четверг, 6 июня 2013 г.

საქართველოს მართლმადიდებლური გზა ევროპისკენ, ანუ ღია ბლოგი ქართველ ლიბერალებს.

ამირან გიგუაშვილი

შეთქმულების თეორების არასდროს მჯეროდა. ერთი იმიტომ, რომ იურისტი ვარ და შესაბამისად ჩემთვის მხოლოდ ფაქტებს და დოკუმენტებს აქვთ მტკიცებულების ძალა და მეორეც, ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სიმართლე, როგორც წესი ბანალურია.

თანამედროვე იურიდიულ მეცნიერებაში ორი ძალიან საინტერესო თეზა არსებობს.

გონივრული ეჭვს მიღმა სტანდარტი, ანუ სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

და

სინდისის სტანდარტი, რომლის თანახმადაც სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და მას გადაწყვეტილება მხოლოდ შინაგანი რწმენით გამოაქვს.

თუ მთელს ამ თეორიას მარტივ მაგალითამდე დავიყვანთ, სასამართლოს წინაშე შეიძლება წარდგენილი იქნეს დანაშაულის იარაღიც, გვამიც და მკვლელიც, მაგრამ მოსამართლემ საკუთარ სინდისთან ერთი-ერთზე დარჩენისას დაასკვნას, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არსებობს.

იურისპრუდენცია ზუსტი მეცნიერება არ არის.

არც ცხოვრებაა ზუსტი მეცნიერება და როდესაც ჩვენ გარკვეული დასკვნები გამოგვაქვს, პირველ რიგში ფაქტების გონივრულ შეფასებას და ჩვენს შინაგან რწმენას უნდა დავეყრდნოთ.

მაშ, რას გვიდასტურებს 17 მაისი და განსაკუთრებით მის შემდგომ განვითარებული პროცესები?

ერთ-ერთ ინტერვიუში განვაცხადე, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, ეკლესიის დასუსტების მიზნით და ამან ჩემი ლიბერალურად განწყობილი თუ მოდას აყოლილი მეგობრების უკმაყოფილება და გაკვირვება გამოიწვია.

ვინც მე მიცნობს, კარგად იცის ჩემი კატეგორიულად მიუღებელი დამოკიდებულება ყოველგვარი ფუნდამენტალიზმის და რელიგიური ფანატიზმის მიმართ.

არ მომწონს მხოლოდ შავ-თეთრი ფერები.

არ მომწონს ადამიანების ჩემიანებად და სხვისიანებად გაყოფა.

არ მომწონს ჯვრით ხელში განხორციელებული ძალადობა.

არ მომწონს მხოლოდ ღვთის მოწყალების იმედად მყოფი გლახაკები.

არ მომწონს ეკლესიას შეფარებული ნაძირლები და ფარისევლები.

არ მომწონს სასულიერო პირი, რომელიც მრევლს აზროვნებას უშლის.

არ მომწონს მღვდელი, რომელიც მარტო მრისხანებას ქადაგებს.

არ მომწონს ჩემი ქვეყნის მინისტრი, რომელიც სოციალურ ქსელში დალაიქების მიზნით, საკუთარი რელიგიურობის ამსახველ სურათებს ავრცელებს.

მოკლედ ჩამონათვალი გრძელია და ბევრი რამ არ მომწონს.

მაგრამ ეს სულაც არ მიშლის ხელს ჩემი ქვეყანა მიყვარდეს.

და რა არის ჩემი ქვეყანა?

საქართველო. პატარა მიწის ნაგლეჯი ამ უზარმაზარ სამყაროში, რომლის გადარჩენაც და თვითმყოფადობაც, როგორც არ უნდა შევაფასოთ ისტორიული მოვლენები, მხოლოდ ერთ ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს, მართლმადიდებლურ ქრისტიანობას უკავშირდება.

ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ. ეკლესიის ადვოკატად არ გამოდგები. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე, მე ალბათ ყველაზე უღირსი ქრისტიანი ვარ თქვენს შორის, მაგრამ რა ვქნა, როდესაც ვხედავ, როგორ ცდილობენ ჩემი ქვეყნისათვის იმ ნიადაგის გამოცლას, რომელზეც იგი დგას.

ეკლესიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის ძირითადი პოსტულატი მდგომარეობს იმ მოსაზრების განვითარებაში, რომ იგი სახელმწიფო ინსტიტუტების საფრთხედ და ევროპისკენ მიმავალ გზაზე მთავარ ხელშემშელ ბარიერად იქცა.

ამ პოსტულატის გათვალისწინებით, მთავრობამ სასწრაფოდ უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

საგანმანათლებლო სისტემაში შეზღუდოს რელიგიური სწავლება.

სამხედრო ნაწილებიდან გავიდნენ სასულიერო პირები.

საპატრიარქოს შეუწყდეს დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს ეკრძალოთ რელიგიურ დღესასწაულებში მონაწილეობის მიღება.

და რაც მთავარია უნდა გაუქმდეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის 2002 წელს გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება ანუ კონკორდატი.

ამ ყველაფრის შემდეგ, ქართველი ლიბერალი მამების და დედების აზრით, საქართველოში ფუნდამენტალიზმის საფრთხე აცილებული იქნება, სამართლებრივი სახელმწიფოც ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდება და ჩვენთვის ევროპის ნანატრი კარიც გაიღება.

მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ქართველი ლიბერალები ჩემი სამშობლოს მტრები არიან. ეს დაახლოებით იმ წარმოდგენებიდან იქნებოდა, რაც მე არ მომწონს. მით უმეტეს ზოგიერთ მათგანს კარგად ვიცნობ და ვიცი მათი აზროვნების ფართო დიაპაზონი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც თქვენ ცდებით ბატონებო და ეს შეცდომა დანაშაულზე მეტია.

მოდით რევანშისტულად განწყობილი პოლიტიკური ძალების მიერ შემოგდებული ბლეფი თეოკრატიის და ფუნდამენტალზიმის საშიშროების შესახებ გვერდზე გადავდოთ და იმაზე დავფიქრდეთ ოცდამეერთე საუკუნეში, გლობალიზაციის, სახელმწიფოთა შორის საზღვრების და იდეოლოგიური ღირებულებების წაშლის ეპოქაში, რეალურად რა უნდა იქცეს ჩვენი იდენტობის განმსაზღრელად იმ დიდ ევროპულ ოჯახში, სადაც ყველა ერთად მივისწრაფვით ბატონებო?!

არ გვაქვს ძლიერი ეკონომიკა.

არ გვაქვს ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო სისტემა.

არ გვყავს ძლიერი ჯარი.

არ შეგვიძლია კონკურენციის გაწევა საკუთარი სამეცნიერო–ტექნოლოგიური მიღწევებით.

ინტელიგენცია დეგრადირებულია.

სამოქალაქო საზოგადოება სუსტი და გახლეჩილი.

ტერიტორიის ერთი მესამედი ოკუპირებული გვაქვს.

გვაქვს ორი მოქმედი კონფლიქტი და სეპარატიზმის საფრთხის შემცველი რეგიონები.

გვყავს ბირთვული იარაღის მქონე მტერი, რომელიც ჩვენი ყველაზე ძლიერი სტრატეგიული მოკავშირისათვისაც კი ანგარიშგასაწევი ძალაა.

უფალმა გვარგუნა ისეთი განსაცდელი, რასაც ურთულეს გეოპოლიტიკურ გარემოში გადარჩენისთვის მუდმივი ბრძოლაა.

და ამ ყოველივეს გათვალისწინებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ მილიონიდან ერთ შანსს და ვინმე ჩვენისთანა უბადრუკებს ტვირთად აიკიდებს, ჩნდება ლოგიკური კითხვა, რომელზეც პასუხი დღესვე უნდა იქნეს გაცემული. რა ბედი ელის უხერხემლო, მცირერიცხოვან ერს, რომელსაც უპირველეს ყოვლისა მულტიკულტურული შოკის გადატანა მოუწევს უზარმაზარ ევროპულ კონგლომერატში. სულიერი და გონებრივი წინააღმდეგობის სტრესის გაძლება, რომელიც თავად ბებერ კონტიტენტს უთხრის ძირს, ერთიანი სახელმწიფოთაშორისი იდეოლოგიის და ფასეულობათა კონცეფციის არ არსებობის გამო.

განვლილი ცხრა წელი ყველაზე უტყუარი არგუმენტია თქვენი თეორიის მცდარობის დასამტკიცებლად. ამ პერიოდში თქვენს მიერ იდეურად შთაბერილი კამპანია ახალი, ე.წ. თავისუფალი ქართველის გამოყვანისა კრახით დასრულდა. ამის მრავალი მიზეზი არსებობს. ობიექტურიც და სუბიექტურიც, მაგრამ მთავარი მიზეზი ამ ახალი ქართველის სისუსტისა, მაინც მისი უხერხემლობა გახლდათ. საყრდენი წერტილის არ არსებობა, რომელზეც მყარი ევროპული ღირებულებების მატარებელი, კონკურენტურანი სული დაშენდებოდა. ამ ფასადურმა, ფსევდო ევროპელმა ჰუმანიოდმა 2008 წელს პირველივე გამოწვევის წინაშე სამარცხვინოდ დაიჩოქა და მტერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია. რა თქმა უნდა იყო ცალკეული გმირობის მაგალითები, მაგრამ ისინი ინდივიდუალურ ხასიათს ატარებდნენ და არაფერი ჰქონდათ საერთო კოორდინირებულ, სახელმწიფო სტრატეგიაზე დაფუძნებულ ბრძოლისუნარიანობასთან.

ჩვენ ახალი ქართველი მართლა გვჭირდება. თაობა, რომელიც შეიარაღებული იქნება მდიდარი ტრადიციებით, ისტორიული გამოცდილებით და შემწყნარებელი რელიგიით. სამშობლოსათვის თავის დადების მზადყოფნა თითოეული ქართველის ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს და ამ მიმართულებით არის სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში და ჯარში სახელმწიფო იდეოლოგია ჩამოსაყალიბებელი. მხოლოდ ასეთ ქართველს შეეძლება ტოლ–სწორად ელაპარაკოს თავის ევროპელ თანამოძმეებს და პროგრესისკენ მიმავალი ფართო ნაბიჯები გადადგას.

სხვა ყველა გზა წრეზე ტრიალია. ლაბირინთებში ოცწლიანი ხეტიალის გაგრძელება, რომლის ბოლოც სასოწარკვეთა და განადგურებაა.

თქვენ მეუბნებით, რომ სახელმწიფო ეკლესიას უნდა გაემიჯნოს და ავტონომიური სისტემა გააძლიეროს.

ჩემთვის კი თანამედროვე ქართული სახელმწიფო, მთავრობის და წამყვან რელიგიურ კონფესიას შორის აქტიური თანამშრომლობაა, სადაც უპირატესი ძალა ქვეყნის კონსტიტუციას და კანონს ენიჭება.

თქვენ მეუბნებით, რომ საპატრიარქოს დაფინანსება უნდა შეუწყდეს, ეკლესია დასუსტდეს და სამოქალაქო საზოგადოება გაძლიერდეს.

ჩემთვის კი ეკლესიის დაფინანსების გაზრდა, მეტ განათლებულ სასულიერო პირს და მათ საზოგადოებრივ პროცესებში მეტ ინტეგრაციას ნიშნავს.

თქვენ მეუბნებით, რომ ხელში ტაბურეტმომარჯვებული მამაოა ეკლესიის სახე.

ჩემთვის, კი შეუმცდარი არავინ არის და ეკლესიის სახე ის მამაოა, რომელმაც ჩემი მშობლიური ქალაქი დაბომბვის დროსაც არ მიატოვა და ღვიძლი ძმის დაღუპვისას, სხვა თანამოძმეებზე ფიქრობდა.

ბოროტება ტრანსფორმირებადი სუბსტანციაა, რომელიც შეიძლება დღეს თავისუფლების იდეებს ამოეფაროს, ხვალ კი ანაფორაგადაცმული მოგვევლინოს. ჩვენი მოვალეობა იმაში მდგომარეობს, მისი ნამდვილი სახე დავინახოთ და მხილებას არ მოვერიდოთ.

მე იურისტი ვარ. ჩემთვის არც ერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და გადაწყვეტილებას მხოლოდ შინაგანი რწმენით ვიღებ.

ეს რწმენა კი მეუბნება, რომ ჩემი გზა ევროპისკენ ძლიერ სახელმწიფოზე გადის, რომელსაც ზურგს განსაკუთრებული ისტორიული როლის მქონე ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და შემოთავაზებულ ღირებულებებს შორის გაკეთებული გონივრული არჩევანი უმაგრებს.


http://www.kvirispalitra.ge/amiran-giguashvilis-thavisufali-blogi/17320-saqarthvelos-marthlmadidebluri-gza-evropisken-anu-ghia-blogi-qarthvel-liberalebs.html?add=1#comments

Комментариев нет:

Отправить комментарий