среда, 3 мая 2017 г.

„ქორწინება და ოჯახი“

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი
qorwineba-da-ojaxi-mitropoliti-ilarioniგამოსვლა კიევის სასულიერო აკადემიაში
კონფერენციაზე „ოჯახთა ასკეტიზმი.
ოჯახები პოსტათეისტურ საზოგადოებაში“

   მე ბერი ვარ და, რა თქმა უნდა ვერ ვისაუბრებ ქორწინების შესახებ საკუთარი გამოცდილებიდან. ის, რასაც მე ვეყრდნობი, იმ ურთიერთობის გამოცდილებაა, რომელიც მრავალ ადამიანთან, მათ შორის ოჯახურ წყვილებთან, წლების მანძილზე ურთიერთობისას ჩამოყალიბდა.
ქორწინება ეკლესიური საიდუმლოა, ამასთან საიდუმლოს წარმოადგენს არა ჯვრისწერა, არამედ ქორწინება, კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის. არც ერთ რელიგიას, არც ერთ მსოფლმხედველობას არ აქვს ისეთი დამოკიდებულება ქორწინებასთან, როგორც ქრისტიანობას – ეს არის ღვთივკურთხეული სასწაული ორი ადამიანის შეერთებისა ერთ სხეულად, ერთ სულად.
ჯვრისწერა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს მყარ ქორწინებას. არის შემთხვევები, როცა ადამიანებმა ეკლესიაში დაიწერეს ჯვარი სრული კანონების დაცვით, მაგრამ ქორწინება ვერ შენარჩუნდა, კრახით დამთავრდა. ან პირიქით, შეიძლება მოვიყვანოთ მრავალი მაგალითი, როცა ცოლ-ქმარს არ დაუწერია ჯვარი, ამა თუ იმ მიზეზების გამო, მიუხედავად ამისა, მრავალი წლის მანძილზე ცხოვრობდნენ, როგორც ერთი მთლიანი, როგორც ჩვეულებრივი ქრისტიანული ოჯახი.
მე ვფიქრობ, რომ არსებობს ორი ტიპის ქორწინება. პირველი – როგორც საიდუმლო, მეორე -როგორც თანაცხოვრება. ქორწინება – საიდუმლოში ვგულისხმობთ იმ ურთიერთობას, როცა ორი ადამიანი ერთმანეთთან იმდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული, იმდენად ღრმად, რომ ვერ წარმოუდგენიათ ერთმანეთის გარეშე სიცოცხლე. ისინი ერთმანეთს ერთგულების აღთქმას აძლევენ არა მარტო ამქვეყნიურ ცხოვრებაში, არამედ- მარადიულ ცხოვრებაშიც.
ქორწინების, როგორც საიდუმლოს მაგალითად შეიძლება განვიხილოთ ისტორიაში პირველი ცოლ-ქმრის – ადამისა და ევას ურთიერთობა. ისინი შეიქმნენ ერთად მყოფობისთვის. ღმერთმა ისინი შექმნა ერთმანეთისთვის. მათ ერთმანეთი მიიღეს როგორც საჩუქარი, მათ არ ჰქონდათ არჩევანი, არ იყო მერყეობაც. ისინი ერთად ცხოვრობდნენ სამოთხეში, ერთად იყვნენ განდევნილნი სამოთხიდან, ერთად დაიწყეს ცხოვრება დედამიწაზე, ერთად ზრდიდნენ შვილებს, ერთად გადაიტანეს აბელის სიკვდილი და მათ თავზე დამტყდარი სხვა უბედურებანი. ისინი გავიდნენ ამქვეყნიდან და ერთად აღმოჩნდნენ ჯოჯოხეთშიც. ქრისტეს ჯოჯოხეთიდან ამოჰყავს ეს ორი ადამიანი, რომლებმაც ერთმანეთის მიმართ ერთგულება შეინარჩუნეს როგორც სამოთხეში , ისე ჯოჯოხეთში, სიხარულშიც, მწუხარებაშიც , როგორც წარმატების, ასევე დაცემის მომენტებშიც, ისინი ერთად ცხოვრობდნენ, ერთად გარდაიცვალნენ და ერთად აღსდგნენ. აქ საუბარია არა ორი ადამიანის ბედზე არამედ ერთ ბედზე, რომელიც ორ ადამიანს გააჩნია, ორ ადამიანს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან განუყოფლად, სამუდამოდ.
ის ქორწინება წარმოადგენს საიდუმლოს, რომელიც შედგა სიყვარულით, ურთიერთთანხმობით, მაგრამ გადაიზარდა გაცილებით უფრო დიდში ვიდრე ის დასაწყისში იყო. ასეთი ქორწინების დროს ცოლ-ქმარს გადაწყვეტილი აქვთ ერთად გადაიტანონ არა მარტო ნათელი, არამედ მწუხარე მომენტებიც, არა მარტო ყოველი სიკეთე და მშვენიერება, არამედ ის სიმწარეც, რომელთანაც უცილობლად დაკავშირებულია ამქვენიური ცხოვრება.
ხშირად ქორწინება ჭეშმარიტი, მხურვალე, წრფელი სიყვარულით იწყება. ადამიანები ერთმანეთს ერთგულების აღთქმას აძლევენ, არიან რა აღტაცების, აღმაფრენის, ხანდახან ბრმა გატაცების მდგომარეობაში. შეყვარებულები თავდაპირველად ერთმანეთში ხედავნ მხოლოდ კარგს, აიდეალებენ ერთმანეთს, მაგრამ გატაცება დროთა განმავლობაში გაივლის, სიხარული შეიცვლება ყოველდღიურობით, მაშინ ცოლ-ქმარი მტკივნეულად იწყებს ერთმანეთის ნაკლოვანებების აღმოჩენას, ბევრი რამ რაც მანამდე ეჩვენებოდათ კაშკაშა და მშვენიერი, უცბად აღმოჩნდება უღიმღამო, უფერული და ბნელი. ამის გაცნობიერება შეიძლება მოხდეს რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. თუ წყვილი შეძლებს ამ კრიზისის გადალახვას, ქორწინება შენარჩუნდება, მაგრამ თუ კრიზისი ვერ დაიძლევა, ქორწინება იბზარება და საქმე განქორწინებამდე მიდის.
ქორწინება, როგორც საიდუმლო, შეიძლება შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაწყისშივე ან დაწყებამდეც შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელსაც იყენებს ქრისტიანული ეკლესია. რატომ დააწესა ეკლესიამ მკაცრი წესები საქმროსა და საცოლეს შორის ურთიერთობაში ქორწინების წინ? რატომ არსებობს ცალ-ცალკე ნიშნობა და ჯვრისწერა, რომლებიც უძველესი დროიდან წარიმართებოდა და დროის შუალედი მათ შორის ხანდახან რამდენიმე წელიც კი იყო? ახლა, როგორც წესი ნიშნობაც და ჯვრიწერა სრულდება ერთდროულად, მაგრამ თავდაპირველი აზრი ამ ორი მოვლენისა აბსოლუტურად განსხვავებულია. ნიშნობა მოწმობდა, რომ მამაკაცმა და ქალმა გადაწყვიტეს ერთმანეთს ეკუთვნოდნენ, რომ მათ ერთგულების ფიცი მისცეს ერთმანეთს, ე.ი. ისინი უკვე დაქორწინდნენ, მაგრამ ქორწინება ჯვრისწერამდე ვერ გვევლინება სრულყოფილ ოჯახურ ცხოვრებად: კერძოდ, მათ თავი უნდა შეიკავონ ცოლ-ქმრული ურთიერთობისაგან. ისინი ერთმანეთს ხვდებიან, შორდებიან და ეს გამოცდილება ერთად ყოფნისა და დაშორებისა წარმოადგენს იმ საძირკველს, რომელსაც შემდეგ ქორწინების მყარი შენობა დაეფუძნება.
ჩვენს დროში ქორწინება ხშირად ირღვევა სწორედ იმიტომ , რომ მას არ ჰქონდა მყარი საფუძველი: ყველაფერი აგებული იყო წუთიერ გატაცებაზე, როცა ადამიანებმა ვერ მოასწრეს საფუძვლის ჩაყრა, როცა ვერ მოასწრეს გაერკვიათ, როგორი უნდა იყოს “დიზაინი” მათი მომავალი სახლისა, როცა მაშინვე იწყებენ კედლების ამოყვანას. ასეთი სახლი აუცილებლად აღმოჩნდება აშენებული ქვიშაზე, დაუბერავს ქარი, ადიდდება მდინარეები და ის დაინგრევა. ეკლესია სწორედ ამიტომ აწესებს ცოლ-ქმრისათვის მოსამზადებელ პერიოდს, რათა მამაკაცმა და ქალმა შეძლონ ააშენონ ქორწინება არა მხოლოდ ვნებიან სქესობრივ გატაცებაზე, არამედ გაცილებით ღრმა – გულისხმიერ, სულიერ და ემოციურ ერთიანობაზე, ერთმანეთისადმი თავგანწირვის სურვილზე.
ქორწინების საიდუმლო შესაძლებელია შედგეს, ასე ვთქვათ, ცხელ გულზე, მაგრამ ფხიზელი გონებით. სიჩქარე აქ მიუღებელია. მამაკაცსა და ქალს უნდა ჰქონდეთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ პირველი გატაცება გამოიცადოს. ერთად და ცალკე ყოფნის გამოცდილებამ მათ უნდა მისცეს პასუხი კითხვაზე, არიან თუ არა ისინი მზად იცხოვრონ ერთად, არის თუ არა მზად თითოეული მათგანი თქვას: ” დიახ, ეს სწორედ ის ადამიანია, რომელთანაც მე შემიძლია გავინაწილო მთელი ცხოვრება, რომელსაც შემიძლია მივცე ყველაფერი, რაც კი გამაჩნია.”
ქორწინება, არ უნდა შედგეს მაშინ როცა რომელიმე მხარე ყოყმანობს. არ შეიძლება დაიდგა გვირგვინი, თუ სადღაც, თუნდაც ცნობიერების შორეულ ჰორიზონტზე მაინც არსებობს ვიღაც “მესამე”. მანამ, სანამ არსებობს გაორება, სანამ რჩება ყოყმანი და ეჭვი, ქორწინების დაჩქარება არ შეიძლება. თუ მოსამზადებელმა პერიოდმა ჩაიარა და ადამიანები კიდევ უფრო მიეჯაჭვნენ და შეეთვისნენ ერთმანეთს, მიხვდნენ, რომ ისინი მზად არიან დაუკავშირონ ერთმანეთს ცხოვრება, ასეთ შემთხვევაში მათი ქორწინება იქნება გამართლებული და დასრულებულ სახეს იღებს ფიზიკური სიხლოვის შემდეგ.
არსებობს მცდარი შეხედულება, თითქოს ეკლესია წინააღმდეგია ცოლ-ქმრული ურთიერთობის და ის დაყვნილი უნდა იქნეს მინიმუმამდე. ზოგიერთი მღვდელმსახური ავრცელებს აზრს, ასაღებს რა მას ეკლესიის სწავლებად, რომ ურთიერთობა მეუღლეებს შორის დასაშვებია მხოლოდ შვილის ჩასახვისათვის, დანარჩენ დროს კი სქესობრივი ურთიერთობისაგან თავი უნდა შეიკავონ. ეს არ არის ეკლესიის სწავლება და არც არასოდეს ყოფილა. ღმერთი არ შექმნიდა ადამიანებს ისეთებად, არ ჩადებდა ქალში და მამაკაცში ერთმანეთის მიმართ ლტოლვას, თუ ეს მხოლოდ ბავშვის ჩასახვისათვის იქნებოდა საჭირო. ცოლ-ქმრულ სიახლოვეს გააჩნია თავისი ფასეულობა და თავისი არსი, წარმოადგენს რა საქორწინო კავშირის განუყოფელ ნაწილს. რა თქმა უნდა, ეკლესია აწესებს გარკვეულ დღეებს და პერიოდებს, როცა მეუღლეებმა თავი უნდა შეიკავონ ცოლ-ქმრული ურთიერთობისაგან – ეს არის დიდი და სხვა მარხვების პერიოდი, ანუ ის დრო, რომელსაც იძლევა ეკლესია იმისათვის, რომ ადამიანები უფრო მეტად იყვნენ კონცენტრირებულნი სულიერ ცხოვრებასა და ასკეტურ მოღვაწეობაზე. პავლე მოციქული მიმართვს მეუღლეებს და ამბობს: „ ნუ განეშორებით ერთმანეთს, თუ არა დროებით, ურთიერთშეთანხმებით, რათა ლოცვისა და მარხვისათვის მოიცალოთ, შემდეგ კი კვლავ დაუბრუნდით ერთმანეთს, რათა სატანამ არ გაცდუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო“ (1 კორ. 7:5).
ქორწინებაში მეუღლეებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთმანეთში მუდამ აღმოაჩინონ ახალი რამ, ხელახლა შეიცნონ ერთმანეთი. ამ აზრით ცხოვრება ქორწინებაში შეიძლება შევადაროთ რელიგიურ ცხოვრებას, ღმერთთან ურთიერთობას. გარეგნული ფორმები ღმერთთან ურთიერთობისა ყოველდღე ერთი და იგივეა – ჩვენ ვკითხულობთ ერთი და იგივე ლოცვებს, მივდივართ ერთსა და იმავე ლიტურგიაზე – ყველაფერი ეს უცვლელია ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ამასთან, თუ ჩვენ სერიოზულად და ღრმად ვცხოვრობთ რელიგიური ცხოვრებით, ჩვენ ყოველდღე აღმოვაჩენთ ჩვეულ სიტყვებში ახალ-ახალ აზრს და ახალ შინაარსს და ღმერთი ჩვენ ამ ლოცვებითა და ღვთისმსახურებით ყოველ ჯერზე ახლებურად გვეხსნება, ყოველთვის ახლებურად შევიცნობთ მას. ყოველი ლიტურგია, რომელიც ღმერთთან შეხვედრაა, შეიძლება ახალი აღმოჩენა იყოს. ღმერთთან ურთიერთობაში არაფერია ერთფეროვანი, რუტინული, ყოველდღიური. ასევეა ქორწინებაშიც. მასში მეუღლეები მიუხედავად იმისა, რომ ეჩვევიან ერთანეთს, იგებენ ერთმანეთის ჩვეულებებს, შესაძლებლობებს, მისწრაფებებს, არ ამთავრებენ ერთმანეთის შემეცნებას. მათი ერთობლივი ცხოვრება ისევ დღესასწაულია ყოველდღიური აღმოჩენების, ქმნიან რაღაც ახალს და მშვენიერს ახლობელ ადამიანში. ასეთი ქორწინების დროს ურთიერთაღმოჩენის სიახლე არ განელდება, არ გაქრება. ყვავილები, რომლითაც დაიწყო შეყვარებულების ურთიერთობა ახალგაზრდობაში, არ ჭკნება, ისინი მუდამ აყვავებულნი რჩებიან.
მეუღლეებმა მუდამ უნდა შეავსონ ერთმანეთი. აუცილებელია დავინახოთ და დავაფასოთ სხვაში ის თვისება, რაც ჩვენში არ არის.
ქორწინებაში ადამიანები აცნობიერებენ, რომ თუ მათი შეხვედრა არ მოხდებოდა – დარჩებოდნენ არასრულფასოვანნი, არშემდგარნი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქორწინება თვითრეალიზაციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. არსებობს სხვა გზებიც. არსებობს გზა უქორწინებლობის , გზა მონაზვნობის, როცა ყველაფერი ის, რაც ადამიანს არ აქვს, შეივსება არა ადამიანით, არამედ ღმერთით, როცა საღმრთო მადლი “სუსტებს განკურანვს და ნაკლულევანთ აღავსებს” .
                         
          რით განსხვავდება თანაცხოვრებით ქორწინება, ქორწინების საიდუმლოსაგან?


თანაცხოვრებისას ორი ადამიანი ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ მათ შორის არ არის ის საერთო, ის ერთიანობა, რომელიც აუცილებელია ქორწინებისათვის, რომ ის გახდეს საიდუმლო. ამ დროს თითოეულს თავისი ცხოვრება, ინტერესები გააჩნიათ. ისინი დიდი ხნის წინ დაშორდებოდნენ, მაგრამ ცხოვრებისეული გარემოებები აიძულებს მათ დარჩნენ ერთად, რადგან ვერ იყოფენ ბინას. ასეთი ქორწინება – იქნება ეს “ჯვარდაწერილი” თუ “ჯვარდაუწერელი” – არ შეიცავს ისეთ თვისებებს, როგორსაც უნდა შეიცავდეს ქრისტიანული ქორწინება. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ქმარი წარმოადგენს ცოლისათვის იმას, რასაც ქრისტე ეკლესიისათვის, ცოლი ქმრისათვის იგივეა, რაც ეკლესია ქრისტესათვის. ასეთ ქორწინებაში არ არსებობს მჭიდრო დაურღვეველი ურთიერთკავშირი, ერთგულება, თავგანწირული სიყვარული. ადამიანები ასეთ ქორწინებაში ვერ თრგუნავენ თავიანთ ეგოიზმს და მრავალი წლის თანაცხოვრების მიუხედავად საკუთარ თავში ჩაკეტილები ე.ი ერთმანეთისთვის უცხონი რჩებიან.
ყველა ქორწინებას, როგორც უბრალო თანაცხოვრების დასაწყისს, აქვს პოტენციალი, რომ საიდუმლოში გადაიზარდოს, თუ მეუღლეები მუშაობენ საკუთარ თავზე, თუ ისინი მიისწრაფიან ქრისტესკენ, მისი მსგავსებისკენ ქორწინებამ, რომელიც დაიწყო როგორც თანაცხოვრება, შეიძენს ახალ, ცხოველმყოფელ თვისებებს და ნელ-ნელა საიდუმლოდ გადაიქცევა. თუ მეუღლეები ქორწინებას იღებენ, როგორც შესაძლებლობას, რომ ის ახალ ერთობაში გადაიზარდოს, რომ სხვა განზომილებაში შევიდნენ, რომ გადალახონ თავიანთი ეგოიზმი და ჩაკეტილობა, აუცილებელია ისწავლონ განსაცდელის ერთად გადატანა. მნიშვნელოვანია აიტანონ ერთმანეთის ნაკლოვანებები. არ არსებობს ადამიანი და ცოლ-ქმრული წყვილი, ნაკლის გარეშე. არ არსებობს ოჯახი, სადაც ყველაფერი იდეალურად მიდის, მაგრამ თუ ცოლ-ქმარს სურს, რომ მათი ქორწინება იყოს საიდუმლო, თუ სურთ შექმნან ნამდვილი, სრულფასოვანი ოჯახი, ისინი ნაკლოვანებებს ერთად უნდა ებრძოლონ. მეუღლემ მეორე ნახევრის ნაკლი უნდა მიიღოს როგორც საკუთარი ნაკლი და მასთან ერთად იბრძოლოს მის დასაძლევად.
ამასთან არსებობს მეორე უკიდურესობაც, როცა ურთიერთმიჯაჭვულობა, სიყვარული და ერთგულება შეიძლება გახდეს ეჭვიანობის , დესპოტიზმის და სულიერი ძალადობის მიზეზი. ეს ხდება ხოლმე მაშინ, როცა მეუღლეებიდან ერთ-ერთი იღებს მეორეს, როგორც თავის საკუთრებას, ეჭვიანობს მასზე, ყველაფერში ხედავს საშიშროებას. სულიერ, მშვინვიერ და ხორციელ ურთიერთობაში მეუღლეებმა არ უნდა შებოჭონ ერთანეთის თავისუფლება, პატივი უნდა სცენ ერთმანეთს, როგორც პიროვნებას. თითოეულმა მათგანმა უნდა იგრძნოს, რომ შესაძლებელია ჰქონდეს თავისი საკუთარი ცხოვრება იმ ცხოვრებასთან ერთად, რომელიც ოჯახურ წრეში წარიმართება. ეს თავისუფლება, ბუნებრივია, არ უნდა იყოს თავისუფალი ოჯახური მორალური ნორმისაგან, მაგრამ ეს უნდა ეხმარებოდეს ადამიანს, რომ საკუთარი ინდივიდუალიზმი გამოავლინოს ქორწინებაში ისევე, როგორც ცხოვრების სხვა სფეროში.
განსაკუთრებული თემაა – ბავშვები. როცა ოჯახში იბადება პირველი შვილი, ცოლ-ქმრული ურთიერთობა გადადის ახალ ფაზაში: იბადება მესამე პირი, რომელიც განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ წლებში, დამოკიდებულია მთლიანად მშობლებზე, როგორც ფიზიკურად, ასევე მატერიალურად და სულიერადაც. ყველაფერი, რაც ხდება მშობლებთან და მშობლებს შორის აუცილებლად აისახება ბავშვებზე . თუ მშობლების ქორწინება არის საიდუმლო, სრულფასოვანი ქრისტიანული კავშირი, რომელიც სიყვარულსა და თავგანწირვაზეა დაფუძნებული, თუ მშობლები ხშირად მონაწილეობენ ეკლესიის საიდუმლოებებში, ერთად ლოცულობენ. ადრეულ ასაკიდან აჩვევენ პატარას ეკლესიურ ცხოვრებას, აზიარებენ იმ მადლს, რომელსაც ბავშვი გაუცნობიერებლად იღებს და მათ ეს ასე უხვად ეძლევათ (ხანდახან უფრო მეტი სიუხვით, ვიდრე უფროსებს) ასეთ ოჯახებში ბავშვი იზრდება ჰარმონიულად მშობლებთან, გარშემომყოფებთან, საკუთარ თავთან და თვით ღმერთთანაც. თუ მეუღლეების ურთიერთობაში არსებობს დისჰარმონია, თუ მათი ყოველდღიური ურთიერთობა წარმოადგენს საუკეთესო შემთხვევაში თანაცხოვრებას, მაშინ ბავშვი ვერ შეითვისებს ერთიანობის განცდას მშობლებთან ურთიერთობაში, რადგან ეს განცდა მათ შორის არ არსებობს.
რა შეიძლება მოხდეს თუ ქორწინებამ არ გაამართლა? ისინი ან შორდებიან ერთმანეთს, ან აგრძელებენ ერთად ცხოვრებას ამა თუ იმ გარემობათა გამო. აქ ძნელია ითქვას, რომელია უკეთესი.
ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, ყველანაირი განქორწინება ტრაგედიაა. ეკლესია არ მიესალმება განქორწინებას, მიიჩნევს, რომ ეს მოვლენა არაბუნებრვია, რადგან თუ ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი შეთანხმებულია, მაშინ ის უნდა გაგრძელდეს როგორც ამქვეყნიურ, ისე იმქვეყნიურ ცხოვრებაში. მეორე მხრივ, ქრისტე ამბობს, რომ განქორწინება დასაშვებია სიძვის მიზეზით (მათე 5:32). არსებობს სხვა სიტუაციებიც, როცა განქორწინება არა მარტო დასაშვებია, არამედ სასურველიცაა. არის ოჯახები, როცა მათი ერთობლივი ცხოვრება გადაიქცევა წამებად. მაგალითად, როცა ერთ-ერთი მეუღლეთაგანი ალკოჰოლიზმით ან ნარკომანიით არის დაავადებული, როცა ოჯახში გამუდმებით ჩხუბია, როცა ქმარი სცემს ცოლს, ბავშვებს და ა.შ. არა მგონია, ასეთ შემთხვევაში ეკლესიამ მოითხოვოს ოჯახის შენარჩუნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყვილი ჯვარდაწერილი იყო.
არსებობს შემთხვევები, როცა ქორწინება შენარჩუნებულია რა “დე-იურე”, ინგრევა “დე-ფაქტო”, როცა მეუღლეები თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ, ღალატობენ ერთმანეთს, მაგრამ ამავე დროს რატომღაც მიაჩნიათ, რომ ბავშვების გამო ოჯახი უნდა შენარჩუნდეს, რადგან თუ ისინი განქორწინდებიან, ბავშვები ტრამვირებულნი იქნებიან. რასაკვირველია, მშობელთა განქორწინება, როგორც ყოველთვის ბავშვებისათვის უდიდეს ტრავმას წარმოადგენს, ეს არის ჭრილობა, რომელიც შეიძლება არც მოშუშდეს მთელი ცხოვრების მანძილზე. უფრო მეტიც, არასრული ოჯახები(დედის ან მამის გარეშე) ხშირად ბავშვისათვის მრავალი სიძნელეების მიზეზი აღმოჩნდება ხოლმე, რადგან მას არ გააჩნია სრულფასოვანი ოჯახური ცხოვრების გამოცდილება. ბავშვთა აღზრდაში თითეული მშობელს განსხვავებული ფუნქცია აქვს – რასაც აძლევს ბავშვს მამა, იმავეს ვერ მისცემს დედა. ის, რაც მიუწვდომელია მამისათვის, შესაძლებელია დედისთვის. თუ უფროსები ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერი მშვენივრადაა, მაშინ, როცა ეს ასე არ არის, ბავშები გრძნობენ სიყალბეს, ბავშვის მოტყუება შეუძლებელია. შესაძლებელია მათ ეს რაციონალურად ვერ ახსნან, მაგრამ ქვეცნობიერად და ემოციურ დონეზე ტყუილს შეიგრძნობენ. ამ დროს რა არის მშობლებისათვის უკეთსი – განქორწინება, თუ ჰარმონიული ურთიერთობის თამაში?
დასასრულს მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო: იმისათვის, რომ ქორწინება არსებობდეს როგორც საიდუმლო, აუცილებელია მკაცრად დავიცვათ ქრისტიანული მორალი. არ უნდა იფიქროთ, რომ თუ ეკლესია იძლევა რეკომენდაციას, ჯვრისწერამდე თავი შეიკავოთ ცოლ-ქმრული სიახლოვისაგან, ეს მოთხოვნა გადმონაშთია შუასაუკუნობრივი ნორმებისა, რომ ახლა ახალგაზრდობა სხვაგვარად ცხოვრობს, რომ ამ ყველაფრის დაცვა არ არის აუცილებელი. ეს ნორმები შემთხვევით არ დაუდგენია ეკლესიას ის შემოწმებულია მრავალი საუკუნის მანძილზე სხვადასხვა თაობის დროს. ჩვენს დროში უამრავი ქორწინება კრახით მთავრდება სწორედ იმიტომ, რომ მათ აქვთ არამყარი საფუძველი. საკმარისია ახალგაზრდებმა თავი იგრძნონ შეყვარებულებად – მაშინვე მიდიან საქორწინო ბიუროში ან საკურთხეველთან, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი “ვერ ეწყობიან ერთმანეთს ხასიათით” . სინამდვილეში კი მათ ვერ მოასწრეს ერთმანეთის სათანადოდ გაცნობა.
ამიტომაც, რაც უფრო ახლოს იქნებიან დაქორწინებულები იმ მორალურ ნორმებთან, რომელსაც ეკლესია აწესებს, რაც უფრო მტკიცედ დაიცავენ ამ ნორმებს, მით მეტი შესაძლებლობა ექნებათ იმისა, რომ მათი ქორწინება მართლაც იქცეს საიდუმლოდ, იქცეს ყოველდღიურ დღესასწაულად, როგორიც უნდა იყოს ჭეშმარიტად ქრისტიანული ქორწინება.


http://kenozisi.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий