пятница, 14 июля 2017 г.

თამარ - გრიგოლ რობაქიძე.

საქართველოს ისტორიაში დიდი თამარ ლეგენდარული ფენომენია უცილოდ - არა იმ აზრით, თითქოს იგი ოცნებით იყო შექმნილი, არამედ იმ ფიქრით, რომ მისი სინამდვილე უმძაფრესი იყო ფრიად. ჩვენს ისტორიაში არ მოიპოვება მეორე ისტორიული პირი, რომელიც თავის დამტკიცებაში პიროვნულ სინამდვილეს გასცილებოდეს და ერის ისტორიულ ათვისებაში ქცეულიყოს ცოცხალ ლეგენდად. დიდი იყო დავით აღმაშენებელი და იყო მნიშვნელოვანი გიორგი მესამე: საქართველოს თამარის დროს განდიდება, ისტორიკოსის ივ. ჯავახიშვილის აზრით, მათი სამხედრო მოქმედების ნაყოფი უფრო იყო, ვიდრე თვითონ თამარის პირადი ღვაწლი, - მაგრამ მიუხედავად ამისა, ქართველი ერის ისტორიულ შეცნობაში თამარის გვერდით ისინი დაჩრდილულნი გამოდიან შესამჩნევად. საქართველოს მკერდს ახლაც ახსოვს სიყვარულით ჩარჭობილი და მრისხანებით გადამტვრეული ხმალი გიორგი სააკაძისა, - და მაინც პიროვნება მისი ლეგენდად არ გადაშლილა. დიდია რუსთველის გენია: მზით მოკვეთილ სიტყვაში განასხეულა მან საქართველოს ქმედითი სული, - ხოლო "მითი" მისი პიროვნების არ ჩამოსხმულა სავსებით. საქართველოს ცოცხალი ლეგენდა თამარია მხოლოდ. გადაავლეთ თვალი საქართველოს ისტორიას: ყველგან, საცა კი ინაკვთება სახსარი საქართველოს ისტორიის, რომელიმე ხაზტეხილი ეპოქათა მდინარების, ყვავილობს ყველგან სურნელოვანი სახელი თამარის. მიზეზი? - დიდი თამარ სათუთი ნერვია, საქართველოს სულის: აი პასუხი: - მრავალგზის დასტეხია სასტიკი ბედი საქართველოს ჯეჯილად აყრილ ტანს, მაგრამ მისი დაფერფლილი სხეულიდან ახეთქილა კიდევ ახალი ყანა, საქართველოს სულის მხურვალე სუნთქვით აბიბინებული. და თუ ძველი ეგვიპტელი (პლატოს თხრობით) ქვაზე ასახული ჰიეროგლიფით სცნობდა ატლანტიდის თავგადასავალს და ფესვგამდგარი ხსოვნით გასულ საუკუნეებს და დაღუპულ ხალხებს უახლოვდება, - აქ, საქართველოში თამარის საოცარი სახელით მთელდებოდა გაწყვეტილი ზოლი ერის სხეულის. დიახ: თამარი სახელი ჰიეროგლიფია ნამდვილი, - ხოლო არა ქვაზე აკვეთილი, არამედ სულის ნერვით ახაზული; ჰიეროგლიფი - ნერვი, რომლის სათუთი ცახცახი აცოცხლებს გადასულს ჟამთა და განცდათა. რომელიმე რჩეული ქართველი ამ ჰიეროგლიფის გამოცნობით (და მაშასადამე, თანაზიარებით) რომელიმე საუკუნის ქართველის გულის ფართქალს ჰგრძნობდა (და გრძნობს დღესაც). და ერთი-მეორე უხილავად გადართული, ქართველები ამ უცნაური სახელით ჰქმნიდნენ საქართველოს ისტორიის მთლიან ცხოვრებას.

"როცა ბავშვი მოკვეთილია დედას, როგორც ნაყოფი ხეს (გვამცნობს ერთი მგოსანი) განვითარებული ადამიანი ემსგავსება ახალს ლანდს, მსუბუქ სტუმარს ჰაიდისას, რომელმაც ეს არის დალია ჩქერნი ლეტის, წყალნი დავიწყებისა", მაგრამ - განვაგრძოთ თქმა: განვითარებული ადამიანი, ჩასძირავს რა თავის თავს ყოფის ოკეანეში, იგრძნობს უთუოდ წინაყოფას თავისას "სხვაში" და "სხვებში". ეს არის წინა - მარადი ხსოვნა (მნემოსინა პლატოსი), რომელიც როგორც წყარო - დედა წარმოშობს ცხრა მუზას, ცხრა ნაკადულს; ამ ხსოვნაში იმალება ყოველი შეუცნობელი... ან კიდევ: რომელიმე დიდი ხე აიყრის მრავალს ფშანს; ყოველი ფშანი იმა ხის შვილია; და აი: მოსთხარეს რომელიმე ფშანი და გადარგეს იგი სხვაგან, რა დაემართვის? იგი გაიზრდება თავის-თავად; და ამასთანავე: სადღაც შორს - შორს მისი ფესვები იგრძნობენ მოწყვეტილობას და დაინაღვლებენ მშობლისათვის. ეს ნაღველი უცილო სახეა წინა - მარადი ხსოვნის. და ასე ყველგან მსოფლიო სხეულთა ნამდვილი განცდა რომელიმე მისი ნაწილის განცდაა მთელი სხეულის. ტყუილად კი არ გალობს ინდოეთის მგოსანი რაბინდრანათ თაბორი: შეყვარებულს მოუკვდა სატრფო; დაეძებს მას ყველგან. ძებნაში მიადგება იგი უზენაესის ბჭეს და მიჰმართავს: შენ ხარ სათავე და ბოლო ყოვლისა; და შენთან მოესვენებოდა იგი უთუოდ ვისაც მე დავეძებ: ჰოი, ჩამძრე უფალო მსოფლიოს ყოველ-შემცველობის ოკეანეში, რომ იქ ვიგრძნო ერთხელაც არის ნაზი - ხელშეხება მისი... დიაღ, მართალია თაბორი. სატრფოც ხომ ტალღაა ნამდვილი, - და შეერთვის ოდეს ოკეანეს შეყვარებული, იგი უთუოდ იგრძნობს მრავალს ტალღებში დაკარგული ტალღის სათუთს კოცნას, ასეთია საიდუმლო მსოფლიო ცნაურების. არ არის საკვირველი, თუ სახელი თამარის ამ საიდუმლოთია მოცული: ქართველი მისი სახელით ეზიარების საქართველოს სხეულს მის ისტორიულს დენაში.

თავისთავად ცხადია: საგულისხმოა ჩემთვის თამარ არა როგორც წმინდა - ისტორიული პიროვნება, არამედ როგორც ესთეტიური ფენომენი. ხოლო "ისტორია" აქ "მასალად" უნდა გამოვიდეს. აი რამოდენიმე ხაზიც. რუმის სულთანი რუქნადინი კარის აღების შემდეგ თამარს ასეთს ბარათს უგზავნის: "აწ მე წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი (და) აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგა ქვეყნისა და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინა მომეგებოს, თაყუანი სცეს ჩადრსა ჩემსა... ჯუარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მაჰმადი აღიაროს"... ამ უკმეხი წერილის პასუხად თამარ წერს რუქნადინს: "ძალს ღმერთისა ყოვლისა მპყრობელისა მინდობილმან, მარადის ქალწულისა მარიამისა სასოებით მოსავმან და პატიოსნისა ჯვარისა მვედრებელმან წავიკითხე ღმერთისა განმრისხებელი წიგნი შენი რუქნადინო და ვცან სიცთუენნი შენნი, რამე თუ ბჭე ღმერთი იყო! შენ ოქროსა მევირეთა სიმრავლისად მინდობილხარ, ხოლო მე არცა სიმდიდრესა და არცა ძალთა სპათა ჩემთასა, არამედ ძალსა ღმრთისა ყოველისა მპყრობელისა და ჯუარის წმიდისა, რომელი შენ ჰგმე!... აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინად მოგებებად შენდა..."

საოცარია რუქნადინის უკმეხობას თამარი ასე მშვიდი სიბრძნით მიუგებს: იგი არ მიენდობა არც ფულს და არცა ხმალსა: მისი სანდო ღვთაებაა მხოლოდ მისი ლოცვის საგანი მარადი ქალწული მარიამ. ამ პასუხში ერთი ხაზმოჭრით ასახულია სრულებით თამარის ნათელი პროფილი. თამარ გრძნობს თავის ბუნებითს ძალასაც, მაგრამ მისი ლმობიერი და სათნო ბუნება არ აჰყვება აღტაცებულს თავმოყვარეობას. ამას თამარის ისტორიკოსიც ამოწმებს: "ვერ შეიტყუა საშუალებამან ამის საწუთროისმან, არცა მეფობამან გვირგვინისამან და სკიპტრამან, არცა ქვათა პატიოსანთა უხვად ქონებამან, არცა სპათა სიმრავლემან და ესოდენ სიმხნემან"... თამარ მდიდარი იყო ყოვლად, მაგრამ ისტორიკოსის სიტყვით "არ მიდრკა, ვერცა წარიპარა სიმდიდრემან"... გიორგი მესამის დროს განწესდა სიკვდილით დასჯა მეკობრეთა და ავაზაკთა, - თამარ კი, მისი ქალიშვილი, "მშვიდი მშვიდობისა მყოფელი იყო"; მეფობის ხანაში "არცა თუ ტანჯვანაგი უბრძანა ვისადმს დაკვრად". თუ ვინმეს მიესაჯებოდა კანონით სიკვდილი ან ასოთამოღება თამარ არ დაამტკიცებდა სასამართლოს განაჩენს და ამ გზით ნელინელ სპობდა სასტიკ სასჯელსა.

მრავალი მხარეა საგულისხმო თამარის პიროვნებაში, მაგრამ მათ შორის არის ერთი მხარე, რომელიც ნამდვილს ჯადოს აცხადებს თამარის ქცევაში. ისტორიკოსის სიტყვით, თამარმა იცოდა "კაცთა უნებლობასა შინა უნებლად და მშვიდობით დააჭირვა (და) მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონებაურჩობისა". საქართველოს ისტორიის პირველყოფილ ცოდოს სწორედ ეს "ქედფიცხელობა" და "გონება ურჩობა" შეადგენს, - სწორედ აქედან წარმომდგარი უნდობლობა და შუღლი ღუპავდა ისტორიულად საქართველოს, - და თუ თამარის პიროვნება "კაცთა უნდობლობას" "უვნებლად და მშვიდად იჭერდა", თუ კი იგი ჯადო - გავლენით სპობდა "ქედფიცხელობასა" და "გონებაურჩობას", საკვირველი აღრაა მაშინ თუ რათ იქცა საქართველო თამარის დროს მთლიან სხეულად, საცა მისი შემადგენელი წევრები ერთი მეორეს კი არ ეცილებიან პირადი სიცოცხლისათვის, არამედ ერთი-მეორეს შერთულნი, ჰქმნიან ერთი მთელის ცხოვრებას. მართალს იტყვის ისტორიკოსი ივ. ჯავახიშვილი: "თამარის მეფობის პირველ ხანაში რამდენიმე მეტად სახიფათო მოძრაობა და განდგომა იყო და ყოველთვის თამარმა თავის თავის წინდახედულობით და ფრთხილის მოქმედებით განსაცდელს კეთილად სძლია და საქართველოში მშვიდობიანობა დაამყარა". და მოწმობს ხომ ამ მოვლენას სავსებით ლაშა-გიორგის დროის მემატიანე: თამარმა "სამეფო განუხეთქლად დაიცვა, ყოველივე შეიტკბნა და იყო მშვიდობა ყოველთათვის".

ძლიერია ფრიად თამარ თავისი გადმოუცემელი და "გადაუთარგმნელი" ძალით. არსებობს პირადი ძალა, რომელიც უშუალოდ მოქმედობს: მას არ სჭირდება არც მაგარი სიტყვა, არც ლაამზი სახე, არც მათრობელი მუსიკა: იგი თავის თავადია და მოქმედობს თავისთავად. თამარის პიროვნება სწორედ უშრეტი ნაკადულია ამ უშუალო ჯადოსნური ძალის. თამარზე შეიძლება ითქვას იმგვარი სიტყვა, რომელიც ქრისტეს შესახებ წარმოთქვა ოსკარ უაილდმა რედინგის ციხეში: "სასწაულნი მისნი ისეთივე მშვენიერია ჩემთვის, ვით გაზაფხულის მოახლოება, და ისეთივე ბუნებითი... და მე სრულიად არ მიძნელდება ვიწამო, რომ მისი პიროვნების მხიბლაობა ისე ძლიერი იყო, რომ მარტოდ-მარტო მის თანაყოფას შეეძლო მშვიდობა დაესადგურებინა ტანჯულს სულში, და რომ ადამიანნი, რომელნიც შეეხებოდნენ მის ტანსაცმელს ან მის ხელებს, ივიწყებდნენ თავიანთ მწუხარებას; ანდა: როცა იგი გაივლიდა ცხოვრების დიდი გზის გვერდით, ადამიანი, რომელთათვის დახშული იყო საიდუმლო სიცოცხლისა, უეცრად დაინახავდნენ მას, და სხვები, რომელთა სმენა ყრუ იყო ყოველი ხმის მიმართ, ახლა პირველად ისმენდნენ სიყვარულის ხმას და ცნობდნენ მას "ისეთივე ტკბილხმოვნად, როგორიცაა ლირა აპოლლოისა"; ანდა: წამხდარნი ვნებანნი ჰქრებოდნენ მის მოახლოების ჟამს, და ადამიანნი, რომელთა გახუნებულ აზრს მოკლებული სიცოცხლე მხოლოდ სიკვდილის ჩვენებას წარმოადგენდა, - თითქო დგებოდნენ საფლავიდან, როცა იგი მოუწოდებდა მათ; ანდა: როცა ქადაგობდა სერის დაქანებაზე, ბრბო ივიწყებდა თავისს შიმშილსა და წყურვილს, - და მის მეგობრებს, რომელნიც უსმენდნენ მას სუფრაზე დამსხდარნი, ტლანქი საჭმელი რჩეულად ეჩვენებოდათ, და წყალი - ლამაზ ღვინოდ, - და მთელი სახლი ივსებოდა მათთვის ნარდის სიტკბო-სურნელებითა"... ასე ლაპარაკობს ოსკარ უაილდი ქრისტეს შესახებ... ესევე შეგვიძლია მოვაფრქვიოთ თამარის სხივოსან სახეს, - რადგან ღვთიურობა, რომელსაც ასხეულებდა დიდი ნაზარეველი, რამოდენიმედ მაინც სჩქეფდა თამარის ქალწულ ბუნებაში. დიახ: თამარ ქალწული იყო ბუნებით და მთელი მისი არსი ნათელ ჭურჭელს წარმოადგენდა ღვთიურობის ნაკადისათვის, - და ავსილი იმა ნაკადით, თამარი თავისს სიცოცხლით ასხეულებდა მარადი ქალწულობის იდეას. იდეა მარადის ქალწულობისა - აი დიადი მოვლენა, რომელიც ჯერ კიდევ ჰელლინელთა მზეგრძელმა გენიამ გადმოგვიშალა წინ... ვაჟი ვერ წვდება ქალის ბუნებას სავსებით: მას უყვარს ქალში მხოლოდ ლამაზი მოჩვენება, მაიის ზეწარში გახვეული: და ამისათვის, რაც უნდა ავხორცი იყოს ქალი, იგი არსებითად უვნებელი რჩება მაინც; აი ძველ ბერძენთა ინტიუცია; ამას შესანიშნავად ამოწმებს არტემიდას კულტი და საიდუმლო წარწერა, აკვეთილი საისის ქალღმერთის, სამოსელში გახვეულის საფეხურზე: "მე ვარ რაცა ვარ, რაც იყო და რაც იქნება, და არც მომაკვდავს, და არცა ღმერთს არ აუხდია ჩემი სახურავი". საისის ქალღმერთი იგივე ეგვიპტის ნეიფია, რომელიც მზეჭაბუკისაგან ელის დატყვევებას, ასეთია იდუმალი სწავლა ძველთა... და თუ ამ სახისაა საერთოდ ქალის ბუნება, - მით უმეტეს უნდა ყოფილიყო ასეთი დიდი თამარის დიდი ბუნება. და მართლაც: გიორგი რუსი, როგორც ქმარი, მისთვის სრულიად არ არსებობდა; დავით სოსლანი, როგორც არათანასწორი ვაჟი, ასეთივე შემთხვევითი იყო მისთვის; და თავიდათავი: ერის რწმენა, რომლის ცნაურებით თამარის ქალობას ქალწულობა აცისკროვნებდა ყოველთვის... და თვითონ რუსთაველის ქნარი განა ამ ქალური ქალწულობით არ არის აჟღერებული?! პლატონური სიყვარული რა საკვირველია ეროტიულია უმძაფრესად, - ასეთს სიყვარულს ახმაურებდა რუსთაველი მზით ნაკვეთ სიტყვებში, - მაგრამ ნუ დაივიწყებთ ამ სიყვარულის ეროტიზმი მხოლოდ მზეჭაბუკის მზიურობისთვისაა ატეხილი და მკერდგადაშლილი. ეს უარის-ყოფა კი არ არის მარადის ქალწულობისა, არამედ ნაღვლიანი ვნებაა უკანასკნელის... დიახ: დიდი თამარ ქალწული იყო ბუნებით და მთელი თავისი სიცოცხლით ამ ქალწულობას ყვავილოვან ჩქერად ანაკადულებდა: ...ეს არის ძალა მისი პიროვნების, ეს არის მისი ჯადოსნობა, ეს არის მისი სულიერი ენერგია, ეს არის მისი მზეოსნობა... აქ მარხია საიდუმლო "თამარის ფენომენის" გამოცნობის: თუ რა სხივით იქცა იგი თვალის მომჭრელ ლეგენდად.

მარადი ქალწულობა ვნებაა მზის ვაჟ-შვილობის მოლოდინში. თვითონ სული ქვეყანასა მოელის სახსენებლად ღმერთს, როგორც ძლევამოსილ საქმროს. და ფრიად საგულისხმოა ის მოვლენა, რომ ქართველმა ერმა (ერთი ქართველის სიტყვით) "ქალის ცხელი თმებით შეკრული ჯვარით მიიღო ქრისტე". დიდი თამარ თავის ქალწულობით შეუცნობელ ელოდა ასეთს მზიურს სატრფოს (ამ სიტყვის საიდუმლო აზრით), - მაგრამ მის მოკლე სიცოცხლეში ეს ლოდინი შესაძლოებას არ გასცილებია. იგი მოსცილდა ხილულ ყოფას, - ხოლო მის ბუნებაში ჩამარხული შესაძლოება განაგრძობდა სიცოცხლეს: საუკუნეთა სვლაში იგი ისახავდა სხვადასხვა სახეს, ერთიმეორეზე ლამაზსა და მატყვევებელსა. აი სად არის სათავე თამარის ლეგენდარობის: ქართველთა ისტორიულ შეცნობაში თამარი ცოცხლობდა ყოველთვის, - და რადგან სიცოცხლე წარმოუდგენელია ზრდის გარეშე. ამისათვის იგიც იზრდებოდა თანდათან, იზრდებოდა, ვით თვალის მომჭრელი ნაყოფი შემოქმედი გენიისა. თამარი სხეულდებოდა ისეთს პლასტიურ ფიგურად, რომლის ზმანება მხოლოდ ჰელლენთა გენიას თუ შეეძლო. და თუ ჰელლენთა გენია იამაყებს მენადით, რომელიც ხან ჭურჭელია ღვთიურობის ნაკადულისა და მით ავსილი თავდავიწყებასაა მიცემული, ხან კი აშლილია ვნება ატეხილი და ილტვის გიჟი; დიონისოსაკენ, - ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ თამარის პლასტიური სახით; როცა მზემ პირველი იხილა ნილოსი, ცეცხლის რგოლებით ეამბორა მისს ათრთოლებულ ტანსაც; ნილოსის ტალღამ მზის კოცნა დაიჭირა და გაიშალა იგი კოცნა თეთრგულა ლოტოსად, თეთრგულა ლოტოსი - აი ვინ არის თამარ: თამარ ცოცხლობდა, როგორც ხორცშესხმული ლეგენდა, - და ცოცხლობს კიდეც. ყოველი ნატეხი საქართველოისა თამარის ლეგენდის ნატეხია უთუოდ. როცა ჩამავალი მზე საქართველოს რომელიმე ნანგრევს უკანასკნელ ამბორს უგზავნის, - ქართველი იმა ამბორში თამარის ღიმილს ჰკითხულობს: როცა შავს უღრან ტყეში უცხო ფრინველი გადაიფრენს. - ქართველი მისი ფრთების ფრთქიალში თამარის ზღაპარს დაინახავს. ქართველი თამარის სახით ჰქმნის უთვალავ ლეგენდას: ესა თუ ის ადგილი წმინდაა: - იქ ფრინველს თუ ცხოველს ვერავინ ხელს ვერ ახლებს; რისთვის? მისთვის, რომ იქ ერთხელ თამარ მეფეს გაუვლია. როცა დედას რძე გაუშრება იგი იდუმალ წყაროს მიმართავს მოსარჩენად, - და მოარჩენს კიდეც: ვისი ძალით? რასაკვირველია თამარის ძალით: იმ წყაროთი თამარს ოდესმე წყურვილი მოუკლავს. რომელი ერთი ჩამოვთვალო?! საქართველოში ყოველი ფეხის გადადგმა განა თამარის ლეგენდით არ არის აყვავებული?! ყველგან - თამარ, და მარტო თამარ! განა ოდესმე ქართველის გულის ფართქალში გაქრება თამარ, როგორც ნუგეში და იმედი?! არაოდეს! ვინ იცის, ჩვენს უმსგავსო ცხოვრებაში, საცა შურისა და შუღლის მეტი არა ისმის რა, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ნავთსაყუდარი. ვინ იცის, ჩვენს უგვანო ცხოვრებაში, საცა აღფრთოვანებას ფრთები ეჭრება "მეშჩანური" მორალისაგან, მრავალი ქართველისათვის მხოლოდ თამარია ერთადერთი ამაფრთოვანებელი მესაიდუმლე. და რამდენია ისეთი, რომლისთვის ამ საშინელ ქვეყანაში საკუთარი სულიც ციხედ გარდაქმნილა! ვინ მისცემს მათ ახსნას? თვალის მომჭრელი ლანდი თამარის! დიახ, ქართველის გული თამარის სიყვარულით ფართქალებს. და საგულისხმოა ფრიად, რომ თამარის საფლავი დღემდე არავინ იცის. იგი ყველას ეკუთვნის და არავის: - მისი საფლავი ქართველის გულია, - ხოლო ქართველის გრძნობაში ეს "საფლავი" კი არ არის, არამედ ლამაზი საყვავილე სურა, საცა ყვავილობს უჭკნობი ყვავილი - დიდი თამარ.

ასეთია დიდი თამარ, და ამ სიყვარულის ღალატი იქნებოდა, თუ შვიდასი წლისთავზე არ ითქვა უკანასკნელი სიმართლე... თამარ პლასტიური ლეგენდაა საქართველოს ისტორიისა, თვალის მომჭრელი და სმენამათრობელი, - მაგრამ იგი მაინც ქალურს მხარეს ასხეულებდა საქართველოს ისტორიაში. ჩვენს ისტორიას კი ვაჟიც ეჭირვება, - ტყუილად კი არ ნაღვლობდა ქალწული თამარი მზიური ვაჟის მიმართ! და ამ წამს, როცა მსოფლიოს ბედი ცეცხლით და მახვილით იჭრება, ნდობა იბადება რკინეული: - რომ საქართველოს მოვლინებოდეს ძლევამოსილი მზე-ვაჟი, რომელიც ისეთს ვაჟურს ლეგენდას შეჰქმნის ჩვენს ისტორიაში, როგორც ქალური შეჰქმნა დიდმა თამარმა. ასეთი ლეგენდა ყველაზე უფრო უკეთესი პასუხი იქნება თამარის ლეგენდისა.

გაზეთი "საქართველო", 1918, N90-91, 13-15 მაისი.


amsi.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий