოვა იგი ცრუ ნიშებითა და სასწაულებით, რაც მოჩვენებითია და არა ჭეშმარიტი და აცთუნებს და ღვთისგან განაყენებს წახდენილი და არამყარი გონებრივი საფუძველი მქონეთ ისე, რომ თუკი შესაძლებელი იქნება აცთუნოს რჩეულნიც (მათე 24:24)". ეშმაკი ბოლოს და ბოლოს, მიაღწევს იმას, რისკენაც ყოველთვის მიილტვოდა: სამყაროს დამონებისკენ! ანტიქრისტეს მეშვეობით მას მიეცემა უკანასკნელი შანსი განახორციელოს თავისი გეგემა. ქრისტეს მაცხოვნებელი ვნებების მიერ დამარცხებული სატანა გაუგონარი სისასტიკით გაუსწორდება კაცობრიობას, განსაკუთრებით კი ქრისტეანებს.


apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий