суббота, 27 мая 2017 г.

პეტრე მამონოვი – ცხოვრების არსზე

rok-musikosi-da-msaxiobi-petreცხოვრების გზაზე შემხვედრი ყველა ადამიანი ის ანგელოზია, რომელიც შემწედ გამოგიგზავნა განგებამ.
მას ან უყვარხარ, ან- გცდის.
ახალგაზრდობაში ასეთი რამ გადამხდა თავს: მეგობართან გვიანობამდე ვსვამდი.მერე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.
დილით მოვიკითხე. მაინტერესებდა, როგორ მივიდა შინ. მიპასუხეს: ,,ელექტრიჩკამ” გაიტანა და ფეხების ამპუტაცია დასჭირდაო.
საშინელებაა, ხომ?
საავადმყოფოში მივაკითხე. დამინახა თუ არა, ეს მითხრა: აი, შენთან ყველაფერი რიგზეა, მე კი…
საბანი რომ გადაიხადა, გავშრი.
საერთოდ, ამაყი ადამიანი იყო.
ამ ამბავმა შეცვალა, უფრო მოკრძალებული და მხიარული გახადა.
ცოლს, ოთხი შვილის დედას, საბავშვო მწერალს, მიუხედავად ამ უბედურებისა, ძალიან უკვირდა და უხაროდა ქმრის ხასიათის ასე გამოცვლა.
აი, როგორ განკურნავს უფალი ჩვენს სულს ფიზიკური ტკივილებით.
ეს რომ არ შემთხვეოდა ჩემს მეგობარს, სიამაყე ძველი პურის ყუასავით გამოფიტავდა.
რთული და ძნელადასატანი, მაგრამ მოკლე გზა ერგება ზოგს სულის განწმენდისთვის.
ყოველი წუთი ფიქრისთვის, სწავლებისთვისაა – რა როგორ ვთქვათ.
ცხოვრებისეული შემოტევები წამალივითაა – გვკურნავს.
ვისჯებით მხოლოდ იმისათვის, რომ სული გადავირჩინოთ.
ღმერთი მზრუნველი მამაა და ასე გვწვრთნის. პატარა ბავშვივით კუთხეში გვაყენებს, რომ მეორედ არ გავიმეოროთ დანაშაული.
პატარებს არ უყვართ, როცა მშობელი ხელჩაკიდებულს ატარებს. მამა კი, სანამ სამშვიდობოს არ დაიგულებს, ხელს არ უშვებს შვილს.
ღმერთიც ასეა.
მისგან მოვლენილი განსაცდელები (რომლის მიზეზიც ჩვენშივეა) – ერთგვარი გამოცდაა.
გამოცდა კი იმისთვისაა გამოგონილი, რომ ჩააბარო, რომ გაიზარდო.
სწორედ მათი მეშვეობით იწმინდება ჩვენი სული.
ოქროც ხომ ცეცხლში იწრთობა?!
ყველა ტკივილი დრტვინვის გარეშე უნდა ავიტანოთ.
კითხვა ,,რატომ?” (დრტვინვის თვალსაზრისით) – აბსოლუტურად ზედმეტია.
რასაც გავდივართ, ეს ჩვენი გზაა.
ცხოვრების აზრი კი სიყვარულშია.
დიდხანს გვერდს ვუვლიდი, გავურბოდი კითხვას – რისთვის ვცოცხლობთ?.
ვსვამდი, ვეწეოდი, არც ნარკოტიკებზე ვამბობდი უარს, ვჩხუბობდი, პირველობას ვჩემობდი.
მერე მივხვდი, რომ ცხოვრების ჭეშმარიტება- სიყვარულშია.
გიყვარდეს – ნიშნავს მსხვერპლი გაიღო, შეეწირო.
თითქოს უმარტივესია და მაინც…
არაა საკმარისი მხოლოდ ტაძარში იარო, სანთლები დაანთო და ილოცო.
2002 წელს, ჩეჩნეთში, რვა ჯარისკაცს შორის ერთ-ერთმა, დაუფიქრებლად ხელყუმბარა დააზიანა. ყველას სიკვდილი ემუქრებოდა. 55 წლის პოდპოლკოვნიკმა, რომელსაც ეკლესიაში არასდროს ულოცია, არცერთი ღერი სანთელი არ დაუნთია და კომუნისტი იყო, თავი გასწირა იქ მყოფთათვის- ხელყუმბარას გადაეფარა და ნაფლეთებად იქცა. თვითონ მოკვდა, მაგრამ სხვები გადაარჩინა.
იმაზე დიდი, რომ საკუთარი სიცოცხლე გაიღო მოყვასისთვის, არაფერია.
რატომღაც გვგონია, რომ კეთილი საქმე ხვალაც გაკეთდება, ზეგაც…
მაგრამ თუკი ამაღამ მოგაკითხავს სიკვდილი?!
როგორ შეასრულებ ხუთშაბათისთვის დაგეგმილ საქმეებს, თუკი ოთხშაბათს გარდაიცვლები?
თითქოს გუშინ იყო, ოლეგ იანკოვსკი რომ მეჯდა გვერდით და ვსაუბრობდით.
დღეს აქაა მისი ქურთუკი, სხვა ნივთები. ის კი აღარაა.
ჩვენ ფილმ ,,მეფის” გადაღებისას დავმეგობრდით. ბევრს ვსაუბრობდით ცხოვრების არსზე. მე ახლაც ვესაუბრები მას. ვლოცულობ: ღმერთო, შეიწყალე და იხსენი მისი სული!
მხოლოდ ლოცვა აღწევს იმ სამყაროში. ამიტომ, როცა აღვესრულები, არაფერში გამომადგება ძვირადღირებული მუხის სასახლე და ყვავილები.
ერთს გთხოვთ მხოლოდ: ილოცოთ ჩემთვის.
მხოლოდ ლოცვა შემეწევა, რადგან მე ყველანაირი ცხოვრებით ვიცხოვრე…
ლოცვა ცოცხლებსაც სჭირდება. უფლისადმი მადლიერებით წარმოთქმული ყოველი სიტყვა- ლოცვაა.
როცა სათვალეს ვერ ვპოულობ, ღმერთს ვთხოვ: ,,დამეხმარე, უფალო!” და ასეც ხდება.
ზეციურ მამას ყველა ვუყვარვართ. ყოველთვის შეგვიძლია, მას თხოვნით მივმართოთ.
ნუ გგონიათ, რომ ის ღრუბლებზე შემომჯდარი ბრაზიანი და ბოროტი ძიაა, რომელიც ჩვენს ქცევებს აღნუსხავს.
ღმერთს დედაზე მეტადაც ვუყვარვართ და თუკი მწუხარებას გვიგზავნის, ეს, ალბათ, ჩვენვე გვჭირდება.
ყველაზე მძიმე წუთების გახსენება ერთგვარი ადრენალინია! ერთგვარი ,,კაიფი”!
სიყვარული – დაბინძურებული ჭურჭლის საკუთარი ნებით დაუზარებელი რეცხვაა.
ამასთან ერთად აუცილებელია, კარგის შემჩნევა და აღიარება შეგეძლოს.
ეს ერთადერთი შედეგიანი გზაა.
შეიძლება ვინმემ ბევრი რამ შექმნას არა ამ გზის გავლით, მაგრამ მის ქმედებაში რაღაც კარგი მაინც იქნება. ჩვენც სწორედ იმ სიკარგეს უნდა ჩავეჭიდოთ, ცუდსა და უვარგისზე არ უნდა გადავიტანოთ მთელი ყურადღება.
სიყვარული გრძნობა კი არა – ქმედებაა.
ნუ გაცხარდებით იმ მოხუცზე, ვისაც იძულებული ხართ, მეტროში ადგილი დაუთმოთ. ეს საქციელიც სიყვარულის გამოვლინებაა.
საკუთარი თავი იხსენი და ესეც საკმარისია.
გახსოვდეს, სანამ ანანასს არ დააგემოვნებ, ნუ ისაუბრებ მასზე.
ნურც ქრისტიანობას შეეხები, თუკი არ იცი, რასთან გაქვს საქმე.
დაურეკე, შეურიგდი შენს ლუდას, ვისაც უკვე ხუთი წელია დაშორდი და დააჯერე, რომ არასწორი იყავით შენც და ისიც… მერე კინოში წასვლა შესთავაზე.
სიკეთე ასწილად დაგიბრუნდება, მაგრამ არა ნივთიერი სახით, არამედ სულიერი მდგომარეობის გათვალისწინებით.
სწორედ ესაა დაუსრულებელი ბედნიერება!
მაგრამ ამის მისაღწევად ფიქრია საჭირო. ყოველ წუთს გააზრება იმისა, სად რა ვთქვათ, როგორ მოვიქცეთ.
თუკი გარშემო მიმოიხედავ, ბევრ კარგ ადამიანს დაინახავ, სუფთა მზერით, კეთილი, მხიარული გამომეტყველებით.
თუკი სილამაზის წილ მხოლოდ სიმახინჯე შეამჩნიე, გამოდის, რომ ეს სიმახინჯე შენშია.
მსგავსი მსგავსს ეძებს.
სხვას ნუ განიკითხავ, საკუთარი თავით დაიწყე. უპირველესად ეს გევალება.
დააბრუნე შენში ღმერთი.
ეცადე მხოლოდ გარეგნულზე არ იზრუნო. ღრმად წვდომა აიძულე საკუთარ თავს.
როცა შენი თავის სიყვარულს ისწავლი, ეს გრძნობა მოყვასის სიყვარულად გარდაქმენი.
რატომღაც ყველაფერი უკუღმა გამოგვდის- იმის ნაცვლად რომ კეთილები ვიყოთ, სიხარბეს ვერ ველევით. 10 000 დოლარი რომ მისცე ვინმეს და მერე ინანო, ნეტა 5 000 მიმეცაო, ჩათვალე, რომ სიკეთე არ გაგიკეთებია.
აი, ამ ერთმა დღემაც ჩაიარა. რამე სარგებელი მოუტანა ამან ჩემს მოყვასს?
ყოველი ღამე ამაზე ფიქრით უნდა იწყებოდეს.
მე ცნობილი მსახიობი ვარ, ვმღერი კიდეც, ლექსებსაც ვწერ, როკ-ენ-როლსაც ვცეკვავ. შემიძლია ქედი მოგახრევინოთ ჩემს წინაშე, მაგრამ რაში გამომადგება ეს? რა ხეირს ვნახავ აქედან? მხოლოდ ეშმაკის სახელი- ,,მწვალებელი” იქნება ჩემთვის ზედგამოჭრილი.
შინაგანი მაცდური ხმა ჩამძახის: მართალი ხარ, მოხუცო, მიდი, ყველას შენებურად დაუარე!
მე კი ვცდილობ, ასე არ მოვიქცე. ჩემს სულიერ საქმეებს ვეწირები ყოველდღე.
არ მსურს რაიმეთი ვიამაყო: არც ფილმ ,,კუნძულის” როლით, არც საკუთარი ლექსებითა და სიმღერებით. ამ ყველაფერს სხვისი თვალით ვუყურებ და ვაფასებ.
ჩემთვის ყოველი დღე საოცრებაა. ყოველი დღე განსხვავებულია. ბედნიერებაა, ამის შემჩნევა რომ შემიძლია.
მენანება, იმდენი რამ გამოვტოვე…
ხშირად ვტირი ამის გამო, შინაგანად, რა თქმა უნდა.
შეიძლებოდა ყველაფერი ბევრად უკეთ, უფრო სუფთად ყოფილიყო.
ერთმა ადამიანმა მითხრა: ასეთი სიმღერები სასმელის ზეგავლენით დაწერეო.
მე კი მგონია, რომ განსაცდელებმა დამაწერინეს.
60 წლის გადასახედიდან ვამბობ: არცერთი წუთი არაა დასაკარგი ცხოვრებაში. ისედაც მცირე დროითა ვართ წუთისოფელში.
დაკარგულ დროს კი, ვინ იცის, რამდენი ლამაზი წუთი გადაყვა.
როცა უგუნებოდ ვიღვიძებ, პორტვეინს კი არ ვსვამ, ვამბობ: ღმერთო, ცუდად ვგრძნობ თავს. მეიმედები. შენი წყალობის გარეშე არაფერი გამომივა”.
აი, ასე ქმედებაა მთავარი და აუცილებელი…


როკ-მუსიკოსი და მსახიობი პეტრე მამონოვი
თარგმნა: ხათუნა როგავამ

kenozisi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий