вторник, 2 июля 2013 г.

ერთი ღმერთი ჰყავთ თუ არა სხვადასხვა რელიგიებს?

მამა დანიელ სისოევი




"რატომ ხართ ასეთი ფანატიკოსი? რატომ ამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ არ არის ცხოვნება? განა ერთი ღმერთი არ სწამს ყველას? - მუსლიმებს, ქრისტეანებს, იუდეველებს და ბუდისტებს? განსხვავება ხომ მხოლოდ წეს-ჩვეულებებშია. მაშ, რატომ უნდა ვამტკიცოთ საკუთარი განსაკუთრებულობა? ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ უზენაესი არ მიიღებს მუსლიმებს? მისთვის ხომ სულ ერთია, ვის როგორ სწამს. მთავარია, ადამიანი იყოს კეთილი!" - ასეთი სიტყვები ალბათ ათასჯერ მოუსმენია მართლმადიდებელ ქრისტეანს.



და მართლაც, განა შეიძლება იმის უარყოფა, რომ ღმერთი ერთია? განა ჯერ კიდევ მოციქულმა პავლემ არა სთქვა: "არ არსებობს სხვა ღმერთი, გარდა ერთისა" (1 კორინთ. 8:4). უფალი სამყაროს ერთადერთი განმგებელია და ის არის არა მარტო იუდეველთა, არამედ წარმართთა ღმერთიც (რომ. 3:29). ჩვეულებრივი საღი აზროვნება გვაჩვენებს, რომ შეუძლებელია იყოს ორი ყველგანმყოფი, - უბრალოდ, მათი ადგილი აღარ იქნებოდა, და ისინი შეზღუდავდნენ ერთმანეთს.

მაგრამ, თუკი ღმრთის არსების ერთადერთობის ფაქტი ასე ცხადია, აქედან არანაირად არ გამოდის, რომ ყველამ იცის ღმრთის შესახებ, მითუმეტეს შემეცნებული აქვთ ღმერთი და სწორად თაყვანსსცემენ მას. ფრაზა "ყველას ერთი ღმერთი სწამს" არასწორია თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოში მრავალი ათეისტია - კომუნისტები, ბუდისტები, შამანისტები... და მათ სულაც არ სწამთ არანაირი ღმერთი.

ხოლო თუ სხვებზე ვილაპარაკებთ, შემოქმედი ღმერთის არსებობის ფაქტიდან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ადამიანები მას თაყვანსსცემენ. შეიძლება მოვიტანოთ ასეთი მაგალითი: მრავალი იცნობს ქვეყნის პრეზიდენტს, მაგრამ აქედან ხომ არ გამომდინარეობს ის, რომ ყველანი ლოიალურად არიან მისდამი განწყობილნი, მითუმეტეს ესმით მისი ქმედება? ზუსტად ასევე, მრავალმა მილიარდმა ადამიანმა იცის ღმერთის არსებობა, მაგრამ დიდი უმრავლესობა მას აღიქვამს როგორც შორეულ და გაუგებარ ძალას. მაგალითად, ისლამში არ არის მიღებული შეხედულება, რომ ალაჰი - პიროვნებაა. ის უფრო არაფერია, რომელიც მხოლოდ თავისი ნებით დამსჯელ ან დამაჯილდოვებელ სჯულს იძლევა. ასეა კაბალაშიც, ეინ - სოფი შეუცნობელია და თვითონაც არაფერს შეიმეცნებს. ეს უფრო რომაელთა თემიდაა, ვიდრე ღმერთი, რომელიც საკუთარ თავს ბიბლიაში გვიცხადებს. ეს არის შორეული კოცონის მბჟუტავი ნათება, რომელსაც არავისი სულის გათბობა არ შეუძლია.

და ეს წარმოდგენა სინამდვილეში ზოგადსაკაცობრიოა. არ არის შემთხვევითი, რომ ობივატელის "სარწმუნოების სიმბოლო" ასე ჟღერს:

- კი ბატონო, რაღაც არსებობს, მაგრამ რა, არ ვიცი.

თანაც ამ "რაღაცას" ჩვეულებისამებრ უკავშირებენ სამართლიანობის ცნებასაც. ასევე შემთხვევითი როდია, რომ ყოველგვარი წყენის დროს ამბობენ:

- ღმერთი რომ ყოფილიყო, განა დაუშვებდა ამგვარ რამეს?

მაგრამ ამგვარი ცოდნა განა შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გთავაზობენ დაქორწინდეთ პატარძალზე, რომლის შესახებ არაფერი იცით. და როდესაც თქვენ კითხულობთ "ვინ არის ჩემი საცოლე?", გპასუხობენ: "ის სამართლიანია და მას არავინ იცნობს". განა დამაკმაყოფილებლად ჩაითვლება ასეთი პასუხი?

არადა, ადამიანების უმეტესობას ღმერთზე იმაზე უფრო ნაკლები წარმოდგენა აქვს, ვიდრე ბრიგადირს ახალ მუშახელზე, რომელსაც ეს ესაა ღებულობს. თანაც მიაჩნიათ, რომ ამგვარი უცოდინრობა საკმარისია, რათა ვცხონდეთ. თანაც ეს უმეცრება იმასთან როდია დაკავშირებული, რომ ადამიანებს არა აქვთ შესაძლებლობა იცოდნენ ღმრთის შესახებ, არამედ იმასთან, რომ მათ ამისი სურვილი არა აქვთ. როგორც სახარებაშია - იმის ნაცვლად, რომ ღმრთისგან დაპატიჟებულნი მის მიერვე გაწყობილ ქორწილში წასულიყვნენ, ადამიანებმა საკუთარი ბოსტნების ჩიჩქნა და ოჯახურ-ნაციონალური ურთიერთობების გარკვევა ამჯობინეს.

განსაკუთრებული დაჟინებით დამპატიჟებელს უარეს შემთხვევაში კლავენ, უკეთეს შემთხვევაში იდიოტად აცხადებენ. ნუთუ ასე გულუბრყვილოდ ჰგონიათ, რომ ღმერთი ძალდატანებით შეათრევს საკუთარ სასუფეველში მათ, ვისაც არასოდეს ჰყვარებია და არაფრად ჩაუგდია ღმერთი? მინუციუს ფელიქსი ამბობდა: "მამის არცნობა ისეთივე დანაშაულია, როგორც ბრძოლა მის წინააღმდეგ". მხოლოდ მართლმადიდებლურ ქრისტეანობაში შედის ადამიანი ღვთაებრივი ცხოვრებაში იმდენად ღრმად, რომ ჭვრეტს სამგვამოვანი სიყვარულის იდუმალ ცეცხლს.

თუმცა ხშირად ამბობენ:

- სხვა რელიგიებშიც ხომ არიან გულწრფელი ადამიანები? ნუთუ ისინი უნდა დაიღუპონ?

ამ დროს კი ივიწყებენ, რომ ღმრთის არასწორად შემეცნება კიდევ უფრო საშინელია, ვიდრე უმეცრება. რადგან უმეცარს ჯერ კიდევ შეუძლია შეიგნოს თავისი ნაკლი და აქვს შესაძლებლობა ეზიაროს ღმრთის საიდუმლოს, ხოლო მას, ვისაც სიცრუის სჯერა, - ძიება არც აინტერესებს. ის მიიჩნევს, რომ მას უკვე ყველაფერი აქვს.

ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც კი, იმ ადამიანს, რომელსაც რუქა არა აქვს, მიზნის მიღწევის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე იმას, ვინც ყალბი რუქით სარგებლობს. უკეთესია ზარმაცი ექიმი, რომელიც უბრალოდ არ ექიმობს, ვიდრე დარწმუნებული შარლატანი, რომლის ხელში ავადმყოფს გადარჩენის შანსიც კი არა აქვს. ასეა ღმრთისშემეცნების საქმეშიც, დარწმუნებულ ერეტიკოსს არ ძალუძს ღმრთის პირდაპირი ჩარევის გარეშე ნათელი იხილოს. ასე ამბობს ღმერთი: "ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგანთხევ ჩემს ბაგეთაგან. რადგანაც ამბობ: მდიდარი ვარო, გავმდიდრდი და აღარაფერი მჭირდებაო, და ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საწყალობელი, გლახაკი, ბრმა და შიშველი. გირჩევ იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, და სპეტაკი სამოსი, რათა შეიმოსო და აღარ გამოჩნდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და საოლავი იცხო თვალზე, რათა იხილო" (გამოცხ. 3: 15-18).

მსგავსი ვითარებააა ცრუ რელიგიებშიც. რაც უფრო ღრმად არის ჩამჯდარი ადამიანი თავის ცრუ ტრადიციაში, მით უფრო ძნელია მისგან თავის დაღწევა. მისიონერობის პრაქტიკა აჩვენებს, რომ ღმერთს უფრო ხშირად მიმართავენ ისინი, ვისაც ერთის მხრივ ჭეშმარიტების შეგრძნება არ დაუკარგავს, მეორეს მხრივ კი განუდგა თავის ცრუ რწმენას. რატომ არ შეიწყნარეს სახარება მწიგნობრებმა და ფარისევლებმა, არამედ უბრალო მეთევზეებმა? ასე, რომ არ არის საჭირო, შევაქოთ მუსლიმთა ან იუდეველთა რელიგიური მოშურნეობა, არამედ უმჯობესია ვაჩვენოთ მათი ცთომილების მთელი ტრაგიკულობა, როგორც ამას ეკლესიის წმიდა მამები იქმოდნენ. ბოროტ საქმიანობას ეწევიან ისინი, ვინც დღესასწაულებს ულოცავს არამართლმადიდებელთ, ცრუმორწმუნეთ და მწვალებელთ, ამით, ისინი ერეტიკოსთა სიჯიუტეს უჭერენ მხარს და თავიანთ სიცრუეში კიდევ უფრო ამყარებენ.

ერთმა თათარმა მღვდელს ჰკითხა: "რა უნდა ექნა თუკი ძმები ხელს უშლიან მას მეჩეთში სიარულში?" რა უნდა ეთქვა ნორმალურ მსახურს? რა თქმა უნდა: "დატოვე ისლამი, მოინათლე ქრისტეანობაში და წადი მონასტერში, თუ გინდა რომ სწრაფად ესათნოვო უფალს". მან კი უპასუხა: "მეჩეთში კვირაში ორჯერ იარე და მოლას უსმინე". ეს ამბავი ერთ წიგნში წავიკითხე, რომლის ავტორი ამ რჩევას ლამის გმირობად მიიჩნევს (მოლამაც ამაოდ როდი დაუფასა რჩევა ამ ფსევდომღვდელმსახურს), სინამდვილეში კი ეს არის უნამუსობა და სისაძაგლე. ყალბი ჰუმანიზმის გამო მღვდელმა უმეცრების კიდევ უფრო დიდ ღრმულში გადააგდო უბედური მორწმუნე და საუკუნო წარწყმედად გასწირა. განა არ უწყოდა ამ მღვდელმა, რომ "ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას" (იოანე 3:36)?

აქ ჯეროვანია განვიხილოთ საკითხი, შეიძლება თუ არა ვილაპარაკოთ იმაზე რა შეიძლება იყოს კარგი, მიუხედავად სარწმუნოებისა. და, რას ნიშნავს "იყო კარგი"? რა არის ან სად არის "სიკარგის" კრიტერიუმი? ალკოჰოლიკისთვის კარგია დათრობა, მაგრამ მის ცოლს ამ თემაზე საპირისპირო აზრი გააჩნია. ამბობენ, რომ "კარგია ის, ვინც სხვას ბოროტს არ გაუკეთებს", მაგრამ ეს არ არის სიკარგის განსაზღვრება. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გაგვირკვევია რა არის "ცუდი" და რა "კარგი". ლოთის თვალსაზრისით ცუდად იქცევა ის, ვინც მას სასმელს არ დაუსხამს, მისი ახლობლები კი პირიქით, აქებენ ასეთ ადამიანს. სად არის სიმართლე?

ხშირად სინდისიც გვატყუებს. და ამაში მას განსაკუთრებულად "ეხმარება" ცრუ რელიგია. უფალი იესუ ქრისტე ბრძანებს: "აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე" (იოანე 16:2-3). და ამ ჭეშმარიტების დასტურია ქრისტეანობის მთელი ისტორია. ჩვენ ვიცით, რომ ისინი, ვისაც არ სწამთ მამა და ძე - იუდეველები და მუსლიმები, რელიგიური მოვალეობის გრძნობით ხოცავდნენ ქრისტეს ერთგულთ. დაიწყო ეს წმიდა სტეფანეს დროიდან და ჩვენს დრომდე გრძელდება. დეკანოზ ანატოლის და მეომარ ევგენის მკვლელობა უკვე ჩვენი დროის ჩეჩნეთში, აჩვენებს, რომ ერთსა და იმავე მიზეზს (წმიდა სამების უარყოფას) ყოველთვის ერთსა და იმავე შედეგამდე მივყავართ. მუსლიმები ისეთივე მონდომებით კლავენ ქრისტეანებს, როგორც ამას აკეთებდნენ იუდეველები. ასე, რომ სინდისი და რელიგია თავისთავად არ შეიძლება იყონ სიკეთისა და ბოროტების კრიტერიუმები.

მაშ, სადღაა ეს კრიტერიუმი? პასუხი ცხადია. კარგია მხოლოდ ის, რასაც ასეთად მიიჩნევს ღმერთი-შემოქმედი. რადგან მოწყობილობის ყველაზე სანდო ინსტრუქცია ის არის, რომელიც ამ მოწყობილობის კონსტრუქტორის მიერ არის დაწერილი. ქრისტეანთათვის ეს კიდევ უფრო ცხადია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ სათნოებები - ეს არის ღმრთის დაუსაბამო თვისებები. ამიტომაც, ის, რაც ღმრთის ნების თანხმიერია - არის სიკეთე, ხოლო რაც მისი ნების საწინააღმდეგოა - ბოროტება.

ახლა კი დავუბრუნდეთ საკითხს: "შეიძლება თუ არა ცხოვნდნენ სხვაგვარად მორწმუნე პატიოსანი ადამიანები?" ცხადია, რომ გულწრფელი მანიაკი მკვლელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ქვეყნიერების მთელი ბოროტება მოქცეულია დედაკაცებში, საეჭვოა ამგვარი "გულწრფელობისთვის" გაამართლოს უზენაესმა მსაჯულმა. მაგრამ, თუკი ეს საკმარისად თვალსაჩინოა, მაშინ, სად უნდა ვიპოვოთ გულწრფელობის ის ზომა, რომელიც ღმრთის თვალში გადაწონიდა ბოროტების ფაქტს? როგორ განვსაზღვროთ - ეს გულწრფელობა კარგია და ის არა? ჩვენ ისევ ვუბრუნდებით იმას, არსებობენ თუ არა სიკეთისა და ბოროტების კრიტერიუმები, რადგან იყო ან არ იყო გულწრფელი - საკმაოდ სუბიექტური საგანია.

თუ მოვილაპარაკებთ და ვიტყვით, რომ სიკეთე ეს არის ნება ღმრთისა, ხოლო მისი დარღვევა არის ბოროტება, მაშინ პასუხი ნათელი გახდება. თვით ადამიანის ყოფნა იმ რელიგიურ ტრადიციაში, რომელიც არ არის დაფუძნებული ღმრთის მიერ - არის ცოდვა. მოსესთვის ბოძებული ათი მცნებიდან ყველაზე უპირველესი კრძალავს სხვა სარწმუნოებას: "მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები" (გამოსვლა 20:1-2).

ასე, რომ ის ადამიანები, ვინც ამტკიცებს, რომ სიკეთისა და ბოროტების საზომი დეკალოგია, უნდა დაფიქრდნენ იმაზე, რომ ვერც ერთი ათეისტი და სხვაგვარად მორწმუნე ვერ აიცილებს ღვთის რისხვას. ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ კითხვაზე: "რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი?", უპასუხა: "ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული" (იოანე 6:28-29).

სინანულისა და სახარების რწმენისკენ თვით ქრისტემ მოგვიწოდა (მარკოზი 1:15), ხოლო ვინც არ შეინანებს თვითონ იქნება მიზეზი იმისა, რომ ღმრთის ცული მოჭრის მას და ცეცხლს მიეცემა (ლუკა 3:9). უფალმა მოუწოდა ყველა ერს მიეღოთ ნათლობა მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მათე 28:19), რადგან "ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისა, ვერ შევა ცათა სასუფეველში" (იოანე 3:5). თვით მაცხოვარი, და არა ფანატიკოსი მართლმადიდებლები, მოწმობს: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მარკოზი 16:16)

სამყაროს უფალმა ბრძანა: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში" (იოანე 6:53), ჩვენთან კი ცხოვნებას კეთილი მოსურვებებით აპირებენ, ზიარების გარეშე.

გვიპასუხონ ოპონენტებმა, ვის დავუჯეროთ, - ღმერთს თუ ადამიანს? ქრისტე ამბობს ერთს, ჰუმანისტები კი მეორეს. ღმრთის ძე ამბობს, რომ მუსლიმები და იუდეველები, ევოლუციონისტები და ბუდისტები, რომლებმაც უარყვეს ძე ღმერთი, ღმრთის რისხვის ქვეშ არიან, ჩვენი ლიბერალები კი ირწმუნებიან, რომ ყველანი გადარჩებიან. რატომ უნდა დავუჯეროთ მათ? განა ისინი ესწრებოდნენ ღმრთის საუკუნო ბჭობას, რომ შეუსწორონ უფალს? ეს არის მოკვდავ ცოდვილთა კადნიერი ამხედრება უკვდავი სიბრძნისადმი! ესენი არიან თანამედროვე ცრუწინასწარმეტყველნი, რომელთათვისაც მზადდება რისხვა ღმრთისა.

ვიცით, მრავალს სწამს ღმრთის არსებობა, ოღონდ მხოლოდ ისინი ცხონდებიან, ვინც იცის ღმერთი, ენდობა მას, უსმენს მას, უყვარს იგი და მისდევს. მოკლედ რომ ვთქვათ, - ცხოვნებისთვის საჭიროა, რათა ადამიანმაც იცოდეს ღმერთი და ღმერთმა ცნოს ადამიანი, როგორც წერილ არს: "იცის უფალმა, ვინაა მისი და განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს" (2 ტიმ. 2:19).

ხოლო ღმერთი თავისიანებად მხოლოდ მათ სცნობს, ვისშიაც ხედავს ძეს თვისას (რომელიც მორწმუნეში შედის ნათლისღებითა და ზიარებით) და ვინც საკუთარ თავში ატარებს ნათელს სულიწმიდისა.

qadageba.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий