ამ ურთიერთობის კონტროლი ხშირად შეუძლებელია და ბევრი მშობელი მიიჩნევს, თუ ბავშვი სახლშია, მას საშიშროება არ ემუქრება. მაგრამ ეს ასე არ არის!
უამრავმა პედოფილმა, ფსიქოპათმა, მანიაკმა გადაინაცვლა ვირტუალურ სამყაროში, ისინი აღარ გადიან ქუჩებში მსხვერპლის საძებნად, მსხვერპლს სოციალური ქსელების მეშვეობით ეძებენ. მათ აქვთ გაკეთებული მრავალი ყალბი „პროფილი“, რაც მათ აღმოჩენასა და იდენტიფიკაციას უფრო რთულს ხდის. ისინი თანდათან იმორჩილებენ მსხვერპლს მაშინ, როდესაც მშობელების აზრით ბავშვი ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე იმყოფება – საკუთარ სახლში!
ბოლო დროს, ინტერნეტსივრცეში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის თამაშები, რომლებიც ბავშვებს სხვადასხვა ტიპის სახიფათო „დავალების“ შესრულებას თხოვენ. მათ შორის ერთ-ერთია არაოფიციალური ონლაინთამაში „ლურჯი ვეშაპი“, რომელიც 2013 წელს რუსეთში იყო პირველად მოხსენიებული. თამაში შედგება რიგი დავალებისაგან, რომლებსაც კურატორები მოთამაშეებს აძლევენ 50-დღიანი პერიოდის განმავლობაში. უკანასკნელი დავალება, როგორც ამტკიცებენ, მოითხოვს მოთამაშის თვითმკვლელობას. ტერმინი „ლურჯი ვეშაპი“ მომდინარეობს ნაპირზე გამორიყული ვეშაპების ფენომენისაგან, რომელიც თვითმკვლელობასთანაა მიმსგავსებული.
რატომ უჩნდებათ მოზარდებს ასეთი ტიპის თამაშებისადმი ინტერესი და როგორ დავიცვათ ისინი ვირტუალური საფრთხისგან? გვესაუბრება თბილისის წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი:
„ბოლო პერიოდში ინტერნეტსივრცეში გაჩნდა თამაში, სახელწოდებით – ლურჯი ვეშაპი. პრობლემა საკმაოდ დიდია. ბავშვები ექცევიან ამ თამაშის გავლენის ქვეშ, რაც ხშირ შემთხვევაში სუიციდით მთავრდება. ეშმაკს ყველაზე მეტად ადამიანის თვითმკვლელობა უხარია. უფალთან მისვლისა და ცოდვების შეფასების გარეშე, ამ ადამიანის სული სატანისთვის საკბილო ხდება. თვითმკვლელი ადამიანი პირდაპირ ჯოჯოხეთში მიდის. ეს არა მარტო ერთი ოჯახის, არამედ მთელი საზოგადოების ტრაგედიაა. ეს კონკრეტული თამაშის კონკრეტული შედეგი არ არის. უნდა დავფიქრდეთ, რა არის მიზეზი?! სოციალური ქსელები არსებობს არა იმისათვის, რომ ადამიანები გააერთიანოს, არამედ იმისათვის, რომ ადამიანები დააშოროს. რა იგულისხმება ამაში? ჩვენ კომფორტულად ვსხედვართ კომპიუტერთან. ვთქვათ, მოსაკითხი გვყავს მეგობარი, ნათესავი… ვნახულობთ მის სურათებს, ორიოდე სიტყვით მოვიკითხავთ და ამით მთავრდება ურთიერთობა. რამდენიმე ათეული წლის წინ კი, როდესაც მოენატრებოდათ ადამიანი, პირადად ხვდებოდნენ მათ, ურთიერთსიყვარულს უზიარებდნენ და ქრისტეც უხილავად იმყოფებოდა მათ შორის. ვირტუალურ სამყაროში კი ეს შეუძლებელია.
რა არის ამ ყოველივეს მიზეზი? ადამიანებმა დაკარგეს ურთიერთსიყვარულის გრძნობა. მშობლებსა და შვილებს ჯანსაღი ურთიერთობა აღარ აქვთ. ზედაპირული ურთიერთობით შემოიფარგლებიან. ამიტომ, ბავშვები ჩართულები არიან ასეთ თამაშებში. უმთავრესი მიზეზი ამ მდგომარეობისა კი სულიერების, ზნეობრივი ღირებულებების არარსებობაა. სულიერება ეს ქრისტიანული, ზნეობრივი პრინციპების დაცვაა. ეკლესია ქადაგებს და იბრძვის, რომ საზოგადოებაში ეს პრინციპები გაჩნდეს.
უნდა გვახსოვდეს, თუ გვსურს საზოგადოება ჯანმრთელი იყოს, აუცილებლად უნდა მუშაობდეს მასში ქრისტიანული, ზნეობრივი პრინციპები. ამიტომ, ბავშვი პატარაობის ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ ტაძარში სიარულს, რათა ქრისტიანული ღირებულებები ჩამოუყალიბდეს. როცა ბავშვს ეცოდინება, რომ თვითმკვლელობა უდიდესი ცოდვაა და ამის გაკეთება არ შეიძლება, როდესაც ამ თამაშს დაიწყებს, ამ ეტაპამდე აღარც მივა.
ჩვენი მოვალეობაა, მარტო ჩვენს ოჯახებში კი არა, გარშემომყოფებში ვიქადაგოთ, რომ საჭიროა სულიერი ცხოვრება. ამ თამაშმა დიდი ტრაგედია გამოიწვია, მაგრამ, მეორე მხრივ, დაიძრა საზოგადოებრივი აზრი“.
დიანა ნიკოლაიშვილი (ფსიქოთერაპევტი) „ბოლო დროს გახშირებულია ბავშვების და მოზარდების სუიციდის ფაქტები და ეს კიბერტერორიზმით აიხსნება. ტერორისტებს სხვადასხვა ხერხები აქვთ, თუმცა ალგორითმი მსგავსია, ისინი ეძებენ დათრგუნულ, დეპრესიულ ბავშვებს, აღრმავებენ მათ მდგომარეობას და თანდათან სუიციდამდე მიჰყავთ.
ინტერნეტჯგუფები და ბლოგები სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზეა გათვლილი. მაგალითად, ყველაზე პატარებისთვის არის ასეთი თამაში: იმისათვის, რომ ფერია ვინქსი გახდე, სულ რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადადგა: გააჟღერო შენი სურვილი; ღამე, როდესაც ყველას სძინავს წახვიდე სამზარეულოში და გაზქურის ყველა კურაზე გაზი მოუშვა; ჩუმად დაბრუნდე შენს საწოლში და დაიძინო. ჯადოსნური აირი შეავსებს ბინას და დილით შენ ფერია გახდები.
ინტერნეტ ქვესთ-თამაშები, რომლებსაც ჰყავთ ორგანიზატორები, კურატორები და თაყვანისმცემლები სხვადასხვა მიზნით აიძულებენ ჩვენს შვილებს თვითმკვლელობას, ერთ-ერთი პირველი თამაშის ორგანიზატორმა, რომელიც რუსეთში დააკავეს, აღნიშნა, რომ ამ გზით სამყაროს უსარგებლო ბიომასისგან წმენდდა, ზოგი კურატორი აიძულებს მსხვერპლს თვითმკვლელობა ონლაინრეჟიმში ჩაიდინოს და გამომძიებლების ვარაუდით შემდგომ ხდება ამ ჩანაწერების გაყიდვა.
თამაშში ჩართვა ძალიან მარტივია, თუ ბავშვი დაინტერესებული სიკვდილის თემით და ეძებს ინფორმაციას ინტერნეტის მეშვეობით ის აუცილებლად იპოვის მსგავს ჯგუფს, ხშირად თამაშის დასაწყებად ითხოვენ მხოლოდ ბავშვის თანხმობას. შემდეგ ხდება ინფორმაციის შეგროვება: მისამართი, ტელეფონის ნომერი, მშობლების და ახლო ნათესავების სახელები, მისამართი და სხვა. კურატორი, რომელიც უკავშირდება ბავშვს მის ნდობაში შედის (ე.წ. რაპორტს ამყარებს). როდესაც ბავშვის ნდობა მოპოვებულია, მას დამატებით გვერდს უქმნიან თვითონ, რათა აკონტროლონ და საჭიროების შემთხვევაში გააუქმონ. ამ მომენტიდან იწყება ბავშვის განადგურება პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით – ფიზიკური და ფსიქოლოგიური. ბავშვს ეკრძალება მეგობრებთან კონტაქტი, ეძლევა დავალებები, რომელთა შესრულებაც უნდა დაადასტუროს ვიდეოს ან სურათის მეშვეობით, ეკრძალება ძილი ღამის 3 დან 5 საათამდე, აიძულებენ ნეგატიური შინაარსის ვიდეორგოლების ყურებას და დეპრესიული მუსიკის მოსმენას. თანდათან დავალებები რთულდება და ბოლო დავალება არის სუიციდი!
ანუ ამ თამაშში გამარჯვება სიკვდილს ნიშნავს!!!
ყურადღება მიაქციეთ თქვენს შვილებს. გახსოვდეთ, სოციალური ქსელების კონტაქტები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც რეალურ ცხოვრებაში. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაიფაროთ თქვენი შვილი ამ საფრთხისგან. თუ ამჩნევთ, რომ თქვენი შვილი გახდა გაღიზიანებული, გულჩათხრობილი, მეტ დროს ატარებს კომპიუტერთან ან ტელეფონთან, უსმენს დეპრესიულ მუსიკას, აღარ ეკონტაქტება რეალურ მეგობრებს და ნათესავებს, გვიანობამდე არ იძინებს, თავს იზიანებს, ისერავს ან იწვავს ხელებს ან სხეულის სხვა ნაწილებს, ინტერესდება სიკვდილით, იმით, თუ რა ემართება ადამიანს გარდაცვალების ან თვითმკვლელობის მერე – ეს იმას ნიშნავს, რომ მას თქვენი ყურადღება და დახმარება სჭირდება!
ბავშვი მსგავსს თამაშებს მიმართავს იმ შემთხვევაში, თუ მას არ აკმაყოფილებს ის რეალობა, რომელშიც არის, ბედნიერი ბავშვი მსგავსი თამაშებით არ დაინტერესდება. არავითარ შემთხვევაში არ ეჩხუბოთ და არ დასაჯოთ! შეცვალეთ მისი რეალობა უკეთესობისკენ!“
თეონა ნოზაძე
ambioni.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий