пятница, 20 июня 2014 г.

ნიკოლოზ აფხაზი (1900–1988) – კანადაში „სიყვარულის ბაღის“ გამშენებელი

  ნიკოლოზ აფხაზის სახელი კარგად არის ცნობილი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. იგი კანადის ქალაქ ვანკუვერში დიდებული ბაღის გამშენებელია.

ნიკოლოზის წინაპრები იყვნენ დიდგვაროვანი აფხაზი თავადები – ანჩაბაძეები. მათ აფხაზეთი დატოვეს მე-17 საუკუნეში, რათა გასცლოდნენ მუსულმანობის მოძალადეობას ამ რეგიონში. ისინი გადასახლდნენ კახეთში, მაგრამ ანჩაბაძეებს არ დაუკარგავთ თავიანთი თავადური ტიტული, უფრო მეტად – მათ დაიმკვიდრეს აფხაზის ფსევდონიმი.


ნიკოლოზ აფხაზის მამა იყო პოლიტიკური, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე. მისი სახელი შევიდა საქართველოს ისტორიაში, იმათთან ერთად, ვინც გასული საუკუნის გარიჟრაჟზე იდგა საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღორძინების სათავეებთან. კოტე აფხაზი ილია ჭავჭავაძის დისწული გახლდათ და მისი იდეების მხურვალე თანამგრძნობელი – იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917-18 წლებში ივანე ჯავახიშვილთან ერთად მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაში. 1921 წელს ქვეყნისთვის საბედისწერო მომენტისთვის კოტე აფხაზი ხდება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. 1923 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მცდელობისთვის სამხედრო ცენტრის 15 ლიდერი, რომელთაგანაც ერთ-ერთი კონსტანტინე აფხაზი იყო, დახვრიტეს თბილისში დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე. მის ოჯახს კი შემდეგი ბედი ეწია: მისი ცოლი და შვილი 1919 წლიდან იმყოფებოდნენ საფრანგეთში პოლიტიკური ემიგრანტების სტატუსით, სადაც ისინი საზრდოობდნენ იმედით, რომ მალე მათი ოჯახის უფროსიც შეუერთდებოდათ, მაგრამ ეს აუხდენელი იმედი აღმოჩნდა. 1942 წელს ემიგრაციაში გარდაიცვალა კოტე აფხაზის მეუღლე ელენე. მისი შვილი ნიკოლოზ აფხაზი კი, ვისაც უკვე არ გააჩნდა შესაძლებლობა დაბრუნებულიყო საქართველოში, დამკვიდრდა საფრანგეთში. განათლებით იყო იურისტი (დაასრულა სორბონის უნივერსიტეტი).


ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე, ნიკოლოზ აფხაზმა დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწორედ ამ პერიოდში გაეცნო იგი თავის მომავალ მეუღლეს – პემბერტონ–კარტერ მარჯორის, იგივე – პეგის. მაგრამ ისინი შეუღლდნენ გაცილებით უფრო გვიან. ქალი იყო ობოლი, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში იშვილეს შორეულმა ნათესავებმა და შემდეგ მიყიდეს მდიდარ ოჯახს, როდესაც ჯერ კიდევ სულ პატარა იყო. მეორე მსოფლიო ომმა პეგის შანხაიში მოუსწრო, თავისი ბავშვობის ქალაქში. იგი აქ აღმოჩნდა იაპონიის სამხედრო ბანაკებში. ჯერ კიდევ ბანაკებში ყოფნის დროს, შუა ომში, იგი არ კარგავს იმედს, რომ ოდესმე შეხვდება თავის გულისსწორს. ომის შემდეგ ნიკოლოზ აფხაზი ჩადის ნიუ-იორკში, პეგი კი – კანადაში. მათი შეხვედრა გაიმართა ხანგრძლივი განშორების შემდეგ. ისინი შეუღლდნენ 1946 წელს, რის შემდეგაც ბრიტიშ კოლუმბიის პროვინციაში, ქალაქ ვიქტორიაში შეიძინეს სახლი, რომელსაც გარს პატარა კლდოვანი მიწის ნაკვეთი ერტყა.



დღეს ამ ადგილზე “სიყვარულის ბაღია” – ასე უწოდებენ პარკს, რომელიც, მიუხედავად კანადის მკაცრი კლიმატური პირობებისა, ითვლის ყველაზე იშვიათ და უცნაურ სუპტროპიკულ მცენარეთა უზარმაზარ რაოდენობას. მას ჩრდილოეთ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო დეკორატიულ ბაღს უწოდებენ. და ყველა პარკს ამ კონტინენტზე, სადაც უმთავრესად “სუბტროპიკები” ხარობს, უწოდებენ “აფხაზი გარდიანს” – “სიყვარულის ბაღის” შესაბამისად. მისი უნიკალურობა – ეს არის მრავალწლიანი დაუღალავი შრომა. პეგი და ნიკოლოზ აფხაზები ცდილობდნენ შეექმნათ მასში ნატურალური ლანდშაფტის დიდებული და თვალწარმტაცი ატმოსფერო. წლიდან წლამდე მათ მოჰქონდათ აქ ახალი ნერგები, აფართოებდნენ პარკს და სრულყოფდნენ მის დეკორატიულ სახეს. ცოლიცა და ქმარიც ხელოვნების დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ და თვით იყვნენ ხელოვანნი – ბაღი გახდა მათი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის საშუალება. „ბაღი არის ჩვენი შვილი“ – სიამაყით ამბობდნენ ისინი.


გარდა ამისა, ახალსახლობის პირველი დღეებიდანვე აფხაზები – ცოლიცა და ქმარიც –საზოგადოების სული და გული გახდნენ, ხოლო სიტყვები “სიყვარულის ბაღი” შორს გასცდა ამ პროვინციას. მაგრამ მაინც პეგი ძალიან ხშირად იხსენებდა იმას, რომ პარკი მათთვის შვილვით იყო. ნიკოლოზ აფხაზი 1947 წელს გარდაიცვალა, პეგი კი მისი სიკვდილიდან კიდევ ორი წლის განმავლობაში უვლიდა ბაღს და სახლს. შემდეგ ისიც გარდაიცვალა…


ბაღი ხელიდან ხელში გადადის. ამჟამად იგი ეკუთვნის “ბრიტიშ კოლუმბიის” კონცერნს. “სიყვარულის ბაღი” და სახლი, რომლებიც ცოლ-ქმარ აფხაზებს ეკუთვნოდა, გახდა მუზეუმი, რომელიც ღიაა ტურისტული და შემეცნებითი ექსკურსიებისთვის.

 (წიგნიდან „ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში)


iberiana2.wordpress.com


Комментариев нет:

Отправить комментарий