среда, 18 июня 2014 г.

რა გვასწავლიან წმ. მამები სასოწარკვეთილებისა და უიმედობასთან ბრძოლისათვის?

ეკლესიის ერთ-ერთი გამოჩენილი წმ. მამა ეგნატე ბრიანჩანინოვი გვარიგებს:

„გიგზავნით სულიერ რეცეპტს და გირჩევთ, მოცემული წამალი მიიღოთ დღეში რამდენჯერმე, განსაკუთრებული უიმედობისა და სასწარკვეთილების წუთებში. ამ წამლის გამოყენებისას უბრალო მკურნალობის დაფარული ძალა და მაკურნებელი თვისება სწრაფად გამოჩნდება, როდესაც აუჩქარებლად, საკუთარი თავის გასაგონად გონებაში წარმოვთქვამთ შემდეგი ლოცვის სიტყვებს: „დიდება, შენდა, ღმერთო ჩემო, მოვლენილი მწუხარებისათვის. ამას ჩემი ცოდვებით ვიმსახურებ. მომიხსენე, მე სასუფეველსა ჩემსა.“

ეს ლოცვა უნდა წარმოითქვას აუჩქარებლად, შემდეგ მცირე ხნით შევისვენოთ და განვაგრძოთ 5 ან 10 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ ვიგრძნობთ, რომ სული დაგვიმშვიდდა და დაგვიწყნარდა.

წმ. მამათა სწავლებით ცოდვების გამო სასოწარკვეთილებამდე მისული მწუხარება ღვთის მოწყალების იმედით უნდა დავძლიოთ. როდესაც ადამიანს უიმედობის დემონი ეუფლება უგუნური და შეუსმენელი ხდება, არ შეუძლია მშვიდად მიიღოს რჩევა და აუღელვებლად უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. გაურბის ადამიანებს, როგორც დამნაშავეებს და არ ესმის, რომ ამ სნეულების მიზეზი თავად მასშია. ასეთ შემთხვევაში, განსაკუთრებით საჭიროა მისი ეკლესიური მოხსენიება, საჯანმრთელო პარაკლისების წაკითხვა, აღსარების თქმა, ღვთისმსახურებაზე დასწრება, ხშირი ზიარება და რწმენა, იმედი იმისა, რომ გვყავს ჩვენი ცოდვების ყოვლადძლიერი მკურნალი უფალი იესო ქრისტე, რომელმაც ჩვენთვის საკუთარი სისხლი დასთხია და თან დაგვაიმედა: ნუ გეშინიათ, ამ წუთისოფელს ჭირი და განსაცდელი მრავალი აქვს, მაგრამ მე მიძლევიეს ამ წუთისოფლისათვის და თქვენც მოგცემთ და დაგადგამთ ამ ძლევის გვირგვინს, თუ ჩემი მცნების დამცველნი და ჩემი მოშიშნი იქნებით.

მთავარია, ჩვენ ცოდვებისაგან გათავისუფლება მოვინდომოთ და უფალი ყოველთვის ჩვენს გვერდითაა, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა, აწ და მარადის და ყოველდღე, საუკუნეთა დასასრულამდე, ამინ!


წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი მალხაზ ყიფიანი

,,სასოწარკვეთილება და უიმედობა მოზარდებში''

http://www.ambioni.ge/sasowarkvetileba-da-uimedoba-mozardebsi

Комментариев нет:

Отправить комментарий