вторник, 17 июня 2014 г.

მამა ილია ჭიღლაძე: ახლაც არის რუის-ურბნისის მსგავსი საეკლესიო კრების ჩატარების აუცილებლობა

"ივერიონს" ესაუბრება ბოლნისის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მოძღვარი მამა ილია ჭიღლაძე


- ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებამ კიდევ უფრო ხომ არ გააღრმავა უფსკრული, ერთი მხრივ, ეკლესიასა და ხელისუფლებას,ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. სხვათაშორის, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ეკლესია სახელმწიფოს (იგულისხმება პოლიტიკა) საქმეებში არ უნდა ერეოდეს...


- უპირველესად მოგესალმებით დიდი პატივისცემით და კეთილი სურვილებით! სახელმწიფო, როგორც ამასოფლიური მოვლენა და ეკლესია, როგორც სულიერი, ღვთაებრივი დაწესებულება, ორი განსხვავებული ფენომენია. პოლიტიკურ-ნაციონალური შინაარსის შეკითხვაზე მაცხოვრის პასუხი "მიეცით კეისარსა კეისრისა და ღმერთს ღმრთისა", რჩება მარადიულ კანონად.

ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია, არავის აქვს უფლება მოახდინოს ეკლესიის გამიწიერება, პოლიტიზაცია, ეკლესია არაამასოფლიურია. მაგრამ, ამავდროულად ეკლესია მწირობს ამასოფელში, ის ადამიანთა ერთობაა, შესაბამისად მას უწევს ცხოვრებისეულ საკითხებზეც პასუხის გაცემა, პოზიციის დაფიქსირება. ეკლესია ფუნქციაა ყოველთვის იქადაგოს ღვთის სიტყვა, იყოს ამაღლებული დროზე და ნაციონალურ-პოლიტიკურ ვიწრო ჩარჩოებზე, ადამიანებს უწინამძღვროს მარადისობისკენ...


- როგორ ფიქრობთ, ხომ არ გახშირდა მიზანმიმართული "თავდასხმები" ეკლესიაზე, ძალიან ხომ არ გაუთამამდნენ მას? რა შედეგებს მოიტანს ეს კონფრონტაცია და რა პოზიცია უნდა დაიკავოს ეკლესიამ ერი კიდევ უფრო რომ არ გაიხლიჩოს?


- ჩვენი ერი ისტორიის ახალ ფაზაში გადადის, საბჭოთა ტოტალიტარული, ათეისტური რეჟიმის სამოცდაათწლიანი ბატონობის შემდეგ დაიწყო რელიგიური გამოღვიძება, ქართული სახელმწიოებრიობის აღდგენა-მშენებლობა და კულტურული თვითიდენტიფიკაციის ძიება. მონობის ორასწლოვანმა ხანამ ერის სულიერი ძალები დაშრიტა, ეკლესიასაც დაატყო თავისი მსახვრალი ხელი, დრო კი ახალ გამოწვევების წინაშე გვაყენებს. მხოლოდ გრანდიოზული, დემონსტრაცული მშენებლობები ვერ გვიხსნის ეპოქის შემოტევისგან. ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა ის დრო, როდესაც ღვთის უწმინდესი ტაძრები ნადირთა და ფრინველთა სკორით აივსო, როდესაც ქართველი კაცი საკუთარი ხელით ანგრევდა და ბილწავდა მათ... რამ გამოიწვია ეს?! რა თქმა უნდა, ადამიანებში გაჩენილმა რწმენის კრიზისმა, ერისა და ეკლესიის ერთიანობის გათიშვამ. ამიტომ ახლა უპირველეს საზრუნდავად უნდა იქცეს ამ ჩატეხილი ხიდის გამთლიანება. ეს უნდა ხდებოდეს ცოდნის, სიკეთის და სრული ღიაობის საფუძველზე. როგორც კი რაიმე იხურება, იზოლირდება, მაშინვე ჩნდება გამყოფი შუაკედელი. კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებასთან ერთ მაგიდაზე დასხდომა და დიალოგი არის აუცილებელი...


- ამ ბოლო ხანებში ღიად საუბრობენ ეკლესიის რეფორმის აუცილებლობაზე. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რას შეიძლება ითვალისწინებდეს ეს რეფორმა? ხომ არ არის საჭირო რუის-ურბნისის ახალი კრება?


