VI
პიროვნების, როგორც უნიკალური, განუმეორებელი და თავისუფალი „ჰიპოსტასის“ (რომელსაც უყვარს და რომელიც უყვართ), საუკუნო გადარჩენა განსაზღვრავს სოტერიოლოგიის მთელ არსს, ადამიანის ხარებას (εὐαγγελισμός τοῦ ἀνθρώπου). მამათა ენაზე ეს განმღრთობად იწოდება, რაც ნიშნავს თანაზიარებას ღმერთის პიროვნულ მყოფობასთან და არა მის არსთან ან ბუნებასთან. გამოხსნის მიზანი ადამიანის მყოფობაში პიროვნული ცხოვრების აღსრულებაა, რომელიც ხორციელდება სამებაში. მაშასადამე, ცხონება იდენტურია ადამიანში პიროვნების განხორციელებისა, მაგრამ გამოხსნის გარეშე არ არის ადამიანი პიროვნება? არ არის საკმარისი „ადამიანად ყოფნა“ პიროვნულობისათვის?
პატერიკული თეოლოგიისათვის პიროვნება „ღმერთის ხატისებრობა და მსგავსებისებრობაა“. ის არ კმაყოფილდება პიროვნების ჰუმანისტური განმარტებით. პატერიკული თეოლოგია ადამიანს განიხილავს „მყოფობის გვარის“ ორ ასპექტში: პირველი გახლავთ ბიოლოგიური მყოფობის ჰიპოსტასი, ხოლო მეორე ეკლესიოლოგიური მყოფობის ჰიპოსტასი. შევეცდებით, მოკლედ გავაანალიზოთ და ერთმანეთს შევუდაროთ „მყოფობის გვარის“ ეს ორი ტიპი, განვსაზღვროთ, თუ რატომაა პიროვნების კონცეპტი უცილობლად დაკავშირებული თეოლოგიასთან.
ა) ბიოლოგიური მყოფობის ჰიპოსტასი „მდგომარეობს“ ადამიანის ჩასახვასა და დაბადებაში. მყოფობაში შემოსული ნებისმიერი ადამიანი ატარებს თავის „ჰიპოსტასს“, რომელიც სრულიადაც არ არის არარელატიური სიყვარულისადმი: ის ორი ადამიანის თანაზიარების შედეგია. ეროსი (ἔρως), თუნდაც ყოველგვარი ემოციური (συναισθηματική πράξις) გამოხატულებების გარეშე, არის მყოფობის გასაოცარი საიდუმლო, რომელიც თავის თავში მოიცავს თანაზიარობისაკენ სიღრმისეულ სწრაფვას, ინდივიდის ექსტაზურ წარმატებულობას შემოქმედებით პროცესში. მაგრამ ადამიანის ჰიპოსტასის ეს ბიოლოგიური მხარე ძირშივე განიცდის ორ „ვნებადობას“, რომელიც სწორედ იმას განაქარვებს, რისკენაც ისწრაფვის ადამიანური ჰიპოსტასი: პიროვნება. პირველი „ვნება“ ონტოლოგიური აუცილებლობაა. ჰიპოსტასის შედგენილობის ფაქტორი გარდაუვლად დაკავშირებულია ბუნებით ინსტიქტთან, „მოცემულ“ სწრაფვასთან (ὀρμή). ამრიგად, პიროვნება, როგორც „მყოფი“, „არსებობს“ არა როგორც თავისუფლება, არამედ როგორც აუცილებლობა. შედეგად, ადამიანს არა აქვს შესაძლებლობა, დაამოწმოს თავისი ჰიპოსტასი აბსოლუტური ონტოლოგიური თავისუფლებით, ისე როგორც ეს ზემოთ აღვწერეთ, – თუ ის შეეცდება აღიყვანოს თავისუფლება ონტოლოგიურ აბსოლუტურობამდე, აუცილებლად წააწყდება ნიჰილიზმის დილემას[1].
მეორე „ვნება“ პირველის ბუნებრივი გაგრძელებაა. პირველ სტადიაზე მას შეიძლება ინდივიდუალიზმის (ἀτομισμός), ჰიპოსტასის განზომილების ვნება ეწოდოს, რაც საბოლოო ჯამში სიკვდილთან იგივდება. ადამიანის ჰიპოსტასის ბიოლოგიური შედგენილობა, რომელიც მოტივირებულია „ბუნების“ აუცილებლობით, ამ „ბუნებისვე“ უკვდავსაყოფად, სხეულთა ქმნადობაში გამოიხატება, რომელნიც დაამოწმებენ თავიანთ იდენტობებს სხვა „ჰიპოსტასებთან“ მიმართებაში. სხეული (σώμα), რომელიც იბადება როგორც ბიოლოგიური ჰიპოსტასი, მოქმედებს როგორც ვიღაცის „ეგოს“ ციტადელი, როგორც ახალი „ნიღაბი“, რომელიც ჰიპოსტასის პიროვნებად ქცევაში აშკარად ხელისშემშლელი ფაქტორია. სხეული ისწრაფვის პიროვნებისაკენ, მაგრამ საბოლოოდ ინდივიდამდე მიდის. ამიტომ ადამიანმა რომ განსაზღვროს თავისი ჰიპოსტასი (ონტოლოგიური და არა ფსიქოლოგიური), არ არის აუცილებელი კავშირი თავის მშობლებთან, პირიქით, კავშირის გაწყვეტა ამ თვითდამოწმების წინაპირობაა.
სიკვდილი არის ბიოლოგიური ჰიპოსტასის „ბუნებრივი“ განვითარება, სხვა ინდივიდუალურ ჰიპოსტასებზე „ადგილისა“ და „დროის“ კონცესია, და ჰიპოსტასის, როგორც ინდივიდუალურობის დადასტურება. იმავდროულად, არის ყველაზე ტრაგიკული თვითლიკვიდაცია ამავე ჰიპოსტასისა (სხეულისა და ინდივიდის დაშლა და გაქრობა), რომელიც ჰიპოსტასად თვითდამოწმებისკენ სწრაფვისას აღმოაჩენს, რომ საბოლოო ჯამში მისი „ბუნება“ მას მცდარი მიმართულებით – სიკვდილისაკენ მიუძღვება. ბუნების ეს „მარცხი“ (ἀστοχία), რომელიც ჩანს ადამიანის ბიოლოგიურ იდენტურობაში, გამოავლენს ორ მომენტს: პირველი გახლავთ ის, რომ მისი ბიოლოგიური არსებობის „დამოწმების“ საპირისპიროდ იმისათვის, რომ „ჰიპოსტასი“ დარჩეს (ἐπιβίωσις), საჭიროა გამოვლინდეს, როგორც „ექსტაზი“, არა როგორც არსება, არამედ როგორც პიროვნება. მეორე, ბიოლოგიური ჰიპოსტასის ეს „მარცხი“ არ მდგომარეობს ემპირიულად შეძენილი ეთიკური შინაარსის რაიმე შეცდომაში, არამედ ეიდოსის უკვდავყოფისათვის ბიოლოგიურ ქმედებაში ვლინდება[2].
ყოველივე ეს იმის მაუწყებელია, რომ ადამიანი, როგორც ბიოლოგიური ჰიპოსტასი, დასაბამიდანვე ტრაგიკული იდენტურობაა: ის იბადება ექსტაზური მოვლენის – ეროსის შედეგად, მოვლენისა, რომელიც ონტოლოგიური თავისუფლების გარეშე დაურღვევლადაა შეერთებული ბუნებრივ აუცილებლობასთან. იბადება როგორც ჰიპოსტასური მოვლენა, როგორც სხეული, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ინდივიდთან და სიკვდილთან. ეროტიული ქმედებით, რომლითაც ცდილობს, გამოხატოს საკუთარი ექსტაზურობა, მიემართება ინდივიდუალიზმისაკენ. მისი სხეული ტრაგიკული იარაღია, რომელიც წარმართავს ადამიანს სხვებთან თანაზიარობისაკენ: ხელის გაწვდენით, სიტყვის, საუბრის, ხელოვნების, მოკითხვების მეშვეობით. მაგრამ იმავდროულად ის თვალთმაქცობის „ნიღაბია“, ინდივიდუალიზმის ციტადელი, სიკვდილთან თანაზიარება – „უბადრუკი მე ესე კაცი! ვინ–მე მიხსნის ხორცთა ამათგან ამის სიკუდილისათა?“[3]. ადამიანის ბიოლოგიური წყობის ტრაგიკულობა მდგომარეობს არა იმაში, რომ ის პიროვნება არ არის, არამედ იმ მარცხში, რომელსაც ის პიროვნულობისაკენ სწრაფვისას განიცდის. და ეს მარცხი არის ცოდვა, რომელიც მხოლოდ პიროვნების ტრაგიკული პრივილეგიაა (προνόμιον).
ამიტომ, გამოხსნის აღსრულებისათვის, ანუ ჰიპოსტასის წარმატებულობისათვის, აუცილებელია ეროსი და სხეული, როგორც პიროვნების ექსტასისა და ჰიპოსტასის გამომხატველნი, აღარ იყვნენ სიკვდილის მატარებელნი. ამგვარად, ორი რამაა აუცილებელი: ა) ბიოლოგიური ჰიპოსტასის ეს ორი ძირითადი ნაწილი, ეროსი და სხეული, არ უნდა დაირღვეს. მათგან განშორება გამოიწვევდა ადამიანის ჩამოშორებას იმ საშუალებებისაგან, რომლითაც ის წარმოჩნდება როგორც ექსტაზი და ჰიპოსტასი, ანუ პიროვნება[4]. ბ) უნდა შეიცვალოს ჰიპოსტასის შედგენილობის (σύστασις) გვარი, უნდა მოიძებნოს ადამიანის დაბადების ახალი ფორმა, რაც, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ეთიკურ რამ ცვლილებას ან გნებავთ, გაუმჯობესებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ როგორც ეროსი, ისე სხეული დაექვემდებარებიან „მყოფობის ახალ გვარს“, განაგდებენ (ἀποβάλλουν) ადამიანური ჰიპოსტასის შედგენილობაში (σύστασις) ტრაგიკულობის გამომწვევ ენერგიას და დაიმარხავენ მხოლოდ იმგვარს, რომელიც პიროვნებას აქცევს სიყვარულად, თავისუფლებად და სიცოცხლედ. სწორედ ეს არის ის, რასაც ზემოთ „ეკლესიოლოგიური მყოფობის ჰიპოსტასი“ ვუწოდეთ.
ბ) ეკლესიოლოგიური მყოფობის ჰიპოსტასი განმტკიცებულია ადამიანის ახალი დაბადებით, ნათლობით. ნათლობა, როგორც მეორედ დაბადება, ჰიპოსტასის შემამტკიცებელი საქმეა (შπράξις συστατική). როგორც ადამიანის ჩასახვა და დაბადება არის მისი ბიოლოგიური ჰიპოსტასი, ისე ნათლობა წარმოადგენს მყოფობის ახალ გვარს, „მეორედ შობას“[5] და, აქედან გამომდინარე, ახალ „ჰიპოსტასს“. რა არის ამ ახალი ჰიპოსტასის დასაბამი? რის მიმართ და როგორ შემტკიცდება (ὑποστασιάζεται) ნათლობით ადამიანი?
როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ბიოლოგიური ჰიპოსტასის ფუნდამენტური პრობლემა მისი ექსტაზური ენერგიის ონტოლოგიური აუცილებლობის ვნებულებასთან (πάθος) მჭიდრო კავშირშია, ბუნება ონტოლოგიურად წინ უსწრებს (προηγεῖται) პიროვნებას და კარნახობს თავის კანონებს, „ინსტიქტს“, რითაც განაქარვებს თავისუფლებას მის ონტოლოგიურ დასაბამშივე. ეს ვნებულება მჭიდროდაა დაკავშირებული კრეატულობასთან (κτιστότης), მყოფობის მოცემულობასთან. შედეგად, შეუძლებელი ხდება ქმნილებამ თავის ბიოლოგიურ ჰიპოსტასში თავი დააღწიოს ონტოლოგიურ აუცილებლობას: „მოცემული“ ბუნებითი კანონების, ანუ ონტოლოგიური აუცილებლობის, გარეშე არ არსებობს ადამიანის ბიოლოგიური ჰიპოსტასი[6].
მაშასადამე, იმისათვის, რომ პიროვნებამ, როგორც აბსოლუტურად ონტოლოგიურმა თავისუფლებამ, თავი დააღწიოს ტრაგიკულობის შედეგებს, აუცილებელია, მისი ჰიპოსტასი შემტკიცდეს იმ ონტოლოგიურ რეალობასთან, რომელიც არ ივნება კრეატულობისაგან. სწორედ ეს არის წმინდა წერილის ფრაზის მნიშვნელობა: „უკუეთუ ვინმე არა იშუეს მეორედ“. ამ შესაძლებლობის შესახებ ახარებს პატერიკული ქრისტოლოგია ადამიანს.
ეკლესიის მამათა ქრისტოლოგიური სწავლების მიზანიც წმინდა ეგზისტენციური მნიშვნელობისაა, დაარწმუნოს ადამიანი იმაში, რომ ნამდვილი პიროვნება (არა როგორც ნიღაბი და „ტრაგიკული პიროვნება“) არ არის მითიური ან ნოსტალგიური რამ ძიება, არამედ ისტორიული რეალობა. იესო ქრისტეს გამომხსნელობითი მისიის არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ამკვიდრებს პიროვნების რეალობას (πραγματικότης) ისტორიაში და მას ყოველი ადამიანის პიროვნების „ჰიპოსტასის“ დასაბამად ადგენს. ამრიგად, პატერიკული თეოლოგიის მიერ ქრისტოლოგიის აუცილებელ ფუნდამენტურ პრინციპებად (στοιχεῖα) მიჩნეულია:
ა) ქრისტეს პიროვნების გაიგივება წმიდა სამების ძის ჰიპოსტასთან. ნესტორიანიზმთან ხანგრძლივი დავა არ იყო უბრალო ასკეზი აკადემიურ თეოლოგიაში, არამედ შეუპოვარი ბრძოლა ეგზისტენციური საკითხისათვის: როგორ იქნებოდა ქრისტე ადამიანის მხსნელი (σωτήρ), თუკი მისი ჰიპოსტასი იქნებოდა ჩვენს მიერ ხსენებული ბიოლოგიური მყოფობის ჰიპოსტასი? თუკი ქრისტე, როგორც პიროვნება, „არსებობს“ არა თავისუფლებაში (ἐν ἐλευθερίᾳ), არამედ ბუნების აუცილებლობის შესაბამისად, მაშინ მასშიც, საბოლოოდ[7], არსებობს ადამიანური პიროვნების ტრაგიკულობა. იესოს ქალწულისაგან შობის კონცეპტი პატერიკული თეოლოგიის ეგზისტენციური საზრუნავის ნეგატიური გამოხატულებაა, ხოლო პოზიტიურია ქალკედონის დოგმა, რომ ქრისტეს პიროვნება არის ერთი და ის იდენტურია ძე ღმერთის ჰიპოსტასთან.
ბ) ქრისტეში ორი (საღვთო და ადამიანური) ბუნების ჰიპოსტასური შეერთება. ამ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად საყურადღებოა ის განსხვავება, რომელიც არსებობს ბერძენ და ლათინ მამებს შორის, მსგავსი იმ განსხვავებისა, რომლის შესახებაც ზემოთ ვისაუბრეთ სამების დოგმატთან მიმართებაში. დასავლეთში, როგორც ეს პაპ ლეონ I–ის ტომოსიდან ჩანს, ქრისტოლოგიის ამოსავალი წერტილი „ბუნების“ ან „არსების“ კონცეპტია, ხოლო ბერძენ მამებთან, მაგ., წმ. კირილე ალექსანდრიელთან, – ჰიპოსტასი, პიროვნება. როგორ უბრალოდაც არ უნდა მიაჩნდეს ვინმეს ეს განსხვავება, ის დიდი მნიშვნელობის საკითხია ქრისტოლოგიაში. ბერძენი მამების მიხედვით, ადამიანის ონტოლოგიის საფუძველია პიროვნება: როგორც ღმერთი–პიროვნება არის ის, ვინც არის ღმერთი ბუნებითად, „სრული ღმერთი“ (τέλειος Θεός), მსგავსადვე, ადამიანიც ქრისტეში როგორც ჰიპოსტასი, პიროვნება, ანუ როგორც თავისუფლება და სიყვარული არის „სრული კაცი“ (τέλειος ἄνθρωπος). შესაბამისად, სრული ადამიანი არის მხოლოდ ის, ვინც არის ნამდვილი პიროვნება (ὄντως πρόσωπον), ვისაც აქვს თავისი „მყოფობის გვარი“, ის, ვინც არსებობს იმავე სახით, როგორც ღმერთი–მყოფობა (არსი, ὄν). სწორედ ამას ნიშნავს „ჰიპოსტასური შეერთება“ ადამიანური მყოფობის ენაზე.
მაშასადამე, ქრისტოლოგია არის ხარება ადამიანისათვის იმისა, რომ მისი ბუნება შესაძლებელია, „მიღებულ“ და შეგვამოვნებულ (ὑποστασιασθῆ) იქნეს თავისუფლად მისი ბიოლოგიური ჰიპოსტასის ონტოლოგიური აუცილებლობისგან, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ინდივიდუალიზმისა და სიკვდილისაკენ მიაქანებს მას. ქრისტეს წყალობით, ამიერიდან ადამიანსაც შეუძლია დაამოწმოს მისი, როგორც პიროვნების, მყოფობა არა საკუთარი ბუნების უცილობელი კანონების, არამედ ღმერთთან ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც იდენტურია იმ თავისუფლებისა და სიყვარულისა, რომელიც აქვს ძეს მამისადმი. ადამიანისადმი ღვთისაგან ბოძებული ძეობილობა, მისი ჰიპოსტასის იდენტიფიკაცია ღმერთის ძის ჰიპოსტასთან არის სწორედ ნათლობის არსი[8].
VII
ზემოთქმულის თანახმად, ადამიანი ნათლობის შედეგად იძენს ჰიპოსტასს, რომელსაც ვუწოდეთ „ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი“. შეკითხვაზე, როგორ ან სად შეიძლება განხორციელდეს ადამიანის ეს ახალი არა ბიოლოგიური ჰიპოსტასი, პასუხი არის ცალსახა – ეკლესიის წიაღში. ძველ პატერიკულ ლიტერატურაში ხშირად ეკლესიას ადარებენ „დედასთან“. ამ შედარების სულისკვეთება მდგომარეობს იმაში, რომ სწორედ ეკლესიის წიაღში იშვება ადამიანი, როგორც „ჰიპოსტასი“, როგორც პიროვნება. ამ ახალ ჰიპოსტასს აქვს ნამდვილი პიროვნების ყველა ძირითადი ნიშან–თვისება, რომლის მეშვეობითაც ხდება ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასის განსხვავება ბიოლოგიურისაგან. რას წარმოადგენს ეს ნიშან–თვისებები?
ეკლესიის პირველი და ძირითადი თვისება ისაა, რომ მას ადამიანი შეყავს სამყაროსთან ისეთ ახალ ურთიერთობაში, რომელიც არ განისაზღვრება ბიოლოგიური კანონებით. პირველი საუკუნის ქრისტიანები, მაშინ როცა უკვე განსაზღვრული იყო ეკლესიის არსი, გამოხატავდნენ ამ ურთიერთობის აღმატებულებას, ისინი საოჯახო წოდებებს უთავსებდნენ ეკლესიას[9]. ამრიგად, ახალი ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასისათვის „მამა“ იყო არა ბუნებითი მშობელი, არამედ ის, „რომელი არს ცათა შინა“ და და–ძმანი იყვნენ ეკლესიის წევრები. ის, რომ ეს წარმოადგენს პირველის აღმატებულებას მეორეზე (და არა ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასისა და ბიოლოგიურის პარალელურ თანაარსებობას), ჩანს იმ სიტყვების მკაცრი შინაარსიდანაც, რომლის თანახმადაც, ქრისტიანებს მოეთხოვებოდათ ოჯახების დატოვება[10]. ეს სიტყვები არ გახლავთ უბრალო უარყოფა. მასში ჩანს პოზიცია: ნათლობით ქრისტიანი სხვაგვარად წარმოჩნდება ყველას წინაშე, წარმოჩნდება სხვაგვარი ურთიერთობებით, როგორც თავისუფალი პიროვნება. ასეთი ურთიერთობა რადიკალურად განსხვავდება იმ ურთიერთობებისაგან, რომელთაც წარმოშობს მისი ბიოლოგიური იდენტურობა. ამიერიდან მას უყვარს არა ისე, როგორც მას ავალდებულებს ბიოლოგიური კანონები (შინაურებისადმი სიყვარულში რომ გამოიხატება), არამედ თავისუფლად, ბუნებითი კანონებისაგან დამოუკიდებლად[11]. ადამიანი, როგორც ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი, ადასტურებს, რომ ის, რაც ღმერთშია, შესაძლებელია ადამიანისთვისაც: ბუნება არ განსაზღვრავს პიროვნებას, არამედ პიროვნება განსაზღვრავს ბუნებას. თავისუფლება იდენტიფიცირდება ადამიანის მყოფობასთან.
პიროვნების ანუ ჰიპოსტასის ბუნებისაგან თავისუფლებაში ჩანს, რომ ეკლესიის გარეთ მყოფი ადამიანი ბიოლოგიური ჰიპოსტასისათვის დამახასიათებელი გრძნობით გამოხატავს სიყვარულს (ოჯახს აქვს უპირატესობა, ვიდრე სიყვარულს „უცხოებისადმი“, მეუღლეს აქვს პრეტენზია მეუღლის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულზე). ესაა ურთიერთობები სრულიად გასაგები და „ბუნებრივი“ ბიოლოგიური ჰიპოსტასისათვის. ის, რომ ადამიანს საკუთარი ოჯახის წევრებზე უფრო მეტად უყვარდეს სხვა ვინმე, წარმოადგენს ბუნებით ჰიპოსტასში არსებულ განკერძოებულობაზე ზეაღმატებას. ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასისათვის დამახასიათებელია იმის შესაძლებლობა, რომ პიროვნებას უყვარდეს ყოველგვარი განკერძოებულობის გარეშე, და ეს არა ზნეობრივ მცნებებთან შეწყობით („გიყუარდეს მოყუასი შენი“), არამედ ჰიპოსტასური დასაბამით (καταβολή), რომ მისი ახალი შობა ეკლესიის საშოდან მას ურთიერთობების მთელი კომპლექსის ნაწილად ხდის, რაც ზეაღემატება ყოველგვარ განკერძოებულობას[12]. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ეკლესიის წიაღში აქვს ადამიანს ძალა, წარმოჩნდეს როგორც სრული პიროვნება, რადგანაც ეკლესიის წიაღში ორი რამ აღესრულება: ერთი, რომ ადამიანი და სამყარო არ არიან ურთიერთიზოლირებულნი, არამედ როგორც ერთი მთლიანი, რომელიც სრულად გამოიხატება ყოველ კონკრეტულ არსებაში და ადამიანი ხდება ის, ვინც თავისი მყოფობის სისრულით, და ამავე სისრულით სამყაროსთან მიმართებაში, არის ჰიპოსტასი, რომელიც ინდივიდი კი არ არის, არამედ ნამდვილი პიროვნება. ამრიგად, ეკლესია ადამიანურ მყოფობაში ხდება ქრისტე[13] და ეკლესია[14]. ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი იმგვარი სახით არსებობს ისტორიაში, რომ დამოწმება ადამიანის შესაძლებლობისა არ გახდეს ინდივიდობის, დაყოფისა და სიკვდილის მატარებელი. ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი არის ადამიანის რწმენა და იმედი მისი, როგორც პიროვნების უკვდავებისა.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ იბადება კითხვა: რა ხდება ადამიანის ბიოლოგიურ ჰიპოსტასთან მიმართებაში ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასის განხორციელებისას, რადგან ჩვენი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ნათლობისა და ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასისა, ადამიანი განაგრძობს შობასაც და გარდაცვალებასაც, თანახმად მისი ბიოლოგიური ჰიპოსტასისა. მაშ, რა არის ნამდვილი პიროვნების ის გამოცდილება, რომელსაც ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი იძლევა?
ამ კითხვაზე პასუხისათვის საჭიროა ახალი ონტოლოგიური კატეგორია არა ბიოლოგიური და ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასების განსხვავების გაუქმებისათვის, არამედ მათ შორის კავშირის გამოსახატავად. მართლაც, ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასის შეხვედრა ბიოლოგიურთან ადამიანურ მყოფობაში წარმოშობს დიდებულ კავშირს: ადამიანი ეკლესიოლოგიური იდენტურობით წარმოჩნდება არა იმად, რაც არის, არამედ რაც იქნება, ანუ ეკლესიოლოგიური იდენტურობა უკავშირდება ესქატოლოგიას.
ადამიანის პიროვნების განჭვრეტას ამ სისრულის პრიზმაში არაფერი აქვს საერთო არისტოტელესეულ ენტელექიასთან, იმ შესაძლებლობასთან, რომელიც არსებობს ადამიანის ბუნებაში, გახდეს უკეთესი და უფრო სრული, ვიდრე ახლაა[15]. პიროვნება არ არის გამოხატულება ან აპოროია ადამიანის არსების ან ბუნების. შეუძლებელია ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი, ნამდვილი პიროვნება წარმოდგეს ადამიანების ბიოლოგიური ან ისტორიული განვითარების შედეგად[16]. მდგომარეობა, რომელიც წარმოიშვება ეკლესიოლოგიური იდენტურობის მოლოდინისა და იმედისაგან, ამ დიდებული ჰიპოსტასისაგან, რომელსაც ფესვები მომავალში აქვს, ხოლო რტოები აწმყოში[17], შეიძლება გამოითქვას ახალი ონტოლოგიური კატეგორიით – საკრამენტული (μυστηριακήν) ან ევქარისტიული (εὐχαριστιακήν) ჰიპოსტასი.
ყველაფერი ზემოთქმული, რაც ეკლესიოლოგიურ ჰიპოსტასს მიემართება და მას ბიოლოგიურისაგან განასხვავებს, ისტორიულად და ემპირიულად მხოლოდ საღვთო ევქარისტიას გამოავლენს. ონტოლოგიურ აუცილებლობასა და განკერძოებულობაზე აღმატებულობა არის ემპირია, რომელსაც საღვთო ევქარისტია გვთავაზობს. ევქარისტია თავისი უძველესი და სწორი კონცეპტით (და არა დასავლური სქოლასტიზმით), უპირველესად, არის სინაქსისი (შემოკრება, შეკრება, σύναξις)[18], ერთობა, ურთიერთობების მთელი კომპლექსი, რომელშიც ადამიანი „არსებობს“ ბიოლოგიურისაგან განსხვავებული გვარით, როგორც ერთი სხეულის ნაწილი, რომელიც ზეაღემატება ბიოლოგიური თუ სოციალური ფორმის კერძოობას. ევქარისტია არის ადამიანის მყოფობის ერთადერთი ისტორიული ადგილი, სადაც ტერმინები „მამა“, „ძმები“ და ა. შ. კარგავენ თავიანთ ბიოლოგიურ კერძოობას და, როგორც ვნახეთ, გამოხატავენ სიყვარულის, თავისუფლებისა და საყოველთაოობის ურთიერთკავშირს[19]. პატერიკულმა თეოლოგიამ სწორედ ევქარისტიაში დაინახა განხორციელება ფილოსოფიური პრინციპისა, რომ ჰიპოსტასი გამოხატავს თავისი ბუნების მთლიანობას და არა ნაწილს. საღვთო ევქარისტიისას ქრისტე „განიტეხების და არა განიყოფის“ (μελιζόμενος και μη διαιροῦμενος) და ყოველი მაზიარებელი არის მთლიანი ქრისტე (ὅλος ο Χριστός) და მთლიანი ეკლესია (ὅλη η Ἐκκλησία). ამრიგად, ეკლესიოლოგიური იდენტურობა თავის ისტორიულ განხორციელებაში არის ევქარისტიული. ამით აიხსნება, რომ ეკლესიამ სწორედ ევქარისტიას დაუკავშირა თავისი ყოველი ქმედება (რომელთაც ჩვენ საიდუმლოს ვუწოდებთ), რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ზეაღმატებას თავის ბიოლოგიურ ჰიპოსტასზე. საიდუმლოებები ევქარისტიასთან კავშირის გარეშე არის კურთხევა (εὐλογία) და დადასტურება (დამოწმება), რომელიც ეძლევა ბუნებას, როგორც ბიოლოგიურ ჰიპოსტასს. ევქარისტიასთან კავშირში კი საიდუმლოებები წარმოჩნდება არა როგორც ევლოგია და დადასტურება ბიოლოგიური ჰიპოსტასისა, არამედ როგორც მისი ესქატოლოგიური ზეაღმატება.
ევქარისტიის ეს ესქატოლოგიური ხასიათი (თვისება) იძლევა პასუხს შეკითხვაზე, თუ რა კავშირია ეკლესიოლოგიურ და ბიოლოგიურ ჰიპოსტასებს შორის. ევქარისტია არ არის მხოლოდ „შეკრება“ ერთსა და იმავე ადგილას, ანუ ადამიანის ესქატოლოგიური მყოფობის ისტორიული განხორციელება, არამედ იმავდროულად მოძრაობაცაა, სვლა ამ განხორციელებისაკენ. შეკრება (σύναξις) და მოძრაობა (სვლა, κίνησις) მიჩნეულია ევქარისტიის ორ ფუნდამენტურ ნიშნად. ისინი პატერიკული ევქარისტიული თეოლოგიის მთავარ ბერკეტებია[20]. აკი სხვაგვარად მსახურებაც ეწოდება ევქარისტიას. მისი ეს მსახურებითი მოძრაობა, მისი ესქატოლოგიურობა ცხადყოფს, რომ ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი თავისი ევქარისტიული გამოხატულებით არ არის ამ სოფლის. ის ისტორიას ესქატოლოგიურად ზეაღემატება და არა უბრალოდ ისტორიას. ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი ადამიანს პიროვნებად წარმოაჩენს, რომელსაც ფესვი (ძირი) მომავალში აქვს. ის არსებობს და საზრდოობს მომავლისგან. პიროვნების ჭეშმარიტება და ონტოლოგია მომავალს განეკუთვნება, მომავლის ხატებას წარმოადგენს[21].
რას ნიშნავს ადამიანის მყოფობისათვის ეს „ჰიპოსტასი“, რომელიც არის „მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არახილულთა“[22]. ეს მდგომარეობა ხომ არ მიგვაბრუნებს პიროვნების ტრაგიკულობისაკენ?
რა თქმა უნდა, ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასის ამ ესქატოლოგიურ თვისებას აქვს დიალექტიკის ფორმა – „უკვე“ და „ჯერ არა“. ეს დიალექტიკა განფენილია საღვთო ევქარისტიაში[23]. ამ დიალექტიკითაა ადამიანი პიროვნება, ამით შეიგრძნობს, რომ მისი რეალური სამშობლო არ არის ამ სოფელში, რაც მისი პიროვნების, ჰიპოსტასის ამსოფლიურ საგნებსა და ღირებულებებზე მიჯაჭვულობის უარყოფით გამოიხატება[24]. ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი, როგორც ზეაღმატება ბიოლოგიურზე, ღმერთის მყოფობიდან საზრდოობს. ის თავის მყოფობას იღებს იქიდან, რაც თავად იქნება დასასრულის ჟამს (ἕσχατα). სწორედ ამით ხდება ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი ასკეზური[25].
ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასის ასკეზური ხასიათი მდგომარეობს არა ამ სოფლის ან მყოფობის ბიოლოგიური ბუნების უარყოფაში[26], არამედ ბიოლოგიური ჰიპოსტასის უარყოფაში. ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასი ჩვეულებრივად იღებს ბიოლოგიურ ბუნებას, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მას ბიოლოგიური გვარით არ (სახით, τρόπος) შეამტკიცებს (შეამყარებს, შეაგვამოვნებს, ὑποστασιάζεται), ასევე აძლევს მას ჭეშმარიტ ონტოლოგიას და საუკუნო სიცოცხლეს. ამიტომაც აღვნიშნეთ ზემოთ, რომ არ უნდა იქნეს უგულვებელყოფილი არც ეროსი და არც სხეული, ისინი უნდა შემტკიცდნენ (შემყარდნენ, შეგვამოვნდნენ, ὑποστασιασθοῦν) ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასის „მყოფობის გვარის“ მიხედვით. პიროვნების ასკეზური ხასიათი, რომელიც მომდინარეობს ეკლესიოლოგიური ჰიპოსტასის ევქარისტიული ფორმიდან (μορφή), სწორედაც გამოხატავს ჭეშმარიტ პიროვნებას, როცა არა თუ უარყოფს, არამედ ეკლესიოლოგიურად შეამტკიცებს (შეამყარებს, შეაგვამოვნებს, ὑποστασιάζεται) ეროსსა და სხეულს. ყოველივე ზემოთქმულის თანახმად, ეროსი, როგორც ადამიანური პიროვნების ექსტაზური მოძრაობა, რომელიც თავის ჰიპოსტასს იძენს მომავლიდან, თავისუფლდება ონტოლოგიური აუცილებლობისაგან და ამიერიდან აღარ მიისწრაფვის ბუნებით ნაკარნახევი განკერძოებულობისაკენ. ის ხდება საყოველთაო ხასიათით თავისუფალი სიყვარულის მოძრაობა, სიყვარულისა, რომელიც კონცენტრირდება ერთ პიროვნებაში, როგორც გამოხატულება მთელი ბუნებისა, წარმოაჩენს ამ პიროვნებას ჰიპოსტასად, რომელიც უყვართ ამის გამო და რომლისადმიც შემტკიცდება (შემყარდება, შეგვამოვნდება, ὑποστασιάζονται) ყველა და ყველაფერი[27]. თავის მხრივ, სხეული, როგორც ადამიანური პიროვნების ჰიპოსტასური გამოხატულება, თავისუფლდება ინდივიდუალიზმისა და ეგოცენტრიზმისაგან. ის უპირველესად, ხდება ერთობის გამოხატულება – ქრისტეს, ეკლესიისა და ევქარისტიის სხეული. ემპირიულად წარმოჩნდება, რომ სხეული თავისთავადად არ არის ნეგატიური და განკერძოებითი კონცეპტისა, არამედ ერთობითი (თანაზიარებითი) და სიყვარულისმიერი. სხეული თავის ამ ჰიპოსტასში, ინდივიდუალიზმითა და სხვა არსებათაგან გამორჩევით, ზეაღემატება თავის დაშლა–განადგურებას. და როგორც თანაზიარობის სხეული, თუკი თავისუფალი წარმოჩნდება ბუნების კანონებისაგან (ინდივიდუალიზმი და განკერძოებულება), მით უფრო თავისუფალი იქნება სიკვდილის კანონებისგანაც. ადამიანის ეკლესიოლოგიური მყოფობა, ევქარისტიული ჰიპოსტასი წარმოადგენს გარანტს, „წინდს“ (ἀῤῥαβών) ადამიანის სიკვდილზე საბოლოო გამარჯვებისა. ეს იქნება გამარჯვება პიროვნების და არა ბუნების. აქედან გამომდინარე, ესაა ადამიანის გამარჯვება მისსავე ავტარკიაზე (თვითმყოფადობაზე), გამარჯვება ღმერთთან ჰიპოსტასურად შეერთებული ადამიანისა, ანუ პატერიკული ქრისტოლოგიის ქრისტესი, როგორც ადამიანისა.
სწორედ ამ ასპექტში განსხვავდება ადამიანის ტრაგიკული პიროვნებისაგან ევქარისტიული ჰიპოსტასი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ განიცდის ბიოლოგიური ჰიპოსტასის ტრაგიკულობას, არ იძენს თავის მყოფობას (τὸ εἶναι) აწმყოში (იქიდან, რაც ახლაა), არამედ ის ონტოლოგიურად შემტკიცებულია მომავალთან, რის გარანტი და წინდი ქრისტეს აღდგომაა. ადამიანი ევქარისტიაში რამდენჯერაც იგემებს ამ ჰიპოსტასის ემპირიას, იმდენჯერ გამყარდება რწმენაში, რომ პიროვნება, რომელსაც შეამტკიცებს ბიოლოგიური აუცილებლობისა და განკერძოებულობისაგან თავისუფალი სიყვარული, საბოლოოდ არ მოკვდება. როდესაც ევქარისტიული ერთობა ცოცხლად ინახავს მათ ხსოვნას, ვინც ჩვენ გვიყვარს (შესვენებულები და ცოცხლები), აღასრულებს ონტოლოგიურ (და არა ფსიქოლოგიურ) ქმედებას, იმის დასამოწმებლად, რომ პიროვნებას საბოლოო სიტყვა ეთქმის ბუნებასთან მიმართებაში. ბიბლიური რწმენის (არარსებისაგან შექმნა) შეხვედრა ონტოლოგიისადმი რწმენასთან (ბერძნულ რწმენასთან, πίστην ἑλληνικήν) აძლევს ადამიანურ მყოფობასა და აზროვნებას ყველაზე ძვირფას სიკეთეს – პიროვნების კონცეპტს. სწორედ ამისთვის უნდა მადლობდეს კაცობრიობა ბერძნულ პატერიკულ თეოლოგიას.
სწორედ ამ ასპექტში განსხვავდება ადამიანის ტრაგიკული პიროვნებისაგან ევქარისტიული ჰიპოსტასი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ განიცდის ბიოლოგიური ჰიპოსტასის ტრაგიკულობას, არ იძენს თავის მყოფობას (τὸ εἶναι) აწმყოში (იქიდან, რაც ახლაა), არამედ ის ონტოლოგიურად შემტკიცებულია მომავალთან, რის გარანტი და წინდი ქრისტეს აღდგომაა. ადამიანი ევქარისტიაში რამდენჯერაც იგემებს ამ ჰიპოსტასის ემპირიას, იმდენჯერ გამყარდება რწმენაში, რომ პიროვნება, რომელსაც შეამტკიცებს ბიოლოგიური აუცილებლობისა და განკერძოებულობისაგან თავისუფალი სიყვარული, საბოლოოდ არ მოკვდება. როდესაც ევქარისტიული ერთობა ცოცხლად ინახავს მათ ხსოვნას, ვინც ჩვენ გვიყვარს (შესვენებულები და ცოცხლები), აღასრულებს ონტოლოგიურ (და არა ფსიქოლოგიურ) ქმედებას, იმის დასამოწმებლად, რომ პიროვნებას საბოლოო სიტყვა ეთქმის ბუნებასთან მიმართებაში. ბიბლიური რწმენის (არარსებისაგან შექმნა) შეხვედრა ონტოლოგიისადმი რწმენასთან (ბერძნულ რწმენასთან, πίστην ἑλληνικήν) აძლევს ადამიანურ მყოფობასა და აზროვნებას ყველაზე ძვირფას სიკეთეს – პიროვნების კონცეპტს. სწორედ ამისთვის უნდა მადლობდეს კაცობრიობა ბერძნულ პატერიკულ თეოლოგიას.
____________________________________________________________________________________________________________________________________________________
[1] დოსტოევსკის ახალგაზრდა გმირი, რომელიც თავისი ჭაბუკობის ასაკში ცდილობს, შეიცნოს თავისუფლება, სვამს კითხვას: „და ვინ მკითხა მე ამ ქვეყნად მოვლინება?“ ამით ის გაუცნობიერებლად ეხება ონტოლოგიური აუცილებლობის თემას, რომელიც ბიოლოგიურ ჰიპოსტასში არსებობს.
[2] წმინდა მაქსიმე აღმსარებელს, გრიგოლ ნოსელის კვალდაკვალ (იხ. ადამიანის შექმნისთვის 16–18, PG 44, 177), ადამიანური მყოფობის საკითხის განხილვისას ბიოლოგიური წესით ადამიანების გამრავლება დაცემის შედეგად მიაჩნია (იხ. Απορ. 41-42, PG 91, 1309C, Ερωτ. Θαλ. 61, PG 90, 636B). მაქსიმეს ეს პოზიცია შთაგონებულია მათეს სახარებიდან (22. 30), რომ ადამიანის ჭეშმარიტი „მყოფობა“ მის ესქატოლოგიურ მდგომარეობაშია. სიკვდილის ძლევა, პიროვნების გადარჩენა (ἐπιβίωσις) წარმოუდგენელი და გაუგებარია ადამიანური ჰიპოსტასის არსის (სტრუქტურის, σύστασις) ცვლილების, ბიოლოგიურ ჰიპოსტასზე აღმატებულობის გარეშე. ეს არ ნიშნავს მანიქეველობას: ბიოლოგიური და ესქატოლოგიური ჰიპოსტასები არა არიან ურთიერთგამომრიცხავნი.
[3] რომ. 7. 24.
[4] სოტერიოლოგია, ჭეშმარიტი პატერიკული თეოლოგიისსაგან მოწყვეტილი, ქმნის დილემას: ჰიპოსტასი ექსტაზის გარეშე ან ექსტაზი ჰიპოსტასის გარეშე. სოტერიოლოგიური საკითხის არსი მდგომარეობს პიროვნების, როგორც ექსტატიკური ისე ჰიპოსტასური განზომილებების შენარჩუნებაში ონტოლოგიური აუცილებლობის „ვნებების“ გარეშე.
[5] 1 პეტრ. 1. 3, 23.
[6] თუკი ოდესმე განხორციელებადი იქნება ადამიანის ხელოვნური განაყოფიერება, არასოდეს იქნება ის თავისუფლების გამომხატველი ადამიანური ჰიპოსტასის შედგენილობისათვის (σύστασις). ეს იქნებოდა ბუნებისა და მისი კანონების შენაცვლება არათავისუფალი (პἀνελεύθερος) ადამიანური ლოგიკის კანონებით.
[7] ხაზს ვუსვამთ სიტყვას „საბოლოოდ“ (τελικά), რადგან მას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს ქრისტოლოგიისათვის. ქრისტოლოგიაში ყველაფერი აღდგომით განიხილება და არა განკაცებით. თავისთავადად განკაცება არ არის ცხონების გარანტი. ის, რომ საბოლოოდ განქარდება სიკვდილი, ჩვენ გვაძლევს რწმენას, რომ სიკვდილის დამთრგუნველი დასაბამიდან ღმერთია. ამგვარად ვითარდება ქრისტოლოგია ახალ აღთქმაში – აღდგომიდან განკაცებისაკენ და არა პირიქით. პატერიკულ თეოლოგიასაც არასოდეს დაუკარგავს ქრისტოლოგიის ესქატოლოგიური განცდა. ამიტომაც, როცა ვამბობთ, რომ ქრისტე ერიდებოდა ბუნების აუცილებლობას და ამ ბუნების „ვნებებს“, არ ვგულისხმობთ, რომ ის უცხო იყო ბიოლოგიური მყოფობის მდგომარეობასთან (მაგ.: „ევნო“ – ბიოლოგიური ჰიპოსტასის ვნება, სიკვდილის ვნება). ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ვნება არა გვამოვანი (არაჰიპოსტასური, ἀνυπόστατος) ხდება: ქრისტეს რეალური ჰიპოსტასი არ არის ბიოლოგიური, არამედ ესქატოლოგიური, სამებისეული.
[8] ნათლობის საიდუმლოს წყობა (δομή) იგივდება იესოს ნათლისღების სახარებისეულ თხრობასთან. მამის ძისადმი სიტყვები – „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“ (მთ. 3. 17) – ნათლისღების დროს მიემართება ნათლისმღებელს. წმიდა სამების წყობა ხდება ნათლისმღებლის ჰიპოსტასის წყობა, რის საფუძველზეც მოციქული პავლე ნათლისღების შესახებ საუბრისას ამბობს: „სული იგი შვილებისაი, რომლითა ვღაღადებთ: აბბა, მამაო“ (რომ. 8. 15).
[9] „ხოლო მე გეტყვი ქრისტესთვის და ეკლესიისა“ (ეფეს. 5. 32).
[10] მთ. 4. 21; 10. 15; 19. 29; 23. 8–9.
[11] ქრისტიანს უცოდველი არ უყვარს უფრო მეტად, ვიდრე ცოდვილი, რადგან მისი სიყვარული თავისუფლების ნაყოფია და არა აუცილებლობის.
[12] ეკლესია გამოავლენს, რომ ა) ცხოვნება არ არის ზნეობრივი განსრულების, ბუნების გაუმჯობესების საქმე, არამედ ბუნების ახალი ჰიპოსტასის, ახალი შობისა.
[13] ნიშანდობლივია, რომ მამების სწავლების თანახმად, ყოველი მონათლული ხდება „ქრისტე“.
[14] წმინდა მაქსიმე აღმსარებელი თავის მისტაგოგიაში (4, PG 91, 672BC) ეკლესიის საყოველთაოობას (καθολικότης) ყოველი მორწმუნის ეგზისტენციურ წყობას უკავშირებს.
[15] Teilhard de Chardin–ის მოსაზრებებს ადამიანის შესახებ არაფერი აქვს საერთო პატერიკულ თეოლოგიასთან.
[16] ფუნდამენტური განსხვავება ქრისტიანობასა და მარქსიზმს შორის.
[17] ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში სიტყვას – „ჰიპოსტასი“ ზუსტად ის კონცეპტი აქვს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით – ონტოლოგია, რომლის ფესვიც მომავალში, ესქატოლოგიაშია.
[18] ტერმინი „ეკლესია“ადრეულ ხანაში ევქარისტიული ერთობის სინონიმი იყო.
[19] საკვირაო ლოცვა, როგორც ცნობილია, თავდაპირველად ევქარისტიული ლოცვა იყო. მნიშვნელოვანია, რომ ფრაზა „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა“ წარმოჩნდება, როგორც არსებითი განსხვავება ყოველი მორწმუნის თავის მამასთან კავშირისაგან. ასევე მნიშვნელოვანია ტერმინ „მამის“ გამოყენების ისტორია კლერიკოსებისადმი: თავდაპირველად ის გამოიყენებოდა მხოლოდ ეპისკოპოსის მიმართ, რადგან მხოლოდ ის არის მჯდომარე „წინაშე ღმრთისა “ (იხ. ეგნატე ანტიოქიელი, მაღნისელთა მიმართ 6, PG 5, 668) და ევქარისტიის შემწირველი. მოგვიანებით მიემართება პრესვიტერებსაც, როცა ეს დასი ითავსებს სამრევლოს მწყემსის ფუნქციას. რაც შეეხება ევქარისტიული ერთობის საყოველთაოობას, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ძველი და მკაცრი კანონიკური წყობის მიხედვით, მხოლოდ ერთი ევქარისტია უნდა შესრულდეს ერთ კონკრეტულ ადგილას და კონკრეტულ დღეს. ამ განწესების (რომელიც დღეს „მოხერხებულად“ ირღვევა სხვა ტრაპეზის გამოყენებით და სხვა მღვდლის მსახურებით) უმთავრესი მიზანი იყო ყველა მორწმუნის მონაწილეობა ამ კონკრეტულ ევქარისტიულ ერთობაში. აქვე მოკლედ შევეხებით ახალ წესს ევქარისტიის შესრულებისას, როცა ის ქრისტიანების განსაზღვრული ნაწილისათვის (სოციალური ფენისათვის: სტუდენტები, მეცნიერები, ან ჩვილები და ბავშვები) სრულდება. საქმე გვაქვს მართლმადიდებლობაში ერესის დამკვიდრებასთან, ევქარისტიული ერთობის უარყოფასთან.
[20] წმინდა მაქსიმე აღმსარებელის მისტაგოგიაში ევქარისტია გაგებულია როგორც მოძრაობა, სვლა „სისრულისაკენ“.
[21] მაქსიმე აღმსარებელი, პატერიკული ონტოლოგიის ფილოსოფიურად შეჯამებისას, არსებების ჭეშმარიტებას მომავალთან, დასასრულთან (ἕσχατα) აიგივებს. იხ. საეკლესიო ჰიერარქიისათვის 3, 3, 2 PG 4, 137D.
[22] ებრ. 11. 1.
[23] იოანეს გამოცხადებაში: „მოდი უფალო იესო“, და დამოწმება: „ჰე, მალე მოვალ“, უკვე არსებულს (აწინდელს) ცვლის მომლოდინეთი. გამოცხ. 22. შდრ. დიდაქე 9 და 10.
[24] ამგვარად გაიგება პავლესა და ლუკას სიტყვები: „რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაი ვეცხლის მოყუარებაი“ (1 ტიმ. 6. 10), და „ვაი, თქუენდა მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის–ცემაი თქუენი…“ (ლკ. 6. 24). ხსენებულ სახარებისეულ ადგილებში არაა საუბარი ზნეობრივ დაცემულობაზე, არამედ არსების ჰიპოსტასის, მისი ამ სოფელში, არსებაში, და არა პიროვნებაში განთავსებაზე. ამიტომაც, შემთხვევითი არ არის ტერმინ „οὐσία–ს ადრინდელი მნიშვნელობა–„ქონება“, „სამკვიდრებელი“ (ლკ. 15. 12. ევრიპიდე, ჰერაკლიდე 337. არისტოფანე).
[25] ასკეტიზმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ რამდენადაც ნაკლებად დაამყარებს ადამიანი თავის ჰიპოსტასს ბუნებაზე, არსებაზე, მით მეტად შემტკიცდება (შეგვამოვნდება, ὑποστασιάζεται) ის, როგორც პიროვნება. ასკეტიზმი კი არ უარყოფს „ბუნებას“, არამედ მას ათავისუფლებს ბიოლოგიური ონტოლოგიური აუცილებლობისაგან. აქვე შევნიშნავთ, რომ ეს საკმარისი არაა ბიოლოგიურ ჰიპოსტასზე ზეაღმატებისათვის, თუ იმავდროულად არ შემტკიცდა ბუნება საღვთო ევქარისტიაში. ასკეტიზმი, როგორც ბიოლოგიურ ჰიპოსტასზე ზეაღმატება, სხვა რელიგიებსაც გააჩნიათ, თუმცა ამ ზეაღმატების დადებითი მხარე, რომელიც ზემოთ აღვწერეთ ევქარისტიასთან მიმართებაში, მხოლოდ ეკლესიას შეუძლია მიმადლოს ადამიანს (რელიგიების ისტორიული ფენომენოლოგიის თვალთახედვიდან ოდესმე გააზრებული უნდა იქნეს, რომ მხოლოდ ევქარისტია არის ქრისტიანობის არსობრივი განსაზღვრულობა). ასკეტური განზომილების გარეშე წარმოუდგენელია პიროვნება. მაგრამ პიროვნების გამოვლენის ტერმინალური ადგილი კი არის არა მონასტერი, არამედ ევქარისტია.
[26] ცვლილებას არა „ბუნების მიზეზი“ («λόγος φύσεως»), არამედ „ბუნების გვარი“ («τρόπος φύσεως») საჭიროებს. იხ. წმ. მაქსიმე აღმსარებელი, ამბიგუა 42, PG 91, 1340BC-1341C.
[27] ამაში მდგომარეობს პატერიკული ქრისტოლოგიის ეგზისტენციური მნიშვნელობა, რომ პიროვნებას შეუძლია ერთ პიროვნებაში უყვარდეს ყველა და ყველაფერი, რაც არის ღმერთის თვისება, რომელსაც, როგორც მამას უყვარს თავისი მხოლოდშობილი ძე და „ამ ძეში“ უყვარს და აძლევს ჰიპოსტასს მთელ შესაქმეს: „ყოველივე მის მიერ დამტკიცნა“ (კოლ. 1. 17).
Комментариев нет:
Отправить комментарий