I თავი.
საქართველო უძველესი დროიდან ელინისტური ხანის დასაწყისამდე.
საქართველო უძველესი დროიდან ელინისტური ხანის დასაწყისამდე.
ა. პირველყოფილი საზოგადოება საქართველოს ტერიტორიაზე.
მრავალი მილიონი წლის წინათ ახლანდელი კავკასია თითქმის მთლიანად ზღვით ყოფილა დაფარული. მაგრამ ნელნელ,უთვალავი საუკუნეების განმავლობაში , წყალი ხმელეთს უთმობდა ადგილს.ზღვიდან ამოიწია კავკასიონმა და სხვა გრეხილებმა, დასასრულ კავკასიის ზღვა მოსწყდა შავ ზღვას და მათ შორის კავკასიის ყელი გამოჩნდა.
მაღალი ქედების წარმოშობას შემდეგში გამყინვარება ზედ დაერთო. ერთ დროს მყინვარი მთის კალთებზეც ჩამოდიოდა,ზოგან მთების ძირამდე.შემდეგში ისინი მწვერვალებსღა შემორჩნენ. ხმელეთის გაჩენასთან ერთად თანდათან მოშენდა და მომრავლდა მცენარეულობა და ცხოველები.ბოლოს აქ გაჩნდა ადამიანიც. საქართველოში რამდენიმე ადგილას არის ნაპოვნი ამ პირველყოფილი ადამიანის კვალი: ზემო იმერეთში, ქვემო იმერეთში, სამეგრელოში, აფხაზეთში, თრიალეთში. სოხუმში ნაპოვნი იმდროინდელი ზოგი ნაშთი ყველაზე ძველია საბჭოთა კავშირში. ამ უძველესი ადამიანების სადგომებს ზოგჯერ გამოქვაბულებში ვხვდებით. მაშინდელი ადამიანი სიცივე-ავდრისაგან თუ საშიში მხეცისაგან თავს ხშირად გამოქვაბულში იცავდა.
მაშინდელი ბუნება განირჩეოდა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ბუნებისაგან. ტყეები იყო ბევრად უფრო მეტი და ხშირი, მდინარეებიც წყალმრავალი.მცენარეებშიაც და ცხოველებშიაც მას შემდეგ ბევრი რამ გამოიცვალა. ასე, მაგალითად, მაშინ ჩვენში იყო გამოქვაბულის დათვი, რომელიც ახლა უკვე აღარ გვხვდება.გადაშენდა მას აქეთ ბევრი სხვა ცხოველიც. სამაგიეროდ, გაჩნდა ზოგიერთი ახალი ცხოველი და მცენარე.
უმწეო და განუვითარებელი იყო იმდროინდელი ადამიანი. მას არც მიწის დამუშავება შეეძლო, არც შინაური ცხოველი ჰყავდა. იგი თავს ირჩენდა ტყის ნაყოფითა და ნადირის ხორცით. იარაღიც მას ისეთი ჰქონდა,რომ ბუნებასთან ბრძოლაში ბევრს ვერაფერს გახდებოდა - კაჟსა და ობსიდიანის(ვულკანური მინაა) ნამტვრევები, წვეტიანი ძვალი, ხის კეტი. ქვასა და ძვალს ადამიანი ტკეცავდა და ჩორკნიდა ისევ ქვით, მოსახმარ ფორმას აძლევდა მათ და ასე ამზადებდა საჭრისებს, საფხეკებს, სახვრეტებს. აკეთებდა ის აგრეთვე ხელის ცულს. ასეთი ტლანქად დამუშავებული იარაღის ნაშთები ბლომად არის ნაპოვნი დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გამოქვაბულებში, მაგალითად - გამოქვაბულ ,,დევის-ხვრელში'' ხარაგოულის მახლობლად. ცხოვრობდნენ მაშინ პატარ-პატარა ჯგუფებად. ეს ჯგუფები ერთად მიდიოდნენ სანადიროდ, რაკი იარაღი ისეთი სუსტი ჰქონდათ, რომ მარტოხელა კაცი ვერასგზით დიდ ნადირს ვერ მოერეოდა. ყველგან სხვა სამუშაოსაც ადამიანები მაშინ მეტწილად საერთო ძალით ასრულებდნენ.
ტანისამოსით ვერ დაიკვეხნიდა იმდროინდელი ადამიანი, ტანის დასაფარად მაშინ ნადირის ტყავს ხმარობდნენ.
თიხის ჭურჭელის კეთება ჯერ არ იცოდნენ. იმდროინდელი ადამიანის ენაც განუვითარებელი იყო.
ეს პირველყოფილი ადამიანი საქართველოშიაც ,ისევე როგორც სხვაგან, იცნობდა და ხმარობდა უკვე ცეცხლს.
ამ ხანას ,,ძველი ქვის'' ანუ ,,პალეოლითის'' ხანას ეძახიან. თანდათან ადამიანმა გააუმჯობესა თავისი იარაღები, თავისი მეურნეობა. კულტურა ახალ საფეხურზე ავიდა. ეს იყო უკვე ,,ახალი ქვის'' ანუ ,,ნეოლითის'' ხანა.
მრავალი ათასმა წელმა გაიარა, ვიდრე ადამიანი პალეოლითისაგან ნეოლითზე გადავიდა. ნელნელ ადამიანმა ისწავლა ქვის ხეხვა, ხერხვა, ხვრეტა და გაკრიალება. კაჟზე უფრო რბილი რიყის ქვისაგან ის უკვე აკოპიტებდა დიდ ცულებს, რომელსაც ყურს უხვრეტდა ხის ტარისათვის, აკეთებდა აგრეთვე სატეხებს, ხერხებსა და სხვა იარაღს. ახლა მშვილდ-ისარი იქცა ადამიანის მთავარ საბრძოლო-სანადირო იარაღად. ისარს უკეთებდა მაგარ წვერს, მეტწილად კაჟისაგან, აგრეთვე ძვლისაგან.
გაჩნდნენ იარაღის ოსტატები და მათი სახელოსნოები, რადგანაც ამგვარი იარაღის გაკეთებისათვის დახელოვნება იყო საჭირო.
ქვის ცულით, ხერხითა და სატეხით ადამიანი უფრო კარგად ამუშავებდა ხესაც. ხისას აკეთებდნენ შინაურ ჭურჭელს, მარხილებს, ნავებს,ძელურ(ჯარგვალ) სახლებს.
ადამიანმა ნეოლითის ხანაში ისწავლა კალათების წვნა, ქსოვილების ქსოვა, თიხის ჭურჭელის კეთება.
ახლა ადამიანი უფრო ძლიერი იყო ბუნებასთან ბრძოლაში, ვიდრე პალეოლითის დროს. ის ნადირსაც უფრო ადვილად ერეოდა და უსულო ბუნებსაც.
მონადირეობის წყალობით ადამიანმა თანდათან მოაშინაურა ცხოველები, ყველაზე ადრე- ძაღლი, შემდეგ ირემი, თხა, ცხვარი, ღორი, ზორხა(ხარ-ძროხა). შინაურ საქონელს ადამიანი ხმარობდა თავდაპირველად ხორცად(საჭმელად) და შესაბმელად( ძაღლი, ირემი, ზროხა), შემდეგში წველაც ისწავლეს.
თანდათან შეითვისა ადამიანმა მიწათმოქმედებაც. წვეტიანი ჯოხისა და სადა თოხის (ქარჩის) საშუალებით ამუშავებდნენ მიწას და სთესდნენ ქერს, ფეტვს, ხორბალს.
ნეოლითური იარაღები ნაპოვნია იმერეთში, სამეგრელოში, რაჭა-ლეჩხუმში, აფხაზეთში. სამეგრელოში _სოფელ ოდიშში აღმოჩენილია ნეოლითური ხანის სადგო-სახელოსნო ნაშთი.
ნეოლითური ხანის მეურნეობის წყალობით ადამიანი უფრო ადვილად იკვებავდა თავს და უფრო ადვილადაც მრავლდებოდა. მოსახლეობა გახშირდა და ერთ ადგილას დაბინავდა. ხალხი ახლა სოფლებად ცხოვრობდა.
საქართველოს ისტორია-დან.
შედგენილი აკად. ს. ჯანაშიასა და აკად. ნ ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების მიხედვით.
შემდგენელ-რედაქტორი - გიორგი მელიქიშვილი.
Комментариев нет:
Отправить комментарий