среда, 26 июня 2013 г.

ანდრია კრიტელი.

დიდი კანონი. 

წინასიტყვაობა. 

წმიდა მამა აბბა დოროთემ კითხვაზე: რატომ გლოვობენ წმინდანები გამუდმებით,

ასეთი პასუხი გასცა: - წმინდანი სინათლისაკენ მავალი ადამიანია, რაც უფრო უახლოვდება ნათელს, მით უფრო ხედავს ადამიანთა ცოდვებს. ამიტომაც ატარებენ ისინი მთელ ცხოვრებას გლოვაში.

ამავე აზრს გამოხატავს სინანულის კანონის პირველივე ფრაზებიც:

„ვინა ვიწყო მე გლოვად, საქმეთა ცხოვრებისა ჩემისათა, ანუ რომელი დასაბამი ვყო ქრისტე, გოდებისა ამის“.

და ამას წერდა ანდრია კრიტელი, წმიდა მამა, რომელმაც 14 წლიდან დაიწყო ღვთისმსახურება.

მაინც რა ცოდვებმა დაამძიმა იგი ასე?

ვინ იყო ანდრია კრიტელი? წმიდა ანდრია, მეექვსე საუკუნის ეს დიდი მამა, დამასკოში ცხოვრობდა. შვიდ წლამდე მუნჯი იყო. შვიდი წლისა პირველად ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს და სასწაულებრივად განიკურნა, ამეტყველდა. ასე აჩვენა მაცხოვარმა თუ რა დიდი ძალა აქვს ზიარებას. გახარებულ მშობლებს საღმრთო წიგნებით აუვსიათ შვილი და უკვე თოთხმეტი წლისა იერუსალიმში გაუგზავნიათ ღვთისმსახურების შესასწავლად. იგი იმდენად განსწავლული იყო ამ დროისათვის, რომ თავისი ცოდნით იერუსალიმის პატრიარქიც კი განუცვიფრებია. შემდგომში ანდრია გახდა კუნძულ კრეტის მთავარეპისკოპოსი და აქედან მოყოლებული იწოდება კრიტელად. მან დაწერა სინანულის დიდი კანონი, რომელშიც ისეთი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ადამიანის ცოდვილი ბუნება, რომ თუ კარგად ჩავუღრმავდებით, აუცილებლად სინანულით განვიმსჭვალებით. იგი მოცულობითაც ყველა სხვა კანონზე დიდია. ამიტომაც მას ოთხ ნაწილად ჰყოფენ და დიდი მარხვის პირველ ოთხ დღეს კითხულობენ.

„ცოდვების დანახვა მთელი თავისი სიღრმით ჭეშმარიტად ღვთის მადლია“ - ამბობს წმიდა იოანე კრონშტადტელი.

ხშირად ადამიანები ვერ ხედავენ თავიანთ ცოდვებს. „არაფერი მომიპარავს“, „ისეთი არაფერი ჩამიდენია“, „როგორც ყველა, მეც ისე ვცხოვრობ“, „არავინ მომიკლავს“ - ასე იწყებენ ისინი თავიანთ აღსარებას და ვერც წარმოუდგენიათ თუ სცოდავენ. გვაღიზიანებს, როდესაც გვამხელენ, თავად კი ადვილად განვიკითხავთ, ღმერთიც დავივიწყეთ. განა ეს ცოდვები მოსანანიებელი არ არის?! და თუ არ გვესმის, რატომ უნდა გვიყვარდეს მტერი ჩვენი, ვართ კი ქრისტიანები?! რითი ავხსნათ ჩვენი თვითდაჯერებულობა ჩვენს უცოდველობაში, თუ არა გაქვავებული გულით, ჩვენი სულიერი სიკვდილით?!

დიდ მარხვას სულის დღესასწაულსაც უწოდებენ. ამ დროს ადამიანის მთელი ყურადღება მიპყრობილია სულისაკენ, რომ განკურნოს იგი. და თუ გვინდა ღირსეულად აღვასრულოთ ეს, სანამ მარხვას დავიწყებდეთ, ვაიძულოთ თავი, მივუტეოთ ერთმანეთს ყველანაირი წყენა და გულისტკივილი. სწორედ ამიტომაა დიდი მარხვის წინ დაწესებული შენდობის დღე.

„არა არს სოფელსა შინა ცოდვა, არცა დაცემა, არცა სიბოროტე, მხსნელო, რომელი მე არა მიცოდავს: გონებით და სიტყვით და მოგონებით, ნებებით და ჯერ-ჩინებით და ქმნით, ვითარ სხვას არცა ერთსა ვის სადა“.

ჰგოდებს ანდრია კრიტელი, ჩვენ კი დარწმუნებულნი ვართ, რომ არ ვცოდავთ. მოდით დიდ მარხვაში მაინც ჩავუღრმავდეთ სინანულის ამ კანონს. იგი დაგვეხმარება ჩვენი ცოდვების დანახვაში. ასე გადავდგათ პირველი ნაბიჯი და ავუყვეთ სასუფევლისკენ მიმავალ სათნოებათა კიბეს.


ნეკრესელი მთავარეპისკოპოსი სერგი (ჩეკურიშვილი)


ანდრია კრიტელის კანონი (ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი)  



http://www.orthodoxy.ge/lotsvani/galoba/andria_kriteli.htm



Комментариев нет:

Отправить комментарий