понедельник, 26 мая 2014 г.

ჩვენი შვილები.

ადამიანის ამქვეყნად მოვლინებაც უფალთან დასაბრუნებლად, ანუ ცხონებისთვის ხდება

შვილების აღზრდა ერთ-ერთი უდიდესი პასუხისმგებლობაა, რომელიც ღვთის წინაშე გვეკისრება. ძნელია, ყოველთვის ობიექტური იყო საკუთარი შვილის მიმართ ან ყოველთვის საღი გონებით განსაჯო იგი. რაც მეტი ბავშვია ოჯახში, საზრუნავიც მატულობს, მაგრამ როდესაც ყოველ წამს გრძნობ ღვთის შეწევნას, ცხოვრება გაცილებით ადვილი ხდება.

ჩვენი სტუმარია კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ბესარიონი (მენაბდე), ადამიანი, რომელსაც ორმაგად აქვს შვილებზე საუბრის უფლება - როგორც მრავალრიცხოვანი მრევლის სულიერ მამას და როგორც თერთმეტი შვილის ხორციელ მამას.

- მამაო, რისთვის გვაძლევს უფალი შვილებს, რა მოვალეობები გვეკისრება მათ წინაშე, ღვთის წინაშე?

- უფალმა ადამიანი ნეტარებისთვის შექმნა, მაგრამ მან თავისუფალი ნება ვერ გამოიყენა უფალთან ყოფნისთვის და დაეცა. ამის შემდეგ დაცემული და სამოთხიდან გამოდევნილი ადამიანის მთავარ ამოცანად იქცა დაბრუნება ისევ იმ წიაღში, საიდანაც გამოდევნილ იქნა. ადამიანის მთავარი ორიენტირი აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, ხოლო დანარჩენი - უყვარდეს მოყვასი, ოჯახი, სამშობლო, შეეძლოს მათთვის თავის დადება, ანუ უფლის მცნებების აღსრულება - უკვე მთავარი ღერძის შემადგენელი ნაწილია. ნებისმიერი ადამიანის მთავარი მიზანი მიწიდან ზეცად აღსვლაა. შვილებსაც ამ სულისკვეთებით უნდა ვზრდიდეთ.

- ქალი შვილთა სხმით ცხონდებაო - ბავშვის ამ სულისკვეთებით აღზრდა ალბათ მშობელსაც აცხოვნებს...

- ეს პავლე მოციქულის სიტყვებია, აქ უკვე დედის თემა შემოდის, რომელიც მორჩილებით, ღვთის სასოებით აჩენს შვილებს, სულსა და გულს შვილების აღზრდას უძღვნის. მრავალშვილიანი დედისთვის ისე გადის დრო, რომ წუთისოფელში ჩვილი ბავშვის გარეშე ცხოვრების დრო არ ეძლევა. როგორც უფალი ამბობს, ღვთის წინაშე ყველაზე დიდი სათნოება მოყვასისათვის თავის დადებაა. აქაც ასეა, მოყვასი საკუთარი შვილია. ძალიან ბევრ რამეს ემსახურებიან დედები: მოყვასს ემსახურებიან, ისე, რომ საკუთარს იკვეცენ; ზრუნავენ სამშობლოსთვის - მრავალ მამულიშვილს უზრდიან; ამავე დროს ღვთის წინაშე მართალნი არიან, რადგანაც ღმერთს არ ეურჩებიან, მორჩილებით იღებენ, რაც ეძლევათ. ასეთ ადამიანზე ამბობს მოციქული, ცხონდებაო.

- ბევრი ოჯახი მატერიალური შეჭირვების მიზეზით თვითონ გეგმავს, რამდენი შვილი უნდა ჰყავდეს.

- ეს ღმერთის საქმეებში უხეში ჩარევაა. მე არავის განვიკითხავ, რადგანაც ოდესღაც მეც და ჩემი მეუღლეც ასე ვფიქრობდით, მაგრამ რეალობამ სხვა მოიტანა.

შეიძლება ოჯახმა პირადი პრინციპებიდან, ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, რამდენიმე ბავშვი დაგეგმოს - სამი, ოთხი, იქნებ ხუთიც, შეიძლება სამშობლოს სიყვარულისთვისაც გაიღოს მსხვერპლი და კიდევ ერთი შვილიც გააჩინოს, მაგრამ თუ ოჯახი ღვთისმოშიში არ არის, შეუძლებელია მრავალშვილიანობაზე ლაპარაკი, რადგანაც დედას, რაც არ უნდა უყვარდეს სამშობლო, მსხვერპლის გაღებას ვერ აიძულებ. მრავალშვილიანი მხოლოდ ღვთისმოშიში ოჯახია, სადაც ბავშვი იმიტომ იშვება, რომ მშობლებმა იციან, ღვთის წინაშე დიდი ცოდვაა ნებისმიერი საშუალება, რაც ბავშვის ჩასახვას შეეწინააღმდეგება. ამიტომაც საქართველოში ცოტანი არიან მრავალშვილიანები და მათი 99% ეკლესიური ოჯახია.

- ალბათ ძნელია ბევრი შვილის გაზრდა. რა დაბრკოლებები ჩნდება მრავალშვილიან ოჯახში?

- ცხადია, მრავალშვილიან ოჯახს გაცილებით მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე მცირერიცხოვანს, მაგრამ მრავალშვილიანი ოჯახის გასაღები ის არის, რომ პატარების გაზრდაში მშობლებს უფროსები ეხმარებიან.

- განსხვავებული ასაკი არ წარმოშობს პრობლემებს, ყველა ასაკს ხომ თავისი ინტერესი აქვს?

- რა თქმა უნდა, ყველას თავისი კუთხე უნდა: პატარას - სათამაშო, სხვებს - სამეცადინო, რომელიღაცას კომპიუტერი სჭირდება. ამდენი რამის შეთავსება ძალიან ძნელია. სულ ვფიქრობ, ადრე ეს როგორ ხერხდებოდა-მეთქი. ალბათ ამ პრობლემას კერძო სახლები უვლიდა. ეზო ურთიერთობის ის ადგილია, სადაც ბავშვები იცლებიან, ერთმანეთთან ურთიერთობებს აგვარებენ, რაც მთავარია, იქ ყველას შეუძლია სათავისოს პოვნა. ძალიან დიდ ბინაშიც კი ბავშვები ვერ იხარჯებიან და დაბრკოლებებიც იქმნება. ნებისმიერ ოჯახს, რომელსაც ეზო აქვს, უნახევრდება ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები.

- ხდება ხოლმე, რომ ეკლესიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ადამიანები ოჯახის შექმნის შემდეგ იმდენად ეფლობიან ყოველდღიურ საზრუნავში, ეკლესიისთვის ვეღარ იცლიან.

- ასეთი შემთხვევა მე არ მქონია, პირიქით, ოჯახთან ერთად უფრო ძლიერდებიან ეკლესიაში, ეს მხოლოდ ღვთის მოწყალებასა და სასოებაზე დამყარებული ცხოვრებაა. პირადად მე მრავალშვილიან დედებს არ ვავალდებულებ საღამოს ლოცვებზე დასწრებას, ისინი დილით ბავშვების საზიარებლად მოდიან. ამდენ ბავშვს აზიარებენ და მათაც ბავშვებივით ვეპყრობით, მათთან ერთად ვაზიარებთ. მთავარია, როგორმე მოემზადონ, ლოცვების წაკითხვა შეძლონ. მათი მსახურება ბევრად აღემატება იმ ქალებისას, რომლებიც ლოცვით კანონს სრულად ასრულებენ, მაგრამ "შვილთა სხმაში" ღმერთს ეწინააღმდეგებიან.

- ზოგჯერ მარტოობის შიშით ოჯახის გარეშე დარჩენილი ქალბატონები ბავშვს აჩენენ.

- ეს მიდგომა საფუძველშივე არასწორია - ბავშვი გააჩინოს, ე.ი. უნდა იმრუშოს? და რას ვერჩით ბავშვს, ის ხომ თოჯინა არ არის, რომ გაგვართოს! ხომ უნდა ვიფიქროთ მის ცხონებაზე? რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასეთი ბავშვების აღზრდისას მშობელს შეუდარებლად მეტი ღვაწლის გაწევა მოუწევს, ვიდრე ღვთისგან კურთხეულ ოჯახში დაბადებულ ბავშვებზე, რადგანაც ისინი ცოდვის შედეგად დაიბადნენ.

- თანამედროვე მედიცინა განაყოფიერების ხელოვნურ გზასაც გვთავაზობს...

- ხელოვნური განაყოფიერების თაობაზე რჩევას სასულიერო პირებისგანაც ხშირად ითხოვენ. აქაც, უპირველესად, საკუთარ თავზე კი არ უნდა ვიფიქროთ, როგორ ვიცხოვროთ უშვილოდ, - ეს ეგოიზმია, - არამედ ბავშვზე. ხელოვნურ განაყოფიერებას ეკლესია ვერ დაუშვებს, რადგანაც მასაც სათავედ ცოდვა უდევს, ამასთან, ხელოვნური განაყოფიერება იმ ურთიერთობის გარეშე ხდება, რომელიც ღვთისგან გამრავლების მიზნითაა დაშვებული. ამ გზით დაბადებული ბავშვები ყველაზე მთავარის - სიყვარულის - ნაკლებობას განიცდიან, ამიტომ მშობლებს არნახული ძალისხმევა დასჭირდებათ მათ აღსაზრდელად.

- რაკი ცოდვის შედეგი ბავშვზე აისახება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მშობლების ცოდვა შვილებზე გადადის?

- გადადის. თუ მშობლები ღვთისგან განდგომილნი იყვნენ და ასევე აგრძელებენ ცხოვრებას, მაშინ შვილებს ამ ცოდვისაკენ მიდრეკილება აუცილებლად ექნებათ, მაგრამ მშობლის ცოდვა შვილს არ მოეკითხება. მშობლების ცოდვისაგან დასაცავად ერთადერთი წამალი ეკლესიური ცხოვრებაა. თუ შვილი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, ის არტერია გადაიკეტება, საიდანაც ეს ცოდვა იკვებება. როგორ შეიძლება ცოდვა გადმოვიდეს ბავშვზე, რომელიც მცნებებით ცხოვრობს, ყოველ კვირას ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარება?

- მადლიც, ალბათ, ასევე გადადის შვილებზე...

- არამარტო შვილებზე. ადამიანი, რომელიც სწორად ცხოვრობს, ვერ იტევს მადლს, იგი აუცილებლად მოეფინება მის გარშემო მყოფ ადამიანებს. როგორც წმინდა სერაფიმე საროველი ამბობს, მოიპოვე მშვიდობა და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო. მაგრამ ასევეა ცოდვა - მასაც ერთი ადამიანი ვერ იტევს, ისიც განეფინება და ვრცელდება. ასე რომ, ერთ შემთხვევაში ცოდვის გამავრცელებლები ვართ, მეორეში - მადლის, არჩევანი ჩვენს ხელთაა.

- თუ ღმერთმა ოჯახს შვილი არ მისცა, ეკლესიურად გამართლებულია თუ არა სხვა ბავშვის შვილად აყვანა?

- აქ ორგვარი მსახურება არსებობს. შეიძლება უშვილო ოჯახმა მიიღოს ეს განსაცდელი და ასე გაატაროს მთელი ცხოვრება, ანუ ღმერთს სრულად დაემორჩილოს. ის ენერგია, რაც შვილების აღზრდაში უნდა დაეხარჯათ, სხვა ღვთის სათნო საქმეში გაანივთონ. ჩვენს ისტორიაში მრავალი ასეთი ადამიანი ყოფილა, ავიღოთ თუნდაც წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე). მას არ ჰყავდა შვილი, მაგრამ დღემდე ზრდის მთელ საქართველოს, აქ ამ მსახურებაზეა ლაპარაკი. მაგრამ არის მეორე გზაც: თუ ოჯახს ძალიან უნდა, შეუძლია ერთი ან რამდენიმე ბავშვი აიყვანოს და ამაში დაიხარჯოს. ბევრი უშვილო ოჯახი ყოფილა ჩემს ირგვლივ, აუყვანიათ შვილი, ღირსეულად უტარებიათ მშობლის ტვირთი და მერე რამდენიმე საკუთარიც მისცემიათ, მანამდე კი წლების განმავლობაში არ ეძლეოდათ. აქაც არჩევანია, ირჩევ ერთ-ერთ გზას, ცხონება კი ორივეთი შეიძლება.

- რა დატვირთვა აქვს შვილად აყვანის მართლმადიდებლურ ლოცვას?

- ბავშვის აყვანა მხოლოდ მექანიკური მოქმედება რომ არ იყოს, იგი ეკლესიაში მოყავთ და განსაკუთრებული ლოცვა იკითხება.

- ამ ლოცვის შემდეგ, ალბათ, ისინი ჭეშმარიტ მშობლებად ითვლებიან...

- უფრო მეტიც, თუ ცოლ-ქმარმა ბავშვი აიყვანა და ისინი სწორად, ეკლესიის წიაღში იცხოვრებენ, საფუძველს დაუდებენ ბავშვისა და თავიანთ ცხონებას, შეიძლება ასეთი დედა-თუ მამაშვილობა გაცილებით მეტი იყოს, რადგან აქ კიდევ უფრო მეტად ხდება ღმერთზე მინდობა, მშობელს სულ ეშინია, რა გენეტიკური წარმომავლობისაა ბავშვი, როგორი ხასიათის გაიზრდება, რა გამოვლინდება, ამიტომ ძალაუნებურად სულ ღვთისკენ აქვს თვალი მიპყრობილი, მეტ ლოცვაშია,
რომ გამოადგეს შვილი ოჯახსა და ქვეყანას.

- როგორ ფიქრობთ, მამაო, უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა სიმართლე?

- უნდა იცოდეს, მაგრამ არის ასაკი, როცა სჯობს, ბავშვს არ გავუმახვილოთ ამაზე ყურადღება. ეკლესიაში ზომიერება დიდ სიბრძნედ ითვლება, მაშინ უნდა მივაწოდოთ საზრდო, როცა მის მიღებას შეძლებს. ეს ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს. თუ მთელი ოჯახი ეკლესიის წიაღშია, ეს პროცესი ადვილდება, უმტკივნეულოდ ჩაივლის. უბრალოდ თავიდანვე ისეთი ხელოვნური ბარიერი არ უნდა შევქმნათ, რომელიც შემდეგ ძნელი გადასალახი იქნება.

- ძველ აღთქმაში უშვილობა ღვთის რისხვასთან იგივდებოდა. დღეს როგორ უყურებს ამ საკითხს ეკლესია?

- ყოველთვის არც ძველ აღთქმაში იყო უშვილობა ღვთის სასჯელი. ამის მაგალითნი არიან წმინდანები: იოაკიმე და ანა, ზაქარია და ელისაბედი. გვახსოვს, როგორ აყვედრიდნენ მათ უშვილობას, თუმცა თვითონ ერთხელაც არ დასცდენიათ ყვედრება ღვთის წინაშე. ამისათვის უდიდესი ჯილდო მიიღეს - ერთმა ოჯახმა ღვთისმშობელი შვა, მეორემ - იოანე ნათლისმცემელი. განსაცდელს უფალი ზოგჯერ ცოდვის გამო მოუვლენს ადამიანს, მაგრამ ზოგჯერ - გამოცდის მიზნით, როგორც ამ შემთხვევებში მოხდა. უშვილობა არც ახლა მიაჩნია ეკლესიას მაინცდამაინც ღვთის სასჯელად.

- მამაო, რა პარალელის გავლება შეიძლება ხორციელ და სულიერ შვილობას შორის?

- მართლმადიდებელმა ეკლესიამ, კათოლიკეებისაგან განსხვავებით, წმინდა მამათა ლოცვითა და ღვაწლით დაუშვა თეთრი სამღვდელოება, ანუ ოჯახიანი ღვთისმსახურები. ისტორიამაც აჩვენა ამ გადაწყვეტილების სისწორე. მოძღვარი, რომელსაც თვითონ აქვს შვილებთან ურთიერთობის გამოცდილება, საკუთარ თავზე განიცდის ოჯახურ პრობლემებს, სულიერ შვილებსაც მეტს აძლევს.

რთულია, მაგრამ როცა სულიერი შვილი მოდის, მოძღვარი ყოველთვის პარალელს უნდა ავლებდეს - ეს რომ ჩემი შვილი იყოს, როგორ მოვექცეოდიო. მოძღვრის ცხოვრებაში ყველაზე ცუდი ისაა, როცა სხვას ვთხოვთ რაღაცას და თვითონ არ ვასრულებთ. ასევეა შვილებთან მიმართებაშიც - არ შეიძლება შენს სულიერ შვილს იმას სთხოვდე, რასაც ხორციელ შვილს არ მოსთხოვ.

- რას სწავლობენ ბავშვები მრავალშვილიან ოჯახში?

- ვფიქრობ, მრავალშვილიანი ოჯახიდან გამოსული ბავშვები უფრო შრომისმოყვარენი არიან. მათ, უნდათ თუ არა, შრომა უწევთ. მრავალშვილიან ოჯახში ბავშვები უფრო ნაკლებად არიან მესაკუთრეები, ძალიანაც რომ უნდოდეთ, ამის პირობები არა აქვთ.

- განსხვავება თუა პირველი შვილისა და დანარჩენების ხასიათს შორის - ის ხომ ერთადერთი იყო, როცა დაიბადა?

- პირველი შვილები მართლაც განსხვავებულები არიან, უფრო ინდივიდუალურები, მაგრამ უფროსობა იმასაც ნიშნავს, რომ ვიღაცას პატრონობ. ღვთისაგან ყველაფერი ბალანსდება. აღზრდასაც გააჩნია. ვერ იტყვი, პირველები ასეთები არიან, მეორეები - ისეთებიო. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია.

- რამდენად გვმართებს სიმკაცრე ბავშვის აღზრდის დროს ან როგორ მოვახერხოთ, ზედმეტი მორჩილების მოთხოვნით ბავშვის პიროვნება არ დავთრგუნოთ?

- ეს ძალიან პრობლემური საკითხებია. სხვათა შორის, ბერი პაისი ათონელი წერს ამ პრობლემის შესახებ. ამ ადამიანს ათონზე ყოფნის დროს შევხვდით, ვესაუბრეთ, დღემდე მომდევს ის სითბო, რაც მან დატოვა ჩემში, ამდენად, ჩემთვის ეს წერილები ორმაგად ახლობელია. მათში ბავშვის დასჯაზეც წერს. ზოგჯერ ბავშვს სრულ თავისუფლებას აძლევენ, ხელის ხლებასაც კრძალავენ. ბერი პაისი ამბობს და მეც სრულად ვეთანხმები, რომ დასჯა აუცილებელია. სჯობს, ბავშვი ახლა დავსაჯოთ, ვიდრე მარადიულ ცხოვრებაში დაისაჯოს. უამრავი სახის დასჯა არსებობს, მაგრამ არ შეიძლება, ბავშვს მთელი ჩვენი ვნება, სიბრაზე, მრისხანება დავატეხოთ თავს. როგორც მამები გვასწავლიან, ასეთ შემთხვევაში ბავშვი ვერაფერს სწავლობს, რადგანაც იმდენად დიდია მრისხანების ცოდვა, რომ სულ შთანთქავს ყოველივეს, რისთვისაც ამას ვაკეთებთ, ანუ მრისხანება საკუთარ ამპარტავნებას ემსახურება და არა ბავშვის აღზრდას. მრისხანება უნდა დავიოკოთ და გონიერი განსჯით დავსაჯოთ ბავშვი. სწორედ გონიერი განსჯის შედეგად უნდა გადავწყვიტოთ, როგორ დავსჯით. შოლტს მოვარტყამთ, კუთხეში დავაყენებთ, რაიმეს ავუკრძალავთ, შრომას გავაწევინებთ თუ რა, მთავარია, გონება არ დავკარგოთ, რათა დასჯამ შედეგი გამოიღოს.

კიდევ ძალზე მნიშვნელოვანია, როცა ბავშვს რაღაცას უკრძალავ, აუცილებლად სხვა რამით ჩაუნაცვლო, თუ არადა ეს ცრუ აკრძალვა იქნება, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად დაუბრუნდება ოჯახს და დიდ პრობლემებს შეუქმნის.

- მამაო, მრევლი თუ იზიარებს თქვენს აზრს მრავალშვილიანობის საკითხში?

- სხვათა შორის, მრევლით არ ვარ უკმაყოფილო, ჩვენს ეკლესიაში ბევრია მრავალშვილიანი, 5, 6, 7 შვილით, ჯერჯერობით 7 მაქსიმალურია. მიხარია, რომ არ ვარ მარტო, ერთმანეთის პრობლემებს ვიზიარებთ, შეძლებისდაგვარად ერთმანეთს ვეხმარებით.

- ოდესმე თუ წარმოიდგენდით, ამდენი შვილის მამა რომ გახდებოდით?

- ნამდვილად არა. საერთოდ, მესამე შვილია ხოლმე გარდამტეხი. მესამე ორსულობას 6 თვემდე მალავდა ჩემი მეუღლე. 1986 წელი იყო, სულ სხვა დამოკიდებულებები იყო საზოგადოებაში. ჩვენც პრობლემები გვქონდა: უბინაოდ ვიყავით, სიმამრის ოჯახში ვცხოვრობდი, ეკონომიკურად მამა მეხმარებოდა, რომელიც იმ წელს გარდამეცვალა, ჩემი ხელფასი - არქიტექტორის 130 მანეთი - არ ყოფნიდა ოჯახს. კატასტროფა იყო სიმამრის ოჯახში მესამე ბავშვი, ჩვენც ამიტომ ვმალავდით, მაგრამ 6 თვის რომ გახდა, რაღას იზამდნენ. მოვიდა მესამე ბავშვი, რომელიც თითქოს ტვირთად უნდა დაგვწოლოდა, მაგრამ სწორედ ამ ბავშვმა ბინა მოგვიტანა - როგორც მრავალშვილიანებს პატრიარქის კურთხევით ბინა მოგვცეს. ასეა, როგორც კი რაღაც მსხვერპლს გაიღებ, ისეთი წყალობა მოდის, ვერც ინატრებ. მან კი არ დაგვიმძიმა ცხოვრება, შეგვიმსუბუქა. შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი ახალი ბავშვი სულიერად გვამსუბუქებს, გვაძლიერებს, სულიერი ძლიერება კი ყველანაირ წინააღმდეგობას გვატანინებს.

აქვე ვიტყვი, ქალაქელი ადამიანისთვის მაინც დიდი ტვირთია მრავალშვილიანობა. სოფლის მცხოვრებისთვის, სადაც ერთი ძროხა მაინც ჰყავთ, გაცილებით ადვილია ბავშვების გამოკვება. თუ ოჯახი მრავალშვილიანობას მოინდომებს, თავიდანვე უნდა ცდილობდეს, ქალაქგარეთ მოძებნოს საცხოვრებელი. ძალიან ვწუხვარ, ამდენ ხანს რომ ვერ მოვახერხე ამ პრობლემის გადაჭრა, ვატყობ, ბავშვები ღიზიანდებიან ქალაქში.

- რას ეტყოდით ჩვენს ერს როგორც მოძღვარი, როგორც მრავალშვილიანი მამა?

- ძალიან მძიმე მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში. საპატრიარქოს რადიოში მიწვეულ დემოგრაფს ვუსმენდი, თურმე საქართველოში შობადობას სიკვდილიანობა სჭარბობს. ეს მონაცემები თანაბარიც რომ იყოს, მაინც რეგრესია. არის უამრავი მაღალგანვითარებული და უზარმაზარი სახელმწიფო, რომელთაც ერის გენოფონდის გასამდიდრებლად სხვა ეროვნებისა და რასის წარმომადგენლები შემოყავთ, ზანგები და ა.შ. ჩვენ ეს გამოსავალი არ გამოგვადგება, ისედაც 5 მილიონს ძლივს ვაღწევთ. შეიძლება ყველამ გულთან მიიტანოს, სამშობლოს სიყვარულისთვის გავმრავლდეთო, მაგრამ რეალურად ჩვენს სახელმწიფოში ჯერჯერობით მრავალშვილიანობის არანაირი პირობა არ არის. ამიტომ სასოება მხოლოდ უფალზე უნდა გვქონდეს, მთავარია, ეჭვი არ გვეპარებოდეს, რომ უფალი ითვალისწინებს ჩვენს შესაძლებლობებს და თუ მივენდობით, იმდენ ტვირთს მოგვცემს, რაც ჩვენთვის მსუბუქი იქნება, რადგანაც ღმერთზე ვართ მინდობილები. მაგრამ როდესაც უფალზე უარს ვამბობთ, მაშინ ეს ტვირთი მხოლოდ ჩვენი სატარებელი ხდება და ადამიანის ტრაგედიაც მაშინ იწყება. ბედნიერია ის, ვისი ტვირთის სიმძიმესაც უფალი ინაწილებს.

უფალი ამბობს - კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდეს მას. ეკლესია მხოლოდ ნაგებობა ხომ არ არის, იგი ცოცხალ ადამიანთა კრებულია და თუ ეკლესია უძლეველია, მისი შვილებიც უძლეველნი არიან. ამიტომ რა სახის მტერიც არ უნდა გამოჩნდეს, საშინელი და მრავალრიცხოვანი, რა მეთოდებითაც არ უნდა მოქმედებდეს, ერი, რომელიც ეკლესიაშია, უძლეველია. ამის დასტურია ჩვენი ისტორია. ღვთის განგებითა და დაშვებით ჩვენს გარშემო მუდამ იყვნენ, არიან და იქნებიან დიდი სახელმწიფოები, ყველა ცდილობდა იმას, რასაც დღესაც ცდილობენ, მაგრამ ერთადერთი გასაღები ჩვენი უძლეველობისა ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ეკლესიაშია. ჩვენ საძიებელი არაფერი გვაქვს. დიდი ხანია ჩვენმა წინაპრებმა გადაწყვიტეს, არ უღალატონ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ჩვენც დღეს არა მარტო ვარსებობთ, დღევანდელ მსოფლიოში ჭეშმარიტი სარწმუნოების დამამტკიცებელნი და მქადაგებელნი ვართ. ნახეთ, რამხელა წყალობაა ღვთისა.

ესაუბრა  მარი აშუღაშვილი

karibche.ambebi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий