понедельник, 16 июня 2014 г.

ერაყს ნავთობისთვის რადიკალი ისლამისტები იპყრობენ.

ერაყში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ოფიციალურმა ბაღდადმა რამდენიმე დღეში დაკარგა კონტროლი ქალაქებზე - მოსულზე, ბაჯისა და ტიკრიტზე, ჯალავლასა და სადიიაზე. დღე-დღეზე მოსალოდნელია შეტევა ბაღდადზეც. ერაყის ხელისუფლება სასწრაფო დახმარებას ითხოვს.



ვინ ებრძვის და უპირებს დამხობას ერაყის დღევანდელ ხელისუფლებას? ეს არის რადიკალური ისლამური დაჯგუფება "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო" (IშIს), რომელიც 2006 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა და ერაყის 18 პროვინციიდან 8-ზე (ძირითადად, სუნიტებით დასახლებულზე) აცხადებს პრეტენზიას.
ამ რადიკალური ისლამური დაჯგუფების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანა "ალ-ქაიდამ", თუმცა, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს მათ შორის განხეთქილება მოხდა. საგულისხმოა, რომ ჯგუფს ""ალ-ქაიდა" და "თალიბანი" მათი უკიდურესად ექსტრემისტული და ბარბაროსული საბრძოლო მეთოდიკის და ულტრარადიკალური იდეოლოგიის გამო გაემიჯნენ(!). დღეს "ერაყისა და ლევანტის (იმავე სირიის) ისლამური სახელმწიფო", ფაქტობრივად, დამოუკიდებელი შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომლის შემადგენლობაში დაახლოებით 12 ათასი მებრძოლია.

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ამ დაჯგუფებამ 10 ივნისს დაიპყრო და აქედან უკანმოუხედავად გააქცია ერაყელი სამხედროები და ქალაქის ხელისუფლება. მოსულის აღების შემდეგ ისლამის მებრძოლებს ალაფის სახით დარჩათ ათობით შეჯავშნული "ჰამერი", რომელიც ამერიკელებმა გასვლისას დაუტოვეს ერაყის მთავრობას. თუმცა უფრო მნიშვნელოვანია ის 430 მლნ დოლარი, რაც ისლამისტებმა მოსულის ბანკებში აღმოაჩინეს. ამხელა ნაღდი ფულის ხელში ჩაგდებით მათ კარგა ხანს არ ექნებათ ფინანსური პრობლემები.

ისლამისტები შეჩერებას არ აპირებენ და დაგეგმილი აქვთ იერიში ერაყის დედაქალაქ ბაღდადზე, სადაც შიიტი პრემიერ-მინისტრის - ნური ალ-მალიკის ხელისუფლება ზის, რომელიც სუნიტი ისლამისტების მოსისხლე მტერია. თუმცა, ბაღდადამდე მათ კიდევ ერთი დიდი და ისტორიულად მნიშვნელოვანი ქალაქის - სამარას ხელში ჩაგდებაც მოუწევთ, რასაც ამ დროისათვის (14 ივნისს, სტატიის დაწერის თარიღი) ვერ ახერხებენ.

შეიძლება ითქვას, არსებული არეულობით ყველაზე მეტად ქურთისტანის ავტონომიურმა რეგიონმა იხეირა. "პეშმერგა", ქურთების ელიტური სამხედრო დანაყოფი ისლამისტების მიერ მიტოვებულ ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკს დაეპატრონა და მისი კონტროლის ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადაცემას არ აპირებს. აღსანიშნავია, რომ კირკუკი ქურთების ისტორიული დედაქალაქია და კარგა ხანი იყო საჯილდაო ქვა ოფიციალურ ბაღდადსა და ერბილს (ქურთების ავტონომიური რეგიონის ცენტრი) შორის.

ერაყის ხელისუფლებამ აშშ-ის ხელისუფლებას სასწრაფო სამხედრო დახმარება სთხოვა. შეშფოთებული არიან თეთრ სახლშიც, რადგან 7-წლიანი ომით თავიანთი გავლენის ქვეშ მოქცეული ერაყი შეიძლება რამდენიმე დღეში ისე დაკარგონ, ამ ქვეყანაში ფეხიც ვეღარასდროს ჩადგან.
დაუჯერებელია, მაგრამ ერაყში შექმნილმა კრიზისმა გუშინდელი მოსისხლე მტრები - აშშ და ირანი, დღეს შეიძლება მოკავშირეებად აქციოს.

სანამ ვაშინგტონში მსჯელობენ, ოფიციალურმა თეირანმა ბაღდადს უკვე შესთავაზა სამხედრო დახმარება სუნიტი რადიკალების მოსაგერიებლად.
ერაყის ხელისუფლებას კიდევ ერთი მოკავშირე გამოუჩნდა თურქეთის სახით. ქ. მოსულში რადიკალურმა ისლამისტებმა თურქეთის დიპლომატები, მათ შორის - თურქი კონსული დაატყვევეს, რამაც ოფიციალური ანკარის გაღიზიანება გამოიწვია.

რისი იმედი აქვს "ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფებას ან რა ძალა დგას მის უკან, რომ ამდენი ისლამური სახელმწიფოს გადაკიდების არ ეშინია?

შესაძლოა, მათ ზურგს უმაგრებდეს საუდის არაბეთი, რომლის ხელისუფლებას ხელს არ აძლევს ერაყში ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის ზრდა. 2014 წლის თებერვლიდან ერაყი დღე-ღამეში 3,4 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებს. ერაყელებმა ყოველდღიურად 2,9 მლნ ბარელი ნავთობი რომ გაყიდონ, დაახლოებით 100 მლნ დოლარის მოგებას მიიღებენ. ერაყის მთავრობას უნდა, 2020 წლისთვის ნავთობის მოპოვების დღე-ღამის ნორმა 9 მლნ ბარელამდე გაზარდოს, რაც ბუნებრივია, დასცემს ნავთობის ფასს მსოფლიო ბაზარზე, ეს კი ხელს არ აძლევს საუდის არაბეთს, რომელსაც სურს, შეინარჩუნოს დღევანდელი ფასი - დაახლოებით 100 დოლარი ერთ ბარელზე.
ამ შემთხვევაში საუდის არაბეთის თანამოაზრე ხდება რუსეთი, რომლისთვისაც ნავთობის ფასის დაცემა ეკონომიკური კატასტროფა იქნება, ამიტომ შეიძლება მოსკოვში ელ-რიადზე არანაკლებ სურდეთ ერაყში დაძაბულობის გამწვავება, რათა ამ ქვეყანამ ვერ შეძლოს ნავთობის მოპოვებისა და ექსპლუატაციის ტემპის გაზრდა.
როგორც ხედავთ, მიმდინარეობს ძალზე ჩახლართული პოლიტიკური თამაში და უახლოეს დღეებში, ალბათ, გამოჩნდება, ვინ გაიმარჯვებს...


ირაკლი ალადაშვილი


16-06-2014

kvirispalitra.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий