среда, 10 апреля 2013 г.

იმპერიის მარწუხებში.

მიხეილ მჭედლიშვილი.


ვისაც ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან რაიმე შეხება ჰქონია, არ შეიძლება მეხსიერებაში სამუდამოდ არ აღბეჭდოდა მიხეილ მჭედლიშვილის შთამბეჭდავი პორტრეტი – დინჯი, აუღელვებელი, კაცთმოყვარე, ალალმართალი, სამართლიანი, პრინციპული, შეუპოვარი, სამშობლოსადმი უზომოდ შეყვარებული, თავისი ქვეყნის ისტორიის არამარტო ზედმიწევნით კარგად მცოდნე, არამედ მოამაგე და ღირსეული დამფასებელი.

მიხეილ მჭედლიშვილი იმ მცირერიცხოვან ადამიანთა უპირველეს რიგშია, ვინც დისიდენტის უმძიმესი გზა უმწიკვლოდ, უანგაროდ, დაუღალავად, უპრეტენზიოდ განვლო სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ბატონი მიხეილი სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოების წევრი იყო მისი დაარსების დღიდან. იგი არცერთ მნიშვნელოვან საკითხს არ ტოვებდა უყურადღებოდ. მისი გამოსვლები იყო ლაკონური, საქმიანი, ანგარიშგასაწევი. სწორედ ამიტომ, მის მოსაზრებებს კონკრეტულ საკითხებზე ყოველთვის ითვალისწინებდა წმ. ილია მართლის საზოგადოების თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია.

ეთერ მგალობლიშვილი

სრულიად საქართველოს წმ. ილია მართლის საზოგადოების ყოფილი წევრი

საქართველო ბოროტების იმპერიის
500-წლოვან მარწუხებში

გამომცემლობა შპს
“ეროვნული მწერლობა“



წიგნი პირველი

  • რუსეთის ორიენტაციის წარმოშობისა და საქართველოს წინაშე რუსეთის როლის არასწორ შეხედულებათა დამკვიდრების მიზეზები

  • რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობისა და მისი შედეგების მოკლე ისტორიული მიმოხილვა (1491-1783 წლები)


წიგნი მეორე

  • ქართული ქეიფი და დროსტარება რუსთაგან საქართველოს დასამარების ჟამს

  • რუსეთის ასიმილატორული პოლიტიკა საქართველოში

  • ილია ჭავჭავაძისა და მის გარშემო შემოკრებილი თერგდალეულთა დასის მამულიშვილური ბრძოლა ქართული ეროვნული მეობის გადასარჩენად

  • ოჩოპინტრე მენშევიკები ხელისუფლების სათავეში – ნაწილი IV

  • საქართველო ბოლშევიკური ტირანიის უღელქვეშ (სტალინი და საქართველო)

  • 1924 წლის სახალხო აჯანყება

  • „ნებაყოფლობითი“ კოლექტივიზაცია სტალინური რეპრესიების თანხლებით

  • 1937 წლის ბარბაროსული ხოცვა-ჟლეტა და ქართველთა ზღვა სისხლი ამ კაცთაკვლაში

  • საქართველო კვლავ პროკრუსტეს ბუნაგში – ხრუშჩოვიდან გორბაჩოვამდე

  • მოსკოვიდან მართული კრიმინალურ-მაფიოზური ძალების მიერ საქართველოს კანონიერი პრეზიდენტის დამხობა და მისი სამშობლოდან გაძევება

  • გარეწართა და მძარცველთა ხროვა ქვეყნის სათავეში



წიგნი „საქართველო ბოროტების იმპერიის 500-წლოვან მარწუხებში“ ისტორიულ-პუბლიცისტური ხასიათის ნაწარმოებია. ნაშრომში უაღრესად პრინციპული პოზიციებიდანაა განხილული დღემდე ნაირფერებით ნაქარგი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორია. ამასთან, წიგნში მხილებულია არა მარტო რუსეთის ვერაგული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, არამედ კრიტიკული პოზიციებიდანაა შეფასებული თვით ქართველი მეფეების ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული დიპლომატიაც, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსპობა და სამი ათასწლოვანი ცივილიზაციის მქონე ქვეყნის რუსეთის პროვინციად გადაქცევა. ამასთან დაკავშირებით, წიგნში გაბათილებულია ირან-ოსმალეთის მხრივ საქართველოს გარდუვალი შთანთქმისა და რუსეთის მიერ მისი დაცვისა და გადარჩენის ყოვლად უსაფუძვლო შეხედულება, რაც რუსული კოლონიალიზმის გამართლებას ემსახურებოდა.

რედაქტორი მანანა ასათიანი.


ავტორისაგან.

საქართველო ჩემი სალოცავი ხატია. არ მასვენებს ფიქრი უბოროტესი მტრის ხელში ჩავარდნილი ჩემი ერის საარსებო მომავალზე. ჩემი გონება დღენიადაგ მხოლოდ ერთ კითხვას დასტრიალებს: გადაურჩება თუ არა საქართველო ჩრდილოეთის ურჩხულს?

ბოროტ ადამიანზე არანაკლებ უნიათო და უთავბოლო ადამიანი მძულს. მითუმეტეს, თუ განგებას ასეთი ადამიანი ქვეყნის სათავეში მოუქცევია და ისიც, უზენაესი უფლების წყალობით, ერის ბედს ისე ათამაშებს, როგორც კამათელს.

ოხ, რა სწორი იყო წინასწარმეტყველის ალღოთი დაჯილდოებული ქართველი ერის დიდი ჭირისუფალი სოლომონ ლეონიძე, ამ სიტყვებით რომ ამუნათებდა (პოეტის თქმით) სახელოვან სარდალს, მაგრამ ამასთან, გულუბრყვილო პოლიტიკოსს, ერეკლე მეორეს. ამიტომ არ შემიძლია, არ გამოვხატო ჩემი ღრმა უკმაყოფილება არა მარტო ერეკლეს მიმართ, არამედ ყველა იმ მეფისადმი, ვინც ჯერ სათავე დაუდო, ხოლო შემდეგ ბავშვური მიამიტობით მიჰყვა ერთმორწმუნეობის პოლიტიკას, რომლის ბოლო შედეგი ის იყო, რომ ქართველი ერი გამოეთხოვა არა მარტო ეროვნულ თავისუფლებას, არამედ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თვით ერის არსებობაც. და ეს მაშინ, როცა სინამდვილეში აღარავითარი მოსპობის საფრთხე არ ემუქრებოდა საქართველოს აღარც ირანისაგან და არც თურქეთისაგან, როგორც ამას შთააგონებენ ქართველ ხალხს დამპყრობელთა სამსახურში მყოფი თანამედროვე ქართველი ისტორიკოსები.

პირიქით, ყველა უბედურება, რაც საქართველოს დაატყდა თავს შაჰაბასიდან დაწყებული, აღა-მაჰმად-ხანით დამთავრებული, გამოწვეული იყო რუსეთის ვერაგული პოლიტიკით, რომელიც მტრად ევლინებოდა თანაბრად, როგორც ირანსა და თურქეთს, ასევე, ამ ქვეყნების წინააღმდეგ ბრმა იარაღად გამოყენებულ, საქართველოსაც. დიახ, ჯერ სისხლისაგან დაგვცალა მოყვრის ნიღბით მოვლენილმა ამ უბოროტესმა მტერმა სპარსოსმალებთან მრავალჯერ დაპირისპირებითა და ასევე მრავალჯერ ზურგშექცევით, ხოლო შემდეგ სამარადისო მონობის უღელი დაგვადგა არაქათგამოცლილებს.

ვერ მომინელებია ჩვენი მეფეების მიამიტობა რუსეთის თვალთმაქცი მონარქების წინაშე, როგორც საბავშვო ბაღის ბავშვებს, ისე რომ ატყუებდნენ მთელი 300 წლის მანძილზე. ამიტომ დროა, მოვეშვათ უსუსურ თავის მართლებას, როცა ჩვენს დაღუპვას მხოლოდ მტერს ვაბრალებთ. სინამდვილეში ჩვენი დაცემა ჩვენივე ბედოვლათობის ბრალია. მტერი ასჯერ რომ მოგატყუებს და მაინც მას მიენდობი, უნდა აღიარო, რომ ბეცი ხარ. და რა სასაცილოდ ჟღერს ამ ფონზე ზოგიერთი ყოყლოჩინა ქართველის სრულიად დაუსაბუთებელი გამონათქვამი, რომ „რუსებს ქვეყნის მართვა არ შეუძლიათო“. მე კი ვიტყოდი, რომ რუსეთის ცბიერ პოლიტიკას ვერც ერთი ქვეყნის პოლიტიკა ვერ შეედრება ვერც წარსულში და ვერც ამჟამად.

განსაკუთრებით გულს მიღარავს ის ფაქტი, რომ თუ საქართველო დაიღუპება, ამაში თვით ქართველებს ედებათ უმთავრესი ბრალი ჯერ რუსეთისადმი განუსაზღვრელ ნდობაზე დამყარებული პოლიტიკით, რაც 1801 წლის ტრაგედიით დამთავრდა, ხოლო შემდეგ 1921 წლის აშკარა გამყიდველობით.

ყოველ ჯალათზე უფრო მეტად შესაზარია მტერს შეკავშირებული მედროვე მწერალი და ისტორიკოსი, რადგან ჯალათმა შეიძლება ერთი ან ორი კაცი დახვრიტოს და ისიც სხვის მიერ გამოტანილი განაჩენით. ჩვენი დროის ზოგი ისტორიკოსი და მწერალი კი (ერთეულების გამოკლებით) მთელ ერს სწამლავს ისტორიული ფაქტების დამახინჯებითა და მტრის მოყვრად გასაღებით, რათა ამ გზით მტრისაგან მადლობა დაიმსახუროს და უზრუნველი ცხოვრება მოიპოვოს.

წინაპართაგან ვეთაყვანები ყველას, ვინც ხმლით და გუთნით, კალმითა და ლოცვა-კურთხევით დღემდე მოიყვანა საქართველო თავისი ენით, კულტურითა და ზნე-ჩვეულებით. თანაბრად პატივს ვცემ ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულ მამულიშვილებს: მეფეებსაც და გლეხებსაც, მთავარსარდლებსაც და რიგით მეომრებსაც, ეროვნული ინტერესების დამცველ ჩვენს სახელოვან მწერლებსაც და სასულიერო პირებსაც, – ერთ ხელში ჯვარი რომ ეჭირათ და მეორე ხელში ხმალი, ერის ზნეობისა და სამშობლო მიწის დასაცავად.

ვინ დათვლის, რამდენი სახელოვანი მამულიშვილი ჰყოლია მუდამ გოლგოთას გზაზე მავალ ჯვარცმულ საქართველოს, მაგრამ ეროვნულ გმირთა და სულიერ მასწავლებელთა ამ დიდი გალერეიდან ყველაზე მეტად მაინც სამ მამულიშვილს ვადიდებ: დავით აღმაშენებელს, შოთა რუსთაველსა და ილია ჭავჭავაძეს. ჩემი აზრით, თუ ქართველ ერს არ სურს აღიგავოს პირისაგან მიწისა, ეს „სამება“ უნდა ჰყავდეს მთავარ სალოცავ ხატად, როგორც ოლიმპოს მწვერვალზე მდგომი ღმერთები, და მათი საქმეებითა და იდეური მრწამსით უნდა სულდგმულებდეს. და ბოლოს, ჩემი ნატვრაა: არ მოვკვდე ისე, რომ არ ვნახო ბოროტების იმპერია დანგრეული, ერის ინტერესებით მოვაჭრე ყოველი დროიძე საფლავიდან ამოთხრილი და ქაჯთა ტყვეობიდან თავდახსნილი საქართველო. ხოლო, თუ ჩემს ნატვრას არ უწერია აღსრულება ჩემს სიცოცხლეში და ქართველი ერის განთავისუფლების საკითხი მომავლის საქმეა, მაშინ იმ იმედით მაინც მინდა წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ჩემს საფლავზე მოვლენ ჩემი თანამოაზრენი და ჩამომძახებენ: გიხაროდეს, ქრისტე აღსდგა, განთავისუფლდა შენი სათაყვანებელი საქართველო – ამინ!

„აწ რომ ავი არ ვაძაგო

კარგი როგორ უნდა ვაქო?

ავს რომ ავი არ ვუწოდო,

კარგს სახელად რა დავარქო?“

დავით გურამიშვილი .

http://iberiana.wordpress.com/m-mchedlishvil/

Комментариев нет:

Отправить комментарий