пятница, 20 октября 2017 г.

აპოლოგეტური მოღვაწეობის დაფუძნება ქრისტიანულ ეკლესიაში.

აპოლოგეტური მოღვაწეობა გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრების დაცვისათვის ღვაწლს და ეს ღვაწლი, რა თქმა უნდა, პრაქტიკულ ქმედებასთან ერთად პირველ რიგში ქრისტიანული მოძღვრების დასაბუთებას, დამტკიცებას, არგუმენტირებას წარმართთა და იუდეველთა წინაშე, მათ მოძღვრებათა წინაშე, გულისხმობს. თავისთავად ყოველი მოძღვრების ანდა ზოგადად რომ ვთქვათ ყოველი მოვლენის დასაბუთებული დაცვა ეს არის სწორედ აპოლოგია. ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში ჟანრი, ლიტერატურული აპოლოგეტიკისა, რა თქმა უნდა შესამჩნევია და გამოკვეთილია. ცნობილია მაგალითად ყველასთვის კარგად ცნობილი პიროვნების - სოკრატეს, შესახებ დაწერილი რამდენიმე აპოლოგია, რაც ნიშნავდა ამ პიროვნების სიტყვიერ დაცვას, და აპოლოგეტიკა სამწერლობო თვალსაზრისით სწორედ ამას გულისხმობს, ე.ი. სიტყვიერ დაცვას რაიმე მოვლენისას, რომელიმე პიროვნებისას ანდა რომელიმე მოძღვრებისას. ამ შემთხვევაში ქრისტიანობასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, მოძღვრების დაცვასთან გვაქვს საქმე და დაცვა მოძღვრებისა, ვფიქრობთ გასაგებია, გულისხმობს არა თვით ამ მოძღვრებაში რაიმეს ძიებას ისეთს, რაც თითქოს ნაკლებ დამაჯერებელია და ჩვენ მას დამაჯერებლობა უნდა შევძინოთ, არამედ ეს მოძღვრება, რომელიც მოწოდებულია როგორც გამოცხადებითი სწავლება, ყოვლითურთ რწმუნებადი, ყოვლითურთ დამტკიცებული და სრულყოფილი თავის თავში, ურწმუნოთა წინაშე უნდა წარმოვაჩინოთ, ანდა სხვა სარწმუნოების მიმდევართათვის უნდა გავხადოთ საწვდომი, დამაჯერებელი და არგუმენტირებული.

როდესაც ქრისტიანული მოძღვრება რომის იმპერიაში შესამჩნევი გახდა და ამ იმპერიაში აურაცხელი სარწმუნოება თანაარსებობდა, ყველაზე უფრო მკვეთრი შეჯახება ქრისტიანულ მოძღვრებასთან, ამ მრავალი სარწმუნოების მიმდევართაგან, ერთი მხრივ ტრადიციულ და ძირითად სარწმუნოებას ქონდა რომის იმპერიისას - იმავე წარმართობას, კერპთაყვანისმცემლობას, ანუ ელინიზმს და მეორე მხრივ იუდაიზმს. იუდაიზმი და კერპთაყვანისმცემლობა, იგივე წარმართობა, გახლდათ ის ორი ფსევდო სარწმუნოებრივი მახვილი, რომლებიც ქრისტიანობის გასაგმირად იყვნენ გამიზნულნი და მზადყოფნაში. თავისთავად ცხადია, როგორც ეს ჯერ კიდევ მაცხოვარმა აღუთქვა თავის მოციქულებს, ბჭენი ჯოჯოხეთისანი კლდეზე დაფუძნებულ ქრისტიანულ მოძღვრებას ოდნავადაც ვერ შეარყევენ, მაგრამ რამდენადაც ქრისტიანული მოძღვრების მიზანდასახულობა და ამქვეყნიური მოღვაწეობითი დანიშნულება იმაში მდგოამრეობს, რომ მთელი კაცობრიობა მოიზიდოს თავის წიაღში, ახალნი და ახალნი შვილნი ეკლესიისა ცხონებისათვის დაჰბადოს ნათლისღების მადლით, ამ მიზანდასახულობის შესაბამისად ქრისტიანული მოძღვრება განვრცობადია, განფენადია კაცობრიობის წიაღში და შესაბამისად თუ მას არ ახლავს არგუმენტირება, თუ მას არ ახლავს რწმენითი და გონებითი დამტკიცებულობა, რა თქმა უნდა, ახალ- ახალი ნაკადი კაცობრიობისა დაუმტკიცებლად და დაურწმუნებლად, რომლებსაც უკვე აქვთ სხვა სარწმუნოებანი და ფანატიკურად სწამთ მათი მოძღვრებისა, რა თქმა უნდა, არ მიატოვებენ მას და ეკლესიის წიაღს არ შეუერთდებიან. ამიტომ ქრისტიანული მოძღვრების არგუმენტირებული დასაბუთება, რაც თავისთავად გულისხმობს უკვე მის დაცვას, ეს სამოღვაწეო გეზი გამოკვეთილი გახლავთ ყველაზე უფრო მეტად სწორედ II საუკუნის 20-30-იანი წლებიდან და აქედანვე აითვლება ე.წ. აპოლოგეტიკის ეპოქაც ეკლესიის ისტორიაში.
საზოგადოდ, ჩვენ ადრეც ავღნიშნეთ და კვლავაც გავიმეორებთ, მთელი საეკლესიო მოღვაწეობა, წერილობითი იქნება ეს, პრაქტიკული, ანტიერეტიკული, სულიერი ბრძოლების მხრივ თუ სხვა, ყოველი გამოვლინება ქრისტიანული მოღვაწეობისა, რა თქმა უნდა, აპოლოგეტური გახლავთ, მიზანდასახულობა არის ჭეშმარიტების დაცვა, იმ სულიერ მარგალიტთა შეურყვნელად შენარჩუნება საკუთარ წიაღშიც და მომავალი თაობებისთვისაც, რაც გამოცხადებით სწავლებას გულისხმობს. ამიტომ ზოგადი აზრით ქრისტიანული მოღვაწეობა თავისთავად აპოლოგეტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძოობითად, კონკრეტულად ჩვენ ვგულისხმობთ ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში იმ მონაკვეთს, იმ ეპოქას, სადაც აპოლოგეტური ღვაწლი პირველხარისხოვანი დანიშნულებისა გახდა, იმიტომ, რომ შემოტევები უმკვეთრესად გამძლავრდა ქრისტიანობის წინააღმდეგ. ამ შემოტევებს ქონდათ სხვადასხვა სახე, ერთი მხრივ შემოტევანი სწარმოებდა თითქოს არგუმენტაციის დონეზე, რომ ფილოსოფიურ-ცოდნისმიერი განსწავლულობით გაამპარტავნებულნი პირნი, რომლებსაც ქრისტიანობა ლიტონ რწმენად წარმოუჩნდებოდათ, ესწრაფვოდნენ გამოეაშკარავებინათ თითქოსდა მათი ჭკუით ქრისტიანული მოძღვრების პრივიტიმიზმი, გულუბრყვილობა, თითქოსდა მხოლოდ და მხოლოდ გონებაჩლუნგთათვის მისაღებლობა თავისი რწმენითი სიმარტივის გამო. ანუ ერთი შემოტევა ამგვარი გახლდათ, რომ თითქოს ცოდნისმიერი, ფილოსოფიური სიმაღლის და მწვერვალის დამპყრობი პირები ქედმაღლურად, ამპარტავნულად დასცქეროდნენ ზემოდან ქრისტიანობას და მხოლოდ უბირთათვის თვლიდნენ მას მისაღებლად, როგორც თითქოსდა ამ გონება მდარე პირთა ადვილ მოსატყუებლობის მიზეზით, რომ ისინი ადვილად მოექცეოდნენ მარტვივი რწმენის ბადეში, ხოლო ისეთი ღრმად განბრძნობილები, როგორიც თავიანთი თავი მათ ეჩვენებოდათ, თავისთავად ცხადია, ამგვარ რამეს არ ირწმუნებდნენ. აი ასეთი ქედმაღლური დაპირისპირება ანტიკური ფილოსოფიისა ქრისტიანობისადმი, რა თქმა უნდა, მრავალ პიროვნებას უშლიდა ხელს ჭეშმარიტების ნათელი მიეღო. ამგვარი ამპარტავნებითი დამოკიდებულების კონკრეტული გამოვლინებანი გახლდათ, მაგალითად ერთ-ერთი ანტიკური ფილოსოფოსის კელსუსის დაპირისპირება ქრისტიანული მოძღვრებისადმი სწორედ ამ კუთხით, რომ ამ პიროვნებამ (კელსუსმა) თავისი მიზანდასახულობის განსახორციელებლად შეარჩია ვითომცდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრიმიტიული ძეგლი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიაში (რომელსაც ჩვენ შევეხებით. მართალია იქ ბევრი არაფერია განსახილველი, რადგან მასალა ძალიან მცირეა), II საუკუნის აპოლოგეტის არისტონ პელაიელის თხზულება “დიალოგი (ანდა სიტყვისგება) პაპისკონისა და იასონისა”. ეს ძეგლი ნიმუშად მოაქვს ანტიკურ მოაზროვნეს იმის წარმოსაჩენად თითქოს რა უბრალოა, რა მდარეა, რა კნინობითია ქრისტიანული მოძღვრება აზრისმიერი სიღრმის პოზიციიდან.
ამრიგად ეს შემოტევა სრულიად თვალსაინოა, რომ ანტიკური ფილოსოფია კიცხავდა ქრისტიანობას რწმენითი უბრალოების გამო, რომ მას არანაირი სიღრმისეული, აზრისმიერი გაშინაარსება თითქოსდა თან არ ახლდა. რაც შეეხება მეროე მხარეს, მეორე მხარე გახლდათ ისეთი შემოტევა, რომელსაც ერთსახოვანი კლასიფიკაცია ალბათ არ მოეძებნება, ვგულისხმობთ ერთ-ერთ ყველაზე უფრო შთამბეჭდავ ერეტიკულ მიმდინარეობას, რაც ეკლესიის წინაშე წარმოჩნდა, გნოსტიციზმს, რომელიც ერთი მხრივ თითქოს ცოდნასაც ეტანებოდა და ცოდნისმიერ სიმაღლესაც თითქოსდა იჩემებდა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ანტიკური ფილოსოფოსებისგან განსხვავებით გნოსტიკოსები კიდევ უფრო გაამპარტავნებულნი იყვნენ, რამდენადაც მათ გარკვეული ფანატიზებული რწმენითი დამოკიდებულებაც ჰქონდათ საკუთარი გამორჩეულობისადმი და მიიჩნევდნენ, რომ სწორედ და მხოლოდ ისინი იყვნენ დაბადებითვე ღვთიურნი ამ ქვეყნად, რომ დაბადებიდანვე მათში არსებობს ზეციური ნაპერწკალი, რაც მემკვიდრეობით აქვთ მიღებული და შესაბამისად ბუნებითად გამოირჩევიან დანარჩენი კაცობრიობისგან. სხვაგვარად რომ ვთქვათ ამ პირთა რწმენით მთელ დანარჩენ კაცობრიობას რაც არ უნდა ეღვაწა, რაც არ უნდა ეწვრთნა საკუთარი თავი, ის ჭეშმარიტებას ვერ მიწვდებოდა, ცხონებას, ზეციურ სინათლეს ვერ ეღირსებოდა, იმიტომ რომ ბუნებითად მოკლებული იყო ამ მადლს და ამ ნაწილს ზეციური სამყაროსას, საკუთარ თავს კი ზეციური არსების ნაწილს განუკუთვნებდნენ დაბადებითვე და აი ამგვარ ბუნებით გამორჩეულობას საკუთარი თავისას, ქრისტიან მორწმუნეთა წინაშე, ამპარტავნულად წარმოაჩენდნენ. ამიტომ იყო, რომ გნოსტიციზმის დაპირისპირება ქრისტიანობისადმი არა ნაკლებ მძაფრი იყო, ვიდრე ანტიკურ ფილოსოფოსთა ამგვარივე წინააღმდეგობრივი მიმართება ქრისტიან მორწმუნეთადმი. განსხვავება, კვლავ გავიმეორებთ, იმაში მდგომარეობდა, რომ ანტიკური ფილოსოფოსები მაინც უფრო არგუმენტაციაზე, კატეგორიებზე, ტერმინოლოგიაზე იყვნენ აქცენტირებულნი და ყოველივე ამის უქონლობას უსაყვედურებდნენ ქრისტიანობას, ხოლო გნოსტიკოსები ქრისტიანებს ეცილებოდნენ ყველაზე მთავარში, რომ თითქოსდა მაცხოვნებლობა მხოლოდ მათ ჰქონდათ და მხოლოდ მათთვის იყო, რომ ბუნებითად მაცხოვარი მხოლოდ მათთვის მოვიდა, იმ ხუთი-ექვსი გნოსტიკოსისთვის, რომლებსაც ბუნებითვე ჰქონდათ ზეციური ნაპერწკალი, ზეციური ნაწილი, ზეციური არსების რაღაც მარცვალი და აი მათ გამოსახსნელად მოვიდა თითქოს იესო ქრისტე, რომ იესო ქრისტე არის იგივე გნოსტიკოსი მათი აზრით, გნოსტიკოსთა ბუნებითად, მაგრამ დაფარულად გნოსტიკური ნაწილის მქონეთა გამოსახსნელად ამქვეყნად თითქოსდა მოვლინებული. ანუ ამ შემთხვევაში თუ ელინები ქრისტიანებს მაცხოვარში არ ეცილებოდნენ, ისინი მაცხოვარს არ სტაცებდნენ მორწმუნეებს, გნოსტიკოსები სწორედ ამაში ეცილებოდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ეკლესიას, რომ თითქოს ეკლესია და მორწმუნეთა კრებული ეს მხოლოდ და მხოლოდ ეგზოტერიზმია, გარეგანი რამ აჩრდილისებრი და შორეული წვდომა და შეგრძნებაა იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინების მიზანდასახულობისა და საღვთო ვალდებულებისა და თითქოს ნამდვილი, შინაარსობრივი და სიღრმისეული გააზრება ამ მოვლენებისა და დანიშნულებაც მაცხოვრის მისიისა მხოლოდ ამ გნოსტიკოსებით იყო შემოფარგლული, რომ ე.წ. ეზოტერული ხაზი, ეზოტერული ცოდნა, სიღრმისეული რამ წვდომა ჭეშმარიტებისა და ბუნებითად ზეციური სამყაროს ნაწილის, ღვთის ნაწილის თავის თავში ქონა, აი ეს იყო მთელი ის პრეტენზიები, რაც უკიდურესად აამპარტავნებდა გნოსტიკური სექტების მიმდევრებს და ადვილი წარმოსადგენია თუ როგორი თავმოყვარეობითი და თავმოთნეობითი მზერით იქნებოდნენ ისინი ეკლესიის წინაშე გამზერილნი, როგორ შეაცქრდებოდნენ ისინი მარტივ მორწმუნეებს, რაგვარად სიამაყით და ამპარტავნული უმეცრებით დაგმობდნენ იმ მარტივ რწმენას, რითაც ეკლესია საზრდოობდა პირველ დაფუძნებიდან და საზრდოობს დღესაც.

ამგვარად ეს იყო მეორე საფრთხე გნოსტიკური ანუ ე.წ. ეზოტერული ამპარტავნება და მესამე საფრთხე, უკვე საკუთრივ იუდაიზმისგან მომდინარეობდა. იუდეველები საკუთრივ მაცხოვარში, რა თქმა უნდა, ქრისტიანებს არ ეცილებოდნენ, მაგრამ ეცილებოდნენ ასევე უაღრესად ძვირფასში ანუ ძველ აღთქმაში. ისინი, რა თქმა უნდა, ძველ აღთქმას საკუთარ თავს განუკუთვნებდნენ, საკუთარ თავს ძველი აღთქმის ჭეშმარიტ აღმსარებლებად წარმოაჩენდნენ, ძველი აღთქმის სარწმუნოების მქონეებად საკუთარ თავს დაგვისახავდნენ, ვერ აცნობიერებდნენ რა იმას, რომ ძველი აღთქმა მხოლოდ ახალი აღთქმისთვის არის დაწინდული, რომ ძველი აღთქმა ახალი აღთქმის გარეშე ანუ თავისთავად, თვითმიზნურად, ყოველგვარი ღირსების მიღმაა, რომ არანაირი ღირსება ძველ აღთქმას თავისთავად არა აქვს თუ ყოველივე მისი ღირსება ახალი აღთქმისკენ არ განიმზირება, თუ ახალ აღთქმაში არ სრულდება და იძენს სრულყოფილებას, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ ძველი აღთქმა არის იგივე ახალი აღთქმა, მაგრამ წინასწარმეტყველურ ენაზე გამოთქმული, ხოლო ახალი აღთქმა არის იგივე ძველი აღთქმის საქმედ ქცეული, გაცხადებული წინასწარმეტყველებანი და ყველა მორწმუნისათვის ხილვადად, გრძნობადად მოსახელთებელი და საპოვნელი, რამაც ეკლესიის და მორწმუნეთა კრებულის ამქვეყნად დაფუძნება განაპირობა. ძველი და ახალი აღთქმის განუყოფლობა და ერთმთლიანობა მხოლოდ მისთვისაა საწვდომი, ვინც ახალი აღთქმის ჭეშმარიტებას წვდება, თორემ ვინც ახალი აღთქმის ჭეშმარიტებას არ წვდება, მისთვის ძველი აღთქმა თავისთავადი ღირებულებისაა, რა თქმა უნდა, რომ ის (ძველი აღთქმა) ახალ აღთქმაზე კი არ წინასწარმეტყველებს მათთვის, არამედ ძველ აღთქმაში რაცაა ეს ყოველივე ამავე ძველი აღთქმითვე იფარგლება, მაგრამ ეკლესიური სარწმუნოება ძველი აღთქმის უზენაეს ღირსებას, ღვთიურობას და საღვთო მადლმოსილებას, როგორც ღვთის სიტყვას, ჭვრეტს მხოლოდ და მხოლოდ ახალი აღთქმის პერსპექტივაში, ახალი აღთქმის, როგორც ძველი აღთქმის გვირგვინის და მასთან განუყოფელი მთლიანობის განმახორციელებელში და საღვთო წერილს, როგორც ერთ მთლიანობას, ისევე როგორც ერთია სიტყვა ღვთისა. სწორედ ამ ნაწილს ჭეშმარიტებისას, ანუ ძველ აღთქმას, ეცილებოდნენ იუდეველნი ქრისტიანებს და შესაბამისად ისინი, რა თქმა უნდა, მრავალგვარ ცილისწამებას ავრცელებდნენ ქრისტიანებზე, ქრისტიანობის დამფუძნებელზე თავად მაცხოვარზე. მათთვის იესო ქრისტე იყო, რამდენადაც ისინი იუდეველური თვალისთ ჭვრეტდნენ, იუდაიზმში აღმოცენებული ერთ-ერთი ერესის წინამძღვარი, ერესიარქი, როგორც ამას ხშირად უსვამდნენ ხაზს, რომ მათი სიტყვით (თვით ეკლესიის მამათაგან გვაქვს ჩვენ შემონახული იუდეველთა ეს ბრალდება) თითქოსდა გამოჩნდა პალესტინაში ვიღაც გრძნეულებითა და ყოველგვარი უკეთურებით აღსავსე პიროვნება იესო, რომელმაც ძველი აღთქმის (ძველ აღთქმას ჩვენ ახალი აღთქმის ფონზე ვამბობთ), მათი გაგებით ჭეშმარიტი აღთქმის და ჭეშმარიტი სარწმუნოების დარღვევა მოინდომა, შეეცეადა ამას და მიმდევარნიც გაიჩინა, “რომელსაც ჩვენ (იუდეველებმა), ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევრებმა, აუცილებლად, ყოველგვარი საშუელბით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა, რომ ეს საშინელი ერესი ჭეშმარიტი სარწმუნოების წინაშე ერთხელ და სამუდამოდ დამარცხდეს”. სწორედ ეს იყო იუდეველთა მიზანდასახულობა და ამგვარი მიზანდასახულობის მქონე პირები როგორი გააფთრებულნი შეეცდებოდნენ ქრისტიანული სარწმუნოების და ეკლესიის წინააღმდეგ ფართო მაშტაბიანი სულიერი და საქმითი ბრძოლის აღსრულებას, ვფიქრობთ ეს ადვილი წარმოსადგენი გახლავთ.
ჩვენ სხვა ასპექტებზე აღარ გავამახვილებთ ყურადღებას, აქ წარმოჩენილი ვითარებაც ვფიქრობთ ცხადყოფს თუ რაოდენი სირთულეები შეექმნა (ყოფითი აზრით) სოციალურად ქრისტიანობას და ეს ყოველივე აისახა საიმპერიო კარზეც, იმპერატორის და იმპერატორს დაქვემდებარებულ ხელისუფალთა საქმიანობის მხრივაც, დევნულობის სახით, რაც ქრისტიანთა წინააღმდეგ ზედიზედ, მიწყებით მიმდინარეობდა და რაც აურაცხელ ქრისტიანს შეიწირავდა, რომლებიც მარტვილურ გვირგვინს იდგამდნენ თავზე. ეს ყოველივე აი ამ სარწმუნოებრივ დაპირისპირებათა გამოვლინება გახლდათ, ოღონდ უკვე პოლიტიკურ და საიმპერიო კარის სარბიელზე.

ჩვენ აქ ერთი რამ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ბრძოლა ქრისტიანთა წინააღმდეგ ზოგჯერ ისე წარმოჩნდება, რომ ეს თითქოს მხოლოდ ფიზიკურ დაპირისპირებაში გამოიხატებოდა ხელისუფალთა მხრიდან, სინამდვილეში გაცილებით უფრო მძლავრი გახლდათ ცილისწამებითი გზით ქრისტიანობის წინააღმდეგ ბრძოლა (ჩვენ ამაზე ნაწილობრივ ადრე ვისაუბრეთ და შემდეგაც, როდესაც გვიანდელ აპოლოგეტებს შევეხებით ამ საკითხზე კვლავ განვაგრძობთ საუბარს), რომ საშინელი ცილისწამებანი ქრისტიანთა წინააღმდეგ სარეველასავით ედებოდა მთელ რომის იმპერიას და მოსახლეობას უკიდურესად აგრესიულად განაწყობდა ქრისტიანებისადმი, როგორც მოგვიანებით ათენაგორა ამბობს: “ჩვენ ვიდევნებით და ვისჯებით სიკვდილით მხოლოდ იმის გამო, რომ ქრისტიანები გვქვია”, ანუ იმდენად უარყოფითად ჟღერდა ამ ცილისწამებათა შედეგად ქრისტიანის სახელი რომის იმპერიაში, რომ მარტო ეს სახელი კმაროდა მოსახლეობის აგრესიის გამოსავლენად. და ეს სამოღვაწეო მრავალ-მიმართულება ეკლესიისა ავალდებულებდა ეკლესიის ურჩეულეს შვილებს, რომ მთელი თავისი ღვაწლი ჭეშმარიტი სარწმუნოების დაცვისთვის მოეხმარათ, აქეთკენ მიემართათ მთელი თავიანთი ძალმოსილება და სწორედ ამგვარნი პირნი გახლდნენ აპოლოგეტები, უაღრესად განსწავლულნი გარეშე სიბრძნეში, ანტიკურ ფილოსოფიაში, საერთოდ ტერმინოლოგიურ ცნებით მეტყველებაში, აზროვნებით კულტურაში და ამავე დროს ღვთიური მადლით გამსჭვალულნი, ღვთიური ხედვით გასხივოსნებულნი. აი ეს ორი მომენტი იყო შერწყმული აპოლოგეტებში, საღვთო მადლმოსილება და გარეშე სიბრძნეში და კაცობრიული კულტურაში და ამ კულტურის შრეებში ზედმიწევნითი განსწავლულობა. ყველა აპოლოგეტი, რა თქმა უნდა, დაბადებითვე ქრისტიანი არ გახლდათ, მაშინ არც იყო ჯერ ასეთი ტრადიცია შექმნილი, რომ დაბადებითვე ქრისტიანები ყოფილიყვნენ პირნი, გვიან ქრისტიანდებოდნენ ისინიც და ყველა აპოლოგეტი ვინც ჩვენ ვიცით, გარკვეულ მომენტში გაქრისტიანდა, ხოლო გაქრისტიანებამდე ისინი ცნობილნი იყვნენ როგორც წარმართი ფილოსოფოსები, წარმართული ფილოსოფიის მწვერვალზე მყოფნი და გაქრისტიანდნენ რა, უაღრესად კეთილი ძღვენი მათ ეკლესიის წინაშე მოიტანეს. ეს გამონათქვამი გრიგოლ ღვთისმეტყველეს ეკუთვნის, რომელიც თავის თავსაც იმავე ღირსებას განუკუთვნებს, რომ მართალია ის ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა მაგრამ მთელი თავისი მოღვაწეობა როდესაც ეკლესიის წინაშე მიმართა, აი ამ მომენტამდე მან მიიღო განსწავლულობა კაცობრიული კულტურის ყოველგვარ გამოვლინებაში და როგორც თვითონ ლექსითი სახით გვეუბნება: “როდესაც ეკლესიის ღვთისმსახურებას შევუდექი, ყოველივე ეს დიდი ღმრთის ფერხთით ძღვენად წინადავაგე”. აი ეს ღვაწლი აღასრულეს თავის დროზე აპოლოგეტებმაც, რომლებმაც მთელი თავიანთი განსწავლულობა, მიღწევები წარმართულ კულტურაში, რაც კი შეიძლებოდა ეკლესიაში ჭეშმარიტების მსახურებისთვის სასარგებლოდ წარმოჩენილიყო, ყოველივე ეს გაქრისტიანების შემდეგ ეკლესიას ძღვნად შესწირეს და მთელ თავის მოღვაწეობაში პრაქტიკულად განახორციელეს.

ავტორი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ედიშერ ჭელიძე

library.church.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий