воскресенье, 29 октября 2017 г.

ღირსი გერმანე ალასკელი (+1837) 27 (09.08) ივლისი

ღირსი გერმანე ალასკელი დაიბადა მოსკოვისპირა ქალაქ სერპუხოვში, ვაჭრის ოჯახში 1757 წელს. მისი ერისკაცობის სახელი და გვარი უცნობია. ნეტარი თექვსმეტი წლის იყო, როცა ამსოფელს განერიდა. თავდაპირველად იგი პეტერბურგის მახლობლად, ფინეთის ყურესთან მდებარე სერგის წმიდა სამების სავანეში მოსაგრეობდა; დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ კი, განმარტოებისა და მდუმარების მაძიებელმა, ვალაამს მიაშურა: ლადოგის ტბის სანაპიროზე გაშენებული ეს მონასტერი წელიწადში თითქმის რვა თვის მანძილზე მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს.

სხვადასხვა მორჩილების საქმეებით საგულდაგულო გამოცდის შემდეგ იღუმენმა ნაზარმა ჭაბუკ მოსაგრეს ტყეში, განკრძალულ ადგილას დაყუდების კურთხევა მისცა.

ფიქრობენ, რომ ღირსი გერმანე 1778 წელს დამკვიდრდა ვალაამზე. იმავე წელს მივიდა საროვის უდაბნოში ნეტარი სერაფიმეც. წმიდა გერმანეს ცხოვრება ვალაამის კუნძულზე ზედმიწევნით ჩამოჰგავს დიდი საროველი საკვირველთმოქმედის ღვაწლს. ღირსი სერაფიმეს მსგავსად, ვალაამელი მოსაგრეც საღვთო წერილისა და მსოფლიო ეკლესიის წმიდა მამების ნაწერების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნით გამოირჩეოდა.

ვალაამზე თხუთმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ უფალმა წმიდა გერმანეს მოციქულებრივი ღვაწლისკენ მოუწოდა და ჩრდილოეთ ამერიკაში გაგზავნა ალასკის ნაკლებდასახლებული, მკაცრი მხარისა და მისი მიმდებარე კუნძულების წარმართი მოსახლეობის გასანათლებლად. ამ მიზნით 1793 წელს შეიქმნა სასულიერო მისია. მის ხელმძღვანელად დაინიშნა არქიმანდრიტი იოასაფი (ბოლოტოვი), ვალაამის მონასტრის ბერი. მისიის თანამშრომლებს შორის კიდევ ხუთი ვალაამელი მამა იყო და მათ შორის - ღირსი გერმანეც.

კუნძულ ვადიაკზე ჩასული მისიონერები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ტაძრის მშენებლობას და ქადაგებას. ახალ სამოღვაწეო ადგილას მამა გერმანე თავდაპირველად საცხობში აღასრულებდა მორჩილებას და მისიის სამეურნეო ნაწილს განაგებდა.

1799 წელს, ქარიშხლის დროს არქიმანდრიტი იოასაფი თანამგზავრებთან ერთად ოკეანეში დაიღუპა. ცოცხლად გადარჩენილ მისიონერთა დასახმარებლად 1804 წელს მხოლოდ ერთი ბერი - მღვდელ-მონაზონი გედეონი გაგზავნეს ალექსანდრე ნეველის ლავრიდან. 1807 წელს მამა გედეონმა საბოლოოდ დატოვა მისიონერთა ბანაკი და მთელი პასუხისმგებლობა დააკისრა ღირს გერმანეს, რომელიც აღსასრულამდე მინდობილი მისიის სულიერი მამა და მოძღვარი იყო და ერთგულ დარაჯად ედგა პირმეტყველ ცხოვართა სულებს. ნეტარ მამას ჯერ მღვდელ-მონაზვნად, შემდეგ კი არქიმანდრიტად უპირებდნენ კურთხევას, მაგრამ მან თავმდაბლობის გამო უარი განაცხადა და უბრალო ბერად დარჩა.

ღირსი გერმანე ჭეშმარიტად კეთილ მწყემსად მოევლინა ადგილობრივ მოსახლეობას. ღირს მამას წინასწარ განეცხადა თავისი აღსასრულის დრო და დაიბარა, როგორ დაეკრძალათ. 1837 წლის 13 დეკემბერს მან მოწაფეებს სთხოვა, ხატების წინ სანთლები დაენთოთ, „საქმე მოციქულთას“ კითხვა დააწყებინა და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ამ დროს წმინდანი ოთხმოცდაერთი წლისა იყო.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

orthodoxy.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий