четверг, 4 апреля 2013 г.

ქართული კომუნიზმიდან ქართულ თეოკრატიამდე.

`ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ, როგორც არამართლმადიდებლური აღმსარებლობის მქონე ყველა ქრისტიანს, ასევე მაჰმადიანებს, ებრაელებს და ყველას, ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ქვეყანა მშობლიურია.~
ქართველები პათეტიკური ხალხი ვართ. გვიყვარს მუშტ_აღმართული დგომა ქუჩაში, როცა რაიმეს ვაპროტესტებთ; პოლიტიკური ფავორიტების სახელების ენერგიული სკანდირება, პაუზებში _ ქოროთი _ ლოცვის თქმაც და მიტინგზე გამომსვლელთა მოსმენა სანთლებით ხელში. აბა, განა ისეთ მიტინგს მიტინგი ჰქვია, ან პოლიტიკურ განცხადებას პოლიტიკური განცხადება, სადაც ღმერთის, წმინდა სინოდისა და მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით არ მოგვმართავენ? ვუსმენდი პოლიტიკოსებს წინასაარჩევნო პერიოდში და რაკი ისინი, ძირითადად, სწორედ საკუთარ ღვთისმოსაობაზე, ეკლესიურობაზე, ეკლესიებში სიარულზე და საპატრიარქოში ხშირ_ხშირ სტუმრობებზე საუბრობდნენ, გულწრფელად დავეჭვდი: ბოლო_ბოლო პატრიარქს ვირჩევთ თუ პრეზიდენტს? ჩემი შეკითხვა სულაც არ მოგეჩვენებათ რიტორიკულად, თუკი გავიხსენებთ, როგორ იდგა ერთ_ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი სიონის ფონზე და ენერგიულად გვამცნობდა, ღმერთმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება და ჩვენ გავიმარჯვებთო, ხოლო მეორე, კიდევ უფრო გამორჩეული ამ მხრივ, პირდაპირ თავისი სარეკლამო კლიპიდან გვარწმუნებდა _ ჩვენ გვწამს ღმერთი და ჩვენ შეგვწევს ძალაო (?). ვის მიმართავდა ეს ხალხი ასე? ნუთუ ისინი მართლაც ფიქრობდნენ, რომ ეს სპეკულაციურ_ფარისევლური, ყალბი პათეტიკა მათ ამომრჩეველთა ხმებს მოუტანდა? თუ იქნებ ეს მოდაა? რელიგიურ_პოლიტიკური მოდა, რომელიც უეჭველად პოზიტიურად და ამაღელვებლად იმოქმედებს ვირტუალურ ქართველ ხალხზე. სიტყვა `ვირტუალური~ იმიტომ ვიხმარე, რომ უკვე ყველას ჩვეულებად გვექცა ქართველი ხალხის სახელით საუბარი (`ქართველი ხალხი ასე ფიქრობს~, `ქართველ ხალხს ასე უნდა~), რეალურად კი ვერავინ მიგვითითებს, სად არის ეს კოლექტიური `მე~, ერთ პოზიციაზე მდგომი, ერთნაირი გემოვნებისა და შეხედულებების მქონე `ქართველი ხალხი~? ბოლოს და ბოლოს, რიცხვზე მაინც ხომ უნდა შევთანხდეთ, რამდენი ასეთი `ქართველი ხალხი~ არსებობს! შესაბამისად, როგორც ჩანს, პოლიტიკოსთა გარკვეული ნაწილი აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რომ დაკვეთა რელიგიურ_პოლიტიკურ მოდაზე, სწორედ ამგვარი, ერთ_ერთი `ქართველი ხალხისგან მოდის~. ეს სოციალურ_პოლიტიკურ_პატრიოტ
ულ რელიგიური მოდა (მიჭირს ამ ფენომენის ზუსტი დიფერენცირება) მას შემდეგ იქცა პოლიტიკური კეკლუცობის ნორმად, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. თუმცა ოთხმოციანი წლების ბოლოს, ათეისტური სახელმწიფოს მიერ ეკლესიის სამოცდაათწლიანი ჩაგვრის შემდეგ, ეს პათოსი, დღევანდელ დღესთან შედარებით, სულაც არ იყო ასეთი ყალბი, არა_დამაჯერებელი, არა_ბუნებრივი და ფარისევლური, პირიქით, ერის იმდროინდელი ტოტალური გარელიგიურება სწორედ რომ პასუხი გახლდათ რელიგიისა და რელიგიურობის წინააღმდეგ წარმოებულ მრავალწლიან მარქსისტულ ტერორზე. საქართველოს დამპყრობელთათვის ქრისტიანული რწმენა რომ ერთ_ერთი სამიზნე იყო, ეს ისტორიულადაა ცნობილი, მაგრამ რაც ერთმორწმუნე რუსეთმა გვიყო ამ მხრივ, გასაბჭოებამდე ბევრად უფრო ადრე, არც არაბებს, არც მონღოლებს, არც სპარსებს და არც ოსმალებს უქნიათ: ერთმორწმუნე რუსი ეკზარხოსები იყვნენ, თავიანთ ქადაგებებში რომ წყევლიდნენ ქართველ ერს და უნიკალურ ფრესკებს რომ უღებავდნენ თეთრად. ერთი სიტყვით, თავდასხმები ჩვენს ეკლესიაზე მრავალნაირი ყოფილა, მაგრამ ის, რასაც რელიგიურობითა და ეკლესიურობით კეკლუცობა ჰქვია, ვფიქრობ, სწორედ რწმენისადმი ღრმა და არა_ფასადური, არა_ზედაპირული დამოკიდებულების წინააღმდეგ მიმართული ერთ_ერთი ყველაზე ძლიერი და მძვინვარე იარაღია. მართალია, ქრისტიანული თემებისა და სიმბოლიკის კიჩიზაციის პროცესი დამოუკიდებლობის ფაქტობრივ მოპოვებამდე დაიწყო (ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია რელიგიურ_პატრიოტული შინაარსის საეტრადო კლიპები, სადაც ჯინსებსა და უცნაურ პიჯაკებში გამოწყობილი ქართველი საესტრადო მომღერლები _ ეკლესიების ან რაიმე ნანგრევების ფონზე _ თავგამოდებით ცდილობენ შეუთავსებლის შეთავსებას : თანამედროვე სიმღერების იაკობ ხუცესის ენით შესრულებას. დღემდე ყურში ჩამესმის: `მუმლი მუხასაო, დავიიით!~), მაგრამ ღვთისმოსაობით პრანჭვა_თავმომწონეობა სახელმწიფო მოხელეთათვის მას შემდეგ იქცა თითქმის აუცილებელ ნორმად, რაც ხელისუფლებაში ხელახლა მოსულმა კომუნისტებმა საწაულებრივი მეტამორფოზა განიცადეს და როდესაც ტელეკამერების წინ პირველად გადაიწერა პირჯვარი (ერთი კია, ოდნავ უცნაურად) ყოფილმა ცეკას მდივანმა, გიორგით მონათლულმა ედუარდ შევარდნაძემ (ბევრს ლექსიკონიც კი შეეცვალა მაშინ, ხმარებაში შემოვიდა ისტორიულ_პატრიოტულ_აღმატებული ყაიდის სიტყვები. მაგ.: რამეთუ, უკუეთუ და ამგვარი ანაქრონიზმები). სახელდობრ `რამეთუს~ დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ ბათუმი_ქობულეთის მინი_დიქტატორი ასლან აბაშიძეც, რომელიც მართალია ეგზოტიკური `შუმერული~ და ელფების ენისთვის შესაფერისი ქართულით ლაპარაკობდა, მაგრამ რამეთუ_უკუეთუს მაინც არაფრით არ თმობდა. ხსენებულმა ედუარდ შევარდნაძემ კი, როგორც ჩანს, თავისი სასწაულებრივი მეტამორფოზის კიდევ უფრო განმტკიცების მიზნით, ერთხელ, არც მეტი არც ნაკლები, იოსებ (?!) ქრისტეს აღდგომაც მოგვილოცა. ტელეკამერები ტყუილად არ მიხსენებია _ რომელიმე თუნდაც უმნიშვნელო ჩინოვნიკი ტელევიზიით არავითარ შემთხვევაში არ გამოჩნდებოდა, თუკი მას ეკლესიაში სანთლის დანთებისას არ გადაუღებდნენ! ხელისუფლებაში მობრუნებულმა კომუნისტებმა კი, შინაგანად როგორ, არ ვიცი (ეს არც არის ჩემი საქმე), მაგრამ გარეგნულად ნამდვილად მიაგნეს ეფექტურ გამოსავალს: ერთი იდეოლოგია ბუნებრივად ჩაანაცვლეს მეორე იდეოლოგიით (როგორც სტალინმა თავის დროზე, ოღონდ პირიქით) და იმ კაბინეტებში, სადაც უწინ კომუნისტური ღმერთის, ლენინის პორტრეტები ეკიდათ, ახლა მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმული ხატები დაკიდეს. არ მახსოვს, ვინ მისცა პირველად ტელეჟუნალისტებს ხატების ფონზე ინტერვიუ, მაგრამ ეს ღრმად ფარისევლური მოდა რომ დღემდე აქტუალურია, ფაქტია. კაბინეტებში არ არიან შესულები და უკვე მდიდრულ, მოოქროვილ სალოცავს იწყობენ ოთახის რომელიმე კუთხეში და კამერესაც ისე დააყენებინებენ ხოლმე ოპერატორს, რომ რაც შეიძლება უკეთ დაინახოს ტელემაყურებელმა: აი, როგორი წესიერი და პატიოსანია ეს კაცი, აი, როგორ სწამს ღმერთი, ეს რას მოიპარავს, ფულის კეთებას როგორ დაიწყებს! თუ იქნებ ეს სულაც არ არის გააზრებული და ოპერატორსაც თავისთავად, რესპოდენტის მითითების გარეშე მიაქანებს კამერა მოოქროვილი კუთხისაკენ?
ცხადია, რელიგიისადმი სპეკულაციური დამოკიდებულებით მხოლოდ ჩინოვნიკები და ექს_კომუნისტები არ გამოირჩევიან (თუმცა კომუნისტებმა კი მართლაც კარგად იხეირეს მართლმადიდებლობით: ასევე ყოფილი ცეკას მდივნის, ჯუმბერ პატიაშვილის სოიოს ბიზნესი რომ არა, კაცმა არ იცის, რა ეშველებოდა ამდენ მარხვაზე `მჯდომ~ ქართველს), მორწმუნეობით ტრაბახი და ბაქიაობა უკვე ბევრისთვის იქცა ჩვეულებრივ მოვლენად. ამ ტრაგი_კომიკური სოციალური მარაზმის გავრცელების ერთ_ერთ მიზეზად კი ინტელექტის სიმდაბლე შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ღმერთზე და მართლმადიდებლობაზე `სადღეგრძელოების~ მთქმელ, მკერდზე მუშტის მობრახუნე ხმამაღალ მორწმუნეს, ერთხელ მაინც რომ წაეკითხა ოთხიდან რომელიმე ერთი სახარება (თუნდაც ფრაგმენტალურად), ეცოდინებოდა თუ როგორ მოიხსენიება ამ ტექსტებში სხვის დასანახად (და სხვის გასაგონად!) მლოცველი. თემა _ ქრისტიანობა, როგორც თემა და როგორც ცოდნა _ ბევრად უფრო სერიოზულ და პრინციპულ ანალიზს მოითხოვს, მაგრამ თუკი ვსაუბრობთ `საერო_რელიგიურ_სადღეგრძელოებზე~, აქვე უნდა გაგვახსენდნენ ის სასულიერო პირებიც, რომელთაც უზომოდ დიდი გავლენა აქვთ დღევანდელ ქართულ საზოგადოებაზე და რომელთა აზროვნების სტილი (და, შესაბამისად, უშუალოდ ქადაგებებიც), სამწუხაროდ სულაც არ გამოირჩევა განსაკუთრებული დახვეწილობით და რაკი ეს გავლენა აშკარაა (და სცდება ეკლესიის კედლებს), ამიტომაც ვკადნიერდები და ვაძლევ ჩემს თავს ამ თემაზე საუბრის უფლებას. აქედან გამომდინარე, რაკი ყველასთვის ცნობილია თეზა _ რამდენადაც დიდია გავლენა, იმდენად მეტია პასუხისმგებლობაც, უკეთესი იქნებოდა, `ბერები~ _ პირველ რიგში სწორედ ერისთვის სასიკეთოდ _ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ უმთავრეს ფუნქციას და ქრისტიანული ფილოსოფიის დევალვაციასა და გაზედაპირულებას კი არ შეუწყონ ხელი (ზოგ_ზოგიერთი მთელ ქადაგებებს რომ უთმობს ეკლესიაში შარვლით შესული ქალების ლანძღვას, ჯორჯ სოროსის იდუმალი გეგმების გაშიფრასა და `ჰარი პოტერის~ სატანურობის გამოაშკარავებას), არამედ საპირისპირო ამტკიცონ: რომ რწმენის საკითხი სათუთი რამ არის და არა სადღეგრძელო, რომელიც ტრადიციული შეძახილით დასრულდება: `მართლმადიდებლებს გაუმაარ...~ ამ ყველაფერს კი, რაც ასევე სამწუხაროა, თან ერთვის ერთგვარი მართლმადიდებლური შოვინიზმიც და სრულიად აუხსნელი, არსაიდან მოფრენილი შიში იმისა, რომ მართლმადიდებლობას უტევენ. ალბათ, არ არის რელიგია, რომელიც მის წიაღშივე ფანატიზმის აღმოცენების საფრთხეს არ შეიცავდეს, უსაფუძვლო ფობიები კი ფანატიზმის ერთ_ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. `მართლმადიდებლობას ებძვიან!~ `ეკლესიებს ანგრევენ!~ (აქ იგულისხმება ცნობილი აჭარული ეპიზოდი, რომლის შესახებაც მხოლოდ სპეკულაციურ_პოპულისტურ განცხადებებს ვისმენდით, ხოლო გამოძიების ჩატარება, რაც, ვფიქრობ აუცილებელი იყო, ჩემთვის გაუგებარ მიზეზთა გამო არც თავდასხმის ობიექტებმა მოინდომეს და არც თავად თავდამსხმელებმა.) _ ეს პათეტიკა ყველასთვის ნაცნობია, რეალურად კი, იმდენი მოქმედი ეკლესია, რამდენიც დღესაა (ეზოებში გარაჟების მაგიერ, ახლა ან ეკლესიებს აშენებენ, ან საფეხბურთო მოედნებს ხსნიან. უმეტესად კი ორივეს ერთად), საქართველოში მგონი, არასდროს ყოფილა, მორწმუნეთა არმიის შთამბეჭდავ რიცხვზე კი საერთოდ არც ლაპარაკობ. ბრძოლა მაშინ იყო (ღრმა ისტორიული პარალელები რომ არ მოვიყვანო და მხოლოდ მე_20 საუკუნეზე რომ შევჩერდე), უწმინდეს პატრიარქს, ამბროსი ხელაიას რომ აწამებდნენ მეტეხის ციხეში და მართლაც ტოტალურად რომ ანგრევდნენ ძველისძველ ტაძრებს, უფრო აქეთ კი, მანდამაინც რელიგიურ დღესასწაულებზე რომ უშვებდა `ილუზიონი~ კარგ ფილმებს, გატაცებულ თვითმფრინავში არმჯდომ მღვდელს რომ ხვრეტდა ხელისუფლება, ამავე თვითმფრინავის გატაცებისათვის და იმ ხალხსაც, ვინც მაინც ბედავდა და რელიგიურ დღესასწაულებზე დადიოდა, მათზევე მოთვალთვალე `კაგებეშნიკებით~ გადავსებული ეკლესია რომ უხვდებოდა. საფრთხე რელიგიისათვის მაშინ იყო რეალური, თორემ ახლა მაკდონალდსშიც კი გაჩნდა სამარხვო მენიუ და ოსმალების ადგილობრივი სატელეფონო კომპანიის წყალობით, მართლმადიდებელი პატრიარქის ქადაგებების მოსმენაც კია ტელეფონში შესაძლებელი, ხოლო ჟურნალისტებმა ახალი პროფესიაც მოუგონეს ეკლესიაში ჩაწერილ უცხო ინტერვიუებს (ასეთი ინტერვიუები, ძირითადად, შობაზე, აღდგომაზე და რომელიმე წმინდანის ხსენების დღეს იწერება) _ პროფესია `მრევლი~. ასე რომ, საფრთხე სხვაგან ძევს, სხვა სიბრტყეზეა და `მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის~ მიერ ოდესღაც დაგმობილი სატელევიზიო შოუ კი არ არის პრობლემა, არამედ ის ფარისევლურ_პოპულისტური პათოსი და, ვიმეორებ, რწმენის საკითხებისადმი ზედაპირულ_შოვინისტური დამოკიდებულება, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისათვის თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების ერთ_ერთ აუცილებელ ნორმად იქცა.
და ბოლოს, წინასაარჩევნოდ ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ, მაგრამ ერთმა ჩემთვის უაღრესად პატივცემულმა ადამიანმა კი, ნამდვილად გამაოცა (პირველ რიგში კი იმიტომ, რომ უწინ მას თავადაც აღიზიანებდა ამგვარი სპეკულაციური გამოხტომები): წმინდა სინოდი როგორც გვირჩევს, ისეთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ და ვისზეც პატრიარქი მიგვითითებს, პრეზიდენტათაც ის უნდა ავირჩიოთ. ამის პასუხად, პირადად მე, როგორც სწორედ ქრისტიანმა და მართლმადიდებელმა, მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს თეოკრატიულ სახელმწიფოში ცხოვრებისა და სწორედ ჩემნაირი ქართველების სახელით _ და ამ პოპულისტების გასაგონად _ ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს ქვეყანაში მცხოვრებ, როგორც არამართლმადიდებლური აღმსარებლობის მქონე ყველა ქრისტიანს, ასევე მაჰმადიანებს, ებრაელებს და ყველას, ყველა იმ ადამიანს ვისთვისც ეს ქვეყანა მშობლიურია.
 ჟურნალი `ცხელი შოკოლადი~, თებერვალი, 2008.
ავტორი: ლაშა ბუღაძე

Комментариев нет:

Отправить комментарий