понедельник, 12 июня 2017 г.

წერილი შვილს - შემეშინდება ხოლმე დედი, ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...

წერილი შვილს - შემეშინდება ხოლმე დედი, ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...შვილო, ახლა ზამთარი და სუსხია ჩვენთან, მაგრამ შეშა ჯერ ბვრი გვაქვს, არ ინერვიულოთ. მე და მამაშენი ყოველ დილით 6 საათსა და 30 წუთზე ვდგებით, წინდებს ამოვაცმევ ხოლმე ბეჩავს, აღარ შუძლია წელში მოხრა, ჩაიბურტყუნებს ხანდახან: რა დრო იყო ქალო მე რომ გაცმევდი წინდებს დეკემრის რიცხვებშიო, თომას ველოდებოდით არა მაშინ? მკითხავს ხოლმე - თითქოს შენს მეტს კიდევ დავლოდებოდეთ ვინმეს. . . ასწევს მერე თავის დაძარღვულ, გაცრეცილ ხელებს და მხრებზე ჩამომაწყობს, დაბერდა შვილო მამაშენი, ისე დაბერდა მეტკინება ხოლმე მხრები და ღუმელის ანთებას მოვიმიზეზებ რომ გავინთავისუფლო. ხვდება განა ვერა ხვდება რომ აღარ შეუძლია...
შემოვდგავ მერე უბე გამოჟანგული ვედროთი წყალს, ღორებს რომ თბილი საჭმელი დავუსხა, ცოდონი არიან. ისეთი სუსხია, ისეთი რომ ჩვენ წიქარას ცინდლები მიეყინება ხოლმე დრუნჩზე. მე ყოჩაღადა ვარ დედა გეაცვალოს სანამ შემეძლება დავიკაპიწებ ხელებს და იმხელა ქვაბში ამოვიყვან ყველს იდაყვამდე რომ დამიშრატიანდეს... იმ დიდ ქვაბში ვაგროვებ რძეს ლიანა მამიდამ რომ მაჩუქა ქალაქში წასვლის წინ... ყველა მესამე დღეს მინდა ხოლმე აქა მყავდე დედი, ამოგიღო შენს კარლსონიან ჭიქაში ჯერ არ ამოყვანილი ყველი... მერე რა გულიანად იცოდი ხვრეპა ბოლოში დარჩენილი შრატისა, ნეტავ ხომ არა გწყინდა ჩემი შენიშვნები ამ საქციელზე. 
აღარავინ დარჩა სოფელში დეე, ყოველი თვის ბოლოს დაბარებულივით ცხადდებიან სამსჯავროზე სოფლის უხუცესები, მაშინ თუ ახსენდება ახალგაზრდობას, რომ აქაც სუნთქავენ ჰაერს ჯერჯერობით, მაგრამ მიაბარებენ მიწას სახლის ყარაულებს, მიასხავენ წყალწყალა ღვინოს არ გაციებულ, ორთქლიან მიწაზე და გამოკეტავენ საჩქაროდ კარებს, დაადებენ თოთო ბავშის მუშტის ხელა ბოქლომს და მოდიან, შემეშინდება ხოლმე ცაცოაანთ უბანში გავლისა, მომაყრიან ქოქოლას ბოქლომ დადებული სახლის ზღურბლები და შემეშინდება ხოლმე დედი. ყვავების ანაბარა შემოვრჩით მგონი...
აღარავინ დავრჩით, მიმისუსტდა მამაშენიც ძლიერ, აიმაღლებს ხავერდ გადაკრული მუთაქით სასთუმალს და თვალებმინაბულს სევდა ეღვენთება თითებიდან, ენატრებით. 
ჭამითაც აღარ ჭამს ისე გემრიელად, წვნიანს შეხვრეპს გაწყალებული ტუჩებით და საყვედურებით სავსე, ვარდისწყლისფერ თვალებით მიყურებს მერე, ვერ კი ვხვდები რა უნდა, მარილი ზომიერად აქვს.
განა მეტყვის რამეს?
ადგება უჩუმრად, ჩაილაგებს დარდებს თვალებში, გავა ყოველი დღის ოთხ საათზე ეზოს გარეთ, ჩამოჯდება ლურსმნებ ამოშვერილ სკამზე და გზას გაჰყურებს, თითქოს ელოდებაო ვისმეს...
გული მიკვდება დედი, შენ ხომ კარგად იცი მისი სუნთქვა რომ შემომაკლდეს თავს ვერ ვიცოცხლებ დედი... ვეღარ ამოვიყვან სამ დღეში ერთხელ ყველს.
იქნებ ჩამოხვიდე მიმისუსტდა ერთადერთი შვილის მამა დედი... 
უკან რომ წახვალ ნუ დაადებ ბოქლომს ჩვენს ეზოს კარს !!!

ხატია ხადური 

http://karibche.ambebi.ge/qristianuli-ckhovreba/qristianuli-khelovneba/4477-tserili-shvils-shemeshindeba-kholme-dedi-yvavebis-anabara-shemovrchith-mgoni.html


Комментариев нет:

Отправить комментарий