понедельник, 2 июня 2014 г.

პირფერობის შესახებ*

“უყვარს ქართველს ეს გამრყვნელი და წამახდენელი სენი, რომ თუ არ აქე, თუ არ მიეფერე, პირიდამ თაფლი თუ არ იდინე, სულ ყველაფერი უზრდელობა და ლანძღვა ჰგონია. მაგრამ ამისთანა ცთომილი აზრი არ დააყენებს ხოლმე პატიოსან კაცს, როცა ის შედის რისამე განხილვაში; იმისთვის სულ ერთია, რასაც იტყვის ეს და ეს ბრმა ამა და ამ საგანზედ, ის მხოლოდ ეძებს სიმართლეს და ემსახურება ჭეშმარიტებას; ის ცდილობს გამოაჩინოს შეუბრალებლად რაც ცუდია – ცუდად, რაც კარგია – კარგად. პირფერობა და ურცხვი უალაგო ქება გლახის და მათხოვრის საქმეა და არა ჭეშმარიტების მსახურისა,” – წმ. ილია მართალი.


წმ. ბასილი დიდის სწავლებით, პირფერობა მოყვასის წინააღმდეგ დაფარული ბოროტმოქმედებაა, სიკეთის ნიღბით ჩადენილი. რა თვისებებით ხასიათდებიან პირფერი ადამიანები, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათთან და როგორ ვეცადოთ მათ გამოსწორებას? გვესაუბრება მღვდელი მალხაზ ყიფიანი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური):

„პირფერობა, ანუ ორპირობა ძალზე საშიში ვნებაა, რომელიც ადამიანს ერთხელ თუ დაეპატრონება, ძნელად თუ დაუსხლტება ვინმე ხელიდან. ამიტომაც სულიერი ადამიანები ყოველთვის გაურბიან პირფერ ადამიანებთან შეხვედრას, რამეთუ როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „არ არსებობს იმაზე სასტიკი განსაცდელი, ვიდრე პირფერ ადამიანთან შეხვედრაა“.
ზოგადად, ადამიანს ახასიათებს, რომ სიტყვით სხვას ამბობდეს, გულში სხვა რამ ჰქონდეს, საქმით კი სულ სხვა რამეს აღასრულებდეს. ასეთი მლიქვნელი, ორპირი ადამიანის შესახებ კი წმ. წერილი, კერძოდ, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველი ისუ ზირაქი წერს, რომ წყევას ექვემდებარება ყოველი მლიქვნელი და ორპირი ადამიანი (28,15).

რასაკვირველია, თითოეული ადამიანი უნდა განერიდოს ამ ცოდვას და არც სხვას უნდა მივცეთ საშუალება, რომ გვეპირფერებოდეს. პირმოთნე ადამიანი ყოველგვარ მხეცზე საშინელია. ცხოველი ისე გვიჩვენებს თავის თავს, როგორიც არის სინამდვილეში. ასეთი ადამიანი კი ხშირად თავმდაბლობისა და სათნოების ნიღაბქვეშ მალავს თავს ისე, რომ ძნელია ამოიცნო და გაფრთხილდე მისი ვერაგობისაგან.

პირფერი მსჯელობს და იქცევა არა სიმართლისათვის, არამედ ვინმეს საამებლად. თუმცა კი ენაზე თაფლი აქვს, გულში ღვარძლს ატარებს. სიტყვით შეიძლება მშვიდობას გვპირდებოდეს, საქმით კი მახვილს გვიმზადებდეს.

უნდა ვიყოთ ყურადღებით და სხვებიც გავაფრთხილოთ, რომ განერიდონ ერთმანეთის პირში ქება–დიდებას, რადგან ასეთი საქციელი სრულყოფილებსაც კი ვნებთ, არათუ სარწმუნოებრივად უძლურებსა და სუსტებს.

ერთ–ერთ წმინდანს, რომელიც თავის კელიაში ხელსაქმობდა, სტუმრად მოსულმა ახალგაზრდა კაცმა სამჯერ უთხრა პირფერულად, რომ ლამაზად და კარგად წნავდა კალათებს, რაზედაც ასეთი პასუხი მიიღო მისგან: კაცო, მას შემდეგ, რაც აქ მოხვედი, ღმერთი განაგდე ჩემგანო.

წმინდანების გარდა არავის ძალუძს განჭვრიტოს, თუ საიდან და რა მიზნით გამომდინარეობს ადამიანური პირმოთნეობა. სჯობს ადამიანი გლანძღავდეს და გაგინებდეს, რადგან მას მოერიდები, მაგრამ ორპირი ადამიანი ენას, როგორც ხმალს, ისე იყენებს და სიცრუის მორევში ცდილობს ჩაითრიოს სხვაც, როცა, პირიქით, შეიძლებოდა მოტყუებისა და ილუზიური წარმოდგენის ნაცვლად ამ ადამიანისთვის სარგებლობა მოეტანა და სიმართლე ეთქვა.

ვფიქრობ, რომ პირფერ ადამიანს საკუთარი ნაკლის შესახებ უნდა მიუთითებდეს ის, ვისაც ამის მორალური უფლება გააჩნია, რადგან ზოგჯერ ისე გამოდის, ყვავმა ყვავს რომ უთხრას, ჩემზე შავი ხარო. ზოგჯერ ადამიანი სხვას ამხელს რაიმე ნაკლოვანებაში, თვითონ კი უმხილებელი და გამოუსწორებელია. კაცი, სხვისი მამხილებელი, არ უნდა ღიზიანდებოდეს ადვილად და უნდა მიეჩვიოს სხვისგან შესწორებას. მაშინ სამართლიანად მიიღებენ ასეთი ადამიანისგან სიმართლის თქმასა და მხილებას. ბოღმითა და შურისძიების წყურვილით მამხილებელი ადამიანი, პირფერს ამხელს თუ ფარისეველს, შედეგს ვერასდროს მიიღებს. საჭიროა ღვთის შიშითა და სიყვარულით ვმოქმედებდეთ, რომ ჩვენმა სიტყვამ ცხოველმყოფელი ძალა იქონიოს მეორე ადამიანზე და მკურნალად ექცეს მის დაწყლულებულ სულს. ასეთი კი გახლავთ მეგობარი, რომლის სიტყვაც ბრძენი მკურნალია, ხოლო თუ მრავალთა თვალწინ მოვინდომებთ ასეთის გამოსწორებას, მაშინ მლანძღველნი გამოვალთ და მეგობარსაც დავკარგავთ.”

თეონა ნოზაძე


 01.06.2014

ambioni.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий