воскресенье, 10 сентября 2017 г.

საკრალურის კრიზისი


ფოტოზე: ფრანგი ლიტერატურათმცოდნე, თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიის ფილოსოფოსი და კულტურის ანთროპოლოგი რენე ჟირარი (დაიბადა 1923 წელს)


რენე ჟირარი: საკრალურის კრიზისი

«დღეს ერთ პურიტანიზმზე უარს მხოლოდ მეორე პურიტანიზმში გადასავარდნად ამბობენ. ადამიანებს აღარ ართმევენ სექსუალობას, მათ ართმევენ იმას, რაც ადამიანისთვის კიდევ უფრო აუცილებელია, ესაა აზრი. ადამიანი არ ცხოვრობს მხოლოდ პურით და სექსუალობით. თანამედროვე აზრი უმაღლესი კასტრაციაა, ვინაიდან ეს არის თვით აზრის, მნიშვნელობის კასტრაცია. ყოველი ადამიანი მეზობელს იმის გასაგებად უთვალთვალებს, ხომ არ სწამს მას რამისა.» (რენე ჟირარი, «სამყაროს დაარსებიდან დამალულ ამბებზე»)

ცნება «საკრალური» გვაფრთხობს, ვინაიდან ის როგორც ერთადერთი რამის ღირებულად მიჩნევა და ყველაფერი დანარჩენის უარყოფა გვესმის. აქედანაა ბრმა და მოძალადე ჟინი, რომელიც უპირატესობას «საკრალიზაციად» წოდებულ ქცევას ანიჭებს, ეს შეიძლება გამოვლინდეს ისეთ ერთმანეთისგან განსხვავებულ სფეროებში, როგორებიცაა რელიგია, პოლიტიკა, კინემატოგრაფია, მუსიკა, სპორტი. სპორტსმენებს ხომ ზოგჯერ «სტადიონის ღმერთებს» უწოდებენ. მაგრამ საკრალურის ცნება მხოლოდ ამ ჟინიან ასპექტს არ აღნიშნავს. ის ასევე ღირებულებათა გარკვეულ რაოდენობაზე მიუთითებს, რომელთა გარეშე სიცოცხლე ბარბაროსობად გადაიქცევა. ისე ხდება, რომ ბავშვს ხელს არ ახლებენ, იმიტომ, რომ ის უმანკოებას და მის მიღმა სიცოცხლის მშვენიერებას განასახიერებს.

დიდი რუმინელი რელიგიის ისტორიკოსის, მირჩა ელიადეს აზრით, რელიგიების და მითების შესწავლა სიცოცხლის ღრმა აზრს ავლენს. საკრალურის სამყარო შეგვახსენებს, რომ იგი არის სამყარო, რომელშიც ადამიანთა აზრით, სიცოცხლეს უმაღლესი, ღვთაებრივი წყარო აქვს. აქ ყველაფერი დაკავშირებულია არსთან, რომელიც უზენაესი, ფუნდამენტური რეალობაა, საიდანაც ყველაფერი გამომდინარეობს და რომელიც თავად არსაიდან გამომდინარეობს. სამყარო არის ამ არსის მანიფესტაცია საწყისი ენერგიის ამოფრქვევით. ადამიანებისათვის საკრალურის განცდა, სიცოცხლის ამ წყაროსთან დაკავშირებას ნიშნავს სამყაროზე უზენაესი სამყაროს ხატის ზედდებით. ეს ხდება გარკვეული სივრცის (ტაძარი), გარკვეული დროის (დღესასწაული), გარკვეული ცხოვრების წესის (არსის გაცნობიერება სიცოცხლის მანძილზე) მეშვეობით. მიუხედავად ამისა, საკრალურს აქვს ძალისმიერი, მოძალადე ასპექტებიც, როგორ უნდა გავიგოთ ეს პარადოქსი?

რენე ჟირარის აზრით, საზოგადოებების სათავეში ძალადობას ვხედავთ. სწორედ ძალადობაში აძევებს ადამიანი ძალადობას, კოლექტიურად, საერთო თანხმობით, მსხვერპლის შეწირვით. ამ მსხვერპლის, ნამდვილი განტევების ვაცის შეწირვა, ძალადობისაგან განმუხტვის საშუალებას იძლევა. მაგრამ ძალადობისაგან განმანთავისუფლებელი მსხვერპლშეწირვაც ძალადობას ატარებს. ამიტომ გვაქვს მსხვერპლის შემწირავ საზოგადოებებში «დესაკრალიზაციის» პერიოდები. მოულოდნელად ხდება მსხვერპლის შემწირველთა მსხვერპლად შეწირვა, რაც მსხვერპლის შეწირვის სქემის არაცნობიერად განმმეორებელი სიკვდილით დასჯით ხდება. მსხვერპლის შემწირველებიც თავის რიგზე განტევების ვაცები ხდებიან... ამის შემდეგ, დესაკრალიზატორებს იგივე ხვედრი ერგებათ. აქედან განუწყვეტელი ძალადობის შესახებ ვასკვნით. ძალადობა მსხვერპლის ზედიზედ შეწირვით ხან რელიგიურ, და ხან ანტირელიგიურ სახეს იღებს და რიტმს აძლევს საზოგადოებების ცხოვრებას. შეიძლება თუ არა აქედან დაძრომა?

რენე ჟირარის მიხედვით, ამ არქაული სტრუქტურის ალტერნატივა იუდაიზმმა და ქრისტიანობამ შექმნეს. როგორ? დემისტიფიკაციით მითებისა, რომლებსაც საზოგადოებები ჩვენთვის იმის ასახსნელად იგონებენ, რომ ჯალათები უმანკოები და მსხვერპლნი კი, დამნაშავენი არიან. მაგალითად, ნაცისტებმა მოიგონეს ზღაპრები იმის სათქმელად, რომ ისინი უმანკოები გახლდნენ და ებრაელები დამნაშავეები იყვნენ.

პროფეტური ქმედება მდგომარეობს მითების დაგმობაში, რომლებსაც კულტურები ძალადობის გასამართლებლად ჰქმნიან. სწორედ ამას ნიშნავს კერპების იუდაური კრიტიკა. ყველაფერი არაა ბუნებრივი, ყველაფერი არაა ღვთაებრივი. შეუძლებელია ღმერთისა და სამყაროს აღრევა. ღმერთი ტრანსცენდენტურია, უხილავია, ჰარმონიაა და ესე იგი ერთია. ის არაა ხილული, ხორციელი, მრავალნაირი. მონოთეიზმის ძალა ძალადობის რადიკალური კრიტიკაა.

ეს კრიტიკა ქრისტესთან ერთად ღრმავდება. მსხვერპლის შეწირვა არაა უბრალოდ დაგმობილი, ის შებრუნებულია. ქრისტე არ ითხოვს მსხვერპლს, მეტიც, ის თვითონ იღებს მსხვერპლეს, თავს სწირავს და ამით ის ადამიანებს მათი საკუთარი თავის წინაშე აყენებს. მსხვერპლის შემწირავი ადამიანები ღმერთს არ მოსწონს. ისინი უმანკოს წინააღმდეგ მუდამ ძალადობენ. ღმერთისთვის პატივის მიგების მაგივრად, ისინი ღმერთს და მასთან ერთად უმანკოს ჰკლავენ. საკრალურის რელიგიას უმანკოების რელიგია უნდა დავუპირისპიროთ, რომელიც უმანკო მსხვერპლთა მოთქმას არ ახშობს. ჭეშმარიტი რელიგია უმანკოების, როგორც ასეთის პატივისმცემელი რელიგიაა.


ბერტრან ვერჟელი, «ფილოსოფოსთა ბულვარი რენესანსიდან დღემდე», გამომცემლობა მილანი, 2005 წელი 

თარგმანი გიორგი მარჯანიშვილისა 

ai-ia.info




Комментариев нет:

Отправить комментарий