წმინდა სინოდის წევრის მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის მიმართვა სრულიად საქართველოს
ითვლება თუ არა საეკლესიო სასჯელი (ეპიტიმია) დისკრიმინაციად?
ითვლება თუ არა საეკლესიო სასჯელი (ეპიტიმია) დისკრიმინაციად?
დიდ და მცირე სჯულის კანონში ცოდვის ჩამდენთა მიმართ არსებობს ეპიტიმია, ანუ საეკლესიო სასჯელი, რომელიც სჯის მცოდველებს განსაზღვრული დღეებით, წლებით. ანტიდისკრიმინაციული კანონი წინააღმდეგობაში მოდის სჯულის კანონთან, რომლის მიხედვით ნებისმიერი ცოდვა ეპიტიმიით, ანუ საეკლესიო სასჯელით ისჯება.
სჯულის კანონში წერია: «მამათმავლობას, პირუტყვქმნილობის მსგავსად, თხუთმეტი წელი განესაზღვრება, ისევე, როგორც მრუშობის გამო დასჯილებს».
მამათმავლობის ცოდვის ჩამდენებისადმი ასევე წერია: თუკი მღვდლები (ხუცესები), ან დიაკონები, ან კიდევ ეპისკოპოსები დაეცემიან, თუნდაც რომ ერთგზის იმხილონ განსრულებულ ცოდვაში და დაცემაში, მეტად ნუღარ აღასრულებენ მღვდელმოქმედებას. მსგავსადვე, რომლებიც მღვდლობამდე იქნებიან მხილებულნი იმაში, რასაც ეწოდება სიძვა, მრუშობა, მამათმავლობა, უასაკოთ გამხრწნელობა, სისხლაღრევა ან მკვლელობა, ნურასოდეს მიეახლებიან მღვდლობას (ეკრძალებათ, გახდნენ სასულიერო პირები), არამედ ყოვლითურთ განიკუთვნონ მათზე დადებული ეპიტიმია (15 წ. უზიარებლობა). ხოლო იმ შემცოდეებს, რომლებსაც მღვდლობა უკვე მიღებული აქვთ, ზიარება მიეცეთ რაჟამს ინებებენ, განუკიცხველად. ამასთან, დაიკავონ მათ წიგნის მკთხველის ხარისხი და ურცხვენლად იმოქმედონ ყოველივე ის, რისი მოქმედებაც ძალუძს წიგნის მკითხველს, კერძოდ «წარდგომა» თქვან, საკითხავი იკითხონ და, რასაც სხვა წიგნის მკითხველები მოქმედებენ, მათაც იმოქმედონ, ხოლო მღვდლობისგან უნდა განეყენონ».
მაშინ, როცა სასულიერო პირს (გარდა კათოლიკოს-პატრიარქისა) კონსტიტუციით, კანონმდებლობით არანაირი სტატუსი არ აქვს, გამოდის, რომ სჯულის კანონის აღმსრულებელი პატრიარქი ან ეპისკოპოსი არღვევს საერო კანონმდებლობას. თუ ცოდვის ჩამდენი სასულიერო პირი სასამართლოში იჩივლებს, ამ კანონით იგი (ეპისკოპოსი), შესაძლებელია, სცნონ დამნაშავედ და გაასამართლონ. პარლამენტის მიერ ესოდენ ერთსულოვნებით მიღებული (104 ხმიდან არც ერთი წინააღმდეგი _ ნეტავ, ეროვნული ღირსების დაცვის კანონების მიღებაში იყვნენ ასეთი ერთსულოვანნი) ანტიდისკრიმინაციული კანონი სულიწმინდით განმღრთობილ წმ. მამათა მიერ შედგენილი სჯულის კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგება. პარლამენტიდან გვესმის, რომ ეს კანონი არ ეწინააღმდეგება მართლმადიდებლობას, რომელიც სჯულის კანონის გარეშე არ არსებობს (ეს ნიშნავს, მყარ შენობას საძირკველი გამოვაცალოთ). მართლმადიდებლობა თუ შევინარჩუნეთ, ეს სჯულის კანონის აღსრულებითაა განპირობებული. ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი ეწინააღმდეგება სჯულის კანონს, იგი მართლმადიდებლობის წინააღმდეგაა მიმართული. გამოდის, რომ სჯულის კანონის აღმსრულებელნი საერო კანონებით უნდა დაისაჯონ. სად არის ლოგიკა და ქრისტიანული მორალის დაცვა? ამ ცოდვის ჩამდენი ადამიანები და ქალაქები _ სოდომი და გომორი ღმერთმა ცეცხლში გაახვია და დღეს მათ ადგილზე მკვდარი ზღვაა, სადაც არანაირი ცოცხალი არსება არ ბინადრობს. ამ ცოდვის ჩამდენ პირთა «დაცვით», ანტიდისკრიმინაციული კანონით, ჩვენ საღმრთო რისხვას დავიმსახურებთ. ესაა ღმრთის კანონის წინააღმდეგ წასვლა, რაც, ადრე თუ გვიან, თავის სულიერ ნაყოფს გამოიღებს. მით უმეტეს, თუ ამ ცოდვის ჩამდენი გახდება საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერმინისტრი ან სულაც ეკლესიის მმართველი (მსგავსი მაგალითები გვაქვს ამერიკაში თუ ევროპაში _ დიდი და მცირე ქალაქების მერები მამათმავლები არიან და ამას არც მალავენ).
ღმერთმა გვაშოროს! ღმერთმა დაგვიფაროს!
ყველა წინასწარმეტყველი თუ მოციქული, ყველა ჭეშმარიტი მოძღვარი ერს მოუწოდებდა ნებისმიერი ცოდვის მიტევებას, ჭეშმარიტ სინანულს. ამის ბევრი მაგალითი გვაქვს: ძველი აღთქმიდან ნინეველთა სინანული (ღმრთის რისხვის შიშით მათ იმარხულეს და ამარხულეს ცხოველებიც კი). ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის «,გალობანი სინანულისანი», წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის ლოცვები, რომელიც დიდმარხვის პირველ კვირაში იკითხება, წარმოაჩენენ ცოდვის ჩამდენთა დასჯას, გვაწვდიან ცოდვათა განცდისა და სინანულის მაგალითებს.
ამის შემდეგ ვის აქვს იმის უფლება, რომ საერო განსაკუთრებული კანონით ცოდვა დააკანონოს და ცოდვის ჩამდენნი «დაიცვას»?! სჯულის კანონი ამ ცოდვის ჩამდენთა გამოსწორების საშუალებას იძლევა და კრძალავს მათ (მამათმავალთა) სასულიერო პირებად კურთხევას. საერო კანონი კი ღმრთივგაბრძნობილი მამების დადგენილებას დისკრიმინაციად მიიჩნევს და სჯულის კანონის წინააღმდეგაა მიმართული. ბოროტის მოქმედებას, როგორც უნდა იყოს იგი შენიღბული, სუფთა და წმინდა გული მაინც მიხვდება. ვევედროთ უფალს, გული წმინდა დაბადოს ჩვენში, რომ ყოველგვარი ბოროტი ჩანაფიქრი და მზაკვრობა განცხადებულ იყოს. მიმდინარეობს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, ღმრთის მიმდევრებსა და ეშმაკის მიმდევრებს შორის. «ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა» წარმოაჩინა «ვინ ვინ არის», საჭიროა გულისხმიერება და ყველაფერი ნათლად გამოჩნდება, «არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლო, რომელი არა გამოცხადნეს» (მთ.10, 26).
იმის გამო, რომ ხელისუფლებას, ჩვენს მთავრობას, პარლამენტარებს არ ესმით საღმრთო კანონები, შეგნებულად თუ შეუგნებლად სრულ იგნორირებას უკეთებენ მათ. ნუ დავუშვებთ მათთან ერთად ჩვენს წარწყმედას, უნდა გვეშინოდეს საშინელი სასჯელისა. თუ ვერ გვასწავლა ჩვენ უფლის საშინელმა ხელმა და რისხვამ, რაც მოხდა ადამ და ევადან, წარღვნის, სოდომ-გომორის სასჯელმა, მრავალგზის ჩვენი უსჯულოებისა და ცოდვების გამო მიგვატოვა უფალმა, მოგვივლინა საშინელი რბევა და აწიოკება, მიწისძვრები, მტერთა შემოსევები, სიწმინდეების შებილწვა, ეკლესია-მონასტრების ძარცვა და დაქცევა. თუ ეს ყველაფერი ვერ შეიცნო ადამიანმა და ვერც მიხვდა, რომ ამის გამო გადმოვიდა ჩვენზე ღმრთის რისხვა, მაშინ რაღა გვაქვს მათთან (მთავრობასთან) საერთო?! ჩვენ, სასულიერო პირები, საჯაროდ თუ ცალკე, უნდა შევაგონებდეთ მათ ჭეშმარიტებას. ნუ დავუშვებთ, რომ მივყვეთ მათ სიბოროტეში. უკეთესია, ვილოცოთ, რომ შევიძინოთ ისინი და გამოვიხსნათ ბოროტის მახისგან.
«ამ უსჯულოებამ (სოდომ-გომორის ცოდვამ) უმრავლესი ქვეყნების დამპყრობი ასურასტანელთა სამეფო, სპარსთა და მიდთა ტყვედ აქცია და სრულიად აღმოფხვრა სახსენებელი. დღეს ვერ იპოვი მათ შორის ვერც მეფესა და ვერც მთავარს, რომელსაც დაუმონებელი თავისუფლება ჰქონდეს, მთელი დედამიწა რომ მოიაროთ. ამ სიბილწემ სპარსელთა მაღალი და რომის სამეფო მარად მოწინააღმდეგე სამფლობელო, მხეცის ბუნების მქონე ავაზაკი კაცების თავდასხმებით მიწამდე დაამდაბლა და აქამდე მათი ძალადობის მორჩილად დატოვა».
«თუ დავრჩით იმავე უკეთურებაზე, ვაი ჩემდა, თუ დავდუმდი და აღარ ვთქვი ეს ძნელი სათქმელი, ყველასთვის რომ ცხადია. ჩვენც რომ უნდა მოვერიდოთ მას. ამისთვის ვამცნებთ ყველას: _ დიდსა და მცირეს, მდიდარსა და ღარიბს, მეფესა და მთავარს, აზნაურსა და მდაბიოს, მღვდელსა და არამღვდელს, მოწესესა და ერისკაცს, მოხუცს, ახალგაზრდას და შუახნის კაცს, ყველა თანამდებობას, დასს, ჯგუფს, ყველა ასაკს _ განუდგეს ამ ყველა ვნებაზე უფრო საძაგელ სიბილწეს და ასე განვამტკიცებთ ჩვენი უფლის _ იესო ქრისტეს სახელით: ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ამ სიტყვათა მსმენელ სულს, რომელიც ამ ძეგლის წაკითხვის შემდეგ არ მიატოვებს სოდომური ცოდვის სიბილწეს და საქმით არ მოიმოქმედებს ამას... უთუოდ თავს დაატყდება ამ საწუთროში საშინელება და ცოცხლად ჯოჯოხეთში ჩამგდები რისხვა...» ხორცის სიყვარული ღმრთის მტრობაა და, ვინც გახრწნის ღმრთის ტაძარს (საკუთარ სხეულს), მას ღმერთი გახრწნის.
ამიტომ ვადგენთ, რომ ეს ღმრთის შემაწუხებელი, შეურაცხმყოფელი ცოდვა სრულიად მოისპოს ყველა ენისა და ჩვენი მოდგმისგან და, ვინც ამიერიდან შეაგინოს თავისი სული, გონება და პირი ზემოთქმული უსახური გინებით, ისიც განკანონებულ იქნას» (ამონარიდი რუის-ურბნისის კრების დადგენილებიდან).
არა მგონია, ჩვენს მთავრობასა და პარლამენტარებს ჩვენს დიდ წინაპრებზე მეტი სიყვარული და მეტი ჰუმანურობა გააჩნდეთ. ესაა სხვისი კარნახით დაწერილი კანონი, იმათთვის, ვინც მას ხმა მისცა, არ იცის მნიშვნელობა ცოდვის მიზეზით ღვთისგან მოვლენილი სასჯელისა. ჩვენ ვართ ცოცხალი ერი, რაც გულისმობს: გვაქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება _ მართლმადიდებლობა. ქვეყანა ან ერი, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, მკვდარია და ცხოვრებისეულ დინებას მიჰყვება (არსებობს ორნაირი სიკვდილი _ სულიერი და სხეულებრივი (ბუნებრივი). წმინდა მამათა სწავლებით ადამიანი, რომელიც არ არის ეკლესიური, აღსარებას არ ამბობს, არ ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს, როგორც უფალი ბრძანებს, «რომელი არა არს ჩემ თანა, იგი მტერი ჩემი არს» (მათე, 12, 30).
და ისმის კითხვა _ ვინაა უფალთან? ისევ უფალი გვიპასუხებს: «რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგორომილ არს, და მე მის თანა» (ინ. 6,56). აქედან გამომდინარე, ვინც დაშორდა უფალს და ეკლესიურად არ ცხოვრობს, იგი სულიერად მკვდარია და ასეთი სულიერი მკვდრები არიან ცალკეული ადამიანები და ასეთ ადამიანთა მიერ შემდგარი ერები და ქვეყნები. უფალი ბრძანებს: «აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა» (ლკ. 9,59-60). წმინდა მამათა სწავლებით სულიერი სიკვდილი ბუნებრივ-სხეულებრივ სიკვდილზე უარესია. სწორედ ასეთ სულიერ სიკვდილთან გვაქვს საქმე, როცა განსჯის უნარი დაკარგულია და ვეღარ ვარჩევთ თეთრს შავისგან, სიკეთეს ბოროტებისგან, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად ვაწყდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებსა თუ შეფასებებში. მათ მიერ მოწოდებული კანონი არ მიესადაგება ცოცხალი ერის ტრადიციებს და ცხოვრების წესს. ნათქვამია: «ეშმაკი ყოფს და ღმერთი აერთიანებს». ყოველი ასეთი კანონი ერის გახლეჩას და დანაწევრებას გამოიწვევს არა მარტო საზოგადოებაში, არამედ თვით ეკლესიაშიც. ცოდვების მიზეზ-შედეგობრივ განხილვას თუ დავიწყებთ, დავრწმუნდებით, რომ ერში ცოდვების გამრავლებით განსაცდელიც მოგვემატება, ის, რომ ჩვენი ქვეყანა ორიენტირებულია ევროკავშირზე, სულაც არ ნიშნავს, ცოდვების დაკანონებით კეთილდღეობა მოვიპოვოთ, პირიქით _ ღმრთის შეწევნით, სულიერებისა და ზნეობის ამაღლებით ქვეყნის დაკარგულ ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ და მშვიდობასაც მოვიპოვებთ.
ნუ დავარღვევთ სჯულის კანონს! რუის-ურბნისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებები დღესაც აქტუალურია. სწორედ რუის-ურბნისის კრების დადგენილებამ დაუდო საფუძველი საქართველოს სულიერ და მატერიალურ აღმშენებლობას. «ძლევაი საკვირველს» _ უთანასწორო ომში ზეციურ შეწევნას, ხილული თვალით იხილვებოდა ბრძოლის ველზე თვით წმინდა დიდმოწამე გიორგი _ მფარველი ჩვენი ერისა. თუ ეს ყველაფერი ზღაპრად გეჩვენებათ, მაშინ ჩვენ ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ. გვაქვს არა დაუმონებელი თავისუფლება, არამედ დამონებული, რაც სახეზეა. რასაც გვკარნახობენ, იმას ვიღებთ ბრმად და განუსჯელად, ერთან და ბერთან შეუთანხმებლად. სწორედ ესაა დამონებული თავისუფლება _ დამონებული ფსიქოლოგია. ასეთი მდგომარეობით ჩვენ წინ ვერ წავალთ, თუ ვინმეს ჰგონია, მატერიალური კეთილდღეობა წინსვლაა, იცოდეს, რომ იგი მოჩვენებითი და დროებითია. უფალმა უწყის ქართველი კაცის ბუნება და ხასიათი, გვიფრთხილდება, რომ სულიერად არ დავიღუპოთ, არ მივეჯაჭვოთ მიწიერს და წარმავალს. ამიტომ ჩვენი ქვეყანა არასოდეს ყოფილა დალხენილი და განებივრებული ცხოვრებით. ყოველთვის ბრძოლა და გაჭირვება თან გვდევდა, სწორედ ეს არის ღმრთის დიდი მოწყალება ქართველი ერისადმი. უფალი სულიერი ძილისა და ნებივრობისათვის არ გვიმეტებდა და მოგვიწოდებდა: «სდექით მტკიცედ და შეურყეველად!» მართლმადიდებლურ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში.
გამოვფხიზლდეთ! ვიმოქმედოთ! გავძლიერდეთ!
უფალი იყოს ჩვენი შემწე!
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი
geworld.net
Комментариев нет:
Отправить комментарий