понедельник, 8 апреля 2013 г.

მეცნიერება და რელიგია.II

„ღვთაებრივ კომედიაში" პოეტს, დანტე ალიგიერს, ჯოჯოხეთისა და განსაწმენდელისაკენ მიაცილებს ვირგილიუსი, - განსახიერება ადამიანური ცოდნისა. მაგრამ როგორც კი სამოთხის ზღურბლს მიადგებიან, ვირგილიუსი დასტოვებს დანტეს და სამოთხის ზღურუბლს მიღმა, ღმრთაების შუქმფენ სინათლეში უკვე ბეატრიჩეს (რელიგიის განსახიერებას) შეჰყავს. მხოლოდ შინაგანი რელიგიური გამოცდილება დაგეხმარებათ, გადააბიჯოთ იმ ზღურბლს, რომელიც მოვლენასა და არსს შორის აუცილებლობასა და თავისუფლებას შორის არსებობს. მე ვარ გზა და ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ, - ამბობს ქრისტე (ინ. 14,6). ამ რელიგიურმა გამოცხადებამ ბევრს გაუმხილა და გაუმჟღავნა რეალური, უშუალო არსებობა ღმრთისა, ვის თანამყოფობასაც კარნახობდათ აზრიც, სილამაზეც და საკუთარი არასრულყოფილების შეგნებაც. და ასეთ დროს, ნათელი და ცხადი ხდება, რომ რელიგია მეცნიერებას არ უპირისპირდება და რომ რელიგია მამოძრავებელია მეცნიერებისა. ჩვენ იმ „რელიგიის" შესახებ არ ვსაუბრობთ, რომელმაც კოცონზე დაწვა ჯორდანო ბრუნო, რადგან იმავე „რელიგიამ" დაწვა იან ჰუსიც (პასტორი) მაშასადამე „ის რელიგია" არამარტო მეცნიერებას, არამედ თვით რელიგიასაც ებრძოდა.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენი დებულება სწორია ფსიქოლოგიურად, - შემეცნების ფსიქოლოგიის თვალსაზრისით. ჩვენ შევეჩვიეთ აზრს, თითქოსდა ცოდნა ძლიერია რწმენაზე, რომელიც რელიგიის საფუძველს წარმოადგენს. მაგრამ სინამდვილეში ცოდნას სწორედ რწმენა ანიჭებს ძალას. ცოდნისადმი რწმენის გარეშე ცოდნა მკვდარია. შეიძლება იცოდეთ, რომ თვითმფრინავს შეუძლია გაფრენა, მაგრამ თუ თქვენ ამაში დარწმუნებული არა ხართ, ვერასოდეს გადაწყვეტთ მასში ჩაჯდომას. ცოდნა იმისა, რომ შეგიძლიათ თქვენი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიუყენებლად ნიშადურის სპირტით გაწმენდილი ხელი გამდნარ ტყვიაში ჩაყოთ, ამის გაკეთებას მაინც ვერ გადაგაწყვეტინებთ, თუ ამ ცოდნაში დარწმუნებული არა ხართ, და ეს მაშინ, როცა ქარხნის მუშები ხელს ყოველდღიურად სწორედ გამდნარ ტყვიაში განიბანენ.

ეს მით უფრო ითქმის მორალური ხასიათის ცოდნაზე, რომელიც გმირობისაკენ, რისკისა და მსხვერპლგაღებისკენ მოგვიწოდებს და ჩვენგან ნამდვილ სრულყოფილ რწმენას მოითხოვს, ე.ი. იმ რწმენას, რომელსაც რელიგიური რწმენა ჰქვია: რამეთუ, უვარგისია ის ზნეობრიობა, რომლისადმი ჩვენი დამოკიდებულებაც არარელიგიურია (თავისთავად ცხადია ისიც, რომ რელიგია, რომელიც არაზნეობრივია, საერთოდ არ წარმოადგენს რელიგიას). მხოლოდ რელიგია ანიჭებს ზნეობრივ ნორმებს ნორმალურ, აბსოლუტურ სანქციას, და მხოლოდ მაშინაა ზნეობრივი ნორმები ღმრთის აბსოლუტური და არა ფარდობითი მცნებები.

რელიგია მეცნიერებას იმ აზრითაც ამოძრავებს, რომ იგი კვლევა-ძიების სულისკვეთების წამახალისებელი, წამქეზებელი და გამღვიძებელია. ეს მართებულია ქრისტიანობასთან მიმართებაში. ყველაფერი გამოსცადეთ; მისდიეთ კეთილს, - ამბობს პავლე მოციქული (1 თეს. 5,21). გამოიკვლიეთ წერილნი, - ასეთია ქრისტეს აღთქმა (ინ. 5,39), რელიგიის ძალა სწორედ იმაშია, რომ ის სიცოცხლისადმი, ბუნებისადმი, ადამიანისადმი სიყვარულს აღვიძებს და მათ მარადიული, წარუვალი აზრის სინათლით ასხივოსნებს. „ანატომიის მუზეუმში ძვლებმა ჩემთვის სიცოცხლე შეიძინეს", - განაცხადა სტუდენტმა-მედიკოსმა მას შემდეგ, როდესაც ცოცხალი წყლის წყაროს ქრისტეში მიაკვლია. გწყურია ამ სამყაროს შეცნობა, რომელიც ბრმა და შემთხვევით შეხამებას კი არ წარმოადგენს სტიქიათა, რომელთაც განადგურება მოაქვთ, არამედ - განსაცვიფრებელ კოსმოსს - ღმერთის შესაცნობად გადაშლილ წიგნს!

რელიგია იმიტომ ამოძრავებს მეცნიერებას, რომ რელიგიურ გამოცდილებაში ჩვენ კონტაქტს ვამყარებთ მარადიულ გონთან, სამყაროს ხმასთან. ვისაც უყვარს ღმერთი, მიცემული აქვს ცოდნა მის მიერ (1 კორ. 8,3). იქნებ ამიტომაც არიან დიდ აღმოჩენათა და გამოგონებათა ერთი ნაწილის ავტორები ის პირები, რომლებიც ერთდროულად დიდი მეცნიერებიც იყვნენ და დიდი ქრისტიანებიც. გავიხსენოთ ბერი გუტენბერგი, რომელიც უდიდესი სურვილით იწვოდა, რადაც უნდა დაჯდომოდა ბიბლიის მასობრივად გასავრცელებლად უფრო ფართო საშუალებისათვის მიეკვლია (მის მიერ დაბეჭდილი პირველი წიგნი სწორედ ბიბლია გახლდათ). და გავიხსენოთ ნიუტონიც, რომელსაც იშვიათი უნარი გააჩნდა, კეთილკრძალულებით მიეყურადებინა ბუნების პროცესებისათვის იქ, სადაც სხვები ხიდან ვაშლის ჩვეულებრივ ჩამოვარდნას ხედავდნენ მხოლოდ. თვით გულმოდგინე კვლევა-ძიების თვისებებიც - თავდადებული, მუხლჩაუხრელი შრომა, საბოლოო შედეგის რწმენა, თავმდაბლობა - უპირატესაც მაინც რელიგიის პროდუქტებს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ამპარტავანი გონებისათვის დამახასიათებელმა დედუქციამ (კერძო დასკვნათა ზოგადიდან გამოყვანა), რომელიც ცდილობს ყოველივე წინასწარ არჩეულ, წინასწარ მიღებულ დებულებას დაუმორჩილოს, მეცნიერება XVIII საუკუნის უნაყოფო რაციონალიზმამდე მიიყვანა, ინდუქციამ (ზოგადი დასკვნის კერძო ფაქტებიდან გამოყვანა) - ფაქტების მორჩილმა მიღებამ - მეცნიერების აღორძინებასა და წინსვლას შეუწყო ხელი. ეს იყო რაციონალიზმიდან ემპირიზმისაკენ შემობრუნება ბეკონის დროს, რომელმაც წინა პლანზე წამოსწია ინდუქტიური მეთოდი და ბუნების მორჩილი კვლევა, ბუნებისა, რომელიც მისდამი მორჩილებით მარცხდება.

მეცნიერება რელიგიის გარეშე, - „ცაა მზის გარეშე". ხოლო რელიგიის შუქით მადლფენილი მეცნიერება ზეგარდამო შთაგონებული აზრია, რომელიც კაშკაშა სინათლით განკვეთს ამა ქვეყნის წყვდიადს.

მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, არ ივლის ბნელში, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი (ინ. 8,12), - ასე ამბობდა ქრისტე. და ახლა ჩვენთვის უკვე გასაგებია, მეცნიერთა ცხოვრებაში რელიგია რატომ ასრულებს ესოდენ მნიშვნელოვან როლს. პროფესორმა დენერტმა 262 ცნობილი საბუნებისმეტყველო მეცნიერის (მათ შორის, დიდ მეცნიერთა) შეხედულებები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ მათ შორის მხოლოდ 2% იყო არარელიგიური, 6% - გულგრილი და 92% - გულმხურვალე მორწმუნე (მათ შორის, მაიერი, გაუსი, ეილერი და სხვები).

ახლახანს ინგლისურ ენაზე გამოვიდა წიგნი „თანამედროვე მეცნიერთა რელიგიური მრწამსი". წიგნის ავტორმა 133 ცნობილ ინგლისელ და ამერიკელ მეცნიერს დაუგზავნა წერილობითი კითხვარი, რომელიც სულ ორი პუნქტისაგან შედგებოდა:

1. ქრისტიანული რელიგია ეწინააღმდეგება თუ არა მეცნიერებას?

2. მოცემული პირი იცნობს თუ არა იმ მეცნიერებს, რომლებიც ამ წინააღმდეგობას აღიარებენ?

კითხვარის ავტორმა რელიგიისათვის სასურველი 116 პასუხი მიიღო, დანარჩენებმა ან არ უპასუხეს, ან თავიანთი პოზიცია ბუნდოვნად და გაურკვევლად დააფიქსირეს. პირველთა შორის გვხვდება ისეთი სახელები, როგორებიცაა ტომსონი, ოლივერი, ლოჯი და სხვები. მორწმუნე ქრისტიანთა შორის დასახელდნენ ისეთი მეცნიერები, როგორებიც არიან ფარადეი, ომი, კულონი, ამპერი, ვოლტი, რომელთა სახელებიც უკვდავყოფილია ფიზიკაში, როგორც საზოგადო სახელები ცნობილ ფიზიკურ ცნებათა გამოსახატავად და აღსანიშნავად. ვინ არ იცნობს გენიალური მათემატიკოსის პასკალის რელიგიურ ენთუზიაზმს, პასკალისას, რომელმაც დაწერა საოცარი „აზრები რელიგიის შესახებ". ურიგო არ იქნება, თუ ზოგიერთი მეცნიერის რელიგიურ შეხედულებებსაც გავიხსენებთ. გალილეი (1564-1642 წწ.) - ფიზიკოსი და ასტრონომი წერდა: „წმინდა წერილს არავითარ შემთხვევაში არ შეუძლია ბოროტებას გვასწავლიდეს ან ცდებოდეს, - მისი გამონათქვამები აბსოლუტურია და უცილობლად ჭეშმარიტი!"

ქიმიკოსი ბოილი (1626-1691 წწ.): „ბიბლიასთან შედარებით ყველა ადამიანური წიგნი, თვით ყველაზე საუკეთესონიც კი, იმ პლანეტებს ჰგვანან, რომლებიც თავის შუქსა და ნათებას მზისგან იღებენ" (დენერტი).

ქიმიკოსი და ფიზიოლოგი პასტერი (1822-1895 წწ.): „იმდენად, რამდენადაც ვაზროვნებდი, ვსწავლობდი და ვიკვლევდი, ამიტომ შევინარჩუნე რწმენა... მაგრამ უფრო მეტი რომ მეფიქრა, მეტი მეღვაწა, მევი მეცნიერებანი შემესწავლა, მაშინ ალბათ ისეთი მორწმუნე გავხდებოდი, როგორიც ბრეტონელი გლეხი ქალია".

ფილოსოფოსმა და მათემატიკოსმა ნიუტონმა (1643-1727 წწ.) დადებითი რწმენა სასწაულებისა და წინასწარმეტყველებათა მიმართ აპოკალიფსისა და დანიელ წინასწარმეტყველის წიგნების განმარტებაში გამოხადა.

გენიალური ექიმი-ჰუმანისტის ნ.ი.პიროგოვის ნაშრომები, როგორც მედიცინის, ისე პედაგოგიკის სფეროში დღემდე კლასიკურ ნაშრომებად რჩება... რელიგიის მიმართ პიროგოვის დამოკიდებულებას თანამედროვე მწერლები და მეცნიერები გულმოდგინედ მალავენ. პიროგოვის თხზულებებიდან მოვიტანთ „გადამალულ" ციტატებს: „მე რწმენის განყენებული, მიუწვდომელად მაღალი იდეალი მჭირდებოდა. და როდესაც შევუდექი სახარების კითხვას, რომელიც არასოდეს არ მქონდა წაკითხული, ამ დროს კი უკვე 36 წლის ვიყავი, მე ეს იდეალი სახარებაში ვიპოვე".

„რწმენას მივიჩნევ ადამიანის ფსიქიკურ უნარად, რომელიც მას ცხოველისაგან ყველაზე მეტად განასხვავებს". „ჩვენთვის მისტიციზმი გარდუვალად აუცილებელია: იგი სიცოცხლის ერთ-ერთი ბუნებრივი მოთხოვნილებათაგანია".

„ინდივიდუალური პიროვნებისა და მისთვის დამახასიათებელი ყველა თვისების განვითარება, - აი, ჩემის აზრით, ჩვენი ტელესკოპი საუკუნის სნეულებათა წინააღმდეგ, საუკუნისა, რომელიც დასასრულისკენ იხრება".

„გვწამს, რომ ქრისტეს მოძღვრების უმთავრესი იდეალი, თავისი მიუწვდომლობის გამო, მარადიული იქნება და მარადიულად მოახდენს ზეგავლენას სულებზე, რომლებიც მშვიდობას ღმრთაებასთან შიაგანი კავშირით ეძებენ. ჩვენ იოტისოდენადაც კი არ გვაეჭვებს ისიც, რომ ეს მოძღვრება ჩაუქრობელ შუქურად დარჩება ჩვენი პროგრესის უსწორმასწორო გზაზე".

„ქრისტიანული სარწმუნოების იდეალის მიუწვდომელი სიმაღლე და სიწმინდე მას ჭეშმარიტად მადლმოსილ მოძღვრებად ხდის. ეს მჟღავნდება უჩვეულო მყუდროებით, მშვიდობითა და სასოებით, რომელიც მორწმუნის მთელ არსებას მსჭავალავს, და - მოკლე ლოცვებითა და საუბრებით ღმერთთან და საკუთარ თავთან".

პიროგოვი თავის დღიურში ამტკიცებს, რომ მას სწამს და აღიარებს ქრისტიანულ სარწმუნოებას ზუსტად ისე, როგორც იგი მართლმადიდებელის ეკლესიის მიერ არის გადმოცემული.

ფრანგი ექიმი ფლერი თავის წიგნში „სულის პათოლოგია" აცხადებს: „მაგრამ ბუნებისმეტყელებითი მეცნიერების გარდა არსებობს თეოლოგიაც, რომელსაც საკუთარი ხერხები გააჩნია, და რომელთა მეშვეობითაც იგი გარკვეულ ჭეშმარიტებებს ამტკიცებს... რელიგიასაც, მეცნიერებასაც თავთავიანთი მეთოდები და სფეროები აქვთ. მათ შესანიშნავად შეუძლიათ გვერდი-გვერდ არსებობა და თავიანთი დანიშნულების შესრულება", - პროფესორი ფლერი. „სულის პათოლოგია". თ.4, § 5.

ფსიქიატრმა მერჟევსკიმ თავის სიტყვაში - „პირობები, რომლებიც ხელს უწყობენ ნერვულ და ფსიქიკურ დაავადებათა გავრცელებას რუსეთში და მათი შემცირების ღონისძიებათა შესახებ", - საკუთარი დამოკიდებულება ქრისტიანობის მიმართ შემდეგნაირად გამოხატა (გვ.12): „დამთრგულნველი და დამაბეჩავებელი გარემო პირობების საპირისპიროდ, რომლებიც ესოდენ ხშირად ნოყიერ ნიადაგს ქმნიან ფსიქოზების წარმოსაქმნელად, მატერიალური ყოფის გაუმჯობესებისა და ზნეობრივი დონის ამაღლების გარდა, უნდა განვავითაროთ კეთილშობილური მისწრაფებები, რომლებიც გააუმჯობესებენ შეგრძნებათა ტონუსს და ადამიანს დასაყრდენს შეუქმნიან მრავალი საცდურის, განსაცდელისა და დაცემის წინააღმდეგ არსებობისათვის ბრძოლის პროცესში. ეს მისწრაფება გულისხმობს ბედნიერებაზე (ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით) იდეალურ ცნებათა და წარმოდგენათა განხორციელებას, რომლებიც პრაქტიკულმა ფილოსოფიამ გამოიმუშავა. ეს ცნებები სამი სახისაა. ერთ-ერთი ამ ცნებათაგანი ჩვეულებისამებრ არის რწმენა, რწმენა იმისა, რომ ბედნიერება შესაძლებელია მომავალ ცხოვრებაში, მიღმიურ არსებობაში; ესაა ცხოვრების მიერ ტანჯულთა, დამაშვრალთა და დამცირებულთა ერთადერთი იმედი, ესაა - რელიგიის, და განსაკუთრებით კი, ქრისტიანული რელიგიის მიერ მინიშნებული თავშესაფარი, ყველა ტანჯვისა და სიმწარისათვის, რომლებისთვისაც, სამწუხაროდ, არ არსებობს სამედიცინო წამლები".

ფსიქიატრი კოვალევსკი თავის თხზულებას „იესო გალილეველი" შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „მომავალი დროის სერიოზულ და არც თუ ისე იოლ ამოცანას წარმოადგენს ის, რომ ქრისტიანული რელიგიისა და მეცნიერების (ცოდნის) საწყისების შერიგება მოხდეს. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იქნება თეოლოგების, ნატურალისტებისა და სოციოლოგების ხანგრძლივი ერთობლივი მეგობრული მუშაობა. იმედი ვიქონიოთ, რომ ცოდნა და რწმენა ღირსეულ კავშირს მიაღწევენ და ადამიანს ნუგეშსა და მშვიდობას მიანიჭებენ".

ადრე ფსიქიატრი პ.ი.კოვალევსკი ამბობდა: „ქრისტიანი ბავშვების რელიგიურ-ზნეობრივი აღზრდა აუცილებლად სახარებისა და ახალაღთქმისეული წმინდა ისტორიით უნდა იწყებოდეს. (გვ. 184). (პ.ი.კოველევსკიმ მოახერხა გზა სკოლის ღარიბული, თითქმის ღატაკური გარემოდან უნივერსიტეტის რექტორობამდე გაეკაფა).

კერძო პათოლოგიისა და თერაპიის პროფესორი, შილტოვი უბრალოდ კი არ საუბრობს, არამედ პირდაპირ იბრძვის რელიგიისათვის თავის წიგნებში: „აზრები ღმერთკაცზე", „ეთიკა და რელიგია ჩვენი ინტელიგენციის წრეში", „უღმერთოთა შორის".

აი, პროფესორ-ფსიქიატრის კრაფტ-ებინგის სიტყვებიც: „ყოველდღიურ ცხოვრებაში წვრილმანი, უმნიშვნელო მღელვარებებისადმი ყურადღების მიქცევის უნარი ტოლფასია სერიოზული დამოკიდებულებისა მძიმე ცხოვრებისეული განსაცდელებისადმი, როდესაც ადამიანი ნუგეშს ფილოსოფიისა და რელიგიის უმაღლეს საწყისებში პოულობს. ეს ან ბუნების უიშვიათეს ნიჭთაგანია, ანდა თვითაღზრდის ძვირფასი ნიჭი. ბედნიერია ის, ვინც ცხოვრებისეული ტალღებისაგან გადარჩენის საიმედო ღუზას რელიგიაში მიაგნებს".

დოქტორი პიასეცკი შემართებით იბრძვის ქრისტიანული რელიგიისათვის თავის ბროშურაში: „გარეგანი და შინაგანი გამოცდილება ქრისტიანულ რელიგიაში", „ქრისტიანული მარხვა სამედიცინო თვალსაზრისით", „კონფლიქტები თანამედროვე ინტელიგენციის სულიერ ცხოვრებაში", „ჰიგიენა და ქრისტიანობა", „კრიზისები და პრობლემები სულისა და სხეულის ჰიგიენის სფეროში".

რელიგიას უცხოელ ფსიქიატრთაგან მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო დოქტორმა ლ.ა.კოხმა თავის შესანიშნავ წიგნში „ადამიანის ნერვული ცხოვრება", თავში „ნერვულ დაავადებათა მიზეზები" (გვ. 163) ვკითხულობთ: „სულის ღმრთისაგან გაუცხოებაა უდიდესი ბოროტება. მასში, როგორც ცალკეულ პირთათვის, ისე საზოგადოებისათვის მწიფდება ყველაზე შხამიანი და მწარე ნივთიერება, რომელიც ნერვებს ანადგურებს". მომდევნო თავში: „ნერვულ დაავადებათა მკურნალობა" (გვ.204) დოქტორი კოხი წერს: „სად პოულობს სული ძალას, წინაღუდგეს იმას, რაც მას თავს ატყდება და ნერვებს ემუქრება? საიდან იღებს იგი იარაღს, თავისი ძლევამოსილი თავდაცვისათვის? როცა მას უკვე მიაყენებენ ჭრილობას, რა ეხმარება, რომ არ დაეცეს და თავისი თავი და თავისი ნერვები დაიცვას და დაიფაროს? ერთადერთი პასუხი ის არის, რომ ვერაფერს ვერ მიაღწევ, ვერაფერს ვერ შეძლებ რელიგიის ანუ ღმრთისადმი პიროვნული დამოკიდებულების გარეშე. ჩვენი საუკეთესო ძალები სწორედ რელიგიის წიაღშია".

ქვემოთ, იმავე გვერდზე ვკითხულობთ: „მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელსაც სასოება აქვს უფლის მიმართ, მრავალი იმედგაცრუების გადატანას შეძლებს, შეძლებს მრავალი მძიმე შეგრძნებისა და განსაცდელის გამკლავებას, რომლებიც ჯერ მის ფსიქიკაში აღწევენ, შემდეგ კი ამ უკანასკნელიდან - ნერვებში; რომ რელიგიური ადამიანი არ ემონება და არ ემორჩილება იმას, რაც ურწმუნო ადამიანს ემუქრება და საფრთხეს უქადის. უკიდურეს შემთხვევაში, იგი ზურგს აქცევს იმას, რისკენაც ურწმუნო ადამიანი მიილტვის და მიისწრაფვის და რომ ამგვარად, რელიგიის მოქმედება მრავალი თვალსაზრისით, მრავალი მიმართებით პროფილაქტიკურია". შემდეგ, 206-ე გვერდზე ვკითხულობთ: „დაე, სწამდეთ ან არ სწამდეთ, მაგრამ ის კი უდავოა, რომ რელიგიის ზემოქმედება, მისი ზეგავლენა არა მხოლოდ ცაკლეულ პირთათვის, საერთოდ ყველასათვის ნერვულ დაავადებათაგან საუკეთესო დამცავ საშუალებას წარმოადგენს".

იმ ნერვულ ავადმყოფებს, რომელთაც მცდარი და დამახინჯებული წარმოდგენების მიზეზით, სამწუხაროდ, არასწორი დამოკიდებულება აქვთ ყველაფრისადმი, და სხვათა შორის, რელიგიისადმიც, რასაც ისინი, საბოლოო ჯამში, სასოწარკვეთილებამდე მიჰყავთ, კოხი შემდეგი სიტყვებით მიმართავს:

„ო, საბრალო, საბრალო ადამიანებო, ფსიქოპათიის უღელქვეშ მყოფნი, გზას რომ ასცდით, გზიდან რომ გადაუხვიეთ, როგორი დახმარების მიღება შეგეძლოთ, რომ გცოდნოდათ, თ რაშია თქვენი მშფოთვარე, თქვენი თვითგამანადგურებელი და სულმოკლე აზრების მიზეზი. თქვენ ფიქრობთ, რომ ღმერთი ყველაფერს გააკეთებდა თქვენი სიკეთისათვის, თქვენ თავადვე რომ არ ვნებდეთ იმას, რაც უკვე მოწყობილი და მოწესრიგებულია.

თქვენ ფიქრობთ, რომ მას უკვე აღარ შეუძლია სიყვარულით იყოს განწყობილი თქვენს მიმართ, რათა შეგეწიოთ და დაგეხმაროთ თქვენივე ნებით არჩეულ გზაზე; თქვენ მეტისმეტად დიდ, გაზვიადებულ მნიშვნელობას ანიჭებთ საკუთარ თავს, და მეტისმეტად დამცრობილსა და უმნიშნველოს - ღმერთს! ო, რამდენად დიდსულოვანია თქვენთან შედარებით უფალი; თავადვე არ უწყით, ჭეშმარიტია კი ის გზა, რომელიც აირჩიეთ. თქვენ შლით და ფიტავთ თქვენს ძალას, რომელმაც უნდა წარგმართოთ, აიძულებთ რა მას, განუწყვეტლივ უკან იხედებოდეს იმისკენ, რაც უკვე წარსულშია, რაც უკვე წავიდა და რაც უნდა წასულიყო კიდევ. თქვენ საჭიროდ აღარ თვლით, ამოირჩიოთ, რაკი სხვებს დაუთმეთ თქვენი არჩევანის უფლება. ღმერთი ძლევამოსილია, - თავისი ძალაუფლებით ის მართავს თქვენს სამყაროსაც. ისაა ერთადერთი, ვისაც ყველაფრის გამოსწორება შეუძლია. ის მიგიძღვით თქვენ და დანარჩენ ადამიანებსაც იმ გზით, რომლისკენაც მიგითითებთ, და ესაა სწორედ ჭეშმარიტი გზა. სუსტი, უმწეო შვილი - მაინც შვილია მისი, და თქვენს უძლურებასაც კი, საბოლოო ჯამში, საკუთარი მიზნისაკენ წარმართავს. ჩვენ არ ვმართავთ სამყაროს. ჩვენ უნდა გვწამდეს ღმრთისა, გვწამდეს უფრო მეტად, ვიდრე ვინმესი, ვიდრე დედის, ან მამის, ვიდრე ავადმყოფი გულისა, რომლის განკურნებაც მას სწყურია. ღმერთი უხმაუროდ სპობს იმას, რასაც (ჩვენს საწინააღმდეგოდ) ვქმნით, რათა ზეციური, ღვთიური სინათლე ვიხილოთ".

ფრანგი დოქტორი ლორანი თავის ბროშურაში „სულის მედიცინა" ამბობს: „ჭეშმარიტად, წმ. საიდუმლოებებთან ზიარება - უდიდესი მაკურნებელი საშუალებებია სულისა და სხეულისათვის. ესაა უდიდესი ნუგეში ტანჯულთა და მწუხარეთათვის. იგი სულს ამაღლებს და გულს სიხარულითა და იმედით აღავსებს".

ცნობილი ასტრონომი კეპლერი თავის ნაშრომს ასტრონომიაში ამთავრებს ლოცვით, რომელშიც ღმერთს მადლობას სწირავს იმისათვის, რომ მან ბუნების სიდიადე გაუმხილა და გამოუცხადა.

ჩვენს ცნობილ ფიზიკოსს ცინგერს ფიზიკის კურსის დასასრულს მოაქვს სიტყვები წიგნიდან „სიბრძნე სოლომონისა": მან (ე.ი. ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება... (7,17)

ამ სტრიქონების ავტორმა მოახერხა, მოცემულ პრობლემასთან დაკავშირებით შეკითხვებით მიემართა არაერთი რუსი მეცნიერისათვის და ისეთი ავტორიტეტებმა, როგორებიც არიან ფილოსოფოსები ა.ი.ვვედენსკი, ანატომი ლისენკოვი, ფილოსოფოსი ნ.ო.ლოსკი, ფიზიოლოგი ოგნევი და მრავალმა სხვამ, სრულიად გარკვევით და არაორაზროვნად ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიცია ბიბლიისა და ქრისტიანობის სხვა ძირითად ჭეშმარიტებათა სასარგებლოდ, ვთქვათ, ისეთი ჭეშმარიტებებისა, როგორებიცაა ქრისტეს ღმერთკაცობა და მისი აღდგომა.

რელიგიური რწმენა თავს იჩენს თვით ისეთ მეცნიერებთანაც კი, რომელთაგანაც ეს მოსალოდნელი არ არის. ასეთ მეცნიერთა რიცხვს მიეკუთვნება დარვინი: „მე არასოდეს ვყოფილვარ ათეისტი შემოქმედის ურყოფის თვალსაზრისით". „პირველი უჯრედისათვის სიცოცხლე შემოქმედს უნდა შთაებერა".

როდესაც დარვინს სტუმრად ეწვია ცნობილი ბუნებისმეტყველი უოლესი, იგი იძულებული გახდა მიღებას დალოდებოდა, რადგან დარვინის ვაჟმა უთხრა, რომ მამამისი ამ დროს ლოცულობდა.

მე-19 საუკუნის 30-იან წლებში დარვინი გახლდათ ცეცხლოვან მიწაზე, იგი დათრგუნა ადგილობრივ მკვიდრთა ზენ-ჩვეულებების ხილვამ და გაცნობამ, სურათმა, რისი ტიპიური გამოხატულებაც იყო გარყვნილება, შვილთმკვლელობა, ადამიანთა მსხვერპლშეწირვა. რამდენიმე წლის შემდეგ იგი კვლავ ესტუმრა ამ ქვეყანას. და რა? ველურთა ზნეობას წარმოუდგენელი ფერისცვალებ განეცადა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ნაყოფი იმ ქრისტიანული მისიისა, სახარებისა სახელითა და ღმრთის სიტყვის ძალით ზემოთ ხსენებული ფაქტები რომ აღხოცა. მას შემდეგ, სიცოცხლის ბოლომდე, დარვინს ამ მისიის წევრობა არ მიუტოვებია და, ამავე დროს, აქტიურ შემომწირველთა შორისაც ითვლებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი კითხულობდა პავლე მოციქულის ეპისტოლეს ებრაელთა მიმართ და აღფრთოვანებას ვერ ფარავდა, მისივე გამოთქმით, ამ სამეუფო წიგნის მიმართ.

კიდევ შეიძლებოდა მეცნიერთა ცხოვრებიდან მრავალი მსგავსი მაგალითის მოყვანა, მაგრამ ესენიც სავსებით საკმარისია იმისათვის, რათა დავინახოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი „ნახევარცოდნა" გვაშორებს და გვაუცხოებს ღმრთისაგან. თუ ეს ტალანტები და გენიოსები, რომლებიც მეცნიერებას ამოძრავებენ, „რწმენის კაცნი" იყვნენ, რატომ არ შეგვიძლია ვიყოთ უკანასკნელნი, რომლებიც მეცნიერული თვალსაზრისით მარტოდენ მათ სუსტ მოწაფეებს წარმოადგენენ?

დიდ მეცნიერებს მორჩილად და თავმდაბლად მიაქვთ თავიანთი გვირგვინები ღმრთის ტახტის წინაშე, თაყვანს სცემენ მას. მოსკოვის საუნივერსიტეტო ტაძარში ვნების შვიდეულში უცნაურად გარდაიცვალა ცნობილი გონეკოლოგი, პროფესორი სინიცინი: მან დიდი მეტანია გააკეთა და ასაკოვანი მეცნიერი ამ მდგომარეობაში დარჩა... შემდეგ გაარკვიეს, რომ ის იმ წუთში გარდაიცვალა, როცა მეცნიერის სული „მუხლს იდრეკდა" ზეციური მეუფის წინაშე, ვისაც მიუძღვმა კიდევ მან თავისი უკანასკნელი ამოსუნთქვა.

არც ის არის გასაკვირი, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ჩნდება ქრისტიანული სტუდენტური მოძრაობები, რომელთა წევრებიც ცხოვრებაში მეცნიერებისა და ქრისტიანული რელიგიის გაერთიანებას ესწრაფვიან. ამ მოძრაობას დიდად უწყობდა ხელს ცნობილი ბიოლოგი, ჰენრი დრუმონდი, რომელიც თავისი ღრმა ლექციებით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა სტუდენტებზე სწორედ იმიტომ, რომ მის პიროვნებაში ჰარმონიულად იყო შერწყმული ბრწყინვალე მეცნიერული განსწავლულობა და ქრისტესადმი მხურვალე რწმენა!

ქრისტიანი სტუდენტი - სრულიად ნორმალური, ბუნებრივი მოვლენაა, როგორ უცნაურადაც არ უნდა ეჩვენებოდეს ეს ტრადიციულად მოაზროვნე სტუდენტობას, რომელიც რელიგიას ჩამორჩენილი ადამიანების ხვედრად მიიჩნევს და შიშობს, რომ რელიგია შეუთავსებელია თავისუფალ აზროვნებასთან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ განსწავლულ ადამიანს არამარტო ძალუძს, არამედ აუცილებლადაც უნდა სწამდეს ღმრთისა. დიდი სწავლულები, რომლებიც ჩვენთვის მეცნიერების სფეროში ავტორიტეტებს წარმოადგენენ, შეიძლება ნიმუშები იყვნენ რელიგიის სფეროშიც და ამიტომ

Не ограждайся гранью тесной,
Огней духовных не туши,
Свободомыслие совместно
С религиозностью души.

ვაშა იმ სტუდენტებს, რომელთაც შეუძლიათ, სძლიონ ტრადიციული ცრურწმენების შემოტევას და უგულებელყონ, უარი თქვან ცრუ სირცხვილზე ჭეშმარიტების სახელით, ან როგორც რუსულ სტუდენტურ სიმღერაში მღერიან:

Слава, кто истине служит,
Истине жертвуют всем!

ყოველი სპეციალისტი იმის გამო, რომ მუდმივად თავისი სპეციალობითაა დაკავებული, გარკვეულად ვიწრო ჰორიზონტის მატარებელი ცალმხრივი ადამიანი ხდება. ცოდნის ასეთ ცალმხრივობასა და ზოგადი, ფართო განსწავლულობის უკმარისობას ძირითადად მექანიკურ მსოფლმხედველობასთან მივყავართ (მედიცინის პროფესორი შილტოვი).

რა უნდა მოიმოქმედონ მათ, ვინც ჭეშმარიტებას თვით ჭეშმარიტებისთვის ეძებენ, ვინც სიცოცხლეს ეძებენ? პირველი მეცნიერული ამოცანა მარტივია და უბრალო: გამოიკვლიეთ წერილნი (ინ.5,39), გაეცანით სახარების შინაარსს, გამოიკვლიეთ სერიოზულად, კეთილსინდისიერად, ღმრთის უარმყოფელი წინასწარშემუშავებული და წინასწარმიღებული აზრის გარეშე. და თქვენ იხილავთ სინათლეს, რომელიც შუქს მოჰფენს და გაასხივოსნებს ყველა პრობლემას, ყველა მოთხოვნილებას, მთელს სულს, მის ჭრილობებსა და წყლულებს. სახარებაში და სახარების მეშვეობით ადამიანი ხედავს საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ისაა სინამდვილეში და ისეთს, როგორიც უნდა იყოს, როგორიც უნდა გახდეს მომავალში. მაგრამ სიხარულის მომნიჭებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელსაც სახარება იძლევა, არის ხარება, არის ცოდნა მაცხოვრის შესახებ, რომლის წყალობითაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ისეთები, როგორებიც გვსურს ვიყოთ ჩვენი უმაღლესი და უმწვერვალესი მისწრაფებებით.

და აი, აქ აუცილებელია, გარდუვალია მეორე ნაბიჯის გაკეთება - მოდით, - რათა გქონდეთ სიცოცხლე!

წყლის ქიმიურმა ფორმულამ შესაძლოა დააკმაყოფილოს გონების წყურვილი, მაგრამ მას არ ძალუძს, მოგვიკლას ის წყურვილი, რისთვისაც თვით წყალია საჭირო. ჩვენ გვჭირდება არა ღმერთის არსებობის მტკიცება და დასაბუთება, არა ღმრთის იდეა, არამედ თვით ღმერთი, ცოცხალი, მოყვარული, მოწყალე ღმერთი. და ბოლოს და ბოლოს, ღმრთის არსებობის დამტკიცება თავად ღმერთს შეუძლია თავისი არსებობით, ადამიანის სულში თავისი შემოსვლით!

მახსენდება პროფესორ ოგნევთან საუბარი, რისი მიზანიც იყო - ოგნევთან, როგორც სპეციალისტ-ბუნებისმეტყველთან, (დარვინიზმთან დაკავშირებული) ზოგიერთი კერძო დებულების გარკვევა. როდესაც სიტყვა რელიგიაზე ჩამოვარდა, ის უჩვეულო შთაგონებით ალაპარაკდა: „ჩემთვის რელიგია - სულიერი ცხოვრებაა, რომელიც ქრისტეს მეშვეობით გვენიჭება... მაგრამ ერთადერთ რამეზე მწყდება გული, რომ მქონდა ისეთი პერიოდი, როდესაც ამ სულიერ ცხოვრებას მე არ ვიცნობდი". ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მას ცრემლები მოადგა. მარტოოდენ ცოდნამ ჩვენ შეიძლება მწიგნობრებად, თეორეტიკოსებად, ჰამლეტებად გვაქციოს, რომელთაც ხელეწიფებათ მსჯელობა, მაგრამ არა - შექმნა და შემოქმედება. ისევე როგორც რწმენა, რომელმაც არ იცის, რისი სწამდეს, რომელსაც არ გააჩნია ქრისტეში განცხადებული ნათელი ხატი ღმრთისა, - ბრმაა რწმენაა. ასეთმა რწმენამ, შეიძლება აღაფრთოვანოს დონ-კიხოტი, მაგრამ... ქარის წისქვილებთან საბრძოლველად.

ჩვენ გვჭირდება ცოცხალი ცოდნა და ნათელი რწმენა, და მხოლოდ მათი სინთეზი და განუყოფელი კავშირი მოგვცემს შემოქმედებითი ცხოვრების შესაძლებლობას, რამეთუ ცხოვრებას რწმენით ფრთაშესხმული ბრძენი ადამიანები ქმნიან.

Комментариев нет:

Отправить комментарий