понедельник, 5 мая 2014 г.

რას მოგვიტანს ანტიდისკრიმინაციული კანონი

05-05-2014

"მე ასეთ ხალხს ტკბილ ძილს კი არა, გამოფხიზლებას ვუსურვებ"

საქართველოს პარლამენტი მთელი კვირა აქტიურად განიხილავდა კანონპროექტს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. პარლამენტში მეორე მოსმენით დამტკიცებულ პროექტზე მუშაობის დროებით შეჩერება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც სთხოვა დეპუტატებს, თუმცა, მათ ეს არ გაითვალისწინეს. მოგვიანებით სასულიერო პირები ესტუმრნენ პარლამენტის მამამთავრებს. შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. განაწყენებულმა მღვდელმსახურებმა საკანონმდებლო ორგანო დატოვეს. უნებურად გახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენის" ის ეპიზოდი, სადაც მეფე გიორგი თავის დეიდაშვილს ეუბნება: - ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, გირშელ... ეტყობა, ხელისუფლებაში გაითვალისწინეს, რომ არჩევნების წინ საქართველოში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტთან დაპირისპირება არ იქნება მომგებიანი მმართველი გუნდისთვის და პარლამენტმა ზოგი საკითხი დათმო, თუმცა საპატრიარქოს ბოლო განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, არც შესწორებული ვარიანტია მისაღები საქართველოს სამოციქულო ეკლესიისთვის. უკვე კანონად ქცეულ პროექტზე, რომელიც 112 ხმით მიიღო პარლამენტმა, სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებსა და ადამიანის უფლებათა დამცველებს ვესაუბრეთ.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: - ხელისუფლებას უნდა დაგვაჯეროს, რომ კანონპროექტი არ შეიცავს ფარულ საფრთხეებს, თუმცა მათი არგუმენტები ზედაპირულია. ამ ხალხს ვერ ვენდობი, არა იმიტომ, რომ ცრუობს, არამედ მათი კომპეტენცია მაეჭვებს. ისინი შეიძლება კარგი იურისტები და პოლიტიკოსები არიან, მაგრამ მსოფლიო გლობალური მოვლენების კვალად კომპეტენტურად ვერ აღიქვამენ რეალობას. ვიზიარებ პატრიარქის პოზიციას - ეს კანონი საფრთხის შემცველია საქართველოს მომავლისთვის. სადაც არ არის ქრისტე, იქ ჩვენ აღარაფერი გვესაქმება.


- რა საფრთხეებს ხედავს ეკლესია კანონში, რომელიც ადამიანების ჩაგვრის საწინააღმდეგო დოკუმენტად მოიხსენიება?


- ჰოლანდიის მაგალითით იოლად დავინახავთ, რა პრობლემას გვიმზადებს ეს კანონი. 50 წლის წინ ამ ქვეყანაში რადიკალურად განსხვავებული ცხოვრების სტილი ჰქონდათ. ოჯახები პატრიარქალური იყო და ტრადიციებსაც სცემდნენ პატივს. დღეს ერთსქესიანთა ქორწინების და გარყვნილების პროპაგანდაა გაჩაღებული. პედოფილია და ინცესტი ლამის ნორმად იქცა. წვეთი ქვას ხვრეტსო, ნათქვამია. სწორედ ეს კანონი იქნება დასაწყისი ადამიანების ცნობიერებაში შხამის დასათესად და ეს ცოდვები ჩვენში ნელ-ნელა ნორმად იქცევა.

ადამიანის (სულერთია, ვინ არის ის) ცემა და ლანძღვა-გინების ფაქტი უპირველესად ჩვენთვის არის მიუღებელი, რასაც კონსტიტუციაც და სისხლის სამართლის კოდექსიც ეწინააღმდეგება. კანონში ძალიან ბევრი დეტალი საგანგებოდ არის ორაზროვნად ჩადებული. მაგალითად, იყო მუხლი, რომლის მიხედვით, ჩემს ქადაგებებში თუ ვიტყოდი, რომ ჰომოსექსუალურობა ავადმყოფობა და გარყვნილებაა, დისკრიმინაციად ჩაითვლებოდა... ამბობენ, პატრიარქი შეცდომაში შეიყვანეს გარკვეულმა ადამიანებმაო. მერწმუნეთ, პატრიარქს შეცდომაში ასე ადვილად ვერ შეიყვანთ, მით უფრო, როცა საკითხი გლობალურ თემებს ეხება. მსგავსი საკითხები, რაზეც პატრიარქმა განცხადება გააკეთა, პირადი მოსაზრებებით კი არა, ეკლესიური სწავლებით არის ნაკარნახები. ერთ ფაქტს გავიხსენებ: ნოე ჟორდანიას მთავრობამ ეკლესიების ძარცვა გელათიდან დაიწყო. მასთან პატრიარქი ლეონიდე წავიდა, მაგრამ არ შეუშვეს. მაშინ პატრიარქმა თქვა, - ბუღი, რომელიც თქვენ გელათში დააყენეთ, მთელ საქართველოს გააწითლებს, თუ არ შეინანებთო. ერთ წელიწადში ახდა მისი წინასწარმეტყველება... ყოველი, ვინც პატრიარქს ეურჩება, არის მტერი ღვთისა, საკუთარი სულის, ოჯახის და სამშობლოსიც. მე ასეთ ხალხს ტკბილ ძილს კი არა, გამოფხიზლებას ვუსურვებ, რომ მიუტევებელი შეცდომები არ დაუშვან.

დეკანოზი დავით ქვლივიძე: - უწმინდესმა წერილით სთხოვა პარლამენტს - ფართო საზოგადოების მსჯელობის გარეშე ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი არ მიეღოთ, თუმცა თხოვნა არ გაითვალისწინეს. მეორე მოსმენაზე გატანამდე კანონპროექტიდან რაღაც ნაწილი ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით ამოიღეს, მაგრამ შენიშვნები სხვა საკითხებზეც გვქონდა... კონკრეტულად ჩვენთვის მიუღებელია ტერმინები: გენდერული იდენტობა და სექსუალური უმცირესობები, რომელიც, სამწუხაროდ, დარჩა კანონში.


ლევან ბერძენიშვილი, პარლამენტის წევრი:

- ხომ არ დააზარალებს თქვენს გუნდს ამ კანონის მიღება არჩევნებში და ხომ არ მისცემს სტიმულს კანონპროექტის მიღება მათ, რომლებმაც შარშან, 17 მაისს, სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქცია გამართეს?



- არჩევნები მალე იქნება და გამოჩნდება, რომ ადამიანის დაცვისთვის საზოგადოება ხელისუფლებას არ დაუპირისპირდება. ჯონდი ბაღათურია თუ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა, მეეჭვება, ამის გამო მან ზედმეტი ხმები მოიპოვოს.

არჩევნებში პროცენტების მისაღებად უარს ვერ ვიტყვით ევროპულ მომავალზე და ადამიანების სიცოცხლეს, როგორ ჯგუფსაც უნდა მიეკუთვნებოდნენ, ვერ დავტოვებთ დაუცველად.

დარწმუნებით ვიტყვი, რომ წელს უმცირესობების წარმომადგენლები ქუჩაში გამოსვლას არ აპირებენ. მათ ესმით, რომ წელს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებაზე აწერს ხელს და არ უნდათ არეულობის გამოწვევა. თუმცა, შეიძლება ვიღაცას ხელს აძლევდეს პროვოკაციის მოწყობა ამ დღეს...

დავით დარჩიაშვილი, პარლამენტის წევრი: - ულოგიკოა საუბარი იმაზე, თითქოს ევროპას უნდა, ამ კანონპროექტის მიღებით თავს მოგვახვიოს ერთსქესიანთა ქორწინება. რომელ საკანონმდებლო აქტში წერია, რომ სავალდებულოა ერთსქესიანთა ქორწინება?

ევროპას ორი რამ აინტერესებს საქართველოში: 21-ე საუკუნეში არ იჩაგრებოდეს ადამიანი და მათ ქვეყნებში აღარ ხვდებოდნენ დისკრიმინირებული ადამიანები, რომლებსაც თავშესაფარი უნდა მისცეს. ყველა ასეთი თუ ევროპაში მოისურვებს გაქცევას, მათი შენახვა გაჭირდება. ამიტომ გვეუბნებიან, - თქვენთან თუ ამდენს ჩაგრავენ, ყველა ჩვენ მოგვაწყდება და დაარეგულირეთ ეს საკითხიო.

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი: - ოპონენტები ამბობენ, ქვეყანაში დისკრიმინაციის საკითხები კონსტიტუციით რეგულირდებაო. მათ აზრს არ ვიზიარებ. ჩვენ დისკრიმინირების შემთხვევა ბევრი გვქონია. მაგალითად, წინა ხელისუფლებამ ასაკოვანი ადამიანები "ჩარეცხილებად" რომ გამოაცხადა, ეს დისკრიმინაცია არ იყო?

ამიტომ მნიშვნელოვანია დამატებითი რეგულაციები, რომელიც გარკვეულ ჯგუფებს შეუზღუდავს სხვების ჩაგვრის შესაძლებლობებს.


- სამღვდელოებას კონკრეტულ პუნქტებზეც ჰქონდა შენიშვნები... მაგალითად, ქადაგების დროს, თუ რელიგიური შეხედულების შესაბამისად, სასულიერო პირი მრევლს ეტყოდა, ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა და გარყვნილებააო, შესაძლოა მის წინააღმდეგაც ამოქმედებულიყო მუხლი, რომელიც საპატრიარქოს კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ ბუნდოვნად მიიჩნია პარლამენტმაც და ამოიღო კანონპროექტიდან...


- აზრის გამოხატვა არ იქნება პრობლემა, დასჯადი გახდება მოპყრობა. თუ ეკლესიაში ვინმე ქადაგებს, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ავადმყოფობა და გარყვნილება და მრევლის არც ერთი წევრი არ ჩათვლის ამას შეურაცხყოფად, მაშინ ეს დისკრიმინაციად არ აღიქმება. მაგრამ თუ ის მიუვარდება ჰომოსექსუალებს - ავადმყოფები ხართო, ეს ჩაითვლება დისკრიმინაციად, რისთვისაც ყველას მოუწევს პასუხისგება.

უტა ბიწაძე


http://www.kvirispalitra.ge/public/21570-ras-mogvitans-antidiskriminaciuli-kanoni.html

Комментариев нет:

Отправить комментарий