ჩემი ცოდვა – არ არის ჩემი არსი
ბეკი. სულ რამოდენიმე თვეა, რაც ისევ მორწმუნე ქრისტიანი გახდა იმ ახალგაზრდული შეკრებების მერე, რომლებმაც ძლიერი ზეგავლენა მოახდინეს მასზე. იჯდა ჩემთან სამზარეულოში და გაჭირვებით იკავებდა ემოციებს საკუთარი წარსულის მოყოლისას. ბარები გეებისთვის, მეგობარი გოგონა, მასთან უკანასკნელი ურთიერთობები, რომლებიც შეწყვიტა. ახლა, უკვე როგორც ლოტის ცოლს, დიდი სურვილი აქვს, დაიბრუნოს წარსული, რადგან ვერც ემოციური კმაყოფილება და ვერც თანადგომა ეკლესიურ საზოგადოებაში ვერ ჰპოვა.
პოლი. მისით ყველა აღფრთოვანებული იყო, საძმოს ლიდერი, სემინარიელი. საერთო საცხოვრებლის ოთახში ნახეს სხვა ახალგაზრდასთან. ყველაფერს მოჰყვა მას შემდეგ, რაც სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციას შეხვდა იმისათვის, რომ მისი ბედი გადაეწყვიტათ. ჰქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი დამთავრდა და თვითმკვლელობით აპირებდა სიცოცხლის დამთავრებას.
უილიამი. ახალგაზრდული ჯგუფის ლიდერი იყო. საწოლში ნახეს სხვა ახალგაზრდასთან. როგორც ახალგაზრდული საქმეების პასტორის თანაშემწემ, მშობლებისა და მათი შვილების შეკრება ვითავე, რათა ამ მოვლენაზე გვემსჯელა.
ჯო. დამხმარედ ვიქირავე გიფსოკარდონით მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის და მალე ახლო მეგობრები გავხდით. როდესაც ჩემს მიმართ ნდობა აღეძრა, საშინელი წარსულის შესახებ მომიყვა: სექსუალური ძალადობა გაშვილებულ ოჯახში, ცხოვრება ჰოლივუდში და პროსტიტუცია ნარკოტიკების საშოვნელი ფულის გამო. ჩემს ყოფილ პროტესტანტულ ეკლესიაში მოვნათლე. სამი წლის შემდეგ ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა.
ეს გახლავთ რამდენიმე ისტორია იმ ჰომოსექსუალებისა, რომლებთანაც მისაუბრია ბოლო 35 წლის მანძილზე, ჯერ როგორც პროტესტანტს და ახლა უკვე, როგორც მართლმადიდებელ ქრისტიანს. მთელი ამ წლების განმავლობაში მართლმადიდებელი ეკლესიის არსი აღმიძრავდა სურვილს, მეფიქრა ჰომოსექსუალურობის რაობაზე. ამ სტატიას საფუძვლად ასეთი ადამიანების გამოცდილება უდევს. მართლმადიდებლობაზე ახლადმოქცეული რამდენიმე ადამიანი დამთანხმდა ანონიმურ ინტერვიუში მონაწილეობაზე მათი ბრძოლის შესახებ საკუთარი სქესის მიმართ ლტოლვაზე (SSA, same-sex attraction; შემდგომში-სსლ, საკუთარი სქესისადმი ლტოლვა), რაც გახდა ნაწილი ჩემი კვლევისა იმის შესახებ, თუ რეალურად რა გავლენას ახდენს მართლმადიდებლობა სსლ ადამიანების ცხოვრებაზე.
ჯო რომ გავიცანი, პირველი, რაც მისგან მოვისმინე, იყო: „მძულს იესო ქრისტე და ქრისტიანებიც მძულს“. როდესაც შევიტყვე, თუ რისი გადატანა მოუხდა იმ მღვდლის ოჯახში, რომელმაც ჯო იშვილა, ამ ადამიანის განსჯა ვეღარ შევძელი.
მას შემდეგ, რაც ქრისტიანი გახდა, ის ქრისტეში საკუთარ პიროვნებას ებრძოდა. მან მითხრა, რომ ემძიმებოდა ქრისტიანული დამოკიდებულება, რადგან თუ საპირისპირო სქესის განსხვავებულ ადამიანებთან გძინავს – უბრალოდ ცოდვილი ხარ, მაგრამ თუ ერთ მამაკაცთან გაქვს ორალური სექსი – სამუდამოდ „გომიკ“-ად დარჩები. მან ბოლოდე ვერ შეძლო ამ დამღის მოშორება ქრისტეშიც კი, და ვფიქრობ, იმის შეგნებით მოკვდა, რომ გომიკია. რას ვუწოდებთ იმ ადამიანებს, რომელნიც საკუთარ სქესისადმი ლტოლვას განიცდიან? ის, რასაც ვუწოდებთ საკუთარ თავს, ან – ვინმე სხვას, შესაძლოა, იმგვარად მეტყველებდეს ადამიანურ არსებაზე, რომ გამორიცხავდეს ძირითად ქრისტიანულ დოგმებს ჩვენი ინდივიდუალურობის შესახებ. კეროლმა ჩვენს ინტერვიუში მართლმადიდებლური პოზიციის ლაკონური ფორმულირება ჩამოაყალიბა: „ჩემი ცოდვა – არ არის ჩემი არსი“.
ქრისტიანული რწმენა გვასწავლის, რომ ყველანი ღმერთის მსგავსად, მის ხატებად ვართ შექმნილნი. ეკლესიის მამები გვასწავლიან, რომ ხატება შესაძლოა, იყოს დაზიანებული, დამახინჯებული, დამალული, მაგრამ დაკარგული ვერასოდეს იქნება. ამქვეყნად ყველას შეუძლია, მოითხოვოს, რომ ადამიანს იარლიყივით ჰქონდეს მიკრული საკუთარი ცოდვა, მაგრამ ქრისტიანები საკუთარ თავს საკუთარ ცოდვებთან არ აიგივებენ, ისინი სწორედაც, ქრისტ -იანები არიან ქრისტეს ხატებით, ჩვენ ან ქრისტეს სახელს ვატარებთ, ან – საკუთარი ცოდვების სახელს.
პავლე მოციქული ამბობს: „ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მრუშნი, ვერც მხდალნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ოდესღაც ზოგიერთი თქვენგანი ასეთი იყო, მაგრამ განიბანეთ, მაგრამ განიწმიდეთ, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით“ ( 1 კორ. 6, 9-11).
ეკლესიის წიაღში შესვლით ვიწყებთ რა ცოდვასთან ბრძოლას, უკვე აღარ ვართ გაიგივებულნი საკუთარ ცოდვებთან. ეს ეხება, როგორც ჰეტეროსექსუალების, ასევე ჰომოსექსუალების ცოდვებს, ნებისმიერ ცოდვას. თუ ვინ ვართ ჩვენ, განისაზღვრება ქრისტეს მიმართ ჩვენი დამოკიდებულებით და არა იმით, თუ რომელი სქესის ადამიანის მიმართ განვიცდით ლტოლვას. ეკლესიის საზრუნავი ის არის, თუ ვინ და რანი გავხდებით ქრისტეში უფლისმიერ სათნოებათა მეშვეობით, დამოუკიდებლად ჩვენივე ცოდვილობისა. თითქმის ყველამ, ვინც ინტერვიუში მონაწილეობდა, განაცხადა, რომ ასეთი დამოკიდებულება მართლმადიდებლური რწმენის ერთ-ერთი ყველაზე მანუგეშებელი ასპექტი იყო. მათი ბრძოლა – ეს არის ბრძოლა ცოდვის, და არა ადამიანური ბუნების წინააღმდეგ. ენდრიუს სიტყვებით: „ იყო გეი – ეს „ბრძოლა“ არ არის. ბრძოლა – ის არის, რომ საკუთარი თავი სიყვარულისა და პატივისცემის ღირსად დაინახო, როგორც საკუთრივ შენის მხრივ, ასევე სხვა ადამიანების და განსაკუთრებით, ეკლესიის მხრიდან. ეს არის ბრძოლა იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ იცხოვრო. ჩემი ბრძოლა იმისათვისაა, რომ რაც შეიძლება, სწორად გამოვხატო, ან არ გამოვხატო საკუთარი სექსუალობა“. მან თქვა, რომ ასეთი „ბრძოლა“ აქვს ყველას, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და რომ ამ თვალსაზრისით, „გეი“ იქნები, თუ – „ნატურალი“, არანაირი განსხვავება არ არსებობს.
ამერიკაში ბევრი მართლმადიდებელი ქრისტიანი ამჯობინებს, ამ პრობლემას „საკუთარი სქესისადმი ლტოლვა“ (სსლ) უწოდოს, რაც თავის მხრივ განსაზღვრავს, რომ პრობლემა ცთუნებაშია, და არა – ადამიანში.
სსლ-ის წარმოშობა
ჯოს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას მისი არაბიოლოგიური მშობლების, შემდეგ დედობილის, ძმებისა და ბიძაშვილების მხრიდან, მას სცემდა მამობილი. კეროლს სასტიკად ეპყრობოდნენ ადრეული ბავშვობიდანვე, შემდეგ არაერთგზის გააუპატიურეს, პირველად 7 წლის ასაკში. გრეგორის მამა ხშირად დადიოდა მივლინებით. ბიჭს ზრდიდა დედა, რომელიც მას ქალის ტანსაცმლის ჩაცმისა და „ბარბის“ თოჯინების კოლექციის შეგროვების უფლებას აძლევდა, რაც მამის გულისწყრომას იწვევდა. თავად გრეგორის დედისათვის 40 წლის ასაკში გახდა ცნობილი, რომ მისი აღმზრდელი მამა ჰომოსექსუალი იყო, ხოლო დედა ალკოჰოლიზმის შედეგად იყო გარდაცვლილი. მისი არშემდგარობა უკვე საკუთარსავე ოჯახში ამ ქალისათვის ცხადი გახდა მას შემდეგ, როცა გააცნობიერა, რომ გრეგორი „გეი“ იყო. მაიკლს „ნორმალური“ ქრისტიანული ოჯახი ჰქონდა, მაგრამ იცოდა, რომ მის გვარში რამოდენიმე გეი იყო.
ეს გახლავთ კლასიკური ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ ხდებოდა საკუთარი სქესისადმი ლტოლვის ფორმირება. თუმცა გამოკვლევები ცხადყოფს, რომ იმის მიხედვით, თუ როგორი ბავშვობა ჰქონდა ადამიანს, არ შეიძლება ცალსახა პროგნოზის გაკეთება სსლ-ის შესახებ. ამიტომ არსებობს მოსაზრება, რომ სსლ – ეს არის გენეტიკური მიდრეკილება ან გადაულახავი განსაკუთრებულობა. ჩემი გამოკითხვის ყველა რესპოდენტმა საკმაოდ ადრეულ ასაკშივე გაათვითცნობიერა, რომ მიდრეკილი იყო საკუთარი სქესისადმი, მაგრამ შეკითხვაზე „ეს გენეტიკაა, თუ – აღზრდა?“, ისინი ერთსულოვანნი არ ყოფილან. ერთნი სთვლიან, რომ ეს ბუნებისგან არის, მეორენი სთვლიან, რომ -აღზრდისაგან, მესამენი კი არცერთს გამორიცხავენ.
ქრისტიანული რწმენა არ იძლევა განსაზღვრულ პასუხს კამათში – ბუნებისაგან შეიძლება იყოს ადამიანის ავხორცობა, თუ – მხოლოდ აღზრდის შედეგია. გენებით გამოწვეული ინვალიდობა დაცემული სამყაროს ისეთივე მახასიათებელია, როგორიც ის უარყოფითი თვისებები, რომელთაც სიყვარულისა თუ აღზრდის უკმარისობის შემთხვევაში შევიძენთ. ქრისტიანთათვის ფაქტი ის არის, რომ „ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა“… (რომ. 3, 23). რა არის „დიდება ღმრთისა?“ ეს არის სრულყოფილ სიყვარულსა და ურთიერთობაში ცხოვრება ღმერთთან და ადამიანებთან.
მაგრამ ჩვენ სრულყოფილ სიყვარულში არ ვცხოვრობთ; ჩვენ ცოდვაში, ამაოებასა და გახრწნილებაში დავიბადეთ. ჩვენ დაცემული სხეულით ვართ ჩასახულნი და დაცემულსავე სამყაროში ვიბადებით. ჩვენზე ჩასახვისთანავე ახდენს გავლენას დაცემულ დნმ-თა ნაკრები. ჩვენ დედის მუცლის დატოვებისთანავე დაზიანებული ადამიანის ხელში ვხვდებით, შემდეგ სახლში მივყავართ – იმ ადგილას, სადაც ასეთივე დაზიანებული ადამიანები გადარჩენას ცდილობენ, უკეთეს შემთხვევაში ღვთის წინაშე შიშითა და თრთოლვით, უარესში კი – მის გარეშე. გარე სამყაროსთან ჩვენი პირველი ურთიერთქმედების მცდელობისთანავე ჩვენ ცუდად გვეპყრობიან, ჩვენს აზრს არ ითვალისწინებენ, ჩვენ გვაფუჭებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი არჩევანი არ არის და უმრავლეს შემთხვევაში, ამის გათვითცნობიერებაც არ შეგვიძლია. წინაპართა ცოდვები შემდგომ თაობათ გადაეცემა არა როგორც სასჯელი, არამედ – როგორც გარდაუვალი შედეგი. ასე რომ, ყველანი დაზიანებულები ვართ. რას ნიშნავს ეს სსლ-ის თვალსაზრისით? ჩვენ ყველანი დაზიანებულები ვიზრდებით. ჩვენ ვიზრდებით, ჩვენში კი ბრძოლა მიმდინარეობს, რომელიც ჩვენ არ აგვირჩევია, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა. ჩვენ არ შეგვიძლია მშობლების არჩევა. ჩვენ არ ვირჩევთ, როგორი ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური და სულიერი შესაძლებლობები გვექნება, და ჩვენც ვიბადებით დიდი ცხვირებით, მათემატიკური უნარებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიმართ მიდრეკილებებითა და სიმახინჯეებით. უმრავლეს შემთხვევაში ჩვენ არ ვირჩევთ, რას ვებრძოლოთ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი სულების ხსნას ჩვენი უნიკალური გენეტიკური მონაცემებით – ჩვენი ფსიქიურად და სულიერად დაზიანებული საზოგადოების დამახასიათებელი თვისებებით.
რას ითხოვ ჩემგან?
„ რაჲ გნებავს, და გიყო შენ?“ – ჰკითხა იესომ ბრმა ბარტიმეოსს (მარკ. 10, 51). რისი მიღება გვსურს ჩვენ ურთიერთობისაგან? ჯომ ისწავლა, გაეთანაბრებინა სექსი სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისათვის ან „კონტაქტებისათვის“. გრეგორის ძლიერი მამაკაცები იზიდავს. მან იცის, რომ ამით იმ სულიერ სიცარიელეს ივსებს, რომელიც უმამობისაგან აქვს. კეროლი მამაკაცებმა გააუპატიურეს და უბრალოდ, ასე მსჯელობს: „განა, უცნაურია, რომ ემოციურადაც და ფიზიკურადაც ქალებთან უფრო მსიამოვნებს?“
სსლ ადამიანები იმასვე ეძებენ, რაც სურს ყველას: სიახლოვეს, რომ ისეთს გღებულობდნენ, როგორიც ხარ, რომ გიყვარდეს და უყვარდე. ეს მხოლოდ სსლ-ზე არ ითქმის. უარყოფილი, ულამაზო, გაუბედავი, სოციალურად არაადაპტირებული თუ ავადმყოფი ადამიანების მარტოობა და სასოწარკვეთა, ისეთივე მტკივნეულია, როგორც იმ ადამიანის მარტოობა, რომელსაც საკუთარი სქესი იზიდავს.
სხვებთან შედარებით უფრო მეტი თვითანალიზის უნარის მქონე ის ადამიანები, რომლებთანაც მისაუბრია სსლ-ზე, ამბობენ, რომ ეს სქესთან არ არის დაკავშირებული; ეს ემოციურ ერთგულებასთან, სხვა ადამიანთან ინტიმური კავშირის გრძნობასთან არის დაკავშირებული. იგივე მსმენია იმ ჰეტეროსექსუალებისგანაც, რომელთაც იმრუშეს ქორწინებაში ან ქორწინების გარეშე.
ძლიერი გრძნობები ურთიერთობაში ძლიერმოქმედ ნარკოტიკს წააგავს. ურთიერთობები ხშირად გადადიან ვნებაში და მისი გულისათვის ადამიანები ყველანაირ მსხვერპლზე მიდიან. გრძნობებთან ერთად, მნიშვნელოვანია ის ასპექტი, რომ სექსი ყოველთვის აღწევს ურთიერთობებში. რატომ ხდება, რომ ნებისმიერი სქესის ადამიანების პოტენციურად ახლობლურ და ღვთისნიერ მეგობრობაში ხშირად მკვიდრდება სექსი?
უპირველესად, უნდა გვახსოვდეს, რომ თავისთავად სექსი არ გახლავთ ბოროტება. ის უფლისაგან არის მოცემული, როგორც ძლიერი გავლენის მქონე და გამაერთიანებელი აქტი ორ არსებას შორის; ის ერთის მხრივ, არ არის აუცილებელი პირობა ადამიანთა ერთიანობისა და სიახლოვისა, ხოლო მეორეს მხრივ, ის არის „ღმერთისაგან ნაბოძები უფლება“.
ჩვენი სექსუალურობა ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჭამისა და სმის მოთხოვნილება. არაბუნებრივია, სულიერი სიცარიელის შესავსებად ჩვენი ავხორცული ჟინის დაკმაყოფილება. როდესაც ადამიანი სექსუალურ ობიექტზე არაუმეტესად აღიქმება, ადამიანებს მართლაც შეუძლიათ სექსუალურ ურთიერთობაში ცხოველური ვნებების დონემდე დაშვება. მარხვა გვასწავლის, როგორ არ გავხდეთ საკუთარი მუცლის მონები. თავშეკავება გვასწავლის, როგორ არ გავხდეთ საკუთარი ავხორცობის მონები, იმიდა მიუხედავად, თუ რას გვკარნახობს ჩვენი შინაგანი კულტურა.
სექსით შეპყრობილობა – ეს არის ჩვენი კულტურის ეგზისტენციალური დაცემის ნიშანი მარტოობის, იზოლირებულობისა და სასოწარკვეთილების მიმართულებით. ჩვენ სიხარულის ნაცვლად სიამოვნებას ვირჩევთ, სიახლოვის ნაცვლად – ემოციებს, სიყვარულის ნაცვლად – გრძნობებს, ქორწინების ნაცვლად – თანაცხოვრებას. ეს უდიდესი შეცდომა გახლავთ. ვუდი ალენს საკმაოდ მოსწრებულად აქვს ნათქვამი: „სექსი უსიყვარულოდ – უსარგებლო საქმიანობა გახლავთ, თუმცა უსარგებლო საქმიანობებიდან რომ ამოვარჩიოთ, ის – ერთ-ერთი საუკეთესოა.
როდესაც ცოდვით დაზიანებულ ადამიანს უნარი აღარ შესწევს სხვა ადამიანთან ღვთისნიერი სიახლოვისა და სიხარულისა, ის ხშირად მიმართავს სექსუალურ სიამოვნებას უკეთეს შემთხვევაში – სხვასთან, უარესში კი – სხვის ხარჯზე. როგორც ყოფილი თერაპევტი, ამგვარ ურთიერთობებზე, ჩვეულებისამებრ, ასე ვამბობ ხოლმე: „ცუდი სუნთქვა უკეთესია, ვინემ მისი სრული არარსებობა“. ქრისტიანისათვის პრობლემის არსი იმაშია, რომ ჩვენ საკუთარ პიროვნებაში ვახდენთ ღმერთის ხატების (ღმერთი კი სიყვარულია!) ჩანაცვლებას ბიოლოგიური არსებით, რომელიც იმით ხასიათდება, რომ აქვს ორგაზმი, რათა თავი კარგად იგრძნოს.
„რომელთა-იგი გარდაცვალეს ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუვედ და პატივს -სცემდეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა, და არა დამბადებელსა .“ (რომ. 1, 25)
შეცვლა თუ არშეცვლა
როდესაც ვეკითხებოდი, შეეძლოთ, თუ – არა ჰომოსექსუალებს, რომ შეცვლილიყვნენ, ყველამ, გარდა ერთისა, მიპასუხა, რომ „არა“. იმ ერთმა, კი რომელიც არ უარყოფდა შეცვლის შესაძლებლობას, ასე თქვა: „მე არ ვიცი, ღმერთმა იცის“. ეს არ იყო ის პასუხი, რომელსაც მოველოდი.
ყოველი მათგანი ამბობდა, რომ მათ ჰქონდათ იმის პრობლემა, თუ როგორ შეეფარდებოდა ლტოლვა საკუთარი სქესისადმი მათ ყოფილ ტრადიციებს, იქნებოდა ეს „ღმერთმა ასეთად შეგქმნა, რაც ნიშნავს, რომ ეს ნორმალურია, უბრალოდ, იცხოვრე ამით“, თუ „ყველა გომიკი ჯოჯოხეთში მოხვდება“ ან „ჰომოსექსუალები უნდა გახდნენ ჰეტეროსექსუალები“. სახეზე იყო მათი ყოფილი ტრადიციებისა და თანამედროვე პროტესტანტული მიდგომების სრული შეუთავსებადობა.
რაც შეეხება იმ ქრისტიანულ ორგანიზაციებს, რომლებიც „ორიენტაციის გარდამქმნელ თერაპიას“ ეწეოდნენ, მათ შესახებ მაიკლმა თქვა, რომ ის პროტესტანტული ჯგუფები, რომლებშიც მას მოუწია ყოფნა „უკუშედეგს იძლეოდნენ. ჰპირდებოდნენ „ორიენტაციის გარდაქმნას“, მაგრამ ეს არათუ არასოდეს ხდებოდა, ამასთან ახლოსაც ვერ მიდიოდნენ, რასაც უიმედობის უფრო მძაფრ შეგრძნებამდე მიჰყავდა ისინი“. საბოლოოდ კი ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჯგუფის კოხტაპრუწა ლიდერი ამავე ჯგუფის ერთ-ერთ წევრთან ერთად გაიქცა და ახლა სრულიად დაუფარავი გეი-ურთიერთობები აქვთ.
ამავე საფრთხეზე საუბრობდა კეროლი „თანადგომის ჯგუფებთან“ მიმართებაში. გაშმაგებულმა ენდრიუმ კი ასეთი რამ სთქვა: „ეს ორგანიზაციები საშიშია…ვინც საკუთარ შვილებს იქ აგზავნის, ყველას უნდა სცხვენოდეს, მათ შორის ეკლესიებსაც. ამისათვის ქვა უნდა შეაბა კისერზე და ზღვაში გადააგდო“.
მავანმა, შესაძლოა, იფიქროს, რომ შეცვლის შეუძლებლობის გაცნობიერება – ეს უსაშველობის ნიშანია და ამას უნდა შევეგუოთ. ამისდა მიუხედავად, ჩვენი საუბრებისას ისინი მხნევდებოდნენ, მათში ისახებოდა იმედი იმისა, რომ ბრძოლას ვიწყებდით სწორედ იმასთან, რასთანაც უნდა გვებრძოლა – ცოდვასთან, და არა-საკუთარ თავთან. ჯოზეფმა სთქვა: „მართლმადიდებლობა უფრო ფუძემდებლურია. როცა ქცევის ძველ წესებს ვემშვიდობებით, მათ ნაცვლად ნორმად ახლებს ვიღებთ. მაგრამ შემდეგ იმავე ცთუნებასთან რჩები პირისპირ, და ბრძოლა იმაზე ადვილი არაფრით ჩანს, ვინემ იქამდე იყო“.
ჯორჯი 80 წლისაა და უკვე 50 წელზე მეტია, არ ჰქონია ურთიერთობა. მას დღემდე არ ტოვებენ აზრები და სურვილები. ენდრიუმ წმინდა ანტონიუსის ნათქვამი გაიხსენა: „უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა გქონდეს ცთუნების მოლოდინი“. ისევე, როგორც ყველა ცოდვის მიმართ, უნდა ვიფხიზლოთ, რომ არ დავეცეთ.
უბიწოების სილამაზე
ერთხელ ახალგაზრდა კაცს ვესაუბრებოდი სსლ-ზე და ცელიბატისა (დაუქორწინებლობა, მთარგმნ.) და უბიწოების შესახებ მართლმადიდებლურ თვალსაზრისზე. მან მითხრა: „თქვენი სიტყვებით, თუ მართლმადიდებელი გავხდები, იმას ნიშნავს, რომ განწირული ვარ ცელიბატისთვის“. რა თქმა უნდა, პასუხი დადებითია. მაგრამ თუ ამ წამლის ბუნება გვესმის, ეს აბი არცთუ ისე მწარეა.
ჯერ ერთი, სიყვარული არ მოითხოვს სექსს. ეს ღვთისმოსაობაა: სექსი და სექსუალურობა – ეს არ არის საძირკველი ურთიერთობისა. არსებობს უფრო ამაღლებული, უფრო გამაერთიანებელი რამ, ვინემ – ორმხრივი ორგაზმი. სექსი, შესაძლოა, ავსებდეს და აძლიერებდეს ურთიერთობას განსაკუთრებულ ადამიანთან, მაგრამ ის არ არის აუცილებელი შემადგენელი ნებისმიერ ურთიერთობაში ნებისმიერი სქესის ადამიანთან. წმინდა სამებასთან თანაზიარების სიხარულს მაშინ განვიცდით, როცა ცოდვას ვებრძვით, რათა მივენდოთ უფალს, და არა ადამიანურ არსებას, იმისდა მიუხედავად, რამდენად სასიამოვნოდ ეჩვენება ეს ჩვენს მოტყუებულსა და არაჯანსაღ ცნობიერებას.
მეორე, „განწირულობა“ – ძალიან ხმამაღლაა ნათქვამი. ის ტანჯვასა და სასოწარკვეთაში ცხოვრებას გულისხმობს, მსგავსად ჯოჯოხეთისა. რაც არ უნდა კადნიერად ჟღერდეს, ცხოვრება სექსის გარეშე – ეს არ არის განწირულობა. სსლ ადამიანები ერთადერთნი არ არიან სამყაროში, ვინც „განწირულია“ თავშეკავებისთვის, და ეს მათი ცხოვრების წესია, მათივე არჩევანისა და სურვილების საწინააღმდეგოდ. ხოლო ერთგული, მონოგამიური ურთიერთობების შესაძლებლობა ჰეტეროსექსუალებისათვის – ეს ჯერ კიდევ არ არის იმის გარანტია, რომ ასეთი ურთიერთობები იქნება. და თუ იქნება, არც ეს არის დაბრკოლება ცთუნების, ავხორცობისა თუ სხვა აშკარა ცოდვისათვის. არჩევანი ყოველთვის რჩება; მანკიერმა სურვილებმა შესაძლოა, უფრო მეტი გააფთრებით შემოგიტიონ, და მარტოობასა და სასოწარკვეთაში შეიძლება დანებდე მათ, უფლისათვის წმინდა ქორწინებაშიც კი.
მესამე, ცელიბატი – ჯოჯოხეთი არ არის. სხვათა შორის, კორინთელთა მიმართ პირველი ეპისტოლეს მეშვიდე თავში ნათქვამია, რომ „უქორწინებელი იგი ზრუნავს უფლისასა, ვითარ-ძი სათნო-ეყოს უფალსა“. პროტესტანტული ეკლესიის პასტორები ადასტურებენ გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანის თავს „რაღაც ვერ არის ისე“, როცა ის დაუქორწინებელ ცხოვრებას ირჩევს. მაგრამ ბიბლიის თვალსაზრისით, ცელიბატი არ გულისხმობს ახლო მეგობრობის, სიახლოვისა და სიყვარულის გარეშე ცხოვრებას.
სინამდვილეში ის გულისხმობს, ისწავლო – ფაქიზად გრძნობდე და გიყვარდეს ისე, როგორც თვით განკაცებულ ქრისტეს უყვარდა, რომელიც არ ყოფილა ქორწინებაში. ეს შესაძლოა, არ იყოს ის სულიერი პრაქტიკა, რომელსაც ავირჩევდით კოსმიური ნუსხიდან, ამის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, მაგრამ ეს ნამდვილად ის არის, რისი დროებით, ან სამუდამოდაც არჩევის უნარი ყოველ ქრისტიანს გააჩნია , რათა დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი.
კეროლმა შენიშნა, რომ დაქორწინებულთაც მოუწოდებენ თვითკონტროლისკენ. ენდრიუ ამტკიცებს, რომ შესაძლოა, რთულია, მიიღო ცხოვრება სექსის გარეშე, რთულია, იცხოვრო დამთრგუნველი პერსპექტივითა და დაუკმაყოფილებელი სურვილებით, მაგრამ ეს შესაძლებელია და ეს სულაც არ არის „განწირულობა“. მონაზვნობა – ეს არის არჩევანი, რომელსაც ყველა პატივს სცემს, მაგრამ მათ იციან, რომ ეს არ არის „პანაცეა“ სსლ-გან ან რომელიმე სხვა ცოდვისაგან თავის დასაღწევად.
მოძღვრობის როლი
გრეგორმა განაცხადა, რომ ვერასოდეს ჩააბარებდა აღსარებას იმ მოძღვარს, რომელიც კათედრიდან „მჭერმეტყველებს“ ჰომოსექსუალიზმზე. ენდრიუ თავისი მრევლის მოძღვარს აბარებს აღსარებას, მაგრამ არა სსლ-ის შესახებ. ამისათვის მოლოზონთან მიდის. მან სთქვა, რომ მოძღვარს რომ ეკითხა, აღიარებდა, მაგრამ თავისით ვერ გაენდობა.
მიუხედავად დისკომფორტისა და შიშისა, ყველას, ვისაც ვესაუბრე, ჰყავდა საკუთარი მოძღვარი, რომლის ნდობაც შეიძლებოდა. ვიღაცისთვის ეს მრევლის მოძღვარი იყო, ვიღაცისთვის – მოლოზონი, ვიღაცისთვის – საერო პირი. ამგვარი ურთიერთობის ჩამოყალიბება საკმაოდ სახიფათო ნაბიჯია სსლ ადამიანისათვის, ნაბიჯი, რომლის გადადგმაც, მოგეხსენებათ, საკმაოდ საშიშია.
ცხადია, ყველა მღვდელი განსხვავებულია და ზოგიერთ მათგანს არ შეუძლია, სსლ-ის შემთხვევებთან მუშაობა მათივე სისუსტეების გათვალისწინებით. მოძღვრობა უნდა ათვითცნობიერებდეს, რომ თუ მის მრევლში არის ვინმე სსლ-ით, ის იმისათვის არის იქ, რომ გადარჩეს; წინააღმდეგ შემთხვევაში, სადმე სხვაგან წავიდოდა.
როგორც ენდრიუმ სთქვა: „არ ვაპირებ ეკლესიის გარშემო სიარულს და ფერად-ფერადი დროშების ფრიალს. აქ იმისთვის არ ვარ, რომ პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო ან სოციალური პოლიტიკა შევცვალო. უბრალოდ, მინდა, რომ მრევლი პატივს მცემდეს“.
სსლ ადამიანი ფრთხილია და ყველაფერს ფაქიზად გრძნობს. ის მხოლოდ იმ მოძღვარს მიენდობა, რომელსაც ესმის, რომ მოძღვრის პოზიცია სსლ – ის მიმართ პირად საუბრებში და ქადაგებაში უნდა იყოს გადმოცემული. და არავის, ვისთანაც ვისაუბრე, არ ადარდებდა, ჰქონდა, თუ – არა მის მოძღვარს სსლ. ერთადერთი, რაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო, ადამიანური ურთიერთობა და სულიერი რჩევა გახლდათ.
ეკლესია
ვეკითხებოდი, გრძნობდა, თუ – არა რომელიმე მათგანი საკუთარი ეკლესიის წევრების მიმართ „გახსნის“ აუცილებლობას. არც ერთ მათგანს არ ჰქონია ასეთი აუცილებლობის შეგრძნება, და ვერც ერთი მათგანი ვერ ხედავდა საამისოდ მიზეზს თავისი მრევლის წინაშე. ეს მათ არაკეთილგონიერად და წინდაუხედავად მიაჩნდათ. მეორეს მხრივ, როდესაც ვკითხე, ხომ არ ჰქონდათ იმის შიში, რომ „გარიყულები“ აღმოჩნდებოდნენ, გაირკვა, რომ არც ერთ მათგანს ამის ფიქრი არ ჰქონდა.
ვიკითხე: „როგორ შეუძლია, ეკლესიას, დაეხმაროს სსლ ადამიანებს?“ ვინაიდან, სსლ-ისაგან განკურნების სიმძიმე, საბოლოო ჯამში არა მხოლოდ მოძღვრის, არამედ მთლიანად ეკლესიის მხრებზეც გადადის. ენდრიუმ ამგვარად ჩამოაყალიბა: „სინამდვილეში, არ მიფიქრია იმის თაობაზე, თუ როგორ შეიძლება, დამეხმაროს მრევლი. მე უბრალოდ ვისურვებდი, რომ მრევლი სხვანაირად არ მომპყრობოდა. ისე ეფიქრათ ჩემზე, როგორც იფიქრებდნენ, ნატურალი რომ ვყოფილიყავი. უკვე 10 წელია, მიცნობენ. ჩემი მრევლისათვის ბევრს ვაკეთებ. რის თქმას შესძლებდნენ ისინი ჩემთვის ამის თაობაზე?“
გრეგორმა ასეთი მომენტი გამოჰყო: „წმინდა ზიარების წინ საკითხავ ჩვენს ლოცვებში საკუთარ თავებს ყველანი „პირველ ცოდვილად“ ვაღიარებთ. არავინ უნდა უყურებდეს სხვას ისე, თითქოს თავად ზნეობრივად უფრო მაღლა იდგეს“.
ვფიქრობ, ეს მართებული აზრია. ჩვენ ისეთი პოზიცია უნდა დავიკავოთ, როდესაც ყველანი ჯვარცმის ფერხთით ვდგავართ და მოწყალებას მოველით. ეკლესია – ქრისტეს სხეულია და ის ადგილი უნდა იყოს, სადაც უფლისმიერი სუფთა სიყვარული მოიპოვება, იმისდა მიუხედავად, თუ რა ვნებებს ებრძვის ადამიანი; ჩვენ უნდა ვიყოთ ეკლესია, ცოდვილთა კურნების ადგილი; ადგილი, სადაც ჩვენ შევძლებთ, განვიკურნოთ, მოვიპოვოთ გაგება და ურთიერთობა, რომელიც ღმერთთან გვაახლოებს სიყვარულისა და თანაგრძნობის მეშვეობით.
როცა უკვე ყველაფერი ნათქვამია და გაკეთებულია, ძირითადი პრობლემა, რომელსაც ვაწყდებით, – ეს არის მარტოობა და განდგომილობა. მარტოობა – ეს სექსუალურობის კი არა, ცოდვის მხარეა. ჩვენი განდგომილობის წამალი კი ეკლესიაშია, ქრისტეს სხეულშია, ქრისტეშია.
ეკლესია ეკლესიადვე უნდა დარჩეს: ადგილად, სადაც თავმდაბალი სიყვარული მოიცავს ავადმყოფთ, ტანჯულთ, სულიერად და ფიზიკურად დასახიჩრებულთ, დევნილთ, დაკარგულთ და მარტოსულთ. მის წიაღში ისწავლება, თუ რა არის უფლის სიყვარული, ყოველივეზე აღმატებული და ყოველივეს მკურნალი, რაც ცოდვას დაუნგრევია, მათ შორის საკუთარი სქესის მიმართ ლტოლვის მკურნალიც.
პიროვნების დაცვის მიზნით სტატიაში ხსენებული ადამიანების სახელები და ისტორიული დეტალები შეცვლილია.
წყარო: http://www.faith.ge/
Комментариев нет:
Отправить комментарий