როდესაც მეგობართა ან თანამოაზრეთა წრეში ვიმყოფებით, ჩვენს ტვინიდან ირთვება ქერქის ის მონაკვეთი, რომელიც პასუხს აგებს პირად მორალურ საწყისებზე.
ყოველ ადამიანს გააჩნია წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის კარგი და რა ცუდი. მაგრამ როგორი ურყევიც უნდა იყოს ეს წარმოდგენა, როგორც კი ადამიანი ბრბოს გარემოცვაში ან უბრალოდ თანამოაზრეთა ჯგუფში აღმოჩნდება, მისი მორალური საფუძვლები ქრება. მაშინ ხშირად ლაპარაკობენ "ორმაგ სტანდარტებზე": ყოველი ჩვენგანი, მაგალითად, ადამიანის მკვლელობას დაუშვებლად მიიჩნევს, მაგრამ ამავდროულად მრავალი მზად არის დაუშვას გამონაკლისი რომელიმე მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენლისთვის. კონკრეტული მაგალითების დამოწმებას არ დავიწყებთ, აქ საკმარისია მივხედოთ საზოგდოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს, თუნდაც დღევანდელთ, ან ათასი წლის წინანდელს, რომ დავრწმუნდეთ, ასეთ შემთხვევებში ადამიანები დაუნდობლად ჰკლავენ ან ამართლებენ ამგვარ მოქმედებებს.
სიტუაციები, როდესაც ადამიანი ფიქრობს ერთს და აკეთებს მეორეს, უამრავია, მაგრამ ჯგუფური ქცევა უნივერსალური და ძალზედ მკაფიო მაგალითია. მართლაც, ძნელია იპოვო ადამიანი, რომელსაც ყოველთვის შეუძლია არ დაჰყვეს ბრბოს ინსტინტქს (კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამთ, რომ ბრბოში იგულისხმება არა მარტო ასეულობით ან ათასობით ადამიანთა დაჯგუფება, არამედ რომელიმე ოფისის, დაწესებულების, ან უბრალოდ რომელიმე სკოლის მტკიცედ შეკრული კოლექტივი). ამ ფენომენის ერთადერთი ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ ჯგუფში ადამიანს შეუძლია იმოქმედოს ანონიმურად, როდესაც მას ეჩვენება, რომ მისი საქციელის შესახებ ვერავინ შეიტყობს. როგორც ვარიანტი - ჯგუფში ჩვენ ვგრძნობთ ერთგვარ კოლექტიურ პასუხისმგებლობას, დანაშაულის პერსონალური შეგრძნების შემამცირებელ გარემოებას. ასე, რომ ჩვენი პირადი კრედო იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, - აქ ხუხულასავით ინგრევა.
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს შეეთავსებინათ ჯგუფური მორალური მერყევობის ფსიქოლოგიური განმარტება და ტვინის აქტივობა. ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (მრტ) დახმარებით ისინი აკვირდებოდნენ ტვინის ქერქის წინაფრონტალურ აქტივობას, რომელიც მაშინ ირთვება, როცა ადამიანი საკუთარ თავზე ფიქრობს. ორი კვირის განმავლობაში მოხალისეებს, რომლებმაც ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, ეკითხებოდნენ მათი მორალური შეხედულებებისა და ქცევის შესახებ, ამასთან მკვლევარები დაინტერესდნენ, როგორ იქცეოდნენ ადამიანები სოცქსელებში. შედეგად, შესაძლებელი გახდა გარკვეული მტკიცებულებების ფორმულირება, რომლებიც კონკრეტულად ყოველ მოხალისეს ეხებოდა და მის მორალურ წარმოდგენებზე წარმოდგენასაც იძლეოდა, მაგალითად, "მე ყოველთვის ბოდიშს ვიხდი, როდესაც ვინმეს ქუჩაში ვეჯახები", ან "მე ვიღებ სხვის საჭმელს საერთო მაცივრიდან".
ამის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებს თამაში შესთავაზეს, რომელშიც საჭირო იყო დაეჭირათ ღილაკზე, როდესაც ისინი დაინახავდნენ მტკიცებულებას, რომელიც სოციალურ ქსელს ეხებოდა - მაგალითად, "მე Facebook-ზე 600-ზე მეტი მეგობარი მყავს". ასეთ ფრაზები ინდივიდუალური მორალური წანამძღვრების შემცველ ფრაზებთან მონაცვლეობდნენ. თვით თამაში ორი ვარიანტით წარმოებდა: ერთში ადამიანი თამაშობდა მარტოკა, მეორეში - ჯგუფთან ერთად, ოღონდ ყოველ შემთხვევაში არსებობდა ერთი მოწინააღმდეგე, ანუ ცალკეული ადამიანი თუ ჯგუფი, რომელსაც უნდა გაემარჯვა.
მკვლევარებს აინტერესებდათ, როგორ რეაგირებდა მორალური და ამორალური ხასიათის მტკიცებულებებზე პასუხისმგებელი და საკუთარ თავზე მოფიქრალი ტვინის უბანი. მრტ-ს მონაცემთა ანალიზმა ცხადყო, რომ წინაფრონტალური ქერქი სწორედ მორალურ მტკიცებულებებზე აქტიურდებოდა (მაგალითად, როგორიცაა "მე ყოველთვის ბოდიშს ვიხდი, როდესაც ქუჩაში ვიღაცას ვეჯახები") და სოცქსელებთან დაკავშირებულ ფაქტებზე გულგრგილი რჩებოდა (მაგალითად, "მე ფეისბუკში 600-ზე მეტი მეგობარი მყავს"). მაგრამ ასეთი სურათი მხოლოდ იმ შემთხვევაში იხატებოდა, თუ ადამიანი მარტო თამაშობდა. როდესაც თამაშში ჯგუფი ღებულობდა მონაწილეობას, ქერქის ეს ნაწილი მორალურ მტკიცებულებებზეც დუმდა. შეიძლება ითქვას, რომ ჯგუფში მუშაობა ბლოკავდა ტვინის იმ სისტემას, რომელიც მორალურ პრინციპთა შეგნებაზეა პასუხისმგებელი.
თამაშის შემდეგ, ვითომცდა საბოლოო მოხსენებისთვის, ადამიანს თავისი და მოპირისპირე ჯგუფის წევრთა ფოტოსურათების არჩევას სთავაზობდნენ. იმ შემთხვევაში, როდესაც წინაფრონტალური ქერქის აქტივობა დაბალი იყო, მოთამეშეები ცდილობდნენ აერჩიათ თავიანთი მოწინააღმდეგეების ცუდი სურათები, ვიდრე საკუთარი ჯგუფის მონაწილეებისა. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც მზადყოფნა ზიანი მიაყენო სხვა ადამიანს, რომელიც შენს ჯგუფში, გუნდში, ბრბოში არ იმყოფება. ანუ ტვინის მორალური ზონის დათრგუნვას ადამიანი მიჰყავდა კონკრეტულ (და არცთუ სასიამოვნო) ფსიქოლოგიურ ეფექტთან (ასევე უნდა დავაზუსტოთ, რომ თვითშეგნება საერთოდ არ არის კონცენტრირებული მხოლოდ ქერქის წინაფრონტალურ ნაწილზე; მოცემულ შემთხვევაში მკვლევარები განიხილავენ მხოლოდ თვითრეფლექსიის იმ ასპექტს, რომელიც პერსონალური მორალური მტკიცებულებების შუქზე საკუთარი თავის შეფასებასთან არის დაკავშირებული).
სტატიაში, რომელიც ჟურნალ NeuroImage-ში გამოქვეყნდა, გამოკვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ჯგუფურ თამაშში ყველა ადამიანი როდი თრგუნავდა ქერქის ეთიკური ცენტრის აქტივობას. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანი უფრო დაქვემდებარებულია კოლექტივის ამორალურ ზეგავლენას და თანამოაზრეთა და მეგობართა წრეში სხვაზე მეტად არის მიდრეკილი დაივიწყოს საკუთარი მორალური პრინციპები. გარდა ამისა, თამაშის შემდეგ მათ გაუჭირდათ იმ მორალური მტკიცებულებების გახსენება, რომელიც სულ ახლახან აჩვენეს. ინდივიდუალურმა განსხვავებებმა შეიძლება ახსნას, თუ რატომ კარგავს ადამიანთა ერთი კატეგორია სწრაფად საკუთარ პრინციპებს და ჯგუფის მოქმედების ზეგავლენას ექვემდებარება, სხვები კი არა. მკვლევარებმა ასევე ივარაუდეს, რომ ასეთი ადამიანები ძნელად აღმოაჩენენ საკუთარ თავს ფოტოსურათებზე, მაგრამ ეს საინტერესო ჰიპოთეზა ჯერ კიდევ ექსპერიმენტალურად არავის დაუმტკიცებია.
წყარო: http://www.nkj.ru/news/24573
apocalypse.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий