среда, 5 июня 2013 г.

შვიდი საიდუმლო ახალი აღთქმისა.

საიდუმლონი, ქრისტიანულ რელიგიაში საკულტო მღვდელ-მოქმედებანი, რომელთა შესრულების დროს, საეკლესიო მოძღვრების თანახმად, მორწმუნე-მლოცველებს გადაეცემათ ღვთის მადლი ცოდვებისაგან სულის სახსნელად, ავადმყოფობისაგან განსაკურნავად და სხვა. საიდუმლოთა შესრულების უფლება მხოლოდ კულტის მსახურებს აქვთ. არსებობს ახალი აღთქმის 7 საიდუმლო, რომელიც დააწესა მაცხოვარმა: ნათლისღება, მირონცხება, ზიარება, სინანული, მღვდლობა, ქორწინება და ზეთის კურთხევა.



ნათლისღება — ახალი აღთქმის ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო. ქრისტიანული დღესასწაული, რომელსაც აღნიშნავს მართლმადიდებელი ეკლესია (6) 19 იანვარს. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ნათლისღების დღესასწაულზე იკურთხება წყალი.




მირონცხება, ქრისტიანული სარწმუნეობის ერთი 7 საიდუმლოებათგანი, მიმდევრობით მეორე, ნათლობის შემდეგ, თითქმის მისი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ ეკლესია ამტკიცებს, რომ ეს ცალკე საიდუმლოებაა, უფლის მადლის გადმოსვლის ნიშანი მოსანათლავზე, რომელიც ამით ეკლესიის წიაღში გადადის და სულიერი ცხოვრება ქრისტიანი კაცისა იწყება. რიტუალი სრულდებოდა ეპისკოპოსის მიერ ხელის დადებით, შემდეგ მორწმუნეთა გამრავლების გამო გამარტივდა მირონის – სურნელოვანი ნახარში ზეთის წაცხებით შუბლზე, ყურებზე, ნესტოებზე, თვალებზე, ხელ–ფეხზე. ხელის დადება კი მღვდლობის წესად დაკანონდა (II და IV საეკლესიო ყრილობები ხელის დადებას აღარც ახსენებენ). საქმე მოციქულთა უკვე იძლევა ამ წესის გასაღებს, რასაც იესოს სიტყვები მიუთითებს სახარებაში ("ბანილ იყვნეს სახელითა უფლისა იესოსითა. მაშინ დასხმიდეს ხელთა მათ ზედა, და მიაქუნდა სული წმინდა"). ხელის დადება, მერე მირონცხება ახალ აღთქმაში სხვაგანაც ნახსენებია. აქედან მომდინარეობს ტერმინი ხელდასხმა.




ზიარება, ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო —მორწმუნის მიერ ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღება. საგანგებო ღვთისმსახურების — წირვის დროს, პური და ღვინო სიმბოლურად ქრისტეს ხორცად და სისხლად იქცევა, რომლის მიღებით მორწმუნე ქრისტეს სიწმინდეს ეზიარება და ცოდვებისაგან იწმინდება, რათა საიქიოში ცხონდეს. მართლმადიდებლური ეკლესიის წესით ზიარება ყველა მორწმუნეს შეუძლია, კათოლიკურით — მხოლოდ სამღვდელოებას. საეკლესიო მოძღვრება ზიარების საიდუმლოს დაწესებას იესო ქრისტეს მიაწერს (მისი ვნების წინ, საიდუმლო სერობის დროს). ზიარების საიდუმლო სიმბოლურად გამოხატავს მორწმუნეთა მიერ ქრისტესადმი სამადლობელო (უსისხლო) მსხვერპლს. ასეთ გაგებას ეფუძნება ზიარების ბერძნული სახელწოდება ევქარისტია („მადლობა“).




სინანული ანუ მონანიება ქრისტიანულ რელიგიაში წარმოადგენს ახალი აღთქმის ერთ-ერთ საიდუმლოს. და წარმოადგეს ისეთ კურთხეულ მოქმედებას, როდესაც ეკლესიის მღვდელი სულიწმინდის ძალით შეუნდობს მომნანიებელს აღსარების დროს ყველა ცოდვას და ადამიანი კვლავ ხდება განბანილი და განწმენდილი, ისევე როგორც ის ამოვიდა წყლიდან ნათლობის შემდეგ.



მღვდლობა — ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოდან ერთ-ერთი, რომელსაც დასაბამი მიეცა ძველი აღთქმიდან. მღვდლობა დადგენილია ზეციური მამის, ღმერთის მიერ. ღვთიური წარმოშობის საწყისთან ერთად მღვდლობას აქვს განსაკუთრებული ნიშანი - ხელდასმა, რომლის საშუალებით რჩეულებზე გადმოდის ღვთის განსაკუთრებული მადლი და ამრიგად ისინი მაღლდებიან თავიან ხარისხში თვით სულიწმინდის მიერ.



ქორწინება — თითქმის ყველა კულტურაში წარმოადგენს ქალის და კაცის კავშირს ოჯახის შექმნის მიზნით.ქორწინება შეიძლება განვიხილოთ ორი მხრიდან: როგორც კანონი ბუნებისა, დაწესებული შემოქმედის, ჩვენი ზეციური მამის, ღმერთის მიერ და როგორც საიდუმლო ახალი აღთქმის ეკლესიისა. ქორწინება თავისთავად კურთხეულია და სუფთა თავისი ღვთიური წარმოშობით, მაგრამ ვინაიდან ადამიანი მოქცა ცოდვის გავლენის ქვეშ და აჰყვა გამრყვნელ გრძნობებს, უფალმა იესო ქრისტემ დააწესა საიდუმლო ქორწინებისა.
ქორწინება წარმოადგენს ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთს.



ზეთის კურთხევა — ახალი აღთქმის შვიდი საიდუმლოთაგან ერთ-ერთი, რომლის დროსაც ღვთისმსახურის ხილული ქმედებით სრულდება საიდუმლოს უხილავი მადლი. მოციქულთა წერილების თანახმად ზეთის კურთხევა დაწესებულია უფალ იესო ქრისტეს მიერ.
ამ საიდუმლოს არსია განკურნოს ქრისტიანი ადამიანი ხორციელი უძლურებებისა და ავადმყოფობებისაგან, ასევე სულიერი ავადმყოფობისაგან ე.ი. ცოდვებისაგან, სინანულის ანუ მონანიების საიდუმლო მსგავსად. ზეთის კურთხევის საიდუმლოს შესრულების დროს, ღვთისმსახური სხეულზე ზეთის წაცხებისას მოუხმობს ავადმყოფზე ღმერთის კურთხევას, სულის და ხორცის განსაკურნავად.



Комментариев нет:

Отправить комментарий