четверг, 4 апреля 2013 г.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე რელიგიური წარმოდგენების გავლენა.

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე რელიგიური წარმოდგენების გავლენა.


ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ რელიგიური თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატები თავისი დაარსებიდან და კიდევ უფრო ადრეული - კოლონიური პერიოდიდან მოყოლებული, სექტების ქვეყანაა. თუმცა წინამდებარე წერილში, რომელიც წარმოადგენს 2008 წელს ჩემს მიერ ქართულ ენაზე გამოცემული კრებულის („ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საფუძვლები ამერიკელი და ევროპელი ავტორების მიხედვით - დასკვნები საქართველოსთვის“, თბილისი, გამომცემლობა „წიგნის სახელოსნო“) გადამუშავებულ მცირე ნაწილს, სიღრმისეულად არ იქნება განხილული ამერიკის მოსახლეობის რელიგიური თავისებურებები ზოგადად, არამედ წარმოდგენილი იქნება ამ რელიგიური წარმოდგენებისა და აშშ საგარეო პოლიტიკას შორის არსებული ურთიერთკავშირის ზოგიერთი ასპექტი. ირიბი და ხშირად პირდაპირი გავლენა ამერიკელთა რელიგიური წარმოდგენებისა თავიანთი სახელმწიფოს პოლიტიკაზე - ძალიან დიდია იმისდა მიუხედავად, რომ აშშ-ს კონსტიტუციით რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნულია.



წინადადება - „ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ“ - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთაგან საჯაროდ უკანასკნელად ჰარი ტრუმენმა წარმოსთქვა 1947 წელს (Эдуард Лозанский: Этносы и лоббизм в США. О перспективах российского лобби в Америке; Москва 2004г., стр.39), ამის შემდგომ პერიოდში აშშ მოსახლეობაში არაქრისტიანთა წილი საკმაოდ გაიზარდა და სახელმწიფოს მეთაურს მსგავსი ფრაზების გამეორება აღარ შეეფერებოდა. პატრიკ ჯ. ბიუკენანი - პრეზიდენტების ნიქსონისა და რეიგანის მრჩეველი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი 1992 და 1996 წლებში - თავის წიგნში „დასავლეთის სიკვდილი“ (Patrick J.Buchanan: The Death of the West, რუსული თარგმანი და გამოცემა 2004 წლისა) ვრცლად საუბრობს ამერიკის დექრისტიანიზაციაზე. მას მოჰყავს სხვადასხვა ფაქტი - სასამართლოებმა 1948 წლიდან აკრძალეს სკოლებში რელიგიის ნებაყოფლობითი შესწავლა, 1963 წელს ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდა ბიბლიის დამატებითი გაკვეთილები და სხვ., ხოლო როდესაც 1992 წელს მისისიპის შტატის გუბერნატორმა კირკ ფორდაისმა განაცხადა, რომ „ამერიკა ქრისტიანული ქვეყანაა“, მას მაშინვე მიაკერეს შოვინისტის იარლიყი, ვინაიდან გუბერნატორს „პოლიტიკური კორექტულობის“ თვალსაზრისით უნდა ეთქვა - „ამერიკა იუდეურ-ქრისტიანული ქვეყანაა“, - აღნიშნავს ბიუკენანი.



თუმცა ამისდა მიუხედავად, ამერიკის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი რელიგიურია (ძირითადად პროტესტანტიზმის სხვადასხვა ფორმის მიმდევარი) და რელიგიური ელემენტები აშშ მრავალი პრეზიდენტის, მათ შორის ბოლოდროინდელების (რეიგანი, ჯ.ბუში უმცროსი) რიტორიკაშიც უხვად გვხვდება. დღემდე წარმოუდგენელია, რომ აშშ რომელიმე პრეზიდენტმა განაცხადოს, რომ იგი ათეისტია. ეს ეხება მორალის თვალსაზრისით თვით ისეთ არაკონსერვატულ პრეზიდენტებსაც, როგორებიც არიან ბილ კლინტონი და ბარაქ ობამა - „გეი“-ქორწინებებისა და სექსუალური უმცირესობების ერთგვარი „მფარველები“. მით უფრო რელიგიური რიტორიკით ხასიათდება ობამას დღევანდელი კონკურენტი რესპუბლიკური პარტიის რიგებიდან, ე. წ. მორმონთა ძლიერი სექტის წევრი მიტ რომნი. ათეიზმი და აგნოსტიციზმი, განსხვავებით ევროპისაგან, შეერთებულ შტატებში მაინცდამაინც მოდური არ არის. მეტიც, ადგილი აქვს ათეისტების დისკრიმინაციასაც-კი. ასე მაგალითად, ამერიკის 7 შტატში ათეისტებს აკრძალული აქვთ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა. ამ ნორმას ტეხასის, არკანზასის, მერილენდის, ტენესის, მისისიპის, ჩრდილო და სამხრეთ კაროლინის კონსტიტუციები ითვალისწინებენ - ფედერალური კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, სადაც ნათქვამია (მუხლი 6), რომ დაუშვებელია ადამიანის მიერ თანამდებობის დაკავება დაკავშირებულ იქნას მის რელიგიურ აღმსარებლობასთან (ზემოთ დასახელებული შტატები ფედერალური კონსტიტუციის ამ მუხლს გვერდს უვლიან იმ არგუმენტით, რომ მასში საუბარია რელიგიურ რწმენაზე ანუ სხვადასხვა კონფესიების დისკრიმინაციის დაუშვებლობაზე და არაფერია ნათქვამი ღვთის არსებობის საკითხისადმი ადამიანის დამოკიდებულებაზე ანუ არადისკრიმინაციის ეს ნორმა არ ვრცელდება ათეისტებზე). ასევე საინტერესოა, რომ აშშ რამდენეიმე შტატში მოქმედებს არქაული კანონი, რომლის ძალითაც ჰომოსექსუალური კავშირი დანაშაულად ითვლება - არა მხოლოდ საზოგადო ადგილებში, არამედ თვით პრივატულ სივრცეშიც-კი, მაგალითად სასტუმროს ნომერში.


http://geurasia.org/geo/1237/amerikis-sheertebuli-shtatebis-sagareo-politikaze-religiuri-carmodgenebis-gavlena.html

Комментариев нет:

Отправить комментарий