вторник, 2 июля 2013 г.

ჰუმანიზმის თანამედროვე მოღვაწე (დედა ტერეზას შესახებ) - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

ჰუმანიზმი მუდმივ კონფლიქტშია ქრისტიანობასთან. ჰუმანისტებს ჰყავთ თავისი გმირები, მოღვაწეები და მოწამეები. ხშირად მოწყალების საქმეები, რომლებსაც ადამიენები ჰუმანისტური მისწრაფებების გამო ასრულებენ, შეიძლება ქრისტიანული ზნეობის ტოლფასი მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული მსგავსებაა. უფრო ღრმად თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ არა მხოლოდ სხვაობას, არამედ წინააღმდეგობასაც. ჰუმანისტი თავს შეიძლება ქრისტიანად თვლიდეს. ის შეიძლება მონაზვნობას ეკუთვნოდეს ან საეკლესიო წოდება ჰქონდეს. ის შეიძლება გულწრფელად ემსახურებოდეს თავის იდეას და თავდადებით აკეთებდეს სიკეთეს. მაგრამ ჰუმანიზმი მაინც ის რელიგიაა, რომელსაც ღმერთი არ სჭირდება. დედა ტერეზა, ისევე როგორც ბუდა, ჰუმანისტია. მათი პრაქტიკული სოტეოროლოგიაა ადამიანის დახსნა ტანჯვისგან. აქ ქრება იდეა, რომ ადამიანი მარადიული ცხოვრებისათვის არის შექმნილი და რომ მარადიული ცხოვრება მისი მიწიერი არსებობის მიზანია. აქ დროებითის წინაშე ფერმკრთალდება მარადისობა.



ბუდა აგნოსტიკოსი და ათეისტია. დედა ტერეზა მორწმუნე კათოლიკეა, მაგრამ ღმერთი მისთვის ადამიანის ცნებასთან არის შერწყმული. უფრო მეტიც ღმერთი ადამიანად ტრანსფორმირდება და ამიტომ მისი რწმენა ადამიანის გაღმერთება, ადამიანის, როგორც უზენაესი ფენომენის თაყვანისცემაა. სწორედ ამას ქადაგებდა ტეიარ დე შარდენი, იეზუიტი მღვდელი. სახიფათოა, რომ თავად დედა ტერეზამ სულიერად ჩამოყალიბება დაიწყო იეზუიტების გავლენითა და აღზრდით და სიცოცხლის ბოლომდე მათ მადლიერებით იხსენებდა.

დე შარდენის კოსმიზმმა და ეგნატე ლოიოლას მატერიალიზებულმა კონკრეტულობამ და ტრანსცედენტურის მუდმივად სოციალურ-პოლიტიკურ ცნებებამდე დაყვანამ დიდად განსაზღვრეს დედა ტერეზას მსოფლმხედველობა. მისთვის ქრება ქრისტე, როგორც ღვთაებრივი პიროვნება და იგი, როგორც ტეიარი ქადაგებს, კონკრეტულ ადამიანში ჩასახულ პრინციპად იქცა. ამიტომ დედა ტერეზა თავის ლოცვა-მედიტაციაში შლის ზღვარს თეოლოგიას და ანთროპოლოგიას შორის. იგი ამბობს: „იესო არის ის ნარკომანი, რომელსაც უნდა მოვუსმინო; იესო არის ის მეძავი, რომელსაც უნდა დავეხმარო“.



მართლმადიდებლობა სხვანაირად ამბობს: „მე ვარ შენი გამოუთქმელი დიდების ხატი, თუმცა კი ცოდვების წყლულებს ვატარებ“. დედა ტერეზასთვის მსგავსებას ცვლის ღვთის მისტიკური გათანაბრება ადამიანთან ნათლით შემოსვისა და ფერისცვალების გარეშე. „იესო ჩემი მეუღლეა“ - ამბობს ის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაყენებთ დედა ტერეზას ისტერიკაში მყოფი ეგზალტირებული ქალბატონების გვერდით, რომლებიც ქრისტეს პაემანზე იხმობენ, - ის ამაზე სავსებით სიმბოლურად საუბრობს, თუმცა ირჩევს ერთიანობის უმაღლეს სიმბოლოს და ამით ამჟღავნებს, რომ საკუთარ თავს არა მხოლოდ შენდობილ და უკვე ცხონებულ ცოდვილად თვლის, არამედ მეუღლედაც, რომელიც განუყრელად ღმერთთან ერთობაშია. ყოვლადწმინდა ქალწული თავის თავს მხოლოდ ღვთის მხევალს უწოდებდა. შესაძლებელია, კათოლლიციზმში სიბოლოებისა და გამოხატვის ფორმების ენა განსხვავებულია მართლმადიდებლურისაგან, მაგრამ ფორმაში აისახება შინაარსი და სიმბოლოში – გრძნობა. ქრისტემ თქვა, რომ ის, ვინც წყალობას უყოფს უბედურს, ამას ქრისტესთვის გააკეთებს. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია და არც გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ეს უბედური ადამიანი ქრისტეა. დედა ტერეზა არ ამბობს, რომ მას ლოთი, როგორც ადამიანი, ქრისტეს გულისთვის უყვარს, არამედ ადამიანში მყოფ ღვთის ხატებას აქცევს საეჭვო და, ჩვენ ვიტყოდით, არადელიკატურ პარადოქსად, როცა ლოცვაში ამბობს: „ლოთი არის იესო“.



დედა ტერეზა მონაზონი ან ქრისტიანი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ის დაგვრჩებოდა, რომ მისი ღვაწლით აღვფრთოვანებულიყავით, მაგრამ მის საქმიანობაზე უნდა ვისაუბროთ ქრისტიანული სწავლების და, კერძოდ, მონაზვნობის კუთხით. მონაზვნობის მიზანი არის ღვთისადმი სულიერი მსახურება და ლოცვა მთელი სამყაროსათვის, ხოლო სხვაგვარი მსახურება, როგორი საჭირო და აუცილებელიც არ უნდა იყოს ის, თვით მონაზვნობის იდეის პროფანაციაა.



ერთ შეცდომას სხვების მოზდევს. ამაში დავრწმუნდით როცა წავიკითხეთ წმ. პეტრეს კათოლიკური ორდენის მიერ გამოცემული წიგნი „დედა ტერეზა“. აღმოჩნდა, რომ დედა ტერეზა ოჯახის დაგეგმვის ანუ იმ ხერხების დაჟინებული პროპაგანდისტი იყო, რომელიც ბავშთა ჩასახვისაგან თავის დაღწევას ემსახურება. ოჯახის დაგეგმვა ადამიანებს ბავშვთა შობის თავიდან ასაცილებელ საშვალება მთელ ნაკრებს სთავაზობს, რომელთაგან დედა ტერეზა მხოლოდ აბორტის წინააღმდეგი იყო. აქ მონაზვნის მხრიდან ოჯახის ქრისტიანული გაგების უარყოფას ვხედავთ. ჰუმანისტური მიზნებით ის უშვებს სექსის გამოცალკევებას შვილების დაბადებისაგან და დუმილით ეთანხმება ჩანასახის მკვლელობას, რომელიც ხდება ჩასახვის საწინააღმდეგო საშვალებები გამოყენების შემთხვევათა უმეტესობაში, ანდა მეუღლეთა ინტიმური ურთიერთობის დაყვანას ურთიერთმასტურბაციამდე. ამ დროს თვით კათოლიკური ეკლესია კრძალავს ბავშთა შობის საიდუმლოში ჩარევას და ისევე, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, ასწავლის, რომ ჩანასახს ადამიანის სული აქვს.



ღმერთთან ფამილიარობა ადამიანთა იდუმალი ურთიერთობის – ქორწინების მიმართ ცინიზმად შემოტრიალდა. სად არის ქრისტეს მცნება „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა“? სად არის ონანის სამარცხვინო სიკვდილი? სად არის პავლე მოციქულის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ჩუკენნი და ბიწიერნი (თესლის ამომნთხეველნი) ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ? სად არის მოციქულის სიტყვები, რომ ქორწინება წმიდაა? ოჯახის დაგეგმვის შესახებ სწავლებით ჰუმანისტმა ტერეზამ მონაზონ ტერეზას გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა.



წიგნიდან: როგორ დავიბრუნოთ ოჯახში დაკარგული ბედნიერება
თარგმნა: ქ. ბაცაცაშვილმა

Комментариев нет:

Отправить комментарий