четверг, 20 июня 2013 г.

აზარტული თამაშები ქრონიკული დაავადებაა.

ლუდომანი, იგივე აზარტული თამაშების მოყვარული ადამიანი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა. იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში აზარტული თამაშების მანიით შეპყრობილი ერთი ადამიანი მაინც არ იყოს. სამწუხარო ის არის, რომ ლუდომანიით დაავადებული ადამიანი ხშირად მთელი ფინანსური რესურსის დაკარგვის სანაცვლოდ იღებს აზარტით მინიჭებულ სიამოვნებას. ხშირია ფაქტები, როდესაც მოთამაშეს უძრავი თუ მოძრავი ქონების გაყიდვით აღებული ფული წაუგია კაზინოში და თვითმკვლელობით დაუსრულებია სიცოცხლე.…



რამდენად შესაძლებელია აზარტული თამაშებისგან ფსიქოდამოკიდებულების მოხსნა და რამდენად დიდი ზიანი მოაქვს აზარტს ლუდომანებისთვის – ამ თემაზე “გუმბათს” სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ესაუბრებიან. საინტერესოა ამ საკითხის გარშემო ფსიქოლოგის, მოძღვრის პოზიციაც.

ამ თემაზე ჟურნალისთვის წერილის მომზადება მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც თბილისის ერთ-ერთ უბანში მომხდარი ტრაგედიის შესახებ ამბავი გავიგე. სამწუხაროდ, ამგვარი შემთხვევა საკმაოდ ხშირია. მიუხედავად ოჯახში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიისა, ინტერვიუზე ოჯახის უფროსი უყოყმანოდ დამთანხმდა. იმ მიზნით, რომ მისი ნაამბობი იქნებ ვინმესთვის (გულისხმობდა აზარტით შეპყრობილ ადამიანებს) ჭკუის სასწავლებელი იყოსო.

ნოდარ ზაალიშვილი:

- დათუნა ძალიან კარგი ბიჭი იყო. უაღრესად განათლებული და წესიერი ადამიანი. დათო და ჩემი შვილი მაკა 2 წლის წინ დაქორწინდნენ. სიძე მუშაობდა და ახლადშექმნილ ოჯახს დამოუკიდებლად უზრუნველყოფდა. ბოლო რამდენიმე თვე დათოს ხასიათის შეცვლას ვამჩნევდით. სამსახურიდან ხშირად იგვიანებდა და ყოველთვის გაურკვეველი მიზეზით ხსნიდა. ამ ყველაფერს თვალს მშვიდად ვადევნებდი, ვფიქრობდი, რომ “გადაუვლიდა”. ქალიშვილი და სიძე ჩემს სახლში ცხოვრობდნენ. ერთადერთი ქალიშვილი მყავს და ვთხოვე, ჩემთან ეცხოვრათ, მით უფრო, როცა სიძეს საკუთარი სახლი არ ჰქონდა. ორი-სამი თვის წინ მაკამ მითხრა, რომ დათო კაზინოში დადიოდა და მისი ძვირფასეულობა თითქმის უკვე გაყიდული ჰქონდა, ამასთან ერთად, მას საკუთარი მანქანაც გაუყიდია. გავოგნდი, ეს ამბავი რომ გავიგე. შევეცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ დათო ყოველთვის თავს მარიდებდა და ჩემგან თავის დაძრომას ცდილობდა. მალე ეს ტრაგედიაც დატრიალდა. როგორც მაკა ამბობს, თვითმკვლელობაზე ცოლთან ბოლოს რამდენჯერმე უთქვამს. ამბობდა თურმე, სიცოცხლის ღირსი არ ვარ, ამ ჯოჯოხეთისგან თავის დახსნას ვეღარ ვახერხებ, თავი უნდა მოვიკლაო. ის კი აღარ უფიქრია, რომ თვითმკვლელობით ეშმაკს სული სამარადჟამოდ მიჰყიდა. მინდა თქვენი ჟურნალის მეშვეობით ახალგაზრდებს მოვუწოდო, რომ ნურასდროს დაინტერესდებიან აზარტული თამაშებით, ეს მათ კარგს არაფერს მოუტანს.

რატომ ხდება ადამიანი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული და რამდენად შესაძლებელია ამ დამოკიდებულების მოხსნა. ამასთან დაკავშირებით “გუმბათი” ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს დაუკავშირდა.

ჯანა ჯავახიშვილი, ფსიქოლოგი:

- აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ქრონიკული დაავადება. როგორც ნარკოტიკული საშუალებების რამდენჯერმე გასინჯვის შემდეგ ადამიანი ხდება მასზე დამოკიდებული, ასევეა აზარტული თამაშების შემთხვევაშიც. აზარტული თამაშების დროს, ადგილი აქვს არაქიმიური დამოკიდებულების ფორმას, ანუ ფსიქიკურ მიჯაჭვულობას, როცა ადამიანი თავის ქცევას ვეღარ აკონტროლებს. ფიზიკური დამოკიდებულების დროს ადამიანის ორგანიზმი ეჩვევა ამა თუ იმ პრეპარატს, ქიმიურ ნივთიერებას და ხდება მასზე დამოკიდებული. უკონტროლო ქცევას ეწირება ადამიანის ცხოვრების სხვა ღირებულებები. აზარტული თამაშები დაკავშირებულია ფინანსურ დანახარჯებთან და ამის შედეგად ადამიანი მიდის ფიზიკურ ბანკროტამდე. თამაშებში ჩათრეული ადამიანი კარგავს საცხოვრებელს, სხვა მატერიალურ ღირებულებებს და საბოლოოდ, სულიერ განადგურებამდე მიდის.

- ყოველგვარი მატერიალური ფუფუნების დაკარგვის სანაცვლოდ, მოთამაშე მაინც მიილტვის აზარტული თამაშებისკენ, რა ხდება მის ფსიქიკაში ამ დროს?

- ძალიან დიდი ხანია, რაც მეცნიერები თავის ტვინის ქერქში სხეულებრივ დონეზე მიმდინარე ქიმიურ პროცესებს იკვლევენ. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უნდა განვიხილოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემად, ეს არის გარკვეული ქცევის განხორციელების აკვიატებული სურვილი. ამ პრობლემის მოგვარება არა მარტო ბიოლოგიურ დონეზე, არამედ ფსიქიკურსა და სოციალურ დონეზე ხდება.

- თქვენი, როგორც ფსიქოლოგის, აზრით, რამდენად შესაძლებელია ლუდომანებისთვის ამ დამოკიდებულების მოხსნა?

- ამ მდგომარეობას ესაჭიროება მკურნალობა, რადგან ვიმეორებ, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ეს არის ქრონიკული დაავადება, რასაც ამ მავნე ქცევაზე დამოკიდებულმა ადამიანმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა ებრძოლოს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოთერაპიით მკურნალობას, აუცილებელია სოციალური მუშაკის ჩართულობაც. მნიშვნელოვანია მოთამაშისთვის მის გარშემო მყოფი სოციალური კაპიტალი, იმ შემთხვევაში, თუ მას ჯერ კიდევ შერჩენია. მოგეხსენებათ, მოთამაშე თავისი ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ გადადის სესხის აღებაზე მეგობრებისგან, მეზობლებისგან და ა.შ. რა თქმა უნდა, ვალს ვეღარ უბრუნებს და ხშირ შემთხვევაში, ისინი შემდგომში მოვალესთან ურთიერთობას გაურბიან.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მოხსნა, რასაკვირველია, შეიძლება, თუმცა, შემდგომში შესაძლოა გამოვლინდეს რეციდივი და ამ რეციდივსაც მუდმივად მკურნალობა დასჭირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების ფსიქიკურ სიძლიერეს, თუ რამდენად ძლიერი გამოდგება იგი საკუთარ თავთან საბრძოლველად.

თუ რას ფიქრობენ აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით სასულიერო პირები, ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება წმინდა მოწამეთა ცხრა ყრმა კოლაელთა სახელობის ტაძრის მღვდელს, მამა დავითს ვთხოვეთ.

მამა დავითი:

- როდესაც ადამიანი აზარტული თამაშებისკენ არის მიდრეკილი, ეს ნიშნავს, რომ იგი შეპყრობილია ეშმაკით. მოთამაშე თავისი ნებით იღუპავს სულს. უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანი როდესაც კაზინოში, ტოტალიზატორში ან სხვა მსგავს დაწესებულებაში შედის, ამით ეშმაკს დღესასწაულს უძღვნის. აზარტული თამაშების გამო, მრავალი ადამიანი წარწყმედილა, დაღუპულა და ამით ნაშოვნი ფული ყოვლად მიუღებელია. როგორც პავლე მოციქული ამბობს, ვინც არ შრომობს, მან არ ჭამოს, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ოფლით ნაშრომი ფულით უნდა არჩინოს კაცმა ოჯახი და არა კაზინოში თუ ტოტალიზატორში მოგებულით, მით უმეტეს, როცა ამგვარ დაწესებულებაში მისვლით, აზარტული მოთამაშე პირიქით, იქით აგებს ფულს და არა იგებს. ადამიანი ფულის მოყვარეა, ეშმაკი ამით სარგებლობს და უბრალო მოკვდავს ამდაგვარ საცდუნებელს აძლევს. მაგრამ თუ კაცი ძლიერია, უფლის მოშიშია, ცხოვრობს ქრისტიანულად, ლოცულობს, მარხულობს, მასზე ეშმაკი ვერასდროს გაიმარჯვებს.

- მამაო, როგორ შეიძლება აზარტული თამაშების მოყვარულმა ადამიანმა სძლიოს ეშმაკს?

- დაუძლურებული და დაავადებული სული მარხვითა და ლოცვით განიკურნება. ღრმა ეკლესიური, ქრისტიანული ცხოვრებით, სახარების კითხვით, სათნოებათა აღსრულებით ადამიანი აუცილებლად მოახერხებს ეშმაკი დაძლიოს, რადგან უფალი მის გვერდითაა და თუ ადამიანი ამას მოინდომებს, აუცილებლად შეძლებს. მოძღვართან სიმჭიდროვე ყოველთვის იხსნის ადამიანის სულს ამგვარი საცდუნებლებისგან. ეშმაკისეულით შეპყრობილი ადამიანი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ყოველთვის შეძლებს დაავადებული სულის განკურნებას. ამგვარი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა. დიდი მნიშვნელობა აქვს დაუძლურებული სულის ადამიანისთვის მონასტერში ყოფნას, იქ, მამების გვერდით, იგი აუცილებლად გაძლიერდება. დაუძლეველი არაფერია. მთავარია, ადამიანის ნება არსებობდეს. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად ეკლესიურად ცხოვრობს ეშმაკისგან დამონებული სულის მქონე ადამიანის ოჯახი. ოჯახის თითოეულმა წევრმა ლოცვითა და სათნოებათა აღსრულებით უნდა იზრუნოს ამ ადამიანის სულიერი გადარჩენისთვის.

ჩვენს ქვეყანაში აზარტული თამაშებით ბევრი ცნობილი ადამიანიც არის დაინტერესებული. ბევრი მათგანი ამას მალავს კიდეც, მაგრამ ზოგი, პირიქით, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ამ მავნე ჩვევის უარყოფისკენ მოუწოდებს.

ვახტანგ ტატიშვილი, ანსამბლი “ივერია”:

- მე თუ მკითხავთ კაზინოში, ტოტალიზატორში და სხვა ამგვარ დაწესებულებებში ნორმალური კაცი საერთოდ არ უნდა შედიოდეს. კაზინოში ჰოლანდიაში, აშშ-სა და საქართველოშიც ვყოფილვარ. ძირითადად, “რულეტკა” მითამაშია, ისიც დიდ ფულზე არასდროს. დავდებდი ჯერ ცოლის დაბადების დღის რიცხვზე თანხას, შემდეგ შვილების და ა.შ. სადამდეც მეყოფოდა. გამითავდებოდა ფული და მოვდიოდი ჯიბეგაფხეკილი სახლში. მაქსიმუმ 100-200 დოლარით თუ წავსულვარ კაზინოში. ძალიან იშვიათად ყოფილა, ფული რომ მომეგოს. ერთხელ იყო შემთხვევა და 400 დოლარი მოვიგე. რა თქმა უნდა, წაგება უფრო ხშირად მქონია, ვიდრე მოგება. ხშირად მეგობრები, ანსამბლის წევრები ვიკრიბებით და პრეფერანსს ვთამაშობთ. ეს არის ჩემი გართობა. როდესაც უცხოელი სტუმარი გვყავს და მას კაზინოში წასვლა სურს, ხშირად ამიტომ მივდივართ ხოლმე. ბოლო 2-3 წელიწადია, კაზინოში საერთოდ არ ვყოფილვარ. თუ მაინცდამაინც, ჯანდაბას, კაზინოები იყოს, ოღონც ქალაქგარეთ. უცხოეთში ეს ძალიან მიღებული პრაქტიკაა. ვისაც ფული აქვს, ჩაიდებს ჯიბეში 5-10 ათას დოლარს, წავა, მაგალითად, გუდაურში და ითამაშებს. აბა, ჩვენთან, გენაცვალე, ვიღაც გაჭირვებული 10 ლარით შედის კაზინოში და ჰგონია, 100 ლარს მოიგებს. ამ დროს კი ისე გამოდის, რომ “მარშრუტკის” ფულიც არა აქვს, სახლში რომ დაბრუნდეს. ასეთ ფეშენებელურ კაზინოს რომ აშენებს კაცი, ხარჯავს მილიონობით დოლარს, სულელი იქნება, მოთამაშეებს ფული რომ მოაგებინოს. ალბათობა იმისა, რომ მოთამაშემ კაზინოში ფული მოიგოს ძალიან მცირეა. მოგეხსენებათ, რომ კაზინოში არც საათი არსებობს და არც ფანჯარა, აზარტში მყოფ ადამიანს დროის განსაზღვრა აღარ შეუძლია და მიდის უკანასკნელი გროშების დახარჯვამდე. იშვიათად მეგულება ადამიანი, თამაშისას საკუთარი თავის კონტროლი რომ შეეძლოს.

როგორ ვიცი, უცხოეთში კაზინოების მეპატრონეების უმრავლესობა მონაგები თანხის 90%-ს საქველმოქმედო ფონდში რიცხავს. ჩვენთან კი კაზინოების მეპატრონეები საკუთარი თავის გამდიდრებაზე ზრუნავენ.

ზურა ყიფშიძე, მსახიობი:

- აზარტული თამაშებით დაინტერესება იგივეა, რაც ჭაობში ფეხის ჩადგმა. ადამიანს ისე შეიყოლიებს, რომ ამ სიბინძურედან გამოსვლა შემდეგ ძალიან უჭირს. ხშირად ვყოფილვარ კაზინოში, როგორც ჩვენს ქვეყანაში, აგრეთვე უცხოეთშიც. კონკრეტულად თანხა არ მახსოვს, მაგრამ უფრო მეტი, რა თქმა უნდა, წამიგია, ვიდრე მომიგია.

ავტორი: თამარ როსტიაშვილი

წყარო: icode.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий