понедельник, 8 апреля 2013 г.

9 აპრილი.


1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის დროს 16 კაცი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი – ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის კი ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა გახლდათ.
ყველაფერი ასე დაიწყო: აფხაზეთში “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” მიტინგებს ატარებდა. ერთ-ერთი აქციის შემდეგ სოხუმისაკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ (მიტინგი ანტიაფხაზური კი არა, ანტიიმპერიალისტური იყო) . 1989 წლის 2 აპრილს ამის გამო სოხუმში გრანდიოზული აქცია გაიმართა, რომელშიც ბევრი აფხაზი მონაწილეობდა. “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტა.

4 აპრილიდან თბილისში საყოველთაო გაფიცვა დღის 3 საათზე დაიწყო, როცა სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სტუდენტების მიტინგი გაიმართა. მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას მოითხოვდნენ. ამავე საღამოს, 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კიდევ ერთი მიტინგი მოეწყო. გადაწყდა, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინათ, საქართველოში დროებითი მთავრობა შექმნილიყო და ავტონომიურო ფორმირებები გაუქმებულიყო. ამის შემდეგ მომიტინგეთა უმრავლესობა მთავრობის სახლისაკენ გაემართა. შედგა ახალი მიტინგი, რომელიც მეორე დილის 5 საათისათვის დამთავრდა, როცა ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა.


5 აპრილს აფხაზეთის პრობლემატიკამ მომიტინგეთათვის მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ორატორთა გამოსვლებში აქცენტი სსრ კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნაზე გაკეთდა. ეროვნული მოძრაობის რადიკალურმა ნაწილმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოგვარდებოდა. მომიტინგეებს თანდათან სხვადასხვა საწარმოებისა და სასწავლებლების წარმომადგენლები უერთდებოდნენ. უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებიც შენობებში მასწავლებლებსა და სტუდენტებს არ უშვებდნენ და გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ. გამოცხადდა, რომ თუ არ დაკმაყოფილდებოდა მოთხოვნა, საქართველო სსრ კავშირის შემადგენლობიდან გამოსულიყო, საყოველთაო-ეროვნული გაფიცვა და მასობრივი შიმშილობა დაიწყებოდა.

7 აპრილისათვის მთავრობის სახლის წინ უკვე საშუალოდ 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ლიდერმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენება ეცნოთ.

მომიტინგეთა მოთხოვნები ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. 8 აპრილს, კრემლის ზეგავლენით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების შეჩერების მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით კი მიტინგის დარბევის იურიდიული საფუძველი შეიქმნა.

8 აპრილსვე დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმა, თითქოს შინაგან სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ მითითება ჰქონდათ მიცემული. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ლიდერების ხელმძღვანელობით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩაკეტვა დაიწყეს. ლიდერები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, არ წასულიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ. მათ ყურად არ იღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის – ილია მეორის მოწოდება სასწრაფოდ დაშლის შესახებ…

დეკანოზი დავითი (დათუაშვილი) : “მთელი უბედურება სწორედ იმაშია, რომ ხალხი ილია II-ს არ გაჰყვა, რადგან პატრიარქი გრძნობს იმას, რაც ჩვეულებრივი ადამიანისათვის მიუწვდომელია. უწმიდესის მოწოდებას არ შეიძლება შეეწინააღმდეგო. პატრიარქის მიმართ ხალხის მოქმედება 9 აპრილს პროტესტი იყო. როცა ასეთი დიდი სულიერი იერარქი გეუბნება, რომ რაღაც უნდა გააკეთო, უსიტყვოდ უნდა დაემორჩილო. ჩვენ ვამბობთ, 9 აპრილის ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, არაფერი შეიცვლებოდაო. და რა შეიცვალა კარგისკენ? არაფერი ხომ?! ასეთი სპონტანურობა გვახასიათებს. ეს არის ჩვენი უარყოფითი თვისება. რომ დაეჯერებინა ხალხს, წავიდოდნენ, სისხლი არ დაიღვრებოდა, მსგავსი არაფერი მოხდებოდა და შესაძლებელია, როგორც პრიბალტიკა გადავიდა ერთი ფორმაციიდან მეორეში ყოველგვარი ზედმეტობების, რევოლუციებისა და საშინელებების, ერთმანეთის კვლის გარეშე, ნელ-ნელა ჩვენთანაც ასევე მომხდარიყო. დაგვეჯერებინა პატრიარქისათვის, გავყოლოდით და იქნებ ჩვენი ბედი სხვაგვარად წარმართულიყო… უფლის ხელში არ არის ყველაფერი?! ღვთის ნებითაა ყოველივე – კარგიც და ცუდიც. როცა მის წინააღმდეგ მიდიხარ, ყოველთვის ელოდე ცუდს…”

9 აპრილის დილისათვის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარის ნაწილები ბრძანების შესასრულებლად მზად იყვნენ. მომიტინგეთა დაშლა საქართველოს მილიციასაც კი არ ანდეს. მოსკოვიდან თვითმფრინავებით საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების 420 ჯარისკაცი გენერალ ეფიმოვის მეთაურობით გამოაგზავნეს. მიტინგის დარბევას ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდალი იგორ როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დამსჯელმა ნაწილებმა მომიტინგეებს ალყა ყველა მხრიდან შემოარტყეს. შეიარაღებულნი იყვნენ სელკეტებით, ორლესული მახვილებითა და მომწამვლელი გაზით.

მთავრობის სასახლის წინ ასეული ჯარისკაცი იერიშით შეიჭრა და მომიტინგეებსა და მოშიმშილეებს შეუბრალებლად დაუწყო ჩეხვა. უმწეო მსხვერპლთ ალესილ ნიჩბებსა და ხელკეტებს უტრტყამდნენ შეძახილებით “სტალინისათვის!”. მიტინგი სულ რამდენიმე წუთში დაიშალა. მოედანზე მხოლოდ საშინლად დასახიჩრებული და ბარბაროსულად მოკლული ადამიანების გვამები დარჩა. 200-ზე მეტი კაცი გაზით მოიწამლა, მრავალი კი – დაიჭრა. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ქიმიური იარაღიც იყო გამოყენებული. ექიმები დაზარალებულებს ვერ ეხმარებოდნენ, რადგან არ იცოდნენ ამ ქიმიური იარაღის შემადგენლობა. სამხედროებმა კი, რა თქმა უნდა, ეს საიდუმლო არ გაამხილეს.

“ამბიონი” 9 აპრილის უშუალო მონაწილეს, ყველასათვის კარგად ნაცნობ ქალბატონს, ლელა ვეფხვაძეს გაესაუბრა.

ლელა ვეფხვაძე: “მიმაჩნია, რომ 9 აპრილი ამაღლებული დღე უფრო იყო, ვიდრე ტრაგიკული, რადგან ასეთი ერთიანი ქართველი ერი მე არ მინახავს. ადამიანებს შორის საოცრად თბილი დამოკიდებულება სუფევდა. მაშინ ქალი თავს ქალად გრძნობდა, კაცი – კაცად. ურთიერთობაც ისეთი ფაქიზი გახლდათ, რომ შეიძლება ცრემლი მოგრეოდათ, რასაც დღევანდელ ვითარებაზე ვერ ვიტყვი. დღეს ხალხი ძალიან აგრესიულია.

რაც შეეხება უშუალოდ 9 აპრილს, იმ დღეს ჩემს გარდა კიდევ სამი უსინათლო მღეროდა: დონარა ცხადიაშვილი, ნაირა კილაშვილი, თინათინ ბირკაძე. ეს პიროვნებები ახლა ცოცხლები აღარ არიან. მიტინგზე ოთხი დღის განმავლობაში დავდიოდით, უმეტესად ღამე, რადგან ამ დროს ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირდათ და, როგორც თვითონ გვეუბნებოდნენ, სიმღერით მათ ძალიან ვამხნევებდით. ჩვენს დანახვაზე ხალხი ინსტინქტურად ორად იყოფოდა და გვატარებდა, რადგან იცოდნენ, იქ მივდიოდით იმისთვის, რომ მათთვის გვემღერა, ძალა მიგვეცა. ეს საოცრად დიდი სიყვარულის პერიოდი გახლდათ. იმ დღესაც, ჩვეულებისამებრ, დიდი ხანი ვიმღერეთ. როდესაც უწმიდესი მობრძანდა და თქვა, საფრთხე რეალური იყო, მომიტინგეების თხოვნით კიბეებზე ავედით. ჯერ გვკითხეს, ხომ არ გვეშინოდა. შიში ახლაც მიუღებელია ჩემთვის და მითუმეტეს, იმ დროს, როცა ახალგაზრდა გახლდით და რისკის ფაქტორიც მეტი იყო. სწორედ მაშინ ვიმღერეთ “შავლეგოც” მერაბ კოსტავას თხოვნით. როცა ტანკების ხმა გაისმა, ვიღაცამ დაიძახა, გოგოებო, დაუკარით, სალაღობო იმღერეთ, მტერს სალაღობოთი შევხვდეთ და ასე დავიხოცოთო. სიმღერა ბოლომდე შევასრულეთ, თუმცა 9 აპრილის კადრებში ეს არ ჩანს, რადგან მიკროფონი გაწყდა. ხალხი რომ კიბეებს მოაწყდა, ძალაუნებურად ჩვენ კედელთან აღმოვჩნდით. წუთით ისიც ვიფიქრე, რომ მოვკვდი, რადგან სუნთქვა გაუსაძლისი გახდა. მაშინდელი მილიციის კორდონს გავყევი და სამშვიდობოს გავაღწიე. საშინელი განცდა იყო. საზარელი ფეხის ხმა ყურში დღემდე ჩამესმის. ვფიქრობ, რომ დაღუპულთა რიცსვი უფრო მეტია, ვიდრე ოფიციალური მონაცემებითაა დადგენილი, რადგან იმ ღამეს I საავადმყოფოში მოვხვდი და იქ გაცილებით ბევრი მიტინგზე დაღუპული ადამიანი მიიყვანეს. ისიც ნამდვილად ვიცი, პარლამენტის წინ რომ აუზია, მის ირგვლივ სულ მიცვალებულები იყვნენ დასვენებული.

სამშობლო ძალიან მიყვარს. იგივე რომ განმეორდეს, მაინც იქ ვიქნები. რომც მცოდნოდა, სიკვდილი მელოდა, მაინც წავიდოდი. ქართველები ძლიერები ვართ. გვილხინს თუ გვიჭირს – ვმღერით და ღმერთმა ერთხელ სალხინოდ გვამღეროს, მე ეს ნატვრა მაქვს და თუ მოვესწრები ამას, ბედნიერი ადამიანი ვიქნები.

დღეს მეტროში ვმღერი და ასე ვირჩენ თავს. ამას სიამაყით ვამბობ. შეიძლება დიდი მომღერალი არ ვარ, მაგრამ ქართულ ხალხურ სიმღერებს ვასრულებ, ანუ სიმღერებს, რომლებიც გულიდან მოდის. ბევრმა ინატროს ის პუბლიკა, რომელიც მე მახვევია გარს. მათგან საოცარ სითბოს ვგრძნობ. ადამიანს მხარში დგომა სჭირდება. საკუთარი ჭერიც კი არ მაქვს, მაგრამ არ ვწუწუნებ. ჩემზე უარეს მდგომარეობაში მყოფებიც მინახავს. მადლობა უფალს, იმის უნარს მაძლევს, რომ ოჯახი შევინახო. ხშირად მეკითხებიან, სახელმწიფო თუ გეხმარება რაიმეთიო… არანაირად. ერთი პერიოდი მეტროშიც კი არ მიშვებდნენ. ბევრჯერ გამიგონია, აი, იმ ადამიანისთვის რომ მიგვეხედა, იქნებ ეცოცხლაო. თუნდაც ჩემს მეგობარს გავიხსენებ… გულის არეში ტკივილი ჰქონდა, რაიმე გამაყუჩებელი მომეცითო, ექიმს სთხოვა, მან კი თქვა: არ მაქვსო, მიტრიალდა და წავიდა. ასეთი აგრესიისა და გაუტანლობის გამო ვისჯებით, ასე მგონია. დალოცვილი უფალიც იმას გვიგზავნის, რასაც ვიმსახურებთ და მერე გვიკვირს, რატომო?! ღმერთმა შეგვაძლებინოს ერთმანეთის გატანა. ეს თუ გადაგვარჩენს და გვიხსნის”.

მოამზადა თათია ნავროზაშვილმა.


http://www.ambioni.ge/9-aprili







Комментариев нет:

Отправить комментарий