понедельник, 8 апреля 2013 г.

იგავები.

კონსტანტინე გამსახურდიას იგავები. 

ჯავშნოსანი და გუდურა.
ერთი ჯავსნოსანი რეიდზე ისვენებდა.

მსუბუქ ღელვას აყოლილი გუდურა ზედ ეხლებოდა ნაომარ გემს, დაუცხრომლად ებღლაძუნებოდა. ამ ამბავს უცქეროდნენ მოსეირნენი და იცინოდნენ უგუნური გუდურას თავხედობის გამო.
"რამ გადაგრია, ძია კაცო, - გადასძახა გზადგავლილმა კატორღამ გუდურას, - ერთი რომ შეგიბეროს, თვალსაწიერს გადაღმა გადაგტყორცნის ეს ჯავშნოსანი".
"ფიქრი არაა, - მიუგო გუდურამ, - ვიდრე ეს გემი ჩემზე ხელის გასვრას დააპირებდეს, ჯავშნოსანთან მებრძოლს შემარქმევს ხალხი".


ძაღლი

მამაჩემს ვენახი ჰქონდა მდინარის გადაღმა, როცა ყურძენი მწიფობაში გადავიდა, დამავალა: ძაღლი გადაიყვანე გაღმა და ვენახში დააბიო.
მთელი ღამე დაუცხრომლად ყეფდა ძაღლი. დღისით ვამჩნევდი: ყურძენს იპარავდა ვიღაც.
მამამ მიბრძანა: ალბათ, ქურდები შემოგვეჩვიენ და დაბმული ძაღლი აბა, რას დააკლებსო მათ, აქებდა კიდევაც ჩვენს ფხიზელ მყეფარს.
მამაჩემის ბრძანებით ძაღლი ავუშვი, გვიან ღამით თოფიანად დავუდარაჯდი ქურდებს. მთვარიანი ღამე იყო და ვნახე: ძაღლი შუაგულ ვენახში შედიოდა, ერთს დაიყეფებდა... მისწვდებოდა ყურძენს, გადასანსლავდა, ისევ დაიყეფებდა...
ამ იგავის მორალი ასეთია: ზოგი კაცი თავათ ჩადის ავკაცობას და თავის დანაშაულის დასაფარავად მამაჩემის ძაღლივით უყეფს გამოგონილ დამნაშავეს.


ბუ და არწივი

ბუმ შეუთვალა არწივს: მოდი დავმზახლდეთ და ქალ ვაჟი ვაქორწინოთო.
დიდი ქორწილი გადაიხადა არწივმა. მოიწვია ბორები, ქორები, მიმინოები, კირკიტები, ჩხიკვები, კაჭკაჭები და ჭოტები. სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა, მაგრამ ერთმა უსიამო ამბავმა ჩაფარცხა საქმე.
დღისით გამართულ ქორწილზე ბუს მართვემ ვეღარ დაინახა თავისი საქმრო, ხოლო ღამით გადახდილ ნადიმზე სიძე არწივს მოერია ძილი.


ბაგრატ მეფე და მეწისქვილე

ბაგრატ მეოთხეს ერთ დიღმელ გლეხს ამსგავსებდნენ თურმე.

ნადიმის დროს ეხუმრებოდნენ კიდევაც ერისთავები მეფეს: ტახტი და გვირგვინი არ წაგართვასო იმ დიღმელმა მეწისქვილემ.
როცა ბაგრატმა მეორეჯერ აიღო ტფილისი, მოიხმო მეწისქვილე ისნის სასახლეში და უთხრა:
"გვირგვინში ხო არ აპირებ შეცილებას, ძია კაცო, ჰა?"
"რიჰთვინ მინდა შენი გვირგვინი, მეფევ ბატონო?"
"როგორ თუ რისთვის?"
შეეკითხა გაოცებული მეფე.
რიჰთვინა და შენ შესაძლოა თავი გადააყოლო მაგ გვირგვინს, მე კი ჩემი დამტვერილი ჩაჩი და ეს გაოხრებული თავი სიკვდილამდის შემრჩებაო.


ჭადარი და კაკალი

ჭადარი და კაკალი წაეკიდნენ.
"შენ რა კაცი ხარ, ყოველ შემოდგომას ხალხი დაგესევა ხელკეტებითა და თავპირს დაგამტვრევენ. მე კი ვდგავარ ცადატყორცნილი და ამაყად გადავცქერი ჩემს ქვემოდ მოფუსფუსე ადამიანებს" , - ეუბნება ჭადარი თავის მეზობელს.
კაკალმა მწარედ გაიღიმა:
"ჰერი ჰა, ნუთუ არ იცი შლეგო, ხელკეტებს მხოლოდ იმას რომ ესვრიან, ვისგანაც ნაყოფს გამოელიან, ამიტომაც ჯერ გიჟის გარდა არავინ მინახავს, ხელკეტს რომ გესროდეს უნაყოფოს, ბერწს".


გულუბრყვილო სპილო

ერთ ტყეში ერთი სპილო ცხოვრობდა სვიანად. ტურები შურის თვალით შესცქეროდნენ მის ბედნიერებასა და ფაშფაშა სხეულს. თანაც ნატრობდნენ: თუ ბედმა მოგვხედა და როგორმე ჩავაძაღლეთ ეგ მუზმუზელა, მთელს ჩვენს ჯილაგს ეყოფაო საძიძგნად.
ერთ დღეს შეგროვდნენ ტურები და თათბირი გამართეს:
რა ვიღონოთ ისეთი, რომ ამ სპილოს მოვუსწრაფოთო სიცოცხლე!
ერთი ახალგაზრდა ტურა წამოდგა და ასეთი რამ სთქვა:
შარშან ერთ სპილოს ყურში ჩავუძვერი, როცა მას არხეინად ეძინა ხეზე მიყუდებულს, ყვრიმალი გამოვსჭამე და მოვკალიო.
თუ მიბრძანებთ ამ სპილოსაც ბოლოს მოვუღებო.
ტურებმა სიცილი დააყარეს მკვეხარას.
ახლა მეორე, უკვე ხანდაზმული და დაბრძენებული ტურა წამოდგა.
მე თუ დამაკისრებთ ამ საქმეს, უთუოდ მოვაშთობო ამ ლეშს. ტურების კრებულმა ერთხმად მიანდო ამ მრავალნაცად ტურას ეს საპატიო საქმე. ბოლოს ეს ტურა წავიდა იმ ტყეში, სადაც სპილო ცხოვრობდა, ფერხთით დაუვარდა, ლიქნა დაუწყო და შეჰღაღადა:
ერთადერთი სათხოვარი მაქვს შენო მეუფებავ შენს წინაშე, მხოლოდ ერთი შემოხედვა მაღირსეო როგორმე...
სპილომ მოწყალების თვალით გადმოხედა ამ დალეულს და ჰკითხა:
ვინა ხარ და საიდან მოთრეულხარო?
ტურამ მლიქვნელურად შესციცინა სპილოს და მოახსენა:
"მე ერთი საწყალი ტურა გახლავართ, ძველთაძველი შენი თაყვანისმცემელი, ამ ტყის ბინადართ მოციქულად წარმომგზავნეს შენთან და შემოგითვალეს: ჩვენ საჭმელიც ბევრი გვაქვს და სასმელიცა, მაგრამ ერთადერთი რამ გვაკლია ცხოვრებაში: სახელდობრ შენებრ სახელოვანი პატრონი. ამიტომაც გემუდარებით: ეგებ გვიკადრო და მობრძანდეთ ჩვენთან, რათა ტყეთა მეფედ აგირჩიოთ დაუყოვნებლივ".
"სად არიან მერმე ის წვრილფეხა მხეცები" - იკითხა სპილომ.
"შენსა მზესა ვფიცავარ, ჩვენო პატრონო, სულ ახლოს, ასიოდე ნაბიჯის მანძილზე", - მიუგო ტურამ.
ქებისაგან თავბრუდასხმული სპილო აცუნდრუკდა, დანდობილად გაჰყვა თავის მეხოტბეს.
იარეს,
იარეს.
იარეს.
სამი ბექობი გადალახეს, სამი ველი გადაიარეს, ბოლოს დაიქანცა სპილო და შეეკითხა მეგზურს:
- რა შორს მიგყავარ, ცანცარავ, ნუთუ ეგ არის შენი ასი ნაბიჯი?
ენამოშაქრული ტურა არ დაიბნა და ლიქნას შეუდგა კვლავ:
"მე ჩემს ნაბიჯს როდი ვგულისხმობდი შენო მეუფებავ, არამედ შენსას, რადგან შენა ბრძანდები უდიდესი არსება ამ ქვეყნად, ამიტომაც დიდი ნაბიჯებით დაბრძანდები."
ბოლოს ლიქნითა და ქებით იმდენი იტყუა და ატარა ის გულუბრყვილო სპილო ტურამ, უკვე შესაღამოვდა, ამასობაში ერთ ჭაობს მიადგნენ კიდევაც, და მოხდა ასე, რომ სწორედ ამ ჭაობში ჩაეფლო სპილო.
როცა ძლიერ მისჭირდა საქმე, ყურებპანტურა გოლიათი შეევედრა თავის მეგზურს:
მიშველეო რამე.
ტურამ უკანალი შეაქცია ლაფში ჩაფლულ სპილოს და უთხრა:
"ახლა ამას გირჩევ, შენო მეუფებავ, ჩემს კუდს მოეკიდო როგორმე ხორთუმით".
ბოლოს ჭაობში ჩაფლულ სპილოს სული ამოძვრა, ხოლო მხცოვანმა ტურამ თავის ჯილაგს შეუსრულა დანაპირები.
ამ იგავის მორალი ყველასათვის ცხადია: სწორედ ქებას დანატრებულთ მოგელით უდიდესი საფრთხე ამ ქვეყნად.

Комментариев нет:

Отправить комментарий