вторник, 3 июня 2014 г.

"სხვა გამოსავალი არ არის, პატრიარქმა სიცოცხლეშივე უნდა მოძებნოს თავისი მემკვიდრე!"

02-06-14
 აფხაზეთში ორკვირიანმა ბუნტმა შედეგი გამოიღო (ოღონდ არა ჩვენთვის), ერთმა სეპარატისტულმა კლანმა მეორე სეპარატისტული კლანი შეცვალა - ე.წ. პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი აქციების საშუალებით გადააყენეს და ხელშეუხებლობის გარანტიაც მისცეს. "ჭკვიანი" კაცი ყოფილა ანქვაბი, როგორც კი რუსეთიდან სხვანაირმა სიომ დაუბერა, ეგრევე მოცოცხა სახლში. როგორც პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ვალერი ბგანბა აცხადებს: ,,შურისძიებას არავინ გეგმავს, ეს ჩვენ არც გვიფიქრია. მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ანქვაბი სრულ ხელშეუხებლობას მიიღებს და პირად საკუთრებაში გადაეცემა სახელმწიფო რეზიდენცია". 

სწორედ ამაზეა ნათქვამი, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო. მართალია, ჩვენ აფხაზეთი უცერემონიოდ "დაგვაწერეს", მაგრამ საამისო საფუძვლები ისევ ქართველებმა შევქმენით 1993 წლის ომამდე. მოკლედ, აფხაზები ერთმანეთს დაეჯახნენ, ე.წ. ოპოზიციური ძალები (რუსების დახმარებით) ე.წ. მთავრობას მიუხტნენ, გადააყენეს და დაადგინეს, რომ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ამა წლის 24 აგვისტოს გაიმართება. ქართული მხარე აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არანაირ განმარტებას არ აკეთებს, რამდენიმე პოლიტიკოსს მხოლოდ ის წამოსცდა, რომ თურმე ჯერ უნდა დავაკვირდეთ.

როგორც საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერი ხაბურძანია ამბობს "ქრონიკასთან" საუბარში, აფხაზეთში ადგილი აქვს შიდაკლანურ დაპირისპირებას, ანუ მიმდინარეობს ორ კლანსა და ლობს შორის ბრძოლა რუსეთში:



- ჩვენ გვრჩება ერთადერთი გზა, ამ კონფლიქტში არ ჩავერიოთ და არ დავიწყოთ შავი პიარის აგორება რუსეთის წინააღმდეგ.

- კონფლიქტების დარეგულირების სამინისტრო აცხადებს, ჯერ მოვლენებს ვაკვირდებით, არაფერი არ ვიცითო.

- სხვათა შორის, ჩემი მინისტრობის დროს, პაატა ზაქარეიშვილმა, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია ჰქონდა, შიგნიდან უფრო მეტი იცოდა, ვიდრე ახლა იცის. ეტყობა, დღეს იმდენად ჩაეფლო ჩინოვნიკურ რაღაცებში, უკვე ნაკლებად ინფორმირებულია. ახლა ჩვენი მხრიდან რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს და როგორც არ უნდა ლანძღონ რუსეთი, არაფერს არ მოგვცემს. მე არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ამ შემთხვევაშიც ყირიმის სცენარი გაითამაშოს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, აფხაზები თვითონვე ხვდებიან, რომ ე.წ. სახელმწიფოს მართვაც კი უჭირთ და ამიტომაც ცდილობენ, როგორმე რუსეთს მიუერთდნენ. მათ დაინახეს, რომ ყირიმის სახით უკვე მიერთების პრეცედენტიც შეიქმნა. თუმცა ჯერჯერობით რუსეთი ამას არ გააკეთებს, რადგან მთლიან დოტაციაზე აფხაზეთის აყვანა ძალიან დააზარალებს. რომც აიყვანოს, აფხაზეთში ჩაბუდებული კლანები უფრო მეტად გალაღდებიან და დაიწყებენ ფულის ფლანგვას.

- თუკი რუსეთი მიიერთებს აფხაზეთს, მაშინ გააუქმებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და გადააქცევს გუბერნიად. ამ შემთხვევაში კლანებსაც მოეხაზებათ.

- არა, აფხაზები ითხოვენ ჩეჩნეთის მოდელს, ანუ ავტონომიას. რუსეთთან მიერთების შემთხვევაში თითქმის არაფერი იცვლება.

- ესე იგი, ამ შიდაარეულობით ჩვენ ვერ ვხეირობთ, ხომ?

- ვერა... ვიღაცას რომც აწყობდეს ფართომასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდა, მაინც ვერ მოახერხებს, რადგან ეს არის ლოკალური შემთხვევა - ერთ კლანს ანაცვლებს მეორე. თავად რუსეთსაც არ აწყობს არეულობა საზღვრისპირა რეგიონში. პუტინი იძულებული გახდება, ახლა აქეთ დაიწყოს ჯარების კონცენტრაცია. რამდენიმე დღის წინ "ნაციონალი" შოთა მალაშხია გამოვიდა და დაიწყო: აი, ამ შემთხვევას საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს, ეს საუკეთესო შემთხვევაა ჩვენთვისო. ამიხსენით, ხელისუფლებამ ეს შემთხვევა როგორ უნდა გამოიყენოს?

- ეგ ის შოთაა, რომელიც 2008-ში ამტკიცებდა, კრემლის თავზე ქართული დროშა უნდა ავაფრიალოთო.

- კი, იგივეს ამტკიცებდა ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი და მალაშხია კვერს უკრავდა. ახლა "ნაციონალები" უჩხიკინებენ ხელისუფლებას, იქნებ როგორმე განცხადებები გააკეთებინონ. დღეს რა განცხადებაც არ უნდა გააკეთოს ახალმა ხელისუფლებამ, მაინც ჩვენი ქვეყნის საზიანოდ შემოტრიალდება. მე მაინტერესებს ამერიკის ელჩის განცხადება, ეს იქნება "მესიჯი", რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ.

- ბატონო ვალერი, თქვენ რამდენიმე რეპლიკა გამოაქვეყნეთ მეუფე გრიგოლის წინააღმდეგ, რომელიც ამბობს: "სამწუხაროა, როცა რუსეთსა და მართლმადიდებლობას ერთმანეთთან აიგივებენ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე რუსეთისკენ სვლა შეუძლებელია". აქ აშკარად ეტყობა, რომ მეუფე გრიგოლი შარზეა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ მას თავის სამყოფელში ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის სურათი უკიდია.

- მას პირადად ვიცნობ და ამიტომაც გამიკვირდა... როცა ის სიავეზე ლაპარაკობს, სიკეთეზეც უნდა გაამახვილოს ყურადღება. როგორც ჩანს, საპატრიარქოში რუსეთის თემა გამწვავდა. ახლა იქ ორი ჯგუფი იქნება: დასავლური და ეროვნული. ეროვნული ჯგუფი, უნდა თუ არა, თეოლოგიური შინაარსით, პოსტულატებით თუ დოგმებით მაინც დაკავშირებულია რუსეთთან და საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან.

დასავლური მართლმადიდებლობა არის სრული ნონსენსი, კონჩიტა, ანუ წვერებიანი ქალი. ახლა ამის მომხრე ადამიანები რომ არიან სინოდში, ესენი ებრძვიან ორთოდოქს სასულიერო პირებს. ევროვიზიისა არ იყოს, თუ ჩვენი სინოდი კონჩიტას მისცემს ხმას და პატრიარქს გადააყენებს, მაშინ დავღუპულვართ და ეგაა. ეს უფრო დიდ უბედურებას გამოიწვევს, ვიდრე ფერადი რევოლუციები. მოდი, ვთქვათ სიმართლე: ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, სჯობს, პატრიარქმა მის სიცოცხლეშივე მოძებნოს მემკვიდრე. იცი, შევარდნაძის უბედურება რაში მდგომარეობდა? მან ვერ დაასახელა თავისი მემკვიდრე, ან არ დაასახელა... ქაჩავდა ამ პროცესს, აჭიანურებდა და ბოლოს თვითონაც ვეღარ გაიგო, ვინ უნდოდა და რა უნდოდა. პოლიტიკაში ეს ჩვეულებრივი ამბავია, ვიღაცა უნდა მოძებნო და მერე ამას ეძლევა ლეგიტიმური სახე. ეს შეცდომა არ უნდა დაუშვას პატრიარქმა, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ დროა, მემკვიდრეზე იფიქროს.


გაზეთი "კვირის ქრონიკა", გელა ზედელაშვილი


http://www.alia.ge/article.php?id=746

Комментариев нет:

Отправить комментарий