ავტორი: ალექსანდრე კალომიროსი – ცეცხლის მდინარე
პასუხი კითხვებზე: ნამდვილად კეთილია ღმერთი? ღმერთმა შექმნა ჯოჯოხეთი?
სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.პატიოსანო მამებო, საყვარელო ძმებო და დებო!
არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ჩვენ უკვე ვცხოვრობთ ბოლო დროისათვის ნაწინასწარმეტყველებ აპოსტასიის ეპოქაში. პრაქტიკულად, ადამიანთა უმრავლესობა ურწმუნოა, თუმცა ბევრ მათგანს თეორიულად ჯერ მაინც სწამს. ყველგან განურჩევლობასა და ამა სოფლის სულისკვეთებას დაუსადგურებია.
რა არის მიზეზი ასეთი მდგომარეობისა?
ამის მიზეზია სიყვარულის განელება. ღვთისადმი სიყვარული აღარ იწვის ადამიანთა გულებში და აქედან გამომდინარე ჩვენს შორის სიყვარულიც მოკვდა.
და რა არის მიზეზი ღვთის მიმართ ადამიანის სიყვარულის გაქრობისა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ცოდვა. ცოდვა არის ის ბნელი ღრუბელი, რომელიც არ უშვებს ღვთის ნათელს ჩვენამდე.
მაგარამ ცოდვა აქამდეც არსებობდა. მაშინ როგორღა მივაღწიეთ ასეთ მდგომარეობას, როდესაც ღმერთს არა მხოლოდ უგულებელვყოფთ არამედ გვძულს. დღევანდელ დღეს ადამიანის დამოკიდებულება ღვთისადმი მართლაც არ არის უბრალოდ იგნორირება ან უინტერესობა. თუ ჩვენ უფრო ყურადღებით შევხედავთ დღევანდელ ადამიანს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ მის უმეცრებასა და უდიერებაში ჩაქსოვილია საშინელი სიძულვილი. მაგრამ როგორ შეიძლება გვძულდეს ის რაც არ არსებობს? მე მართლაც მგონია, რომ დღეს ადამიანებს უფრო სწამთ ღმერთის არსებობისა ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს კაცობრიობის ისტორიაში. ხალხმა ეხლა უკეთესად იცის სახარება, ეკლესიის სწავლება და საერთოდ ღმერთის ქმნილება ვიდრე სხვა ნებისმიერ დროში. მათ ღრმადა აქვთ გაცნობიერებული ღმერთის არსებობა.
თანამედროვე ათეიზმი, სინამდვილეში არ არის ურწმუნოება. ეს არის აუტანლობა იმისა, ვისაც კარგად ვიცნობთ, მაგრამ ვინც გვძულს მთელი ჩვენი არსებით, ზუსტად ისევე, როგორც დემონებს, რომელთაც კარგად იციან და იმავდროულად სძულთ ღმერთი. ჩვენ გვძულს ღმერთი და ზუსტად ამიტომ უგულვებელვყოფთ მას, თვალს ვარიდებთ, თითქოსდა ვერ ვხედავთ და თავი ათეისტებად მოგვაქვს. სინამდვილეში კი ის დაუძინებელ მტრად მიგვაჩნია და მისი უარყოფა ანუ ათეიზმი ჩვენი შურისძიებაა მასზე.
მაგრამ, რატომ სძულთ ადამიანებს ღმერთი? არა მხოლოდ იმიტომ რომ საქმენი მათნი ბნელია და ნათელი აღიზიანებთ, არამედ იმიტომ, რომ ის მათთვის მუდმივ საშიშროებას წარმოადგენს, მარადიულ საფრთხეს, ვითარცა მოწინააღმდეგე სასამართლოში, ვითარცა პროკურორი და დაუნდობელი მსაჯული. ღმერთი მათთვის აღარ არის სახიერი და ყოვლისშემძლე მკურნალი, რომელიც განკაცდა, რათა აღედგინა, განეკურნა ისინი სნეულებისა და სიკვდილისაგან, არამედ სასტიკი მსაჯული და შურისმაძიებელი ინკვიზიტორია.
დემონმა შეძლო დაერწმუნებინა ადამიანები, რომ ჩვენ ღმერთს არ ვუყვარვართ, რომ მას მხოლოდ თავისი თავი უყვარს და მხოლოდ მაშინ გვწყალობს, როდესაც ისე ვიქცევით, როგორც მას სურს და ვძულვართ მაშინ, როდესაც ისე არ მოვიქცევით, როგორც მან გვიბრძანა და იმ ზომამდე სწყინს ჩვენი ურჩობა, რომ ამას მარადიული ტანჯვით გვაზღვევინებს ჯოჯოხეთში, რომელიც მან სწორედ ამ მიზნით შექმნა.
ვის შეუძლია უყვარდეს მტანჯველი? ისინიც კი, ვინც ღვთის რისხვას გაექცევიან და რამენაირად ასიამოვნებენ ამ საშიშ ტირანს, ისინიც ვერ შეძლებენ მის სიყვარულს.
ხედავთ, თუ რამხელა სიცრუე დასწამა დემონმა ყოვლადმოწყალე, ყოვლისმოყვარე და უსაზღვროდ კეთილ შემოქმედს, მის შესახებ საყოველთაოდ გავრცელებული, დამახინჯებული სწავლების მეშვეობით? ამიტომაც ჰქვია ეშმაკს ბერძნულად “დიაბოლოს” – ცილისმწამებელი.
II
მაგრამ რითი შეძლო ეშმაკმა ღმერთის შესახებ ასეთი სიცრუის გავრცელება? რა ხერხი გამოიყენა კაცობრიობის დასარწმუნებლად, რათა აემღვრია ადამიანთა აზროვნება?
მან ამისთვის თავად “ღვთისმეტყველება” და სასულიერო იერარქია გამოიყენა! მან ჯერ მცირე, თითქო უმნიშვნელო ცვლილებები და გადახრები შეატანინა ღვთისმეტყველებაში, მცირეოდენ ზნეობრივ კომპრომისებზე დაიყოლია იერარქია და შემდეგ, თანდათან სრულიად აცვლევინა სახე ქრისტიანობას, დაამკვიდრა სრულიად არასწორი წარმოდგენა ღმერთზე. აი ამას ჰქვია დასავლური ღვთისმეტყველება.
ოდესმე გიცდიათ ამოგეცნოთ დასავლური ღვთისმეტყველების დედა აზრი? მისი მთავარი დამახასიათებელი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ის განიხილავს ღმერთს როგორც ბოროტების ნამდვილ მიზეზს.
რა არის ბოროტება? განა არ არის ის განშორება ღვთისაგან, რომელიც თავად არის სიცოცხლე? განა ბოროტება სიკვდილი არ არის? “ბოროტება არის გაუცხოება ღვთისაგან” (წმ. ბასილი დიდი). და რას ასწავლის დასავლური ღვთისმეტყველება სიკვდილის შესახებ? კათოლიკეებისა და პროტესტანტების სრულ უმრავლესობას წარმოუდგენია, რომ სიკვდილი არის სასჯელი ღვთისა. ღმერთმა დაადანაშაულა ყველა ადამიანი ადამის ცოდვაში და დასაჯა ისინი სიკვდილით, მოკვეთით, მათი განყენებით ცხოველსმყოფელი ენერგიებისგან, მათი მოკვლით ჯერ სულიერი, ხოლო შემდეგ ხორციელი სიკვდილით ანუ სულიერი შიმშილის მეშვეობით. დაბადებათა წიგნის ამ ეპიზოდს: “უკუეთუ იგემოთ ამა ხისა ნაყოფი, მოკუდებით სიკუდილით”. ავგუსტინე შემდეგნაირად განმარტავს: “უკუეთუ იგემოთ ამ ხის ნაყოფი, მე თქვენ მოგკლავთ. ”
ზოგიერთი პროტესტანტი თვლის, რომ სიკვდილი ღმერთის სასჯელი კი არა, არამედ სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მაგრამ განა თავად ღმერთი არ არის ყოველივე ბუნებრივის შემქმნელი? ასე რომ, ორივე შემთხვევაში, მათთვის სიკვდილის მიზეზი არის ღმერთი. და ეს ეხება არა მხოლოდ ხორციელ სიკვდილს, არამედ სულიერ სიკვდილსაც. განა არ ამბობენ დასავლეთში თეოლოგები, რომ ჯოჯოხეთი, რომელიც მარადიული სულიერი სიკვდილია, არის ღმერთის სასჯელი? და განა არ ამბობენ ისინი, რომ ეშმაკი არის ღმერთის მსახური რომელიც მარადიულად სტანჯავს ადამიანებს ჯოჯოხეთში?
დასავლეთის “ღმერთი” არის შეურაცხყოფილი და გაბოროტებული ღმერთი, ღმერთი რომელიც სავსეა მრისხანებით ადამიანთა ურჩობის გამო, რომელსაც სურს რომ საუკუნოდ სტანჯოს მთელი კაცობრიობა მისი ცოდვების გამო, სანამ არ დაიკმაყოფილებს თავის შეურაცხყოფილ სიამაყეს.
რას ქადაგებენ დღეს დასავლეთში თუ აღმოსავლეთში? რომ თურმე ცხონება არის გადარჩენა ღვთის რისხვისაგან, და რომ ჯოჯოხეთი არის ღმერთის სასჯელი სადაც ეშმაკი, რომელიც სტანჯავს ადამიანებს, ღვთის ბრძანებას აღასრულებს. რომ ღმერთმა მოკლა ღმერთი (ძე ღმრთისა), რათა დაეკმაყოფილებინა თავისი შეურაცხყოფილი ღირსება, რასაც დასავლეთში ევფემისტურად სამართლიანობას ეძახიან.
როგორ შეიძლება ვინმეს უყვარდეს ასეთი ღმერთი? როგორ შეიძლება გვწამდეს ის, ვინც ძრწოლასა და სიძულვილს იწვევს ჩვენში? როგორ შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, ვინც ასეთი დაუნდობელია. ამიტომაცაა, რომ დიდია ადამიანებში იმის სურვილი, რომ არ არსებობდეს ის ვინც ასე გვემუქრება, მითუმეტეს თუ ეს საფრთხე არის მარადიული. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ადამიანები, რადგან მარადიული სამოთხეც კი აუტანელი იქნებოდა ასეთ სასტიკ ღმერთთან ერთად. ასე დაიბადა ათეიზმი, რომელიც სრულიად უცხო იყო აღმოსავლეთისთვის, ვიდრე დასავლურმა ღვთისმეტყველებამ არ შეაღწია და უდიდესი ზეგავლენა არ იქონია მასზე. ათეიზმი არის ნაყოფი დასავლური ღვთისმეტყველებისა.
ათეიზმი არის უარყოფა ბოროტი, შურისმაძიებელი ღმერთისა. ადამიანები გახდნენ ათეისტები რათა თავი დაეღწიათ ამგვარი ღმერთისაგან და ისინი სირაქლემასავით მალავენ თავებს და ხუჭავენ თვალებს. ათეიზმი არის უარყოფა კათოლიკური და პროტესტანტული ღმერთისა. ამიტომაც ათეიზმი კი არ არის ქრისტიანობის მტერი, ჩვენი მტერი გაყალბებული და დამახინჯებული ქრისტიანობაა.
III
ღმერთის სამართლიანობის შესახებ იურიდიული წარმოდგენა, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანური ვნების გაბატონება ღვთისმეტყველებაზე. ეს დაბრუნებაა ღმერთების გაადამიანურებისა და ადამიანის გაღმერთების, უფრო ზუსტად გაკერპების წარმართულ პროცესთან. აი, როგორ აღიქვამს სქოლასტიკური თეოლოგია ღმერთის სამართლიანობას: ადამიანის ურჩობით შეურაცხყოფილი ღმერთი გადაწყვიტავს, რომ ადამის დანაშაული თანაბრად დააბრალოს მის შთამომავლობას და აი ყველა ისჯება სიკვდილით ადამის ცოდვის გამო, რომელიც მათ არ ჩაუდენიათ. ეს ჰგავს ზოგიერთ ადგილებში დღემდე გავრცელებულ სისხლის აღების წესს; უნდა მოკვდეს არა მხოლოდ დამნაშავე, არამედ მთელი მისი მოდგმა. მაგრამ ტრაგედია იმაშია, რომ მთელი კაცობრიობის სიკვდილიც კი ვერ დაამშვიდებს ღმერთის შეურაცხყოფილ ღირსებას. ეს შელახული პატივი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ სასჯელს მისივე ღირსებისა და სიმაღლის არსება დაექვემდებარება. ასე, რომ საკუთარი ღირსებისა და აგრეთვე კაცთა მოდგმის გადასარჩენად საჭირო იყო თავად ღმერთის, მისი მხოლოდშობილი ძის განხორციელება, რომელიც თავისი მსხვერპლშეწირვით აღადგენდა ღმერთის შელახულ პატივს.
IV
ეს იურიდიულ-წარმართული წარმოდგენა ღმერთის სამართლიანობის შესახებ, რომლის მრისხანების დასაოკებლად საჭიროა მუდმივი მსხვერპლი, აშკარად აქცევს ღმერთს ადამიანთა უზენაეს მტრად და ჩვენი ამქვეყნიური თუ მარადიული უბედურების მიზეზად. ასევე ცხადია, რომ ამგვარი სამართლიანობა წმინდა იურიდიული კუთხითაც ვერ უძლებს კრიტიკას, რადგან ისჯებიან ისინი, ვისაც არანაირი ბრალი არ მიუძღვის წინაპართა ცოდვაში (წმ. კირილე ალექსანდრიელი, PG 74. 788-789). ხოლო თუ ვიტყვით, რომ ისინი თავისი ცოდვების გამო ისჯებიან, რა დააშავეს მაშინ ჩვილმა ბავშვებმა, რომელთაგან ზოგი ისე კვდება ამ ქვეყნისთვის თვალის შევლებასაც კი ვერ ასწრებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იმას რასაც სამართლიანობას ეძახიან, სინამდვილეში ყველაზე სასტიკი სახის შურისძიება შეიძლება დაერქვას მხოლოდ. ქრისტეს სიყვარული და ჯვარზე აღსრულებული მისი მსხვერპლი კი მთელ თავის აზრსა და თანამიმდევრულობას კარგავს იმ გიჟურ მოძღვრებაში, სადაც ღმერთი კლავს ღმერთს, რათა ღმერთის ე. წ. სამართლიანობა დაკმაყოფილდეს.
განა აქვს რაიმე საერთო სამართლიანობის ამგვარ გაგებას, იმ სამართლიანობასთან რომელიც ღმერთმა გამოგვიცხადა? განა ასეთი მნიშვნელობით იხმარება სიტყვები “ღმერთის სამართლიანობა” ძველსა და ახალ აღთქმაში?
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ საღმრთო წერილში სიტყვის “სამართლიანობა” თარგმანისას გაჩნდა ბერძნული შესატყვისი – “დიკეოსინი”, რაც ნიშნავს- თანაბრად განაწილებას, ამიტომაცაა, რომ დღემდე მართლმსაჯულების სიმბოლოდ სასწორი მიიჩნევა. ამ სასწორით აღჭურვილი სამართლიანი საზოგადოება აჯილდოვებს კეთილთ და სჯის ბოროტებს. ეს გახლავთ ადამიანური სამართლიანობა და მისი ინსტრუმენტი სასამართლო. მაგრამ განა ასეთია ღმერთის სამართლიანობა?
სიტყვა “დიკეოსინი” – სამართლიანობა, არის თარგმანი ებრაული სიტყვისა “ცედაკა”. ეს სიტყვა აღნიშნავს – “საღმრთო ენერგიას, რომელიც კაცთა ცხოვნებას აღასრულებს”. შინაარსით მისი უახლოესი და სინონიმური სიტყვაა – “ჰესედ”, რაც მოწყალებას, თანალმობას, სიყვარულს ნიშნავს. ასევე სინონიმური სიტყვაა – “ემეთ”, რაც ერთგულებას, სიმართლეს ნიშნავს. როგორც ხედავთ, ეს სიტყვები სრულიად სხვა განზომილებას ანიჭებს სამართლიანობას, როგორც რელიგიურ ტერმინს. აი, ამ შინაარსით ესმოდა ყოველთვის ქრისტეს ეკლესიას ღმერთის სამართლიანობა. ასე ასწავლიდნენ წმიდა მამები ღმერთის სამართლიანობის შესახებ. “ნუთუ შეგიძლია ღმერთს სამართლიანი უწოდო?” – წერს წმ. ისააკ ასური, “როდესაც კითხულობ იმ ადგილს სახარებიდან, სადაც ერთნაირი სასყიდელი მიიღეს სხვადასხვა დროს მისულმა ვენახის მუშაკებმა?”. “მე მნებავს უკანასკნელსა ამას მიცემად ვითარცა შენ, რომელი პირველითგან ჟამისა დაჰყევ ჩემთანა, არამედ თვალი შენი ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ”. “როგორ ვუწოდოთ ღმერთს სამართლიანი?” – აგრძელებს წმ. ისააკი, “როდესაც წაიკითხავ იგავს უძღები შვილის შესახებ, რომელმაც მთელი თავისი სიმდიდრე აღვირახსნილი ცხოვრებით გაფლანგა, და მიუხედავად ამისა, როდესაც შეინანა, მამა მიეგება მას, კისერზე მოეხვია და დაადგინა მთელი თავისი ქონების განმგებელად? და თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამაში, გავიხსენოთ რომ ყოველივე ეს ძე ღვთისამ გამოგვიცხადა თავისი მამის შესახებ და სწამა მისთვის. მაშ სადღა არის აქ ღმერთის სამართლიანობა, რამეთუ როდესაც ჩვენ ვცოდავდით, ქრისტე მოკვდა ჩვენთვის!” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 90, 1854 წლის, რუსული გამოცემის მიხედვით).
სრულიად ნათელია, რომ ღმერთი არ არის სამართლიანი ამ სიტყვის ადამიანური გაგებით. მისი სამართლიანობა მის წყალობასა და სიყვარულს აღნიშნავს, რომელსაც ის სრულიად არასამართლიანად გასცემს. ღმერთი ყოველთვის გასცემს და არაფერს ითხოვს სანაცვლოდ. ის გასცემს ჩვენნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოვლად უღირსნი ვართ ამის მისაღებად. ზუსტად ამიტომ გვასწავლის წმიდა ისააკი: “ნუ უწოდებ ღმერთს სამართლიანს, რამეთუ მისი სამართლიანობა არანაირად არ გამოიხატება შენთან მიმართებაში. და თუ დავითი უწოდებს მას სამართლიანს და მართალს, მისმა საკუთარმა ძემ გამოგვიცხადა რომ ის არის კეთილი და სახიერი.” “ის კეთილია” დასძენს აბბა ისააკი, “ბოროტთა და უწმიდურთა მიმართაც.”
სახიერი ღმერთი კეთილია მათ მიმართაც, ვინც უგულებელყოფს, არ ემორჩილება და ყურადღებასაც არ აქცევს მას. ის არასოდეს უბრუნებს ბოროტს ბოროტებით, არასოდეს იძიებს შურს. მისი სასჯელი სიყვარულითაა აღსავსე და მხოლოდ ჩვენს გამოსწორებას ისახავს მიზნად. მან ყოველივე კეთილად შექმნა. გარეული მხეცებიც კი ცნობენ თავის ბატონად იმ ქრისტიანს, რომელიც თავის თავმდაბლობით მიემსგავსება ღმერთს, ისინი მას შიშით კი არა, სიყვარულითა და მორჩილებით ხვდებიან, მადლიერებით ემსახურებიან მას. უგუნურმა მხეცებმაც კი იციან, რომ მათი შემოქმედი არ არის ბოროტი და შურისმაძიებელი, არამედ ის სიყვარულია. მან ჩვენ დაგვიფარა და გვაცხოვნა როდესაც დავეცით. მარადიულ ბოროტებას არაფერი საერთო არა აქვს ღმერთთან. ის გამომდინარეობს მისი თავისუფალი, გონიერი ქმნილებების ნებიდან, ნებიდან რომელსაც იგი პატივს სცემს.
ღმერთს ჩვენ არ დაუსჯივართ სიკვდილით, ეს ჩვენ ჩავვარდით მასში საკუთარი არჩევანითა და ნებით. ღმერთი სიცოცხლეა და სიცოცხლე თავადაა ღმერთი. ადამიანი კი აუჯანყდა ამ ჭეშმარიტ სიცოცხლეს და თავად ჩაუკეტა კარი მის ცხოველმყოფელ მადლს. “რამდენადაც განვეშორეთ სიცოცხლეს”, ამბობს წმ. ბასილი დიდი, “იმდენად მიუახლოვდით სიკვდილს, რადგან ღმერთია სიცოცხლე და სიცოცხლის მოკლება არის სიკვდილი”. “სიკვდილი არ შეუქმნია ღმერთს, ის ჩვენ თავად დავბადეთ ჩვენში. მაგრამ ღმერთმა არ შეაჩერა სიკვდილისა და ხრწნადობის ტირანია ჩვენზე, რათა დაცემა და სნეულება არ გამხდარიყო ჩვენში მუდმივი და უკვდავი” (წმ. ბასილი დიდი. ”Творения”. Т. II. стр. 156). “სიკვდილი ღვთისგან განშორებაა, ისევე როგორც ნათლისაგან განშორება არის სიბნელე, მაგრამ ნათელი ჭეშმარიტი როდი გვსჯის ჩვენ წყვდიადით”. (წმ. ირინეოს ლიონელი. ”Против Ересей”. кн. 5. гл. 27). “სხეულის სიკვდილი შედეგია ღვთისგან განშორებისა, რადგან სიცოცხლე არის ის, ვინც თქვა: “მე ვარ ცხოვრება”. (წმ. მაქსიმე აღმსარებელი).
მაგრამ რატომ დაატყდა სიკვდილი მთელ კაცობრიობას? რატომ კვდებიან ადამივით ისინი, ვისაც არ შეუცოდავს ადამთან ერთად? ამაზე გვპასუხობს წმ. ანასტასი სინაელი: “ჩვენ მემკვიდრეები ვართ ადამის წყევისა, მაგრამ იმისთვის კი არ ვისჯებით, რომ ადამთან ერთად დავარღვიეთ საღმრთო მცნება, არამედ იმიტომ, რომ ადამი გახდა რა მოკვდავი ღვთისაგან განშორების გამო, ჩვენ მის მოდგმას, მემკვიდრეობით გადმოგვცა ცოდვისადმი მიდრეკილება. ჩვენ გავხდით მოკვდავნი, რადგანაც დავიბადეთ მოკვდავისაგან. “მოუსმინოთ წმ. გრიგოლ პალამას: “ღმერთს არ უთქვამს ადამისთვის: “იქეც იმათ, რისგანაც შეგქმენი”; არამედ უთხრა:”მიწა ხარ და მიწადვე იქცევი”. მას არ უთქვამს:”მოკვდი იმ დღეს, ოდეს იგემო ამისგან”, არამედ უთხრა: “ოდეს გემო იხილო მოკვდები”, ანუ ამ სიტყვებით მხოლოდ წინასწარ გააფრთხილა, მაგრამ არც ხელი შეუშლია იმისთვის რაც მოხდა, რადგან არ შეეძლო ადამის თავისუფლების ხელყოფა” (PG. 96, 612 a). ასე, რომ სიკვდილი არა ღმერთის სურვილით, არამედ ადამის ურჩობით შემოვიდა კოსმოსში, რადგან ადამმა თავად გაწყვიტა კავშირი სიცოცხლის წყაროსთან, ღმერთი კი თავისი სიყვარულით ყოველთვის აფრთხილებდა მას.
“სიბრძნის ხე თავის თავად კეთილი იყო და მისი ნაყოფიც აგრეთვე იყო კეთილი. რამეთუ ხეში კი არა, არამედ ურჩობაში იყო სიკვდილი. და სიბრძნე მხოლოდ მაშინაა სასარგებლო, როდესაც მას გონივრულად გამოიყენებ” (წმ. თეოფილე ანტიოქიელი). სიბრძნის ხის ნაყოფი მხოლოდ დროებით იყო აკრძალული, რადგან ადამი სულიერად ჯერ ჩვილი იყო, ხოლო ჩვილისთვის ყველანაირი საკვების მიღება როდია სასარგებლო. სიბრძნის ხე სწორედ ადამისთვის იყო ჩანერგილი, მაგრამ მისი ნაყოფი მკვრივი იყო, მაშინ როდესაც ადამს ჯერ მხოლოდ რძის მიღება შეეძლო.
ასე, რომ საღმრთო წერილის ენაზე, სიტყვა “სამართლიანობა” ნიშნავს სახიერსა (კეთილს) და სიყვარულით აღსავსეს. ასევე სიტყვა “მართალი”, რომელიც ხშირად გვხვდება ბიბლიაში, იმას კი არ ნიშნავს, რომ კარგ მოსამართლეზეა საუბარი, არამედ კეთილ, კაცთმოყვარე და ღვთისმოყვარე ადამიანზე. ეს ნათლად ჩანს თუნდაც მართალი იოსებ დამწინდველის მაგალითზე: “ხოლო იოსებ ქმარი ამისი მართალი იყო და არა უნდა განმხილება მისი, იზრახა ფარულად განტევება მისი’’ (მათე. 1, 19), ანუ გულმოწყალება გამოიჩინა და არ გაახმაურა მარიამის ფეხმძიმობა, რაც სჯულით ევალებოდა და რასაც მარიამის ჩაქოლვა მოჰყვებოდა. ე. ი. ამ შემთხვევაშიც სიტყვა “მართალი’’ არა იურიდიულად სამართლიანს არამედ მოწყალესა და დიდსულოვანს აღნიშნავს. როდესაც ვამბობთ, რომ ღმერთი სამართლიანია, ის კი არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ის ობიექტური მოსამართლეა, რომელმაც კარგად იცის თუ როგორ დასაჯოს ადამიანი თავისი ცოდვების სიმძიმის მიხედვით, არამედ პირიქით მის მოწყალებას არა აქვს საზღვარი, ის ყოვლად კეთილი და მოსიყვარულეა, არასოდეს პასუხობს ბოროტებას ბოროტებით, მოგვიტევებს ჩვენ ცოდვებს და ყველა საშუალებას ხმარობს ჩვენი გამოსწორებისა და განკურნებისთვის. ის მუდამ თავისკენ მოგვიწოდებს, რათა მარადიული ნეტარებისთვის მოამზადოს და გაამშვენიეროს ჩვენი სულიერი პორტრეტი.
V
ჩვენამდე მოაღწია მე-4 საუკუნის ბრწყინვალე ტექსტმა, რომელიც დიდ მეუდაბნოესა და ქრისტიანული ასკეზის დამფუძნებელს წმ. ანტონი დიდს ეკუთვნის:
“ღმერთი კეთილია, უვნებო და უცვლელი. მაგრამ იბადება კითხვა:თუ ჩვენ ვამბობთ, რომ იგი ხარობს კეთილთა შემხედვარე, წყალობს მათ ვინც მას პატივს მიაგებს და ზურგს აქცევს იმათ, ვინც ბოროტია და მრისხანეა ცოდვილთა მიმართ, მაშ როგორღაა ის უვნებო? ამაზე ვპასუხობთ: ღმერთს არც უხარია და არც მრისხანებაში ვარდება, რამეთუ ორივე – სიხარულიცა და მრისხანებაც არის ვნება; ღმერთის განწყობა არც მის თაყვანისმცემელთა მიერ მიგებულ პატივზეა დამოკიდებული, რადგან ამ შემთხვევაში ის სიამოვნების გავლენის ქვეშ მოექცეოდა, ღვთაება კი სიამოვნებას არ განიცდის. ღმერთი კეთილია და მხოლოდ წყალობას იქმს, ის არავის ვნებს და ყოველთვის უცვალებლად ჰგიებს, უცვლელია; ჩვენ კი ადამიანები, როდესაც კეთილები ვართ და ამით ღმერთს ვემსგავსებით, უმალ ერთობაში ვართ მასთან, ხოლო როდესაც ბოროტებას ჩავდივართ, უმალ განვეშორებით მას, რადგან საერთო აღარაფერი გვაქვს მაშინ მასთან. კეთილგონიერი ცხოვრებით ჩვენ ღვთის შვილნი ვხდებით, ხოლო გაბოროტებულნი თავად განვეშორებით და ზურგს ვაქცევთ მას; და არა იმიტომ, რომ ის განრისხდა და მიგვატოვა, არამედ იმიტომ, რომ ჩვენი ცოდვების სიბნელე უშლის ხელს გაბრწყინდეს ღმერთს ჩვენში თავისი ნათელით. ასეთ მდგომარეობაში კი ბნელი ძალები ისადგურებენ ჩვენში. მაგრამ თუ ლოცვითა და მოწყალებით კვლავ მივცემთ საშუალებას საღმრთო მადლს გაფანტოს ცოდვათა ჩვენთა წყვდიადი; ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამით ღმერთს ვასიამოვნეთ და მისი ჩვენდამი განწყობა შევაცვლევინეთ, არამედ იმას, რომ ამგვარი ქმედებით ჩვენში არსებულ ბოროტებას ვუმკურნალეთ და კვლავ მოვიპოვეთ უნარი, რათა ღვთაებრივი სახიერების გემო გაგვეგო. ასე, რომ იმის თქმა, თითქოს ღმერთი ზურგს აქცევს ცოდვილს, იგივეა, რაც იმის თქმა: ბრმა იმიტომ ვერ ხედავს, რომ მზე მას ემალებაო!” (“Добротолюбие”. т. I).
VI
აი, რა ცილი დასწამა ღმერთს სქოლასტიკურმა თეოლოგიამ, რა სიცრუე მიაწერეს მას ავგუსტინემ, ანსელიმმა, თომას აქვინელმა და ყველა მათმა მოწაფემ. ზუსტად ისინი არიან ფუძემდებლები დასავლური ღვთისმეტყველებისა, როგორც კათოლიკურის, ასევე პროტესტანტულის. სწორედ მათ მიუძღვით ბრალი ღმერთის შესახებ დამახინჯებული შეხედულებების გავრცელებაში. ცხადია, ისინი პირდაპირ არ ამტკიცებდნენ, რომ ღმერთი სასტიკი და ვნებებს დაქვემდებარებული არსებაა, მაგრამ თვლიდნენ, რომ იგი მიჯაჭვულია რაღაც უზენაეს ძალაზე – ბრმა და დაუნდობელ საჭიროებაზე, მსგავსად იმ ძალისა, რომელიც მართავდა წარმართულ “ღმერთებს”. ეს აუცილებელი საჭიროება აიძულებს ღმერთს, რომ ბოროტებას ბოროტებითვე უპასუხოს, მას არ შეუძლია დაივიწყოს და აპატიოს მის წინაშე ჩადენილი დანაშაული, თუ ამის სანაცვლოდ გამუდმებულ მსხვერპლშეწირვებს არ მიიღებს, რაც დააცხრობს მის წყენას და დააკმაყოფილებს მის შეურაცხყოფილ ღირსებას. აქ ჩვენ მივადექით მეტად მნიშვნელოვან საკითხს – ელინური წარმართობის პარაზიტულ ზეგავლენას ქრისტიანულ აზროვნებაზე.
სწორედ წარმართული აზროვნება იყო წყარო ყველა მწვალებლობისა, ანუ ღმერთის შესახებ სწავლების დამახინჯებისა. ეს აზროვნება ძალიან ძლიერი იყო აღმოსავლეთში, ყველა ფილოსოფიური და რელიგიური მიმდინარეობების გზაჯვარედინზე. მაგრამ, როგორც საღმრთო წერილში წერია: “სადაცა სჭარბობს ცოდვა, მით უფრო გარდაემატება მადლი”. როდესაც ძლიერდებოდა მწვალებლობები, ასევე ძლიერდებოდა და ყვაოდა ჭეშმარიტი მოძღვრება ღმერთზე. და თუმცა ეს უკანასკნელი ამა სოფლის ძლიერთა მიერ ყოველთვის იდევნებოდა, საბოლოოდ ის მაინც გამარჯვებული გამოდიოდა. დასავლეთში, აღმოსავლეთისაგან განსხვავებით, ელინურმა წარმართულმა აზროვნებამ სრულიად დაუბრკოლებლად შეაღწია, მას იქ აშკარა მწვალებლობის იერი არ მიუღია. მან დასავლეთში ძირითადად ავგუსტინე ჰიპონელის უამრავი ლათინურენოვანი ნაშრომების მეშვეობით შეაღწია. წმიდა იოანე კასიანე რომაელი, რომელიც იმ დროს დასავლეთში მოღვაწეობდა, მიხვდა, თუ რა საშიშროებას შეიცავდა ავგუსტინეს ზოგიერთი სწავლება და შეუპოვრად იბრძოდა ამ შეხედულებათა წინააღმდეგ. ავგუსტინე ლათინურ ენაზე წერდა საკმაოდ დიდი მოცულობის ნაშრომებს, რამაც ეკლესიის სხვა მამებს არ მისცა მათი შესწავლის შესაძლებლობა, მათმა უმეტესობამ აღმოსავლეთში ლათინური უბრალოდ არ იცოდა, ამიტომაც მისი არასწორი შეხედულებები არ იქნა შესწავლილი და დაგმობილი აღმოსავლეთში. ამ გარემოებამ კი განაპირობა ის, რომ მოგვიანებით ავგუსტინეს ნაშრომებმა ძლიერი ზეგავლენა მოახდინა დასავლურ აზროვნებასა და თეოლოგიაზე. დადგა დრო, როდესაც დასავლეთში აღარავინ იცოდა ბერძნული და შესაბამისად, დასავლეთი მოაკლდა კაპადოკიელების, ალექსანდრიელებისა და ანტიოქიელების უდიდეს საღვთისმეტყველო სიბრძნეს. ავგუსტინეს წიგნები აღმოჩნდა დასავლეთში გასაგებ ენაზე დაწერილი ერთადერთი ძველი დროის ნაშრომები. შესაბამისად, დასავლეთმა მიიღო ისეთი ქრისტიანული შეხედულებანი, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ წარმართული იყო. ყოველივე ამის შედეგად დასავლეთი ჰუმანისტურ, წარმართულ აზროვნებაში ჩაიძირა.
სინამდვილეში, დაპირისპირება მართლმადიდებლობასა და დასავლურ ქრისტეანობას შორის სხვა არაფერია თუ არა გაგრძელება დაპირისპირებისა ისრაელსა და ელადას შორის.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიის მამები თავს თვლიდნენ აბრაამის სულიერ შვილებად, რომ ეკლესიას თავი მიაჩნდა ახალ ისრაელად და ღვთის ერად, ხოლო ეკლესიის შვილებს – ნათანაელად ანუ ჭეშმარიტ ისრაიტელებად. და როდესაც აღმოსავლეთის ქრისტეანობა ასეთი ცნობიერებით ცხოვრობდა, დასავლეთი სულ უფრო და უფრო ხდებოდა პირმშო წარმართული, ჰუმანისტური საბერძნეთისა და რომისა.
VII
რა არის ისრაელისა და წარმართობისა ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი? გთხოვთ ყურადღება მიაპყროთ ამ მნიშვნელოვან საკითხს: განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ისრაელს სწამს ღმერთის.
წარმართობას სწამს ქმნილებისა (სამყაროსი). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქმნილება წარმართობაში გაღმერთებულია. წარმართებისთვის, ღმერთი და ქმნილება ერთი და იგივეა. ღმერთი უპიროვნებოა და განსახიერებულია მრავალი “ღმერთებით”.
ხოლო ისრაელი (და როდესაც ვამბობთ ისრაელს, ვგულისხმობთ ჭეშმარიტ ისრაელს, აბრაამის სულიერ შვილებს, მათ რომლებიც ინახავენ სარწმუნოებას მოცემულს ღმერთის მიერ თავისი რჩეული ხალხისადმი, და არა მათ ვინც მიატოვა ეს სარწმუნოება. აბრაამის ჭეშმარიტი შვილები არის ეკლესია ქრისტესი, და არა ის ხორციელი შთამომავლები, ებრაელთა ერი) აღიარებს, რომ ღმერთი და მისი ქმნილება არის ორი სრულიად განსხვავებული რამ. ღმერთი არის თვითმყოფადი, პიროვნული, მარადიული, უკვდავი, სიცოცხლე და წყარო სიცოცხლისა. ის თავად არის არსებობა და წყარო ცხოვრებისა. ის არის ერთადერთი ჭეშმარიტი არსებობა. “მე ვარ, რომელი ვარ” გამ. 3:14, ასე განუცხადა თავი უფალმა მოსეს შეუწველი მაყვლიდან. ის არის ერთადერთი რომელიც ჭეშმარიტად არსებობს.
ქმნილებას, ღმერთისგან განსხვავებით, არ გააჩნია თვით-არსებობის უნარი. ის სრულიად დამოკიდებულია ღმერთის ნებაზე. ის არსებობს მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთს სურს რომ ის არსებობდეს. ის არ არის მარადიული. იყო დრო როდესაც ქმნილება არ არსებობდა. ის იყო ნული, ის არაფერი არ იყო. ქმნილებას თავის თავად არ გააჩნია არსებობის ძალა, ის არსებობს ღმერთის ენერგიის წყალობით. თუ ღმერთის ეს სიყვარულით აღსავსე ენერგია ოდესმე შეწყდება, მთელი ქმნილება და ყოველი შექმნილი არსება, გონიერი თუ უგონო, მოაზროვნე თუ აზროვნებას მოკლებული გაქრება არარსებობაში. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ღმერთის სიყვარული მისი ქმნილებისადმი უსასრულოა. ჩვენ მისგანვე ვიცით, რომ ის არასდროს დაუშვებს რომ ჩვენ ჩავვარდეთ იმ არარსებობაში, რომლიდანაც მოგვიყვანა მან არსებობაში. ეს არის ჩვენი სასოება და ჩვენ ვიცით რომ ღმერთი ყოველთვის ერთგულია თავის დაპირებებში. ჩვენ შექმნილი არსებები, ანგელოზები და ადამიანები, ვცხოვრობთ მარადიულად არა იმიტომ რომ ჩვენში არსებობს მარადიულობის რაღაც ძალა არამედ იმიტომ რომ ასეთია ნება ღმრთისა რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ. ჩვენ ბუნებას არ გააჩნია სიცოცხლისა და არსებობის უმნიშვნელო ენერგიაც; ხოლო რაც კი გაგვაჩნია მთლიანად მომდინარეობს ღვთისაგან, ჩვენი საკუთარი აქ არაფერი არ არის. ჩვენ ვართ მიწის ჭუჭყი, და როდესაც ეს ჩვენ დაგვავიწყდა, ღმერთმა თავისი მოწყალებით დაუშვა რომ დავბრუნებულიყავით იქ საიდანაც წარმოვიშვით, რათა ამით გვესწავლა სიმდაბლე და ზუსტად გვცოდნოდა ჩვენი არარაობა (წმ. იოანე დამასკელი).
ეკლესიის ეს სწავლება, მის მსახურებებშიც ნათლად ჩანს, სადაც უამრავჯერ ვხვდებით, ღმრთისადმი მიმართულ შემდეგ სიტყვებს “მხოლოო უკვდავო” ან “შენ რომელი მხოლოო ხარ უკვდავი” ან “რომელსა მხოლოსა გაქვს უკვდავება”.
ეს არის სარწმუნოება ისრაელისა.
ხოლო რა არის წარმართობა? წარმართობა ღმერთთან შეწყვეტილი ურთიერთობის შედეგია. აურაცხელი ცოდვებისა და სისასტიკის, სულმოკლეობისა და სიცრუის გამო ადამიანს აღარ ძალუძს იხილოს ღვთაებრივი ნათელი, ჰქონდეს ურთიერთობა ცოცხალ ღმერთთან. და შესაბამისად მან ის სამყარო გააღმერთა, რომელსაც ყოველდღე ხედავს. წარმართობას მიაჩნია, რომ ქმნილი სამყარო თვითმყოფადი და უკვდავია, რომ იგი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. წარმართული ღმერთები, ანუ კერპები ამ სამყაროს ნაწილია, მათ თავად არ შეუქმნიათ სამყარო არაფრისგან, მათ მხოლოდ ფორმა მისცეს უკვე არსებულ მატერიას. მატერია სხვადასხვა ფორმებს ღებულობს, რომლებიც იქმნება და ქრება, მაგრამ თავად მატერია მარადიულია. ადამიანთა სულები, დემონები – აი ნამდვილი ღმერთები წარმართობაში, ისინი თავისთავად უკვდავნი არიან, როგორც მატერია. მაშასადამე წარმართობა ქმნილებას მიაწერს ღვთაებრივ თვისებებს, როგორიცაა: მარადიულობა, თვითმყოფობა. ანუ ღმერთი არის ადამიანი, რადგან ის სულიერი არსებაა და მარადიულია თავისი ბუნებით, იგი თვით მატერიასაც აღემატება. ამიტომაა ასეთი ამპარტავნებითა და ნარცისიზმით გამსჭვალული წარმართული ცივილიზაცია, მისი ფილოსოფია და კულტურა. წარმართული რელიგია საკუთარი თავის თაყვანისცემაა აქ ღმერთებს ადამიანური თვისებები აქვთ, ყველა თავისი მანკიერებით. ელინისტური რელიგია ადამიანის თაყვანისცემაა, რომლის მრწამსია ის, რომ კაცობრიობას არ სჭირდება პიროვნული ღმერთი, რადგან თავად ადამიანები არიან ღმერთები. ძველ საბერძნეთში წარმოუდგენელია თავმდაბლობის, როგორც სათნოების აღქმა. “წყენაზე პასუხის არ გაცემა არის მდაბიო და უღირსი ადამიანის, მონის საქციელი” – ამბობს არისტოტელე. ადამიანი, რომელიც დემონმა დაარწმუნა, იმაში რომ მისი სული თავისი ბუნებით უკვდავია, ვერასოდეს შეძლებს იყოს თავმდაბალი, ვერ შეძლებს იწამოს ღმერთი, რადგან ის სრულიად არ სჭირდება, ის ხომ თავის წარმოდგენაში თავად არის ღმერთი. მოციქულთა უშუალო მოწაფეები, პირველი საუკუნეების ეკლესიის მამები, რომელთაც ჰქონდათ უშუალო შეხება წარმართულ მსოფლმხედველობასთან, ესმოდათ, რა ამ უგუნური შეცდომის საშიშროება, ოდითგანვე აფრთხილებნენ ქრისტიანებს: “სწავლება, თითქოს ადამიანის სული თავისი ბუნებით უკვდავია არის დემონის სიცრუე” (წმ. ირინეოს ლიონელი, “სამოციქულო ქადაგების მტკიცებულება”, III, 20. 1). იგივე გაფრთხილებას ვხვდებით წმ. იუსტინე მარტვილთან (“დიალოგი ტრიფონთან” 6. 1-2), თეოფილე ანტიოქიელთან (“ავტოლიკესადმი”, 2. 97), ტატიანესთან, (“წარმართთა მიმართ”, 13) და ა. შ.
“ცდება ის, ვისაც ჰგონია, რომ ადამიანის სული უკვდავია თავისთავად და რადგან იგი არამატერიალურია ამიტომ არ დაისჯება ჩადენილი ცოდვების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ ის, რაც არამატერიალურია იმავდროულად უგრძნობელიცაა, და შესაბამისად ადამიანის სული აღარაფერს საჭიროებს ღმერთისგან” (წმ. იუსტინე ფილოსოფოსი, “დიალოგი ტრიფონთან”, 1).
წარმართობა ჭეშმარიტი ღმერთის უგულებელსყოფაა. ის ამბობს, რომ შექმნილი სამყარო თავადაა ღმერთი, მაგრამ ეს “ღმერთი”, ანუ ბუნება- უპიროვნო, ბრმა ძალაა, რომელიც თვითოეულ წარმართულ ღმერთზე მაღლა დგას და მას საჭიროება, ბერძნულად “ანანგი” ჰქვია. სინამდვილეში ეს ყოვლადძლიერი საჭიროება არის ადამიანური ფანტაზიის ნაყოფი, მათემატიკური საჭიროება, რომელიც საოცარი სიზუსტით მართავს სამყაროს. აი, ეს არის რაციონალიზმის ბატონობა ბუნებაზე. ეს რაციონალური საჭიროება არის კიდევაც წარმართული სამყაროს ნამდვილი უზენაესი, მაგრამ ბრმა ღმერთი. სხვა წარმართული ღმერთები ამ სამყაროს შემადგენელი ნაწილები არიან და უკვდავნი არიან, რადგან უკვდავია თავად ბუნება, რომელიც მათ არსს შეადგენს. ამდაგვარ წარმართულ აზროვნებაში ადამიანს სჯერა, რომ მისი სული თავისთავად, შემოქმედი ღმერთისგან დამოუკიდებლად არის უკვდავი, რადგან ის ნაწილია სამყაროს არსისა, რომელიც წარმართობაში უკვდავად და თვითარსად ითვლება. ასე, რომ ადამიანი თავადაა ღმერთი და ყველაფრის საზომი. მაგრამ ყველაზე უცნაური აქ ის არის, რომ თავად ღმერთებიც არ არიან თავისუფალნი, მათ რაღაც აუცილებელი, გარდაუვალი საჭიროება მართავს; უპიროვნო, ბრმა საჭიროება!
VIII
სწორედ ეს წარმართული მოსაზრება შეერია ქრისტიანულ სწავლებას სხვადასხვა მწვალებლობათა მეშვეობით. ასე მაგალითად დასავლეთში დაიწყეს ზღვარის გავლება სულსა და მატერიას შორის. ჩათვალეს რა სული თავისთავად უკვდავად, გადაწყვიტეს, რომ ადამიანის არსებობა სიკვდილის შემდეგ არის არა “ძილი ხელთა ღვთისათა”, არამედ სრულფასოვანი არსებობა ადამიანისა, რომელსაც მკვდრეთით აღდგომა ვეღარაფერს შეჰმატებს და ამიტომაც საჭიროება აღდგომის აუცილებლობისა საეჭვო გახდა. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის დღესასწაული მეორე პლანზე გადადის, რამეთუ მისი მნიშვნელობა დასავლეთში გაუგებარი ხდება ისევე, როგორც გაუგებარი და მიუღებელი იყო პავლე მოციქულის ქადაგება ათინელთათვის ქრისტეს აღდგომის შესახებ.
მაგრამ წარმართული აზროვნების ზეგავლენა, ყველაზე უფრო, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის შესახებ სწავლებას დაეტყო. დასავლეთში რელიგიურმა მოაზროვნეებმა დაიწყეს მსჯელობა, იმის შესახებ, რომ თითქოს ღმერთი ექვემდებარება რაღაც საჭიროებას, რაციონალურ საჭიროებას. ამ საჭიროების კონტექსტში, სავსებით ლოგიკური ხდება იურიდიული კონცეფცია ღმერთის სამართლიანობის შესახებ. კერძოდ ის, რომ ღმერთს საჭიროებამ აიძულა დაესაჯა ადამიანი ურჩობისთვის. მან ვერ შეძლო პატიება რადგან ზემდგომი საჭიროება შურისძიებას მოითხოვდა. სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე ღმერთი ვერ გამოხატავს ამ თვისებებს, რადგან იძულებულია რომის სამართლის მიხედვით აღასრულოს მართლმსაჯულება და საკუთარი თავის, სიყვარულის წინააღმდეგ მიდის. ერთადერთი რაც მას შეუძლია ადამიანებისთვის გააკეთოს, არის ის, რომ დასაჯოს სიკვდილით საკუთარე ძე ადამიანთა მაგივრად, და ამით ეს იურიდიულად აუცილებელი საჭიროება დააკმაყოფილოს. თავად ღმერთს არ ძალუძს უშუალოდ შევიდეს კონტაქტში ისეთ მდაბიო არსებასთან, როგორიც ადამიანია. ამ თემაზე კამათი ჯერ კიდევ ავგუსტინეს დროს დაიწყო, რომელიც წერდა, რომ მოსეს ღმერთი კი არა, ანგელოზი ელაპარაკებოდაო. ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის შესახებ სრულიად საწინააღმდეგო სწავლება იყო აღმოსავლეთში, ამის დასტურია კაპადოკიელი მამების საღვთისმეტყველო ნაშრომები, თუნდაც წმ. გრიგოლ ნოსელის “მოსეს ცხოვრება” და სხვა.
IX
ასეთი ტრიუმფალური გამარჯვებები მოიპოვა წარმართულმა აზროვნებამ სხვადასხვა მიმართულებით. და აი, ორიგენეც, როგორც ჭეშმარიტი ელინისტი მიდის იგივე დასკვნამდე: ღმერთი საჭიროების გამო გვევლინება, როგორც მსაჯული. ის იძულებულია დასაჯოს, შური იძიოს, გააგზავნოს ადამიანები ჯოჯოხეთში, რომელიც ამ მიზეზით მანვე შექმნა, რომ ჯოჯოხეთი არის სასჯელი, რომელსაც მოითხოვს სამართლიანობა. ხოლო ეს სამართლიანობა არის მოთხოვნა იმ აუცილებელი საჭიროებისა, რომელსაც ვალდებულია დაემორჩილოს ღმერთი. არსებობს უზენაესი ძალა, საჭიროება, რომელიც არ აძლევს ღმერთს უფლებას უპირობოდ უყვარდეს ადამიანი. მაგრამ ორიგენე ქრისტიანი იყო, მან კარგად იცოდა, რომ ღმერთი სავსეა სიყვარულით. მაშ, როგორღა შეიძლება იმ აზრის შეგუება, რომ მოსიყვარულე ღმერთი მარადიულად სჯის ადამიანებს ჯოჯოხეთში? თუ ღმერთი არის შემქმნელი ჯოჯოხეთისა, მაშინ ჯოჯოხეთის ტანჯვას უსათუოდ ექნება დასასრული, წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არ ყოფილა კეთილი და მოსიყვარულე. ეს იურიდიული წარმოდგენა ღმერთის შესახებ, როგორც მასზე ზემდგომი ძალის ინსტრუმენტისა, საჭიროების ხელში, თავის ლოგიკურ გამოსავალს პოულობს სწავლებაში აპოკატასტისის შესახებ, ანუ მოსაზრებაში, რომ ჯოჯოხეთი განადგურდება და ყველა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი სასტიკია.
წარმართულ-ელინისტური აზროვნება ვერანაირად ვერ ჩასწვდა იმ აზრს, რომ ღმერთი არ არის ჯოჯოხეთის არსებობის მიზეზი, არამედ მის მიერ შექმნილი გონიერი არსებები, ადამიანები არიან მისი არსებობის მიზეზნი. ასევე ვერ მიიღო მან სწავლება ადამიანის, როგორც თავისუფალი არსების შესახებ, რადგან თუ ღმერთი თავად არ არის თავისუფალი, დამოკიდებულია გარკვეულ საჭიროებებზე, მაშინ რანაირად შეეძლო მას თავისუფლება ებოძებინა თავისი ქმნილებისთვის, რადგანაც თავისუფლება ღმერთს ამსგავსებს თავისუფალ ქმნილებებს. წარმართებისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეეძლო ქმნილებას ეთქვა – “არა” ყოვლისშემძლე ღმერთისთვის. თუ ღმერთი მართლაც ყოვლისშემძლეა, მის ქმნილებას არ შეუძლია წინ აღუდგეს მის ნებას. შესაბამისად თუკი ღმერთმა ადამიანებს თავისი მადლი, საღმრთო ენერგიები უბოძა, ადამიანებს არ შეუძლიათ მასზე უარის თქმა. წინააღმდეგ შემთხვევაში ღმერთი არ არის ყოვლისშემძლე. თუკი დაუშვებთ, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ მისი მადლიც შეუქცევადი უნდა იყოს და ადამიანებს არ უნდა შეეძლოთ უარი თქვან მასზე. ის ადამიანები კი რომელთაც არა აქვთ იგი, არა აქვთ იმიტომ, რომ ღმერთმა არ მისცათ მათ. ხოლო მადლის დაკარგვა ანუ ჯოჯოხეთი, მარადიული სიკვდილი მთლიანად ღმერთზეა დამოკიდებული. ეს ღმერთი სჯის ადამიანებს, რომელიც მათ მადლის გარეშე ტოვებს. ამრიგად ღმერთია დასჯილთა მარადიული სიკვდილის მიზეზი. სასჯელი კი ღმერთის მოქმედების, მისი მართლმსაჯულების შედეგია. საბოლოო ჯამში ორიგენე თვლიდა, რომ იმისათვის, რათა ქრისტიანები დავრჩეთ, რომ გვწამდეს ღმერთის სახიერება, უნდა ვირწმუნოთ ჯოჯოხეთის, როგორც დროებითი დისციპლინარული სასჯელის შესახებ. რომ ის დასრულდება, მიუხედავად იმისა, რომ საღმრთო წერილი საპირისპიროს ამბობს ამის შესახებ. ასეთია ერთადერთი ლოგიკური გამოსავალი წარმართული ზეგავლენის მქონე აზროვნებიდან: რადგანაც ღმერთია ჯოჯოხეთის მიზეზი, ჯოჯოხეთი უნდა გაქრეს, სხვაგვარად ღმერთი ბოროტი გამოდის.
X
ორიგენეს და სხვა თეოლოგ-რაციონალისტებს არ შეეძლოთ იმის გაგება, რომ ღვთის მადლის მიღება თუ უარყოფა, მთლიანად გონიერ ქმნილებებზეა დამოკიდებული; რომ ღმერთი, როგორც მზე, ერთნაირად მოჰფენს ნათელს კეთილთაც და ბოროტთაც, ხოლო მის გონიერ ქმნილებებს აქვთ მინიჭებული თავისუფლება, რომ მიიღონ ან უარყონ მისი მადლი და წყალობა, და რომ ღმერთი თავისი სიყვარულიდან გამომდინარე არ აიძულებს ადამიანებს, რომ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ მიიღონ იგი. პირიქით, ღმერთი პატივს სცემს მათ არჩევანს. ის არ აკლებს, ამ არჩევანის გამო, თავის სიყვარულსა და წყალობას, მაგრამ თავად ადამიანთა დამოკიდებულება ღვთის უშრეტი მადლისა და სიყვარულის მიმართ განსაზღვრავს სწორედ სხვაობას სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის. ვისაც ღმერთი უყვარს განიხარებს მასთან ყოფნით, ვისაც არც ღმერთი უყვარს და არც ადამიანი, უკიდურესად უბედურია, რადგან იძულებულია იმის თანდასწრებით იცხოვროს მარადისობაში ვინც სძულს და ვისაც ვერსად დაემალება, რამეთუ ღმერთი ყველგან მყოფობს.
სამოთხე თუ ჯოჯოხეთი? – ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მივიღებთ, როგორ დავხვდებით ღმერთის სიყვარულს; სიყვარულითვე უპასუხებთ მას თუ სიძულვილით. სწორედ ეს არის ის კრიტიკული და განმსაზღვრელი სხვაობა და არჩევანიც მთლიანად ჩვენს თავისუფლებაზეა დამოკიდებული. ამ არჩევანს არ განსაზღვრავს არც მატერიალური და არც ფსიქოლოგიური ფაქტორები, უფრო მეტიც თვით ზნეობრივი მდგომარეობა ანუ ცოდვათა რაოდენობაც არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. მთავარია ჩვენი გულის განწყობა ანუ როგორ ვუყურებთ ამ ცოდვებს (როგორც ეს მეზვერისა და ფარისევლის იგავში ანდა ორი ჯვარცმული ავაზაკის შემთხვევაშია აღწერილი). ეს არჩევანი, ეს თავისუფლება, ეს შინაგანი დამოკიდებულება ჩვენი შემოქმედისადმი არის სწორედ დაფარული ბირთვი ჩვენი მარადიული პიროვნებისა, ჩვენი მთავარი და ყველაზე სიღრმისეული თვისება. ეს არის ის რაც ჩვენს შინაგან პორტრეტს ქმნის მარადისობაში – ნათელს ან ბნელს, მოსიყვარულეს თუ მოძულეს.
არა, ძმებო! ჩვენდა სავალალოდ, სამოთხე ან ჯოჯოხეთი ღმერთზე არ არის დამოკიდებული. ეს რომ ღმერთზე იყოს დამოკიდებული, მაშინ არც აღარაფერი გვექნებოდა სანერვიულო, რადგან როგორღა შეგვეშინდებოდა იმისი, ვინც თავად არის სიყვარული? ეს ღმერთზე კი არა, ჩვენზეა დამოკიდებული და სწორედ ამაშია მთელი ჩვენი ტრაგედია. ღმერთის სურვილია, რომ მისი გონიერი ქმნილება, რომელიც თავის ხატად და მსგავსად შექმნა, მარადიულად თავისუფალი იყოს. ის პატივს სცემს ჩვენ თავისუფლებას და სწორედ ესაა მისი სიყვარულის გამოვლინება ჩვენდამი, რადგან არ არსებობს სიყვარული პატივისცემის გარეშე. და ჩვენ ყოველთვის თავისუფალნი ვიქნებით, ანუ ისეთები, როგორც თავად გადავწყვიტავთ და ამაოდ ვაბრალებთ ჩვენს პრობლემებს ღმერთს. ვიქნებით ისეთები, როგორც მოვისურვებთ – მეგობრები ან მტრები ღვთისა. “ვინც შემოქმედს აყვედრის, რომ ბუნებით უცოდველები არ შეგვქმნა, ის სხვას არაფერს ამბობს ამით, გარდა იმისა, რომ უგუნური ქმნილება გონიერს ჯობიაო” (წმ. ბასილი დიდი. “Творения”. Т. II. стр 156). მრავალი ცვლილება ხდება ადამიანში მთელი ცხოვრების მანძილზე, მის ხასიათში, შეხედულებებში, განწყობებში, მაგრამ ეს ცვლილებები დროებითია. მხოლოდ ჩვენი სიღრმისეული არსი, ჩვენი შინაგანი პორტრეტია მარადიული. ამიტომაა, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც მარადიულია და არასოდეს შეიცვლება ან დაირღვევა, ისევე როგორც არ შეიცვლება გარდაცვალების მომენტისთვის საბოლოოდ ჩამოყალიბებული ჩვენი სიღრმისეული არსი. ყველაფერი გაქრება სიკვდილის შემდეგ, მხოლოდ ჩვენი ნამდვილი სახე დარჩება ჩვენთან ერთად, როდესაც საფლავში მივიძინებთ, და ის იქნება ჩვენი ჭეშმარიტი პორტრეტი საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის ჟამს! ის მარადიულია!
XI
წმ. იოანე კიბისაღმწერელი წერს: “ჩვენს დაცემამდე, დემონები გვარწმუნებენ, რომ ღმერთი ადამიანთა გულმოწყალე მეგობარია; მაგრამ როდესაც ვცოდავთ, ამის შემდეგ გვეუბნებიან, რომ ღმერთი დაუნდობელია და არ გვაპატიებს”. აი, მზაკვრული ტყუილი ბოროტი ძალისა, რომელიც ყველანაირად ცდილობს დაგვაჯეროს, რომ ჩვენი გასაჭირის სათავე ღმერთის გუნება-განწყობაა, რომელიც ან დაგვსჯის ან შეგვინდობს. დემონის სურვილია, ჯერ ცოდვა ჩაგვადენინოს, შემდეგ კი სასოწარკვეთილებს, ყოველგვარი იმედი დაგვაკარგინოს მანკიერებიდან განთავისუფლებისა. ამიტომაც იგი ხან ულმობელად წარმოგვიდგენს ღმერთს, ხან კი ყველაფრის მპატიებლად. თვით ქრისტიანების უმრავლესობაც ამ ხაფანგშია გაბმული, ისინი ღმერთს აკისრებენ მთელ პასუხისმგებლობას ყველა ჩვენი პრობლემებისთვის. არადა ცოდვაა ის კედელი, რომელიც მსწრაფლ აღიმართება ადამიანსა და ღმერთს შორის, ის ამსხვრევს ჩვენს სულიერ მთლიანობას. ცოდვის გზა არის გეზი, რომელიც ღმერთს გვაშორებს, ის გვაბრმავებს სულიერად და გვართმევს უნარს, რომ ვიხილოთ ღვთაებრივი ნათელი. ხიფათი ღმერთისგან კი არა თავად ჩვენგან მოდის და ჩვენივე დეგრადაციას იწვევს.
XII
მაგრამ წმ. წერილი განა თავად არ საუბრობს ღვთის რისხვაზე? განა არ ვკითხულობთ ბიბლიაში, რომ იგი დაგვსჯის ან შეგვიწყალებს? ამაზე თავად საღვთო წერილი გვპასუხობს: “არა ესენი გიყვნაა შენ დატევებამან ჩემმან?… გასწავლენ შენ განდგომილებამან შენმან და უკეთურებამან შენმან გამხილენ შენ, და სცან და იხილე, ვითარმედ მწარე არს შენდა დატევებაჲ ჩემი – იტყვის უფალი” (იერემია 2:17-19).
საღმრთო წერილი იმ ენაზეა დაწერილი, რომელიც ჩვენთვისაა გასაგები. დაცემული კაცობრიობა კი მას პირდაპირ გებულობს. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ: “გამომდინარე ჩვენი აღქმიდან, ღვთაებრივსაც ჩვენ ვარქმევთ სახელებს, რომლებსაც თავად ჩვენი გონებით ვიგონებთ” (სიტყვა 31). “საღმთო წერილი ხშირად იყენებს განსაზღვრებებს, რომლებიც არაპირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. ამას მხოლოდ გონიერნი სწვდებიან (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 4). “როდესაც ღმერთს რაიმე უხეშს, ხორციელს მიაწერენ ეს სიმბოლურადაა (სახისმეტყველებით) ნათქვამი. ყველაფერი, რაც ღმერთზე ჩვეულებრივადაა ნათქვამი, თავის თავში დაფარულ აზრს გულისხმობს, და ჩვენთვის გასაგები ენით გვასწავლის იმას, რაც ამაღლებულია ჩვენზე” (წმ. იოანე დამასკელი “ზუსტი გარდამოცემა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა”. წიგნი 1. ნაწილი 11. “რაოდენიცა ღმრთისთვის ხორციელად ითქუმიან”.).
XIII
რაც, შეეხება იმ განსაცდელს და მწუხარებას, რომელსაც ღმერთი ადამიანებზე უშვებს და რომელსაც ხანდახან სასჯელის სახეც აქვს ხოლმე, მათი მიზანი მხოლოდ გამოსწორებაა კაცთა მიერ დაშვებული ზნეობრივი შეცდომებისა, მათი დანიშნულება ადამიანის გამოფხიზლება და სიკეთისკენ მობრუნებაა. ეგება რაღაც ამ სიცოცხლეშივე გამოასწოროს ადამიანმა, თორემ საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ აღარაფერი შეიცვლება ჩვენს მარადიულ პიროვნებაში. მარადისობა და უხრწნელობა უცვალებელნი არიან. მიმართულება, რომელიც კაცმა ამქვეყნად აირჩია უსასრულოდ გაგრძელდება ყოველგვარი ვექტორის შეცვლის გარეშე. “და იქნება ახალი ცა და ახალი ქვეყანა” (აპოკალიფსი) და ამ ახალ კოსმოსში აღარ იქნება არანაირი ცვლილება. ღვთის შეგონებას თითქოს სასჯელის სახე აქვს ამ ცხოვრებაში, მაგრამ თუ ჩვენ ჯოჯოხეთს ღვთის მარადიულ სასჯელად წარმოვიდგენთ, მაშინ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ღმერთი უსასრულოდ დაუნდობელი და ბოროტი არსება ყოფილა. ამ საკითხს ეხება წმ. ისააკ ასური: “ის, ვინც გამოსწორებისა და გაჯანსაღების მიზნით შეაგონებს, ამას სიყვარულით აკეთებს; ის კი ვინც შურისგებას ესწრაფის, მასში არ არის სიყვარული. ღმერთი მხოლოდ სიყვარულით შეაგონებს და არა სამაგიეროს გადახდისთვის (ნუ იყოფინ ესე); პირიქით, მისი მიზანი ადამიანის, ღვთის მსგავსი არსების განკურნებაა, და ამიტომაც წყენას კი არ ინახავს და იმახსოვრებს, რათა მარადისობაში იძიოს შური, არამედ მსწრაფლ მოუვლენს აქვე განსაცდელს, საკურნებელად და დაცემისგან აღსადგენად. სიყვარულის ეს მეთოდი არის სწორედ საღმრთო სამართლიანობის გამოვლინება, რამეთუ არასოდეს გადაიხრება შურისძიების ვნებისკენ. ღმერთს ემსგავსება ყველა ის მართალი და ბრძენი აღმზრდელი, ვინც დანაშაულის ჩადენის გამო კი არ იძიებს შურს, თავისი სასჯელით, არამედ მოწაფის გამოსწორებისა და სხვათა დაფიქრებისთვის” (სიტყვა 85).
ამრიგად, ნათელია, რომ ღმერთი სჯის მანამდე, სანამ არსებობს გამოსწორების იმედი. საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის შემდეგ არ შეიძლება იყოს რაიმე საუბარი ღვთის სასჯელის შესახებ. ჯოჯოხეთი ღმერთის სასჯელი კი არა ადამიანის თვითდასჯაა. “ღმერთი კი არ არის ჯოჯოხეთის ტანჯვათა მიზეზი, არამედ თავად ჩვენ ვშობთ მას ჩვენში” (წმ. ბასილი დიდი).
XIV
შესაძლოა არ დაგვეთანხმონ და მრავალი ციტატა მოიყვანონ საღმრთო წერილიდან და წმ. მამებიდან, სადაც ღმერთზე საუბარია, როგორც უმაღლეს მსაჯულზე, რომელიც საშინელ სამსჯავროზე დააჯილდოვებს მათ, ვინც მისი მორჩილი იყო და დასჯის იმათ, ვინც ეურჩებოდა. როგორ უნდა გავიგოთ ეს სამსჯავრო, თუკი ღვთის სიტყვა არა ადამიანური, არამედ ღვთაებრივი მნიშვნელობით არის ჩასაწვდომი?
ღმერთი ჭეშმარიტებაა და ნათელი. და ღვთის სამსჯავრო სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი შეხება ნათელთან და ჭეშმარიტებასთან. საყოველთაო სამსჯავროს დღეს ყველანი განშიშვლებულნი წარვსდგებით ამ ყოვლისგანმსჭვალავი ნათელის წინაშე. “წიგნები” გადაიშლება. რა “წიგნები”? – ჩვენი გულები! ჩვენი გულები გადაიშლება ამ ყველგანშეღწევადი სინათლის მიერ, და ყველაფერი მათში დამალულ-დამარხული გამოაშკარავდება. თუკი გულში ღვთის სიყვარული იყო, ეს გული განიხარებს საღმრთო ნათელის ხილვისას. ხოლო, თუ პირიქით მასში ღვთის სიძულვილი იყო, მაშინ ასეთი ადამიანი ბუნებრივია დაიტანჯება, შეეხება რა თავისი გადახსნილი გულით ჭეშმარიტების გამჭოლ ნათელს, რომელსაც ის მთელი ცხოვრება უგულებელყოფდა და ზურგს აქცევდა.
როგორი იქნება მარადიული ხვედრი ამა თუ იმ ადამიანისა, ღმერთის გადაწყვეტილებაზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ ვისი გული რითი იყო აღსავსე. რასაც მთელი ცხოვრება გულით ვატარებდით, სრულიად გამჭვირვალე იქნება სამსჯავროს დღეს. და თუკი მაინც ჯილდოს ან სასჯელს დავარქმევთ ამას, – ისინი ღვთისგან კი არა, არმედ სიყვარულისგან ანდა სიძულვილისგან იშვებიან, რომლებიც ბატონობდნენ ჩვენს გულებში.
სიყვარულს ნეტარება ეგების, სიძულვილს – სასოწარკვეთა, მწუხარება, ურვა, ტკივილი, გაბოროტება, შეშფოთება, დაბნეულობა, სიბნელე და სხვა შინაგანი განცდები, რომლებიც შეადგენენ კიდევაც ჯოჯოხეთს.
სინათლე ჭეშმარიტებისა, ძალა ღვთისა, მადლი მისი, რომლებიც გარდამოვლენ სამსჯავროს დღეს ადამიანებზე, ყველასათვის ერთნაირი იქნებიან, არ იქნება არანაირი სხვაობა. სხვაობა თავად ამ მადლის მიმღებთა გულებში იქნება. მზე ერთნაირად ანათებს ჯანმრთელი და სნეული თვალებისთვის. ჯანმრთელ თვალებს უხარიათ სინათლე და ამიტომაც მკაფიოდ ხედავენ მათ ირგვლივ არსებულ სილამაზეს. სნეული თვალები კი ამ დროს ტკივილს განიცდიან, იტანჯებიან და ცდილობენ დაემალონ იმავე სინათლეს, რომელსაც ესოდენი ბედნიერება მოაქვს იმათთვის, ვისაც ჯანსაღი თვალები აქვს.
მაგრამ ვაი, რომ ამ დიდ დღეს შეუძლებელი იქნება ღვთის ნათელისგან დამალვა! ეს მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრების დროს იყო შესაძლებელი. საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის ჟამს, ახალი ქმნილების – ახალი ცისა და ქვეყანის, ახალი ადამიანის გამოჩინების ჟამს, ღმერთი ყველგან და ყველაფერში იქნება და თავისი სიყვარულითა და სინათლით ყველაფერს მოიცავს. ღვთის სიყვარული ყოველივეს დაფარავს ღვთაებრივი ცეცხლით, რომელიც ვითარცა მდინარე გადმოედინება საღმრთო საკურთხეველიდან და მთელს სასუფეველს მორწყავს. მაგრამ ეს სიყვარულის მდინარე, მათთვის ვისაც გული ღვთისა და ადამიანის სიძულვილით ჰქონდა აღსავსე, შემწველი და მტანჯველი იქნება.
“რამეთუ ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს” (ებრ. 12, 29). ცეცხლი, რომელიც განწმენდს ოქროს და კეთილშობილი მეტალები მასში გამოწვით, ვითარცა მზე ბრწყინავენ, დარჩენილი წიდა კი შავი კვამლით ბოლავს. და ყველაფერი ეს, ერთ, – სიყვარულის ცეცხლში ხდება. მასში ზოგნი ბრწყინავენ ვითარცა მნათობნი, ზოგნი კი თიხასავით გამოიწვებიან და ქვავდებიან მხოლოდ.
სხვაობის მიზეზი კი თავად ადამიანშია და არა ღმერთში. ის ჩვენი თავისუფალი არჩევანითაა განპირობებული, რომელსაც ღმერ-თი პატივს სცემს. ღვთის სასჯავრო კი ადამიანის ჭეშმარიტი არსის გამოაშკარავება და გამომზეურებაა!
XV
წმ. მაკარი ეგვიპტელი წერს: “ისევე, როგორც სიბნელისა და ცოდვის მეუფებაა დამალული სულში საყოველთაო მკვდრეთით აღდგომის დღემდე, როდესაც ცოდვილთა სხე-ულები ასევე იმ სიბნელით შეიმოსება, რომელიც ახლა სულის სიღრმეშია დაფარული, ასევე მეუფება სინათლისა, ქრისტე, რომელიც ეხლა საიდუმლოდ განანათლებს სულს და სუფევს წმინდანთა გულებში, თუმცა დამალულია კაცთა თვალთაგან მკვდრეთით აღდგომის დღემდე; სხეულებსაც შემოსავს და გააბრწყინებს საუფლო ნათლით, რომელიც ჯერ კიდევ მისი ამქვეყნიური ცხოვ-რებიდან მოყოლებული დაფარული იყო ადამიანის სულში. ასე, რომ სხეულიც იმეფებს სულთან ერთად, რომელიც უკვე აღდგომამდე განისვენებს და მარადიული სინათლითაა გასხივოსნებული ცათა სასუფეველში” (ჰომილია 2).
ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი კი გვასწავლის, რომ მარადისობაში ის კი არ ჩაეთვლება დამსახურებად ადამიანს, რასაც ამქვეყნად იქმოდა, არამედ ის თუ, რამდენად მიემსგავსა მისი პიროვნება უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. “მომავალ ცხოვრებაში ქრისტიანი იმის მიხედვით კი არ განიცდება, თუ რამდენად განეშორა ამ სოფელს ან დაარიგა თუ არა თავისი ქონება, იცავდა თუ არა მარხვას, რამდენ ხანს ილოცვიდა თუ მღვიძარებდა, ანდა რამდენ სიკეთეს აკეთებდა; არამედ იმის მიხედვით, თუ როგორია მისი მსგავსება ქრისტესთან. როგორც შვილს ადარებენ მამას, ასევე ჩვენც, წარვსდგებით რა ქრისტეს წინაშე, თავადვე წარმოვაჩენთ ჩვენს მომავალს მისი მსგავსებით თუ არამსგავსებით” (წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი. სიტყვა 2).
XVI
“ღვთაებრივი სიკეთე ყველას თანაბრად მიენიჭება, მაგრამ საღმრთო ცეცხლის ანუ ღვთის სიტყვის მიღებისას ზოგნი სანთელივით დარბილდებიან, ზოგნი კი ვითარცა თიხა, ცეცხლის შეხებისთანავე ქვავდებიან. თუ არ გვინდა ამ ცეცხლის ანუ ჭეშმარიტების მიღება, უფალი არ გვაიძულებს, არამედ მზესავით გვიგზავნის თავის სხივებს და მთელ სამყაროს ანათებს, და ის, ვისაც ამ სინათლის დანახვა სურს ხედავს კიდეც მას. ღმერთმა თავისი უქმნელი ნათლის დასანახად სულიერი თვალნი ანუ რწმენა მოგვმადლა. და ისინი, ვისაც სარწმუნოებით განათლება სურს და მოუკლებლად იღწვის ამ ასპარეზზე, ღმერთიც მეტ ცოდნას, ძალასა და მოშურნეობას აძლევს” (წმ. პეტრე დამასკელი “ფილოკალია”. ტ. 3).
XVII
საშინელი სამსჯავროს ხატზე ჩვენ ვხედავთ საყდარზე მჯდომარე უფალს, იესო ქრისტეს. მის მარჯვნივ მისი მეგობრები არიან, ნეტარი მამები და დედები, რომლებმაც მისი სიყვარულით იცხოვრეს. მარცხნივ ისინი დგანან, ვინც მთელი ცხოვრება მის სიძულვილში გალია, თუმცაღა გარეგნულად ღვთისმოშიში და სათნო იერი ჰქონდა. და იქვე, ამ ორ სამყოფელს შორის ვხედავთ ქრისტეს საყდრიდან გამომავალ ცეცხლის ნაკადს, რომელიც თითქოს ჩვენსკენ მოდის და გვიახლოვდება. რა ცეცხლის მდინარეა ეს? წამების იარაღია თუ შურისმაძიებლის რისხვაა ჩვენს თავზე მომავალი, რომელიც ღვთისგან მოედინება და მისი მტრების დასასჯელადაა მოვლენილი?
არა, არაფერი მსგავსი. ეს ის მდინარეა, რომელიც ედემიდან გამოდიოდა და მთელ სამოთხეს რწყავდა. ეს ღვთის მადლის მდინარეა, რომელიც მის მეგობრებს, წმინდანებს განანათლებს დასაბამიდან სოფლისა. ერთი სიტყვით, ეს ღვთის სიყვარულის გარდამოღვრაა მის ქმნილებაზე.
სიყვარული ცეცხლია. ეს იმან იცის, ვისაც უყვარს. ღმერთი სიყვარულია და იმავდროულად ცეცხლია. და ეს ცეცხლი დასწვავს ყველას ვისშიც არ არის ბუნება ცეცხლისა და ბრწყინვალე ნათლით აანთებს ყველა იმას, ვისშიც არის ეს ცეცხლი, თუნდაც მცირეოდენი. “რამეთუ ღმერთი ჩვენი ცეცხლ განმლეველ არს” (ებრ. 12, 29).
ღმერთი არაერთხელ ეცხადებოდა მის რჩეულებს ცეცხლის სახით: აბრაამს, მოსეს ცეცხლმოკიდებულ მაყვლოვანში, ისრაელის ერს, როდესაც მას უდაბნოში მიუძღოდა და გზას ცეცხლოვანი სვეტით უნათებდა და მაშინაც, როდესაც ცეცხლი აწვიმა სინას მთის მწვერვალს. იგი ცეცხლოვანი სახით წარსდგა ფერისცვალების დროს თაბორის მთაზე, და თქვა: “ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანასა ზედა”(ლუკა 12, 49), ანუ სიყვარულისა, როგორც წმ. იოანე კიბისაღმწერელი ამბობს:” სიყვარული – წყაროა ცეცხლისა”.
რწმენა ასევე ცეცხლია, რომელიც ათბობს კაცის გულს. სული წმიდა მოციქულებზე ცეცხლის ენების სახით გარდამოვიდა. ქრისტე რწმენას ანთებულ სანთელს ადარებს და იოანე ნათლისმცემელიც ამბობს, რომ ქრისტე ნათელს სცემს “სულითა წმიდითა და ცეცხლითა”(მთ. 3, 11) და მისი ორი მოწაფეც იტყვის:”ანუ არა გულნი ჩვენნი განხურვებულ იყვნეს ჩვენ შორის, ვითარ იგი მეტყოდა გზასა ზედა?”(ლკ. 24, 32). ცეცხლის დამახასიათებელი თვისება სიმხურვალეა, ამიტომაც ვსაუბროთ “მხურვალე რწმენაზე”, ანდა “სარწმუნოება განატფობს”. როგორც რწმენის თვისება სიმხურვალეა, ასევე ურწმუნოების აუცილებელი თვისება გაცივებაა.
“გინდათ, რომ იცოდეთ, როგორ შეიძლება მორწმუნე და ურწმუნო ადამიანის გარჩევა? თუკი თქვენ გრძნობთ სითბოს, რომელიც მისი მზერიდან, სიტყვებიდან, საქციელიდან გამოსჭვივის, – დარწმუნებული იყავით, რომ მის გულში რწმენა ღვივის. თუკი თქვენ სიცივეს გრძნობთ, რომელიც ადამიანის შიგნიდან მოდის, ეს ნიშნავს, რომ მას რწმენა არა აქვს, რასაც არ უნდა ამბობდეს. ის შეიძლება მუხლებზე ეცემოდეს, მორჩილად იდრეკდეს თავს, მწყაზარი ხმით წარმოსთქვამდეს ზნეობრივ სწავლებებს, მაგრამ ამ ყველაფრისაგან შესაძლოა ისეთი სიცივე იგრძნოთ, რომ მთლიანად გაიყინოს, რაღაც თქვენს შიგნით” (ფოტი კონტოგლუ).
“სამოთხე სიყვარულია ღვთისა, სადაც ყველა ნეტარებაა თავმოყრილი და ხე ცხოვრებისა აგრეთვე სიყვარულია ღვთისა” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 82).
“თავს ნუ მოიტყუებთ, – ამბობს ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, – ღმერთი ცეცხლია, და როდესაც ის განკაცდა, ცეცხლი გარდამოავლინა დედამიწაზე. ამ ცეცხლს ვერავინ დაემალება, ის ყველგან აღწევს და თავისი კაცთმოყვარებითა და ჩვენდამი კეთილგანწყობის გამო, ეძიებს ადამიანებში იმ ნივთიერებას (მსგავსებას მისდამი და ჩვენს სურვილს), რომლითაც შემოვალს ჩვენში და მსწრაფლ აალდება, რათა დიად ხანძრად გადაიქცეს და ზეცამდე აამაღლოს ისინი, ვისშიც ის დაენთება. ეს ცეცხლი ჯერ განწმენდს ადამიანს ცოდვებისა და ვნებების ბიწისაგან, და შემდგომ ჩვენს საზრდელად, სასმელად, სინათლედ და სიხარულად იქცევა, რათა ჩვენც განგვანათლოს იმ ღვთაებრივი ნათლით, რომელსაც ვეზიარებით.”(სიტყვა 78).
ღმერთი მოსიყვარულე ცეცხლია, მას ყველანი თანაბრად უყვარს, კეთილიცა და ბოროტიც. მაგრამ სხვაობა იმაშია, რომ ყველა ერთნაირად როდი ღებულობს ამ სიყვარულის ცეცხლს. წმ. ბასილი დიდი გვასწავლის, რომ “ცხოვრების ხეს ცეცხლოვანი მახვილი იცავს, რომელიც ურწმუნოთათვის საშინელია და დასწვავს მათ, ხოლო მორწმუნეთათვის ადვილად მისადგომია და ნეტარ ნათელს მიანიჭებს მათ”. ეს მოსიყვარულე ცეცხლი გაანათებს იმათ ვინც სიყვარულს სიყვარულით პასუხობს და დასწვავს ყველას, ვინც სიყვარულს სიძულვილით ხვდება.
სამოთხეცა და ჯოჯოხეთიც ერთი და იგივე ცეცხლოვანი მდინარეა ღვთისა, სიყვარულის მდინარე, რომელიც ყველაფერს მოიცავს და ფარავს ერთნაირი კეთილი ნებით, ყოველგვარი მიკერძოებისა და განსხვავების გარეშე. ის ცხოველმყოფელი წყარო და მარადიული ნეტარებაა მართალთათვის და მარადიული სიკვდილია ურწმონოთათვის; სამოთხე მავანისთვის ჯოჯოხეთია. ნუ გგონიათ რომ ეს ყველაფერი უცნაურია . მოსიყვარულე შვილი ბედნიერია მამის ალერსით, მაგრამ თუ მას არ უყვარს მამა, მაშინ მოსიყვარულე მამის ამბორი მისთვის ტანჯვად იქცევა. ამიტომაცაა, რომ, როდესაც ჩვენი მოძულეები სანაცვლოდ სიყვარულს გრძნობენ ჩვენგან, ეს მათთვის თავზე ცხელი ნაკვერჩხლის დაყრის ტოლფასია.
“ვინც გეენიაში იტანჯება, ის სიყვარულის შოლტით იგვემება! და რაოდენ მწარეა ეს ტანჯვა სიყვარულისა! რამეთუ ეს ტანჯვა განცდაა სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა! მწუხარება, რომელიც სერავს გულს სიყვარულის შეურაცხყოფის გამო, ყველა შესაძლო სასჯელზე საშინელია. არავინ იფიქროს, რომ ცოდვილები ღვთის სიყვარულის გარეშე რჩებიან ჯოჯოხეთში. სიყვარული ჭეშმარიტების ხედვისაგან იბადება, და ის ჭეშმარიტების ყველა მაძიებელს ეძლევა. მაგრამ სიყვარულის მოქმედება ორგვარია: ის ტანჯვას მიანიჭებს მოუნანებელ ცოდვილთ და ახარებს ყველას, ვინც ღვთისადმი მეგობრობის ვალი პირნათლად მოიხადა. ჯოჯოხეთის ტანჯვა დაგვიანებული და უნაყოფო სინანულია, დროული სინანულის არ ქონის გამო მწარე დანანებაა ბოლოჟამს! ზეცის შვილთა სულთათვის კი სიყვარული ნეტარების მუდმივი წყაროა” (წმ. ისააკ ასური, სიტყვა 18).
ღმერთი სიყვარულია. და თუ ნამდვილად გვწამს ამ ჭეშმარიტებისა, მაშინ იმასაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ ღმერთს არ შეუძლია სიძულვილი, დასჯა, შურისძიება. როგორც დიდი მეუდაბნოე აბბა ამმონი გვასწავლის: “სიყვარულს არ შეუძლია არავის სიძულვილი, არავის განსჯა, დაჩაგვრა, წყევლა, არც ზიზღი და წყენა. ეს ეხება, როგორც მართალთ ასევე ცოდვილთ, უცხოს და თვისტომს, უწმინდურსა და გარყვნილს. პირიქით მას სწორედ ცოდვილთა, უძლურთა და დაცემულთა სულების წყლულები უფრო ადარდებს და სტკივა, იგლოვს და განიცდის მათთვის, თანაუგრძნობს მათ ბევრად უფრო მეტად ვიდრე კეთილთა და მართალთ. ამის მაგალითი თავად ქრისტეა, რომელიც თავად პოულობდა ცოდვილსა და დაცემულს, შედიოდა მის სახლში, ჭამდა და სვამდა მასთან ერთად. გვიჩვენებდა რა, ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითს, გვასწავლიდა: “იყავით სრულ, კეთილ და მოწყალე, ვითარცა მამა თქვენი ზეცათაი სრულ არს”; და როგორც ის უგზავნის წვიმას ბოროტსაც და კეთილს, მზეს კი უბრძანებს, რათა თანაბრად გაუნათოს მართალსაც და უკეთურსაც, ასევე იქცევა ის, ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, ვისაც თანაგრძნობა და თანალმობა აქვს და ვინც თანაბრად ლოცულობს ყველასთვის”.
XVIII
თუკი ვინმეს ვერ წარმოუდგენია, რამდენად შესაძლებელია, რომ ღვთის სიყვარულმა ადამიანის სული საბრალო და სავალალო მდგომარეობაში აღმოაჩინოს, უფრო მეტიც ცეცხლში ამყოფოს, დაე უძღები შვილის იგავიდან უფროსი ძმის მდგომარეობა გაიხსენოს. განა არ იყო ის მამის სახლში? განა ყველაფერი მას არ ეკუთვნოდა?განა არ იყო კმაყოფილი მამის სიყვარულით? განა მამა თავად არ სთხოვდა მოსულიყო ლხინის ტრაპეზზე და გაეზიარებინა მამის სიხარული უძღები შვილის დაბრუნების გამო? რამ გახადა ის უბედური, რა სიძულვილისა და წყენის ცეცხლი დატრიალდა მის გულში? განა ვინმემ რაიმე წაართვა მას? რატომ არ გაუხარდა დაკარგული ძმის დაბრუნება? რატომ არ აღმოაჩნდა სიყვარული მამისა და ძმისა? იქნებ, ეს საქციელი მისი შინაგანი გაბოროტების შედეგი იყო? და განა ამის გამო მას ჯოჯოხეთად არ ექცა იქ ყოფნა?სწორედ იქ სადაც საყოველთაო სიხარული და დღესასწაული იყო?განა სხვათა ლხინი მისთვის ჯოჯოხეთი არ იყო? და განა იგი სადმე სხვაგან იყო ამ დროს, სადაც წამების იარაღები ინახებოდა ან ჯალათები იმყოფებოდნენ? ნუთუ ის ისევ მამის სახლში არ ცხოვრობდა? რა განყოფდა მას ყველა მოზეიმისგან, თუ არა მისივე საკუთარი ბოღმა და შური? განა მამას ან ძმას უწინდებურად აღარ უყვარდათ იგი? მათი ეს სიყვარული ხომ არ უქვავებდა და უბოროტებდა უფრო გულს? განა სიხარული მამის სახლში, უფრო არ ამწუხრებდა მას? განა მამისადმი და ძმისადმი წყენა და სიძულვილი არ ენთო მის გულში? და განა ეს სიძულვილი უფრო არ მძაფრდებოდა მამის სიყვარულით უმცროსი ძმისადმი? აი ისიც, ჯოჯოხეთი – უარყოფა სიყვარულისა, სიყვარულის პასუხად სიძულვილი; მწუხარება გამოწვეული სხვათა სიხარულიდან; სიძულვილით აღვსებული გული, როდესაც ირგვლივ სიყვარული სუფევს. ასეთია მარადიული ხვედრი ყველა ბოროტმოქმედისა. ვერავინ დაემალება ღვთის სიყვარულს, ყოველი მათგანი სათუთი სიყვარულით უყვარს ღმერთს, ყველა დაპატიჟა მარადიულ ქორწილში, ცათა სასუფეველში, მაგრამ სამოსელი მათი ანუ გულებია მათი არაწმინდა. ღმერთი კი თავის ახალ ქმნილებაში ყველაფერი იქნება ყველასათვის, “რაითა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა” (1 კორ. 15, 28). ეს გარემოება იქნება სწორედ მართალთა მარადიული ნეტარების, ხოლო ცოდვილთა მარადიული ტანჯვის მიზეზი, რადგან: “ამქვეყნიურ ცხოვრებაში ჩვენ დაკავშირებული ვართ მრავალრიცხოვან რეალიებთან, როგორიცაა დრო, სივრცე, ადგილსამყოფელი, ჰაერი, საკვები, სასმელი, სამოსი, მზის სინათლე, და სხვა აუცილებელი საგნები, მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის ღმერთი; იმ კურთხეულ მდგომარეობაში კი რომლის მოპოვების იმედიც გვაქვს, არ გვექნება საჭიროება არცერთი ზემოთ ჩამოთვლილისა. ყოველივე ამის სანაცვლოდ ღმერთი იქნება ჩვენთვის ყველაფერი, ის გაგვინაწილებს თავის სიყვარულსა და ენერგიებს შესაბამისად თვითოეულის საჭიროებისა. საღმრთო წერილი გვაუწყებს, რომ ღმერთი მათთვის, ვინც ამის ღირსია თავად იქნება სახლიც, სამოსელიც, საზრდელიც, სასმელიც, სინათლეც, სიმდიდრეც, მეუფებაც და სხვა ყველაფერიც, რასაც სახელი გააჩნია, რათა ცხოვრება ჩვენი ნეტარი იყოს მარადისობაში” (წმ. გრიგოლ ნოსელი. “О душе и воскресении”).
ასე, რომ მომავალ ცხოვრებაში ღმერთი ყველასათვის ყველაფერი იქნება, არა მხოლოდ კეთილთათვის, არამედ ბოროტთათვისაც, და არა მხოლოდ მათთვის ვისაც ქრისტე უყვარს, არამედ მათთვისაც, ვისაც ის სძულს. მაგრამ განა ეს ტანჯვა არ იქნება მისი მოძულეებისთვის, როდესაც ყველაფერს იმის მარჯვენიდან მიიღებენ, ვინც ასე სძულდათ? ეს იქნება სწორედ მათთვის ცეცხლი მარადიული და კბილთა ღრჭენა მოუკლებელი!*
წარვედით ჩემგან წყეულნო, თქვენს გულებში დანთებულ სიძულვილის ცეცხლში, – იტყვის უფალი, – რამეთუ მე თქვენი სიყვარული მწყუროდა და არ მასვით, მე თქვენი ნეტარება მსურდა და თქვენ არ ისურვეთ, მე ჩემს ადამიანურ ბუნებაში ვიყავი ნებსით ჩამწყვდეული და თქვენ არ მომინახულეთ ჩემს ეკლესიაში; თქვენ თავისუფლები ხართ, და მიდიხართ იქით სადაც თქვენი ბოროტი აზრები გეძახიან, წარვედით ჩემგან, თქვენი გულების მტანჯველ სიძულვილში, რომელიც უცხოა ჩემი მოსიყვარულე გულისთვის, რომელმაც არ იცის არავის სიძულვილი. თქვენ თავისუფლები ხართ, მაშ გაემართეთ თქვენი სიძულვილის წყვდიადისაკენ, რომელიც სრულიად უცხოა მათთვისაც, ვინც ჩემთან რჩებიან. ეს სიძულვილი ეშმაკისგან მიიღეთ თქვენივე ნებით. მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდეთ, თქვენი ბოროტი გულების წინამძღოლობით, ჩემი სიყვარული, ვითარცა ცეცხლის მდინარე, მუდამ და ყველგან თქვენს კვალდაკვალ ივლის, რამეთუ რაც არ უნდა აირჩიონ თქვენმა გულებმა, ხართ და მუდამ იქნებით ჩემი შვილები. ამინ.
———————————————————————-
* “ქვეყნის აღსასრული მის ფერისცვალებას ნიშნავს. ყველაფერი თვალის დახამხამებაში შეიცვლება და უფალი მოვალს დიდებით ღრუბელთა ზედა. საყვირის ხმა, რომელიც სულში და სინდისში გასიმება, ნათელს გახდის ყველაფერს ადამიანთა სინდისისათვის. როგორც დანიელი წინასწარმეტყველებს, მარადიული მართლმსაჯული დაბრძანდება დიდების ტახტზე და მის წინ იდინებს ცეცხლის მდინარე (დან. 7, 9-10). ეს ცეცხლი განმწმენდელი სტიქიაა, ის ცოდვებს დასწვავს. ვაი იმას, ვისთვისაც ცოდვა მისი ბუნების ნაწილი გამხდარა, მაშინ ეს ცეცხლი თავად ამ ადამიანს დასწვავს, ის მის შიგნით აენთება. ჯვრის დანახვისას ერთნი განიხარებენ, მეორენი კი სასოწარკვეთილებაში ჩავარდებიან და ძრწოლა აიტანთ მათ. ამგვარად, განიყოფიან მეყვსეულად ადამიანები. თვით კაცის სულიერი მდგომარეობა მიიყვანს კაცს მართლებთან, ზოგს კი ცოდვილებთან. ან მარჯვენით ღმრთისა, ანდა მარცხენით. რაც უფრო შეგნებულად მიისწრაფოდა ადამიანი ღმერთისკენ ამ ცხოვრებაში, მით უფრო დიდი იქნება მისი სიხარული, როდესაც გაიგებს სანატრელ ხმას: “მოვედით ჩემდა კურთხეულნო…” და პირიქით, იგივე სიტყვები შიშის ზარსა და ძრწოლის ცეცხლს აღძრავს მათში, ვინც ამქვეყნად გაურბოდა ღმერთს, ებრძოდა მას, შეურაცხყოფდა მის მიმდევრებს. უკანასკნელმა სამსჯავრომ არც მოწმეები იცის და არც განჩინება გააჩნია! ყველაფერი ადამიანთა სულებშია აღბეჭდილი, ეს წიგნები გადაიშლება უფლის წინაშე და ნათელი გახდება, რომ ყველა მანკიერების ფესვები თავად ადამიანის სულში ყოფილა, რომ მიდრეკილება ცოდვისადმი სულის სიღრმეში იმალებოდა და ტკბებოდა ცოდვით. და თუ ადამიანმა არ მოინანია ცოდვა, არ განთავისუფლდა მისგან, სამსჯავროზე ისეთივე მიდრეკილებით წარსდგება ცოდვისადმი, როგორიც მანამდე იყო. ამ მიდრეკილებასა და სურვილს კი ვეღარასოდეს დაიკმაყოფილებს და ეს იქნება სწორედ ის ტანჯვა, რომელსაც ის მარადისობაში განიცდის. ის ყველასა და ყველაფერს დაადანაშაულებს თავის ტანჯვაში და სიძულვილით იქნება მუდამ შეპყრობილი. უმწეობით გაბოროტებულთა კბილთა ღრჭენა და სიძულვილის ჩაუქორებელი ცეცხლი – აი ჯოჯოხეთი. შინაგანი დაუშრეტელი ცეცხლი – აი გეენია. და იქნება გოდება და კბილთა ღრჭენა, ასეთია მდგომარეობა ჯოჯოხეთისა” (წმ. იოანე მაქსიმოვიჩი. “უკანასკნელი სამსჯავრო”).
გამომცემლობა “ორთოდოქსი”, 2011
ტექსტი გადმოღებულია ინტერნეტ საიტ: www.studieli.com-დან
წყარო: www.http://library.church.ge/
Комментариев нет:
Отправить комментарий