среда, 5 июня 2013 г.

ნარკომანი და ცხონების გზა.

„სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდევი წინ, კურთხევა და წყევლა. აირჩიე სიცოცხლე, რომ იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ. გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი, გესმოდეს მისი სიტყვა და მიეწებო მას, რადგან ის არის შენი სიცოცხლე და შენი დღეგრძელება, რომ იცხოვრო ამ მიწაზე, რომლის მოცემა ფიცით აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისააკს და იაკობს" (მეორე სჯ. 30, 19-20).

უკანასკნელ ათწლეულებში ნარკომანიამ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ინდუსტრიულ განვითარებული ქვეყანა მოიცვა. დღეისათვის ეს პრობლემა ფართოდ არის გაშუქებული სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ტარდება სამეცნიერო კონფერენციები, იქმნება ფონდები, გამოჩნდა ახალი სამართლებრივი დოკუმენტებიც. მოკლედ რომ ვთქვათ, ქვეყანა ეგუება ცხოვრების ახალ პირობებს, როდესაც სიკვდილი და მწუხარება ყოველთვის ახლოსაა, ჩვენს შორის. ყველაფერი ისეა, როგორც ომში, ოღონდ განსაკუთრებულ ომში, როდესაც ხშირად ჩვენი გულგრილობითა და უპასუხისმგებლობით მტერს თავად ვუწყობთ ხელს ბრძოლაში. არც ერთი ჩვენთაგანი არაა დაზღვეული, რომ ამ ბოროტების მომდევნო მსხვერპლი ჩვენი ოჯახი, ან რომელიმე ჩვენი ახლობელი არ შეიქმნება. ეს საფრთხე განსაკუთრებით ემუქრება ჩვენს ბავშვებს.

როგორც ერთ-ერთი ჩვენი თანამედროვე სასულიერო პირი წერს, „ნარკოტიკები ჯერ კიდევ პირველყოფილ სამყაროში იყო ცნობილი, ღვინის წარმოება უკვე რამდენიმე ათას წელს ითვლის; მაგრამ ლოთობა და ნარკომანია მხოლოდ XX საუკუნის სულიერმა ვაკუუმმა გადააქცია ეროვნულ უბედურებად ჩვენთან და სხვა მრავალ ქვეყანაში.

ეს თვალნათელი ნიშანია იმისა, რომ კაცობრიობა უმძიმეს კრიზისს განიცდის. მან საკუთარი თავი განიძარცვა, მოსწყდა მარადიულ წყაროებს, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე ასაზრდოებდა მის სულიერ განვითარებას".

ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ჩვენი თანამედროვენი ალკოჰოლისა და ნარკომანიის ილუზიათა სამეფოსკენ მიილტვიან - სულიერი დაცარიელება, ცხოვრების აზრის დაკარგვა, ზნეობრივი ორიენტირების ერთმანეთში არევა. ნარკომანია და ალკოჰოლიზმი არა მხოლოდ ცალკეული ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების სულიერი დაავადმყოფების გამოვლინებად იქცა. ესაა საზღაური მომხმარებლური იდეოლოგიისათვის, ჭეშმარიტი იდეალების გაფანტვისა და სულიერების დაკარგვისათვის. ეკლესია მოძღვრული თანაგრძნობით ეკიდება ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის მსხვერპლთ და მანკიერების დასაძლევად სულიერ მხარდაჭერას სთავაზობს მათ. იგი არ უარყოფს ნარკომანიის მწვავე სტადიაში სამედიცინო ჩარევის აუცილებლობას, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას პროფილაქტიკასა და რეაბილიტაციას უთმობს, რაც მეტად ეფექტურია მაშინ, როცა სნეულნი აქტიურად ებმებიან ევქარისტიულ და სამრევლო ცხოვრებაში.

„ცხოვრებაში ყოველთვის მართალია ის, ვინც ეყრდნობა არა „ლოგიკას", არა „ჯანსაღ აზრს", არამედ ერთი უმაღლესი კანონიდან - სიყვარულიდან გამომდინარე მოქმედებს. ყველა დანარჩენი კანონი არაფერია სიყვარულის წინაშე, რომელიც არა მხოლოდ მართავს გულებს, არამედ „ამოძრავებს მზეს და სხვა ვარსკვლავებს". რომელ ადამიანშიც დასადგურებულია ეს კანონი, ის ცხოვრობს, ხოლო ვინც მხოლოდ ფილოსოფიით, პოლიტიკით, გონებით ხელმძღვანელობს, ის კვდება" (წერს თავის „დღიურში" მამა ალექსანდრე ელჩანინოვი). პრაქტიკულად, რაციონალიზმი თანაბარმნიშვნელოვანია თვითნებობისა და სიამაყისა, ანუ ღვთისაგან განდგომისა. რაციონალიზმი - თავისუფლების შეზღუდვაა, როგორც საკუთარის, ისე სხვა ადამიანებისა. ესაა - ანგარების დაუცხრომელი ძიება, რომელსაც ყოველთვის შინაგან კონფლიქტებთან, საბოლოო ჯამში კი - ჩიხში, გამოუვალ მდგომარეობამდე, სასოწარკვეთილებამდე მივყავართ.

აი, ადამიანი ჩიხში ექცევა... თითქოსდა, რა უნდა ყოფილიყო ამაზე უარესი? მაგრამ სწორედ ამ უიმედობაში ჰპოვებს იგი გამოსავალს. ჩიხი საშინელია, მაგრამ აქ იკრებ მთელ ძალებს, მთელ მარაგს, და თითქმის არაადამიანური ნებისყოფის დაძაბვით გამოდიხარ მდგომარეობიდან. უნდა მოხდეს საკუთარი დამღუპველი მდგომარეობის გაცნობიერება. აქ განსაკუთრებით ძლიერი უნდა იყოს რწმენა. თუ რწმენა არაა, ადამიანს გზა ებნევა და იღუპება. თითქოსდა გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანური შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას გვაძლევს. ჩიხი - ესაა დასასრული არასწორი დასაწყისისა, არეული ცხოვრებისა... აქედან გამოსვლისას ადამიანი ცხოვრების სხვა მიმართულებას ღებულობს, თითქოსდა მკვდრეთით აღდგება... ამგვარი გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსვლა - ესაა გადასვლა მარადიულობაში.

თქვენ ახლობელს უბედურება ეწვია! ეს უკვე იცით! თავზარი დაგვეცა... რა ვქნათ?
აუცილებლად მოვუყვეთ ეს უფალს, დედა ღვთისმშობელს, თქვენს მფარველ ანგელოზს, წმიდანს, ვის სახელსაც ატარებთ. ისინი მოგისმენენ და გაგიგებენ. სთხოვეთ მათ თანაგრძნობა და შემწეობა. ლოცვა და ღვთის სიტყვა - მთავარი იარაღია ამ ულმობელი მტრის - ნარკომანიის წინააღმდეგ.

ხელში ავიყვანოთ საკუთარი თავი და შევინარჩუნოთ მშვიდი განსჯის უნარი. საკუთარ თავს არ მივცეთ ამ ადამიანის განკითხვის ნება. მას მეტისმეტად უჭირს, თავგზა აებნა, გაურკვევლობაშია, ყველაზე მეტად ახლა საჭიროებს თქვენს თანაგრძნობას. თქვენგან მას ყველაზე მთავარი - სითბო სჭირდება, გაუთბეთ გული; მას თქვენგან სიყვარული სწყურია - უპირობოდ მიიღეთ იგი. ნუ იჩქარებთ, გამოუტანოთ სასიკვდილო განაჩენი მასაც და საკუთარ თავსაც. ცხოვრება არ დამთავრებულა. მაგრამ მთავარი მტერი, რომელიც უკვე მოუთმენლად გელით - სასოწარკვეთილებაა. ნარკომანიის პრობლემის გარშემო არსებულმა მრავალრიცხოვანმა ინსინუაციებმა, დამახინჯებულმა ინფორმაციამ, ნაწილობრივ, უბრალოდ ელემენტარულმა გულგრილობამ ჩამოაყალიბა მცდარი წარმოდგენები და სტერეოტიპები ნარკოტიკზე დამოკიდებული სენის მიმართ. სხვა მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ საზოგადოებას უჭირს თავის სრულფასოვან წევრებად მიიღოს ნარკომანიის მსხვეპლნი და მათ მიმართ ხშირად აგრესიულ, დამამცირებელ დამოკიდებულებას ამჟღავნებს, რაც მათ გარიყულებად აქცევს, ისინი კი ისედაც უკვე მარტოსულობით იტანჯებიან. ნუ მოუსმენთ საკუთარი სიამაყის ხმას. გადარჩენა შესაძლებელია და რეალურია.

ავადმყოფი მოარიდეთ ნარკოტიკებს. ნებისმიერი კომპრომისი უნდა გამოირიცხოს. უნდა მიმართოთ კომპეტენტურ მედიკოსებს. ავადმყოფი უნდა უზრუნველვყოთ კვალიფიციური სამედიცინო დახმარებით, უწინარეს ყოვლისა, იმისათვის, რომ გადაილახოს ნარკოტიკის დაუოკებელი, დამანგრეველი ნდომა („ლომკა"- აბსისტენცია) და დამოკიდებულება. ექიმის პიროვნების როლი გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობს მკურნალობის დადებით შედეგზე, მით უმეტეს, წამლისადმი დამოკიდებულ პაციენტებში. ახლა, საბედნიეროდ, მედიცინის სფეროში ხშირად შეხვდებით ჭეშმარიტად მორწმუნე მართლმადიდებელ ექიმებს, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანებს სიყვარული და იმედი აჩუქონ.

აუცილებელია მოძღვრის რჩევა-დარიგების მიღება. თუკი მოძღვართან ურთიერთობის გამოცდილება არ გაქვთ, გულს ნუ გაიტეხთ. ყოველივე ძალიან იოლია. ნებისმიერ მართლმადიდებლურ ტაძარში ყოველი მღვდელმსახური სიყვარულით მიგიღებთ, ყურადღებით მოგისმენთ და გაითავისებს თქვენს ტკივილს, მოგცემთ ქმედით სულიერ დარიგებებს. მთავარი ამ აუცილებელი ნაბიჯის გადადგმაა. სხვაგან ხომ ვერსად ჰპოვებთ ჭეშმარიტ დასაყრდენს თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე.

შესაძლოა, როდესაც პირველად შევეჯახებით ახლობელი ადამიანის სნეულების წინაშე ჩვენს აბსოლუტურ უძლურებას, ამ დროს მისი ცხოვრება უფალს მივანდოთ. თუნდაც მხოლოდ ათი წუთის განმავლობაში. მაგრამ რაოდენ მძიმეა ეს ათიოდე წუთი! ათი წუთი სრული, მთელი არსებით მინდობისა. მაგრამ სწორედ ეს ათი წუთი განგამტკიცებთ რწმენაში და იმედი უკვე არასდროს დაგტოვებთ. თქვენ შეიგრძნობთ გადარჩენის რეალურობას და სიახლოვეს იმისა, ვისგანაც იგი გამომდინარეობს - სიახლოვეს უფლისა. მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის ეს რჩევა მრავალ პაციენტს დაეხმარა.

ამაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ღვთის მადლს, რაც უზრუნველყოფს აუცილებელ ენერგეტიკულ პოტენციალს იმისათვის, რომ ეს ნდობა განხორციელდეს, მათ შორის, გვაძლევს ენერგიას გადაწყვეტილების მისაღებად. „მხოლოდ მათ, ვინც ცდილობენ წინაღუდგნენ ცდუნებას, იციან, თუ რაოდენ ძლიერია იგი. თქვენ ქარის ძალას მხოლოდ მაშინ შეიგრძნობთ, როდესაც მის საპირისპიროდ მიდიხართ, და არა მაშინ, როცა მიწაზე წევხართ... არც ერთმა ადამიანმა არ იცის, რამდენად ცუდია იგი, სანამ სინამდვილეში არ შეეცდება გახდეს კარგი".

გახსოვდეთ! ახლობლისადმი დახმარება საკუთარი თავის გაცნობიერებით იწყება. განა ვინ შეძლებდა გათავისუფლებას ამ მრავალრიცხოვანი დამოკიდებულებებისაგან (ზოგჯერ თუნდაც მეტისმეტად „უწყინარისაც"), რომელთა ტყვეობაშიც ჩვენ ასე ხშირად ვიმყოფებით? ვინ მიუახლოვდა რეალურად ჭეშმარიტ თავისუფლებას? გაიხსენეთ თქვენი პირადი გამოცდილება თავისუფლების შეგრძნებისა. განა ჩვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ამ თავისუფლებისადმი დაპირისპირება არ არის, მაშინ, როცა გულწრფელად გვწამს, რომ სწორედ მას, თავისუფლებას ვეძიებთ და მისკენ მივისწრაფით? საერთოდ, რა არის თავისუფლება? რისგან და რისთვის არის საჭირო გათავისუფლება? მხოლოდ გაცნობიერება საკუთარი თავისუფალი ნებისა, რომელიც ღვთის უდიდესი წყალობაა ჩვენდამი, შეგვაძლებინებს, ძირისძირობამდე შევიგნოთ რაიმეზე დამოკიდებული, ვნებებით მართული ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რათა თავადაც არ მოვხვდეთ მათ რიცხვში, თავად არ დაგვჭირდეს სპეციალური სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება.

მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი წერს: „პირველი, რაც უნდა ვისწავლოთ, ესაა, მივიღოთ მთელი ჩვენი ცხოვრება ისეთად, როგორიც არის: ის გარემოებები, ყველა ის ადამიანი, ვინც მასში შემოვიდა, თუნდაც ზოგჯერ ესოდენ მტანჯველად - მივიღოთ და არ უარვყოთ. სანამ ჩვენ არ მივიღებთ ჩვენს ცხოვრებას, მთელ მის შინაარსს, როგორც ღვთის ხელიდან გამომდინარეს, ვერ გავთავისუფლდებით შინაგანი შფოთისაგან, შინაგანი ტყვეობისაგან და შინაგანი პროტესტისაგან... და გვერდს ავუვლით იმ შემთხვევას, იმ ადამიანს, ვინც უფალმა გამოგვიგზავნა, რომ განვეკურნეთ, რათა სიმდაბლით შევსულიყავით ღვთის სასუფეველში, მოთმინებით გვეტარებინა ჩვენი ცოდვილობის შედეგები და მზადყოფნით მიგვეღო ყველაფერი უფლის ხელიდან".

მეორე გაკვეთილი - ესაა გულმოწყალებისა და შენდობის გაკვეთილი. ცოცხალი ღმერთისა და ჯვარცმული იესო ქრისტეს სახელით შენდობა. ეს უდიდესი უფლება მოგვენიჭა ჩვენ, ქრისტიანებს.

მესამე გაკვეთილი - სიყვარულის გაკვეთილია, ნებაყოფლობითი, გააზრებული მსხვერპლისა. სიყვარული ყოველთვის ყოვლადძლიერია და ყოველივეს სძლევს!

უნდა შევეცადოთ, გავუგოთ ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანს და დავეხმაროთ ცხონებისაკენ მიმავალი გზის მიღწევაში და თუ შესაძლებელია, ამ გზის მცირე ნაწილი მაინც განვვლოთ მასთან ერთად.

ამ გზაზე სვლის დაწყება მხოლოდ იმის შემწეობით არის შესაძლებელი, ვინც საკუთარ თავზე თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (ინ. 14,6).

http://teoleo.ucoz.de/index/narkomania/0-39

Комментариев нет:

Отправить комментарий