понедельник, 1 мая 2017 г.

„თავი ავარიდოთ მოჩვენებით ღვთისმოსაობას!”

არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი

tavi-avaridot-mochvenebit-ghvtismosaobas

არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი – თეოლოგი, მისიონერი.
1970 წელს დაიბადა მიუნხენში, 1977 წლიდან ცხოვრობს ათენში.დაამთავრა კლასიკური ლიცეუმი და ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი.1990 წელს აკურთხეს ბერ-დიაკვნად, 2000 წელს – მღვდელ-მონოზვნად; მოგვიანებით მიანიჭეს არქიმანდრიტის წოდება.2006 წლიდან მამა ანდრია თანამშრომლობს პირეის სამიტროპოლიტოს რადიოსთან და უძღვება გადაცემას „უხილავი გადასვლები”. მას ხშირად იწვევენ ლექციების წასაკითხად საბერძნეთის, კვიპროსისა და ამერიკის შეერთებული შტატების მრავალ ქალაქში.
წინამდებარე ნაშრომში მამა ანდრია საუბრობს სულიერი ცხოვრების ყურადსაღებ ასპექტებზე. მოძღვარი გვაფრთხილებს, რომ ეკლესიური ადამიანის ცხოვრებაში არსებობს გარკვეული სიყალბის საფრთხე. იგი ასევე ამახვილებს ჩვენს ყურადღებას მუდმივი სრულყოფილებისკენ სწრაფვის აუცილებლობაზე და განმარტავს, რატომ არ შეიძლება მორწმუნისთვის ხანგრძლივად რჩებოდეს ეკლესიურობის საწყისს საფეხურზე. 
 „თავი ავარიდოთ მოჩვენებით ღვთისმოსაობას!”
ადამიანების უმრავლესობა ეკლესიაში მოდის, რათა შეიმეცნოს ღმერთი. და როდესაც პირველი ემოციები ცხრება, ხშირად თითქოს რაღაცნაირი ყალბები ვხდებით, – იმ მანეკენებს ვემსგავსებით, მაღაზიებში ვიტრინების გასამშვენებლად რომ დგამენ. ასეთ მდგომარეობაში მყოფი მორწმუნეები ისე გამოვიყურებით, თითქოს ყველაფერი ვიცით და ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შეგვიძლია, სხვადასხვა თემაზე ხელაღებით ვმსჯელობთ, ვიძლებით რჩევებს, ყველაფერზე საკუთარი აზრი გვაქვს და ადამიანებს შენიშვნებს ვაძლევთ მენტორული ტონით. ამ დროს ჩვენ თვითონ ოდნავადაც არ ვგავართ იმ იდეალებს, რომელთა შესახებაც ვქადაგებთ და სინამდვილეში სულ სხვა რამ გვადარდებს.
ამიტომ, თუ არ გინდა, რომ ასეთებად ვიქცეთ, ღმერთის შესახებ საკუთარი ცხოვრების მაგალითებით უნდა ვიმსჯელოთ და მხოლოდ იმის შესახებ ვისაუბროთ, რაც მართლა ვიცით და ამასთან, არ უნდა დავფაროთ ჩვენი ჭეშმარიტი სახე. ყველანი ჩვეულებრივი ადამიანები ვართ, საკუთარი ვნებებით, შეცდომებითა და უძლურებებით. ისევე, როგორც ყველა სხვას, ჩვენს გვსურს სიყვარული, მეგობრული ურთიერთობა და სხვა ცხოვრებისეული სიხარული.
ეკლესიაში მოსულ ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ გაეკლესიურებამ თავისთავად შეცვალა მთელი მათი ბუნება. საკუთარი მაგალითიდან მინდა გითხრათ, რომ ადამიანში არანაირი ცვლილება არ ხდება თავისთავად. მისი ხასიათი არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი კონკრეტულ ადგილას მივიდა, მაშინაც კი, თუ ეს ადგილი წმინდაა.
სინამდვილეში, აი, რა შეიძლება მოხდეს. ადამიანები განვაგრძობთ საკუთარ თავში ჩვენი ვნებების ტარებას და ისინი მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში განიცდიან ტრანსფორმირებას. მაგალითად, ეკლესიური ადამიანი წყვეტს ჩხუბს საფეხბურთო მატჩებზე ან სიარულს ღამის კლუბებში, წყვეტს ნარკოტიკების მიღებას, მაგრამ ის ვნებები, რაც მას ამ ყველაფერს აკეთებინებდა, არსად ქრება, კვლავ მასში რჩება, რადგან მათ ასე სწრაფად და ადვილად ვერ მოიშორებ.
ვნება პერანგი არ არის უბრალოდ რომ გაიხადო, სარეცხ მანქანაში ჩააგდო და მის შესახებ დაივიწყო. ჩვენ მჭიდროდ  ვართ დაკავშირებული მათთან. ამიტომ ეკლესიაში მოსვლის შემდეგ, როცა გვგონია, რომ სხვა ადამიანებად ვიქეცით, სინამდვილეში ჩვენი “საერო” ვნებები ტრანსფორმირდება და “ქრისტიანულ” ელფერს იძენს. ამიტომაა, რომ ზოგჯერ ყოფილი ფანატი გულშემატკივარი, ეკლესიაში მოსვლამდე რომ სულ ჩხუბობდა, ადამიანებს სცემდა, მატჩის დასრულებისას მაღაზიების ვიტრინებს ამსხვრევდა, –  გაეკლესიურების შემდეგ კვლავაც ფანატიკოსი რჩება, მაგრამ ამჯერად უკვე თავისი ვნებებისთვის გასაქანს ეკლესიის წიაღში პოულობს. ასე, ფაქტობრივად, იმავე ვნებების სხვაგვარად შეფუთვა ხდება. არ უნდა მოვიტყუოთ თავი, რომ უკვე შევიცვალეთ. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც ადამიანები თავისი ახლობლების შესახებ ამბობენ: “ის ეკლესიაში დადის, მაგრამ სულ არ შეცვლილა! ისევე გვაწყვიტავს ნერვებს, როგორც უწინ!”
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ვნებების დაძლევა რთული პროცესია და ხანგრძლივ დაუღალავ სულიერი ღვაწლს მოითხოვს.
მაინც რა არ შეცვლილა ჩვენში?  ხასიათის ძირითადი, მთავარი თვისებები იგივე დარჩა. ისინი თავისთავად ვერ გარდაიქმნებიან მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი ეკლესიაში მოვიდა და ქრისტიანი გახდა.
 ამიტომ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მრისხანება და გაღიზიანება ჩვენშივე რჩება. შესაძლოა, ახლა უკვე „სულიერი”მიზეზების გამო ვრისხდებით, მაგრამ მრისხანების ვნება ხომ კვლავინდებურად ფესვგადმგულია ჩვენში!
 და თუკი ბოლომდე გულწრფელნი ვიქნებით, მაშინ დავეთანხმებით წმინდა პაისი მთაწმინდელის შესანიშნავ სიტყვებს. ერთხელ, როდესაც ეს დიდი მოღვაწე ბერი გემით დაფნიდან ურანოპოლისში მიემგზავრებოდა, ვიღაცამ იცნო და მოუხმო:
 – გერონდა, აქ მობრძანდით, ერის ხალხთან რომ არ იჯდეთ!
 წმინდა ბერმა მიუგო:
– შვილო, განა მათ გვერდით ყოფნით რამე დამიშავდება?  ნუთუ მათზებევრად უკეთესები ვართ? განა ვფლობთ ისეთ განსაკუთებულ სათნოებებს, რომლებსაც გამორჩეულად უნდა მოვუფრთხილდეთ? განა ჩვენც მათი მსგავსები არა ვართ? რაც ჩვენში სულდგმულობს, იგივე ბუდობს მათშიც. უბრალოდ, ჩვენი მანკიერებები, ვნებები და პრობლემები თავს განსხვავებულად იჩენს. ჩვენც მათსავით ვჩხუბობთ, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შეიძლება ვიჩხუბოთ, მაგალითად, ტიპიკონის გამო, სწორად აღვასრულებთ ღვთისმსახურებას თუ არა…
 ერთხელ შევესწარი ორი ბერის კამათს, რომლის მიზეზი იცით, რა იყო? ბოსტნეულის გასარეცხად რომელის სინის არჩევა აჯობებდა. ცხადია, მათ ერთმანეთი არ უცემიათ, ერთმანეთისთვის არ უგინებიათ, როგორც ეს ფეხბურთის სტადიონზე ხდება, მაგრამ ხომ ცხადია, რომ მათი ძველი ვნებები კვლავინდებურად მათში დარჩა?
ამიტომ თუკი ჩვენს ვნებით მდგომარეობას გავაცნობიერებთ, მაშინ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს მივიღებთ და შევიყვარებთ, – შემდეგ კი სხვების მიმართ გავხდებით უფრო მეტად ტოლერანტულები, შევიძენთ მეტ კაცთმოყვარეობასა და სიმდაბლეს. თუ საკუთარ ვნებებს ვაღიარებთ, თუ შევურიგდებით საკუთარ „მეს”, შევიმეცნებთ და შევიყვარებთ ჩვენ თავს, მაშინ შვილებიც უფრო მეტად გვეყვარება, რადგან მათ მიმართ ბევრად უფრო შემწყნარებლები გავხდებით – როგორიცაა ჩემი შვილი, ისეთივე ვარ მეც!
ბავშვებს ვეჩხუბებით ხოლმე, გვეჩვენება, რომ ისინი გზას აცდნენ, – სინამდვილეში კი ჩვენ თვითონ ვართ აცდენილები ჭეშმარიტების გზას. ყველანი ავცდით მას, ყოველ  ჩვენგანს რაღაც არ გამოსდის. უბრალოდ, ვცდილობთ ეს შევნიღბოთ – ამიტომაც არ ჩანს.
 ეკლესიური ადამიანი სხვა მორწმუნეებთან ურთიერთობისას აცნობიერებს, რომ მრავალი მათგანი ისეთივე დარჩა, როგორიც ეკლესიასი მოსვლამდე იყო. ერთმა ახალგაზრდა კაცმა მითხრა, რომ მრევლში იდეალურად კარგ ვითარებას ელოდა და რეალობამ გააწბილა. იგი ბანკში მუშაობს და სინანულით გამომიტყდა, რომ მრევლში ისეთივე დაპირისპირებებს, დავას, განკითხვასა და ინტრიგებს ხედავს, რასაც თავის სამსახურში.
ასეთი ვითარების გამო ბევრი ადამიანი ბრკოლდება. ერთმა ქალმა, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და იქაური ეკლესიის აქტიური მრევლია, ერთხელ მომწერა, რომ უკიდურესად დაძაბულია და ვეღარ უძლებს მრევლში არსებულ დაპირისპირებებს. ეს მისთვის ისეთი განსაცდელია, რომ შიშობს, რწმენა არ დაკარგოს!
რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ ყოველი ჩვენგანი დაცემული ბუნების მქონეა, თავისი პრობლემებითა და უძლურებებით. ჩვენი შინაგანი სულიერი მდგომარეობა უფრო მძიმდება, როდესაც ამას ვნიღბავთ და ბევრად უკეთესები ვხდებით, როგორც კი ამას ვაღიარებთ, – მაშინ ხასიათი გვიუმჯობესდება. თუკი საკუთარ თავს შევურიგდებით, მაშინ მოყვასსაც დავუთმობთ და ვანუგეშებთ:„როგორიც შენ ხარ, მეც ისეთი ვარ. ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარხარ., მაპატიე, და მეც გაპატიებ.”
თუ სულიერ ცხოვრებას ვირჩევთ, თავი უნდა ავარიდოთ სიცრუეს, თვალთმაქცობასა და ფარისევლობას; ეს მხოლოდ ართულებს  ჩვენს ცხოვრებას.
როდესაც თავმოყვარეობას გადავლახავთ და საკუთარი თავის შესახებ სიმართლეს ვაღიარებთ, ამით სხვა ადამიანების შეყვარებასაც შევძლებთ, უფრო ჰუმანურები და ტოლერანტულები გავხდებით. სულიერი ღვაწლის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ – მხოლოდ ადამიანურობის შეძენით მოვიხვეჭთ ღვთაებრივს. ასეთი სიმდაბლით, მორჩილებით, მიწაზე დანარცხებით – ზეცამდე ავმაღლდებით! რომ ამაღლდე, ჯერ მიწაზე მყარად უნდა დადგე. გახდი ადამიანი იმისთვის, რომ შეიძინო ღმერთკაცობა! იყავი უბრალო, თავმდაბალი და ბუნებრივი.
უფალმა ადამიანებს შორის თავის მემკვიდრეებად სწორედ იმიტომ აირჩია მოციქულებად უბრალო მეთევზენი (შემდეგ კი უბრალო ადამიანებისგან – მღვდლები), რომ მათ გვერდით ყოფნისას არ შეგვეშინდეს, რომ ჩვენ მათ მსგავსად ვერ ავმაღლდებით; არამედ ვხედავდეთ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთაც კარგად ესმით ჩვენი პრობლემები, მათთაც იგივე გზა გაიარეს.
ძალიან მომეწონა ერთი ჩემი ნაცნობი მორწმუნის ნათქვამი, რომელსაც მუდამ ურჩევნია აღსარება თეთრ სამღვდელოებასთან თქვას. ერთხელ მან მითხრა, რომ ბერები, რომლებიც დაქორწინებულები არ ყოფილან, თითქოს უცხო პლანეტაზე ცხოვრობენ და ზოგჯერ ისე გესაუბრებიან, რომ ვერაფერს იგებ. არ დავმალავ – მეც ვეთანხმები მის სიტყვებს. დაქორწინებულ მღვდელს ხშირად უფრო მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი აქვს, იგი ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებას მოწყვეტილი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ მას შვილებისთვის საფენების გამოცვლა უწევს. როდესაც პამპერსებს იძენთ და ჩვილებს უვლით, – შეუძლებელია ამ დროს ღრუბლებში იფარფატო. ასე ადამიანი უფრო რეალისტი, უფრო ჰუმანური, მეტად გულწრფელი ხდება. ასეთი ადამიანი არ თვალთმაქცობს, ის უკვე აღარ კეკლუცობს ვიტრინის მანეკენივით, თავს არ იწონებს თავისი სიწმინდით, არამედ სიმდაბლითა და მორჩილებით მართლმადიდებლური სულის მადლის მატარებელი ხდება.
ვფიქრობ, ეკლესიურ ადამიანებს დიდი დაკვირვება მართებთ, რომ ილუზიებით არ დაფარონ თავიანთი რეალური მდგომარეობა. ძალიან დიდი საფრთხეა ვნებების შენიღბვა, ადამიანი ჯერ თავს იტყუებს და მერე ხდება ცრუ, მოჩვენებითი, ყალბი მორწმუნე, ემსგავსება მანეკენს ვიტრინიდან.
მახსენდება ერთი ჩინური ანდაზა: „ბავშვს თევზისჭერა უნდა ასწავლო და არა თევზის ჭამა”. როცა ადამიანი თევზს იჭერს, იგი მყარად დგას მიწაზე.  მას აქვს სათანადო აღჭურვილობა – კაკვები, თევზჭერის წნელები, სატყუარა. იგი თავად ირჩევს თევზაობისთვის შესაფერის ადგილს, შეიმუშავებს თავის მეთოდებსა და ტექნიკას და ამგვარად ამყარებს საკუთარ ურთიერთობას ზღვასთან. რომელ ნაპირზეც არ უნდა მოხვდეს იგი, – ყოველთვის შეუძლია დაიჭიროს და მიირთვას თუნდაც ერთი თევზი, რადგან იცის, როგორ გააკეთოს ეს, – ეს მისი ნიჭია, მისი საყვარელი საქმე. მაგრამ თუ ადამიანი მიჩვეულია სხვა ადამიანებისგან მიიღოს საკვები მხოლოდ მზა სახით, მაშინ იგი ვერ შეძლებს თევზით საზრდოობას.
 ეს არის ის გავრცელებული სულიერი ხაფანგი, რომელშიც ხშირად ვებმევით, როდესაც სულ უფრო და უფრო დამოკიდებულები ვხდებით. „მოდი აქ,” – ვეუბნებით ერთმანეთს – „მე დაგაპურებ, თევზს მოგართმევ”. ზოგჯერ იგივე ხდება ეკლესიაშიც. მაგრამ განა ჩვენ თვითონ არ უნდა გავიზარდოთ, რომ მივუახლოვდეთ უფალს? განა ჩვენ თვითონ არ უნდა ვესწრაფოდეთ, რომ ჩვენმა სულმა ნაყოფი გამოიღოს? განა არ უნდა ვცდილობდეთ, მყარად დავდგეთ ფეხზე?
 მოძღვარი – ადამიანია, რომელიც ღმერთთან მიახლებაში გვეხმარება – იგი ხიდია ჩვენვის. მაგრამ ხომ არ შეიძლება მთელი ცხოვრება ხიდზე იდგე! შეუძლებელია, ხიდი ცხოვრების მიზანი იყოს! შენ მიდიხარ და მე ხელი მაქვს ჩაკიდებული, რომ არ დაბრკოლდე, წონასწორობა არ დაკარგო და არ დაეცე. მაგრამ რამდენ ხანს შეიძლება ასე გაგრძელდეს? როდემდე უნდა მეჭიროს შენი ხელი, შენ რომ სიარული შეძლო? შენი მთავარი ამოცანაა – დამოუკიდებლად სიარული ისწავლო. შენ ამას შეძლებ. და როდესაც ეს გამოგივა, ძალიან გაიხარებ. მე ამის შემდეგაც არ დაგივიწყებ, უფრო მეტად დაგეხმარები; შენც უფრო მეტად შემიყვარებ, რომ უფლის გზა გაჩვენე. დაინახავ, რომ ჩვენი ურთიერთობა – ეს ურთიერთდამოკიდებულება არ არის. მოძღვარი თავისუფლებას გასწავლის, მოძღვარი დამოკიდებულებისგან გათავისუფლებს. ადამიანები თავისი ეგოიზმით ერთმანეთს შთანთქავენ, როდესაც აიძულებენ მიიჯაჭვონ მასთან მყოფნი; ეს მცდარი გზაა. მოძღვარი პირიქით, გასწავლის, როგორ შეიძინო თავისუფლება. უბრალოდ ბიძგს აძლევს, სწორი მიმართულებით მიჰყავს მორწმუნე, რომ ჭეშმარიტ გზას არ აცდეს. მე, როგორც მოძღვარი, არ ვცდილობ, ჩემზე დამოკიდებული გახდე, პირიქით, გათავისუფლებ – ჩემი დახმარებით შენ ღმერთ პოულობ!
მოძღვართან ურთიერთობაშიც დიდი საფრთხე არსებობს მორწმუნისთვის, თუ იგი სწორად არ წარიმართება. თუკი მე უფალზე მიგანიშნებ, შენი ყურადღება კი მხოლოდ ჩემს თითზე ფოკუსირდება, მაშინ სრულებით სხვაგან ხარ და უბრალოდ ფიქრობ: “რა ლამაზი თითი აქვს მამაოს! როგორ მშვენივრად მიმითითებს ღმერთზე!” – ამ დროს ღმერთი კი არა, მოძღვარზე ფიქრობ და შენი სულიერი ხედვა სრულიად დახშულია. ეს არასწორი გზაა, რადგან თუ იმ მიმართულებით არ წახვალ, რომელზეც ჩემი თითი მიგანიშნებს, უფალს ვერ იპოვი და ვერც სასუფეველს დაიმკვიდრებ. ყოველმა ადამიანმა ღვთის სასუფეველს დამოუკიდებლად უნდა მიაღწიოს.
ადამიანები ხშირად ელოდებიან სულიერი მოძღვრისგან მზა გადაწყვეტილებებს და ზუსტ მითითებებს კონკრეტული ქმედებებისათვის. ასეთი ურთიერთობები ინფანტილურია; ეს ბავშვის ფსიქოლოგიაა. გარკვეულ ეტაპზე ეს გასაგები და მისაღებია, მაგრამ ეს საწყისი ეტაპია დაიგი უნდა გაიარო, როგორც შენი სულიერი ცხოვრების გარკვეული მონაკვეთი. ხომ არ შეიძლება, სამუდამოდ ბავშვად დარჩე! რამდენ ხანს შეიძლება ბავშვი მასწავლებელს ეკითხებოდეს: “მართალია, რომ ორჯერ ორი ოთხია?” მეექვსე კლასელი ასეთ კითხვას ხომ არ დასვამს! იფიქრე და თავადვე გაეცი პასუხი საკუთარ თავს, – შენ ამას შეძლებ!
და ეს ძალა, ეს რწმენა ეგოიზმი არ არის. სწორედ ამას გულისხმობს წმინდა მოციქული პავლე, როდესაც ამბობს: „და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ხორციელთა, ვითარცა ჩჩვილთა ქრისტეს მიერ. სძე გასუ თქუენ და არა საჭმელი, რამეთუ არღა გეძლო, არამედ არცაღა აწ გიძლავს, რამეთუ წუთღა ხორციელვე ხართ” (1 კორინთელთა 4:1-2) და ასევე – „ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ” (ფილიპელთა 4:13). თუკი ჩვენ სრულად არ შევიგრძნობთ ამ ძალმოსილებას, რომელიც თან ერთვის ჩვენ მიერ მიღებულ ღვთაებრივ მადლს, – კვლავაც განვაგრძობთ იმავე კითხვების  დასმას: „როგორ მოვიქცე? ის როგორ გავაკეთო? რა სურს ღმერთს ჩემგან?” ასეთ მდგომარეობაში თუ დარჩებით, ვერასდროს შევისმენთ უფლის ხმას.
უფალი ამბობს, ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაი… და ცხოვართა ხმისა მისისაი ისმინიან, და თვისთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი(იოანესაგან 10:2-3). თუ ჩვენ ვისმენთ ღვთის ხმას და ვცნობთ მას, მაშინ ერთმანეთსაც ვცნობთ და ერთმანეთიც გვიყვარს; მაშინ გვიჩნდება პირადი კავშირი ქრისტესთან და ერთმანეთთან – უფალი და შენ. და რაღაც მომენტში ამბობ: „ღმერთი და მე” და სრულებით იხსნები უფლისთვის და შეიგრძნობ, რომ მისი კურთხევითა და მისი სიყვარულით შემოქმედში მთლიანდები მადლის მიერ.
ასეთია ნაბიჯები სულიერი ზრდის გზაზე და ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ, მუდამ გვსურს ვისმინოთ მითითებები, რა ვაკეთოთ. ჯერ არ შეგვიმეცნია, როგორ ვისმინოთ ღვთის სიტყვა და შევევედროთ: „უფალო, განმსწავლე, გისმენ და მოგყვები! უბოძე ჩემს სულს წყალობა, რომ ისმინოს შენი!”
სამწუხაროდ, ჩვენი წარუმატებლობა სულიერ გზაზე ხშირად ოჯახში მიღებული არასწორი აღზრდის შედეგია. მრავალი ჩვენგანი ისე გაიზარდა, რომ მუდამ უკიდურესად იყო დამოკიდებული მშობლებზე. ასე აღზრდილი ადამიანები ეკლესიაში მოსვლის შემდეგაც ვერ თავისუფლდებიან და სიყვარულით კი არ იღებენ უფალს, არამედ უბრალოდ ბრძანებებს ემორჩილებიან – „მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ასე ბრძანებს ეკლესია!” ღვთის სიტყვა, მისი მცნებები თუ გაცნობიერებული, სიყვარულით მიღებული და გათავისებული არ გაქვს, მაშინ შენს ნებას არ ავლენ და უსიტყვოდ, უსიყვარულოდ ემორჩილები. გამოდის, რომ შენი ქმედებები კვლავაც არ არის თავისუფალი და შენ ასე იქცევი იმიტომ, რომ ოდესღაც მშობლებმა ეს გაიძულეს. მაშასადამე, არც მიღწევები გაქვს, არც დამსახურება; სინამდვილეში ვერაფერი ისწავლე და უფალი შენს გულში არ შეგიშვია! შენს ცხოვრებაში ყველაფერი ავტომატურად, უსიცოცხლოდ  აღესრულება!
ასეთ ადამიანებს შეუძლია მხოლოდ ფორმალური ურთიერთობა ღმერთთან. მათ თავადაც არ ესმით, რატომ იქცევიან ასე და არა სხვაგვარად, – და თვითონვე ამხელენ საკუთარ თავს, როცა ამბობენ: „მე ასე მასწავლეს; მე ასე მითხრეს”. განა ეს სურს უფალს ჩვენგან? ეს არის უბრალოდ იმიტაცია, რაც მოკლებულიასიცოცხლის ძალას? განა ეს არის უფლის სიყვარული?
მახსოვს, ერთი ქალი მიყვებოდა, როგორ ხარობდა, როდესაც მისი შვილი პატარა იყო და ასეთებინებდა მას ყველაფერს, რაც უნდოდა: ეკლესიაში დაჰყავდა, აღსარებას ათქმევინებდა, სულიერ საუბრებზე ასწრებდა, მომლოცველობით მოგზაურობებში მიჰყავდა, სტიქაროსნად ამსახურებდა საკურთხეველში… და მე ვკითხე მას:
– და ახლა როგორ იქცევა?
– ახლა აღარაფერს აკეთებს, ყველაფერი მიატოვა!
და მაშინ ასე ვუთხარი:
– პატარაობაში შენი შვილი ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებდა, რომ ეს შენ გინდოდა. მუდამ მზა გადაწყვეტილებებს სთავაზობდი და არ აძლევდი საშუალებას, დამოუკიდებლად ეფიქრა, თუნდაც გაერისკა და შეცდომები დაეშვა. ამიტომ მის პატარა გულში ღვთის სიყვარულის აღძრა ვერ შეძელი.
როდესაც ადამიანი თევზისჭერას სწავლობს, ის შეცდომებს უშვებს: ხან სატყუარას კარგავს, ხან დაჭერილი თევზით სავსე სათლი უბრუნდება, მაგრამ იგი ამის შედეგად გამოცდილებას იძენს. ამ ქალს კი სურდა ბავშვი სათბურის პირობებში აღეზარდა და ეგონა, რომ მისი შვილი მუდამ იდეალური და სრულყოფილი იქნებოდა. მაგრამ ყველა ბავშვი იზრდება, და ახლა ის უკვე ზრდასრული ადამიანია. დღეს იგი უკვე ლონდონში ცხოვრობს და კვირა დილით ეკლესიაში წასვლის ნაცვლად მეგობრებთან ერთად ყავის სმას ირჩევს. ასე იმიტომ ხდება, რომ მან ბავშვობაში ეკლესიაში სიარულის შედეგად ვერაფერი ისწავლა. ეს მშობლის დანაშაულია, რადგან ეკლესიაში იმიტომ დადიოდა, რომ ასე მათ მშობლებს სურდათ, ისინი აიძულებდნენ ამის კეთებას. და ახლა ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ამაო იყო, რადგან მათ ვერაფერი ისწავლეს.
ყოველმა ადამიანმა საკუთარი სულიერი გზა უნდა ეძებოს. არ უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ გარეგნულზე, არამედ შინაგან მდგომარეობაზე დავფიქრდეთ. ვერავის ვარგებთ იმით, რომ თავი წარმოვაჩინოთ, თითქოს კეთილმორწმუნენი ვართ.
როდესაც მშობლები შვილებს სწორად ზრდიან, მათი სულიერი ცხოვრებაც სწორად წარიმართება. ეს რომ განვმარტოთ, საერო ცხოვრებიდან მაგალითს მოვიყვან. შვილს ლაშქრობისთვის რომ ამზადებთ, საჭირო ეკიპირებით უნდა აღჭურვოთ. თუ მის მომავალზე ზრუნავთ, რომელიმე ხელობა უნდა შეასწავლოთ. ასეთია მშობლის სწორი დამოკიდებულება შვილებისადმი, ეუბნები: „აჰა, შენ ზურგჩანთა, ინსტრუმენტები და მე გასწავლი, როგორ უნდა გამოიყენო ეს ყველაფერი – და მერე უკვე შენ თვითონ გაუმკლავდი.”
ასეა სულიერ ცხოვრებაშიც. ჩემი შვილისთვის, ჩემი მეგობრისთვის, ახლობელი ადამიანისთვის ის ხიდი უნდა ვიყო, რომელიც მას „მეორე ნაპირზე”  გადაიყვანს. ამასთან, უნდა გააფრთხილო: იცოდე, რომ ხიდი შეიძლება დაიშალოს, დაინგრეს, – შენ კი საბოლოო მიზანს, მეორე ნაპირს უნდა მიაღწიო – უფალთან უნდა მიიწევდე, მას უნდა ხედავდე.  ღვთის სიყვარულს ვერავინ წაგართმევს!
აი, ამიტომაა, რომ ადამიანი, რომელიც სულიერი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, და უცხოა მისთვის ვიტრინის მანეკენის მსგავსი მოჩვენებითი ღვთისმოსაობა, – ნაკლებად ეცემა და ითრგუნება;  მაგრამ თუკი ვერ ისწავლე საკუთარი თავისა და სხვების რეალისტურად დანახვა, თუკი მიჩვეული ხარ ადამიანების გაიდეალებას, – მაშინ ოდნავი სირთულეც გაგტეხს და დაეცემი. ხოლო თუ თავისუფალი ხარ, ღვთის სიყვარულს ეძიებ, ჭეშმარიტი სიმდაბლე და მორჩილება გენატრება, მაშინ ზეცამდე ამაღლდები!
არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი
მოამზადა მარიამ გაგუამ
საპატრიარქოს უწყებანი N42 2015 წ.

Комментариев нет:

Отправить комментарий