понедельник, 8 апреля 2013 г.

კინოკეფალები: მითი თუ სინამდვილე?

 კინოკეფალების (კინოცეფალების) შესახებ მრავალი ისტორიული მოწმობა არსებობს. კინოკეფალები ადამიანის მსგავსი არსებები იყვნენ, რომელთაც ძაღლის თავი ჰქონდათ.

ამ ხალხს ახსენებენ ბიზანტიელები, რომაელები, ბერძნები, ინდუსები, სპარსელები, ეგვიპტელები, ჩინელები, ზულუსები... ძაღლთავა ადამიანებზე, როგორც მათ რუსეთში უწოდებნენ, ანტიკურ პერიოდში ცნობები დაგვიტოვეს ჰესიოდემ, ჰეროდოტემ, კტესიამ, მეგასთენემ, პლინიუს უფროსმა და სხვებმა.

კინოკეფალებს ახსენებენ ეკლესიის წმიდა მამებიც. მაგალითად, ნეტ. ავგუსტინე, როდესაც კინოკეფალებზე მსჯელობს თავის ცნობილ თხზულებაში "საღმრთო ქალაქი", გამოთქვამს მოსაზრებას, რომ "ესენი არ არიან ადამიანები". ისტორიული მონაცემების თანახმად, კინოკეფალები სარგებლობდნენ ინსტრუმენტებითა და იარაღით, ასევე ატარებდნენ ტანისამოსს, რამაც ზოგიერთი ღვთისმეტყველი აიძულა ეღიარებინა, რომ კინოკეფალებს გააჩნდათ სირცხვილის გრძნობა და ჰქონდათ სული.

კინოკეფალები ტანად მაღალნი იყვნენ, მათი სიმაღლე აღწევდა 2-2.5 მეტრს. მათი გავრცელების არეალიც საკმაოდ ვრცელი იყო: ის მოიცავდა ლიბიას, ეთიოპიას, სკვითების ქვეყანას და ინდოეთს. ისტორიკოსებმა არ იციან რითია გამოწვეული მონაცემთა ასეთი სიუხვე ამ იდუმალ და თითქმის მითიურ არსებებზე. კტესიას კნიდიელის (Κτησίας ο Κνίδιος) (დაახლ. 400 წ. ქრისტეს შობამდე) მოწმობით, კინოკეფალების რაოდენობა მარტო ინდოეთში 120 000-ს აღწევდა! კტესიასის თქმით მათ ცოტა ესმოდათ ინდური, ხოლო თვით ინდოელები მათ კალისტრიებს უწოდებდნენ. მათ წინააღმდეგ ალექსანდრე მაკედონელსაც უომია და ეს მოვლენა ინდურ მინიატურაშიც არის ასახული.


VII-VIII საუკუნეების რუქაზე ძაღლთავა-ადამიანთა სამოსახლო ადგილები მონიშნულია წარწერით: "დასახლებულია კინოკეფალებით". არქიეპისკოპოს ჰენრიხ მაინცელის რუქაზე წარწერილია: "რიპას მთები აზიისა და ევროპის საზღვარზეა; მდინარე ტანაისი. აქ ცხოვრობენ საძაგელი ადამიანები, კინოკეფალები"; ხოლო ებსტორფის მსოფლიო რუქაზე ძაღლთავა ადამიანის გამოსახულების ქვეშ მიწერილია განმარტება: "კინოკეფალებად ისინი იმიტომ იწოდებიან, რომ მათ გააჩნიათ ძაღლის თავი და სახე;
იმოსებიან მხეცის ტყავით, ხმა კი - ძაღლის ყეფას მიუგავთ".

კინოკეფალები XI საუკუნეში აღწერა ადამ ბრემენელმა თავის "ჰამბურგელ არქიეპისკოპოსთა ისტორიაში": "კინოკეფალები არიან ისინი, ვისაც ძაღლის თავები აქვთ. მათ ხშირად ატყვევებენ რუსეთში, ამბობენ, რომ ისინი თან ლაპარაკობენ და თან ყეფენ".

კინოკეფალების ხსენება ირონიულ ღიმილს დღეს იწვევს თორემ შუასაკუნეებში ამგვარი ცოდნა ეთნოგრაფიისა და გეოგრაფიის ცოდნის უკანასკნელ მიღწევად მიიჩნეოდა. მაგალითად, XIII ს. ცნობილი მოგზაური მარკო პოლო ინდოეთში ყოფნისას კინოკეფალებს წააწყდა: "ამ კუნძულის ყველა ადამიანს ძაღლის თავი აქვს, ძაღლისა აქვთ მათ კბილებიცა და თვალებიც, გარწმუნებთ, რომ მათი სახის ყველა დეტალი ისეთია, როგორც დიდი მასტიფებისა. კინოკეფალები ძალზედ ბოროტი ხალხია: როგორც კი მათგან განსხვავებულ ადამიანს ჩაიგდებენ, იმწამსვე შეჭამენ".

არქიეპისკოპოსმა ვერგილიუს ზალცბურგელმა კინოკეფალები ასე აღწერა: "ეს წარმართები შიშველი მკერდით დადიან. იზრდიან წარმოუდგენლად გრძელ თმებს, რომელიც ზეთითა და ქონით არის შეპოხილი. ეწევიან უკეთურ ცხოვრებას, იკვებებიან უწმინდური და აკრძალული ცხოველებით, თაგვებით, თახვებით და ყოველგვარ მსგავსი მღრღნელებითა და სისაძაგლით. ღირსშესანიშნავი ნაგებობები არ გააჩნიათ, სარგებლობენ დაწნული ფარდულებითა და კარვებით... ღმრთისა არაფერი უწყიან და თაყვანს სცემენ კერპებს. მეფე არ ჰყავთ... რძე უხვადა აქვთ, თაფლი კი ცოტა".


9 მაისს (ძვ. სტილით) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს წმ. მოწამისა და მხედრის, ქრისტეფორეს ხსენებას, რომელიც იმპერატორ დეკიუსის (დაახლ. 250 წ.) დროს ეწამა. წმინდანის ცხოვრება გვამცნებს, რომ ქრისტეფორე ქანანეველთა ქვეყნიდან იყო და ნათლობამდე რეპრევი ერქვა (ბერძნ. - უარყოფილი, განკიცხული). დანარჩენი მართლმადიდებელი წმიდა მოწამეებისგან ქრისტეფორე გამოირჩევა განსაკუთრებული გარეგნობით - მას დაბადებიდან ძაღლის თავი ჰქონდა, რადგან კინოკეფალების მოდგმიდან იყო.

სხვა, უფრო გვიანდელი თქმულების მიხედვით, რომელიც კვიპროსზე გავრცელდა, წმინდანი სიყრმიდანვე ულამაზესი ყმაწვილი ყოფილა, მაგრამ ქრისტეანული ღვაწლის მოსურნეს უფლისთვის უთხოვია დაემახინჯებინა მისი სახე, რის შემდეგაც ძაღლის გარეგნობა მიუღია. კონსტანტინოპოლურ სვინაქსარში მითითებულია, რომ წმინდანის მსგავსება ძაღლთან და მისი წარმოშობა კინოკეფალებისა და ანტროფოფაგებისგან (კაციჭამიები) სიმბოლურად უნდა გავიგოთ, როგორც წარმართობაში მისი ცხოვრების სიუხეშისა და მძვინვარების გამოხატულება. ნიკოდიმოს მთაწმინდელის სვინაქსარში კი საერთოდ არაფერია ნათქვამი ქრისტეფორეს მხეცურ გარეგნობაზე, იქ უბრალოდ ნათქვამია, რომ მას ჰქონდა მახიჯნი სახე.

მაგრამ, არსებობს მრავალი ძველი ხატი ქრისტეფორესი, სადაც წმინდანი ძაღლის თავით არის გამოსახული. ერთ-ერთი ასეთი უძველესი გამოსახულება წარმოდგენილია VI-VII საუკუნეების მაკედონიურ ხატზე. წმინდანის სხვა ძაღლთავა გამოსახულება ათენის ბიზანტიის მუზეუმში იმყოფება.



რუსულ ხელოვნებაში წმ. ქრისტეფორეს ხატს ძაღლის თავით გამოსაახავენ XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან და XVII საუკუნეში. უფრო ადრეული მაგალითები ჩვენთვის უცნობია, თუმცა ისინი, როგორც ჩანს, არსებობდნენ: წმინდანის ხსენების თარიღი პირველად გხვდება XI-XII საუკუნეების თვენში. XVII ს.-ის პირველი ნახევრის ხატი, რომელიც როსტოვის მუზეუმში მდებარეობს იმით გამოირჩევა, რომ თან ახლავს შესაბამისი იკონოგრაფიული კომენტარი. ფონის წარწერაზე, ნიმბის ორივე მხარეს ნაუწყებია, რომ წმიდა მოწამე ქრისტეფორე "კინოკეფალების მოდგმისა იყო".

დიმიტრი როსტოველი (†1709) წერდა: "უგუნური ხატმწერები სულელურად წერდნენ წმ. ქრისტეფორეს ხატს და გამოსახავდნენ მას ძაღლის თავით, რაც ზღაპარია და სისულელე" ("Розыск о Брынской вере"). ეს სიტყვები მიმართული იყო ძველმორწმუნეების წინააღმდეგ, რომლებიც წმ. მოწამე ქრისტეფორეს მხოლოდ კინოკეფალურ გამოსახულებას შეიწყნარებდნენ და მას ძველი ღვთისმოსაობის ერთ-ერთ ნიშნად აღიარებდნენ.

XVIII საუკუნეში არაერთხელ დამდგარა საკითხი წმ. ქრისტეფორეს ძაღლის თავით გამოსახვის დაუშვებლობის შესახებ, თუმცა მსგავსი ხატები მაინც იწერებოდა და ვრცელდებოდა. 1707 წელს პეტრე I განკარგულების საპასუხოდ, რომელმაც ბრძანა დაეცვათ ხატწერის ის კანონები, რაც მოსკოვის 1667 წლის კრებაზე იქნა მიღებული, სინოდი მუშაობდა დადგენილებაზე აეკრძალა იმგვარი ხატების დაწერა, რომლებიც "ბუნებას, ისტორიასა და ჭეშმარიტებას" ეწინააღმდეგებოდნენ. წმ. ქრისტეფორეს ხატიც ამგვარი ხატების რიგს განაკუთვნეს. მაგრამ სენატმა მხარი არ დაუჭირა სინოდის დადგენილებას და გასცა რეკომენდაცია არ მიიღონ ცალსახა გადაწყვეტილება იმ გამოსახულებათა წინააღმდეგ, რაც უკვე მრავალი წელია ცნობილია და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ზოგიერთ შემთხვევაში წმ. ქრისტეფორეს ხატს ასწორებდნენ. მაგალითად, იაროსლავლის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში წმინდანის ძაღლის თავი, რომელიც სვეტზე იყო გამოსახული, ადამიანურით შეცვალეს; მაგრამ ადრინდელი ხატის ნაკვალევი დღემდე შეიმჩნევა. სამუზეუმო კრებულებში წმინდანის ძაღლის თავა ხატი გვხვდება არა მარტო XVIII, არამედ XIX საუკუნის ხატებზეც.

Комментариев нет:

Отправить комментарий