понедельник, 8 апреля 2013 г.

მეცნიერება და რელიგია.III

ქრისტიანული მორალის ჰუმანიზმზე

სახარება, რომელიც ადამიანისა და მისი პიროვნების ღირსების შესახებ ყველაზე ამაღლებული სწავლებისგან შედგება, ამავე დროს, გამორჩეულად მაღალი მორალის შემცველიცაა.

სახარება ჭეშმარიტად წარმოადგენს უმაღლესი ჰუმანიზმის გამოცხადებას. ჰუმანიზმი ანუ ადამიანებისადმი, კაცობრიობისადმი სიყვარული ბუნებრივად გამომდინარეობს სახარებიდან. ამასთან, სახარებისეული მორალი (ათეისტების განმარტების მიხედვით) ხშირად სრულიად სახეშეცვლილი სახით წარმოგვიდგება ხოლმე. ის, რაც სახარებისეული სწავლების მიხედვით, დაუშვებლად, დანაშაულად, ცოდვად მიიჩნევა, ათეისტები ქრისტიანული მოძღვრების საფუძვლად წარმოაჩენენ. იმას, რასაც სახარება უმაღლეს სათნოებად მიიჩნევს, ათეისტები სახარებასთნა შეუსაბამო, შეუთავსებელ და უცხო ელემენტად წარმოადგენენ. ამის გამო, ადამიანებს, რომლებიც სახარებას არ კითხულობენ, თავისდაუნებურად ქრისტიანულ რელიგიაზე სრულიად მცდარი, დამახინჯებული და უკუღმართი შეხედულება უყალიბდებათ, დაახლოებით ისეთი, როგორიც ექნებოდა ადამიანს, ხელთ რომ ნეგატივი ჰქონოდა, მაგრამ ეფიქრა, რომ მის წინაშე შუქჩრდილის ნამდვილი გამოსახულებაა.

ხშირად ამტკიცებენ, თითქოსდა რელიგიური მორალი ზოგადი, საერთო რელიგიური მორალის შესაბამისად, ადამიანზე გაბატონებული ძალებისადმი მორჩიელბას უქადაგებს, თითქოსდა სიწმინდეთმკრეხელობად აცხადებს ცხოვრებისადმი აქტიურ დამოკიდებულებას, უზნეობად მიიჩნევს ექსპლუატაციისადმი წინააღმდეგობას და უმაღლეს ზნეობრივ იდეალს მორჩილებაში ხედავს. ზოგჯერ საუბრობენ, თითქოსდა ქრისტიანული მორალი აგებულია ინდივიდუალიზმის პრინციპზე: „ყველა - თავისი თავისთვის, მხოლოდ ღმერთია ყველასათვის", და რომ, მაგალითად, ყველაზე ზნეობრივია არა ის, ვინც საკუთარ სიცოცხლეს გაიღებს მსხვერპლად, ვთქვათ, ბავშვის ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოიყვანს, არამედ ის, ვინც მორჩილად ლოცულობს იმისათვის, ვინც იღუპება და მისი სიცოცხლის გადასარჩენად თითს თითზე არ დააკარებს. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სწორედ რომ პირიქითაა.

ზოგჯერ სახარებას ბრალს სდებენ, თითქოს იგი შრომის უარყოფისა და მცონარებისაკენ მოგვიწოდებს და რომ თითქოს ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებისაკენ სწრაფვა, მათი კეთილდღეობისა და კულტურის ამაღლება, ყოველმხრივი სწრაფვა როგორც ფიზიკური, ისე გონებრივი განვითარებისაკენ, რელიგიური მორალის თვალსაზრისით, აღნიშნავს ზნეობრივ სრულყოფაზე სრულ უარის თქმას, რასაც შედეგად სულის დაღუპვა მოჰყვება. მაგრამ სინამდვილეში სწორედ ყოველივე ამის წინააღმდეგ არის მიმართული სახარება.

ზოგჯერ ჩვენს ქრისტიანულ მორალს ცილს სწამებენ, თითქოსდა იგი, სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს მტკიცე, სიცოცხლისუნარიანი ოჯახის შექმნის გზაზე და რომ სიუვიცეს, უკულტურობასა და სულიერ სიღატაკეს მიიჩნევს იგი ჭეშმარიტი სარწმუნოების მთავარ ნიშნად. მაგრამ ეს იმდენადვე არ ჰგავს სიმართლეს, რამდენადაც შავი - თეთრს. ჩვენს წინაშეა ტიპიური „ნეგატივი", რომელშიც დადებითის ნაცვლად ყველგან უარყოფითია დასმული. ყოველივე ამის დაჯერება მხოლოდ მათ შეუძლიათ, რომელთაც არასოდეს წაუკითხავთ სახარება. მაგრამ იმდენად, რამდენადაც ამჟამად სახარების შოვნა არსად არ შეიძლება, ამიტომ აქ სახარებისეულ სწავლებად ურცხვად და თამამად ცხადდება ის, რასაც სახარებასთან არანაირი შეხების წერტილი არ გააჩნია. სახარება უმაღლეს ზნეობრივ იდეალს ადამიანებისადმი სიყვარულში ხედავს, - ეს მთელს სახარებას მსჭვალავს. ამავე დროს, სახარება წარმოადგენს ცხოვრებისადმი აქტიური დამოკიდებულებისაკენ მოწოდებას, მოწოდებას ადამიანის მიერ ადამიანის ყოველგვარი ექსპლუატაციის მოსპობისაკენ.

მორჩილებას რაც შეეხება, სახარება გვასწავლის, რომ სწორედ ძლიერებმა უნდა დაიმორჩილონ საკუთარი თავი, დაიმორჩილონ თავი თვისი თანამოძმეთა მიმართ და საკუთარი სიცოცხლე ადამიანთა მოდგმისადმი მსახურებას მიუძღვნან, რის თვალსაჩინო ნიმუშსაც თვით იესო ქრისტე წარმოადგენს.

ქრისტიანული მორალი ყოველმხრივ შეურიგებელია ინდივიდუალიზმთან. ამის დასტუად ოდითგანვე ყველა მართლმორწმუნეს შორის გავრცელებული ანდაზაც გამოდგება „ყველა - ერთისათვის, ხოლო ღმერთი - ყველასათვის", რისი საპირისპირო მნიშნველობით გადაკეთებაც სწადიათ. არ არსებობს ინდივიდუალიზმზე რაიმე უფრო უცხო სახარების სწავლებისათვის.

ქრისტეს მოძღვრების თანახმად, ზნეობრიობის უმაღლეს გამოვლინებას ადამიანის გადარჩენისათვის მზადყოფნა წარმოადგენს: არავისა აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს (ე.ი. საკუთარ სიცოცხლეს) თავისი მეგობრისათვის (ინ. 15,3). ესაა ქრისტეს ჭეშმარიტი სიტყვები, რომელნიც ქრისტიანული მორალისა და ადამიანებს შორის ქრისტიანული ურთიერთდამოკიდებულების საფუძველია, ესაა სიტყვები, ყოველ ქრისტიანს ბავშვობიდანვე რომ აქვს გათავისებული.

ზოგჯერ ქრისტიანულ რელიგიას ადანაშაულებენ, თითქოსდა იგი სოციალური უსამართლობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, თითქოსდა მას ადამიანები დედამიწაზე სულის გამარჯვების შესაძლებლობისადმი ურწმუნოებისაკენ, უიმედობისა და სასოწარკვეთილებისაკენ მიჰყავს, თითქოსდა იგი მონობის, პასიურობისა და უმწეობის იდეოლოგიას ნერგავს, და რომ იგი თითქოსდა ურწმუნო თუ სხვა სარწმუნოების წარმომადგენელთა მიმართ მტრობის სულისკვეთებას ავრცელებს. რა თქმა უნდა, ყოველივე ეს სრული სიცრუეა. ქრისტიანული რელიგია ყოველთვის წინააღმდეგი იყო ყველანაირი სოციალური უსამართლობისა. მთელი სახარება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების იდეითაა გამსჭვალული! ამ ბრძოლაში სწორედ სახარება გვაიარაღებს რწმენით. იგი მოგვიწოდებს ადამიანური ნების შეგნებული და თავისუფალი გამოვლინებისაკენ, გვასწავლის და გვიქადაგებს ადამიანის ზნეობრივი თავისუფლების შესახებ. სახარება გახლავთ წინასწარი უწყება და გამოცხადება ადამიანური პიროვნების გამორჩეული და განსაკუთრებული ღირსებისა და ღირებულების შესახებ. სახარება გამორიცხავს ყველანაირ მტრობას სხვა აღმსარებლობათა წარმომადგენლებისა თუ ურწმუნო ადამიანების მიმართ!

ზოგჯერ ცდილობენ, ქრისტიანულ სწავლებას ყველა ადამიანის სიყვარულის გამო ცრუ ბრალდება წაუყენონ, თითქოს ასეთი სწავლება ჩვენი სამშობლოს მტრების სიყვარულისაკენ მოგვიწოდებს. ეს უაღრესად საშიში და აშკარად ყალბი პოლიტიკური ბრალდებაა. ადამიანს, რომელიც რელიგიური მორალის საკითხების მიმართ გულგრილია, ამ მორალის, როგორც ასეთის, შესახებ მსჯელობამ შეიძლება არც დააინტერესოს, მაგრამ ის ბრალდება კი, რომელსაც პოლიტიკური და აშკარად ანტიპატრიოტული ხასიათი ენიჭება, უსათუოდ დააინტერესებს. ანტიპატრიოტიზმის ბრალდებამ, შესაძლოა, ეკლესიისადმი გააუცხოოს ნებისმიერი პირი, ვისაც თავისი სამშობლო უყვარს. ეს საკმაოდ ძველი და ნაცადი ხერხია. ჯერ კიდევ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, როცა წარმართობა მასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აწარმოებდა, ყველაზე ძლიერ და ქმედით ბრალდებად ქრისტიანებს იმას უყენებდნენ, რომ ისინი „ძალაუფლებასა და სახელმწიფოს საფრთხეში აგდებდნენ". როდესაც მათ ვერ შველოდათ იაფფასიანი ცილისწამების სხვადასხვა ხერხები (ცილისწამება - გარყვნილებაში, ფანატურობაში, ულმობლობაში, თვით ათეიზმშიც კი), როდესაც ვერ შველოდათ ხმების გავრცელება, რომ თითქოსდა ქრისტიანები თაყვანსსცემენ სახედრის თავს (არადა, ასეთი ვერსიაც ვრცელდებოდა, და ადამიანებს სჯეროდათ მისი, რადგან სახარება ხელმისავწდომი არ იყო საკითხავად, ამავე დროს, მთელი ქრისტიანული მწერლობა სასტიკად ნადგურდებოდა), აი, მაშინ კი მიმართავდნენ პოლიტიკური ხასიათის ცილისწამებას და ქრისტიანებს ბრალსდებდნენ ანტისაზოგადოებრივ და ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულობებში. ასე მაგალითად, ნერონის დროს რომის დაწვაში ქრისტიანები დაადანაშაულეს (სინამდვილეში კი რომი თვით ნერონის ბრძანებით გადაწვეს), ადანაშაულებდნენ სახელმწიფო ღალატშიც!

ყველამ, ვინც ეს უკანასკნელი ომი გადაიტანა, კარგად უწყის, როგორ კოლოსალურ სამუშაოს აწარმოებდა ჩვენი რუსული მართლმადიდებელი ეკლესია ომის წლებში, როგორ მატერიალურ და მორალურ დახმარებას უწევდა არმიასა და ხალხს მტრის დასამარცხებლად. ომის შემდგომ პერიოდში კი მშვიდობისათვის რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალმხრივ და ენერგიულად იღვაწა.

ამის გამო და ამის ძალით ჩვენს მოვალეობად ვთვლით, განვაცხადოთ, როგორია თავისი არსით ქრისტიანული მორალი და სწორედ მას რატომ მიიჩნევენ ნამდვილი და უზენაესი ჰუმანიზმის გამოხატულებად.

ამასთან ერთად, იმის განცხადებაც აუცილებელია, რომ რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიას არა აქვს და არც შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს სექტებთან, რომლებიც მხოლოდ უვიც ადამიანებს შეიძლება აერიოთ მართლმადიდებელობასთან. ეს სექტები შეიძლებოდა არც გვეხსენებინა, რელიგიის მოწინააღმდეგენი შეგნებულად რომ არ ცდილობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის ჭეშმარიტი სწავლების არამარტო სექტანტურ სწავლებებთან აღრევას, არამედ თვით ყველა შესაძლო ცრუ და ჯადოსნურ სწავლებებთან აღრევასაც, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლობენ რუსეთის მიყრუებულ და ბნელ კუთხეებში.

ამავე დროს, ყველა მოაზროვნე ადამიანისთვის ნათელია, რომ ქრისტიანულ რელიგიაზე საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბება იმ მაგალითების მიხედვით, რომლებიც სხვადასხვა ფანატიკური სექტების ცხოვრებიდანაა ამოღებული, ისეთივე სისულელე იქნებოდა, როგორც, ვთქვათ, ადამიანის სხეულის ანატომიის შესწავლა მხოლოდ მახინჯი ადამიანების ანატომიის საფუძველზე, ანდა ადამიანთა სულიერი ცხოვრების ლოგიკისა და ნორმების შესწავლა შეშლილი ადამიანების მბოდვიარე იდეებზე დაყრდნობით.

რუსული მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის ცხოვრების ნორმასაც სახარება წარმოადგენს, მუდამ დაუფარავად ქადაგებდა თავის მოძღვრებას; მას არასოდეს ჰქონია რაიმე საერთო ფანატიკურ სექტებთან. სწავლება, რომელისაც სახარება გვაძლევს - ესაა მოწოდება სინათლისკენ, სიყვარულისაკენ, სამართლებრივი ცხოვრების მოწყობისა და სულიერი სრულქმნისაკენ! მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეშინია, თავისი მოძღვრება დააყენოს ყველა სამართლიანი და პატიოსანი ადამიანის სამსჯავროს წინაშე, რადგან მისი საქმეები ნათელია და მოწოდებები მისი - წმინდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий