საქართველოში არაერთი ოჯახია, რომელსაც სურს, ბავშვი იშვილოს. ბავშვის აყვანა, ძირითადად, იმ მშობლებს უნდათ, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით საკუთარი შვილი არ ჰყავთ. ადამიანი, რომელიც მიტოვებულ ან უდედმამო ბავშვს შვილად მიიღებს და მის აღზრდაზე იზრუნებს, უფლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ მოექცევა. ოფიციალურად გაშვილების პროცესი გარკვეულ პროცედურებთანაა დაკავშირებული. როგორ ხდება გაშვილება, რამდენად მოქნილია კანონი შვილად აყვანის შესახებ და რა დაბრკოლებები იქმნება ამ პროცესში? ამას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი ლიკა წიკლაური განმარტავს:
-რა შემთხვევაში აქვს სახელმწიფოს ბავშვის გაშვილების უფლება და ვინ შეიძლება იყოს მშვილებელი? რა სიახლეებია ამ მხრივ კანონში?
-”შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ” ახალ კანონში პირდაპირ არის ჩამოთვლილი, თუ ვის შეიძლება მიენიჭოს გასაშვილებელის სტატუსი. ასეთი შეიძლება იყოს ბავშვი, რომლის ორივე მშობელი გარდაცვლილია, ქმედუუნაროდ არის ცნობილი, ან ორივე მათგანს ჩამოერთვა მშობლის უფლება, ან შვილი მიატოვეს. გაშვილება ასევე შეიძლება მოხდეს თავად დედ-მამის სურვილით. რაც შეეხება შვილის მიტოვებულად აღიარებას, ამისთვის კანონში სპეციალური პროცედურაა განსაზღვრული. როდესაც აღმოაჩენენ ბავშვს, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი. ეს შეიძლება მოხდეს სამედიცინო ან სხვა ნებისმიერ დაწესებულებაში. ორგანო ვალდებულია, 24 საათის განმავლობაში მიაწოდოს ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს, რათა ასეთი ბავშვები აღირიცხონ. შემდეგ უკვე სოციალური მომსახურების სააგენტო ეძებს მშობლებს იდენტიფიცირებისათვის. თუ ისინი უარს ამბობენ საკუთარი უფლებების განხორცილებაზე, ამ შემთხვევაში 6 კვირის ვადაში ბავშვს მიტოვებულად აღიარებენ და დაექვემდებარება შვილად აყვანას.
რაც შეეხება მშვილებელს, ის არ შეიძლება იყოს მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, ფსიქიურად არამდგრადი, ნარკომომხმარებელი ან ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანი, ან პირი, რომელსაც ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება. ასევე შექმნილია გარკვეული ავადმყოფობების ნუსხა, რომლის მიხედვითაც დაავადებულ პიროვნებას არ გააჩნია შვილად აყვანის უფლება. თუ ამ და სხვა ფორმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს პირი და სურს, იშვილოს ბავშვი, მას შეუძლია დარეგისტრირდეს შვილად აყვანის მსურველთა სიაში. გასაშვილებელი ბავშვის გამოჩენის შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო მიმართვას მას.
თუმცა კანონში მითითებულია, რა შემთხვევაში აქვს ადამიანს უპირატესობა ბავშვის აყვანაზე. ასეთი უფლება გააჩნიათ ახლო ნათესავებს (და, ძმა, შვილიშვილი, დისშვილი, ძმისშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძა, დეიდა, მამიდა, ან რომელიმე მათგანის შვილი, დედინაცვალი, მამინაცვალი), ასევე იმ მშვილებელს, რომელსაც უკვე აყვანილი ჰყავს ბავშვის და, ან ძმა. უპირატესი უფლება მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ ბიოლოგიური მშობელი და მშვილებელი ერთობლივად მიმართავენ სააგენტოს.
სიახლე არის ისიც, რომ თუ სურვილი აქვს ადამიანს და ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, შეუძლია მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომ უნდა ბავშვის მინდობით აღზრდა. ამ შემთხვევაში ის ჩაითვლება მეურვედ და დაეკისრება მშობლის უფლებები. მასში სახელმწიფო გადაუხდის ხელფასს. თუ 6 თვის შემდეგ ეს ოჯახი გადაწყვეტს ამ ბავშვის შვილად აყვანას, მას მიენიჭება უპირატესობა.
- შვილად აყვანის შემდეგ ხდება თუ არა კონტროლი, თუ რა პირობებში უწევს ცხოვრება ბავშვს და ექცევა თუ არა ყურადღება შვილად აყვანის მსურველი პირის სოციალურ მდგომარეობას?
-როდესაც მოხდება მშვილებლისათვის ბავშვის შეთავაზება, თუ ის თანხმობას განაცხადებს მის აყვანაზე, შემდეგ უკვე გარკვეული პერიოდი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო აკვირდება მშვილებლისა და გასაშვილებელის თავსებადობას. 10 წლის ზემოთ ბავშვი თუ თანხმობას არ განაცხადებს, მას ვერ მიაშვილებენ. თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ჩათვლის, რომ ყველა ფორმალური მოთხოვნა დაცულია და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, უმჯობესია მისი გაშვილება, ამ შემთხვევაში ის მიმართვას სასამართლოს. სწორედ სასამართლო ღებულობს საბოლოო გადაწყვეტილებას, მიაშვილოს თუ არა ბავშვი კონკრეტულ პიროვნებას.
კანონში პირდაპირ არ წერია, თუ რა რაოდენობის შემოსავალი უნდა ჰქონდეს შვილად აყვანის მსურველს და ა.შ., მაგრამ ყურადღება ექცევა, რამდენად შეძლებს მშვილებელი ბავშვის არამარტო რჩენას, არამედ სულიერ და მორალურ აღზრდას.
-შვილად აყვანის მსურველ წყვილებს ზოგჯერ წლობით უწევთ ლოდინი. რა ქმნის მთავარ პრობლემას – გასაშვილებელი ბავშვების რაოდენობის სიმცირე თუ გარკვეული ბიუროკრატია?
- კანონი საკმაოდ მოქნილია ამ კუთხით, მაგრამ სხვა საკითხია პრაქტიკაში როგორ ხორციელდება. ერთი მხრივ, მართლაც არის სხვაობა გასაშვილებელი ბავშვებისა და შვილად აყვანის მსურველების რაოდენობას შორის. მეორე პრობლემა გახლავთ ის, რომ მშვილებლებს ხშირად აქვთ გარკვეული მოთხოვნები ბავშვის სქესთან, ასაკთან, ჯანმრთელობასთან, თუ სხვა კრიტერიუმებთან დაკავშირებით. თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემებიც ხშირია. მართალია, კანონში ზუსტადაა განსაზღვრული კონკრეტული ვადები, მაგრამ ხშირად ეს პროცედურები იწელება. მაგალითად, გვქონია შემთხვევა, როდესაც ერთი წელი დასჭირდა მხოლოდ იმას, რომ ბავშვი მიტოვებულად აღიარებულიყო, რასაც, კანონიდან გამომდინარე, ორთვიანი ვადა სჭირდება.
-რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ბიოლოგიური მშობელი გადაწყვეტს ბავშვის დაბრუნებას? რა შემთხვევაში შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება?
- ეს საკმაოდ რთული პროცესია. ამ შემთხვევაში უნდა დამტკიცდეს, რომ ან მშვილებელი ვერ ახორციელებს თავის მოვალეობებს, ან თავიდან რაიმე ყალბი საბუთით მოხდა გაშვილება და ა.შ. ბათილად ცნობის გადაწყვეტილება ისევ სასამართლომ უნდა მიიღოს. კანონით ბავშვის სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მისი შვილად აყვანის გადაწყვეტილების გაუქმება აღარ შეიძლება. გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა, თუ ბიოლოგიური მშობელი, მშვილებელი და გაშვილებული – სამივე თანხმობას განაცხადებს სასამართლოში.
სალომე ლილუაშვილი
http://www.ambioni.ge/rogor-xdeba-bavsvis-gasvileba#comment-12215
Комментариев нет:
Отправить комментарий