вторник, 4 июня 2013 г.

ჭრელი ამბები.

ვაჟა-ფშაველა

(წერილი ერწო-თიანეთიდამ)

„ეს რა ცეცხლში ჩავვარდიო“ – იტყვის ხოლმე ჩვენი კაცი, როდესაც გაუჭირდება და არ იცის, როგორ აიცილოს თავიდან ჭირი. სწორედ ესევე ეთქმის თიანეთის მაზრის ხალხს. ამ „ცეცხლის“ წვას დიდი ხანია შეჩვეულია რჩეული ნაწილი კაცობრიობისა. ეს „ცეცხლი“ დაუნთია თვით ისტორიას და ჟამთა დენაში ცეცხლის გამჩაღებელი, გამაძლიერებელი ხალხი – ეშმაკის გვერდისაგან ჩნდება…
ჩვენი მაზრის საქმეები რა სახსენებელია ქვეყნიურ საქმეებთან და ისტორიასთან, მაგრამ რადგან აქაური „ცეცხლი“ იმ საზოგადო „ცეცხლის“ ნაწილია, ამისათვის ღირსად ვხად მოვიხსენიო. გარდა ამისა, რომ ჩვენი ცეცხლი გაძლიერებულია და შეშად სულ უენო ხალხი უკეთია, იმას აქვს კიდევ განმასხვავებელი თვისება: იმას გარს შემორტყმია რაღაც საუცხოვო არსებანი – გასაგმირად დამშეულის შუბებით, როგორც იმათი მფლობელნი, ეს უცხო არსებანი, წვერ-პირ-გასისხლიანებულები, საუცხოვოდ კასკასებენ, დახტიან ავსტრალიელებივით ირგვლივ, სჩხვლეტენ და ზედ ნიშნის მოგებით დასძახიან ცეცხლში მოყოლილთ. ეს ტიტველა ხალხი იწურება სისხლით, უდგა ერთი ვაება, წივილ-კივილი, და იძახის: – გვიშველეთ, ღმერთი არავისა გწამთ! – მაგრამ ვინ არის მაშველი? ზეცა? იმასაც აღარ სცალიან, ქვეყნის ცოდვების ანგარიშს უნდება!
აი ჩვენის „ცეცხლის“ ამბავი.
თიანეთის მაზრაში – სამხრეთისკენ მდებარეობს კარგა ვრცელი ვაკე-ადგილი სახნავ-სათესით, სოფლებით მოფენილი. სულ წინათ აქ მდგარა ტბა გარშემო ატეხილის ტყით, რომელიც აღზრდილი ციურის ნამით და მზის შუქის ალერსს ქვეშ გაშლილა. მტერი არ დაბადებოდა ჯერ ამ ტყეს: ფეხწმინდა ირემი თუ ლახავდა ამ მთა-ბარის არე-მარეს და გახვლეპილი კოდალა თუ გაჰკივლებდა ბედის მომდურავ კაცისებ, თორემ სხვას არავის შეეძლო წაებილწა ამ ტყის სიქალწულე.
მაგრამ უკანასკნელ ხანებში სხვადასხვა ადგილებიდამ შევიწროებული ხალხი მოსწოლია: აჩქარებულა ცული და წერაქვი, შერყეულა ბუნების მყუდროება, აშენებულა სოფლები ფშავლებისა, ქართლელებისა, გუდამაყრელებისა, ხევსურებისა. ამ ადგილის წყალობით დღემდი პირში სული უდგათ აქაურ ხალხს.
ამ სოფლებს ერთად ჰქვია „ერწო“. ეს ადგილი ყოფილა სახელმწიფო; ბოლო დროს დავით მეფეს გამოღმა – სამხრეთის მიწები შეუწირავს ღვთაების ეკლესიისთვის, რომელიც უკვე ხავსით გადაჰბმია, დაკავშირებულა წიფლებთან. ადგილობრივ მცხოვრებ ხევსურებს უძლევიათ საეკლესიო ხარჯი ბერებისთვის[1].
ბოლო დროს ხიმშიაშვილს, ორმოცი ვერსის სიშორეზე, დუშეთში, სუნი სცემია ამ ადგილებისა… რასაკვირველია, ამგვარ ხალხს, როგორიც ხევსურებია, ბრწყინვალე თავადი, გინდ აღმა უზამდა თავს, გინდ დაღმა. როდესაც აქ მობრძანებულა, ბერები გადასულან, ხალხი ნელ-ნელა შეუჩვევია ხარჯისთვის, ბოლოს კიდეც დაუყორღვინებია თავის სახელობაზე, როგორც მოგეხსენებათ, გამიჯნის კამისიის წყალობით. უადგილო არ იქნება აქ მისი განცხადების პირი მოვიყვანო:
„ზემლემერი XX 1871 წ. ენკენისთვის 15 შეუდგება მამულების გამიჯნას და მოწილეთა შორის გაყოფას ამტნის-ხევის მამულებისას; აცხადებს, რომ ყველამ, ვისაც აქვს მონაწილეობა, ან ეძებს მონაწილეობას ამ მამულებში და აგრეთვე ვინც ჰფლობს სრული საკუთრებითის უფლებით ცალკე მდებარე მამულებს ზემოხსენებულ ამტნის-ხევში, დაუყონებლივ გამოეცხადონ ამ ზემლემერს, რომელიც და სხვ.; წინააღმდეგ ამისა, ვინც არ გამოცხადდება თავის დროზედ, თანახმად გამიჯნის წესდებულების 64 მუხლისა, იმათ შემდგომ აღარ ექნებათ ნება ითხოვონ ხელახლად გამიჯნა ან დაბრუნება იმ მამულებისა, რომელიც შემომიჯნული იქნება სხვის სახელობაზედ, რომელთაც თავის დროზედ გამოაცხადეს თავისი უფლება…“
რა თავმოყვარე კანონები დაგვიარსდა მკითხველო! ამაზე მეტი ცეცხლი იქნება? აქაო და ხიმშიაშვილმა გამოაცხადა, იმიტომ უეჭველად იმას უნდა დარჩენოდა ხუთი-ექვსის სოფლის საცხოვრებელი. მაშ დასწრებაზედ ყოფილა საქმე! ხიმშიაშვილი, რასაკვირველია, დაასწრობდა; გლეხებს კი იმათი განსაკუთრებითი პირობები და მდგომარეობა ვერ შეუწყობდა ამ მხრით ხელსა.
მკითხავთ: ვინ არის დამნაშავე, რომ განსაკუთრებულ მდგომარეობაში არიანო? ამაზედ მე ვუპასუხებ, რომ იმათი სჯა უსამართლო, უკიდური, უნიადაგო იქნება, რადგან ფორმის გულისთვის მთელი ხალხის წყლისთვის მიცემა მეტისმეტი უსამართლობაა. ყოველი საზოგადოება, სახელმწიფო, თქვენც კარგად უწყით, თუ უნდა, რომ ყინულზედ არ გაცურდეს თავის კანონებითურთ, უნდა იცავდეს სამართლიანობას და უმეტესობის სარგებლობის ინტერესს…
ასე, ამნაირად თ. ხიმშიაშვილმა დაიჭირა თავის კლანჭებში ნახევარი ერწო, და რაკი ეს ხალხი მოემწყვდა რკინის ლახტის ქვეშ, იმან პირდაპირ გამოუცხადა:
– თქვენ ჩემი ყმები ხართ, ამის შემდეგ რაც ხარჯი შემოგაწეროთ, წმიდის, ფაქიზის ხელებით უნდა მომართოთო!
გლეხებს ეს საპალნე ემძიმა.
ჩვენი ხალხი, როგორც ყველა ხალხი, ამ შემთხვევაში მომთმენია, ავტორიტეტს ვერ აღუდგება წინ, მინამ სახრინავზე არ მივა იმისაგან, და მაშინ კი გაინძრევა, ავტორიტეტსაც კრიტიკულად შეხედავს. თავისუფლებას მიჩვეულ ხალხმა არჩია სიკვდილი „მალხინებელი დედის“ დაკარგვას. ბევრნი გამოჩნდნენ იმნაირები, რომელთაც საშუალებად მოიგონეს ეკითხნათ თავის „ყელ-ჭრელი“ ხირიმებისათვის, მაგრამ ხიმშიაშვილმა აქ ხერხი იხმარა – აფრინა კაცი და ქაღალდი: „გამოაცხადე, რომ ხალხი მამულებს მართმევს, მიჯანყდებაო“. იმ წამს დაბადებულა ყაზახები, მოუთოკავთ წინააღმდეგები და გაუსტუმრებიათ გასასწორებელ მომაჭკვიანებელ სახლში.
აქ ჩვენი აკაკის სიტყვები მაგონდება:

„თუ ვაჟკაცურად კაცსა ჰკლავ,
მაშინ ხარ ჩინგის-ყაენი,
და ქვეყნის გმირი – თუ მოძმეს
ღალატობ, როგორც კაენი.

უსამართლობა წინ მიდის
კანონიერის გზებითა:
სრული უფლება ეძლევა
სხვადასხვა კონგრესებითა“.

მას აქეთია საჩივარი მოქმედობს, მაგრამ ნამოქმედარი გლეხების სასარგებლოდ არა სჩანს. ხალხის თხოვნა და ღაღადება მიწაში იმარხება. მგონია, თორმეტი თხოვნა ეწყოს ზოგი კანტორაში, სხვა – სამეფო ქონებათა უპრავლენიაში, ვინ იცის – ნახევარი იმათგანი ჩირჩილმა შეჭამა და ნახევარი „ვინმემ“ „ვისმეს“ გულისთვის გადაყლაპა?!
რაკი ბ. ხიმშიაშვილმა გაიგო, რომ გლეხკაცობა თავის ინტერესს იცავს, ჩივისო, უფრო და უფრო აჭერს კისერში მახათს. გლეხმა, მშრომელმა კაცმა, რა ქნას, იმისი სული გაჭყმეტილი რკინის ლახტის ქვეშ არის მომწყვდეული. ბატონიც, ამით ფრთებშესხმული, ხმარობს სისხლის და ტვინის გამომსუტავ საქციელს. დღიურზე იღებს (მოსავლის – მოუსავლობის დროს, სულ ერთია) სამ მერკას, რომელიც შეადგენს თითქმის ორ კოდს; ახლა კომლეურად გაწერილია: თითო ლიტრა ერბო, ქათამი, კვერცხები, წეკო, ერთი სიტყვით ყველაფერი, რასაც კი კბილი მოეკიდება… მიკვირს, რომ დედაკაცის მანდილებსაც არ დაადო იჯარა! ახლა, თუ ვიტყვით, რომ აქ ზოგს ქვრივ-ოხერს, არა ისე დავრდომილს, თავის გარდა, ერთის კეტის და ოთხის ქათმის მეტი არაფერი აბადია, – რასაკვირველია, სახელმწიფო გადასახადის მიცემა წარმოუდგენელია. მაგრამ ახლა ზოგს ჰკითხეთ, რას გიპასუხებენ? – გლეხებს რა უჭირსთ, კარგად ცხოვრობენო! ამ ხალხს როდი სჯერა ყურში ჩაძახილი ხმა იმათაგან, ვინც სათავეში უდგა სოფლის საცხოვრებელ წყაროებს. ზოგს „ფანტაზიორებს“ ეძახიან ეს ვაჟბატონები, სხვას „მოუსვენარს“, თითქო ვისთვისმე სასახელო არის სოფლის ცუდ მდგომარეობაზედ გაზეთებში წერა…
მაგრამ რაც არ არი – არ არი; უშობს ღმერთი შობავს, კაცი კიდევ აკვირდება ღვთის ქმნილებას შესასწავლად: დაბალი ხალხი პურმა და სამსახურმა მოინდომა, მთელი მისი არსება თავის და სხვის მუცელმა მოინდომა. ამის გამო გლეხი სკოლასაც ემტერება და მღვდელსაც. მეტისმეტი შრომისაგან ღვარძლ-მორეულივით არის გახდილი. თავის-თავზე ჩაფიქრდება ხოლმე, მაგრამ ამ ფიქრსაც ვერ დაათავებს – საქმე ეძახის, არ ასვენებს…
ბატონი ხიმშიაშვილი ყოველ ღონისძიებას ხმარობს, მეტი შეაწეროს: თუ სურს გლეხს იქ დგომა, უნდა იდგეს, თუ არა და უნდა მოშალოს თავის „ტყლაბ-ტყლუბეულობა“, ქოხმახი და გადაიკარგოს – სხვაგან ეძებოს ბინა; ხიმშიაშვილმა კარგად იცის, რომ ბინის აშლას გლეხი არჩევს ორ ზომა ხარჯის გადახდას, როგორც იტყვიან ხოლმე „მწარე ლუკმის ჭამას“, – მაშ რა დაუშლის „ცეცხლის“ გაძლიერებას.
ამას როდი სჯერდება ეს ვაჟბატონი: გაღმა სოფლებიც, როგორც საყდრიონი, ეგრეთვე სხვები, თუ ოფიციალურად არა, ფაქტიურად მაინც სურს დაიჭიროს. მისი მითვისებული ადგილები და ის სახელმწიფო მიწები გადაბმულებია. ახლა, კარგად მოგეხსენებათ, შემოდგომაა, – ნამუშევარი მოტანილია, მინდვრები გაკოტრებულ ვაჭარივით დაღმეჭილან; საქონელი, ჯერ ჩვეულებისამებრ, ახლა, წელს, მძიმე ბეგრის გამო, თავდანებებული დადის. ხიმშიაშვილი კი ატუსაღებს ამ საქონელს, თითო თუმანს ჯარიმასაც ახდევინებს პატრონებს! ვისაც გადახდა არ შეუძლიან, შეიპირებს, ამა და ამ დღეს, რამწამ დაგიძახო, უნდა ურმით და კაცით გამოცხადდეო.
რომელ ერთთან გამოცხადდენ ეს საწყლები ურმით და კაცით? თიანეთის გზის ქვიშის ყრას და ტკეცას კომლეურად გასული ხალხი ვერ ასვლია.
ერთ საცოდაობას კიდევ ეს ბეგარა წარმოადგენს: მოვა ერთი ინჟინერი, „დაპლანავს“ თავის თვალის ხაზზე, ხალხი გასთხრის ამ გზას; მოვა მეორე, ის კიდევ სხვაგან უჩვენებს; მესამე – სხვაგან!
აქლემები შუღლობენ, კოზაკი შუაში იჭყლიტებაო. ხალხი, ბეზარს მოსული, ერთს ამასღა ამბობს:
„ხათაბალაა, ღმერთმან იცის, ტვინი ხომ აქ დაგვალევინეს და ისე მაინც გაზომონ, რომ ერთ ადგილას საკეთები ათგან არ გვაკეთებინონო. ან კი ჩვენი ხელები რაში ენანებათ მაგათა!“
ეს კიდევ არაფერი. წლევანდელ წელიწადს ჯერ არაფერი მოვიდა, და რაც მოვიდა, სჩანს, ისიც ვერსად დაფქვას ხალხმა, ერთის ფრიად გაცვეთილის თიანელი გლეხის ზ. ახალკაცოვის წყალობით. ეს ბ. ა-ვი გახლავსთ, რუსებმა რომ იციან „სოფლის მუშტი“, ანუ უკეთა ვსთქვათ „კვერი“, რომელსაც გრდემლად გაუხდია გლეხების თავი და უკაკუნებს, რაც შეუძლია. ამ მაცდურს გადაუბირებია ჩვენი სუსტად სიმართლის მოყვარე ჩინოვნიკობა, დაუყენებია თავის კვალზე და შინაურის „პურ-მარილის“ ძალით როგორც უნდა, ისე მიჰყავს საქმე. ეს ბ. ა-ვი აუკიდებს შარებს, „ძალის“ წარმომადგენელნი კიდევ უსვამენ შალაშინს იმისაგან გაკეჭნილ საქმეებს.
აქაური მომრიგებელი მოსამართლე ბ. სიზოვი დაითანხმოს, საკვირველი არ არის, რადგან ყველა კაცი ჩვენს ფუტურო ბოძებზედ აშენებულ ცხოვრებაში ემორჩილება „დობილ-ძმობილურ“ კანონებს.
ისეთი ბრაზიანი რაღაც ყოფილა ეს ბატონი ს-ვი, რომ ენით გამოუთქმელია. ყველა სულიერი ადამიანი დაიხსნას ღმერთმა თიანეთის სასამართლოში შესვლისგან. თუ ერთი მოჩივარმა წაიბორძიკა ლაპარაკში, ისე გამჯდარი ჰქონია ამას კანონები ძვალ-რბილში, რომ თავის-თავი „კანონი“ ჰგონია, და შეურაცხყოფად მიიღებს, წამოავლებს ხელს რაც კი მოხვდება ხელში – სახილე გინდა, საწერელი, მიაქვს ხალხის თავზე ლაწი-ლუწი[2].
იმას მოგახსენებდით, – ამის გადაყოლება ზაქარიასაგან ძნელი არაა, საკვირველია ისა. რომ ტფ. ოლქის სასამართლოს ჩლენებიც თავის კბილისა შეხვდა. ნამდვილი ქართველი ხალხის გული ჰქონიათ ამ დალოცვილებს, პურ-მარილის დაფასება ძალიან სცოდნიათ, ქეიფი ყვარებიათ. ზაქარიასაც ეს უნდა!
ამას წისქვილები აქვს ს. ერწოში, იქვე ახლოს არის გლეხის ცალუღელაშვილის წისქვილი. ზაქარიამ თავის ქვეყნიურის თვალით გაზომა, რომ ეს კონკურენტი იმის წისქვილების კრედიტს ამხობს. რა მოვუხერხო, რომ ეს აქედამ ავბარგოვო, იფიქრა ზაქარიამ, და ბოლოს ეს მოიფიქრა: – მოდი, ჯერ ოკრუჟნი სუდის ჩლენებს დავიპატიჟებ, მერე ვიჩივლებ, რომ ცალუღელაშვილის არხი ან სარუე გუბდება, და ზევითამდის დგება, გასავალ გზაში ეს სრუტე ხალხს აღრჩობსო, თუ არ დაიშალა და წყალი არ გადაეგდოსო. თავისი სურვილი წმიდად აღსრულებაშიც მოიყვანა: პოლიციის მოხელეებით და ოკრუჟნი სუდის ჩლენების გადაწყვეტილებით. ეხლა ჰკითხეთ ზაქარიას: ვინა სთხოვა იმას, მთავრობასთან გვიშუამავლე, თორემ წყალში ვიღრჩვებითო? სად თიანეთი, სად ერწო? წყალი სოფელს ეკუთვნის, თუ იმას? ან რა კაცის დაღრჩობა შეუძლიან ამ წყალს, როდესაც წისქვილებსაც ძლივს აბრუნებს?
ამნაირ სენს ჩვენის ჩინოვნიკებისას ბევრგან შეხვდებით საქართველოს კუთხეებში – საზოგადოდ, და პატარა ახალ-მოშენე ქალაქებში, სადაც ერთი ყველას იცნობს, ყველა ერთს – კერძოდ. „მაღლებისაგან“ ამგვარის კაცების დაახლოვება არ არის სასარგებლო საზოგადოებისათვის. გლეხი ხედავს, მაგალითად, რომ ზაქარია დაახლოვებულია ამა-და-ამ „ჭახრაკთან“, მიდის და ეხვეწება: „შენი ჭირიმე, მიმსახურე, ოღონდ ეს საქმე კი გამიკეთე“. ისიც მიდის და როგორც ჰსურს, ისე აკეთებს საქმეს. ესენიც ყველა ამის თხოვნას, ჩვენებას იღებენ საბუთად და ამრავლებენ, უმისოდაც გამრავლებულ წურბელებს საზოგადოების სხეულზედ.
გარდა ამ ხელოვნურად გაჩენილის სენისა ხალხშია დარეული საუცხოვო ციებ-ცხელება, რომელიც დიდი ხანია აავადებს ხალხს. ეს ავადობა ისე იორზე არ არის გახშირებული, როგორც არაგვზე.
ექვსი თვეა ექიმი წავიდა აქედამ და აღარავინ მოდის, ლამის „ბებრების“ ანაბარას დავრჩეთ. ვითხოვთ ამაზედ იფიქროს იმან, ვისიც ჯერ არს…
მართლა, სულ თავი-და-თავი კი მავიწყდება. ამას წინათ „დროებაში“ იყო შენიშვნა თიანეთის მღვდლების ყოფა-ქცევაზედ, მაგრამ კორესპონდენტს ბევრი დავიწყებია იმათ შესახებ. ეს სულიერნი მამანი სამკვდრო-სანათლიაოში აღებულ ფულებს როდი სჯერდებიან, ადვოკატობაც დაიწყეს! ჩხუბობენ, მერე თავის მრევლს აბარებინებენ, ტყუილად ხალხს აფიცებენ და თავის წმიდა დანიშნულებას თვითონვე ლაფში სტურტნიან.
ერთმა აქაურმა ბლაღოჩინმა მამა სისოუროვმა გადიკიდა საჩივარი, მოწმად თავისი დიაკვანი ლუკა გორიაშვილი წაიყვანა. ჯერ სუდში დიაკვანმა გადიწია ბლაღოჩინისკენ, მაგრამ ეტყობოდა სიცრუე, მოსამართლემ შეატყო და ეუბნება: სამღვდელო კაცი ხარ, ტყუილად არ უნდა ილაპარაკო!“ მაშინ კი ზეციურმა ზარმა სძლია შიშსაც და ქვეყნიურ ფეხ-ქვეშ გაგებას, დიაკვანმა მართალი სთქვა… ამაზედ აღელვებულმა ბლაღოჩინმა დაითხოვა პრიჩეტნიკობიდამ და მოუწყვიტა იმის ცოლ-შვილს ცხოვრების წყარო.

1882 წ.


Комментариев нет:

Отправить комментарий