- ეკლესია სულიწმინიდით მარად განახლებადი ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, მას მუდამ უწევდა ბრძოლა "ამა სოფლის თავადთან", რომელიც მას ებრძვის ცოდვათა მრავალგვარი სახეობებით, ეკლესია ქრისტეს მისტიური სხეულია, და ამავდროულად ადამიანთა ერთობა - შესაბამისად იქ სადაც ადამიანია, არის ცოდვაც.

ეკლესიის მუდმივი ამოცანა იყო და არის საკუთარი წევრების ზნეობრივი სრულყოფა, ეკლესიის ყოველი წევრი უნდა იყოს მაგალითი სათნოებისა, როდესაც ასეა არაა, მაშინ ხდება განკითხვა გარეშეთაგან. ეკლესია ერთიანი ორგანიზმია, წმინდა მოციქული პავლე ბრძანებს "რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყველა ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე. და თუ ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა იტანჯება, ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს. თქვენ კი ქრისტეს სხეული ხართ, ხოლო ცალცალკე მისი ასოები " (1 კორ. 12; 25-27), ამ სიტყვებით მოციქული შეგვაგონებს ეკლესიის წევრთა ერთსულოვნების აუცილებლობას!

ეკლესია უნდა იყოს ნიმუში ჰარმონიულობის, მოწესრიგებულობის, სამართლიანობის. არ შეიძლება ეკლესიის ერთი წევრი სიღატაკის გამო კვდებოდეს, მეორე კი- განცხრომასა და ფუფუნებაში ცხოვრობდეს. თუ ეს ნიმუში ვერ დაინახა ადამიანმა, მაშინ ჩვენ ვაძლევთ მას დაბრკოლების მიზეზს! ამიტომ დიდია და უდიდესი პასუხისმგებლობა ეკლესიის წევრთა, როგორც საეროების, ისე სასულიეროების, განსაკუთრებით კი მწყემსმთავრების, როგორც ეკლესიის მმართველებად დადგინებულებისა.

ადამიანები სულიერი ასპექტით იყოფიან ორ ჯგუფად კეთილმორწუნეენი, ანუ ღვთის ეკლესია და გარეშენი, ანუ არამორწუნენი.

ეკლესიის, როგორც ღვთის სიტყვის მქადაგებლის და მისიონერის ფუნქცია ყოველთვის იყო და არის გარეშეებთან საერთო ენის გამონახვა, მათი შემორიგება და გაერთიანება ღვთის ფარაში, "რაითა ყოველნი ერთ ვიყოთ" ქრისტე იესოში. ამ ერთიანობის მიღწევა არის ამოცანა ეკლესიის ყოველი წევრისა, "რათა ვიყოთ ერთ მწყემს და ერთ სამწყსო". რუსის-ურბნისის საეკლესიო კრების მსგავსი კრებები ისტორიულად არაერთხელ ჩატარებულა და რა თქმა უნდა, ახლაც არის მისი საჭიროება.


- ორიოდე დღის წინ ათონის წმიდა მთაზე მოღვაწე ქართველი ბერის - ერმოლაოსის წიგნის პრეზენტაციაზე თქვენს გამოსვლაში ხაზი გაუსვით საქართველოში ბერ-მონაზვნური მოღვაწეობის დაკნინებას. არადა, დღითიდღე იხსნება ახალი მონასტრები. რა იგულისხმეთ სიტყვა "დაკნინებაში" - ხარისხი თუ რაოდენობა?


- უპირველესად ვგულისხმობ ხარისხს, და შემდეგ რაოდენობასაც. მონასტერი არის არა ქვებისა და ნაგებობების ერთიანობა, არამედ ასკეტურად მოღვაწე ადამიანთა ერთობა. ნამდვილი მონასტერები იყო ადგილი, სადაც ათობით, ასობით, ათასობით ადამიანი ერთად აღასრულებდა საოცარ სულიერ ღვაწლს. ჯერ ფუძნდებოდა მონასტრული ცხოვრება, შემდეგ შენდებოდა შენობები, ახლა კი ხშირად პირიქით ხდება, რაც მონაზვნური ცხოვრების პროფანაციაა. არ შეიძლება მონასტერთა შენება იყოს თვითმიზანი, მიზანი არის სულიერი განწმენდა, ხოლო სარგებლის მომცემია ცოცხალი სამონაზვნო-ასკეტური მაგალითები.


- წიგნის პრეზენტაციაზე საუბარი იყო ათონის წმიდა მთაზე არსებულ ივერონის ქართულ მონასტერზე, სადაც ქართული წირვა-ლოცვა დიდი ხანია არ აღევლინება, არსებობს თუ არა შანსი დავიბრუნოთ ეს მონასტერი, რომ იქ სასულიერო-სამეცნიერო მოღვაწეობა აღდგეს?


- ეს საკითხი 1980-იანი წლებიდან დგას დღის წესრიგში, მაგრამ ჯერჯერობით ივერონში და იერუსალიმის ჯვრის მონასტრებში ქართველ მოწესეთა დაბრუნება მიუღწეველ სურვილად რჩება. ამისი მიზეზი ერთის მხრივ არის ჩვენში სამონასტრო ცხოვრების დაკნინება მე-18 საუკუნიდან, ხოლო მე-20 საუკუნეში მისი პრაქტიკულად მოსპობა, ხოლო მეორეს მხრივ, ასევე ბოლო საუკუნეებში ჩვენი ეკლესიის მოწყვეტა ბერძნულ საეკლესიო სივრცესთან და საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა შეფერხება რუსული იმპერიის რკინის ფარდის წყალობით. საჭიროა უფრო მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების დამყარება კონსტანტინოპოლის და იერუსალიმის საპატრიარქოებთან, ისინი ჩვენში მეგობარს და კეთილმოსურნეს უნდა ხედავდნენ, და არა შორეულსა და უცხოს.


- პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თავის გამოსვლაში ღიად განაცხადა, რომ ის სახელმწიფოს ბიბლიით მართვას არ მიესალმება. ეს არის თუ არა ეს კონფრონტაცია ეკლესიასა და მის მართლმადიდებელ მრევლთან?


- საქართველოს სახელმწიფო არის სეკულარული სახელმწიფო, ანუ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთისგან გამიჯნულია და ერთმანეთის საქმეში არ ერევა. ჩვენ ერს არ აურჩევია ირანის ისლამისტური რესპუბლიკის მსგავსი მოდელი, რომელიც რელიგიური ნორმებით იმართება, ჩვენი სახელმწიფო იმართება საქართველოს კონსტიტუციით. ეკლესია არ ძალადობს სახელმწიფოზე, მათი ფუნქიები განსხვავებულია, მაგრამ მას როგორც საზოგადოებას, აქვს აზრის დაფიქსირების მორალური და დემოკრატიული უფლება. ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა საზოგადოების ყოველი წევრთან ჰქონდეს დიალოგი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როგორც ყველაზე დიდ საზოგადოებრივ ერთობასთან, რომლის განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ჩვენი ერის ცხოვრებაში კონსტიტუციითაც არის აღიარებული. მაგრამ ამასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო იყო, არის და იქნება ქრისტიანული სახელმწიფო, რაც ნიშნავს იმას რომ, მისი კანონმდებლობა უნდა ეყრდნობოდეს და ითვალისწინებდეს ქრისტიანულ სულიერ და მორალულ ფასეულობებს, ეს არის ჩვენი ერის სრული უმრავლესობის ერთსულოვანი ნება, მე ამაში დარწუნებული ვარ! ყველა მხარეს მართებს უფრო მეტი კომპეტენტურობა, სამართლიანობა და სიყვარული, პირად ინტერესზე მაღლა საზოგადოებრივის დაყენება. ჩვენი საზოგადოების შემხედვარეს, ძალიან ხშირად მახსენდება კათოლიკოს-პატრიარქის, წმინდა კირიონ მეორის სიტყვები, გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე უდიდესი გულისტკივილით წარმოთქული ახლობელთა წრეში :"ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს,შორიდგან თვლყურს ვადევნებდი, ვფიქრობდი, ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა, მაგრამ როგორც ეხლა ვრწმუნდები, თქვენ უფრო დაქვეითებულხართ და დაქსაქსულხართ. თუ ხელახლა დაიბადებით, თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია"-ო.

ეს სიტყვები, ერის წამებული მამამთავრის მიერ 1918 წელს წარმოთქმული, ერთი საუკუნის თავზე კიდევ უფრო დიდი სიმწვავით გაისმის...


ესაუბრა ზაურ ნაჭყებია



iverioni.com.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий