среда, 10 апреля 2013 г.

მაცხოვარი და ღვთისმშობელი სპარსულ პოეზიაში

მაგალი თოდუას თარგმანების ახალი კრებული.



წიგნის გარეკანზე გამოსახულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული მე-17 საუკუნის სპარსული მინიატურა: მუჰამედი ბორაყით (ვირტუალური ცხენით) მიფრინავს იესო ქრისტეს საფ­ლავის თაყვანსაცემად. წიგნში კი, რომლის სახელწოდებაა "მაცხოვარი და ღვთისმშობელი სპარ­სულ პოეზიაში" და რომელიც გამომცემლობა "არტანუჯმა" გამოსცა, შესულია მაგალი თოდუას მი­ერ თარგმნილი სპარსული პოეზიის ნიმუშები მე-9 საუკუნიდან მე-20-მდე.

ჩვენი სტატიის მიზანი არ არის იმის ახსნა, თუ რას ნიშნავს ბორაყი სპარსულ ხელოვნებაში, რა­ტომ აქვს მას ქალის სახე, რატომ აქვს მუჰამედს სახე ცეცხლის ალით დაფარული, ანდა რა გრაგნი­ლები უჭირავთ ხელში ანგელოზებს. ჩვენ იმ პოეზიის ნიმუშებზე გვინდა მოგიყვეთ, სადაც იესო და მარიამი მხატვრულ სახეებად იქცნენ და იმის ახსნას შევეცადოთ, რამ გამოიწვია ეს მოვლენა ისლამურ ხელოვნებაში.

წინამდებარე კრებული მესამე, შევსებული გამოცემაა. პირველად იგი შვიდი წლის წინ გამოიცა, რასაც საფუძვლად ედო მაგალი თოდუას მეცნიერული კვლევა.

"ქრისტე და ღვთისმშობელი ყურანშიც არის მოხსენიებული, ეს იცოდნენ ლიტერატორებმაც და იცის საზოგადოებამაც, მაგრამ როდესაც გელათის აკადემიაში სპარსული პოეზიის კურსის კითხ­ვა დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ამ თემაზე ჩვენი მეცნიერები ფოკუსირებულნი არ ყოფილან, არც კვლევები არსებობდა და არც შესაბამისი პოეზიის თარგმანები. კვლევისას გაირკვა, რომ რუდაქი­დან მოყოლებული, აიათოლა ხომეინის ჩათვლით (რომელიც, სხვათა შორის, შესანიშნავი პოეტი იყო, მისი ლექსები სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა), უამრავ პოეტს აქვს სათუთი დამოკიდებუ­ლება ქრისტესა და ღვთისმშობლისადმი. ასევეა არაბულ და თურქულ პოეზიაში, თუმცა კი, ნაკლე­ბი დოზით, განსხვავებით ქართული საერო პოეზიისგან, სადაც გურამიშვილის გარდა, იესო ქრის­ტე პოეტური სახედ არსად გვხვდება," - ამბობს მაგალი თოდუა.

სპარსულ პოეზიაში იესოსა და მარიამის სახეთა კვლევა ("ისა-ნამე" ანუ "იესოს წიგნი", როგორც მა­გალია თოდუა უწოდებს) 4 ტომად არის ჩაფიქრებული, რომლის პირველი ტომი სპარსულ ენაზე 2002 წელს გამოიცა და მასში შესულია 600-მდე პოეტის შემოქმედება. სულ მალე კი, ირანის საელ­ჩოს მხარდაჭერით, გამოვა მეორე ტომი, სადაც მკვლევარი უკვე იმის ახსნას ცდილობს, რამ განაპი­რობა სპარსი პოეტების ესოდენ დიდი ინტერესი იესოს სახისადმი და რატომ დადგა ქრისტე ადა­მის, მოსეს, იაკობის გვერდით.

ირანელ მეცნიერთა რჩევით, მაგალი თოდუამ ნაშრომს ინგლისური ტექსტი დაურთო, ხოლო საკუ­თარი ინიციატივით - ქართული.

სპარსული პოეზია ბიბლიურ პატრიარქებს - ადამს, მოსეს და იაკობს თუ მოკვდავებად მიიჩნევს, იესოს უკვდავს უწოდებს, საუბრობს მის ჯვარცმაზე და იმაზე, რომ იგი არ მომკვდარა, არამედ მე­ოთხე სფეროშია დავანებული, იქ, სადაც მზეა და მეორედ მოსვლის დროს ის შეეწევა ადამიანებს. რასაკვირველია, მკვლევარიც და სპარსი პოეტებიც შორს არიან რელიგიური ახსნებისგან. მაგრამ მა­ინც დგას კითხვა: რატომ მოიხიბლა სპარსული პოეზია იესოს პერსონით?

მაგალი თოდუა: "შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს, რომ ყურანში მოხსენებული იესო პოეტების­თვის საყვარელი პერსონაჟი გახდა, მაგრამ თუ გავიხსენებთ იმას, რომ მთელი სპარსული პოეზია არის სუფიური ანუ ნეოპლატონური, რომლის მიხედვით, ჩვენ ვართ უფლის ემანაცია, რომელსაც აქვს უნარი, ამაღლდეს და დაუბრუნდეს ისევ ღვთაებას; მაგრამ თუკი ქრისტიანული სწავლებით ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრებით უფალთან მისვლა, სუფიზმი მიიჩნევს, რომ ადამიანს აქვს სა­შუალება, 12 საფეხურის გავლის შემდეგ, რომლის დროსაც კარგავს ხორციელ არსებობას, არათუ მივიდეს უფალთან, არამედ გაითქვიფოს მასში, ანუ ღმერთდ იქცეს. ქრისტე აღმოჩნდა იდეალუ­რი მოდელი ისლამის მოაზროვნეებისათვის - ღმერთი, რომელიც ჩამოვიდა, იცხოვრა, ივნო და აღ­დგა. ერთ-ერთი აპოკრიფის მიხედვით, როდესაც გაბრიელ მთავარანგელოზს იესო უფალთან მიჰ­ყავს, მას დაავალეს ენახა, მიწიერი არაფერი გაჰყოლოდა თან. მთავარანგელოზმა იესოს ტანსაცმ­ლის გვირისტში აღმოაჩინა ნემსი, რაც მას, როგორც ადამიანს, ტანსაცმლის დასაკერებლად სჭირ­დებოდა ხოლმე. ამის გამო გაჩერდა იესო მეოთხე, ანუ მზის სფეროში. ცალკე კვლევის თემაა მზი­სა და ქრისტიანული კულტურის ურთიერთობის საკითხი. ასეა თუ ისე, სპარსი პოეტები მუჰა­მედს კი არ სთხოვენ სათხოვარს, არამედ იესოს; მიაჩნიათ, რომ ის იხსნის მათ ანტიქრისტესაგან. მათ იესოს თემაზე უამრავი მხატვრული სახე შექმნეს."

მე-16 საუკუნის პოეტი ფუზული მინდორში ჯეჯილის ღელვას ადარებს მარიამის კალთაში მწოლა­რე იესოს თამაშს. ხოლო მე-19-20 საუკუნის მიჯნის პოეტი ადიბ ფარაჰანელი ვარდის კოკორის გა­მოსვლას ღვთისმშობლის ფეხმძიმობას ადარებს და ულამაზეს სურათს ხატავს: "იცის კოკორმა, წი­თელი ვარდი უზის ბუტკოში, და გამოსულა, თითქოს უბიწო იყოს ქალწული და მაცხოვარზე იყოს ორსულად."

სპარსული პოეზიის კვლევისას დაგროვილი თარგმანები ამ სამიოდე წლის წინ მაგალი თოდუამ ერთ ტომად შეკრა და 6 ეგზემპლარად გამოსცა, წინასიტყვაობის დართვით, ერთი - ირანის პრეზი­დენტის ბიბლიოთეკას უსახსოვრა, ერთი - საქართველოს პრეზიდენტისას, ორი - ეროვნულ ბიბ­ლიოთეკას, ერთიც - ირანისტ შვილიშვილს, ხოლო ბოლო ეგზემპლარი თავისთვის დაიტოვა. ირა­ნის საელჩომ მეცნიერს შრომა არ დაუკარგა და სპარსული პოეზიის ნიმუშები ორ ტომად გამოსცა, სადაც ნიზამის "ლეილ მაჯნუნის" სრული ვერსიის და ფირდოუსის "შაჰ-ნამეს" გარდა, შესულია შაჰიდ ბახელის, რუდაქის და მისი თანამედროვე, მე-9 საუკუნის პოეტი ქალის, ყაზდარ-შაჰის ასუ­ლის რაბიას ლექსები, ასევე ნასერ ხოსრავის, ომარ ხაიამის, ნიზამი განჯელის, ხაყანი შირბანე­ლის, საადი შირაზელის, ჯალალ-ედ-დინ რუმის, ჰაფეზის, ფუზულის, მე-19 საუკუნის კიდევ ერ­თი შაჰის ასულის - მახფის, ხომეინის და სხვათა შემოქმედება.

აღნიშნული კრებულისათვის 2010 წელს მაგალი თოდუა ირანის მთავრობის საერთაშორისო პრე­მიით დააჯილდოეს, რომელიც შაჰის დაარსებულია და 10 წელიწადში ერთხელ მსოფლიოს საუკე­თესო ირანისტს გადაეცემა ხოლმე.

ჩვენ კი, ვისაც დღეს ხელთ გვაქვს "არტანუჯის" გამოცემული კრებული, ქრისტიანებისათვის ცოტა უცნაური სათაურით "მაცხოვარი და ღვთისმშობელი სპარსულ პოეზიაში", ერთი უბრალო რამის თქმა შეგვიძლია - ხელოვნებას შესწევს ძალა, სამყარო გააერთიანოს და გვაჩვენოს ის ისეთად, რო­გორადაც შემოქმედმა ჩაიფიქრა და განახორციელა.

http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2012-01-17/24148.html

Комментариев нет:

Отправить комментарий