четверг, 19 июня 2014 г.

"პირველი მერცხლის" დაუჯერებელი თავგადასავალი. რეჟისორი ნანა მჭედლიძე.

ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე.სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იმავე ინსტიტუტში აგრძელებს სწავლას, ოღონდ ამჯერად რეჟისურის განხრით, რომელსაც 1957 წელს ასრულებს.

მისი პირველი ნამუშევარი გახლდათ კინო ნოველა სახელწოდებით "ჩქარი მატარებელი," რომელიც მან სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა. 1950-54 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში. ნანა მჭედლიძემ გადაიღო ისეთი შესანიშნავი ქართული ფილმები, როგორებიცაა: "პირველი მერცხალი", "იმერული ესკიზები", "დანაშაული მოხდა", "ვიღაცას ავტობუსსზე აგვიანდება" და სხვა. ნანა მჭედლიძემ, დაუვიწყარი კინოროლები შექმნა რამდენიმე ქართულ ფილმში.



"პირველი მერცხლის" დაუჯერებელი თავგადასავალი



ნანა მჭედლიძე: "დოდომ მითხრა, კარგი, გადაიღე, მაგრამ სისულელეაო’’



ფილმი: "პირველი მერცხალი"

დამდგმელი რეჟისორი: ნანა მჭედლიძე

სცენარის ავტორები: ლევან ჭელიძე, ნანა მჭედლიძე

დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე

კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე



მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე (იასონი), ვახტანგ ნადარაია (ხვიჩა), იპოლიტე ხვიჩია (ვარლამი), გურამ ლორთქიფანიძე (ბეჟანი), დიმიტრი ჯაიანი (ნური), ანზორ ხერხაძე (ვახტანგი), ამირან ქადეიშვილი (ჭოლა), თემურ თავაძე (ივანე), გოჩა მჭედლიძე (იოსები), ზაურ შილაკაძე (ჯემალი), იესე მეგრელიძე (ჭიჭიკო), მიხეილ კინწურაშვილი (ღუტუ), ჯუმბერ ჟვანია (ბარდღა), გიგლა ფირცხალავა, გურამ ფირცხალავა, ვასილ ჩხაიძე, ბაადურ წულაძე, გულჩინა დადიანი, დუდუხანა წეროძე...

სიუჟეტი: ფილმი საქართველოში პიონერ ფეხბურთელებზე, ფეხბურთის პირველ მერცხლებზე მოგვითხრობს. იასონი ფოთში საფეხბურთო გუნდს აყალიბებს. სენაკელებთან და თურქ მეზღვაურებთან გამარჯვების შემდეგ ინგლისელ მეზღვაურებს ხვდებიან, სასტიკად მარცხდებიან, მაგრამ იმედგაცრუების, თანამოქალაქეთაგან დაცინვის, ოჯახის წევრებისგან წინააღმდეგობისა და სიდუხჭირის მიუხედავად, თამაშს აგრძელებენ...


კინოკომედია "პირველი მერცხალი" ქართველებისთვის მეტად მგრძნობიარე თემას, ფეხბურთს ეძღვნება. ამიტომაც ყველა დროში აქტუალურია. თანაც მასში გენიალური ქართველი მსახიობები არიან დაკავებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ ბორის პაიჭაძეზე. არადა უფინალო სცენარით დაწყებული ფილმის გადაღებას ბევრი სკეპტიკურად უყურებდა, მათ შორის – მსახიობებიც. ნანა მჭედლიძემ შეუძლებელი შეძლო, შედეგად კი ფილმს დიდი აღიარება ხვდა წილად: 1975 წელს მას ორი პრიზი ერგო თეირანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ერთი – საუკეთესო რეჟისურისათვის და მეორე – დოდო აბაშიძეს მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისათვის. 1977 წელს კი ობერჰაუზენის სპორტული ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრისა და "ფიპრესის" პრიზის მფლობელიც გახდა.




სცენარი ფინალის გარეშე

 რეჟისორი ნანა მჭედლიძე: 


– ლევან ჭელიძე დარწმუნებული იყო, რომ ფილმს კარგად გავაკეთებდი, რადგან ფეხბურთი ძალიან მიყვარდა. ამაში ეჭვი არც რეზო ჩხეიძეს (ცნობილი რეჟისორი, კინოსტუდიის მაშინდელი დირექტორი. – ავტ.) ეპარებოდა, სხვები კი, როცა ქუჩაში მხვდებოდნენ, სიცილით მეუბნებოდნენ, რა იყო, ნანა, კაცი არ მოინახა, ფეხბურთზე ქალი რომ იღებ ფილმსო. კარგი სცენარი იყო, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა – ფინალი არ იყო სცენარში. რეზოს წინ ედო ქაღალდი, რომ ხელი მოეწერა ფილმის ჩაშვებაზე. ამ დროს კი მითხრა, ნანა, სცენარს ფინალი არ აქვს და ასეთი ფილმის ჩაშვებას ხელი როგორ მოვაწერო, მომიყევი მაინც, რა იქნებაო. მე განწყობის ადამიანი ვარ, ხან შემიძლია მოყოლა, ხან არა. როგორღაც მოვუყევი. რეზომ მითხრა, კი, შეიძლებაო და მოაწერა ხელი.

მსახიობები ყველა კუთხიდან

– როცა ფილმის გადაღება გადავწყვიტე, მთავარ როლზე დოდო აბაშიძე მოვიაზრე, მაგრამ იმ პერიოდში დაკავებული იყო, სხვა ფილმში იღებდნენ. მერე ისე მოხდა, რომ რაღაც ისე არ გამოუვიდათ, როგორც უნდოდათ და დოდომ მოიცალა. რაც შეეხება სხვებს, რატომღაც იდეა მომივიდა, რომ ფილმში საქართველოს ყველა კუთხის მსახიობს ეთამაშა და მართლაც არტისტები მთელ საქართველოში შევკრიბე. ამან გაამართლა, რადგან შემდეგ ფილმმა პოლიტიკური დატვირთვა მიიღო.

ინგლისელებს რომ თამაშობენ, სინამდვილეში ამერიკელი ბიჭები არიან, 20–21 წლის სტუდენტები. ღმერთმა გადმოგვხედა იმით, რომ ფოთში ერთი დღე უნდა ყოფილიყვნენ და ერთი თვე დარჩნენ, თაგვი გაჩენილა გემში და გაწმენდა დასჭირდა. ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ.



კომედია თუ დრამა

– თავიდან მსახიობებმა თქვეს, ფილმი კომედიააო და დაიწყეს კომედიის თამაში – პამპულობა, თვალების პრაწვა. გადავირიე! შევკრიბე და ვუთხარი, გადავიფიქრე, კომედიას არ ვდგამ ან რა გვაქვს საკომედიო, დამოუკიდებლობა ჩვენ არ გვაქვს და ფული, ჩვენს მარგანეცს სხვა ეზიდება, დრამას ვიღებ–მეთქი. მართლაც ისე სერიოზულად დაიწყეს თამაში, რომ ერთმანეთს ცხვირ–პირი დაალეწეს. მერე, როცა ერთად ვნახეთ ფილმი, ერთ–ერთმა მსახიობმა მითხრა, ქალბატონო ნანა, ჩვენ რომ ფილმს ვიღებდით, ვტიროდით და მაყურებელი რომ იცინის, თუ არის სწორიო.

დოდო ნანას წინააღმდეგ

– დოდო აბაშიძე ბუნებით ატამანი იყო და მთელ გუნდს იყოლიებდა. მართალია, რასაც ვეტყოდი, უსიტყვოდ ასრულებდნენ, მაგრამ საწინააღმდეგოს ფიქრობდნენ. ფინალის გადაღებას ტექნიკურად დიდი მომზადება უნდოდა. ფოთში უკაცრიელ ადგილას ვიღებდით. როგორც იქნა, აპარატურა მივიტანეთ. ჩემი ერთი მხატვარი ბუზღუნებდა, დოდოს რაღაცეებს ეუბნებოდა. არადა დოდოს კიდევ გადარევა უნდოდა?! მითხრა, რა არის, ნანა, რომ გამოგვიყვანე ამდენი ხალხი ამ უკაცრიელ ადგილას და გიჟებივით გვამღერებო. ვუთხარი, დოდო, რომ არ გადავიღო, დამიჭერენ, კარგად იცი, რა ხარჯებია, თუ კარგი არ გამოვა, არ ჩავსვამ და ის იქნება–მეთქი. კარგი, გადაიღე, მაგრამ სისულელეაო, მითხრა.

გურამ ლორთქიფანიძეს ვუთხარი, იმღერე–მეთქი. დაიწყო სიმღერა. დოდო იჯდა. ადგა, მივიდა, გაწია გურამი და თქვა, მე ვიმღერებო. ასე გადავიღე ფინალი. ფილმი რომ ვნახეთ, დოდოს ვკითხე, დოდო, შენთვის რომ დამეჯერებინა, რა მოხდებოდა–მეთქი. დავიღუპებოდითო, მიპასუხა.

ბაადურ წულაძის მოგზაურობანი

 მსახიობი და რეჟისორი

ბაადურ წულაძე:


– ის იყო, "ფეოლაზე" მუშაობა დავამთავრე, რომ ჩემთან ლევან ჭელიძე მოვიდა და მითხრა, სცენარი მაქვს საქართველოში პირველ ფეხბურთზეო. ვუთხარი, ვიცი, რომ კარგი სცენარი იქნება, მაგრამ ორი ფილმი ზედიზედ ფეხბურთზე ჩემთვის მოსაბეზრებელი იქნება–მეთქი. ერთ მშვენიერ დღეს კი ნანამ ამ სცენარიდან პატარა, მაგრამ საინტერესო როლი შემომთავაზა – პერსონაჟის, რომელსაც პატარა კაბარე აქვს და იქ წამყვანად მუშაობს. დავთანხმდი.

სანამ ფოთში წავიდოდი, ვლადიმირში უნდა ჩავსულიყავი – პანფილოვი იღებდა ფილმს. მითხრა, ქართველების ქორწილს ვიღებ და რამენაირად ერთი–ორი ბიჭი ჩამომიყვანეო. ამ სიტუაციაში მომივიდა დეპეშა, ფოთში გადაღებაზე გამოცხადდიო. რეზოს ვუთხარი, გადადეთ ჩემი სიუჟეტის გადაღება, კაცს სიტყვა მივეცი–მეთქი. არაო. დავურეკე პანფილოვს, ასე და ასეა ჩემი საქმე, მაგრამ ბიჭებს ვუშვებ–მეთქი. მე კი წავედი ფოთში.


დილაადრიან მივედი სასტუმროში. ნანამ მითხრა, ბაადურ, რამ ჩამოგიყვანა, შენი ობიექტი ჯერ არ არის მზადო. ვუთხარი, ამას ახლა მეუბნები, ყველა რომ შევაწუხე, ჯანდაბას, ახლა ის მითხარი, ზუსტად როდის ჩამოვიდე–მეთქი. სამ დღეში დაგვჭირდებიო. შევპირდი, რომ დროზე იქ ვიქნებოდი და გავვარდი აეროპორტში. ჯერ სოხუმში გავფრინდი, მერე – მოსკოვში, იქიდან კი "ელექტრიჩკით" ჩავედი ვლადიმირში.

გადავიღეთ, რაც საჭირო იყო. მითხრეს, ცოტა ხანი დარჩი, დაისვენეო. თავი გავიგიჟე, რას ამბობთ, გადაღებაზე მაგვიანდება–მეთქი. ბილეთი ამიღეს და მოსკოვამდე ტაქსით გამომიშვეს. აეროპორტში მითხრეს, თქვენი ბილეთი სოხუმამდე გაყიდულია, მაგრამ 12 საათზე სოჭის რეისი მიფრინავს და თუ უცხოელების ჯგუფმა უარი თქვა, პირველს თქვენ დაგაკმაყოფილებთო. მივედი 12–ზე და არ არიან უცხოელები. ისაა, უნდა შევიდე კონტროლზე, რომ ატყდა ჩოჩქოლი – თურმე ეს ტურისტები გამოჩნდნენ და სხვებს არ უშვებდნენ. ვფიქრობდი, ახლა მე რომ მივიდე, როგორც ქართველი, არაფერი გამოვა–მეთქი. ჰოდა, მოვკიდე რუსებს ხელი, ვითომ მე არაფერ შუაში ვიყავი და დავიწყე დემაგოგია, ეს მშრომელი ხალხი დასასვენებლად მიდის სოჭში და ეს რა ხდება–მეთქი. იმდენი ვიდემაგოგე, რომ დისპეტჩერი ქალი ატირდა. ბოლოს კი პატარა თვითმფრინავი დიდით შეცვალეს და ყველანი გაგვიშვეს.

ჩავედი ადლერში. რკინიგზის სადგურზე უამრავი ხალხი დამხვდა – ბილეთები არ არის, მაგრამ მატარებელი რომ მოვა, იქნებ გამცილებელს ჰქონდეს რამეო. მერე გაირკვა, რომ თურმე ეს ხალხი "პლაცკარტს" ელოდებოდა, თორემ კუპე სულ თავისუფალი იყო. ჩავედი სოხუმამდე, იქიდან კი "კუკურუზნიკით" ფოთში გადავფრინდი. სასტუმროს წინ დოდო აბაშიძე, გურამ ლორთქიფანიძე და გურამ ფირცხალავა დამხვდნენ. რომ მნახეს, სიცილი ატეხეს, რაზე ჩამოხვედი, ობიექტი ჯერ არ არის მზადო. ვუთხარი, გადაეცით ნანას, რომ ბათუმის პლაჟზე ვიქნები და როცა დავჭირდები, დამიძახოს–მეთქი. ერთ თვეში გამომიძახეს.

დახვეწილი ფრანგული

– ფილმში ფრანგულად ვლაპარაკობ. რა თქმა უნდა, გაახმოვანეს. ჩემი ნათესავი, სერგო წულაძე, ცნობილი პიროვნება იყო, სორბონის უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. იმან გაახმოვანა დახვეწილი ფრანგულით. ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად და როცა უცხოელები ჩამოდიოდნენ, ხშირად აჩვენებდნენ. ერთხელაც საფრანგეთიდან ჩამოვიდა დელეგაცია და ფილმის ჩვენების შემდეგ სადღაც საქეიფოდ წავედით. მითხრეს, უამრავი ფილმი ვნახეთ, მაგრამ თქვენ რომ დახვეწილი ფრანგულით საუბრობთ, ასეთი სხვა არ შეგვხვედრიაო.

გუნდი–ლეგენდა

მსახიობი დიმიტრი ჯაიანი:


– "პირველი მერცხლის" მიმართ მონატრების შეგრძნება მაქვს. მას მერე სხვა ფილმებშიც ვითამაშე, მაგრამ ეს იყო რაღაც სხვა. ცოტათი წააგავდა მანაგაძის გუნდს, როცა იღებდა ფილმს "ანგელოზების გადაფრენა". შოთა საქართველოს სინდის–ნამუსი იყო. კინოსტუდიაში რომ გამოჩნდებოდა, უნდა გენახათ, როგორი რიდი ჰქონდა ყველას. მასაც ვეუბნებოდი, რომ მისი ჯგუფი "პირველი მერცხლის" გუნდს წააგავდა.

საკმაოდ დიდი ჯგუფი წავედით ფოთში გადასაღებად. სასტუმრო "ფაზისში" ვცხოვრობდით. უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის: დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, გურამ ლორთქიფანიძე, ვასილ ჩხაიძე, ვასიკო ნადარაია, ჯუმბერ ჟვანია, თემურ თავაძე, ტარას ხორავა, გიგლა ფირცხალავა... ფილმის კონსულტანტი იყო ქართული ფეხბურთის ლეგენდა დავით პაიჭაძე. ცოცხლები დავრჩით: ანზორ ხერხაძე – სახალხო არტისტია, ვარსკვლავი გაუხსნეს ქუთაისში; ამირან ქადეიშვილი – ოზურგეთში გაუხსნეს ვარსკვლავი; იესე მეგრელიძე – აფხაზეთის ომის მერე დამეკარგა, მგონი, მოსკოვში ცხოვრობს; ზურაბ შილაკაძეც მოსკოვშია, გოჩა მჭედლიძე თბილისელია, ია ნინიძე – ყველამ იცით; გურამ ფირცხალავა – პატარა როლს თამაშობს, მაგრამ სახასიათოს, მიშა კინწურაშვილი და მე.

ისეთი ჯგუფი იყო, ლეგენდები დადიოდა! ერთ დღეს კინოსტუდიაში მომიწია მისვლა. ბატონმა რეზომ (ჩხეიძე. – ავტ.) მიცნო და მკითხა, რა ხდება ფოთშიო. რა ხდება–მეთქი, კითხვა შევუბრუნე. რა ვიცი, ლეგენდები დადისო. სადაც დოდო, გიგლა ფიცხალავა და ლორთქია (გურამ ლორთქიფანიძე. – ავტ.) იყვნენ, სხვანაირად არც იქნებოდა. გიგლა სენაკიდან, ნოსირიდან იყო და ისეთ ამბებს ყვებოდა ხოლმე, გადაღებები გვეშლებოდა. ნანა ყვიროდა, დროზე, თქვე უსინდისოებო, ჩავიდა მზე, დროზე, დროზეო.




დიდი დოდო

– ერთმანეთის გარეშე არსად მივდიოდით, პურს არ ვჭამდით. ჯგუფში ყოველთვის რაღაც ინტრიგაა, ვიღაცა ვიღაცას ეჩხუბება, იქ კი ასეთი რამ არ მახსოვს. დოდომ ეს ჯგუფი ისე შეკრა, რომ თვითონაც უხაროდა. წაგვიყვანდა ბიჭებს ზღვაზე და გვეხვეწებოდა, ზურგზე შემადექითო. შევადგებოდით ფეხებით და მასაჟს ვუკეთებდით. ჩემთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ბიძაჩემის უახლოესი ძმაკაცი იყო. მერე ბიძაჩემი აფხაზეთის ომში დაიღუპა – მიშა ადამია, მეტსახელად გუძღუბა. დოდო მეტყოდა: "ბიჭო, როგორ მყავს გუძღუბა, არ წავიდეთ გაგრაში?".

ერთხელ მთელი გადამღები ჯგუფი წავედით გაგრაში და მაგრად ვიქეიფეთ. სენაკშიც ვიყავით მეორე ბიძასთან, ყვაყვა ადამიასთან. რესტორანი დაიკეტა და დოდომ ითამადა. დილის 11 საათიდან საღამოს 8 საათამდე თამადობდა. ეს იყო ფეიერვერკი! ერთხელ ნანას უთხრა, სულ მე რომ მათამადებ, შენ ხარ ფილმის რეჟისორი და შენ ითამადეო. ნანამ უპასუხა, სადაც შენ ხარ, მე იქ რა მათამადებსო.

გადაღება გვქონდა იპოდრომზე. ასეთი სცენა იყო – დოდო უნდა წამომდგარიყო და ეთქვა, ეჰ, დავიწყოთ ვარჯიშიო. ნანამ დაიძახა: "მოტორ!". დოდო არ ადგა. რა იყო, დოდო, რა ხდებაო, ვკითხეთ. მაპატიეთ, ბიჭებო, დედა მომენატრაო, ბოდიში მოგვიხადა. როგორც იყო, ისე ჩაჯდა თავის ცნობილ "მერსედესში" და თბილისში წავიდა დედის სანახავად. დედამისს აკოცა და მეორე დილით დაბრუნდა გადაღებაზე. საოცრად გულჩვილი იყო. უნდა გენახათ, როგორ ეპყრობოდა ლაურა ვართანიანს – დოდოს გმირს რომ უყვარდება ფილმში. დოდოს გვერდით ახალგაზრდებმა ქალისადმი დამოკიდებულება, რაინდობა, კაცობა ვისწავლეთ. შეიძლება იმ დონის რაინდები ვერ გამოვედით, მაგრამ ცხოვრებაში არაფერი შეგვშლია. ღალატი ხომ, გამორიცხულია, ამათგან რომელიმეს ჩაედინა.

მერე, დოდო რომ ავად იყო, ჩემმა ბიძებმა მთხოვეს, დოდოს "კირპიჩნი" ყველი უყვარს და წაუღეო. ასე ეძახიან აგურის ფორმის კამეჩის ჭყინტ ყველს სენაკში. თურმე უკანასკნელ დღეებს ითვლიდა... უთხრა, ყველი შემოიტანეთ, მაგრამ დიმამ არ მნახოსო. აქაც მიშველა. ის რომ ისეთ დღეში მენახა, გული გამისკდებოდა!



ბიძია იპოლიტე



– იპოლიტე ხვიჩია ლუქსში ცხოვრობდა თავისი ოჯახით. ერთ დღეს, სანამ გადაღებაზე გავიდოდით, ეზოში მყოფ ახალგაზრდა მსახიობებს ხელით გვანიშნა, ამოდითო. ავედით. საჭმელი და ხილი დაგვხვდა მაგიდაზე. გვითხრა, საჭმელი ბევრი არ ჭამოთ, გადაღების წინ არ არის სასურველი, ხილს კი მიეძალეთო. ვკითხე, ბატონო იპოლიტე, მარტო ჩვენ რატომ–მეთქი. ბატონს ნუ მეძახი, ბიძია დამიძახე, თქვენ ხართ გაჭირვებულები, თქვე უბედურებო, აბა, დოდოს რად უნდა აქ დაძახება, თავისი ფული აქვსო. მას მერე თითქმის ყოველდღე იგივე ხდებოდა.

იპოლიტეს ნარდში ვინმე თუ მოუგებდა, ნარდს ამტვრევდა. მართლა კარგად თამაშობდა, მაგრამ დოდო რისი დოდო იყო, რამე რომ არ მოეფიქრებინა – მეგობრებს მაგნიტიანი კამათელი შეუკვეთა. თამაშის დროს ცვლიდა კამათლებს და როცა დუშაში უნდოდა, ზედიზედ დუშაშს აჯენდა. 40 ნარდი დაიმტვრა ფოთში! როცა დოდო და იპოლიტე სათამაშოდ დასხდებოდნენ, ყველამ ვიცოდით, რომ კონცერტი იწყებოდა, არ იცოდა მხოლოდ იპოლიტემ. მოუგებდა დოდო ერთ ხელს, დაამტვრევდა იპოლიტე ნარდს. მოვიტანდით სხვას, ისევ დაამტვრევდა. გავიგეთ, სად იყიდებოდა და ვყიდულობდით. ბოლოს გაუმხილეს. ჰაიტ, თქვე მაიმუნებო, კაი, ესენი "ჟულიკები" არიან, მაგრამ თქვენ, ახალგაზრდებმა, რატომ არ მითხარითო.

ყველას ჰგონია, რომ იპოლიტე ისეთივე იყო ცხოვრებაშიც, როგორიც კინოშია, ამ დროს კი უსერიოზულესი ადამიანი გახლდათ. და იცით, რატომ არის ყველა როლში კარგი? სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერს სერიოზულად, გულით აკეთებდა. ნათქვამი აქვს, რეჟისორებმა ჩემთან მიმართებაში დიდი შეცდომა დაუშვეს, მე ოტელოც ვარ და ოიდიპოს მეფეცო. ამას ბატონ გიგას (რეჟიორი გიგა ლორთქიფანიძე. – ავტ.) რომ ვეუბნები, სიცილით კვდება, ჩემმა მტერმა ნახა იპოლიტე ოიდიპოსშიო, მაგრამ თავად სჯეროდა, რომ დრამატული მსახიობი იყო. ამიტომაც თამაშობდა დრამატულად, რაც უკურეაქციას იწვევდა და გამოდიოდა გენიალური.


 განუმეორებელი ლორთქია 

– ფილმში იყო ასეთი ეპიზოდი: ლორთქიას უნდა მიეღო ბურთი. მე უნდა გამოვქცეულიყავი, პასი, პასი–მეთქი, დამეძახა და ჩემთვის უნდა გადმოეცა. ბატონი ბორია (პაიჭაძე. – ავტ.) იქვე იდგა და მან შეუგდო ბურთი. ველოდებოდი, მაგრამ ლორთქიამ ბურთი არ მომცა. ნანამ დაიძახა: "სტოპ!". ლორთქიას უთხრა, რას შვრები, რატომ არ აძლევ ბურთსო. რას ამბობ, პაიჭაძემ პასი მომცა და იმას ჯაიანს როგორ მივცემო.

ან რეებს უკეთებდა ვასილ ჩხაიძეს. ვიღაც გოგონებს ეხვეწა, რომ მასთან შესულიყვნენ. შევიდნენ და უთხრეს, ბატონო ვასილ, როგორ გვიყვარხართო. მერე ჩვენ გვეუბნებოდა, არა, ფოთიდან უნდა წავიდე, ვიღაც გოგოები გიჟდებიან ჩემზეო. ლორთქია იყო კაცი, რომელსაც სიცოცხლე შეჰქონდა ყველგან. დოდო და ლორთქია ერთმანეთს ავსებდნენ, როგორც იმ ფილმში "არაჩვეულებრივი გამოფენა".

დოდოს ბიუსტი რომ დგას სასტუმრო "საქართველოს" გვერდით, ბერძენას (მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი. – ავტ.) გაკეთებულია. ერთ დღეს ლორთქიამ დამირეკა, დოდოს დაბადების დღეა და შენ და ამირან ქადეიშვილი ყვავილებით მოდითო. მივედით. თურმე ამას კორესპონდენტი დაუბარებია. გადაგვიღეს სურათები, ჩაიწერეს ინტერვიუები. ერთი თვის შემდეგ ლორთქია გარდაიცვალა.



მონადირებული "ტახი"

– ლორთქია ნადირობის მოყვარულ ფეხბურთელს თამაშობს ფილმში. ალბათ გახსოვთ, როცა ბიჭებს კრებს დოდო, ლორთქია ძაღლით მოდის. ფილმის დირექტორი მერაბ ბერიძე გახლდათ. ასეთი ეპიზოდი იყო, რაც ფილმში არ შევიდა: ლორთქიას მოჰყავს გარეული ტახი დაჭრილი და მერე დოდო კლავს. დოდოს უნახავს, რომ ტახი საბუთებში საკმაოდ ძვირად, 500 მანეთად იყო შეფასებული. დირექტორზე ნაწყენი იყო, ფულს საკმარისად არ ხარჯავს, ბიჭებს კარგი ჭამა უნდათო. ვიღაცის ეზოში უშველებელი ღორი ნახა და 10 წუთით სთხოვა პატრონს. აიღო გუდრონი, შეღება, დაუყენა ჯაგარი, დაამგვანა ტახს და მოიყვანა გადაღებაზე. ასეთი კადრია: უნდა წამოაქციოს დოდომ ტახი და აიღოს ხანჯალი. მერე "სტოპ კადრი" მოდიოდა და შემდეგ უნდა გამოჩენილიყო კადრები, რესტორანში როგორ შემოაქვთ ამ დაკლული ტახის მწვადები.

დოდომ ნანას უთხრა, რა არის ეს ხანჯალი, ბუტაფორიულს ჰგავს, რაიმე კარგი მომეცი, ტახს რომ წამოვაქცევ, იმის შესაფერისი იყოსო. მისცეს ორლესური დიდი ხანჯალი. დაიწყო გადაღება, წამოაქცია დოდომ ღორი და დაიძახა ნანამ: "სტოპ!". მაგრამ დოდომ გლიჯა ღორს გულში ხანჯალი. იქვე იდგა მისი პატრონი და შემოირტყა თავში ხელი, შეყარა მთელი ფოთი. რას იზამდნენ, გადაუხადეს ფული. ჩვენ კი გავატყავეთ, წავიღეთ რესტორანში, შეაგდეს მაცივარში და ორი კვირა ვქეიფობდით იმის მწვადებზე.

20 ათასიანი საჩუქარი

– დოდოს ყველა და ყველგან პატივს სცემდნენ. იყო ასეთი ექიმი, ალიკა გაჩეჩილაძე, რომელიც კიბოს წამალზე მუშაობდა და კუნძულზე ცხოვრობდა ფოთში. მან მოინდომა ჩვენი დაპატიჟება. ბორანით გადავედით კუნძულზე. პურმარილი გაიშალა. კედელზე ეკიდა ვინჩესტერი. ანზორ ხერხაძემ იცოდა ცუდი ხუმრობა და ალიკას უთხრა, ვინჩესტერი მაჩუქეო. ალიკამ ჩამოხსნა და მისცა. დოდო უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. ანზორი, რა თქმა უნდა, არ წაიღებდა, მაგრამ დოდომ დაასწრო, ახლავე დაკიდე თავის ადგილზეო. ანზორი თავს იმართლებდა, ვიხუმრეო. რომ ვბრუნდებოდით, ვაშაყირებდი, ბორანზე უკან არ დაჯდე, დოდომ არ ჩაგაგდოს–მეთქი. მერეც იხსენებდა დოდო, ეს რა მიქნა ანზორმა, 20 ათასიან ვინჩესტერზე თქვა, მაჩუქეო.

გულჩინა დადიანი – უფროსი და

– არ შეიძლება არ ვახსენო ერთი გენიალური ქალბატონი, გულჩინა დადიანი. ის ჩვენი უფროსი და იყო. გვეუბნებოდა, დას ნუ მეძახით, ჩემი შვილები ხართო, მაგრამ დოდო ეძახდა დას და ჩვენც ასე მივმართავდით. იცით, როგორ გვივლიდა და გვეპყრობოდა? ისე, როგორც დოდოს – მისი და მისი მეუღლის უახლოეს ძმაკაცს. არადა მე მაშინ ვინ ვიყავი, არავინ. მხოლოდ ორი როლი მქონდა ნათამაშევი, არაფერს წარმოვადგენდი. საჭმელს გვიკეთებდა, გვირეცხავდა, საცვლებსაც კი. გაქათქათებულები გავდიოდით ქალაქში, თვითონ წინ მიგვიძღოდა. საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა. მე და გულჩინა რომ დავიწყებდით მეგრულად ლაპარაკს, დოდო გიჟდებოდა, გვეუბნებოდა, გასაგებ ენაზე ილაპარაკეთო.

პაიჭაძის ნანინა

– არავინ დაიჯეროს, რომ ფილმში დუბლიორები გვყავს. საკუთარი ფეხების გარეშე თქვენი გმირები დამაჯერებელი არ იქნებიანო და მოგვკლა ბორის პაიჭაძემ ვარჯიშით, 20–20 კილო დავიკელით. სამი თვე ჩვენთან ერთად იყო. ჩავიკეტებოდით ერთად ოთახში და ფეხბურთის მატჩებს ვარჩევდით. ამის გამო რამდენჯერმე კადრიც გაგვიფუჭდა. ფოთელები რომ იგებდნენ, ბორისი იქ იყო, პირდაპირ კადრში შემოდიოდნენ. მერე ნანა ყვიროდა, კადრში ვიღაც უცხო ჩანსო.

სტადიონი თბილისში ჩვენი ფილმის ჩვენებით გაიხსნა. ბიჭები გაგიჟებულები იყვნენ – ბორიას ყველას სახელი და გვარი ახსოვდა. ცოტა უხიაგო სიმთვრალე ჰქონდა. დოდო იტყოდა, ამას არ დავალევინოთ, მაგრამ თუ დავალევინებთ, ამან იცის სიმღერის დაწყება – ნანინა, შენი დედა... და აი, იქ უნდა შეწყდეს სმაო. მაგრამ ჩვენ საქმე აქამდე არ მიგვიყვანია.

ჰაშიშიანი ამერიკელები

– ინგლისელებს რომ თამაშობენ, ისინი ფილმში შემთხვევით მოხვდნენ. ფოთის პორტს მოადგა ამერიკელების გემი, ვიღაც მილიონრების შვილები იყვნენ და ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ სასტუმროში. მთელი კაგებე მათ დასდევდა. ჰაშიშს ეწეოდნენ ჩიბუხით და მთელ ფოთში ჰაშიშის სუნი იდგა. ბონის მაღაზიაში შევიდოდნენ, ლუდს, ვისკის იყიდდნენ და ჩვენთან ერთად სვამდნენ. ნანას მოეწონა ისინი და ფილმში გადაღება შესთავაზა. დათანხმდნენ. მართალია, მორაგბეები იყვნენ და ცოტა შორს იდგნენ ფეხბურთისგან, მაგრამ ნანას ტიპაჟები სჭირდებოდა და კარგად გამოიყენა.

დაკარგული ჯინსები

– გადაღებები იპოდრომზე გვქონდა, რომელიც შემოღობილი იყო. თურმე ამერიკელებმა კოსტიუმები რომ ჩაიცვეს, ტანსაცმელი ღობეზე გადაკიდეს. გადაღებას რომ მორჩნენ, ჯინსები აღარ დახვდათ. ფოთის მთელი კაგებე იმ დახეულ ჯინსებს ეძებდა. ვერ იპოვეს და დოდოსთან მივიდნენ. ერთ–ერთმა, ტომმა, იკითხა, რა უნდათო. რომ გაიგო, დახეულ ჯინსებს ეძებდნენ, გადაირია, ვინ მოიპარავდა, ალბათ ვინმეს არ ჰქონდა და წაიღოო. ეტყობა, კაგებეს უფროსი ჭკვიანი კაცი იყო და შეწყვიტა ძიება. მერე ამერიკელები გვაშაყირებდნენ, ვიცით, რა ქვეყანაში ცხოვრობთ, მაგრამ თქვენ კარგი ბიჭები ხართო.


დამშვიდობება სვანური ქუდით

– დადგა დღე, როცა ამერიკელებს უნდა დავმშვიდობებოდით. რა ვქნათო, თქვა დოდომ. ლორთქიამ უთხრა, მოდი, სვანური ქუდები ვუყიდოთ, ოღონდ კარგი ხარისხისო. ვუყიდეთ. დოდომ აიღო ქუდი, ჩაასხა ღვინო, აჩვენა, რომ არ გასდიოდა და გზა დაულოცა. თერთმეტივე ბიჭმა დაიხურა ქუდი და გემზე ავიდნენ. რომ დაიძრა, გემბანიდან ხელის ქნევა დაიწყეს. ჩვენ კი ვიდექით სანაპიროზე კაციან–ქალიანად და ღაპაღუპით გვდიოდა ცრემლი. უცებ იყვირა ნანამ, ვიცი, ფინალი როგორიც უნდა იყოსო. ასე დაიბადა ფინალი.



მანანა გეგია


sana.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий