вторник, 13 мая 2014 г.

მამა გიორგი თანდილაშვილი: რატომ მიიღო პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი?

სოფელ ვაზიანის ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვრის, მამა გიორგი თანდილაშვილის აზრით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, საზოგადოებაში მრავალ შეკითხვას აჩენს. მამა გიორგი „ამბიონს“ აღნიშნული კანონის შესახებ ესაუბრა:

“დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონს „ეკლესია“ და საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეწინააღმდეგება. ჩნდება კითხვა, რამ აიძულა ისინი წასულიყვნენ ამ ნაბიჯზე და რა რეალობის წინაშე შეიძლება დავდგეთ ჩვენ?

ყველაზე ძლიერი არგუმენტი, რომელსაც ერთხმად აღიარებენ კანონმდებლები, არის ინტეგრაცია ევროპაში, რასაც მათი თქმით, ხელს უწყობს იგი. მაგრამ, ამავდროულად, ჩვენ ვიცით ევროპული ქვეყნები, სადაც ეს კანონი არაა მიღებული. ამასთან, ჩვენ მოვისმინეთ სპეციალურად ჩვენკენ მომართული მაღალჩინოსნის კომენტარი იმის თაობაზე, რომ ეს კანონი არ უნდა ჩაითვალოს ,,მაპის” მიღების გარანტად. ასე რომ, პოლიტიკური რეალობა თავიდან ბოლომდე უარყოფს ჩვენი კანონმდებლების მიერ წამოყენებულ არგუმენტს.

რა უნდა იყოს ამ კანონის მიღების რეალური მიზეზი? რითი გავამართლოდ მათი ასეთი ქცევა? ერთადერთი არგუმენტი რაც დაგვრჩა, ესაა 2013 წლის 17 მაისის აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა. მაგრამ, ნუთუ ამ შემთხვევამ აიძულა მთელი პარლამენტი წასულიყო საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ? მომიტევეთ, მაგრამ ძალზედ სუსტი მიზეზი მგონია ამ დიდი დანაშაულის ჩადენისათვის, რასაც ერისა და ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა ჰქვია.

საერთოდ, ვფიქრობ, რომ ეს კანონი ვერ მოახერხებს ამ პრობლემის გადაჭრას მთლიანობაში, უფრო პირიქით, გამოჩნდება, რომ ჩვენ არ ვართ ევროპის ღირსი ქვეყანა, რაც რუსეთის წისქვილზე წყალს ასხამს.

ნუთუ, ის, რასაც აკეთებს ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი არაა საკუთარ მოსახლეობაზე ძალადობა? ნუთუ, არაა ძალადობა მოსახლეობის ნების წინააღმდეგ მიღებული კანონი? და ვინ არის ამაზე პასუხიმგებელი? მგონია, რომ აქ სინამდვილე არის ის, რომ საქართველოს დღეს ჰყავს ძალზედ სუსტი და ადვილად სამართავი პარლამენტი, რომელიც ასე სწრაფად გადაიქცა მტრის ხელში საკუთარ მოსახლეობისკენ მიშვერილ იარაღად, რადგან ერთადერთი რაც ამ ყველაფრისგან მიიღო საქართველომ, არის ის, რომ გაჩნდა კიდევ ერთი სერიოზული განხეთქილების კერა ჩვენს საზოგადოებაში, რაც, რა თქმა უნდა, დამღუპველია და ჩვენ ამ დაღუპვას მივიღებთ თუ ერთად არ დავდგებით, რისი ნებაც დღეს მხოლოდ ეკლესიას გააჩნია და რასაც უწმინდესი სიცოცხლის ფასად იცავს.

ვფიქრობ, ამ მოვლენებიდან ყველაზე მეტი დარტყმა ეკლესიას მიადგება. დღევანდელი პარლამენტის მიზანია, რასაც თვითონაც ვერ აცნობიერებს, ეკლესიის შესუსტება; აი, მიზეზი, რომელმაც გააერთიანა ეს დაუძინებელი მტრები, ვგულისხმობ ,,ოცნებას” და ,,ნაციონალებს”.

ეკლესიისთვის ისეთი ამოცანის დასმა მოხდა და ისეთ გამოწვევის პირისპირ მისი დაყენება, რაც ძნელი გადასაჭრელია და მიმართულია მოსახლეობაში ეკლესიის ავტორიტეტისა და გავლენის გაქრობისაკენ. მათ სურთ, მოსახლეობას დაანახონ, რომ ეკლესიას არ ძალუძს მოსახლეობის დაცვა და რომ იგი სუსტია ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის მისაღებად. ამ მიზნის მისაღწევად მათ ორად გაყოფილი მოსახლეობის გაერთიანების ბრძოლაში მარტო დატოვეს უწმინდესი, თვითონ კი კანონზე საუბრობენ მხოლოდ და ამით მოსახლეობაში უფრო მეტ დაპირისპირებას აჩენენ. მერე კი იტყვიან, ეკლესიამ ვერ შეძლო მოსახლეობის გაერთიანება და უნდა მოხდეს კონკორდატის გაუქმება და მთავრობისა და ეკლესიის გამიჯვნაო. ეკლესიის გარეშე აშენებული სახელმწიფო კი რა იქნება მხოლოდ ღმერთმა იცის.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით შესაძლოა მოვლენები არც ისე სასიკეთოდ წარიმართოს, როგორც ჩვენ გვსურს. ჩემი ინფორმაციით, ძალები, რომლებიც წარმართავენ ამ პროცესებს, აპირებენ გამოიყენონ რადიკალურად განწყობილი სასულიერო პირები, რომლებსაც ხელოვნურად დაუპირისპირებენ პატრიარქს და დიდი იმედი ექნებათ, რომ ამ სასულიერო პირებს აყვება საქართველოს მოსახლეობა და ასე მიაღწევენ ისინი მიზანს, შეასუსტებენ პატრიარქის ავტორიტეტს და შეიტანენ განხეთქილებას ხალხსა და ეკლესიაში. პატრიარქი კი, რომელიც ხალხს მოუწოდებს სიმშვიდისაკენ, ჩაითვლება მართვის უუნაროდ პოლიტიკური აქტივობისთვის. შედეგად მივიღებთ ძალიან მძიმე რეალობას.

მოგიწოდებთ ყველას, განსაჯოთ გონებით, რათა არ იქცეთ იარაღად მტრის ხელში! ზოგჯერ ვინც მეტად იბრძვის, ის ყველაზე მეტად უარყოფს ქრისტეს. ქრისტიანობა არაა თავდასხმა, ქრისტიანობა თავდაცვაა! რაც არ ეშლებათ არც უწმინდესს და არც წმინდა სინოდს. დავემორჩილოთ მათ მოწოდებას რა რეალობის წინაშეც არ უნდა დავდგეთ.
გახსოვდეთ, რომ უპირატესად სინოდი არის ის საზომი, რომლითაც განგვსჯის ჩვენ უფალი და რაც არ უნდა მოხდეს ნუ გადავალთ მის განჩინებას. ასე შევინარჩუნებთ ჩვენს სახელმწიფოს, ეკლესიის ერთობას და ნამდვილ მართლმადიდებლობას.“

თეონა ნოზაძე



http://www.ambioni.ge/mama-giorgi-tandilasvili-ratom-miiro-parlamentma-antidiskriminaciuli-kanoni




Комментариев нет:

Отправить комментарий