понедельник, 18 сентября 2017 г.

ლაზიკის სამეფოს გაძლიერება.

დასავლეთ საქართველო ჩვ.წ.აღ-ით პირველ საუკუნეში. ლაზიკის სამეფოს გაძლიერება.

მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში უფრო არა მყარი იყო, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ისე მტკიცედ შეენახა თავი, როგორც ეს ქართლის სამეფომ შეძლო აღმოსავლეთში.  აქ ჯერ პონტოს სამეფო გაბატონდა, შემდეგ კი რომი, დასავლეთ საქართველოს ერთი ნაწილი კი, რომელიც ქართლის სამეფოს ტერიტორიას უშუალოდ ესაზღვრებოდა(არგვეთი და სხვა ), ქართლის სამეფოს შემადგენლობაში იყო უმეტესწილად მოქცეული.

ძველი კოლხეთის მოსახლეობიდან უფრო დაწინაურებული იყო მისი ცენტრალური ნაწილის - თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ბარის მოსახლეობა. კოლხეთის სამხრეთ მთიანეთის (შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი კუთხის) და კოლხეთის ჩრდილო მთიანი ნაწილის მოსახლეობა უფრო ჩამორჩენილი იყო, ჯერ ისევ პირველყოფილი თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა.

ყველაზე უფრო მტკიცედ პონტომ და შემდეგ რომმა სამხრეთ კოლხეთის დამორჩილება შესძლეს. ამ რაიონის დაბლობ ადგილებში, ზღვისპირა ზოლებში მცხოვრები ქართველი ტომების მნიშვნელოვანი ნაწილი  შეერია ბერძნულ ელემენტს და ასე, თანდათან ნარევი წარმოშობის მოსახლეობა ჩამოყალიბდა. დამოუკიდებლობა და საკუთარი ტომობრიობა მტკიცედ დაიცვა აქ მცხოვრები ქართველი ტომების იმ ნაწილმა, რომელიც მთიანეთში(პონტოს ქედზე) ცხოვრობდა. მათ ჭანებს უწოდებდნენ. პონტოს დაცემის შემდეგ (ჩვ.წ.აღ-მდე პირველი საუკუნის შუა ხანებში)საერთოდ კოლხეთის მიწა-წყალზე არამყარი მდგომარეობა შეიქმნა. რომაელებმა, მართალია,  ზღვისპირა ქალაქებში (ტრაპეზუნტი, აფსარი ჭოროხის შესართავთან, ფაზისი, დიოსკურია) თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს, მაგრამ ქვეყნის შიდა ნაწილზე ეფექტური კონტროლის გაწევის ძალა მათ ნაკლებად შესწევდათ. მთიანეთის მცხოვრები ჭანები არათუ ემორჩილებოდნენ რომაელებს, ხარკს არ უხდიდნენ და ა. შ., არამედ მათ ტომთა დიდი კავშირი შექმნეს და სისტემატურად ესხმოდნენ თავს რომაელთა სამფლობელოებს მცირე აზიაში. ამავე ხანებში ჭანები დაბლობ ადგილებში ჩამოსახლებასაც იწყებენ.

მთიელ ტომთა მოძალებას განიცდიდა არა მარტო სამხრეთ კოლხეთი, არამედ მისი ცენტრალური და ჩრდილო ნაწილიც. მთიელთა ჩამოსახლების შედეგად  მოსახლეობა აქაც საგრძნობლად შეიცვალა. დასავლეთ საქართველოს ბარშიც მთიელთა დიდი ტალღა ჩამოსახლდა და იმავე წარმოშობის ძველისძველ მოსახლეობას შეერია. აქ, მდ. ჭოროხის შესართავის ჩრდილოეთით მდებარე მიწა--წყალზე ჩვ. წ. აღ-ით 1-მე-2 საუკუნეებში საკმაოდ დიდი გაერთიანება ჩამოყალიბდა, რომელსაც რომაელები ლაზების სამეფოს ანუ ლაზიკეს, ხოლო ქართლის სამეფოს მოსახლეობა ეგრთა(მეგრელების) ქვეყანას ანუ ეგრისს უწოდებდა. ლაზიკის სამეფო ძველი კოლხეთის სამეფოს მემკვიდრედ მიიჩნევდა თავს. მთიანეთის მოსახლეობის დიდი ნაკადის შესვლით მასში ძველი პირველყოფილი თემური წყობილების ელემენტები კიდევ უფრო ძლიერი გახდა.

ლაზიკის სამხრეთით, მდ. ჭოროხის შესართავის მიდამოებში მცხოვრები მოსახლეობა ჩვ. წ. აღ-ით მე-2 საუკუნის დასაწყისში ქართლის სამეფოს ემორჩილებოდა. მათ სამხრეთით, ზღვისპირას, დღევანდელ ათინას რაიონში, ამ დროს ჭანური გაერთიანება არსებობდა. ლაზიკის სამეფოს ჩრდილოეთით, დღევანდელ აფხაზეთისა და მის მეზობელ ადგილებში, ამ დროისათვის რამდენიმე დიდი გაერთიანება ჩამოყალიბდა; უშუალოდ ლაზების ჩრდილოეთით აფშილების გაერთიანება იყო, ხოლო მათ ზემოთ კიდევ აბაზგებისა და სანიგებისა. ჩრდილო კოლხეთში ამ დროს ძირითადად აფხაზური და სვანური ტომები ცხოვრობდნენ, ჩრდილო კოლხეთის მოსახლეობა ჯერ კიდევ პირველყოფილი თემური წყობილების პირობებში ცხოვრობდა, რომლის რღვევის პროცესი უკვე ძალიან შორს იყო წასული. საზოგადოების ძირითად მასას ეყოფოდა ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი ზედაფენა. ზემოთჩამოთვლილი გაერთიანებების სათავეში ადგილობრივი წარმოშობის ბელადები იყვნენ, თუმცა მათ რომაელები ამტკიცებდნენ. ეს მორჩილება მხოლოდ სიმბოლური ხასიათისა იყო. აქაური მოსახლეობა რომაელებს ჩვ.წ აღ-ით მე-2- მე-3 სს-დან არც ხარკს უხდიდა და არც სხვა რამ ვალდებულებას ასრულებდა.

ასეთივე უნდა ყოფილიყო ამ დროს რომაელთა მიმართ კოლხეთს ყველაზე ძლიერი ერთეულის - ლაზიკის სამეფოს დამოკიდებუ-ლებაც. მისი მმართველებიც ცნობდნენ რომაელთა ძალაუფლებას. მათაც ტახტზე რომის იმპერატორი ამტკიცებდა , მაგრამ ისინი არც ხარკს იხდიდნენ და არც ჯარი გამოჰყავდათ რომის ხელისუფლებისათვის. ერთადერთი რაც მათ მოეთხოვებოდათ , ეს იყო ჩრდილოეთიდან გადმომავალი გზის დაცვა, რომ იქაური მომთაბარეები კავკასიონის გზით და კოლხეთის გავლით სამხრეთში არ შემოჭრილიყვნენ და რომალეთა სამფლობელოები არ დაერბიათ. ჩვ. წ. აღ-ით მე-3-მე-4 საუკუნეებში მაინც, როცა რომი საკმაოდ დასუსტდა, იგი ლაზიკის ასეთი მოკავშირეობით სავსებით კმაყოფილდებოდა.


ლაზიკის მმართველები ამას საკუთარი მიზნისთვის იყენებდნენ. მათ თანდათან მოახერხეს ჩრდილო კოლხეთის მთიანეთის მოსახლეობის( აბშილების, აბაზგების, სვანთა ტომების) დამორჩილება . ამათგან სვანების დამორჩილება ლაზებმა ძვ. წ. აღ-ით მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში შესძლეს. სვანთა მთავარს , რომელიც ადგილობრივი  წარმოშობის პირი იყო, ამიერიდან ლაზების მეფე ამტკიცებდა და მთავრის ნიშნებს უგზავნიდა. სვანები , ამასთანავე , ლაზებს ხარკის სახით  უგზავნიდნენ თაფლს, ტყავს და სხვა. ასეთივე დამოკიდებულებაში მოექცა ლაზების მეფეთა მიმართ აგრეთვე ჩრდილო კოლხეთის დანარჩენი მოსახლეობაც.

საქართველოს ისტორია.თავი II
საქართველო ელინისტურ და რომაულ ხანაში.


საქართველოს ისტორია-დან.
შედგენილი აკად. ს. ჯანაშიასა და აკად. ნ ბერძენიშვილის რედაქციით გამოქვეყნებული სახელმძღვანელოების მიხედვით.
შემდგენელ-რედაქტორი - გიორგი მელიქიშვილი.

****


წინა თავი


კულტურული ვითარება ძველ საქართველოში.


Комментариев нет:

Отправить комментарий