понедельник, 25 декабря 2017 г.

ქართული კალენდრის ისტორია

1.    ქორონიკონი
ძველ საქართველოში კალენდარს „ქორონიკონს“ ეძახდნენ, რაც ბერძნულად წელთაღრიცხვას ნიშნავს. იგი იყოფოდა 532 წლიან ციკლებად ანუ ინდიქტიონებად. ეს დაყოფა შემოიღო პირველად იტალიელმა ბერმა დიონისე მცირემ (მანვე შემოიღო მსოფლიო კალენდრის ქრისტეშობიდან დაწყება) ახ. წ. 516 წელს. 532 – ოცდარვა მზის მოქცევის (წლის) და ცხრამეტი მთვარის მოქცევის წლების ნამრავლითაა მიღებული. ყოველ 532-ე წელს ემთხვევა მზისა და მთვარის კალენდრებში თვისა და კვირის დღეები ერთმანეთს. წელთაღრიცხვის ქორონიკული სისტემით სარგებლობის მიზანი აღდგომის და სხვა მასთან დაკავშირებული მოძრავი დღესასწაულების წინასწარ გამოთვლაა.
ქორონიკონის გამოყენება საქართველოში ახ. წ. 780 წლიდან დაიწყეს. საერთოდ წელთაღრიცხვა კი ბოლო დრომდე საქართველოში „სამყაროს გაჩენის დღიდან“ ანუ 5604 წლიდან იწყებოდა, ხოლო იქედან მოყოლებული წლები 532 წლიან ინდიქტიონებად იყოფოდა:
ამდენად
I ინდიქტიონი      მოიცავს ძვ. წ.  5604 – 5072 წლებს
II ინდიქტიონი     მოიცავს  ძვ. წ. 5072 – 4540 წლებს
III ინდიქტიონი    მოიცავს ძვ. წ.  4540 – 4008 წლებს
IV ინდიქტიონი   მოიცავს  ძვ. წ. 4008 – 3476 წლებს
V ინდიქტიონი    მოიცავს  ძვ. წ. 3476 – 2944 წლებს
VI ინდიქტიონი   მოიცავს  ძვ. წ. 2944 – 2412 წლებს
VII ინდიქტიონი  მოიცავს  ძვ. წ. 2412 – 1880 წლებს
VIII ინდიქტიონი მოიცავს  ძვ. წ. 1880 – 1348 წლებს
IX ინდიქტიონი   მოიცავს  ძვ. წ. 1348 – 816 წლებს
X ინდიქტიონი    მოიცავს  ძვ. წ. 816 – 284 წლებს
XI ინდიქტიონი   მოიცავს  ძვ. წ. 284 – ახ. წ. 248 წლებს
XII ინდიქტიონი  მოიცავს  ახ. წ. 248 – 780 წლებს
XIII ინდიქტიონი მოიცავს  ახ. წ. 780 – 1312 წლებს
XIV ინდიქტიონი მოიცავს  ახ. წ. 1312 – 1844 წლებს
XV ინდიქტიონი  მოიცავს  ახ. წ. 1844 – 2376 წლებს

ამდენად ქორონიკონით ქრისტეშობიდან 2017 წელი იქნება XV ინდიქტიონის 173 წელი (2017-1844 =173) ანუ „სამყაროს გაჩენიდან“ 7621 წელი (5604+ 2017=7620).

2.    თვეების ძველ-ქართული სახელები
 რომაული სახელები       ძველ-ქართული სახ.                 ხალხური სახ.
1.  იანვარი                                   აპნისი                                    აპანი
2. თებერვალი                         სარწყუნისი                       განცხადებისთვე
3. მარტი                                     მირკანი
4. აპრილი                                   იგრიკა
5. მაისი                                    ვარდობისა                           ვარდობისთვე
6. ივნისი                                  მარიალისა                თიბათვე და ივანობისთვე
7. ივლისი                                  თიბისა                  კვირიკობისთვე და მკათათვე
8. აგვისტო                            ქველთობისა                          მარიამობისთვე
9. სექტემბერი                        ახალწლისა                              ენკენისთვე
10. ოქტომბერი                        სთვლისა                              ღვინობისთვე
11. ნოემბერი                          ტირისკონი                           გიორგობისთვე
12. დეკემბერი                       ტირისდენი                         ქრისტეშობისთვე

3.    კვირების ძველ-ქართული სახელები
ებრაული სახელები                      ძველ ქართული (ბერძნულის გავლენით)
1. ორშაბათი                                       მთვარისა 
2. სამშაბათი                                          არიასი
3. ოთხშაბათი                                        ერმისა
4. ხუთშაბათი                                   აფროდიტისა
5. პარასკევი                                         დიოსისა
6. შაბათი                                            კრონოსისა
7. კვირა                                                  მზისა


მეგრულად კვირის დღეებს ჰქვია ჟაშხა/ჟეშხა (მზის დღე – კვირა); თუთაშხა (მთვარის დღე) – ორშაბათი; თახაშხა (თარხონის, ანუ მარსის დღე) – სამშაბათი; ჯუმაშხა – ოთხშაბათი; ცაშხა/ჩაშხა – ხუთშაბათი; ობიშხა – პარასკევი; „შურიშხა“ (სულის დღე), მოგვიანებით შეცვალა ებრაულმა საბატონმა – შაბათი.
ჭანურ-ლაზურად კვირის დღეებს ჰქვიათ: ბჟაჩხა/ბჯაჩხა – მზის დღე – კვირა; თუთაჩხა – მთვარის დღე – ორშაბათი; ტიკინაჩხა/იკინაჩხა/ერკინაჩხა/ეკინაჩხა – სამშაბათი; ჯუმაჩხა – ოთხშაბათი; უმქისერთი/ჩაჩხა – ხუთშაბათი; პარასკე/პარასკედღა – პარასკევი; საბატონი – შაბათი.
სვანურად კვირის დღეებს ჰქვიათ: მიშლადეღ/მგჟელადეღ – (მზის დღე – კვირა); დეშდიშ/დოშდიშ – (დოშდოლი – მთვარის ღვთაება) ორშაბათი;  თახაშ – სამშაბათი (თახაშ შესაძლოა მოსავლის, ნაყოფიერების ღვთაება იყოს); ჯუმაშ/ჯგმაშ – ოთხშაბათი (შესაძლოა ოჯახის მფარველი ღვთაება იყოს); ცაშ – ხუთშაბათი; ვებიშ – პარასკევი (ობი, წყალი, ნესტი, ტაროსის ღვთაება); საფტინ/სამტინ – შაბათი.
4.    თანამედროვე თვეთა სახელების წარმოშობის ისტორია
იანვარი წარმოდგება რომაელთა ორსახოვანი ღმერთის იანუსისაგან, რომელიც ითვლებოდა დროისა და კარის მფარველ ღვთაებად.
იულიუს კეისარმა ძვ. წ. 46 წლის 1 იანვარი წლის დასაწყისად გამოაცხადა. საქართველოში 1 იანვრით წლის დაწყება X ს-დან შემოვიდა, მანამდე კი სექტემბრით იწყებოდა. რომის რესპუბლიკაში ახალი კონსულების არჩევა ხდებოდა 1 იანვარს. სწორედ ამიტომ გამოაცხადა კეისარმა იანვარი პირველ თვედ.
ძველი ქართულით ახალი წლის პირველ დღეს ეწოდებოდა დასაბამი. საქართელოში გრიგორიანული კალენდარი შემოღებული იქნა 1918 წელს და 1918 წლის 18 აპრილი გამოცხადდა 1 მაისად.
თებერვალი რომაულ მითოლოგიაში ტყეთა და მინდორთა, მწყემსთა და ფარათა მფარველი ღვთაება იყო ფავნუსი. ფავნუსს წარმოსახავდნენ, როგორც თხისფეხებიან ახალგაზრდა კაცს. იმ დღეს, როცა ფავნუსს მსხვერპლს სწირავდნენ, იმართებოდა განწმენდის რიტუალი. მსხვერპლად სწირავდნენ თხებსა და ვაცებს. შეწირულ ცხოველთა ტყავისაგან ქამრებს – ფებრუებს – და წინსაფრებს ამზადებდნენ, რომლებსაც ქურუმები რიტუალისათვის იყენებდნენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამისთვის დაერქვა ამ თვეს თებერვალი (ფებრუა, ფებრუარი).
მარტის სახელი წარმოსდგა ძველ რომაელთა ომის ღმერთის მარსის სახელისაგან.
აპრილის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „აპერირე“, რაც ქართულად გახსნას ნიშნავს. ამ თვიდან იწყებოდა რომში გაზაფხული.
მაისის სახელწოდება წარმოსდგება რომაელთ ქალღმერთ მაიადან, რომელიც იყო განახლებული ბუნების ღვთაება. მაისის პირველ დღეს რომაელები მსხვერპლს სწირავდნენ ქალღმერთ მაიას.
ივნისი წარმოსდგება ძველ რომაელთა მითოლოგიური ქალღმერთის იუნონას სახელისაგან. იუნონა ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა.
ივლისის სახელწოდება წარმოსდგება რომის იმპერატორ იულიუს კეისრის სახელისაგან.
აგვისტოს სახელწოდება წარმოსდგება რომის იმპერატორ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის სახელისაგან.
სექტემბრის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „სეპტემ“, რაც ქართულად ნიშნავს შვიდს. ეს თვე ძველ რომაულ კალენდარში რიგით მეშვიდე იყო, სანამ ი. კეისრის რეფორმა გატარდებოდა.
ოქტომბრის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „ოქტო“, რაც ქართულად რვას ნიშნავს. ძველ რომაულ კალენდარში ოქტომბერი მერვე თვე იყო.
ნოემბრის სახელწოდება წარმოსდგება ძველი რომაული კალენდრის მეცხრე თვის სახელისაგან, ნოვემ – ცხრა.
დეკემბრის სახელწოდება წარმოსდგება ლათინური სიტყვისაგან „დეცემ“, რაც ქართულად ათს ნიშნავს.
5.    ძველი და ახალი სტილის კალენდრის შესახებ
იულიუს კეისარმა მიიწვია რომში ალექსანდრიელი ასტრონომი და მათემატიკოსი სოზიგენე, რომლის რეკომენდაციითაც ქრისტეს შობამდე 45 წლის 1 იანვარს შემოიღო ე. წ. იულიუსის კალენდარი, რომლის წლიური ხანგრძლივობა 365 დღეს ითვლიდა. დარჩენილი 5 საათი, 48 წუთი და 47 წამი 730 წლის შემდეგ ზაფხულის თვეებს ზამთრისად აქცევდა, ხოლო 1460 წლის შემდეგ სრული ბრუნვა მოხდებოდა. ამიტომ ყოველი მესამე წლის შემდეგ ნაკიანი (366 დღიანი) წელიწადი შემოიღეს. ნაკიან წელიწადად ითვლებოდა ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი იყოფოდა 4-ზე უნაშთოდ. ამრიგად, იულიუსის კალენდარში წელიწადის საშუალო ხანგრძლივობაა 365,25 დღე-ღამე და იგი 11 წუთით მეტია ტროპიკულ წელიწადზე. შედეგად იულიუსის კალენდარი გრიგორიანულთან შედარებით 1 დღე-ღამის განსხვავებას იწვევს 128 წელიწადში.

325 წელს ნიკეის მსოფლიო კრებამ იულისის კალენდარი მოიყვანა შესაბამისობაში მზისა და მთვარის ბრუნვასთან, აგრეთვე ძველი აღთქმის პასქალიასთან და მის საფუძველზე დაადგინა ქრისტიანული პასქალია და დღესასწაულები. პასქალიას ეწოდა მშვიდობისმყოფელი წრე, საეკლესიო წრე, დიადი ინდიქტიონი და იგი იქცა მეცნიერებად საღვთისმეტყველო, ასტრონომიულ და მათემატიკურ მეცნიერებათა დარგში. მართლმადიდებლური კალენდარი დაფუძნებულია ბიბლიურ კალენდარზე და ეწოდება ინდიქტიონი. მისი რიტმის კრიტერიუმია დიადი პასქალური წრე – დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობა 532 წელია. ამ წლებს ვღებულობთ მზიური წლისა (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად: 28X19=532.
იმ კალენდრის მიღება, რომელსაც ჩვენ ახალ სტილს ვუწოდებთ, მოხდა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII მიერ, ე. წ. რენესანსის ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით. რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში. პირველად იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში. პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან – გერმანიაში (XVII–XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIX ს.). 1752 წლის 2 სექტემბერს დიდი ბრიტანეთი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა, თითქმის ორი საუკუნით გვიან ვიდრე დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი.


რევოლუციის წინადროინდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამე „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთი-მეორეს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.
გრიგორიანული კალენდარის მიხედვით, შეიცვალა ნაკიანი წლის განსაზღვრის სისტემა: ნაკიანად ითვლება ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი იყოფა 4-ზე და არ იყოფა 100-ზე. თუკი წლის რიგითი ნომერი იყოფა 100-ზე, ის ნაკიანი იქნება მხოლოდ მაშინ, თუკი ის ასევე იყოფა 400-ზე. ამრიგად, 2000 და 2004 წელი ნაკიანი იყო გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, 1900 წელი კი არა. შედარებისთვის, იულიუსის კალენდარის მიხედვით კი სამივე მათგანი იქნებოდა ნაკიანი.
გრიგორიანული კალენდრის შემოღება ასე დაიწყო: რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სპეციალური ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ 15 ოქტომბერი (პარასკევი) გამოცხადდა. დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს. რეფორმამ სულ შეცვალა ისტორიული ქრონოლოგია. ძალზედ ძნელია ახალი სტილით ისტორიული მოვლენების დათარიღება, ამიტომ მეცნიერები ამ გამოთვლებს ისევ იულიუსის კალენდრით აწარმოებენ. 1582 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტერი, იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი და სხვა მღვდელმთავრები. კრების განჩინება ანატჰემას უცხადებს უღვთო ასტრონომთა გრიგორიანული პასქალიის მიმდევრებს. ნიშადობლივია ისიც, რომ ახალი სტილი საქართველოში ცეცხლითა და მახვილით დაამყარა ბოლშევიკურმა რეჟიმმა, რათა კიდევ უფრო არეულიყო სიტუაცია მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში, თუმცა საქართველოს მოსახლეობა დღემდე არ შეეგუა ახალ სტილს და სოფლების უმრავლესობა შობა ახალ წელს კვლავ ძველი სტილით აღნიშნავს. 1900–2100 წლებში ძველსა და ახალ სტილს შორის სხვაობა 13 დღე შეადგენს. მართლმადიდებელ ქვეყნებში, გარდა რუსეთის ყოფილი იმპერიისა, ახალი კალენდარი შემოღებული იყო მხოლოდ სამოქალაქო ცხოვრებაში, რაც იწვევდა დიდ უხერხულობას: ორი კალენდრის სარგებლობის დროს ფრიად ძნელია დაიმახსოვრო, თუ რომელი რიცხვია დღეს ძველისა და ახალის კალენდრით. ამ გარემოებას ყურადღება მიაქცია კონსტანტინეპოლის ცნობილმა პატრიარქმა იოაკიმე III-მ. კათედრაზე ასვლის თანავე (1902 წელს), მან დაუგზავნა ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, სხვათა შორის რუსეთის უწმიდეს სინოდსაც, ეპისტოლე, რომელშიდაც ხაზგასმით აღნიშნავდა ახალი სტილის შემოღების აუცილებლობას. უწმიდესმა სინოდმა, რომელმაც კარგად იცოდა, რომ ახალ სტილზე ლაპარაკი უკვე 1830 წელში მოსპო ნიკოლზ I-მა, პრინციპიალურად მაინც გაიზიარა იოკაიმე პატრიარქის მოსაზრებანი, მაგრამ „მართლმადიდებელ ქრისტეანეთა საეკლესიო ცხოვრების შერყევის თავიდან ასაშორებლად“ შესაძლოდ სცნო მხოლოდ რიცხვთა სახელის გამოცვლა და ახალი სტილის წმ. მოწამის ბონიფანტეს დღიდან დაწყება (ძველი სტილით 19 დეკემბერი), და არა წმ. ბასილის დღიდან (1 იანვარი ძველი სტილით). სინამდვილეში კი უწმიდესი სინოდის ეს სურვილიც ვერ განხორციელდა: ხელი შეუშალეს იმათ, ვინც 1830 წ. მოსპეს ამ საკითხზე ლაპარაკი, ანუ ნიკოლოზ I-ის იდეოლოგიის მომხრეებმა. 1917 წ. მოხდა რევოლუცია. საკანონმდებლო ორგანოებში დაისვა კალენდრის საკითხიც. ყოველივე ეს გამოიწვევდა აურზაურს ეკლესიაში. 1918 წლის 14 აპრილს კათოლიკოს პატრიარქს კირიონს მოუვიდა ამიერ კავკასიის სეიმიდან ტელეფონოგრამა: „აპრილის 13 მიღებულ იქმნა კანონი ამიერკავკასიის რესპუბლიკებში ახალი დროთა აღრიცხვის შესახებ; აპრილის 18 უნდა ცნობილ იქმნას მაისის პირველად. აღდგომა იდღესასწაულება მაისის 5 (ძველი სტილით აპრილის 22). ამის მიხედვით მოძრავი დღესასწაულები წაიწევიან წინ 13 დღით. ინებეთ სათანადო განკარგულება“. ტელეფონოგრამა მოისმინა საკათალიკოსო საბჭომ, რომელმაც სეიმის კანონს დაურთო თავისი ლოცვა-კურთხევა და გადააგზავნა ეაპარქიებში სახელმძღვანელოდ. ამდენად საქართველოში გრიგორიანული კალენდარი შემოღებული იქნა 1918 წელს და 1918 წლის 18 აპრილი გამოცხადდა 1 მაისად.
1918 წლის 18 აპრილიდან ძველი სტილით, ანუ 1 მაისიდან ახალი სტილით, ჩვენ სამოქალაქო ცხოვრებაში შემოღებულ იქნა ახალი კალენდარი, ხოლო საეკლესიოში კი დარჩა ძველი: წლის უკანასკნელ თვეს ჩვენმა ხალხმა და ეკლესიამ უწოდა ქრისტეშობისთვე იმიტომ, რომ ამ თვის 25-ს ვდღესასწაულობთ ქრისტესშობას. ორმაგი კალენდრის ხმარების დროს კი ქრისტეს შობას ვდღესასწაულობდით 7 იანვარს, იმ თვეში, რომელსაც რომაელებმა უწოდეს ეს სახელი ფლიდობისა და ორპირობის კერპის იანუსის მოსაგონებლად. ახალი წელიწადი, ჩვენი ხალხის შეგნებაში დაკავშირებულია მაცხოვრის წინადაცვეთის დღესთან, ხალხში ფრიად ცნობილ წმ. ბასილი დიდის ხსენებასთან და შობის შემდეგ ხსნილ დღესთან; ორმაგი კალენდრის შემოღების შემდეგ კი შეუერთდა ხალხისათვის თითქმის უცნობ წმ. ბონიფანტეს სახელს და აღმოჩნდა შობის წინა მარხვაში. მარხვაში ახალწელიწადს და იანვარში შობას ხალხი ვერ ურიგდებოდა; ხალხის დიდი ნაწილი ახალწელიწადს ძველბერძნულად დღესასწაულობდა, შობის სწორზე. ძალიან დიდი გართულება იყო ხალხისათვის ეს გაურკვევლობა, რადგან ცოდვაში ჩავარდნა გარდაუვალი იყო. ამ არევ-დარევას ბოლო მოუღო განჩინებამ, რომელიც დაადგინეს სრულიად საქართველოს ეკლესიის IV კრებაზე, 1927 წლის 24 ივნისს. ეს იყო იძულებითი კომპრომისი ქართული ეკლესიის მხრიდან. კერძოდ, გამოიტანეს დადგენილება – საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ახალი სტილის კალენდრის შემოღების შესახებ. ამ დადგენილების თანახმად კალენდარი შემოღებულ იქნა 1927 წლის 27(14) ნოემბრიდან, ამ დროს ეკლესიის მოდერნიზაციაზეა საუბარი და ქართულ ეკლესიას აღარ უნდა ვითარების გართულება, რის შემდეგაც წმინდანები იხსენიებოდა ახალი სტილის კალენდრით, სწორედ იმ რიცხვებში, როგორც უჩვენებდნენ საეკლესიო წიგნები. რაც შეეხება პასექის (აღდგომის) დღესასწაულს, რომელიც თვის რიცხვს არ მისდევს, მოციქულთა VII და ანტიოქიის I კრების თანახმად, მისი და მასზე დამოკიდებულ მოძრავ უქმეთა და დიდმარხვის გადახდა დატოვებულ იქნა სრულიად საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ მთვარის მოქცევასთან შეფარდებით, სწორედ ისე, როგორც აქამდე დღესასწაულობდა მართლმადიდებელი ეკლესია. აღნიშნული დადგენილების მტკიცედ შესრულება დაევალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა სასულიერო პირს. ამასთან ისინი აღნიშნავდნენ, რომ მსოფლიო (კონსტანტინეპოლის) საპატრიარქო ეკლესია და მასთან ერთად საბერძნეთისა (ელადის) და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გადასულნი არიან ახალი სტილის კალენდარზე. მღვდელმთავრები მოუწოდებდნენ თავიანთ სულიერ შვილებს, რომ ამ ფაქტს მშვიდად შეხვედროდნენ, რადგან ახალი სტილის კალენდარი უფრო შეუცდომლად აღნიშნავს დღესასწაულებისადმი მიჩენილ დროს, ვიდრე ძველი კალენდარი, რომელიც მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად ჩამორჩენილია ნამდვილ წელიწადს 13 დღით. ახალი სტილის შემოღება ფრიად უდგება იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს. 377 წლამდე მართლმადიდებელი ეკლესია შობას დღესასწაულობდა 6 იანვარს, ნათლისღებასთან ერთად, სწორედ ისე, როგორც დარჩა ეს შეერთებული დღესასწაული სომეხგრიგორიანთა ეკლესიაში. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსის წმ. იოანე ოქროპირის ინიციატივით შობის დღესასწაული გამოეყო ნათლისღების დღესასწაულს და გადატანილ იქნა 25 დეკემბერს. იმდროინდელი სწავლულების გამოკვლევით, ქრისტეს შობა მოხდა ზამთრის მზის მოქცევის დღეს, 25 დეკემბერს, სწორედ იმ დღეს, როცა მზე და დედამიწა იწყებენ ერთმანეთთან დაახლოვებას, მზე მეტს სინათლესა სითბოს უგზავნის დედამიწას, დღის სიგრძე მატულობს, ღამისა კლებულობს და ქვეყანას ეფინება სიცოცხლე და სიხარული, ზუსტად ასე არის ნათქვამი შობის ტროპარში: „შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისაო“, ხოლო თვით მაცხოვარი წოდებულია „მზედ სინათლისად“. იესო ქრისტე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, იოანე ნათლისმცემელის, ამ სიმართლის მზის მთიების (ცისკრის ვარსკვალავის) დაბადების დღედ დანიშნული იყო ზაფხულის მზის მოქცევის (ანუ უკუქცევის) დღე – 24 ივნისი, რომელსაც, ზემოაღნიშნული მიზეზების გამო, ამჟამად ადგილი აქვს იულიუსის კალენდრით 9 ივნისს. მაშასადამე ამ დღესასწაულს ახალი სტილის კალენდრით უქმობა უფრო შეეფერება სინამდვილეს, ვიდრე ძველზე დატოვება. აღსანიშნავია, რომ თუ გრიგორიანული კალენდრით, შობა აღინიშნება 25 დეკემბერს, ამ დროს მართლამდიდებლური კალენდრით 12 დეკემბერია (წმ. მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენება), ხოლო რაც შეეხება აღდგომას (პასქალიის დღესასწაულს), მას აღნიშნავენ ერთსა და იმავე დღეს, როგორც გრიგორიანული კალენდრის მიმდევრები, ასევე – იულიუსის, რადგან 2000 წლის განმავლობაში იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე ძველი სტილით აღდგომის წინ, შაბათ დღეს ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის, კერძოდ კი იერუსალიმის ეკლესიის პირველიერარქის მიერ ეძლევათ, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიებს, ისე სხვა ქრისტიანული დენომინაციების წარმომადგენლებს. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, შობიდან (12/25 დეკემბერი) აღდგომამდე უფრო მეტი დროა, ვიდრე იულიუსის კალენდრის მიხედვით (25 დეკემბერი/7 იანვარი).
6. იულიუსის კალენდრის უპირატესობა გრიგორიანულთან
იულიუსის კალენდარი გამოირჩევა დროის ბიბლიური ორიენტირებით. ბიბლიამ დროის გაზომვის ერთდროულად სამი ორიენტირი მიგვითითა: მზე, მთვარე და ვარსკვლავები. იულიუსის კალენდარი ვარსკვლავურ-მზისიერი წლის კალენდარია. იგი შეთანხმებულია, აგრეთვე, მთვარის ფაზებთანაც. ამრიგად იულიუსის კალენდარი, რომელიც დროის ამ სამ ორიენტირს ეყრდნობა, მათი ჰარმონიზაციის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს და ამ მხრივ ბადალი არა ჰყავს არც წარსულში, არც აწმყოში. მართლმადიდებლური კალენდარი დაფუძნებულია ბიბლიურ კალენდარზე და ეწოდება ინდიქტიონი. მისი რიტმის კრიტერიუმია დიადი პასქალური წრე – დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობაა 532 წელი – წლების რაოდენობა, რომელსაც ვღებულობთ მზიური წლის (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად: 28×19=532. ინდიქტიონი იძლევა კოსმოსური, ისტორიული და ლიტურგიკული ქრონოლოგიის ერთობლიობას. ამ ჟამთა აღრიცხვით ადამიანის ცხოვრების რიტმი შეჯერებულია მზის, მთვარისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობის რიტმთან, რაც აძლევს მას საშულებას, მოაწესრიგოს ამქვეყნიური ცხოვრება და მისცეს მას მიმართულება მარადიული, ღვთიური განზომილებისაკენ. სწორედ ამიტომ არ უნდა დათმოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი საეკლესიო კალენდარი.
იმ კალენდრის მიღება, რომელსაც ჩვენ ახალ სტილს ვუწოდებთ, მოხდა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII მიერ, ე. წ. რენესანსის ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით. რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში. გრიგორიანული კალენდრის (ახალი სტილის) შემოღება ასე დაიწყო: რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სპეციალური ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ გამოცხადდა 15 ოქტომბერი (პარასკევი). დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს. პარასკევი უწევდა 5, 12 და 10 ოქტომბერს, პაპის ბრძანებით კი 15 ოქტომბერი გახდა. რეფორმამ სრულიად არია ისტორიული ქრონოლოგია. ძალზედ ძნელია ახალი სტილით ისტორიული მოვლენების დათარიღება, ამიტომ მეცნიერები საერთოდ ამ გამოთვლებს ისევ იულიუსის კალენდრით აწარმოებენ ხოლმე. საუბარი იმის შესახებ, თუ რომელი კალენდარია უფრო ზუსტი, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორივე კალენდარს ექნებოდა ერთი ორიენტირი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გრიგორიანულ კალენდარში მხოლოდ მზის ფაქტორია გათვალისწინებული. მთვარის ფაზებს არავითარი კავშირი მასთან არა აქვს. იგი გულისხმობს მხოლოდ მზის დამოკიდებულებას დედამიწასთან, რის გამოც მას შეიძლება ვუწოდოთ გეოცენტრული; იულიუსის კალენდარს კი – კოსმიური, რადგანაც იგი ითვალისწინებს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ფაქტორებს. შეხედულება, თითქოს იულიუსის კალენდარი ზუსტი არ არის და მასთან შედარებით უპირატესობა აქვს გრიგორიანულ კალენდარს, სიმართლეს მოკლებულია. უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად ზუსტი კალენდარი არ არსებობს და თუ შედარებით სიზუსტეზე გვაქვს საუბარი, ვარსკვლავური კალენდარი უფრო მდგრადია, ვიდრე მზისა. სხვაობა ამ ორ კალენდარს შორის, რომელიც შეადგენს XX საუკუნეში 13 დღეს, არის არა ვარსკვლავური კალენდრის ცდომილება, არამედ განსხვავება აღნიშნულ კალენდრებს შორის და იგი გაიზრდება მომდევნო საუკუნეში 14-მდე, შემდეგ 15-მდე და ა.შ., რადგან მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობდა თანდათანობით ნელდება. ჯერ კიდევ ძველი ბერძნები წერდნენ, რომ ერთადერთი ზუსტი კალენდარი არის ეგვიპტელთა კალენდარი. ასტრონომიული თვალსაზრისით, იულიუსის კალენდარს ახასიათებს საკმარისი სიზუსტე და ჰარმონიულობა დღე-ღამესა და წელიწადს შორის: ა) მკაცრი მონაცვლეობა ჩვეულებრივი და ნაკიანი წლებისა (რიტმში 3-1); ბ) თანაბარი რაოდენობა ნაკიანი წლებისა ყველა საუკუნეში; გ) კავშირი მთვარის კალენდართან – 28 წლიანი ციკლი, როცა კვირეულის დღეები თვის იგივე რიცხვებს ემთხვევა; დ) 19 წლიანი ციკლი, როცა მთვარის ფაზები მეორდება; ე) პასქალიის ციკლი, ანუ დიდი ინდიქტიონი 532 წელი, რომლის გავლის შემდგომ მეორდება განლაგება მთვარის ფაზებისა, დღეებისა, კვირეულებისა და თვის რიცხვებისა, ანუ პასექის დღესასწაული პერიოდულ სახეს ღებულობს. გრიგორიანული კალენდარი გაუბრალოების გზას დაადგა: კოსმიური ორიენტირებიდან მან მხოლოდ მზე დატოვა და სამყაროსთან მიმართებაში პრიმიტიულ გეოსეზონურ კალენდრად იქცა. ნიშანდობლივია, რომ კალენდარულ კომისიას იეზუიტი კირსტოფ კლავიუსი ხელმძღვანელობდა, მაგრამ რეფორმის ავტორად თვით „უცთომელი“ რომის პაპი ცხადდებოდა. დამზადდა სპეციალური მედალი გრიგოლ XIII-ის გამოსახულებით, რომლის წარწერაც ღაღადებდა: „საუკეთესო ქურუმთა შორის“. პაპის ბულა ეკლესიისგან განკვეთის მუქარით უბრძანებდა თავის ქვეშევრდომებს უსიტყვოდ მიეღოთ ახალი კალენდარი. ცნობილი ლათინი მეცნიერები, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს კალენდარული რეფორმის წინააღმდეგ, საშინელი სასჯელის მუქარით დაადუმეს. ახალი კალენდრის ყველაზე ენერგიული გამავრცელებლები იმ დროს მეცნიერები კი არ იყვნენ, არამედ იეზუიტები. 1582 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტერი, იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი და სხვა მღვდელთმთავრები. კრების განჩინება ანათემას უცხადებს უღვთო ასტრონომთა გრიგორიანული პასქალიის მიმდევრებს.
„და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად – დღე ერთი. … და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად – დღე მეორე. … და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად – დღე მესამე“… და ა. შ. სად გაქრა 13 მწუხრი და 13 განთიადი, ანუ 13 დღე? პასუხი სავალალოა – ეს დღეები რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ შესწირა რაციონალისტურ აზროვნებას. ჰქონდა თუ არა მას ასეთი მსხვერპლშეწირვის უფლება – ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ამ მსხვერპლს დიდი ზარზეიმითა და კარნავალებით სწირავს. გრიგორიანულ სტილს ვერ მიუსადაგებ ქრისტიანული პასქის დღესასწაულის აღნიშვნის წესს. კათოლიკებმა დაიწყეს საეკლესიო კრებათა მიერ დადგენილი წესების დარღვევა. რამდენჯერმე მათ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექამდე იდღესასწაულეს. ასე მოხდა 1864, 1872, 1883 წლებში. 1850 წლიდან 1950 წლამდე 15 ასეთი შემთხვევა მოხდა, ხოლო 1891 და 1894 წლებში მთელი ერთი თვით დაასწრეს პასექს. 1805, 1825, 1903, 1927, 1981 წლებში მათ აღნიშნეს აღდგომა ებრაელთა პასექის დღეს. არადა სახარებაში ნათლად ჩანს, რომ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექის შემდგომ მოხდა. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია გრიგორიანული კალენდრის, ანუ ახალი სტილის მიღება. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვითონ განკაცებული სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე იულიუსის კალენდრით ცხოვრობდა დედამიწაზე და არ ჩათვალა საჭიროდ მისი შეცვლა. მოდით ჩავუკვირდეთ, რა აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მართლმადიდებელთა საეკლესიო კალენდრის შეცვლას, რა ინტერესები ამოძრავებთ მათ? ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მათი სურვილია რომ დიადი საეკლესიო დღესასწაულები, როგორიცაა შობა და აღდგომა აღნიშნოს გრიგორიანული კალენდრით, ანუ ახალი სტილით. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს სრულიად პრაგმატული მოსაზრება, – როდესაც მთელი „ცივილიზებული“ სამყარო აღნიშნავს შობა-ახალწელს, ჩვენი ეკლესია მარხვას იცავს, რაც ხელს უშლის მათ ზეიმს.

http://umurgulia82.blogspot.com/2016/12/blog-post_7.html

Комментариев нет:

Отправить комментарий