вторник, 3 июня 2014 г.

რატომ მიიჩნეოდა საქართველოში ისტორიულად დასმენა სამარცხვინოდ და რატომ არ უყვარდათ ძველი დროის ქართველებს მოწმეობა

   მართალია, ჩვენი კანონმდებლობის საფუძვლად, მათ შორის, სისხლისა და სამოქალაქო სამართალშიც საერთაშორისო გამოცდილების ჩადებას ვცდილობთ, თუმცა საკუთარი გამოცდილებაც მოგვეპოვება. რა ითვლებოდა ძველ საქართველოში დანაშაულად, რა ტიპის სასჯელებს ითვალისწინებდა ქართული სამართალი და რა განიხილებოდა სასჯელის უმაღლეს, ესე იგი, ყველაზე სასტიკ ფორმად? – თემას ქართული სამართლის ისტორიის სპეციალისტი, თსუ-ის პროფესორი, გიორგი დავითაშვილი ვახტანგ მეექვსის „სამართლის წიგნის“ მიხედვით განგვიმარტავს.




– რა იყო ვახტანგ მეექვსის დროს ძირითადი სასჯელი და გამოიყენებოდა თუ არა სიკვდილით დასჯა, როგორც ფორმა?


– ვახტანგის „სამართალში“ ნახსენებიც არ არის სიკვდილით დასჯა, უბრალოდ, არის რამდენიმე მუხლი, რომლებიც მიანიშნებს სიკვდილით დასჯაზე და ხშირად სანქციები განუსაზღვრელია. ძველ ქართულ სამართალში მთავარი სასჯელი არის „სისხლი“. „სისხლი“ ნიშნავს გადასახადს დანაშაულისთვის, ანუ სისხლის აღება შეცვალა გადასახადების სისტემამ და ძველ ქართულ სამართალში გადასახადს მკვლელობისთვის დაარქვეს „სისხლის ფასი“. ეს იყო გარკვეული ქონებრივი საზღაური ჩადენილი დანაშაულისთვის და ეს იყო ძირითადი სახდელი. მიზეზი ამისა ის იყო, რომ ძირითადი დანაშაულები, როგორებიცაა მკვლელობა, დაჭრა-დასახიჩრება ვახტანგის „სამართალში“ იყო კერძო და არა საჯარო სამართალდარღვევები, ანუ მათ სახელმწიფო არ აღიქვამდა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად. მაგალითად, დღეს მკვლელობა, ქურდობა თუ დაჭრა არის არა მარტო კერძო, არამედ საჯარო სამართალდარღვევაც, ანუ, მარტივად რომ ავხსნათ, შეიძლება, დაზარალებულმა არ იჩივლოს ან არც იყოს დაზარალებული, მაგრამ სახელმწიფო ქურდს მაინც სჯის. ძველად კი ასე არ იყო: მკვლელობა და დაჭრა-დასახიჩრება ითვლებოდა კერძო სამართალდარღვევად და ამიტომაც დაზარალებული მხარე მკვლელისგან ან დამსახიჩრებლისგან იღებდა შესაბამის საზღაურს. სვანეთსა და ხევსურეთში ეს წესი დღემდე მოქმედებს. მაგალითად, ხევსურეთში კაცის მკვლელობისთვის გადასახადი იყო 60 ძროხა. მართლაც ძროხები კი არ უნდა მიეყვანა დაზარალებულისთვის, არამედ შესაბამისი ეკვივალენტი უნდა მიეცა: მიწა, ვერცხლი, სპილენძი და ასე შემდეგ. მაგალითად, გლეხის მკვლელობისთვის ქართლში დაწესებული იყო 60 ძროხა. ვახტანგმა ეს გადაიყვანა ფულად ერთეულში და მიიღო 120 მინალთუნი, ანუ 12 თუმანი. ყოველი შემდგომი წოდებისთვის კი ეს გადასახადი გეომეტრიული პროგრესიით გაზარდა. გლეხის მომდევნო წოდება იყო მსახური, შესაბამისად, მსახურის მკვლელობისთვის დაწესდა გადასახადი 24 თუმანი, მესამე რიგის აზნაურისთვის – 48 თუმანი და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში, დიდებული თავადის მკვლელობისთვის გადასახადი 1 536 თუმნამდე ავიდა, რაც უზარმაზარი თანხა იყო, რომელსაც რთულად თუ ვინმე გადაიხდიდა.


– და ამიტომ არც მოკვლას ინებებდა?


– რაც უფრო მაღალი წოდების იყო ადამიანი, მით უფრო დაცული იყო, თუმცა აქ არის ერთი დეტალი: ვახტანგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ღირსებას. მაგალითად, ის გლეხს აძლევს უფლებას, მოკლას თავისი ბატონი, თუ წაასწრებს თავის ცოლთან, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე. მსგავსი რამ შუა საუკუნეების სამართლისთვის, იქ, სადაც არსებობს პირველი ღამის უფლება, უცხო ხილია, მაგრამ ვახტანგი წოდებრიობაზე მაღლა აყენებს ადამიანის ღირსებას და ამიტომ ასეთ შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ყმას.


– ვთქვათ, დამნაშავეს არ ჰქონდა იმდენი ფული ან არ უნდოდა გადახდა, იყვნენ აღმასრულებლები?


– რა თქმა უნდა, არსებობდა იასაულების ინსტიტუტი. ვახტანგი ამბობდა, ქართლში ამდენი ფული არ არისო და ამიტომ ფულის ნაცვლად დამნაშავეს უნდა გადაეხადა იმ ნივთებით ან საქონლით, რომლებიც ჰქონდა: იარაღი, ცხვარი, ძროხა, ცხენი, რაც უფრო მაღალი წოდებისკენ მივდივართ, სჭარბობს ძვირფასი ლითონები.


– თუკი სულ არაფერი ებადა, როგორ გადაიხდიდა საზღაურს?


– ზოგადი ნორმა არ არის, მაგრამ ვახტანგის „სამართალში“ არის ცალკეული მუხლები, რომლებიც ამ საკითხს ეხება: მაგალითად, თუ ქურდი შევა იმ ოთახში, სადაც ცოლ-ქმარი ერთად წევს და მოიპარავს რამეს, მან შვიდმაგად უნდა აანაზღაუროს ნაქურდალი და ამის გარდა, ნახევარ-ნახევარი სისხლი უნდა გადაიხადოს მათი გვარის მიხედვით, ეს კი უკვე ძალიან დიდი გადასახადია. ითვლებოდა, რომ ოჯახში შესვლა არის ღირსების შელახვა. თუ ქურდი ვერ გადაიხდიდა გადასახადს, მაშინ ის თავისი ოჯახით და საქონლით უნდა გადასცემოდა დაზარალებულ მხარეს, ანუ ლაპარაკია ყმად გადაცემაზე, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, სამუდამოდ თუ დროებით, ზარალის ანაზღაურებამდე.


– საჯარო დანაშაულად რა ითვლებოდა?


– სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ძველ ქართულ სამართალში საჯარო დანაშაული იყო მეფის განდგომა და ღალატი, სჯულის ღალატი, მეფის შეურაცხყოფა, გახსოვთ რუქნადინის ელჩის ამბავი. ვახტანგთან პირდაპირ წერია, ვინც ქრისტეს სჯულსა და მეფეს უღალატოს, მის წინააღმდეგ ყველაფერი მართებული არისო. დამნაშავეების წინააღმდეგ გამოიყენებოდა სიკვდილით დასჯა, სხეულის ნაწილების მოკვეთა, კასტრაცია და ასე შემდეგ; ციხეში შესმაც, მაგრამ თავისუფლების აღკვეთა, როგორც სასჯელი, ძალიან იშვიათად გამოიყენებოდა. რაც შეეხება ვახტანგის „სამართალს“: თუ გლეხი შეურაცხყოფას მიაყენებდა ბატონს, ისჯებოდა ენის მოკვეთით, ან ენის სისხლის გადასახადით; თუ სცემდა, ხელის მოკვეთით ან ხელის სისხლის გადასახადით. თუ გლეხს ვიღაც ხელს მოკვეთდა, მას უნდა გადაეხადა ხელის სისხლის მესამედი. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანის სხეულის ყველა ნაწილი შეფასებული იყო გარკვეულ საფასურად. დაჭრის დროს ჭრილობის სიდიდე იზომებოდა ქერის მარცვლებით. ხევსურეთსა და ფშავში ეს წესი თითქმის დღემდე შემორჩა.


– ძალიან სასტიკი სასჯელები ჩამოთვალეთ, იმ ეპოქისთვის ეს დასჯის ბუნებრივი ფორმა იყო?


– რა თქმა უნდა, მეტსაც გეტყვით, საქართველო, როგორც ქვეყანა, ძალიან სასტიკი სასჯელებით არ გამოირჩეოდა, ალბათ, პირიქით, იმიტომ რომ, მაგალითად, თამარის ისტორიკოსი წერს, რომ ტრადიციულად მხოლოდ მეკობრეობის გამო შენარჩუნდა სიკვდილით დასჯაო. თამარი თავის ოპონენტებსაც კი არ სჯიდა სიკვდილით, რაც კონტექსტიდანაა ამოვარდნილი იმდროინდელ ეპოქაში. ყველამ კარგად ვიცით, რა ხდებოდა მაშინ: ხშირად ვამბობ, რომ ადამიანის ფანტაზიამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმატებას სიკვდილით დასჯის სახეობის გამოგონებაში მიაღწია, მაგრამ საქართველოში სიკვდილით დასჯის მრავალფეროვანი სახეობა ნამდვილად არ არის: ესენია მხოლოდ ჩამოხრჩობა და თავის მოკვეთა. ვახტანგი არ ადგენს გადასახადს მეფის, კათოლიკოსისა და უფლისწულის მკვლელობისთვის. ყველაზე დიდი გადასახადი დიდებული თავადების მკვლელობაზე იყო დაწესებული.


– რატომ იყო აქტუალური ვახტანგ მეექვსის დროს ვაზის აჩეხვის თემა? მაშინაც ჩეხდნენ ვენახს?


– ვახტანგ მეექვსის „სამართლის წიგნი“ კაზუისტური ძეგლია, რომელიც ცალკეულ შემთხვევებზეა აგებული. მათ შორის, ლაპარაკია ვაზის აჩეხვაზეც, თუმცა იქ განხილულიც არ არის, რომ პიროვნებას ეკისრებოდეს პასუხისმგებლობა საკუთარი ვაზის აჩეხვაზე.


– რატომ? იმდენად წარმოუდგენელი იყო ასეთი რამ?


– შესაძლოა, ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ ვახტანგის „სამართალში“ ამაზე ლაპარაკი არ არის. სამაგიეროდ, არის მუხლი, თუკი სხვა პიროვნება ვინმეს აუჩეხავს ვაზს, ამისათვის მან პატრონს გარკვეული რაოდენობის ვენახზე უნდა გადაუხადოს თითო აბაზი.


– ეს დიდი თანხა იყო იმ დროისთვის?


– ძროხა ღირდა ორი მინალთუნი, შესაბამისად, აბაზი არ არის მცირე თანხა. სხვათა შორის, იმავე მუხლში ლაპარაკია ხეხილისა და ხილის განადგურებაზეც. თუმცა, უდავოდ, ვაზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურა იყო საქართველოში. საერთოდ, ვახტანგი ეფუძნებოდა ქართულ ჩვევებს, იმ ტრადიციასა და მსოფლმხედველობას, რომელიც იყო საქართველოში. ამიტომაც, როდესაც მან მოიწვია დარბაზი, რომლის მეშვეობითაც დაამტკიცა სამართლის ძეგლი, უმაღლეს სასულიერო და საერო პირებთან ერთად იქ იყვნენ მოხუცი „ჭკვიანნი კაცნი“, ანუ ის ხალხი, რომლებიც მას გამოადგებოდა რეკომენდაციების მისაღებად ჩვეულებითი სამართლიდან.


– კაცს, რომელსაც არ ჰქონდა ვენახი, ერქვა ბოგანოო, იქნებ განგვიმარტოთ?


– ვახტანგი პირდაპირ წერს: ვისაც ვენახი არ აქვს, ის არის ბოგანო. საერთოდ, ვახტანგი დიდ ყურადღებას უთმობს თავადის ოჯახის გაყოფას: როგორ უნდა განაწილდეს ქონება, როდესაც ძმები იყრებიან. მათ შორის დავა დიდ საქმედ ითვლებოდა და შეიძლებოდა გაერჩია დარბაზს, თვითონ მეფეს ან დედოფალს. თავადების ქონება ძირითადად იყო სოფლები, ამიტომ ხდებოდა სოფლებისა და ყმების გაყოფა. იმ სოფლებში მიდიოდა მეფის მდივანი და აღრიცხავდა. ოჯახები იყოფოდა 20-20-ად, იმ ოციდან საუკეთესო ოჯახს იღებდა უფროსი ძმა დამატებით წილად, ეგრეთ წოდებულ საუფროსოს, ყველაზე უარესს სხვა ძმები. იქვე წერს ვახტანგი, რომ აქ ბოგანოები არ იანგარიშებაო, ბოგანოებს ცალკე თვლიდნენ. ბოგანოს შეიძლებოდა, ჰქონოდა მიწა, მაგრამ, რაკი არ ჰქონდა ვენახი, ავტომატურად ითვლებოდა ბოგანოდ. ბოგანოებს შემდეგ ცალკე თვლიდნენ და ანაწილებდნენ, ანუ მაშინ ვაზის ქონა, გარკვეულწილად, პიროვნების სოციალური სტატუსის გამომხატველიც კი იყო.


– თუ არის წყაროებში მითითებული, მევენახეობა იყო სარფიანი, შემოსავლიანი საქმიანობა?


– ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, ალბათ, იყო, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გაერთიანებულ საქართველოში იყო მეღვინეთუხუცესის, მეღვინეების თანამდებობა; არსებობდა ასეთი დაწესებულება – საღვინე, რომელსაც ხელმძღვანელობდა მეღვინეთუხუცესი, მეფის მარანში შედიოდა როგორც მეფის ზვრებიდან მოკრეფილი ყურძნისგან დამზადებული ღვინო, ასევე, ღვინო, რომელსაც კრეფდნენ გადასახადის სახით. როგორც ჩანს, მეღვინეობა სარფიანი და მომგებიანი საქმიანობა იყო. მაშინ გლეხი ღვინოს თვითონვე ამზადებდა. მე რომ მკითხოთ, დღესაც უმჯობესი იქნებოდა, გლეხებისთვის მცირე კრედიტები მიეცათ, რომ რამდენიმე გლეხს ერთობლივად თვითონვე დაეწურა საკუთარი ყურძნისგან ღვინო.


– ვახტანგის „სამართალში“ წავიკითხე, რომ დაწესებულია სასჯელი ცრუ მაბეზღარობისთვის, ეს რას ნიშნავდა?


– ეს ძალიან საინტერესო თემაა. ძველ საქართველოში იყო ასეთი ტერმინი: „მთხრობელი“. მთხრობელი იყო დამსმენი. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: მოხდა მკვლელობა, რაც არ ითვლებოდა საჯარო სამართალდარღვევად, მაგრამ არ იცოდნენ, ვინ იყო მკვლელი. დაზარალებულთან მიდიოდა მთხრობელი, რომელიც დაასმენდა დამნაშავეს და ამაში იღებდა სამთხრობლოს, ანუ გარკვეულ საზღაურს. სხვათა შორის, ძალიან ებრძვის ვახტანგი ცრუ მთხრობლობას, რომ ვიღაცამ გასამრჯელოს მისაღებად არ დასწამოს ვინმეს ცილი, თუმცა ამასთანავე, ვახტანგი საინტერესო რამესაც წერს: მთხრობლობა საქმით ცოდვააო. საერთოდ, დასმენა და მთხრობლობა საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში სამარცხვინო საქმედ ითვლებოდა და, როდესაც ვახტანგი ლაპარაკობს სასამართლო მტკიცებულებებზე, როგორებიცაა ფიცი, ხმალში გატარება და ასე შემდეგ, მოწმის ჩვენებას მხოლოდ მეხუთე ადგილზე ასახელებს და ამატებს: მოწმე იციან ფრანგთა, ბერძენთა და რუსთა, მაგრამ ჩვენთან არ გამოიყენებაო. თუმცა შემდეგ, როდესაც ჩამოთვლის მოსამართლის თვისებებს: დიდად მჩხრეკელი, უქრთამო, გონებააუჩქარებელი, მიმხვდარი, ღვთის მოშიში და ასე შემდეგ, ერთ-ერთ თვისებად ასახელებს: უნდა იყოს მოწმის მაძებარიო, ანუ მოუწოდებს მოსამართლეს, რომ საქმე ფიცით კი არ გადაწყვიტოს, არამედ მოწმით. ანუ ვახტანგი ხვდება, რომ მოწმე აუცილებელია, ქართველები მაინც ერიდებოდნენ ადამიანის დასმენას. რომ გადავხედოთ ქართულ ჩვეულებით სამართალს, ვნახავთ, რომ დამსმენი, ანუ მოწმე მკვლელობის საქმეზე არ ჩანს, იმიტომ რომ ყველას ეშინოდა მკვლელის დასმენა, რადგან შიშობდნენ, ეს ახალ მოსისხლეობას გამოიწვევდა მკვლელისა და დამსმენის ოჯახს შორის. ამიტომ მოწმობა ძალიან იშვიათი საქმე იყო საქართველოში.


– მხოლოდ შიში იყო ამის მიზეზი?


– ალბათ, ისიც, რომ სამარცხვინოდ ითვლებოდა სხვისი დასმენა, მაგრამ ეს არ არის იურიდიული საკითხი. ვახტანგი სავალდებულოს ხდის მოწმობას სახელმწიფო და სჯულის საწინააღმდეგო ქმედებებში. განუცხადებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლებოდა მძიმე დანაშაულად, თუ ის ეხებოდა მეფისა და სახელმწიფოს ღალატს ან სჯულის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს. ამასთანავე, ვახტანგი ცდილობს, მთხრობელი სასამართლო პროცესის მონაწილედ აქციოს. დამსმენმა უნდა დადოს პირობა, რომ საჭიროების შემთხვევაში სასამართლო პროცესზეც გამოვა და გამოტეხს დამნაშავეს და მხოლოდ ამ შემთხვევაში რთავს ნებას, აიღოს სამთხრობლო. თუ მთხრობელი გამტყუნდებოდა და აღმოჩნდებოდა, რომ ის ცილისმწამებელია, მას უნდა გადაეხადა იმდენი, რაც მის მიერ დადანაშაულებულ ადამიანს. ანუ სახელმწიფო ცდილობდა, წაეხალისებინა დასმენა და სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემა. მაგალითად, ერეკლეს დროსაა მიღებული ასეთი განაჩენი: ერთმა პიროვნებამ, რომელიც დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული, ლაპარაკია დოკუმენტების გაყალბებაზე, დაასმინა ის პიროვნება, ვინც ძირითადად ჩაიდინა ის დანაშაული და სასამართლომ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.


– ესე იგი საპროცესო გარიგება დაუდვიათ?


– მიუთითა, რომ, თუ ამის შემდეგ დანაშაულში თანამონაწილე ამხელს დანაშაულის მთავარ მონაწილეს, სასურველია, გააათავისუფლონ პასუხისმგებლობისგან ყოველგვარი გადასახადის გარეშე. ჩვენ ვაგროვებდით ცნობებს მთხრობელების შესახებ და ეთნოგრაფიული კვლევის შედეგად სამეგრელოში ჩაიწერა ასეთი ლექსი: „ოდელია, ოდელია, ბანძა დიდი სოფელია, ნახევარი ქურდია და ნახევარი მთხრობელია“.

ანა თაყაიშვილი


tbiliselebi.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий