четверг, 12 июня 2014 г.

წმინდა სინოდი ანტიდისკრიმინაციული კანონის შეცვლას ითხოვს

გასულ კვირას საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრება გაიმართა. მღვდელმთავრებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს. მათ შორის, იმსჯელეს ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ. წმინდა სინოდმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისადმი თავისი უარყოფითი დამოკიდებულება და ხელისუფლებას კანონის შეცვლისკენ მოუწოდა.

როგორც წმინდა სინოდის კრების მდივნად ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია)ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული კანონი წარმოდგენილი სახით მიუღებელია როგორც საქართველოს ეკლესიისთვის, ისე ყველა მორწმუნისათვის.

პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვას საზოგადოების და ეკლესიის მხრიდან დიდი ვნებათაღელვა და უარყოფითი დამოკიდებულება მოჰყვა, საპატრიარქო აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგებოდა. მეტიც, პატრიარქმა ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ კანონის მიღება არ ეჩქარათ და ჯერ საჯარო განხილვა მომხდარიყო.

თუმცა, პარლამენტმა კანონი საჯარო განხილვის გარეშე მიიღო. რასაც სასულიერო პირების და მართლამდიდებელი მრევლის საპროტესტო აქციები მოჰყვა. ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, რომ კანონი არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდას ეწევა და ა.შ.

მას შემდეგ, რაც წმინდა სინოდის განჩინება ცნობილი გახდა, კომენტარისთვის დავუკავშირდით პატრიარქის პრეს-მდივანს, მამა მიქაელს (ბოტკოველი), თუმცა, მან ამ თემაზე საუბარი არ ისურვა.

ამ თემაზე საუბარი არც სხვა სასულიერო პირებს სურთ. მიზეზი უცნობია.

ერთ-ერთმა სასულიერო პირმა პირად საუბარში გვითხრა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ გამართულ საპროტეტსო აქციებზე სასულიერო პირების გამოსვლა სწორი არ იყო. აქვე დასძინა, რომ ის მღვდელმსახურნი საპატრიარქოდან მისულები არც იყვნენ.

წმინდა სინოდის განჩინებას გამოეხმაურა ხელისუფლება. როგორც „პრაიმტაიმს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა, აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტმა პოზიცია დააფიქსირა და მისი შეცვლა არ მოხდება.

- კანონი მიღებულია. რაიმე ცვლილებას არ ვგეგმავთ. ეკლესიას უფლება აქვს თავისი პოზიცია დააფიქსიროს. შესაბამისად, მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელსაც ისინი რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე საჭიროდ თვლიან. ჩვენ არ ვერევით ეკლესიის საქმიანობაში. ამის კანონისმიერი უფლებაც არ გვაქვს. კონკორდატით ეკლესიის დამოუკიდებლობა და ხელშეუხლებლობა დაცულია. რაც შეეხება სამოქალაქო პასუხისმგებლობას, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, დაიცვას ნებისმიერი ადამიანი ყოველგვარი ჩაგვრისგან, რომელიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უმრავლესობას არ მოსწონს ან მიუღებელია მათი ესა თუ ის ქცევა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ ადამიანი დაიცვას და დისკრიმინაციის მსხვერპლი არ იყოს. ეს კანონი მიღებულია იმიტომ, რომ არ იყოს ძალადობა დაშვებული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უმრავლესობას შეიძლება არ მოსწონს და არის მიუღებელი. ჩემთვის, აბსოლუტურად გასაგებია ის წუხილი, რაც გამოთქმულია ეკლესიისგან. ეკლესიურად მათი ხედვა გასაგებია, მაგრამ ჩვენ, სახელმწიფოს, გვაქვს სხვა ვალდებულება. მიუხედავად იმისა, როგორია ადამიანი. ამ კანონმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მივიღეთ წყევლა-კრულვაც, მაგრამ მიმაჩნია, რომ აქ არ არის საუბარი არავითარ რეკლამაზე, რაღაც წახალისებაზე ან განსაკუთრებული უფლებების მინიჭებაზე. საუბარია იმაზე, რაც წლების წინ იყო თუნდაც სამედიცინო საქმიანობის შესახებ კანონში მითითებული, მიუხედავად იმისა, ადამიანი როგორი ორიენტაციისაც არ უნდა იყოს, არ უნდა მოექცნენ დისკრიმინაციულად. ეს კანონში წლების წინაა იყო დაფიქსირებული. შესაბამისად, მაშინ ასეთი ვნებათაღელვა არ გამოუწვევია...


- თქვენ იურისტი ხართ და მოგეხსენებათ, რომ ადამიანის მიმართ ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა კანონით ისედაც ისჯება. ამიტომ, მავანი მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღების საჭიროება არ არსებობდა.


- ამ კანონის მიღების აუცილებლობა არსებობდა. ხომ შეიძლება რომელიმე უნივერსიტეტმა სტუდენტი გარიცხოს, ან არ მიიღოს სასწავლებელში იმიტომ, რომ ის განსხვავებული ორიენტაციის არის. რეალობა, ვთქვათ, ბარში მიმტანად მუშაობს ადამიანი ან ჭურჭლის მრეცხავია და აღმოჩნდა, რომ ასეთია. ამის გამო შეიძლება სამსახურიდან გამოაგდონ? ამაზეა საუბარი. პირდაპირ გეტყვით, არც ჩემთვის არ არის მოსაწონი და მე ამას არ ვმალავ, ჩემი დამოკიდებულება ასეთია, მაგრამ მე რომ არ მომწონს, ეს არ მაძლევს უფლებას, რომ ასეთი ადამიანები სამსახურიდან დავითხოვოთ ან უარი ვუთხრათ სამედიცინო დახმარებაზე თუ ისინი მიაკითხავენ ექიმს. ბევრი ჟურნალისტი ვიცი, რომელიც ასეთია და ტელევიზიაში საქმიანობს, სამსახურებიდან დავითხოვოთ იმიტომ, რომ ასეთები არიან?! მე მაქვს კითხვა, ასე მოვექცეთ ამ ადამიანებს? მე ვეკითხები მათ ვინც ჩვენ გვწყევლის იმის გამო, რომ ეს კანონი მივიღეთ. ასეთი ადამიანები ჩემ გარშემო ძალიან ბევრია. რა ვქნათ, გავასახლოთ საქართველოდან? როგორ მოვექცეთ? ჩვენ ამ კანონით კი არ ვახალისებთ, რომ ეს კარგია და მოდით, ასეთი იყავით, არამედ ასეთ ადამიანებს ვიცავთ. მართლმადიდებლურ ეკლესიას, გნებავთ კათოლიკურს, მუსულმანურს, ეს კანონი არ მოეწონება. როგორ შეიძლება ეკლესიას ეს მოეწონოს, როცა ამბობს, რომ ეს არის ცოდვა. ეს უნდა თქვას ეკლესიამ, რადგან მისი დანიშნულება და ფუნქციაა. შეიძლება ეს ცუდია, რომ ადამიანი ასე ცხოვრობს, მაგრამ თუ ის სხვაზე არ ძალადობს ამ თავისი ორიენტაციის გამო, სხვას ზიანს არ აყენებს, მაშინ ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ამის გამო ადამიანები ამ ქვეყნიდან გავასახლოთ. თუ ზიანს აყენებს და გარყვნილ ქმედებას სჩადის, პედოფილიას, ან სხვა ტიპის სექსუალურ ქმედებას, ეს ისედაც დასჯადია. შესაბამისად, სისხლის სამართლის დანაშაულია და უმკაცრესად დაისჯება.


- ეკლესია, მართლმადიდებელი მრევლი ამბობს, რომ ეს კანონი ერთგვარ პროპაგანდას უწევს სექსუალურ უმცირესობებს...


- არავითარი პროპაგანდისტული ამ კანონში არ არის. უფრო მეტიც, პირდაპირ ჩადებულია ნორმა, რომელიც ამბობს, ეს კანონი არ უნდა განიმარტოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებული შეთანხმების საწინააღმდეგოდ. ე.წ. კონკორდატის წინააღმდეგ. გარდა ამისა, კანონში წერია, რომ შესაძლებელია ამ კანონით დაცული უფლებები სახელმწიფოს მხრიდან შეიზღუდოს თუ ეს ეწინააღმდეგება დემოკრატიულ მიზნებს. უკაცრავად და, შიშვლები თუ გამოვარდებიან ქუჩაში და გარყვნილ ქმედებებს დაიწყებენ, ეს არის დასჯადი და ეს ადამიანები დაისჯებიან. სახელმწიფო ამას არ დაუშევებს, იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება.


- ვთქვათ, თუ ჩატარდება გეი-აღლუმი, ეს ჩაითვლება ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედებად?


- ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის უფლება დაცულია. თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირში შესვლა და მივისწრაფვით ევროპისკენ, გამოხატვის უფლება დაცული უნდა იყოს. მე რაც მინახავს ტელევიზიით, რასაც ამ აღლუმებს ეძახიან, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი ადამიანების, ნახევრად ან მთლიანად შიშვლად სირბილი ქუჩაში, გარკვეული გარყვნილი ქმედებების შემცვლელი საქციელი, რასაც აფიქსირებენ. მე არ ვიცი სხვა ქვეყებში ამას როგორ არეგულირებენ, ითვლება თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად ან საზოგადოების ზნეობის საწინააღმდეგო ქმედებად, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით შეიძლება გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდოს თუ ის იღებს ასეთ ფორმას. თუნდაც, სამოქალაქო კოდექსი ავიღოთ, ბათილია ზნეობის საწინააღმდეგო გარიგება ანუ კანონი იცნობს ზნეობას. საზოგადოებრივი ზნეობა არ არის უცხო ტერმინი. შესაბამისად, ადამიანი ქუჩაში თუ დგას და უშვერი სიტყვებით იგინება, ეს არის ხულიგნობა. მორალში არ ჯდება, ისევე, როგორც სხვა საქციელი, რომელიც მიუღებელია საზოგადოებრივი ზნეობისთვის. თუ გეი-აღლუმი ასეთ ფორმას მიიღებს, იქნება რეაგირებული. გარყვნილი ქმედება კანონითაც აკძალულია. შიშები, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ ადამიანები ქუჩაში შიშვლები დაიწყებენ სირბილს, ასე არ არის. ამის წახალისება არ მოხდება არასდროს და თბილისის ქუჩებში ეს არ მოხდება. თუ მოხდება გარყვნილი ქმედების დემონსტრირება, ეს დასჯადია. შეიძლება ვიღაცა გეი სულაც არ არის და არის ტრადიციული ორიენტაციის, მაგრამ თავში აზრად მოუვიდა და ცირკის წინ დადგა შიშველი. როგორ ფიქრობთ, ეს დაიშვება და ამაზე რეაგირება არ უნდა მოახდინონ სამართალდამცველებმა? ცხადია, მოახდენენ. შეიძლება სხვა თემაზე გადავდივარ, მაგრამ ამ ბოლო დროს მწვავედ დგება საკითხი, როცა ყოფილი ქმრები ან მოქმედი ქმრები ქალებს კლავენ. თან ძალიან დიდი სისასტიკით. მოდი და ყველამ მოვაწყოთ აღლუმი ამის წინააღმდეგ. რატომ არ არის ამაზე დიდი პროტესტი? ამისკენ კი არ მოვუწოდებ ადამიანებს, მაგრამ სერიოზული პროტესტის ფორმაა, როცა ყოველი მეორე, მესამე მართლმადიდებლის ოჯახი მარხულობს, ეზიარება და ქმარი ცოლს უბათქუნებს დღეში ხუთჯერ. ამაზე პროტეტსი რატომ არ არის? მართლმადიდებელი ქმრები რატომ ურტყამენ ცოლებს? რატომ კლავენ? ეს კანონი სწორედ იმაზეა, რომ ქალს ასე არ მოექცნენ და ძალადობის მსხვერპლი არ გახდეს თუნდაც განსხვავებული თმის ფერის გამო.


-მართლმადიდებელმა მრევლმა გამოთქვა შეშფოთება, რომ გამორიცხული არ არის, ამ კანონის მიღების შემდეგ ხელისუფლებამ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონოსო.


- ეს გამორიცხულია. არასოდეს ამ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინების დაშვება და ლეგალიზება არ მოხდება. არც ერთსქესიანთა მხრიდან ბავშვის შვილად აყვანა. ამას სახელმწიფო იურიდიულად არ დაუშვებს. საქართველოში ეს მიუღწეველია, თუკი ვინმე ასე ფიქრობს. ამას არც ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი. ეს საკითხი მთლიანად დამოკიდებულია სახელმწიფოზე და მის არჩევანზე. ჩვენი გადაწყვეტილებები ძალიან მკაფიოა. არსებობს კონსტიტუცია, სადაც წერია, რომ საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ კონკორდატს აქვს კონსტიტუციის ტოლფასი ძალა. ჩვენ ვაღიარებთ მართლმადიდებლური ეკლესიის როლს. მე თავად გახლავართ მართლმადიდებელი, მაგრამ როგორც სახელწმიფო მოხელე, ვალდებული ვარ, როცა ადამიანი განსხვავებულია, დავიცვა ჩაგვრისგან. თუ არჩევანის წინაშე დავდგები, მე მხარს არ დავუჭერ ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, დეპუტატის მანდატის დატოვებაც, რომ დამჭირდეს. ამას გავაკეთებ, არ არის პრობლემა. ადამიანები როგორც მოდიან პოლიტიკაში, ასევე მიდიან. მარადიული არაფერია. ნამდვილად არ ვარ სკამზე ჩაჭიდებული და ჩაფრენილი. მოვედი იმიტომ, რომ ბევრი საკითხია ჩვენს ქვეყანაში გადასაჭრელი. მოვედი იმათთან ერთად ვისაც ეს ქვეყანა ნამდვილად უყვარს და სტკივა. ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ კიდევ სერიოზული პრობლემებია, რომელიც უნდა გადაიჭრას.


სალომე გოგოხია

ptpress.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий